შაბათს, 6 ნოემბერს, ოპოზიცია საპროტესტო აქციას ბათუმშიც გამართავს. აქციაზე შეკრებილები ისევ საქართველოს მესამე პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ.
საპროტესტო აქცია ბათუმში აჭარის მთავრობის სახლის წინ გაიმართება, სადაც გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „თავისუფლების კვარტალი“ მოეწყო. აქციას ოპოზიცია ისევ „თავისუფლების კვარტალში“ აანონსებს, თუმცა ამ დროისთვის ოპოზიციის ლიდერებს გადაწყვეტილი არ აქვთ, ექნება თუ არა ამ აქციებს პერმანენტული ხასიათი და გაიშლება თუ არა კარვები.
„გეგმა აქციაზე გაჟღერდება, აქცია იქნება ყველა დიდ ქალაქში,“ – ამბობს რეზო ხარაზი, ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“.
აქციის მონაწილეები შაბათს, 5 საათზე შეიკრიბებიან.
მიხეილ სააკაშვილი 35-ე დღეა, რაც შიმშილობს. მისი თანაპარტიელები და მკურნალი ექიმები ამბობენ, რომ მდგომარეობა მძიმდება.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კი აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ექიმების განსაკუთრებული მობილიზებაა და დაწესებულების მედპერსონალი მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვეღარ მართავს.
ამასთან, უწყებაში ადასტურებენ, რომ ციხეში შევიდა “ვივამედის” ანგიოლოგი და დაგეგმილია პულმონოლოგის პრევენციული ხასიათის ვიზიტი.