მთავარი,სიახლეები

ბათილი ბიულეტენები და სხვა დარღვევები – რა მოხდა ბათუმში?

04.11.2021 • 2543
ბათილი ბიულეტენები და სხვა დარღვევები – რა მოხდა ბათუმში?

ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა „სამართლიანი არჩევნების“ საჩივარი, რაც  მესამე საუბნო საარჩევნო კომისიის  ბათილად მიჩნეული ბიულეტენების გადახედვას ითვალისწინებდა. ორგანიზაცია საოლქო კომისიის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს.

წინასწარი მონაცემებით, 30 ოქტომბრის ბათუმის მერის მეორე ტურის არჩევნებზე ოპოზიციის კანდიდატ გიორგი კირთაძეს სახელისუფლო კანდიდატმა არჩილ ჩიქოვანმა 1 526 ხმით მოუგო. ბათუმის 79-ე ოლქში ამ არჩევნებზე 2017 ბიულეტენი გააუქმეს.

30 ოქტომბრის ბათუმის მერის არჩევნების მეორე ტურში #3 საუბნო-საარჩევნო კომისიაში 38 ბიულეტენი გააბათილეს. ამ უბანზე 1458 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მეორე ტურზე არჩევნებში მონაწილეობა 637-მა ამომრჩეველმა მიიღო.

შედეგების დათვლის შემდეგ, შემაჯამებელ ოქმში, კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, თეონა დიასამიძემ, განსხვავებული აზრი დააფიქსირა – მან დაწერა, რომ ოპოზიციის კანდიდატის 6 ხმა და „პოზიციის“ [„ქართული ოცნების“ კანდიდატი] 4 ხმა მიკერძოებულად გააბათილეს.

ამონარიდი #3 საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმიდან

„სამართლიანი არჩევნები“ ბათუმის საოლქო კომისიას ამ უბნის ყველა ბათილი ბიულეტენის გადახედვას და კანდიდატებისთვის იმ ბიულეტენების ჩათვლას ითხოვდა, სადაც არჩევანი დაფიქსირებულად ჩაითვლებოდა.

საოლქო კომისიამ საჩივარი არ დააკმაყოფილა, ორგანიზაცია  საოლქო კომისიის შესაბამისი განკარგულების გაუქმებას სასამართლოში ითხოვს.

„პირველ ტურში ძალიან ბევრი მონაცემი გადათვალეს. მეორე ტურის შემდეგ ჩემთვის მართლა გაუგებარია პრინციპული მიდგომა, რომ გადაუთვლელი რჩება იმ უბნის შედეგები, სადაც არსებობს ეჭვი კანონდარღვევაზე, ამ შემთხვევაში ბათილებთან დაკავშირებით. გაუგებარია რატომ არ აქვს საოლქო კომისიას სურვილი, რომ მოხსნას კითხვითი ნიშნები და ნდობა გააჩინოს შედეგებთან მიმართებაში. ჩვენ ვითხოვდით მხოლოდ ბათილი ბიულეტენების გადათვლას. ეს არ იყო შრომატევადი საქმე“, – ამბობს მადონა ბერიძე, „სამართლიანი არჩევნების“  აჭარა-გურიისა და ფოთის რეგიონული ორგანიზაციის კოორდინატორი.

38 ბიულეტენი მიიჩნია ბათილად  ბათუმის #10 საუბნო საარჩევნო კომისიამაც. ოქმის განსხვავებული აზრის გრაფაში არსებობს ამ კომისიის ერთ-ერთი წევრის ჩანაწერი.  ქეთი ციმნარიძე წერს, რომ ოქმში დაფიქსირებულ შედეგებს პროცედურული დარღვევების სიმრავლის გამო არ ეთანხმება. ამ უბნის შედეგები საოლქო კომისიამ ხელახლა გადათვალა და მონაცემები უცვლელად დატოვა.

#11 უბანზე 36 ბიულეტენი, #12 საარჩევნო უბანზე კი 31 ბიულეტენი მიიჩნიეს ბათილად. #13 საუბნო-საარჩევნო კომისიის მიხედვით, ამ უბანზე 33 ბათილი ბიულეტენი გამოავლინეს, ამავე უბნის ოქმის განსხვავებული აზრის გრაფაში ჩაწერეს, რომ ადგილი ჰქონდა ამომრჩეველზე ზეწოლას. #14 უბანზე 33 ბათილი ბიულეტენი გამოავლინეს.

ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა ასევე საჩივარი, რომლითაც საია ყუაგადახეული ბიულეტენის გაბათილებას ასაჩივრებდა, ამ ბიულეტენში არჩევანი ბათუმის მერობის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის სასარგებლოდ იყო გაკეთებული. ბიულეტენი 50-ე საუბნო-საარჩევნო კომისიამ მხოლოდ იმის გამო გააბათილა, რომ მას კიდე ჰქონდა მოხეული.

კუთხემოხეული ბიულეტენის ამბავი – რა ჩანს ცესკოს ვიდეოში

საიას აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, პაატა დიასამიძის შეფასებით, ამ ბიულეტენის გაბათილება და მასთან დაკავშირებული ამბავი ნათლად გვაჩვენებს როგორც საუბნო, ასევე საოლქო კომისიის ტენდენციურობას.

„ვიდეოში, რაც ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ვნახეთ, რომ ამ ბიულეტენზე მსჯელობენ, როგორც საეჭვოზე. საოლქო კომისიამ საჩივრის განხილვისას სატელეფონო ხაზზე ჩართო საუბნო კომისიის თავმჯდომარე, სადაც უარყო, რომ ბიულეტენი იყო საეჭვო. მან თქვა, რომ ეს ბიულეტენი კონვერტის გარეშე იყო ყუთში მოთავსებული. კანონი ადგენს ბიულეტენების დახარისხების წესს – თუ ბიულეტენი არ იყო კონვერტში, ის ცალსახად ბათილია და არა საეჭვო. ვიდეოში კი ჩანს, რომ კომისიამ იმსჯელა მასზე, როგორც საეჭვო ბიულეტენზე და გადაწყვიტა გაბათილება“, – ამბობს პაატა დიასამიძე.

საიამ შემდეგ სხდომაზე დამატებითი მტკიცებულებით, ვიდეოჩანაწერით მიმართა საოლქო კომისიას და საჩივრის ხელახალი განხილვა მოითხოვა. საოლქო კომისიის თავმჯდომარემ განხილვაზე ორგანიზაციას უარი უთხრა – ხელახლა არ ვიმსჯელებო.

საიაში აცხადებენ, რომ საოლქო კომისიის ეს მიდგომაც არასწორია და კანონთან წინააღმდეგობაში მოდის. მომჩივანმა ახალი გარემოებით მიმართა მას – ცალსახად ადასტურებდა, რომ კომისიის თავმჯდომარემ ცრუ ახსნა-განმარტება მისცა საოლქო კომისიას. საიამ საოლქო კომისიის გადაწყვეტილება #50-ე საუბნო კომისიის შემთხვევაზე სასამართლოში გაასაჩივრა.

დამკვირვებელი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საოლქო კომისიას აუცილებლად უნდა გადაეთვალა ბათილი ბიულეტენები ყველგან, სადაც ამის მოთხოვნა იყო. მით უფრო, რომ პირველ ტურში გამოვლინდა ფაქტები, როცა ნამდვილი ბიულეტენები ბათილად იყო  ჩათვლილი.

დამკვირვებელი ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებენ ასევე ოქმებში მკვეთრი დისბალანსით გამოწვეულ უნდობლობაზე საუბნო კომისიების მიმართ, რაც გასულ საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა.

საიამ რამდენიმე უბნის გადათვლას უბანზე მოსულ ამომრჩეველთან მიმართებაში ბათილი ბიულეტენების სიმრავლის გამოც ითხოვდა. ეს უბნები იყო – #10-ე, #34-ე და #37-ე.

„სამართლიან არჩევნები“ საოლქო კომისიაში ითხოვდა ასევე #16-ე და #62- ე საუბნო კომისიის შედეგების სრულ გადათვლას. #16-ე უბანზე  ერთით მეტი ბიულეტენი აღმოაჩინეს. ამ უბანზე განსხვავებული აზრის გრაფაში კომისიის წევრი დამატებით წერს, რომ უბნის შედეგები უნდა გაბათილდეს, რადგან აქ არა მხოლოდ ერთი ზედმეტი ბიულეტენი, არამედ ერთი ცარიელი კონვერტიც აღმოაჩინეს. ეს, მისი აზრით, იმას ნიშნავს, რომ აქ ე.წ. კარუსელი დატრიალდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, ასევე დარღვევა იყო #62-ე უბანზე, სადაც საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმში ერთ-ერთი კანდიდატის მიღებული ხმების რაოდება გადასწორებული იყო. ამ შემთხვევაში „სამართლიანი არჩევნები“ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითხოვდნენ. საოლქო კომისიამ გახსნა მხოლოდ იმ კანდიდატის დალუქული ბიულეტენები, რომლის მონაცემიც გადასწორებული იყო, გადათვალა და დააზუსტა, რომ მონაცემი სწორია.

არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიას „სამართლიანმა არჩევნებმა“ 13 საჩივრით მიმართა, მათ შორის ორი შემაჯამებელ ოქმში დაფიქსირებულ დარღვევას შეეხებოდა. საიამ კი 7 საუბნო კომისიის ოქმი და 6 უბანზე დაფიქსირებული პროცედურული დარღვევები გაასაჩივრა. საოლქო კომისიამ გადათვლის მოთხოვნა უმეტესად არ დააკმაყოფილა, სამ შემთხვევაში კი მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ათამდე საუბნო კომისიის წევრს კი შენიშვნა მისცეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: