სიახლეები

1 დაღუპული, 31 მძიმედ დაჭრილი – მსხვერპლი ხარკოვზე ბოლო თავდასხმის შემდეგ

28.02.2022
1 დაღუპული, 31 მძიმედ დაჭრილი – მსხვერპლი ხარკოვზე ბოლო თავდასხმის შემდეგ

დღეს, 28 თებერვალს, ხარკოვის ბოლო დაბომბვის შემდეგ საავადმყოფოებში გადაყვანილია მძიმე დაჭრილი 15 სამხედრო და 16 სამოქალაქო პირი. გარდაცვლილია ერთი ქალი, სამოქალაქო პირი. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის საკრებულო ავრცელებს.

„სროლები ხარკოვში ცოტა ხნის წინ დასრულდა. შესაბამისად, დაჭრილთა რაოდენობა ზუსტდება და დღის ბოლომდე შეიძლება შეიცვალოს სტატისტიკა. გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობაც მოგვიანებით გახდება ცნობილი”, – წერია ქალაქ ხარკოვის საკრებულოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქალაქ ხარკოვის კლინიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის ცენტრსა და მრავალპროფილურ 25-ე საავადმყოფოში გადაყვანილია 44 დაჭრილი, მათ შორის, 20 სამხედრო პირი.

კლინიკაში გადაყვანილთაგან გარდაიცვალა 2 სამხედრო და 5 სამოქალაქო პირი.

რუსმა სამხედროებმა ქალაქ ხარკოვის საცხოვრებელი დასახლება გრადის ტიპის რაკეტებით დაბომბეს.

მე-5 დღეა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან – ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

________________

მთავარ ფოტოზე: ქალაქ ხარკოვის საავადმყოფო/ქალაქ ხარკოვის საკრებულოს ვებგვერდიდან

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: