მთავარი,სიახლეები

რა მოხდა ბათუმში არჩევნების მეორე ტურზე – შეფასება

02.11.2021 • 6463
რა მოხდა ბათუმში არჩევნების მეორე ტურზე – შეფასება

„ჩვენ წაგვერთვა არჩევანის უფლება. მე, როგორც მოქალაქე, შეურაცხყოფილი ვარ ამ არჩევნებით,“ – ამბობს ნათია აფხაზავა, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მას და სამოქალაქო ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებს ვკითხეთ: რა მოხდა ბათუმში არჩევნების მეორე ტურზე, თუკი პირველ ტურზე სახელისუფლებო კანდიდატზე მეტი ხმა ენმ-ს მერობის კანდიდატმა – გიორგი კირთაძემ დააგროვა და საკრებულოში მანდატების უმრავლესობა ოპოზიციამ მოიპოვა?

ნათია აფხაზავას დაკვირვებით, მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ მეორე ტურზე მაქსიმალური მობილიზების გზას მიმართა და დემოკრატიული არჩვენების პრინციპებს კიდევ უფრო მეტად დაშორდა, ოპოზიციამ კი, იგივე არ გააკეთა.

„ან ოპოზიციამ არჩია, რომ „ოცნების“ გზით არ წასულიყო, რადგან ეს იქნებოდა ერთგვარი ზეწოლა…

გამოჩნდა, რომ რადიკალიზაცია კიდევ უფრო მეტად გაღრმავდა. კატეგორიული ტონი მიუთითებს, რომ ჩვენ წაგვერთვა არჩევანის უფლება, რადგან რეალურად თვითმმართველობაზე და მის განვითარებაზე კი არ იყო საუბარი, არამედ ორ პარტიას შორის დაპირისპირებასა და ჯიბრზე… მე, როგორც მოქალაქე, ვარ შეურაცხყოფილი, რადგან ერთგვარი მსხვერპლი ვართ მოქალაქეები ამ პოლიტიკური თამაშის. მერამდენე არჩევნებია და საარჩევნო კულტურა პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ მიიღეს. ვერ მივაღწიეთ თანაბარ, სოლიდარულ, ურთიერთპატივისცემაზე ორიენტირებულ არჩევნებს“, – მიიჩნევს ნათია აფხაზავა.

ნათია აფხაზავა თვლის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძირითადად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით და საჯარო მოხელეებზე ზეწოლით მიაღწია ამ შედეგს. გარდა იმისა, რომ არსებობს არაერთი საჩივარი დარღვევებზე და კითხვის ნიშნები არჩევნების მითვისებაზე.

„გამიგია, რომ ურეკავდნენ იმას, ვინც ბათუმშია რეგისტრირებული და არ იყო ქალაქში. ეუბნებოდნენ, რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყო ბათუმში… ხელისუფლებამ საჯარო მოხელეების და მათთან დაკავშირებული პირების მაქსიმალური ჩართვით მიიღო ეს შედეგი და ეს არ იყო თანაბარ გარემოში ჩატარებული არჩევნები. როგორც ამ ხელისუფლების, ასევე წინა ხელისუფლების პირობებში საჯარო მოხელეები ყოველთვის იყო ქცეული ინსტრუმენტად ხელისუფლების ხელში სამწუხაროდ,“ – გვითხრა ნათია აფხაზავამ.

„4 საჩივარი გვაქვს დაწერილი მხოლოდ ბათილი ბიულეტენების სიმრავლის გამო და ვითხოვთ ხმების ხელახლა გადათვლას,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. საია-მ არჩევნების დღეს 6 საჩივარი დაწერა, შემაჯამებელი ოქმების დაწერის შემდეგ კი, 7 საჩივარი დაამატა.

„შევისწავლეთ შემაჯამებელი ოქმები და იმ უბნებზე მოვითხოვეთ შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა, შესაბამისად, ხმების ხელახლა გადათვლა, სადაც ბათილი ბიულეტენების რაოდენობა ძალიან მაღალია და ეს ბადებს ეჭვებს,“ – ამბობს პაატა დიასამიძე და შენიშნავს, რომ, მაგალითად, ბათუმის მე-3 უბანზე გააბათილეს 38 ბიულეტენი, რაც ამ უბანზე მისული ამომრჩევლების 6.1 პროცენტია.

„მე-10 უბანზეც 38 ბიულეტენი გაბათილდა და ეს არჩევნებზე მისული ამომრჩევლების 4.1 პროცენტია, ხოლო 34-ე უბანზე ბათილია 33 ბიულეტენი, რაც ამომრჩევლების 4.7 პროცენტია. 53-ე უბანზეც 4.6 პროცენტი გაბათილდა,“ – მონაცემებს გვაცნობს საია-ს აჭარის ფილიალი ხელმძღვანელი პაატა დიასამიძე და კიდევ ერთ საჩივარს გვაცნობს, რაც ასევე ბიულეტენები გაბათილების პრობლემას ეხება – ბათუმის 50-ე უბანზე კომისიამ ბათილად მიიჩნია ბიულეტენი, სადაც ამომრჩევლის ნება მკაფიოდ არის გამოხატული, რეგისტრატორს ბეჭედიც აქვს დასმული და ხელმოწერაც. ერთადერთი პრობლემაა ბიულეტენის დაზიანებული კუთხეა, სადაც თარიღი სრულყოფილად არ იკითხება.

ეს ბიულეტენი საარჩევნო კომისიამ ბათილად მიიჩნია

პაატა დიასამიძე ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ დეტალზე – როგორც ჟურნალისტებს, ისე საია-ს დამკვირვებლებს უზღუდავდნენ მეორე ტურზე ფოტოგადაღებას.

„ერთი საჩივარი ამის გამო დავწერეთ 89-ე უბანზე,“ – გვიყვება პაატა დიასამიძე. – „ჩვენმა დამკვირვებელმა დააფიქსირა, რომ სავარაუდოდ სადეზინფექციო სითხე გამოიყენეს მარკირების სითხის ნაცვლად და ამის დაფიქსირება უნდოდა ფოტოგადაღებისთვის განკუთვნილი ადგილიდან, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მისცეს,“ – გვითხრა პაატა დიასამიძემ.

საია-ს საჩივრებში კიდევ ერთი საინტერესო საჩივარია, რომელიც ამომრჩევლის ნების კონტროლს ასახავს – ეს ბათუმის 91-ე საარჩევნო უბანზე დაწერილი საჩივარია.

„აქ კომისიის თავმჯდომარემ დაახლოებით საღამოს 6 საათზე რეგისტრატორებს დაავალა, რომ მონაცემები ეთქვათ, ვინ არ მივიდა არჩევნებზე. ეს აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა ამზადებდნენ იმათ სიას, ვინც არ მივიდა არჩევნებზე და შემდეგ უზრუნველეყოთ მათი მიყვანა. ეს აჩვენებს პრობლემას სავარაუდოდ ამომრჩევლის ნების კონტროლის კუთხით,“ – დასძინა პაატა დიასამიძემ.

დაფიქსირდა ბალანსის პრობლემაც – მაგალითად, მე-16 უბანზე ერთით მეტობა დაფიქსირდა შემაჯამებელ ოქმში.

„საგულისხმოა, რა რეაგირებას მოახდენს ამ დარღვევებზე საოლქო საარჩევნო კომისია. ამის შემდეგ შესაძლებელია სრულყოფილი სურათის დანახვა,“ – მიიჩნევს საია-ს აჭარის ფილიალის თავმჯდომარე პაატა დიასამიძე.

„შეიძლება ითქვას, რომ მუდმივად იარსებებს კითხვის ნიშანი არჩევნების გაყალბებაზე, რადგან ის, ვინც ვალდებულია გაარკვიოს, რა მოხდა და ჰქონდა თუ არა გაყალბებას ადგილი, საზოგადოება ნაკლებად ენდობა, ეს იქნება საოლქო კომისია, თუ სასამართლო,“ – ამბობს ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი.

ასლან ჭანიძე ხელისუფლებას ურჩევს ყველა საჩივარი ადეკვატურად განიხილოს საარჩევნო ადმინისტრაციამ და არ გაღრმავდეს ეჭვი არჩევნების ლეგიტიმურად ჩატარებაზე.

„მაგალითად, ეუთო ოდირის დასკვნის მიხედვით, ზეგავლენა ხდებოდა ამომრჩევლის ნებაზე, რაც ყველაზე საგანგაშოა. პირდაპირ ვერ იტყვიან, რომ გაყალბდა, რადგან არსებობს დიპლომატიური ენა, მაგრამ ნათქვამია, რომ ყველა ის მექანიზმი გამოიყენეს, რამაც გავლენა მოახდინა ამომრჩევლის ნებაზე.

ჩემი აზრით, წააგო ამომრჩეველმა, რომელსაც სულ ექნება ეჭვი, რომ არჩევანი წაართვეს,“ – ამბობს ასლან ჭანიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: