განათლება,მთავარი,სიახლეები

4 460 მოსწავლეს დაპირებული კომპიუტერი არ მიუღია, 6 ათასზე მეტს კი – ოქროს მედალი

18.05.2021 • 2990
4 460 მოსწავლეს დაპირებული კომპიუტერი არ მიუღია, 6 ათასზე მეტს კი – ოქროს მედალი

საქართველოში 4 460 მოსწავლეს ჯერ კიდევ არ მიუღია სამინისტროსგან დაპირებული კომპიუტერი, რომლებიც  გასულ წელს უნდა მიეღოთ. ეს ის მოსწავლეები არიან, რომლებმაც საბაზო საფეხურის ბოლო სამი წელი, მე-9 კლასის ჩათვლით, წარმატებით დაასრულეს და მათი საბოლოო შეფასება იყო 10 ქულა, დამრგვალების გარეშე.

კომპიუტერები მოსწავლეებს ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს უნდა მიეღოთ, თუმცა ტენდერი არ შედგა. სამინისტრო კორონაპანდემიას იმიზეზებს და ამბობს, რომ ტენდერის ჩავარდნის მიზეზი ლარის გაუფასურება და ბაზარზე ფასების ხშირი ცვლილებაა.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, რომ მოსწავლეები გასული წლის კომპიუტერებს და იმასაც, რომელიც წელს უნდა მიიღონ წარჩინებულმა მოსწავლეება, 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში მიიღებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა მოსწავლეებს ვერც ამ წლის ბოლოს შეუსყიდოს სამინისტრომ კომპიუტერები.

სამინისტროს ამავე უწყებაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კომპიუტერების შესყიდვაზე კონსოლიდირებული ტენდერი უნდა გამოცხადდეს, თუმცა როდის, თარიღი ჯერ კიდევ გაურკვეველია. „პანდემიიდან გამომდინარე, მსოფლიო ბაზარზე დიდი რაოდენობით ხარისხიან ტექნიკაზე ხელმისაწვდომობა შეიზღუდა, რამაც შეაფერხა წარჩინებული მოსწავლეებისთვის კომპიუტერების გადაცემის პროცესი.

დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების პირველ ეტაპზე განხორციელდა პირველკლასელთათვის კომპიუტერების შესყიდვა 2021-2022 სასწავლო წლისათვის, ხოლო მეორე ეტაპზე სახელმწიფო წარჩინებული მოსწავლეებისთვის შეისყიდის პერსონალურ კომპიუტერებს, “- გვითხრეს  აღნიშნულ უწყებაში.

ამავე უწყების ფუნქციებში შედის წარჩინებული მეთორმეტეკლასელებისთვის ოქროსა და ვერცხლის მედლების შესყიდვაც.

6 720 მოსწავლე ოქროს მედალს ელოდება

რაც შეეხება ოქროს მედლებს, „წარჩინებულ მოსწავლეებს მედლები ასევე გადაეცემათ 2021-2022 სასწავლო წელს,“-გვითხრეს განათლების სამინისტროს უწყებაში.

ოფიციალური ინფორმაციით, 2020 სასწავლო წელს ოქროს მედალი 3 375 მოსწავლეს უნდა მიეღო, ვერცხლის კი – 1089 მოსწავლეს. 2019 წელს ოქროს მედალს ელოდებოდა 3 245 მოსწავლე, ვერცხლის მედალს კი – 1023 მოსწავლე. განათლების სამინისტროს მთლიანობაში 6 720 მოსწავლეზე აქვს ოქროს მედალი გასაცემი.

მიმდინარე სასწავლო წლის მედალოსნების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არის დაზუსტებული და უწყების ცნობით, ივნისის ბოლოს იქნება ცნობილი.

გასულ წელს სამინისტრომ ვერც კომპიუტერები იყიდა და ვერც ოქროს მედლები, – ტენდერი რამდენჯერმე ჩაიშალა, მათ შორის, 2021 წლის აპრილში გამოცხადებული ტენდერიც.

უწყებაში ამჯერადაც გვეუბნებიან, რომ მედლების შესყიდვასთან დაკავშირებით ბაზრის კვლევა დასრულებულია და „სამინისტროსთან შეთანხმებით მიმდინარეობს სატენდერო პროცედურებისთვის მზადება“.

_____________________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: