მთავარი,სიახლეები

„მე ვარ დევნილი, მჭირდებოდა ყველაფერში მეძებნა სილამაზე“ – დემნა გვასალია

04.11.2021
„მე ვარ დევნილი, მჭირდებოდა ყველაფერში მეძებნა სილამაზე“ – დემნა გვასალია

2021 წლის ოქტომბერში ქართველმა დიზაინერმა, ფრანგული მოდის სახლის – Balenciaga-ს შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა – დემნა გვასალიამ ინტერვიუ მისცა interview magazine-ის ცნობილ მოდის ჟურნალისტს, ლეონ ტეილის. 

გვასალია ინტერვიუში მისი ცხოვრების რამდენიმე მნიშვნელოვან და გარდამტეხ მომენტს შეეხო. 

„მე ეკონომიკის ფაკულტეტი დავამთავრე, რადგანაც მამას უნდოდა, ბიზნესმენი ვყოფილიყავი… ათი წლის შემდეგ მან საბოლოოდ აღიარა, რომ დიზაინერობა არის სამსახური და არა მხოლოდ მდიდარი გოგონებისთვის. ეს არის სამსახური, რომლითაც შეგიძლია დაფარო გადასახადები და გააბედნიერო სხვები“, – ამბობს დიზაინერი

იგი ჰყვება თავის ბავშვობაზეც: 

„მე გავიზარდე საბჭოთა კავშირში. მოდის ჟურნალები ნანახიც არ მქონდა. 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ, ჩვენ გვქონდა „ვოგისა“ და „უესთერნ ფეშენის“ ჟურნალთა ასლები. ასე დავიწყე მოდის აღმოჩენა, საოცნებო სამყაროსი, რომლის არსებობის შესახებაც არაფერი ვიცოდი“. 

გვასალია იხსენებს თავის პირველ ემოციებსაც, დაკავშირებულს ტანისამოსთან.

ჟურნალისტის კითხვაზე – რა იყო მისი საყვარელი ტანსაცმელი, იგი პასუხობს:

„წითელი ქურთუკი, განკუთვნილი გოგოსთვის, რომლის შეძენაზეც მშობლები არ მთანხმდებოდნენ და მხოლოდ მას შემდეგ მიყიდეს, რაც მაღაზიაში დიდი ამბები დავატრიალე.

ის მინდოდა არა იმისთვის, რომ ჩამეცვა, არამედ იმისთვის, რომ უბრალოდ მეყურებინა, რადგან მასში სილამაზე დავინახე და იგი უბრალოდ მჭირდებოდა. ის იყოს ჩემთვის ხელოვნების ნიმუშივით. რაღაც დროის მერე მშობლებმა ქურთუკი გააქრეს, იმის შიშით, რომ მე მას ჩავიცვამდი და გეიდ ვიქცეოდი, რაც ისედაც მოხდა“. 

გვასალია ინტერვიუში იმაზეც საუბრობს, თუ რას მიიჩნევს საკუთარ როლად მოდის თანამედროვე სამყაროში:

„მე ვგრძნობ, რომ ჩემი გამოწვევა და ვალდებულება დღეს, როგორც დიზაინერისთვის, გამოიხატება კითხვით – რა არის სილამაზე? რატომ ვიცავთ 50 წლის წინ შემოღებულ წესებს? მე არ გავზრდილვარ ვერსალში. მე ვარ დევნილი. მე მჭირდებოდა ყველაფერში მეძებნა სილამაზე“. 

2 ნოემბერს „ბალენსიაგამ“ 2022 წლის გაზაფხულის კოლექციის კამპანიის ვიდეო გამოაქვეყნა „იუთუბზე“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: