მთავარი,სიახლეები

კუთხემოხეული ბიულეტენის ამბავი – რა ჩანს ცესკოს ვიდეოში

03.11.2021 •
კუთხემოხეული ბიულეტენის ამბავი – რა ჩანს ცესკოს ვიდეოში

ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა საჩივარი, რომლითაც საია ყუაგადახეული ბიულეტენის გაბათილებას ასაჩივრებდა, ამ ბიულეტენში არჩევანი ბათუმის მერობის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის სასარგებლოდ იყო გაკეთებული. ბიულეტენი 50-ე საუბნო-საარჩევნო კომისიამ მხოლოდ იმის გამო გააბათილა, რომ მას კიდე ჰქონდა მოხეული.

79-ე ოლქში საჩივრის განხილვისას საუბნო კომისიის თავმჯდომარეს ტელეფონით დაუკავშირდნენ. ამ ბიულეტენის პრობლემურობაზე საუბრისას მან განმარტა, რომ ბიულეტენი ყუთში კონვერტის გარეშე იყო მოთავსებული.

ეს ცესკოს ვებგვერდზე ატვირთული ვიდეოჩანაწერით არ დასტურდება.

რა ჩანს ცესკოს კადრებში

„დარღვეულია მთლიანობა, გადახეულია ყუა და თარიღი არ ჩანს, მე ოლქში დავრეკე და კომისიამ გადაწყვიტოსო. ხელი აწიოს ყველამ“, –  ასე პასუხობს ბათუმის 50-ე საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ქეთევან მოქია ხმების დათვლის დროს დამკვირვებლის პრეტენზიას, რომელიც ყუაგადახეული ბიულეტენის გაბათილებას აპროტესტებს. ეს ყველაფერი კარგად ჩანს/ისმის ვიდეოკადრებში, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზეა ატვირთული.

კადრების მიხედვით, ბიულეტენი, სადაც ამომრჩევლის არჩევანი გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის, გიორგი კირთაძის სასარგებლოდ იყო გაკეთებული, კომისიამ იმის გამო გააბათილა, რომ ყუა მოხეული ჰქონდა – კონკრეტულად ის ნაწილი, სადაც ბიულეტენს თარიღი და „მეორე ტური“ აწერია.

სხვა რაიმე მიზეზი, რის გამოც ეს ბიულეტენი შეიძლებოდა გაბათილებულიყო, საკითხის განხილვისას კომისიის არც ერთ წევრს და არც თავმჯდომარეს, ხმების დათვლის დროს, არ უხსენებია.

„მეორე ტური და თარიღი არის წაშლილი, ვისაც გინდა ჰკითხე… გამიყვანე დასახვრეტად“,  – ისმის ვიდეოში დამკვირვებლის ხმა.

დამკვირვებელი „ლელა“ კი თავმჯდომარეს ეუბნება: „ვიდავებ ამ ხმის გამო“.

სხვა დამკვირვებელი მას ეუბნება: „იდავე ლელა, რომ გაგიხსნან „ვაფშე“ გაგიუქმებენ, იმიტომ, რომ არაა სწორი.“

ამ კამათისას არავის უხსენებია, რომ ბიულეტენი კონვერტის გარეშე იყო ყუთში მოთავსებული.

რა და რა მოტივით გადაწყვიტა 79-ე საოლქო კომისიამ

ოლქში შესული საიას საჩივრის განხილვისას, კომისიის თავმჯდომარემ საოლქო კომისიას უთხრა, რომ ამ კონკრეტულ ბიულეტენს ორი პრობლემა ჰქონდა – ყუა ჰქონდა გადახეული და კონვერტის გარეშე იყო ყუთში მოთავსებული, რაც მისი ბათილობის ერთ-ერთი საფუძველია.

მომჩივანი მხარე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი, ოლქის წევრებს უხსნიდა, რომ მსგავსი პრეტენზია ხმების დათვლის დროს მათ დამკვირვებელს არ დაუფიქსირებია. ამის მიუხედავად, საუბნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია უტყუარად მიიჩნია საოლქო კომისიამ  და დაადგინა, რომ ბიულეტენი კანონიერად არის გაუქმებული.

საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, ციალა შავაძემ, გამოაცხადა, რომ საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილეს.

50-ე უბნის კომისიის თავმჯდომარემ, ქეთევან მოქიამ, „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში განმარტებისას აღიარა, რომ თავად არ დაუნახავს, ნამდვილად იყო თუ არა ეს კონკრეტული ბიულეტენი ყუთში კონვერტის გარეშე მოთავსებული.

„გოგოებმა მითხრეს“, – გვითხრა მან.

„იმ წუთას არ ვუყურებდი, მაგ დროს ტელეფონზე მირეკავდნენ და ზურგით ვიყავი. გოგოებმა ნახეს, რომლებმაც ამის დაფიქსირება ვერ გაბედეს. ვერც კი ვთქვით, ვერ მოვასწარითო, როცა მთვლელმა თქვა, რომ დაზიანებული იყო, ეგრევე ყურადღება მიექცა მაგას, რომ მოხეული იყო ყური, ატყდა ხმაური და  იმდენად იყო გადატანილი ყურდღება დაზიანებაზე, ბავშვებმა კი თქვეს მერე, ვერ გაბედეს“, – უთხრა დღეს, 3 ნოემბერს, ქეთევან მოქიამ „ბათუმელებს“.

გუშინ ბათუმის 79-ე საოლქო კომისია არ დაელოდა ცესკოს ვიდეოს ატვირთვას და ისე გადაწყვიტა დაეჯერებინა არა საიას წარმომადგენლისთვის, არამედ უბნის თავმჯდომარისთვის. შესაბამისად, „ბათუმელები“ დღეს ოლქის თავმჯდომარეს, ციალა შავაძეს, ცესკოს მიერ გავრცელებული კადრების შესაფასებლად დაუკავშირდა. ციალა შავაძემ გვითხრა, რომ ჯერ კადრები უნდა ნახოს და ამის შემდეგ იმსჯელებს კომისიის დისციპლინალურ პასუხისმგებლობაზე: „ ჯერ კადრები უნდა ვნახოთ და ამის შემდეგ გაგიკეთებთ კომენტარს.“

79-ე საოლქო-საარჩევო კომისიამ 2 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების 20 საჩივარი განიხილა.

დღეს ოლქი პოლიტიკური პარტიების საჩივრების განხილვას იწყებს.

___

წინასწარი მონაცემებით, 30 ოქტომბრის ბათუმის მერის მეორე ტურის არჩევნებზე ოპოზიციის კანდიდატ გიორგი კირთაძეს სახელისუფლო კანდიდატმა არჩილ ჩიქოვანმა 1 526 ხმით მოუგო.

ბათუმის 79-ე ოლქში ამ არჩევნებზე 2017 ბიულეტენი გააუქმეს.

___

გადაბეჭდვის წესი


ასევე: