მთავარი,სიახლეები

ბავშვის საფენების ფასი 35-დან 60 ლარამდე გაიზარდა

04.11.2021
ბავშვის საფენების ფასი 35-დან 60 ლარამდე გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ფასები საგრძნობლად გაიზარდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში საკვებ პროდუქტებზე. ბოსტნეული 43%-ით გაძვირდა, ზეთი კი 31,6%-ით.

ბოლო ორ თვეში მნიშვნელოვნად გაძვირდა ბავშვთა კვების პროდუქტები და საფენებიც.

გიგა გოგინაშვილი, რომელიც მეუღლესთან ერთად ორ შვილს ზრდის, ამბობს, რომ მაგალითად, „პამპერსის“ ფირმის საფენებისა და ბავშვთა საკვები პროდუქტების გაძვირება მათთვის მძიმე ტვირთად იქცა.

„ორი თვის წინ 37 ლარად ვყიდულობდი „პამპერსს“ 94-ცალიანი შეფუთვით, ახლა 56 ლარი ღირს. მომატებულია ფასები ასევე სხვადასხვა ფაფაზე, ჰიპის, ჰუმანას ფაფებზე მაგალითად. პრაქტიკულად შეუძლებელია უკვე ფასების კონტროლი. ერთი წლის წინ ჰიპის ხილფაფები 125 გრამიანი ქილით 3, 20 – 3, 35 ლარი ღირდა. ახლა იგივე პროდუქტი 5 ლარამდე ღირს. არის რძიანი და ურძეო ფაფები. ეგენიც ორივე 2, 3 ლარით გაძვირდა“, – ამბობს გიგა.

ბავშვთა კვების პროდუქტებისა და პამპერსის ფასის გადასამოწმებლად რამდენიმე სხვადასხვა აფთიაქს მივაკითხეთ ბათუმში.

„პამპერსის“ 94 ცალიანი შეფუთვის ფასი სხვადასხვა აფთიაქში სხვადასხვა იყო, ძირითადად 60 ლარამდე:

  • ავერსი – 60,00 ლარი (მოქმედებს დროებითი ფასდაკლება);
  • ჯი პი სი – 59,00 ლარი (მოქმედებს დროებითი ფასდაკლება);
  • იმპექსი – 53,00 ლარი.
  • ჰიპის ხილფაფებისა და ბოსტნეულის პიურეს ფასი 125 გრამიანი ქილით – სხვადასხვა აფთიაქში ახლა 4,50 – 4, 70 ლარი ღირს.

ფაფების ფასი პე ეს პეს სააფთიაქო ქსელში ასეთია:

ურძეო ფაფები:

  • ნორდიკის 600 გრამიანი ხუთი სახის შერეული მარცვლის ფაფა – 12,00 ლარი;
  • ჰიპის მრავალმარცვლიანი ურძეო შვრიის ფაფა – 10, 10 ლარი;
  • ჰეინცის ურძეო ფაფა 200 გრამიანი შეფუთვით 8,07 (მოქმედებს ფასდაკლება

რძიანი ფაფები:

  • ჰეინცის 200 გრამიანი ფაფა ბანანით და მარწყვით – 9, 70 ლარი;
  • ჰეინცის წიწიბურას 200 გრამიანი ფაფა – 10,08 ლარი (მოქმედებს ფასდაკლება);
  • ჰუმანას 200 გრამიანი 5 სახეობის მარცვლეულის რძიანი ფაფა ბანანით – 9, 80 ლარი.

თეო გურგენიძეს 6 თვის შვილი ჰყავს. გვეუბნება, რომ ბავშვის საფენები განსაკუთრებით ახალგაზრდა მშობლებისთვის მძიმე ტვირთია.

„ვისაც ჩვილი არ ჰყავს, შეიძლება იფიქროს, რომ 94 ცალიანი პამპერსის შეფუთვა საკმაოდ ბევრია, ხანდახან ფასდაკლებისას 36, 37 ლარი ღირს პამპერსი, მაგრამ ესეც ძვირია. შეიძლება ჩვილს დღე-ღამეში 10 საფენიც კი დასჭირდეს და ეს 94 ცალიანი შეფუთვა რამდენიმე გჭირდება თვის განმავლობაში, ერთი არ გყოფნის“, – ამბობს თეო გურგენიძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: