განათლება,მთავარი,სიახლეები

წარჩინებული მოსწავლეებისთვის ლეპტოპებს ყიდულობენ – ბიუჯეტიდან 23 მილიონი გამოიყო

03.11.2021 • 4896
წარჩინებული მოსწავლეებისთვის ლეპტოპებს ყიდულობენ – ბიუჯეტიდან 23 მილიონი გამოიყო

9 000 წარჩინებული მოსწავლისთვის გადასაცემი ლეპტოპების შესაძენად სახელმწიფო ბიუჯეტში 23 265 000 ლარია გათვალისწინებული. ლეპტოპების შესაძენად საგანმანთლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

ტენდერში გამარჯვებულმა სააგენტოს ლეპტოპები ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვეში უნდა მიაწოდოს. ტენდერში წინადადებების მიღება კი, 2021 წლის 28 ნოემბერს დაიწყება და ხუთ დღეში, 3 დეკემბერს დასრულდება.

„საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, პროგრამის – „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, 2020 და 2021 წლის წარჩინებულ მოსწავლეებს, რომლებმაც დაასრულეს საბაზო საფეხური და რომელთა საფეხურის ნიშანია 10 ქულა [დამრგვალების გარეშე], გადასცემს პორტაბელურ კომპიუტერებს.

2019/2020 სასწავლო წლის ბენეფიციარების რაოდენობა 4 461 მოსწავლეა.

გამომდინარე იქედან, რომ პერიოდულად ემატებიან მოსწავლეები, რომლებმაც ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად დადგენილ ვადებში აიმაღლეს წლიური შეფასება და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა [დამრგვალების გარეშე], 2019‐2020 წლის წარჩინებული მოსწავლეებისათვის სააგენტოს სჭირდება 4500 ცალი პორტაბელური კომპიუტერი.

ვინაიდან, გლობალური პანდემიის გამო 2020 წელს ვერ მოხერხდა წარჩინებული მოსწავლეებისათვის გადასაცემი კომპიუტერების შესყიდვა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ამ მოსწავლეებსაც 2021 წელს დააჯილდოებენ.

რაც შეეხება 2020‐2021 სასწავლო წლის წარჩინებულ მოსწავლეებს, მათი რაოდენობა სტატისტიკიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, შეადგენს 4 385 ბენეფიციარს“, – აღნიშნულია დოკუმენტებში.

„წარჩინებული მოსწავლეებისთვის ლეპტოპების გადაცემა მოსწავლეთა წახალისების გარდა ატარებს სოციალურ ხასიათს და ამ ღონისძიების მიმართ საზოგადოების ინტერესი დიდია. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ სააგენტოში არ წყდება მომართვიანობა, თუ როდის მოხდება წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება ლეპტოპებით,“ – მიიჩნევენ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ლეპტოპების შესასყიდი სავარაუდო თანხის დასადგენად სააგენტომ ბაზრის კვლევა ჩაატარა. ლეპტოპების ჩვეულებრივი და არა კონსოლიდირებული ტენდერით შესყიდვაზე თანხმობა კი, სააგენტოს საქართველოს მთავრობამ მისცა.

ამავე თემაზე:

4 460 მოსწავლეს დაპირებული კომპიუტერი არ მიუღია, 6 ათასზე მეტს კი – ოქროს მედალი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: