მთავარი,სიახლეები

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის გზა ხულოდან შტუტგარტამდე – 31 წელი ემიგრაციაში

04.11.2021 •
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის გზა ხულოდან შტუტგარტამდე – 31 წელი ემიგრაციაში

ბერძნულრომაული სტილით მოჭიდავე ტარიელ შავაძე 25 წელია გერმანიაში ცხოვრობს. იგი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია და ახლა გერმანიაში, ქალაქ შტუტგარტში გერმანელ სპორტსმენებს წვრთნის სპორტის ამ სახეობაში.

23 ოქტომბერს 51 წლის ტარიელ შავაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა ვეტერან სპორტსმენებს შორის და  ამ გამარჯვების აღსანიშნავად საქართველოს დროშით შემოურბინა ტატამს.

ტარიელის სპორტული კარიერა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეებში დაიწყო, როცა ტყუპისცალ ძმასთან ერთად, 1983 წელს ჭიდაობის წრეზე მიიყვანეს.

ჩვენი პირველი მწვრთნელი ლევან შავაძე იყო, რომელმაც ხულოში ორწლიანი ვარჯიშის შემდეგ თბილისში თავის მწვრთნელთან, თამაზ კიკნაძესთან გაგვიშვა“ – იხსენებს ტარიელ შავაძე.

1985 წლიდან ძმები თბილისში ერთად ვარჯიშობდნენ, ორივე აქტიური სპორტსმენი იყო, 90-იან წლებში კი ძმების გზები გაიყო.

ორივე საქართველოს მრავალგზის ჩემპიონები ვიყავით. 90-იან წლებში გავიყავით, გაჭირვება რომ დაიწყო. მამაჩემს არ შეეძლო ორი სტუდენტის რჩენა, ჩემ ძმას კი არ უნდოდა საქართველოდან წამოსვლა“ – გვიამბობს ტარიელი.

საბოლოოდ, ტარიელის ტყუპისცალმა, ფრიდონ შავაძემ საქართველოში დარჩენა და დაქორწინება გადაწყვიტა, ხოლო ტარიელი საზღვარგარეთ წავიდა სპორტული კარიერის გასაგრძელებლად.

არ მინდოდა სპორტისთვის თავი დამენებებინა, ამიტომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბელარუსში წავედი.

მაშინ საქართველოში არანაირი შესაძლებლობა არ იყო, მწვრთნელებმა თავი დაანებეს თავიანთ საქმეს, ყველა შველას ითხოვდა, ძალიან ცუდ პერიოდში მოვხვდი, როცა 20 წლის ვიყავი და სპორტის გაგრძელება მინდოდა“ – ნაღვლიანად ამბობს ტარიელი.

იგი გვიამბობს, რომ ბელარუსში ქვეყნის ექვსგზის ჩემპიონი გახდა, 1991 წლიდან ყოველწლიურად იგებდა ქვეყნის ჩემპიონატს და ერთხელაც შეთავაზება მიიღოკარიერა ევროპაში გაეგრძელებინა.

 „ერთერთმა კლუბის პრეზიდენტმა კონტრაქტით გერმანიაში ჭიდაობა შემომთავაზა, აქედან დაიწყო ჩემი გერმანიაში ცხოვრების ისტორია“ – გვიყვება ის

 იქიდან მოყოლებული ტარიელ შავაძე გერმანიაში ცხოვრობს. კლუბს ხელმძღვანელობს, თავადაც ვარჯიშობს და პროფესიონალ გერმანელ მოჭიდავეებს ავარჯიშებს.

2017 წელს, 47 წლის ასაკში ტარიელ შავაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ეს ბულგარეთში, ქალაქ პლოვდივში გამართულ ჩემპიონატზე მოხდა.

არ ვიცნობდი კონკურენტებს, დაძაბული შეხვედრა მქონდა ფინალში, მინიმალური ანგარიშით გავიმარჯვე და დავამარცხე სომეხი მოწინააღმდეგე, ფინალამდე სამივე შეხვედრაში თავისუფლად გავიმარჯვე და გავხდი მსოფლიო ჩემპიონი“ – იხსენებს ტარიელი.  

ტარიელ შავაძე საბერძნეთში გამართულ ჩემპიონატზე

მეორედ კი მსოფლიო ჩემპიონის სტატუსი ტარიელ შავაძემ წელს, 23 ოქტომბერს მოიპოვა საბერძნეთში გამართულ ვეტერანთა ჩემპიონატზე. ამბობს, რომ ამ ჩემპიონატისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა:

„დარწმუნებული ვიყავი, რომ მე იქ წასაგებად არ ვიყავი წასული. შეიძლება ითქვას, რომ რეკორდულ შედეგს მივაღწიე. ჯერ არავინ არ გამხდარა მსოფლიო ჩემპიონი, რომელიც 16 წუთის ნაცვლად ოთხ შეხვედრას 2 წუთსა და 48 წამს მოანდომებდა. არცერთი ტექნიკური ქულა არ დამიკარგავს, როგორც იტყვიანგავაკარ ბეჭებზე!“ – ჰყვება ტარიელი.  

ტარიელ შავაძემ პირველი შეხვედრა ფრანგ მეტოქეს მოუგო, რომელიც 2017 წელს ანგარიშით – 3:0 ხოლო ახლა – 9:0-ით დაამარცხა. მეორე შეხვედრა ირანელ სპორტსმენთან ჰქონდა:

 „25 წამში გავაკარ ბეჭებზე, ტექნიკური ილეთებით. ტრიბუნაზე ხალხი დგებოდა და ტაშს უკრავდა

მესამე შეხვედრაზე 9:0 დავამარცხე შვედეთის წარმომადგენელი, მეოთხე შეხვედრაზე უძლიერესსა და ძალიან ცნობილ ამერიკელ სპორტსმენს, სტეფან ჰორტონს შევხვდი და 30 წამში სუფთა გამარჯვება მოვიპოვე“ – ემოციურად გვიამბო ორგზის მსოფლიო ჩემპიონმა.  

„რას ნიშნავს ჩემთვის ორგზის მსოფლიო ჩემპიონობა? ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ორჯერ ავაფრიალე მსოფლიოში ქართული დროშა“ – ამბობს ტარიელი. 

ამჯერად ტარიელის მწვრთნელი ტყუპისცალი ძმის, ფრიდონის შვილი, გიორგი შავაძე იყო. ტარიელი ამბობს, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გიორგის მხარდაჭერა.

პირველი ვინც გამარჯვებას მილოცავენ ჩემი ძმა და ძმისშვილები არიანო“ – ამბობს ტარიელი.

ტარიელ შავაძე ძმისშვილთან, გიორგი შავაძესთან ერთად

მისი ერთგული მხარდამჭერები არიან მოსწავლეებიც. „მწვრთნელმა უნდა იჭიდავოს კარგად, რომ მერე მოსწავლეებმა დაუჯერონ და მეტად შედეგიანები გახდნენ“ – გვითხრა მან.

მიუხედავად იმისა, რომ წლებია გერმანიაში ცხოვრობს, ტარიელი კვლავ საქართველოს მოქალაქეა.

„გეტყვით, 25 წლის მანძილზე რატომ არ მივიღე გერმანიის მოქალაქეობა. მე ვარ აქ მცხოვრები და არა გერმანიის მოქალაქე. მინდოდა, რომ საქართველოს სახელით გამოვსულიყავი და ჩვენი დროშა, ჩვენი ქვეყანა მესახელებინა.

საქართველო ძალიან პატარა ქვეყანააჭიდაობა ჩვენი სპორტია, ამიტომ არ მივიღე გერმანიის მოქალაქეობა, მინდოდა საქართველოსთვის გამარჯვება მომეტანა“ – ეს ტარიელ შავაძემ ინტერვიუს განმავლობაში რამდენჯერმე, ხაზგასმით გაიმეორა.  

ტარიელ შავაძემ გვითხრა, რომ გერმანიაში ცხოვრების განმავლობაში 30-მდე გერმანიის ჩემპიონის და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის მწვრთნელი იყო.

„90-იან წლებში არ გამიმართლა, მაგრამ შრომამ ორჯერ მსოფლიო ჩემპიონობა მომიტანა. მოვუწოდებ ყველა სპორტსმენს ბოლომდე იბრძოლონ და შედეგი აუცილებლად იქნებასპორტში არ შეიძლება არცერთი ვარჯიშის გაცდენა, დიდი მნიშვნელობა აქვს კვებას“ – ამბობს ტარიელ შავაძე.  

ტარიელ შავაძე მოსწავლეებთან ერთად

ტარიელს სამი შვილი და ქართველი მეუღლე ჰყავს, ოჯახთან ერთად ცხოვრობს გერმანიაში. ამბობს, რომ ბავშვები დადიან როგორც სკოლაში, ასევე სპორტზე და მთელი ოჯახი სპორტულად ცხოვრობს.  „ბათუმელებისშეკითხვაზე, აპირებს თუ არა საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებას ოჯახთან ერთად შეყოვნდა – „დრო გვიჩვენებს, როგორ იქნება სამომავლოდ, მაგრამ დღეს …“

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: