მთავარი,სიახლეები

თითქმის კარდაკარის მეთოდია საჭირო ვაქცინაციისთვის – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

03.11.2021 • 1659
თითქმის კარდაკარის მეთოდია საჭირო ვაქცინაციისთვის – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

კოვიდზე აცრილთა რაოდენობა ბათუმში მოზრდილი მოსახლეობის 60%-ს შეადგენს, თუმცა აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ვაქცინირებულთა პროცენტული რაოდენობა ამდენივე არ არის.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მთლიანად აჭარაში 2 დოზით აცრილია მოსახლეობის 29.1%, ერთი დოზით – 32.3%.

რა უშლის ხელს ვაქცინაციის პროცესს აჭარის სოფლებში, რა ტიპის სამუშაოებს ეწევა ჯანდაცვის სამინისტრო აცრის ტემპის დასაჩქარებლად და რა ელის რეგიონს, თუ ვაქცინაციის ტემპი არ აჩქარდება? – კოვიდვაქცინაციასთან დაკავშირებულ ამ და სხვა კითხვებზე „ბათუმელები”  აჭარის ჯანდაცვის მინისტრს ნინო ნიჟარაძეს ესაუბრა.

  • თქვენ ამბობთ, რომ ინფიცირებისა და სიკვდილიანობის კლებადი დინამიკა აჭარაში უკავშირდება რეგიონში ვაქცინაციის მაღალ მონაცემებს. აგვიხსენით, სხვა რეგიონებისგან განსხვავებული რა ვითარება გვაქვს აჭარაში?

ეპიდემიოლოგიურად სტაბილური ვითარებაა აჭარაში. 4%-ის ფარგლებში მერყეობს ჩვენი დაინფიცირების მაჩვენებელი.

ეს ციფრები ცვალებადია კვირის განმავლობაში. მართალია, ბათუმში მოზრდილი მოსახლეობის 60% აცრილია, მაგრამ ეს ზღვარი უკვე აღარ მიიჩნევა საუკეთესო მაჩვენებლად.

როცა ვაქცინაციის ეროვნული გეგმა შემუშავდა, მაშინ მოსახლეობის 60%-ის აცრა იყო სასურველი მაჩვენებელი, მაგრამ ახლა ამ ციფრმა 80%-მდე აიწია.

ჩვენ სხვა ქვეყნების მონაცემებს ვეყრდნობით, როცა ვამბობთ, რომ მინიმუმ 60% მაინც უნდა იყოს აცრილთა რაოდენობა. საქმე ისაა, რომ სადაც მოზრდილი მოსახლეობის 60% იყო აცრილი, იქ ავადობის შემდგომი ტალღები კარგად წარიმართა და ვაქცინაციის სასურველი ზღვარი ახლა ასწიეს – ხალხის მეტ რაოდენობას ცრიან.

მოსახლეობის 60%-ის აცრა დაინფიცირების შემდგომი ტალღების წარმოქმნისგან ვერ გვიცავს.  მუნიციპალიტეტებში ბათუმის მსგავსად 60%-იანი აცრისთვის არ მიგვიღწევია.

  • მოზრდილი მოსახლეობის აცრილი ნაწილის 60% ბათუმზე მოდის. გამოდის, აჭარაში იმუნიზაციის მაღალი მაჩვენებელიც ამის ხარჯზეა მაღალი. რამდენი ადამიანი აიცრა, მაგალითად, აჭარის მთის სოფლებში – თუ გაქვთ დათვლილი, აჭარის აცრილი მოსახლეობის რა პროცენტი მოდის ბათუმზე და რა – მუნიციპალიტეტებზე?

ახლა მიდის ინტენსიური მუშაობა იმის აღსაწერად და დასადგენად, ადგილობრივ მცხოვრებ მოქალაქეებს შორის ვინ არის აცრილი და ვინ არა. ბათუმში ვაქცინირებულთა შორის გვყავს მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული მოსახლეობაც, რომლებიც აჭარის მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ცხოვრობენ, იქ არიან რეგისტრირებულები, უბრალოდ, ბათუმში აიცრნენ.

ყველაზე ცოტა, აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, სოფლებიდან, 20% მაინც არის აცრილი ბათუმში. 2 თვეა დავიწყეთ მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ვიზიტები მოსახლეობასთან შესახვედრად, ვაქცინაციის პროცესზე დასაკვირვებლად და პროცესის ფართოდ დასანერგად.

ქედის ყველა სოფელში, მაგალითად, საკმაოდ მაღალია ვაქცინირებულთა რაოდენობა, ჩვენი ხედვა ასეთია, რომ თითოეულმა სოფლის ექიმმა უნდა იცოდეს თავის სოფელში რამდენი ადამიანი დარჩა ასაცრელი და ახლა ამ სიების იდენტიფიცირებაზე მუშაობენ.

  • რა ტიპის პრობლემებს აწყდებით მუნიციპალიტეტებში ვაქცინაციის დროს? დეზინფორმაცია არის ხელშემშლელი ფაქტორი სოფლებში მოსახლეობის აცრისას?

განსაკუთრებული პრობლემები, ისეთი, რაც არ გვხვდება ქალაქში, არ გვხვდება არც სოფლებში.

ვაქცინაციის საწყის ეტაპზე აიცრა ყველა მსურველი, მაგრამ ახლა აუცრელია მოსახლეობის ის ნაწილი, ვისაც ვაქცინაციის მიმართ მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, მათთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებაა საჭირო.

მათთან მუშაობისას დიდი როლი აქვს ოჯახის ექიმს, რადგან სწორედ ოჯახის ექიმს აქვს ნდობა და ავტორიტეტი სოფელში. სამინისტრო კოორდინაციას უწევს თითოეული სოფლის და თემის დონეზე თვითმმართველობების სამსახურებთან ამ მუშაობას.

ძალიან აქტიურად მუშაობენ ხულოში სოფლის ექიმები, გუშინ, მაგალითად, ვიმუშავეთ ჩაქვის ტერიტორიაზე, ხალისა და ჩაისუბნის ტერიტორიაზე და ექიმებთან ერთად შევადგინეთ უბნებზე გასვლის გეგმა-გრაფიკი.

თითქმის კარდაკარის მეთოდია საჭირო ვაქცინაციის სასურველი ზღვარის მისაღწევად.

  • როგორ მოხერხდა ბათუმში მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრა? თქვენი აზრით, რამ იქონია ყველაზე მეტად გავლენა ბათუმელებზე?

დრამატულად წარიმართა აჭარაში თავიდან პროცესები. ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაღალმა მაჩვენებელმა იმოქმედა. გაიზარდა აცრის მსურველთა რაოდენობა. ქალაქში თითქმის ყველას ნათესავი, მეზობელი ან მეგობარი აღმოჩნდა დაავადებულებს და გარდაცვლილებს შორის.

ზოგადად, აჭარაში, საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, ყოველთვის მაღალი იყო იმუნიზაციის მაჩვენებელი, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც აღნიშნავდა ყოველთვის, ვგულისხმობ ბავშვთა გეგმიურ იმუნიზაციას.

უნდა ვთქვათ, რომ პირველადი ჯანდაცვის სექტორი ამ თვალსაზრისით კარგად იყო მობილიზებული და დიდი გამოცდილება აქვთ სოფლისა თუ ქალაქის ექიმებს იმუნიზაციის პროცესის წარმართვის.

  • როგორც ვიცით, აჭარაში ყოველდღიურად კოვიდით გარდაცვლილებს შორის არიან არამხოლოდ აჭარის, არამედ სხვა რეგიონების მცხოვრებლებიც. ეს ნამდვილად ასეა?

ჩვენ საკმაოდ დიდი საწოლფონდი გვაქვს, ამიტომ კატასტროფის სამსახურს სხვა რეგიონებიდანაც გადმოჰყავს ჩვენთან ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მქონე პაციენტები. ეს მაშინ ხდება, როცა ჩვენს მეზობელ რეგიონებში იმატებს ინფიცირების მაჩვენებელი და ცხადია, დგება ლეტალური შედეგებიც.

დიახ, აჭარაში კოვიდით ყოველდღიურად გარდაცვლილთა შორის არიან მეზობელი რეგიონებიდანაც და არამხოლოდ ბათუმიდან.

  • მოსალოდნელია თუ არა აჭარაში ინფიცირების შემთხვევებისა და სიკვდილიანობის ზრდა, თუ ვაქცინაციის ტემპი არ გაიზარდა რეგიონში?

ჩვენი გათვლებით სიტუაცია დრამატულად არ უნდა განვითარდეს აჭარაში, თუ ვაქცინაციის ამ ტემპით წავალთ, ხოლო თუ ცოტა კიდევ გაიზრდება ეს ტემპი, რა თქმა უნდა, შენარჩუნდება ის სიტუაცია, რაც გვაქვს.

ბუსტერზეც დაიწყო მუშაობა, ვინც უკვე გაიკეთა ვაქცინის 2 დოზა, განსაკუთრებით რისკჯგუფებზეა საუბარი, მათ აქვთ დამატებითი დოზების მიღების საშუალებაც.

აცრა აუცილებელია მათთვისაც, ვინც უკვე გადაიტანა კოვიდი. ხშირად მოგვმართავენ ამ კითხვით და ჩვენ ყველას ვეუბნებით, რომ აუცილებელია ვაქცინაცია მყარი იმუნიტეტისთვის მაშინაც კი, როცა კოვიდი უკვე გადატანილი გაქვთ.

ვაქცინაცია, საინფორმაციო შეხვედრები – ყველაფერი ერთად მუშაობს და ვფიქრობთ, რომ ვაქცინაციის ეს მაჩვენებელი რაც ახლა გვაქვს აჭარაში, ცუდი არ არის, ყოველ შემთხვევაში, სიტუაციის სამომავლო დრამატიზებისგან დაგვიცავს.

  • ფაქტია, რომ აცრის მსურველთა რიცხვი აჭარის სოფლებში არ არის მაღალი. რა კეთდება აცრის ტემპის დასაჩქარებლად, რა გეგმა გაქვთ ამ მხრივ?

სოფლად ჩვენი სტრატეგია ეხება არამხოლოდ სოფლების ამბულატორიებს, არამედ თითოეულ თემს, თემის სამედიცინო პუნქტს და უბანს. სოფლის ექიმი შესაბამისი პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით თვითმმართველობის და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად აწყობს შეხვედრებს მოსახლეობასთან.

ამის პარალელურად სოფლის ექიმი თავის ტერიტორიაზე აუცრელ მოსახლეობას აღნუსხავს და მათ მიაკითხავს ან გამოიძახებს სრულად ინფორმირებისთვის.

ქალაქში პერიოდულად სამიზნე ჯგუფებს ვხვდებით, სადაც კამპანიას ვატარებთ. ლექციის, საუბრის შემდეგ მიგვყავს ამცრელი ბრიგადა და პარალელურ რეჟიმში ვაქცინაციის შესაძლებლობა ადგილზევე ეძლევათ ადამიანებს.

შეიძლება მომართვიანობა დიდი არ იყოს და ერთი საუბრის შემდეგ მხოლოდ 20 ან 22 მსურველი აიცრას, მაგრამ პანდემიის დროს თითოეულ აცრას აქვს მნიშვნელობა.

  • რამდენად ეფექტურია სოფლის ამბულატორიების მუშაობა რეალურად?  რამდენად მოიცავს მათი მუშაობა ვაქცინაციაზე თემთან საუბრებს, ამომწურავი ინფორმაციის გაცემას?

როცა ვსაუბრობთ პირველადი ჯანდაცვისა და ამბულატორიის ჩართულობის მნიშვნელობაზე ვაქცინაციის პროცესში, აქ პირველ რიგში ვგულისხმობთ სოფლის ექიმის წარმოებულ კამპანიას, როგორც თავშივე აღვნიშნე, სოფლის ექიმი დიდი ავტორიტეტია თავის თემში და მის რჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ჩვენი სოფლის ექიმები კოვიდსასტუმროებში იყვნენ დასაქმებულები. მათ რეალურად ნახეს, თუ რა გამოიარა აჭარის სამედიცინო სისტემამ და რა გადაიტანეს პაციენტებმა, ამ გამოცდილებას ისინი სოფლის მოსახლეობას უზიარებენ და არწმუნებენ ვაქცინაციის აუცილებლობაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: