პარტნიორი ქვეყნები უკრაინას 70 თვითმფრინავით დაეხმარებიან

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული კონტრაქციის ცენტრის ცნობით, 70 დამხმარე თვითმფრინავი უკრაინისკენ მიემართება.

„ჩვენი პარტნიორები გვაძლევენ MiG-29 და Su-25-ებს. საჭიროების შემთხვევაში, ისინი ბაზირებულნი იქნებიან პოლონეთის აეროდრომებზე, საიდანაც უკრაინელი პილოტები საბრძოლო მისიებს შეასრულებენ,“ – აღნიშნულია კონტრაქციის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინას ამ ეტაპზე ეხმარებიან:

  • ბულგარეთი – (Mig-29) – 16 ერთეული; (Su-25) – 14 ერთეული
  • პოლონეთი – (Mig-29) – 28 ერთეული
  • სლოვაკეთი –  (Mig-29) – 12 ერთეული

განახლება:

______

მე-6 დღეა, რუსეთის არმია განუწყვეტლივ უტევს უკრაინას როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. რუსეთის შეჭრას ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემსხვერპლა. ინტენსიურად იბომბება უკრაინის ქალაქები.

რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

“ნიღბები ჩამოიხსნეს” – პოდოლიაკი რუსეთის მიერ უკრაინული ქალაქების დაბომბვაზე

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, მიხაილო პოდოლიაკი, ტვიტერზე წერს, რომ რუსეთმა ნიღბები ჩამოიხსნა.

“რუსეთის ფედერაცია აქტიურად ბომბავს ქალაქის ცენტრებს. სარაკეტო და საარტილერიო დარტყმებს აყენებს საცხოვრებელ უბნებს და ხელისუფლებას. რუსეთის მიზანი ნათელია – მასობრივი პანიკა, მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში და ინფრასტრუქტურის განადგურება. უკრაინა ღირსეულად იბრძვის,” – წერს პოდოლიაკი.

მე-6 დღეა რუსეთის არმია განუწყვეტლივ უტევს უკრაინას როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. რუსეთის შეჭრას ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემსხვერპლა. ინტენსიურად იბომბება უკრაინის ქალაქები. დღეს დილით სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ხარკოვში, ქალაქის ცენტრში მდებარე ადმინისტრაციულ შენობაზე. დაბომბვის ამსახველ კადრებში ჩანს, რომ რაკეტის ჩამოვარდნის დროს ცენტრალურ მოედანზე ადამიანები ავტომობილებით მოძრაობდნენ.

 

VTB-ის მომხმარებლებმა სესხების განულებაზე შეტყობინება მიიღეს – ბანკის განმარტება

დღეს, პირველ მარტს, „ვითიბი ბანკის“ მომხმარებლებმა მიიღეს შეტყობინებები სესხების განულებაზე. ბანკის განმარტებით, სესხები გადაეცა „ბაზისბანკს“ , ამიტომაც შეტყობინებების გაგზავნა „ჩვეულებრივი პროცედურული საკითხი იყო.“

მოკლე ტექსტური შეტყობინება არ შეიცავდა ინფორმაციას სესხების „ბაზისბანკში“ გადაცემის თაობაზე, რამაც მომხმარებელი დააბნია.

სესხების „ბაზისბანკში“ გადასვლის თაობაზე „ვითიბი “ ბანკმა ინფორმაცია 27 თებერვალს გაავრცელა. გადაწყვეტილება უკრაინაში მიმდინარე ომის გამო დაკისრებული სანქციების შედეგად მიიღეს.

ბანკის ინფორმაციით, საცალო პორტფელის „ბაზისბანკზე“ გასხვისებით, „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ყველა ფიზიკური პირი, მეანაბრე და მსესხებელი გახდება „ბაზისბანკის“ მომხმარებელი და საბანკო მომსახურებას მიიღებს, როგორც „ბაზისბანკის“, აგრეთე „ვითიბი ბანკის“ ფილიალებში.

ამავე თემაზე:

დადექით ანტირუსული დასავლური ალიანსის გვერდით – არასამთავრობოების მიმართვა მთავრობას

2022 წლის ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დღეს, 1 მარტის 10:00 საათზე დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge.

რეგისტრაციის დაწყებამდე გამოსაცდელები უნდა გაეცნონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ელექტრონულ კრებულს –  „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“.

„კრებულში მოცემულია 2022 წლის სიახლეები, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი, ხშირად დასმული კითხვები და საგამოცდო პროცესთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები“.

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება:

  • პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში მონიშნოს სპეცპირობა;
  • საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 14 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ;
  • საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

ცენტრის ინფორმაციით, 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური ერთი გამოცდისათვის წელსაც 10 ლარია.

კორონავირუსის 6847 ახალი შემთხვევა დადასტურდა – პირველი მარტი

ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსის 6847 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა – 36 პაციენტი.

stopcov.ge-ის ინფორმაციით, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 4479 ადამიანი.

რუსეთის საზღვაო ძალები მეკობრეობენ ჩვენს ტერიტორიულ წყლებში – უკრაინის საგარეო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ თან ახლავს ზღვიდან რუსეთის საზღვაო ძალების მეკობრეობა უკრაინის ტერიტორიულ წყლებში და ექსკლუზიურ საზღვაო ეკონომიკურ ზონაში.

რუსეთის საზღვაო ძალების მეკობრეებმა დააკავეს სამძებრო-სამაშველო ხომალდი „საფირნი“, გემები: „ათენა“ და „პრინცესა ნიკოლი“ [«Сапфір», «Афіна», «Принцеса Ніколь»].

უკრაინა მოუწოდებს თავის პარტნიორ ქვეყნებს, დაგმონ რუსეთის საზღვაო ძალების მეკობრეობა შავ ზღვაში და სათანადო რეაგირება მოახდინონ რუსეთის მეკობრეობის შესაჩერებლად.

უკრაინამ ასევე მოუწოდა ყველა ეროვნულ და უცხოელ მეზღვაურებს და გემთმფლობელებს, დაიცვან საზღვრის უსაფრთხოება შავ და აზოვის ზღვებში, რუსეთის საზღვაო ძალების მიერ მეკობრეობის მიმდინარე აქტებთან და სამოქალაქო გემების ზღვაზე ძარცვებთან დაკავშირებით.

შესაბამისი „ნავიგაციის ანგარიში“ უკრაინაში გავრცელდა საერთაშორისო ავტომატური ნავიგაციის გაფრთხილების სამსახურის (NAVTEX) არხებით.

ომის დაწყებიდან მეორე დღეს შავ ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული ძალების მიერ გახსნილი ცეცხლით დაზიანდა თურქული და მოლდოვური გემები.

მე-6 დღეა, რუსეთის არმია განუწყვეტლივ უტევს უკრაინას როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. რუსეთის შეჭრას ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემსხვერპლა. ინტენსიურად იბომბება უკრაინის ქალაქები.

რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

ამავე თემაზე:

ომის გამო ფოთში მობრუნებული უკრაინული ბორანი გადასახადებისგან გათავისუფლდება – სააგენტო

“ოკუპანტების მოძრაობა აკრძალულია” – ახალი საგზაო ნიშნები უკრაინაში

უკრაინის საავტომობილო გზების სახელმწიფო სააგენტომ პუტინის გადახაზული გამოსახულებით საავტომობილო გზებზე ახალი საგზაო ნიშნების მონტაჟი დაიწყო.

“თქვენ წინაშეა ახალი საგზაო ნიშანი:  ოკუპანტების მოძრაობა აკრძალულია”. ნიშანი მიუთითებს მტერს: “დაუყოვნებლივ ჩაბარდით ტყვედ ან შეხვდით სიკვდილს. სანამ ჩვენი მამაცი მეომრები და უშიშარი მოქალაქეები იგერიებენ მტერს, საგზაო სააგენტოს თანამშრომლები ახალ საგზაო ნიშნებს ამაგრებენ”, – წერს უკრაინის საავტომობილო გზების სახელმწიფო სააგენტო თავის ოფიციალურ გვერდზე და თან საგზაო ნიშნების დამაგრების ამსახველ ფოტოებს ურთავს.

სააგენტოს ცნობით დღეიდან, 1-ელი მარტიდან, ნიშნები დამაგრდება როგორც საერთაშორისო, ისე შიდა მნიშვნელობის გზებზე მთელი უკრაინის მასშტაბით.

ახალი საგზაო ნიშანი უკრაინაში

“გიგზავნით ჩვენს სიყვარულს და მხარდაჭერას” – პოლ მაკარტნის სოლიდარობა უკრაინას

ბრიტანელი მუსიკოსი, The Beatles-ის ყოფილი წევრი, პოლ მაკარტნი ტვიტერზე უკრაინის მხარდასაჭერ პოსტს აქვეყნებს და ომში მყოფ ქვეყანას სოლიდარობას უცხადებს.
“მახსოვს, 2008 წელს უკრაინაში, მეიდანზე, როგორ ვუკრავდით მეგობრები. ამ რთულ დროს მათზე ვფიქრობ. გიგზავნით ჩვენს სიყვარულს და მხარდაჭერას,” – წერს მაკარტნი ტვიტერზე.

 

აშშ რუსეთის მისიიდან დაზვერვის 12 ოფიცრის გარიცხვას იწყებს

გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის პრესსპიკერი, ოლივია დალტონი, Twitter-ზე წერს, რომ აშშ რუსეთის მისიიდან დაზვერვის 12 ოფიცრის გარიცხვას იწყებს.

დალტონის განცხადებით, მათ „ბოროტად გამოიყენეს აშშ-ში ბინადრობის პრივილეგიები“, როდესაც „ჯაშუშურ საქმიანობაში ჩაერთვნენ“, რაც, მისი შეფასებით,  უარყოფითად მოქმედებს შტატების ეროვნულ უსაფრთხოებაზე.

„ამ ქმედებას შტაბ-ბინის ხელშეკრულების შესაბამისად ვატარებთ. დღეს გადადმული ნაბიჯები რამდენიმე თვეა, მუშავდება“, – განაცხადა დალტონმა.

ALDE-ი უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას EU-ში გაწევრიანების დაჩქარებულ პროცედურაზე  

უკრაინის საკითხზე ALDE-ს ლიდერების სამიტის რიგგარეშე შეხვედრაზე პარტია ALDE-ს ბიურომ და ALDE-ს წევრი პარტიების ლიდერებმა მთელი ევროპიდან, მიიღეს შემდეგი განცხადება:

პარტია ALDE [ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი] და მისი წევრი პარტიები ერთად გმობენ და უარყოფენ პრეზიდენტ პუტინის მიერ განხორციელებულ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ყოვლად აღმაშფოთებელ აქტს სუვერენული, დემოკრატიული და პროევროპული ქვეყნისა და ჩვენი ლიბერალური ღირებულებების წინააღმდეგ, რომლებსაც ასე ძვირფასად ვიცავთ.

ჩვენ ერთსულოვნად ვუჭერთ მხარს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ისინი გვახსენებენ, რატომ არის მნიშვნელოვანი დემოკრატია და რატომ უნდა ვიბრძოლოთ მის დასაცავად.

პუტინმა უხეშად და განზრახ დაარღვია საერთაშორისო სამართალი, მათ შორის, გაეროს წესდება და საერთაშორისო ვალდებულებები. კრემლმა პასუხი უნდა აგოს ამაზე.

ევროკავშირსა და მის ლიდერებს, ისევე როგორც ჩვენს პარტნიორებსა და ლიდერებს დემოკრატიულ მსოფლიოში, მოვუწოდებთ გასცენ მკაცრი პასუხი რუსეთის ფედერაციის, კონკრეტულად კი მისი ლიდერების მიმართ დამატებითი, უფრო მსხვილი სანქციების სასწრაფოდ დაწესებით.

სანქციები უნდა იყოს მასიური და უპრეცედენტო, არა მხოლოდ კომპანიების, არამედ ინდივიდუალური პირების წინააღმდეგ, მათ შორის, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ – ამ შეჭრაში მისი მორჩილების გამო. მაგიდაზე არაფერი უნდა დარჩეს (ყველა ზომა უნდა იქნეს გამოყენებული).

ჩვენ მივესალმებით ნატოს მოკავშირეების ნაბიჯებს რეგიონში შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერების მიზნით, მაგრამ ძალიან ძლიერი სიგნალი უნდა გაიგზავნოს, რომ მე-5 მუხლის ვალდებულებები წმინდაა და რომ ღია კარის პოლიტიკა კვლავაც ნარჩუნდება.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები მზად უნდა იყვნენ უკრაინაში ფინანსური და თავდაცვითი სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნისა და კიბერუსაფრთხოებაში მხარდაჭერისთვის, ისევე, როგორც რუსული თვითმფრინავების საკუთარი ეროვნული საჰაერო სივრცეში დაბლოკვისთვის. ამასთან უნდა დაუშვან ყველა სხვა შესაძლებლობა, მათ შორის უკრაინაში არასაფრენი ზონის გამოცხადებისთვის.

ჩვენ მოვუწოდებთ ევროპულ საზოგადოებას მოამზადოს ჰუმანიტარული დახმარების პაკეტი და ყველანაირი მხარდაჭერა უკრაინის დემოკრატიულად არჩეული მთავრობის ლიდერებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მისი მოქალაქეებისთვის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისკენ სწრაფვის სუვერენული უფლებისთვის.

ჩვენ მოვუწოდებთ ევროპულ საზოგადოებას დაიწყოს ფართო კონსულტაციები უკრაინის, საქართველოს, მოლდოვისა და სხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურის დაჩქარების შესაძლებლობის შესახებ.

ევროკავშირისკენ გზა უნდა მოიცავდეს წინაპირობას სახელმწიფოების მეთაურების მიერ, სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმის, საერთაშორისო სამართლის, ევროპული ღირებულებების აღიარებითა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის ღია და მკაფიო დაგმობით. ჩვენ მხარს ვუჭერთ გაზრდილ ევრო-ატლანტიკურ პოლიტიკურ და სამხედრო წარმომადგენლობას დასავლეთ ბალკანეთში.

ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის მეშვეობით უკვე განხორციელებულ მხარდაჭერას და მოვუწოდებთ ჩვენს პატივცემულ ეროვნულ მთავრობებს შეუერთდნენ ამ მხარდაჭერას, ასევე მეზობელ ქვეყნებს მოვუწოდებთ აჩვენონ სოლიდარობა და შესთავაზონ სასწრაფო დახმარება და თავშესაფარი უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც იძულებული არიან ძალადობას გაექცნენ.

უკრაინის სწრაფად აღსადგენად უნდა შევქმნათ ფინანსური მხარდაჭერის ფონდი მარშალის სტილის პაკეტისთვის. ასევე დაჩქარებულად უნდა გადავხედოთ ჩვენს ეროვნულ ენერგეტიკულ რესურსებს სტრატეგიულად, რათა შევამციროთ ჩვენი დამოკიდებულება რუსეთისა ენერგეტიკასა და ბუნებრივ აირზე.

მოვუწოდებთ ყველა საერთაშორისო სპორტულ და კულტურულ ინსტიტუტს, ფედერაციას, ასოციაციასა და ორგანიზაციას, გარიცხონ რუსეთის ფედერაცია თავიანთი პატივსაცემი ორგანიზაციებიდან და დაუყოვნებლივ და სრულად აუკრძალონ მისი მონაწილეობა ყველა სპორტულ და კულტურულ ღონისძიებაში, სანამ გრძელდება პუტინის აგრესია უკრაინაზე.

ამავდროულად, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ და ვაფასებთ რუსეთის მოქალაქეების სიმამაცეს მთელ რუსეთში, რომლებიც რისკავენ დაპატიმრებას მათი პრეზიდენტის მიერ რუსეთის ფედერაციის სახელით დაწყებული ომის გასაპროტესტებლად და ვადასტურებთ ჩვენს მორალურ მხარდაჭერას რუსეთში ჩვენი წევრი პარტიების მიმართ.

ამის გათვალისწინებით, ჩვენ სრულად ვგმობთ რუსული ხელისუფლების მიერ რუსეთის ფედერაციაში მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავებისას განხორციელებულ ქმედებებს, რაც არღვევს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.

ფინეთი უკრაინას იარაღს მიაწვდის

ფინეთი უკრაინას იარაღს მიაწვდის. ინფორმაციას ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრი, სანა მარინი ავრცელებს.

ფინეთი უკრაინას მატერიალური დახმარების სახით მიაწვდის: 2 500 იარაღს, 150 000 ვაზნას, 1 500 ერთჯერად ტანკსაწინააღმდეგო იარაღსა და  საბრძოლო აღჭურვილობის 70 000 პაკეტს.

რუსეთის მიერ სამხედრო თავდასხმის დაწყების შემდეგ, უკრაინამ მატერიალური დახმარება მოითხოვა ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნებისგან. ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ განაცხადა, რომ მატერიალური დახმარების სახით უკრაინას იარაღსა და საბრძოლო მასალას მიაწვდის.

უკრაინაში ვითარება უკიდურესად მძიმეა რუსეთის სამხედრო თავდასხმის გამო და სასწრაფოდ არის საჭირო თავდაცვის აღჭურვილობა.

______________

ფოტოზე: სანა მარინი, ფინეთის პრემიერ-მინისტრი

ჯონსონი ზელენსკის დაჰპირდა, რომ დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს უკრაინას

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ უკრაინას უახლოეს საათებში აღმოუჩენს დამატებით სამხედრო დახმარებას.

ზელენსკიმ კი, თავის მხრივ, მიაწოდა ინფორმაცია ჯონსონს რუსული აგრესიის მიმართ უკრაინის წინააღმდეგობის შესახებ. ინფორმაციას „როიტერსი“ავრცელებს ჯონსონის ოფისის სპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით.

„პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტ ზელენსკის აცნობა დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინაში გაგზავნილი სამხედრო მხარდაჭერის შესახებ და ის მზად არის, კიდევ მეტი სამხედრო რესურსი გაგზავნოს უახლოეს საათებსა და დღეებში უკრაინაში,“ – ამბობს დაუნინგ სტრიტის წარმომადგენელი.

რა განსხვავებული აზრი დააფიქსირა მოსამართლემ „ლონდა თოლორაიას საქმეზე“

„სრულიად გაურკვეველია რა სამართლებრივ მოცემულობას, არგუმენტაციას ეფუძნება მოსამართლეთა მსჯელობა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით,“ – კატეგორიულია მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე კოლეგა მოსამართლეების მიმართ, რომლებმაც დღეს, 28 თებერვალს უარი უთხრეს სახელმწიფო ინსპექტორს სადავო ნორმების შეჩერებაზე.

ლონდა თოლორაია ხვალიდან სახელმწიფო ინსპექტორი აღარ იქნება. შესაბამისად, დღეს ბოლო დღე იყო, როცა საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლო დაეკმაყოფილებინა, ან უარი ეთქვა ლონდა თოლორაიასთვის. სასამართლოსთან აქციებიც კი ჩატარდა იმ მოთხოვნებით, რომ მოსამართლეებს „ლონდა თოლორაის საქმეზე“ ემსჯელათ. დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს პრესცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მოსამართლეები შუამდგომლობაზე მსჯელობას აპირებდნენ. სამუშაო დღის ბოლოს მოსამართლეებმა ოქმი გამოაქვეყნეს.

„საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკმარისი საფუძველი სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების… საკონსტიტუციო სასამართლო ვერ დარწმუნდა იმაში, რომ მხოლოდ სადავო ნორმების შეჩერების პირობებში იქნება შესაძლებელი მოსარჩელის დარღვეულად ნაგულები უფლებების აღდგენა, ხოლო შეუჩერებლობის შემთხვევაში კი ეს შეუძლებელი გახდება,“ – აღნიშნულია საოქმო ჩანაწერში.

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას ვასილ როინიშვილი ხელმძღვანელობს. „ლონდა თოლორაიას საქმეზე“ მიღებულ გადაწყვეტილებას ხელს აწერენ ამავე კოლეგიის მოსამართლეები: ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე.

საია-ს განმარტებით და ახლა უკვე მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის აზრითაც, რომელიც იმ კოლეგიის წევრია, ვინც დღეს ლონდა თოლორაიას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა, თოლორაიამ საბოლოოდ სარჩელი რომც მოიგოს საკონსტიტუციოში, ამას არავითარი აზრი აღარ ექნება – კრიტიკული გადაწყვეტილებების შემდეგ პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააუქმა, საკონსტიტუციო სასამართლომ კი, ამ გადაწყვეტილების შეჩერებაზე უარი თქვა. ხვალიდან ინსპექტორის ნაცვლად, ორი ახალი სამსახური იმუშავებს.

„საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში არ არის ნათლად ნაჩვენები, თუ რატომ არის შეუძლებელი, თეორიულ-სამართლებრივი თუ პრაქტიკული თვალსაზრისით, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობისა და ძალადაკარგულად გამოცხადების პირობებში, მოსარჩელის იმ უფლებებში აღდგენა, რომელიც ახლა მას დარღვეულად აქვს ნაგულები, ან/და რატომ დარჩება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება აუცილებლად აღუსრულებელი,“ – ჩაწერეს მოსამართლეებმა გადაწყვეტილებაში.

ამავე კოლეგიის მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე კი, თავის განსხვავებულ აზრში წერს:

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციურ არსენალში შემავალი სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესაძლებლობა ის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ბერკეტია, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტიანი საკონსტიტუციო მართლმსაჯულების განხორციელებას.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, „კანონმდებლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს მხარისათვის გამოუსწორებელ შედეგებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლო მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს სადავო აქტის მოქმედების შეჩერების ღონისძიებას, მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე აშკარაა და არ არსებობს მესამე პირებისა და საზოგადოებრივი ინტერესების გაუმართლებელი შეზღუდვის რისკები,“ – წერს გიორგი კვერენჩხილაძე.

მოსამართლე „ბუნდოვანს“ უწოდებს კოლეგა მოსამართლეებს მსჯელობას ინსპექტორის თანამდებობის აღდგენაზე. მოსამართლე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი კოლეგიის მოსამართლეები, ანუ პირები, რომლებიც კანონს უნდა ეყრდნობოდნენ, საოქმო ჩანაწერში ვერ უთითებს საკანონმდებლო ნორმას, რომლის მიხედვითაც უკვე ყოფილი ინსპექტორისთვის, საქმის მოგების შემთხვევაშიც კი, რამე შეიცვლება.

„ბუნდოვანია საოქმო ჩანაწერის ძირითად აზრში განვითარებული მსჯელობა პირის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. თუ საკონსტიტუციო სასამართლო მოსარჩელეს სადავო ნორმის შეჩერებაზე უარს ეუბნება იმ საფუძვლით, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსარჩელე დარღვეულ უფლებაში აღდგება, იგი, როგორც წესი, უთითებს იმ საკანონმდებლო შესაძლებლობასა თუ მექანიზმზე, რომელიც უზრუნველყოფს მის უფლებაში აღდგენის შესაძლებლობას. აღნიშნულის საპირისპიროდ, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო არ უთითებს, და მოცემული კანონმდებლობის გათვალისწინებით ვერც მიუთითებს, თუ რა მექანიზმი უზრუნველყოფს პირის იმ თანამდებობაზე განწესებას, რომელიც გადაწყვეტილების მიღების დრო.

…გაუგებარია და არც საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციიდან იკვეთება, თუ როგორ, რა პირობებში და ვადით უნდა მოხდეს მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენა მისი უფლებამოსილების კანონისმიერი ვადის ხანგრძლივობის დაურღვევლად,“ – აღნიშნავს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე.

დაიღუპა 100 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის არიან ბავშვები – გაერო

გაეროს ინფორმაციით, ხუთი დღის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას გარდაცვლილია 100 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 7 ბავშვი. მსხვერპლი შესაძლოა მოვლენების განვითარების შედეგად შეიცვალოს.

უკრაინის ელჩი ჟენევაში, ევგენია ფილიპენკო კი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 350 ადამიანზე მეტია გარდაცვლილი, მათ შორის 16 ბავშვია.

მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა, ისევე როგორც სხვა დიდი საომარი მოქმედებებისას, ახლაც რთულია.

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი, ვიქტორ ლიაშკო მედიკოსებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 28 თებერვლის დილას 2040 ადამიანი იყო დაჭრილი და მათ შორის 45 ბავშვი.

უკრაინის მხარის ინფორმაციით, საბავშვო ბაღზე რუსების თავდასხმას შვიდი წლის გოგო შეეწირა, მსხვერპლია კიევშიც.

ალისა ხლანსი იმ ექვსი ადამიანიდან ერთ-ერთი იყო, ვინც რუსეთ-უკრაინის ომის მეორე დღეს საბავშვო ბაღზე თავდასხმისას დაიღუპა. 7 წლის გოგო სასიკვდილოდ დაიჭრა. უკრაინის გენპროკურორის, ირინა ვენედიქტოვას ინფორმაციით, ის შაბათს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, გარდაცვლილ ბავშვებს შორის არის გოგონა – პოლინა, რომელიც დაწყებითი კლასის ბოლო საფეხურზე სწავლობდა კიევში. პოლინას და-ძმა დის გარდაცვალების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. და რეანიმაციაშია, ძმა სხვა კლინიკაში.

მას შემდეგ, რაც ომის მეორე დღეს უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით საცხოვრებელ კორპუსს დაუშინეს ბომბები, დაიღუპა ბიჭი. აფეთქებამ ჩუგუევაში რამდენიმე ბინაში გააჩინა ხანძარი. ეს პატარა ქალაქია ხარკოვის სიახლოვეს.

ერთი ოჯახის 5 წევრი დაიღუპა უკრაინის სამხრეთით ომის პირველ დღეს, როცა რუსი სამხედროები ხერსონიდან ყირიმისკენ გადაადგილდებოდნენ. აფეთქებების შესახებ ინფორმაცია უკრაინის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა, ევგენი ჟუკოვმა გაავრცელა.

ოჯახის 5 წევრის გარდაცვალების გარემოება უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოჯახი ცდილობდა ორი მანქანით გარიდებოდა რუს სამხედროებს, როცა ისინი სროლებში მოხვდნენ ახალი კახოვკისა და ხერსონის სიახლოვეს.

ხუთწევრიანი ოჯახის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ტვიტერით გავრცელდა. დაიღუპა 56 წლის ცოლ-ქმარი, მათი 27 წლის შვილი და ორი ბავშვი: ერთი 6 წლის, მეორე სამ წლამდე.

___

მთავარი ფოტო: პოლინა – გოგონა, რომელიც დაწყებით კლასს ამთავრებდა. ის რუსმა სამხედროებმა კიევის ჩრდილო-დასავლეთით მშობლებთან ერთად დაცხრილეს. დაიჭრა გოგოს და-ძმაც, მაგრამ ისინი გადარჩნენ.

PCR ტესტირება პირველი მარტიდან უფასო აღარ იქნება – სამინისტრო

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ხვალიდან, პირველი მარტიდან, PCR ტესტირება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღარ დაფინანსდება, თუმცა გრძელდება სწრაფი ანტიგენ ტესტირების პროგრამა.

„კოვიდ-ტესტირების რეჟიმების გადახედვა მიმდინარე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით მოხდა. ქვეყანაში ძირითადი გავრცელების ვარიანტად რჩება ომიკრონი და გავრცელების პიკური სიდიდეები გადავლილია. აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს აქვს კლებადი სახე, ხოლო შემთხვევათა უმეტესობა ასიმპტომურად, ან მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს.

კოვიდ 19-ის სიმპტომების მქონე პირები, რომელთაც ანტიგენ ტესტის პასუხი უარყოფითი აქვთ უნდა დარჩნენ იზოლაციაში, მინიმუმ 5 დღის განმავლობაში. მდგომარეობის შემდგომი მართვის გეგმა კი უნდა ჩამოყალიბდეს სიმპტომების და კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად.

PCR ტესტირება ნარჩუნდება მხოლოდ სტრატეგიულ ობიექტებში, საჭიროების შემთხვევაში გამოსაყენებლად“ – იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.

„ბსუ უკრაინისთვის“ – აქცია ბათუმის უნივერსიტეტში

დღეს, 28 თებერვალს, სლოგანით – „ბსუ უკრაინისთვის“, აქცია გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში.

სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინელ ხალხს.

„ეს არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის და ერთი ერის ტკივილი,  ეს არის მთელი მსოფლიოს და ქართველების ერთ-ერთი მთავარი ტკივილიც.

ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ის, რაც ამ მომენტში ხდება უკრაინის ტერიტორიაზე“ – გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ბსუ-ს მეექვსე კურსის სტუდენტმა გუჯა წითლიძემ.

აქციის მონაწილე, სტუდენტი მარიამ გელაზარიშვილი აქციაზე სამხედრო ფორმით იყო. მან გვითხრა, რას ნიშნავს ეს ფორმა მისთვის:

„ჯარისკაცის ფორმა ჩავიცვი, თითქოს ეს ფორმა ძალას მაძლევს.

ვგულშემატკივრობ უკრაინას. მინდა, რომ მშვიდობა იყოს მსოფლიოში. დარწმუნებული ვარ, რომ გაიმარჯვებს უკრაინა, იმიტომ რომ ძალიან კარგი ლიდერი ჰყავს სათავეში და მინდა, რომ ასეთი ლიდერი გვყავდეს ჩვენც“, – გვითხრა მან.

აქცია ბსუ-ში. ფოტო: „ბათუმელები“/ევა ართმელაძე
აქცია ბსუ-ში. ფოტო: „ბათუმელები“/ევა ართმელაძე
აქცია ბსუ-ში. ფოტო: „ბათუმელები“/ევა ართმელაძე

დღეს უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გამოაქვეყნა უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი მიმართვა:

„ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით, მკაცრად გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მის დემოკრატიულ განვითარებასა და ცივილიზებულ სამყაროში ინტეგრირების პროცესს.

გვჯერა, საერთაშორისო თანამეგობრობა კონსოლიდირებული ნაბიჯებით შეძლებს აგრესორი სახელმწიფოს შეკავებას და მშვიდობის უზრუნველყოფას ქვეყანაში, რეგიონსა და მთელს მსოფლიოში. დიდება უკრაინას! დიდება უკრაინელ ხალხს!“ – ნათქვამია მიმართვაში, რომელიც უნივერსიტეტის ვებგვერდზე ქართულ, უკრაინულ და ინგლისურ ენებზე გამოქვეყნდა.

დღეს აქციის მონაწილეებს მიმართა ბსუ-ს რექტორმა, მერაბ ხალვაშმა. მან აღნიშნა, რომ ეს არის სოლიდარობის აქცია, უნივერსიტეტის გეგმავს აქციას უკრაინის ჰუმანიტარული და ფინანსური მხარდაჭერისთვისაც და ამჟამად განიხილება, თუ რა ფორმით მოხდება ეს.

ბსუ-ს სტუდენტებმა უკრაინელების მხარდასაჭერი აქცია გამართეს 27 თებერვალსაც.

მეხუთე დღეა, რაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.

მომხმარებლები, უკრაინის მიმართულებით, დახმარების მიზნით გადარიცხვებს საკომისიოს გარეშე შეასრულებენ – თიბისი

თიბისის გუნდის გადაწყვეტილებით, მომხმარებლები, უკრაინის მიმართულებით, დახმარების მიზნით, ყველა გადარიცხვას საკომისიოს გარეშე შეასრულებენ. საკომისიოს თანხას თიბისი ბანკი თავად დაფარავს. პირობა ძალაში 2022 წლის 28 თებერვლიდან შევა.

შეღავათით სარგებლობა თიბისის ფილიალებსა და ინტერნეტბანკშია შესაძლებელი. საკომისიოს გარეშე გადარიცხვისთვის, მომხმარებლებმა შესაბამისი აღნიშვნა – (Sha) უნდა აირჩიონ.

თიბისიმ უკვე შექმნა ადგილობრივი საბანკო ანგარიშიც უკრაინის მოსახლეობის დასახმარებლად. თითოეულ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, ამ ანგარიშზე, ყოველგვარი ბარიერის გარეშე, მარტივად ჩარიცხოს თანხა და გახდეს ქველმოქმედების მონაწილე. თიბისიმ, თავის მხრივ, 200,000 ლარი გამოყო ფონდში გადასარიცხად. შეგროვილი თანხა ყოველდღიურად გადაირიცხება უკრაინის ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალურად გამოცხადებულ ანგარიშზე.

ლარის ანგარიშის ნომერი: #GE68TB7318736080100007

მიმღები: ააიპ თიბისელები

დოლარის და ევროს ანგარიშის ნომერი: #GE80TB7318736180100001

მიმღები: NNLE TIBISELEBI

1 დაღუპული, 31 მძიმედ დაჭრილი – მსხვერპლი ხარკოვზე ბოლო თავდასხმის შემდეგ

დღეს, 28 თებერვალს, ხარკოვის ბოლო დაბომბვის შემდეგ საავადმყოფოებში გადაყვანილია მძიმე დაჭრილი 15 სამხედრო და 16 სამოქალაქო პირი. გარდაცვლილია ერთი ქალი, სამოქალაქო პირი. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის საკრებულო ავრცელებს.

„სროლები ხარკოვში ცოტა ხნის წინ დასრულდა. შესაბამისად, დაჭრილთა რაოდენობა ზუსტდება და დღის ბოლომდე შეიძლება შეიცვალოს სტატისტიკა. გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობაც მოგვიანებით გახდება ცნობილი”, – წერია ქალაქ ხარკოვის საკრებულოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქალაქ ხარკოვის კლინიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის ცენტრსა და მრავალპროფილურ 25-ე საავადმყოფოში გადაყვანილია 44 დაჭრილი, მათ შორის, 20 სამხედრო პირი.

კლინიკაში გადაყვანილთაგან გარდაიცვალა 2 სამხედრო და 5 სამოქალაქო პირი.

რუსმა სამხედროებმა ქალაქ ხარკოვის საცხოვრებელი დასახლება გრადის ტიპის რაკეტებით დაბომბეს.

მე-5 დღეა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან – ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

________________

მთავარ ფოტოზე: ქალაქ ხარკოვის საავადმყოფო/ქალაქ ხარკოვის საკრებულოს ვებგვერდიდან

 

შვეიცარია ფინანასურ სანქციებს აკისრებს პუტინს და ლავროვს და EU-ს სანქციებს უერთდება

შვეიცარიის მთავრობის განაცხადებით, ქვეყანა შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. 

მთავრობის განცხადებით, საუბარია 23 და 25 თებერვალს დამტკიცებული სანქციების პაკეტებზე. 

შვეიცარიამ ასევე მიიღო ფინანსური სანქციები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის, პრემიერ-მინისტრის მიხაილ მიშუსტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის წინააღმდეგ, რომლებიც დაუყოვნებლივ ამოქმედდება.

შვეიცარიის იუსტიციის მინისტრის, კარინ კელერ-სატერის განცხადებით, შვეიცარიაში შესვლა აეკრძალა პუტინთან დაახლოებულ 5 ოლიგარქს, თუმცა მათი ვინაობა არ დასახელებულა.

შვეიცარიის მთავრობა ადასტურებს სოლიდარობას უკრაინელი  ხალხის მიმართ. ქვეყანა გაგზავნის ჰუმანიტარულ დახმარებას იმ უკრაინელებისთვის, რომელთაც პოლონეთში გამგზავრება მოუხდათ.

ამავდროულად, შვეიცარიამ გამოთქვა მზადყოფნა, იმოქმედოს როგორც შუამავალმა კონფლიქტის მოგვარების საქმეში.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკრაინაში მიფრინავს

ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც 2019 წელს ცხინვალში დააკავეს, უკრაინაში გაფრენას აპირებს.

ინფორმაცია ვაჟა გაფრინდაშვილმა „ბათუმელებს“ დაუდასტურა.

„ვიყავი ჩაწერილი საელჩოში წინასწარ, რომ თუ საჭირო იქნება, ვიქნები თქვენს გვერდით-მეთქი და დამიკავშირდა საელჩო.

18:00 საათზე უნდა ვიყო აეროპორტში. როდის გაფრინდება და სად გაფრინდება თვითმფრინავი ან ვისთან ერთად გავფრინდები, არაფერი არ ვიცი ჯერ. როგორც ექიმი ისე მივდივარ დასახმარებლად“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ვაჟა გაფრინდაშვილი.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში 2019 წელს დააკავეს, სადაც დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას საზღვრის უკანონო  გადაკვეთას ედავებოდნენ.

__

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ აქტიურად უტევს სხვადასხვა ქალაქს, მათ შორის, კიევს. უკრაინის შსს-ს ცნობით, რუსეთის დაწყებულ ომს უკვე ემსხვერპლა 350-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, 14 ბავშვი.

მოაწყვეთ სკოლაში კუთხეები რუსეთის დანაშაულის საჩვენებლად – უკრაინის თავდაცვა მასწავლებლებს

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან მეხუთე დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალები მოსახლეობას მოუწოდებს, როგორ მოიპოვონ იარაღი, როგორ დაეხმარონ უკრაინულ ჯარს და როგორ გაავრცელონ ინფორმაცია.

  • „გააგრძელეთ უკრაინული არმიის მხარდაჭერა სურსათით, ადგილზე წინააღმდეგობის გაწევით და ინფორმაციის გავრცელებით.
  • გაერთიანდით და დაეხმარეთ ერთმანეთს ოკუპანტების დაბომბვებისა და სხვა ტიპის ტერორისტული თავდასხმების შედეგების დაძლევაში.
  • გაავრცელეთ ჩვენი ოფიციალური გვერდიდან ინფორმაცია, მოუყევით რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაშაულების შესახებ ნაცნობებსა და ახლობლებს, როგორც რუსეთში, ასევე დასავლეთში.
  • ადგილობრივი ადმინისტრაციების თავმჯდომარეებისა და ტერიტორიული თავდაცვის ხელმძღვანელებისგან მიიღებთ დემორალიზებული მტრისთვის ჩამორთმეულ იარაღს, გამოიყენეთ ის ეროვნული წინააღმდეგობისთვის.
  • ისტორიკოსებო და მასწავლებლებო, განადგურებული ტექნიკის და მტრის საბრძოლო საშუალებების ნარჩენებისგან მოაწყვეთ ღია მუზეუმები და ინსტალაციები. მოაწყვეთ კუთხეები სკოლებში რუსეთის დანაშაულების სადემონსტრაციოდ.
  • ძმებო და დებო, ჩვენ უკვე ისტორიაში ვართ. უკრაინა ახლა მთელი მსოფლიოსთვის სიმტკიცის და გმირობის სიმბოლოა“ – წერია უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალურ განცხადებაში.

დღეს, 28 თებერვალს, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა კიევის მცხოვრებლებს ქალაქის დასატოვებლად უსაფრთხო დერეფანი შესთავაზა – ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული CNN-ი და რუსული მედია ავრცელებს.

უკრაინის ასობით მოქალაქე ავრცელებს ვიდეოკადრებს იმის შესახებ, რომ დედაქალაქის დაცვაში მონაწილეობას იღებს.

_______________

ფოტოზე: უკრაინა, კიევი. რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსი.

„ანონიმუსი“: რუსული პროპაგანდისტული მედიების ვებგვერდები დაჰაკულია

რუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო საშუალებების – TASS-ის, Izvestia-ს, Fontanka-ს, RBC-ისა და „კომერსანტის“ ვებგვერდები გატეხილია. ამის შესახებ ინფორმაციას ტვიტერზე „ანონიმუსი“ ავრცელებს.

ამ მომენტისთვის Fontanka-ს ვებგვერდი კვლავ მუშაობს, თუმცა შეფერხებით – “Fontanka-ს ვებსაიტი ბოლო საათებში პერიოდულად ექცევა მასიური კიბერშეტევებების ქვეშ, ამიტომ მასალებზე წვდომა შეიძლება გაძნელდეს” – წერს “Fontanka”.

ანონიმური ჰაკერული ჯგუფი “ანონიმუსი” უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ხელისუფლებისა და პროპაგანდის არხებს უტევს. შეტევა უკვე მიიტანეს კრემლის, რუსეთის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და სხვა უწყებების ვებგვერდებზე. ასევე, პროპაგანდისტული არხის, RT-ის ვებგვერდზეც.

ამავე თემაზე:

კრემლის საინფორმაციო სააგენტო TASS-ი „ანონიმუსმა“ გათიშა

კიევს ძლიერი სამხედრო კოლონა უახლოვდება, დიდი შეტაკებები იქნება – გადამდგარი გენერალი

„წინააღმდეგობა ვერ დათრგუნეს რუსებმა, ვერ გატეხეს უკრაინელები, ომიც ამიტომ გაგრძელდა ამდენ ხანს,“ – უკრაინაში მიმდინარე ომის დაკვირვების დროს გადამდგარ გენერალს, ვახტანგ კაპანაძეს „გრავიტაციის ძალა“ ახსენდება, რომლითაც სამხედრო მეთაურები ომის დროს თურმე ადგენენ როგორია არა ჯარისკაცების, არამედ მოქალაქეების წინააღმდეგობა მტრის იერიშის დროს.

გრავიტაციის ძალით გენერლები ერთგვარ პროგნოზს აკეთებენ, რა შეიძლება მოხდეს ბრძოლის ველზე.

გადამდგარი გენერლის აზრით, სწორედ უკრაინელების შემართება და ბრძოლისუნარიანობა ვერ გათვალა რუსეთმა, რომელიც უფრო პანიკას ელოდა. ვახტანგ კაპანაძე გადამდგარი გენერალ-მაიორია და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი. ის საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი იყო ორჯერ. ინტერვიუს დროს მას განსაკუთრებული ემოცია ეტყობა, როცა შენიშნავს, როგორ გაანადგურა უკრაინამ მითი რუსული არმიის უძლეველობის შესახებ.

  • ბატონო ვახტანგ, თქვენი დაკვირვების და გამოცდილების მიხედვით, როგორ ახერხებს უკრაინა ამ დრომდე რუსული არმიის შეჩერებას, რომელიც წინ ვერ მიდის? 

ჩანს, რომ თავდამსხმელის მხრიდან იყო აშკარად არასწორი გათვლები, არასწორი ოპერატიული ვარაუდები, არასწორი შეფასება მოწინააღმდეგის, ასევე საკუთარი შესაძლებლობების, ხოლო უკრაინის მხრიდან კარგად იყო მომზადებული სამხედრო თავდაცვა. ამ კუთხით უკრაინის ორგანიზება ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო. ყველაზე მთავარი აქ არის მოსახლეობის განწყობა წინააღმდეგობის გაწევის კუთხით. როგორც ყველა  ვხედავთ, მოსახლეობის წინააღმდეგობა არის ძალიან მაღალი, მოსახლეობა და ჯარი არის ერთსულოვანი.

  • რამდენად გაიზარდა უკრაინის თავდაცვისუნარიანობა მას შემდეგ, როცა რამდენიმე ქვეყანამ მას სამხედრო აღჭურვილობა გაუგზავნა? 

ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თავად განცხადებებს ამ დახმარების შესახებ. ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებების ასახვას სჭირდება გარკვეული დრო, ტრანსპორტირება, რეალიზება… ეს აისახება უახლოეს დღეებში.

  • რა შეიძლება მოხდეს ახლა, თქვენი მოლოდინი როგორია? 

ზელენსკის არ იყოს, არც მე მაქვს მოლაპარაკებებისგან დიდი მოლოდინი. ეს ალბათ იქნება უფრო ნიადაგის მოსინჯვა და არ იქნება კონკრეტული შედეგი. როგორც ვიცით, ნორმალურ ქვეყნებში, როცა ერთი ქვეყანა იწვევს მეორე ქვეყანას მოლაპარაკების მაგიდასთან, წყდება საომარი მოქმედებები, აქ პირიქით – ინტენსივობა გაიზარდა.

მნიშვნელოვანი და საკმაოდ ძლიერი ჯავშანტრანსპორტიორების კოლონა უკვე უახლოვდება კიევის მისადგომებს, როცა ჩვენ ამ ინტერვიუს ვწერთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან დიდი შეტაკებები იქნება. კიევის ზღუდეს თუ გაივლიან, მაშინ უკვე კიევთან იქნება უშუალოდ ბრძოლები.

გარდა ამისა, 11 სამხედრო ხომალდი გამოვიდა ყირიმიდან და მიემართება ოდესისკენ. ამ სადესანტო ხომალდების გადაყვანას დასჭირდება 20 საათი. არ ვიცი, სად იმყოფებიან ახლა ეს ხომალდები ზუსტად, მაგრამ დღის ბოლოს შეიძლება მივიდნენ კიდეც ოდესის ნაპირებამდე.

  • ანუ ამ ღამითაც გაგრძელდება თავდასხმა კიევზე? 

ღამე, როგორც ჩანს, რუსი სამხედროები ქალაქში ვერ ომობენ, მათ არა აქვთ ღამის სამიზნეები მასობრივი რაოდენობით, რომელიც საჭიროა, მით უმეტეს, უცხო ქალაქში საბრძოლველად. თუ დააკვირდებით, არც ერთ დიდ ქალაქში რუსი სამხედროები ღამით არ შესულან. ცხადია, დაბომბვებს არ ვგულისხმობ. შესაძლოა, აღჭურვეს კიდეც რუსული არმიის დანაყოფები ღამით ბრძოლისთვის, რაც ძალიან მეეჭვება, მაგრამ აუცილებლად იქნება დაბომბვის გაგრძელება, საჰაერო დარტყმებიც გაგრძელდება, ასევე საჰაერო თავდასხმა, ჩემი ვარაუდით, გამთენიისას დაიწყება ალბათ სახმელეთო ოპერაციები.

საფრთხე, რა თქმა უნდა, არის, რომ კიევი აიღონ, მაგრამ ვფიქრობ, კიევის აღება და მისი გაკონტროლება სხვადასხვა რამეა. ყოველ შემთხვევაში, ბრძოლები იქნება და უკრაინა მზად არის, ამას დახვდეს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინა გაუძლებს ამას.

  • კიდევ რაზეა დამოკიდებული უკრაინის წარმატება გარდა იმისა, რასაც ვხედავთ – აქტიურ წინააღმდეგობას და იმას, რომ რუსულმა არმიამ უპირატესობა ვერ მოიპოვა, მისი აღჭურვილობის თუ ადამიანური რესურსის სიმრავლის მიუხედავად. 

ვფიქრობ, უკრაინის წარმატება დამოკიდებულია როგორც სამხედრო რესურსზე, ასევე მსოფლიოს თანადგომაზე, ასევე იმაზე, რამდენად წარმატებული იქნება რუსული შეტევა უკრაინაში. ამ ეტაპზე ამით განისაზღვრება მოლაპარაკების მიმართულება, ობიექტები და შესაძლებლობა, რაზე შეიძლება დათანხმდე, რას შეიძლება არ დათანხმდე.

რაღაც უპირატესობები გამოიკვეთა რუსული არმიის მხრიდან, მაგრამ საბოლოო ჯამში ის, რაც იყო ჩადებული, რომ ომის დაწყებიდან ორ დღეში უკრაინას კაპიტულაციისთვის უნდა მოეწერა ხელი, არ გამოვიდა. არც ომი დასრულდა. რუსულმა არმიამ უპირატესობა ძირითადად მოიპოვა აღმოსავლეთ მიმართულებაზე, ანუ დონეცკი-ლუგანსკი, სამხრეთით კი, ქერჩთან არიან, მარიუპოლს უტევენ, მძიმედაა მარიუპოლი, მაგრამ მარიუპოლის დაკარგვა არ ნიშნავს ომის წაგებას. თვით კიევის დაკარგვაც არ ნიშნავს ომის წაგებას, არსებობს ლვოვის და კარპატის მხარე, რომელიც მასობრივად ჯერ არ ჩართულა ბრძოლაში. რუსეთს, ასე ვთქვათ, გარდატეხა არ შეუტანია არც ერთ მიმართულებაზე.

თუ აკვირდებით, ასევე, ჩანს, რომ რუსეთს ძალიან უჭირს მომარაგების საკითხები, ლოჯისტიკური პრობლემები აქვთ, რასაც უკრაინელები წარმატებით იყენებენ. ვხედავთ ხომ, როგორ ტოვებენ რუსი სამხედროები ახალ, დაუზიანებელ ტანკებს და ჯავშანტექნიკას.

  • რა ტიპისაა რუსული არმია დღეს? 

რუსულ არმიაში, რადგანაც დიდია, არის პროფესიული ნაწილი, რაზეც ცნობილი რეფორმების დროს დაიწყეს მუშაობა, რომ გაეზარდათ კონტრაქტორების რიცხვი. უკვე 2015 წლისთვის რუსეთში კონტრაქტორების რაოდენობა აღემატებოდა წვევამდელთა რაოდენობას. პროფესიული ჯარისკაციც არ ნიშნავს იმას, რომ იგი მაღალი დისციპლინით გამოირჩევა, მაგრამ ეს პროფესიული დანაყოფებიც ჩართული არიან ამ ბრძოლაში, ან განადგურებულია. შესაბამისად, შემოჰყავთ აქტიურად რეზერვებიდან ახალწვეულები. როგორც უყურებთ, ამ ტყვეების მიერ გავრცელებული ვიდეოებიდან ჩანს, რომ ახალწვეულები არიან.

  • რა ჩანს ამ ომიდან რუსულ ჯარზე და უკრაინელების წინააღმდეგობაზე? რა ძალა შეიძლება ჰქონდეს ამ შემართებას? 

გამოჩნდა, რომ რუსეთს არ აქვს ის რესურსი, რა წარმოდგენაც არსებობდა აქამდე და ყოველდღე წამდაუწუმ გვეუბნებოდნენ, ძლევამოსილია რუსული ჯარიო, აბა, ვინ მოერევა რუსეთსო. აი, აჩვენა ხალხმა, ვინც ერევა. თუ ხალხს სურვილი აქვს ბრძოლის, ის ხალხი იბრძვის.

რაც შეეხება უკრაინელებს – მათ უზომოდ უყვართ სამშობლო და უშიშრები არიან. გამოჩნდა ისიც, რომ უკრაინელებს განსაკუთრებით კარგად შეუძლიათ ორგანიზება და არ ექვემდებარებიან პანიკას. ისინი იბრძვიან იმ სულისკვეთებით, რომ იბრძვიან საკუთარი სახლებისა და სამშობლოსთვის. მე ამის თეთრი შურით მშურს.

ამ შემართებას აქვს უდიდესი ძალა. ზოგადად, რუსები ნაკლებად იყენებენ, მაგრამ სამხედრო მეცნიერებაში არის ასეთი ტერმინი: „გრავიტაციის ცენტრი“. სტრატეგიის დონეზე ამ „გრავიტაციის ცენტრით“ ადგენენ ხალხის წინააღმდეგობის ნებას.  სწორედ ეს წინააღმდეგობა ვერ დათრგუნეს რუსებმა, ვერ გატეხეს უკრაინელები, ომიც ამიტომ გაგრძელდა ამდენ ხანს, თორემ ხალხი რომ დანებებოდა, ომი დამთავრებულიც იქნებოდა ისე, როგორც ამას გეგმავდა რუსეთი. რუსებმა პანიკის და დანებების ნაცვლად მიიღეს ბრძოლა და ეს ბრძოლა, ვფიქრობ, კიდევ უფრო გაძლიერდება.

  • რამდენად ცვლის დღევანდელ მოცემულობას ბირთვული იარაღი, რომლის არსებობაზეც ღიად მიანიშნა პუტინმა რამდენიმე დღის წინ? 

ჩემი აზრით, პუტინის ეს განცხადება გამიზნული იყო პოლიტიკური მოლაპარაკებებისთვის და მისი ადრესატი უფრო იყო დასავლეთი, ზოგადად, მსოფლიო და არა კონკრეტულად უკრაინა. პუტინი ცდილობს სამყაროს დაანახოს, რომ შემდეგ მათ უკრაინა დაარწმუნონ და წამოვიდეს მოლაპარაკებაზე. პუტინი გალახული ძველი ბიჭივით მიდის ქურდულ გარჩევაზე და თან ცალი ხელით პისტოლეტს ატრიალებს ხელში.

რუსეთზე ვერასდროს იტყვი ვერასოდეს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ბირთვული იარაღის გამოყენებას ორი მხარე აქვს: ნატოს გაცილებით ძლიერი ბირთვული პოტენციალი აქვს, ვიდრე რუსეთს. ამით საერთოდ დაიღუპავს თავს რუსეთი. ეს არის უფრო ბოტოქსიანი მოხუცის კუნთების ჩვენება შესაშინებლად.

კრემლის საინფორმაციო სააგენტო TASS-ი „ანონიმუსმა“ გათიშა

რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს TASS-ის (Информационное агентство России „ТАСС“) ვებგვერდი გათიშულია, გათიშვამდე რამდენიმე წუთით ადრე საიტზე გამოჩნდა შემდეგი ტექსტი:

„ძვირფასო მოქალაქეებო. მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ ეს სიგიჟე, ნუ გაგზავნით თქვენს შვილებს და ქმრებს სასიკვდილოდ. პუტინი გვატყუებს და საფრთხეში გვაყენებს. მოგვწყვიტეს მთელ მსოფლიოს, ნავთობისა და გაზის ყიდვა შეწყვიტეს. რამდენიმე წელიწადში ჩვენ ვიცხოვრებთ ისე, როგორც ჩრდილოეთ კორეაში. რად გვინდა ჩვენ ეს? რომ პუტინი სკოლის სახელმძღვანელოებში მოხვდეს? ეს ჩვენი ომი არ არის, შევაჩეროთ ის!

უკრაინაში 4 დღეში მოკლულია 5300 რუსი ჯარისკაცი, მეტი ვიდრე ჩეჩნეთის პირველ ომში (1994-1996)

ამ შეტყობინებას წაშლიან, ზოგიერთ ჩვენგანს სამსახურიდან გაათავისუფლებენ ან შეიძლება ციხეშიც ჩაგვსვან. მაგრამ ჩვენ აღარ შეგვიძლია ამის ატანა.

რუსეთის არაგულგრილი ჟურნალისტები”.

განცხადების ქვეშ ჩანდა ანონიმუსის ლოგო.

ამჟამად ვებგვერდი კვლავ დაბლოკილია, თუმცა შეტყობინება აღარ იკითხება.

ИТАР-ТАСС-ი კრემლის მთავარი საინფორმაციო სააგენტოა.

უვადო იმუნიტეტი და კვლავ პრეზიდენტობის უფლება – ლუკაშენკოს რეფერენდუმის შედეგები

27 თებერვალს, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ბელარუსის რესპუბლიკაში რეფერენდუმი გაიმართა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის.

რეფერენდუმის ოფიციალური შედეგები უკვე ცნობილია. მედიის ცნობით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი მოსახლეობის 65-ზე მეტმა პროცენტმა დაუჭირა, 10 პროცენტი კი წინააღმდეგი იყო.

ეს ნიშნავს, რომ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები ბელარუსის ამჟამინდელ პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს. მას ასევე მიენიჭება უვადო იმუნიტეტი სისხლისსამართლებრივი დევნისგან, თუკი იგი ქვეყნის მმართველი აღარ იქნება.

საკონსტიტუციო ცვლილებები, ასევე, საშუალებას აძლევს ბელარუსს, უარი თქვას ბირთვული იარაღისგან თავისუფალ სტატუსზე და უვადოდ განათავსოს რუსული ჯარები მის ტერიტორიაზე.

ბელარუსმა ბირთვული იარაღი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დათმო, თუმცა, ცვლილებების ძალით, შესაძლოა, ეს რეალობა შეიცვალოს. პროცესი ყურადღებას იქცევს ლუკაშენკოსა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განსაკუთრებული დაახლოების ფონზე.

„როიტერსის“ ცნობით, დასავლეთის ქვეყნები რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებენ.

2021 წელს ბელარუსმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივაში მონაწილეობა შეაჩერა.

67 წლის ლუკაშენკო უკვე 28 წელია ბელარუსის პრეზიდენტია. იგი ქვეყანას 1994 წლიდან მართავს.

ევროკავშირმა არ აღიარა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომლის გამარჯვებულად კვლავ ლუკაშენკო გამოცხადდა.  ბელარუსის მმართველისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები დაწესდა ქვეყანაში სამოქალაქო მოძრაობის სასტიკი ჩახშობის გამო.

ბოლო წლების განმავლობაში ბელარუსში ათასობით სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს, რომლებიც ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ბელარუსი ოპოზიციის ლიდერები ციხეში ჩასვეს და ათასობით მოქალაქემ დატოვა ქვეყანა პოლიტიკური ზეწოლის მიზეზით.  

გუშინ, 27 თებერვალს, რეფერენდუმის ფონზე ბელარუსში, საარჩევნო უბნებთან მოქალაქეებმა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმა გააპროტესტეს. აქციებზე, სხვადასხვა ცნობით, 400-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს.

სად აგროვებენ ჰუმანიტარულ დახმარებას ბათუმში უკრაინელებისთვის

უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მოქალაქეები საკვებ და სამედიცინო პროდუქტებს აგროვებენ.

ამ დროისთვის ბათუმში სამ მისამართზე შეგიძლიათ მიიტანოთ სხვადასხვა სახის ნივთი, რომლესაც უკრაინელებს ქართველი ხალხის სახელით გაუგზავნიან.

ეს მისამართებია:

  • ფარნავაზ მეფის #46 (გამსახურდიას კვეთა/„ლელოს“ ოფისი)
  • ვახტანგ გორგასლის #54 (ენმ-ს ოფისი)
  • ვახტანგ გორგასლის #153 (რესტორანი „აჯიკა“)

ძირითადად გროვდება არამალფუჭებადი საკვები, ასევე ტკბილეული, მათ შორის, „ჩურჩხელები“, შოკოლადი, კონსერვირებული პროდუქტი [ალუმინის ქილებში], წყალი და სხვა არამალფუჭებადი პროდუქტი.

ასევე, შეგიძლიათ მიიტანოთ პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთები – კბილის პასტა, საპონი, შამპუნი, პირსახოცები, თეთრეული, ჰიგიენური საშუალებები, ელემენტები, ფანრები, სანთლები და სხვა.

ასევე, პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო მედიკამენტები და სხვა აუცილებელი ნივთები. მათ შორის, ანტისეპტიკური საშუალებები, სპირტი, გადასხმის სისტემა, პირბადეები, ჭრილობის შესახვევი მასალები და სხვა.

ბათუმში ომში მყოფი უკრაინელებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებენ.
ჰუმანიტარულ დახმარებას როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე უკრაინიდან და ბელარუსიიდან დევნილი მოქალაქეები აგროვებენ. ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

შეგროვებული დახმარება დაილუქება და გაიგზავნება უკრაინაში.

24 თებერვალს რუსეთი თავს დაესხა უკრაინას. ინტენსიური საომარი მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. რუსეთი ბომბავს კიევს და უკრაინის სხვა ქალაქებს.

________________________

ამავე თემაზე:

ჯანმო: უკრაინაში სამედიცინო ჟანგბადის მარაგი იწურება

 

„შენ სამშობლოს ღალატში იღებ ახლა ხელფასს, გაიგე?“ – ენმ-ის დეპუტატი “ოცნების” დეპუტატს

„შენ სამშობლოს ღალატში იღებ ახლა ხელფასს, გაიგე?“ – ამ სიტყვებით უმაღლესი საბჭოს წევრმა, ენმ-იდან ელგუჯა ბაგრატიონმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“, ტიტე აროშიძეს მიმართა.

დაპირისპირება აჭარის უმაღლეს საბჭოში უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის მიღების საკითხს მოჰყვა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები, რომლებმაც რეზოლუცია 24 თებერვალს დაარეგისტრირეს, ითხოვდნენ, რომ უმაღლეს საბჭოს დღეს, 28 თებერვალს, გაეტანა ბიუროს სხდომაზე რეზოლუციის საკითხი. უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, მათ სამართლიან მოთხოვნას მმართველი პარტიის დეპუტატებმა ბრალდებებით უპასუხეს – თითქოს ისინი უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხს პირადი მიზნებისთვის იყენებენ.

TV 25-ის მიერ გავრცელებულ ფეისბუქლაივში ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც ელგუჯა ბაგრატიონმა ტიტე აროშიძე ღალატში დაადანაშაულა, აროშიძემ ელგუჯა ბაგრატიონისთვის ხელის დარტყმა სცადა, თუმცა ის უმაღლესი საბჭოს სხვა წევრებმა გააჩერეს.

ჩხუბი უმაღლეს საბჭოში, სქრინი TV 25-ის ფეისბუქლაივიდან

თუმცა ინციდენტი ამით არ ამოწურულა. ელგუჯა ბაგრატიონმა აჭარის უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ დეპუტატებს პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებებზე პასუხის გაცემა მოსთხოვა.

„როცა ხელისუფლებას მხარს უჭერ, შენმა პრემიერმა რა განცხადებებიც გააკეთა, როცა შენ არ დგახარ ხალხის გვერდით, როცა რუსეთის, პუტინის გვერდით დგახარ, რა თქმა უნდა, ხარ [სამშობლოს მოღალატე]. როცა მთელი ცივილიზებული სამყარო გვერდში უდგას უკრაინას, ყველა ღებულობს მონაწილეობას, პუტინის წინააღმდეგ სანქციები იქნება თუ სხვა რამ, თქვენ არ აკეთებთ არაფერს. ეს ღალატი არაა?“ – ჰკითხა ელგუჯა ბაგრატიონმა დეპუტატებს.

ბაგრატიონის ამ კითხვებზე „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი, დავით ბაციკაძე გაღიზიანდა.

„ჩემსა და შენს შორის მოღალატის დედას შე…..ი, გეიგე?“ – უთხრა ელგუჯა ბაგრატიონს დავით ბაციკაძემ.

„დავი, დავი“, – უთხრა პასუხად ელგუჯა ბაგრატიონმა.

მოგვიანებით ბიუროს ოთახში ბათუმის საკრებულოს წევრი, რეზო ხარაზიც შევიდა. კამათის დროს მან „ქართული ოცნების“ დეპუტატს დავით ბაციკაძეს უთხრა, რომ „ამიერიდან პატივისცემით აღარ დაელაპარაკება“.

„შენ თუ არ გაგაჯ…..ნო კაცი არ ვიყო,“ – უთხრა მას რეზო ხარაზმა.

ეს სიტყვები კიდევ ერთი დაპირისპირების საბაბი გახდა. დავით ბაციკაძე ცდილობდა ხელი დაერტყა რეზო ხარაზისთვის, თუმცა მას უმაღლესი საბჭოს დეპუტატები აკავებდნენ.

მომხდარ ინციდენტზე განმარტება გააკეთა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ. მისი თქმით, რეზოლუციის მიღებას პროცედურები სჭირდება. ამასთან, ის სოლიდარულია უკრაინელი ხალხის მიმართ.

„მე არაერთხელ გამოვხატე, მათ შორის, პირველივე დღეებში. ჩვენ სოლიდარულები ვართ უკრაინელი ხალხის. აქედან გამომდინარე, იმის დახატვა, რომ ვიღაცა არის ბნელ მხარეს, ვიღაცა არის ნათელ მხარეს და ვამტკიცოთ ვინ უფრო მართალია, არ არის… ჩვენ რეალურად ვერ ვაცნობიერებთ რა ხდება ჩვენ ირგვლივ,“ – თქვა დავით გაბაიძემ.

კითხვაზე, ეთანხმება თუ არა სანქციებს, დავით გაბაიძემ თქვა, რომ „ზედმეტად აჟიტირებულია ეს თემა“.

უკრაინაში ომი 24 თებერვალს დაიწყო. ამ დრომდე [28 თებერვალი] აჭარის უმაღლეს საბჭოს ვებგვერდსა და ფეისბუქგვერდზე არანაირი განცხადება არ გამოქვეყნებულა, რომლითაც ან ომს დაგმობდნენ, ან უკრაინას და უკრაინელ ხალხს სოლიდარობას გამოუცხადებდნენ.

დღეს, 28 თებერვალს, გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ოპოზიციის მიმართ თქვა, რომ მათ უკრაინაში ომი უხარიათ.

მან ასევე ვრცლად ისაუბრა 2008 წლის ომზე და თქვა, რომ მაშინ ხელისუფლების წევრები საქართველოდან გაიქცნენ.

რუსი გენერალი ამბობს, რომ კიევის მცხოვრებლებს უსაფრთხო დერეფანს სთავაზობენ

რუსეთი კიევის მცხოვრებლებს ქალაქის დასატოვებლად უსაფრთხო დერეფანს სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული CNN-ი და რუსული მედია ავრცელებს.

უკრაინის დედაქალაქში მცხოვრებ ნებისმიერ სამოქალაქო პირს შეუძლია კიევი-ვასილკოვის გზატკეცილის მეშვეობით დატოვოს კიევი, აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალ-მაიორი იგორ კანაშენკო.

“მივმართავთ კიევის მოსახლეობას. ქალაქის ყველა სამოქალაქო პირს შეუძლია თავისუფლად დატოვოს უკრაინის დედაქალაქი კიევი-ვასილკოვის (ვასილკოვი) გზატკეცილის გასწვრივ. ეს მარშრუტი ღია და უსაფრთხოა”, – განაცხადა  რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, გენერალ-მაიორმა, იგორ კონაშენკოვმა.

იგორ კონაშენკოვი თავის განცხადებაში ასევე ამტკიცებს, რომ რუსული სამხედრო ძალები სამოქალაქო პირებსა და ობიექტებს არ ესხმიან თავს:

“კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ესხმიან თავს. მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება”.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის შეჭრას უკრაინაში ამ დრომდე, სულ მცირე, 352 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, მათ შორის, 14 ბავშვია. უკრაინის ხელისუფლება რუსულ ძალებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, მათ შორის, საავადმყოფოების, საცხოვრებელი კორპუსების, საბავშვო ბაღებისა და სკოლების შენობებზე თავდასხმაში ადანაშაულებს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში უჩივის.

CNN-ი აცხადებს, რომ მისმა ჟურნალისტებმა კიევის ტერიტორიაზე საკუთარი თვალით ნახეს უკრაინელი სამოქალაქო მოხალისეები – პარლამენტის წევრებიც კი, რომლებიც იარაღს იღებენ და ემზადებიან დედაქალაქის დასაცავად.

უკრაინის ასობით მოქალაქე ავრცელებს ვიდეოკადრებს იმის შესახებ, რომ დედაქალაქის დაცვაში მონაწილეობას იღებს.

არავინ გთხოვს ზელენსკი გახდე, უბრალოდ გაჩუმდი, თავს ნუ გვჭრი – სახალხო დამცველი ღარიბაშვილს

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, ფეისბუქზე ეხმიანება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას.

„ირაკლი, ჩვენც ხალხურად აგიხსნით, არავინ გთხოვს ზელენსკი გახდე, უბრალოდ გაჩუმდი! თავს ნუ გვჭრი! სანქციები მუშაობს და ვაქცინაც!“ – წერს ნინო ლომჯარია ფეისბუქზე.

მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე წუთში მის საპასუხოდ მისი გადადგომის მოთხოვნით აქცია დაიგეგმა. აქცია დღეს, 28 თებერვალს, 7 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართება.

როგორც აქციის ორგანიზატორი, „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, „ირაკლი ღარიბაშვილი რუსული გემის მიმართულებით არის წასაბრძანებელი“.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გამართულ პირველ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნახევარსაათიანი განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკას დაუთმო.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ღარიბაშვილის კრიტიკა შეეხო დასავლელ პარტნიორებსაც. მისი თქმით, უკრაინის დედაქალაქი იბომბება, რისი შემჩერებელიც არავინაა და დასავლეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ არაეფექტურია.

ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ თუ საქართველო დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდება, შემოსავალი საქართველოს მოსახლეობას მოაკლდება. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

ღარიბაშვილმა ჩამოთვალა შემოსავლები, რომელთაც, მისი თქმით, საქართველო იღებს რუსეთის ბაზრიდან, რუსეთში მცხოვრები ქართველებისგან და რუსეთთან დაკავშირებული სხვა წყაროებიდან.

ჯანმო: უკრაინაში სამედიცინო ჟანგბადის მარაგი იწურება

უკრაინაში იწურება სამედიცინო ჟანგბადის მარაგი, რომელიც აუცილებელია მძიმე პაციენტებისთვის. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 27 თებერვალს, კვირას, სპეციალური განცხადება გაავრცელა.

„უკრაინაში სამედიცინო ჟანგბადის ხელმისაწვდომობა ძალიან საშიშ წერტილს უახლოვდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, დედაქალაქ კიევში, სატვირთო მანქანებს არ შეუძლიათ ჟანგბადის გადატანა ქარხნებიდან საავადმყოფოებში. საავადმყოფოების უმრავლესობაში ჟანგბადის მარაგები შესაძლოა 24 საათში ამოიწუროს. ზოგიერთ სტაციონარში ჟანგბადი უკვე ამოიწურა. ეს საფრთხეს უქმნის ათასობით ადამიანის სიცოცხლეს”  – იუწყება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

ჯანმოს ცნობით, უკრაინაში სამედიცინო ჟანგბადის გენერატორების ზოგიერთ მწარმოებელს აქვს ქიმიური ნივთიერების ნაკლებობა, რაც საჭიროა უსაფრთხო სამედიცინო ჟანგბადისთვის, ამიტომ, აუცილებელია ამ ქიმიური ნივთიერების უსაფრთხო მიწოდება ქარხნებში უცხოეთიდან. 

პაციენტებისთვის რისკი იზრდება იმითაც, რომ სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი სამედიცინო სერვისების მიწოდებას აფერხებს ელექტროენერგიის გათიშვა და, ასევე, რისკი, რომ პაციენტების გადამყვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები მოყვებიან ცეცხლქვეშ.

“უკრაინაში კრიზისის დროს ჯანდაცვის სისტემები და ჯანდაცვის დაწესებულებები უნდა იყოს დაცული, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ყველასთვის, ხოლო ჯანდაცვის მუშაკები დაცული უნდა იყვნენ, რათა შეეძლოთ სიცოცხლის გადარჩენა.“ – წერს ჯანმო.

ჯანმო ეხმარება უკრაინის ჯანდაცვას ქვეყანაში ჟანგბადის მომარაგების მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნის იდენტიფიცირებაში – ვარაუდობენ, რომ საჭირო იქნება 20- 25%-ით მეტი მოცულობის ჟანგბადი, ვიდრე ეს გასულ კვირას, კრიზისის ესკალაციამდე იყო საჭირო.

ჯანმომ განაცხადა, რომ შეეცდება მარაგების მოცულობის გაზრდას, რაც, დიდი ალბათობით, გულისხმობს რეგიონული ქსელის ქვეყნებიდან ჟანგბადის (თხევადი და ბალონის) იმპორტირებას. თუმცა ამ მარაგებს დასჭირდება უსაფრთხო ტრანზიტი.

უკრაინაში 600 სამედიცინო დაწესებულებაა. გავრცელებული ცნობებით უკრაინაში, საომარი მოქმედებების დროს, რუსეთის მიერ იბომბება კლინიკებიც.


ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/Darek Delmanowicz

სილქნეტი – ყველაზე სწრაფი მობილური ინტერნეტ პროვაიდერი ბაკურიანში

თებერვლის თვეში, საქართველოს  კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ბაკურიანში მობილური კომუნიკაციების ხარისხის კვლევა ჩაატარა. ტესტირებაში მონაწილეობა საქართველოს ყველა მოქმედმა მობილურმა ოპერატორმა მიიღო. ბაკურიანში ჩატარებულ კვლევაში სილქნეტის უპირატესობა როგორც ინტერნეტის სიჩქარის ხარისხის, ასევე მონაცემთა გადაცემის (ფაილების ატვირთვა /ჩამოტვირთვის) კუთხით დაფიქსირდა .  

მაშინ როცა ბაკურიანის აქტიურ სეზონს  ევროპის და მსოფლიო თასის ეტაპები კიდევ უფრო ხალხმრავალს ხდის, კომპანიამ ინტერნეტის სიჩქარე/დაფარვა კურორტზე კიდევ უფრო გააუმჯობესა, რაც კვლევებშიც გამოვლინდა.  

ათობით მილიონი დოლარის ინვესტირებით, მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან თანამშრომლობითა და პარტნიორობით, სილქნეტმა უახლესი ტექნოლოგია გიგაბიტ LTE (ყველაზე სწრაფი ინტერნეტი)  დანერგა.  ქსელის მასშტაბური მოდერნიზაცია დასავლეთ საქართველოში „ჰუავეისთან“ და აღმოსავლეთ საქართველოში „ერიქსონთან“ ერთად განხორციელდა. 

ყოველწლიურად, ციფრული სერვისების მიმართ სულ უფრო მომთხოვნ მომხმარებელს, სილქნეტი  მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის ზრდით პასუხობს. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ქსელის დაფარვის ზრდას და ხარისხის გაუმჯობესებას მუდმივად ახორციელებს.

სილქნეტის მოდერნიზებულმა ქსელმა და საიმედო ინტერნეტ კავშირმა, დანერგვიდან ძალიან მალე, ამერიკული კომპანიის უმაღლესი ჯილდოც OOKLA® Speedtest Awards დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ მარტის ჩათვლით გიგაბიტ LTE-ის პროექტი გრძელდება და მალე სილქნეტი უახლესი ტექნოლოგიით თბილისსა და რეგიონებს სრულად დაფარავს.

უკვე მეორე წელია სილქნეტის მობილური ქსელი, საქართველოს ყველა კუთხეში საიმედო და ყველაზე სწრაფია. სილქნეტის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის პირობებში საქართველოს ნებისმიერ წერტილში, მომხმარებელს თავისუფლად შეუძლია ჰქონდეს წვდომა უწყვეტ, მაღალხარისხიან ინტერნეტზე. 

უკრაინიდან სისხლის კომპონენტებზე მოთხოვნა ამ ეტაპზე არ გვაქვს – სისხლის ბანკი

დაჭრილი უკრაინელი მეომრებისა და სამოქალაქო პირების დასახმარებლად სისხლის დონაციის სურვილი საქართველოს არაერთმა მოქალაქემ გამოთქვა. თუმცა როგორც ბათუმში, სისხლის ბანკში გვითხრეს, ამ ეტაპზე საქართველოდან სისხლის გატანის საჭიროება არ არის.

აჭარაში სისხლის ბანკის ხელმძღვანელი, მთავარი ექიმ-ტრანსფუზიოლოგი ბეჟან ბერიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ამ ეტაპზე უკრაინისგან სისხლის კომპონენტებზე მოთხოვნა არ არის.

„ჩვენ გვაქვს ინტენსიური კონტაქტი უკრაინასთან და ამ ეტაპზე. როგორც ვიცით, სისხლის კომპონენტი არ სჭირდებათ, საკმარისი მარაგი აქვთ. ამიტომ ამ ეტაპზე თვითონ არ ისურვეს დახმარება,“ – ამბობს ბეჟან ბერიძე.

მისი თქმით, უკრაინისთვის სისხლის დონაციას ინდივიდუალურად ვერავინ შეძლებს, რადგან ქვეყნიდან სისხლის გატანა საკანონმდებლო დონეზეა აკრძალული.

„ეს ყველა შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური ნებართვით უნდა მოხდეს. გუშინ ველაპარაკე მინისტრის მოადგილეს თამარ გაბუნიას, საქმის კურსში არიან და ემზადებიან ამისთვის. თუ საჭირო გახდება, სამინისტრო აუცილებლად გასცემს,“ – ამბობს ბეჟან ბერიძე.

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. ინტენსიური საომარი მოქმედებები გრძელდება. რუსეთი ბომბავს კიევს და უკრაინის სხვა ქალაქებს.

5300 ადამიანი, 191 ტანკი, 816 ჯავშანტექნიკა – უკრაინა რუსული ჯარის დანაკარგებს აქვეყნებს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე  ანა მალიარი, „მტრის მთლიან სავარაუდო დანაკარგების“ შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. მისი განცხადებით, რუსეთის არმიამ ომის დაწყებიდან დაახლოებით 5300 ადამიანი დაკარგა უკრაინაში [ეს ციფრი ჯერ კიდევ ზუსტდება]. მალიარის თანახმად, ეს დანაკარგები დათვლილია 24 თებერვლიდან 28 თებერვლის დილამდე.

დანაკარგების სია ასე გამოიყურება:

  • თვითმფრინავი – 29
  • ვერტმფრენი  -29
  • ტანკი – 191
  • ჯავშანტექნიკა – 816
  • ქვემეხი – 74
  • SAM BEECH – 1
  • გრადი – 21
  • ავტომობილი – 291
  • ბენზინმზიდი – 60
  • UAV OTR – 3
  • გემი / ნავი – 2
  • საჰაერო თავდაცვის საშუალებები – 5
  • ადამიანური დანაკარგი – დაახლოებით 5300 (დაზუსტებული)

პოსტის ბოლოს უკრაინის თავდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ რიცხვები მიახლოებითია და აქტიური საბრძოლო მოქმედებების პირობებში საკმაოდ რთულია დანაკარგების აღრიცხვა. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ამის შესაძლებლობა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ბრძოლა მთავრდება.

___

მთავარი ფოტო: უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული პოსტერი

რადიკალურ ოპოზიციას უკრაინაში ომი უხარია, ჩვენ ვაკეთებთ შესაძლებლობის მაქსიმუმს – ღარიბაშვილი

დღეს, 28 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე გააკეთა განცხადება. მისი თქმით, მიუღებელია ის, რაც ხდება უკრაინაში.

„რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია უკრაინაში შეჭრა და სამხედრო მოქმედებები და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. ამის თაობაზე გვქონდა უკრაინელ კოლეგებთან კომუნიკაცია და გამოვუცხადეთ მხარდაჭერა პოლიტიკურ დონეზე.

ასევე, 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი ჩავიდა პოლონეთში, რომელიც მიეწოდა უკრაინას. უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან და ვერ დაბრუნდნენ უკან ომის გამო, მათ უფასოდ მიეწოდებათ ყველა სერვისი“, – ამბობს ღარიბაშვილი.

ის ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ ეუთოს თუ გაეროს ფორმატში, ყველგან მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის მიმართ.

ყველა დონეზე, ყველა საჭირო ფორმატში, გვქონდა ჩვენ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.

„ჩვენ ხაზგასმით გამოვხატეთ ჩვენი სოლიდარობა ჩვენი უკრაინელი ძმების და დების მიმართ“, – ამბობს ღარიბაშვილი. ის ქართულ ოპოზიციასაც შეეხო და განაცხადა, რომ ოპოზიციას უკრაინის ომი ახარებს.

„ბოლო დღეების განმავლობაში მარგინალური ოპოზიცია ცდილობს ჩვენი მოქალაქეების კეთილშობილურ გრძნობებზე თამაშს, მათ გამოყენებას, მანიპულირებას და შეცდომაში შეყვანას. ჩვენი ხელისუფლება ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ გამოხვატოთ მაქსიმალური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ის, რაც ხდება უკრაინაში, ჩვენ გამოვცადეთ 2008 წელს. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას უხარია უკრაინაში ომი და ყველა უბედურებაში საკუთარ ანგარებას და ინტერესს ეძებენ. უნდა ითქვას პირდაპირ — მათი მიზანია განმეორდეს ის უბედურება, რომელიც 2008 წელს ვერ აარიდეს ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

მან ვრცლად ისაუბრა 2008 წლის ომზე და თქვა, რომ მაშინდელი ხელისუფლების წევრები საქაღთველოდან გაიქცნენ.

ჩვენ გვახსოვს, როგორ მოიქცა მაშინ ჩვენი მთავარსარდალი და როგორ აჩვენა მსოფლიოს მხდალი სახე, ჰალსტუხების ჭამით და მიწაზე ფორთხვით. მაშინ იომა ჩვენმა გმირულმა ჯარმა, მაგრამ კარგად გვახსოვს გაქცეული მთავარსარდალი, მთავრობის წევრები, პარლამენტარები, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს და შემდეგ დაბრუნდნენ. და დღეს მტერი გვიკიჟინებს, რომ თურმე ჩავერთოთ ომში და სანქციები დავუწესოთ რუსეთს, ომში მივიღოთ მონაწილეობა უკრაინაში.

ჩვენს მოსახლეობას მინდა შევახსენო, რომ თუმცა დარწმუნებული ვარ, კარგად აქვთ გააზრებული რისკები, რაც არსებობს, რომ დღეს ევროპაში მიმდინარეობს ომი და უკრაინის დედალაქი იბომბება და ამის შემჩერებელი, შეიძლება ვთქვათ, რომ არავინ არ არის.

სანქციები არ არის ეფექტური საშუალება. ამ სიტუაციაში ყოველგვარი ემოცია, ყოველგვარი გაუთვლელი ნაბიჯები, გაუთვლელი სიტყვა, ქმედება არის ძალიან დიდი რისკის შემცველი და ჩვენ, როგორც ხელისუფალი, რომელიც პასუხისმგებელი ვართ როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაზე, გავაკეთებთ იმას, რაც არ შეეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერებს, მიუხედავად ოპოზიციის ნარატივისა, რომლითაც ისინი სპეკულირებენ.“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

___

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 25 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინაში „ჩასვლა  არაფრის მომცემი არ არის“. მან ასევე თქვა, რომ „საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს“.

ამის პარალელურად თბილისში გაიმართა მრავალათასიანი აქცია უკრაინის მხარდასაჭერად, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის პოზიცია მკაცრად გააკრიტიკეს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ თბილისის აქციის ფოტო გამოაქვეყნა ტვიტერის პირად გვერდზე და დაწერა: „არის ხოლმე დრო, როცა ხალხი არ არის მთავრობა, მაგრამ მასზე უკეთესია“.

25 გარდაცვლილი და კოვიდის 2465 ახალი შემთხვევა – 28 თებერვალი

ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსის 2465 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 25 პაციენტი.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 4595 პაციენტი, კლინიკურ სასტუმროშია – 417.

ამ დროისთვის კოვიდსტატისტიკა ქვეყანაში ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 605 472 , ბოლო 24 საათში – 2 465
  • მათ შორის, გამოჯანმრთელებული – 1 504 161 , ბოლო 24 საათში – 12 840
  • მათ შორის, გარდაცვლილი – 16 163 , ბოლო 24 საათში – 25
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 14 138, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 910, PCR ტესტით – 6 228
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 17,44%, ბოლო 14 დღის – 26,54%, ბოლო 7 დღის – 22,06%
  • სულ აცრილია – 2 816 627, დღიურად აცრილია – 387
  • კარანტინის რეჟიმში – 4
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 595
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 417

 

ომის გამო ფოთში მობრუნებული უკრაინული ბორანი გადასახადებისგან გათავისუფლდება – სააგენტო

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით, უკრაინული გემი VILNIUS-ი სახელმწიფო გადასახადებისგან გათავისუფლდება, გემზე მყოფ მოქალაქეებზე კი სახელმწიფო იზრუნებს.

სააგენტოს განცხადებით, გემი ფოთიდან უკრაინის ჩერნომორსკის ნავსადგურში მიემართებოდა, თუმცა მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, 27 თებერვალს ღია ზღვიდან ისევ ფოთის საზღვაო ნავსადგურში დაბრუნდა.

„საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, გემი გათავისუფლდა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიის სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების საფასურების გადახდის ვალდებულებისგან. ბორანს უფასოდ მოემსახურა სალოცმანო კომპანია „ფოთი პაილოტიც“.

სახელმწიფო გადასახდელებთან ერთად გემი გათავისუფლდა სალოცმანო მომსახურების საფასურისგანაც,“- აცხადებს სააგენტო.

  • რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას, შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

_________________________

მთავარი ფოტო: ფოთის ნავსადგური/„ბათუმელების“ არქივიდან

Exit mobile version