მთავარი,სიახლეები

უვადო იმუნიტეტი და კვლავ პრეზიდენტობის უფლება – ლუკაშენკოს რეფერენდუმის შედეგები

28.02.2022
უვადო იმუნიტეტი და კვლავ პრეზიდენტობის უფლება – ლუკაშენკოს რეფერენდუმის შედეგები

27 თებერვალს, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ბელარუსის რესპუბლიკაში რეფერენდუმი გაიმართა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის.

რეფერენდუმის ოფიციალური შედეგები უკვე ცნობილია. მედიის ცნობით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი მოსახლეობის 65-ზე მეტმა პროცენტმა დაუჭირა, 10 პროცენტი კი წინააღმდეგი იყო.

ეს ნიშნავს, რომ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები ბელარუსის ამჟამინდელ პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს. მას ასევე მიენიჭება უვადო იმუნიტეტი სისხლისსამართლებრივი დევნისგან, თუკი იგი ქვეყნის მმართველი აღარ იქნება.

საკონსტიტუციო ცვლილებები, ასევე, საშუალებას აძლევს ბელარუსს, უარი თქვას ბირთვული იარაღისგან თავისუფალ სტატუსზე და უვადოდ განათავსოს რუსული ჯარები მის ტერიტორიაზე.

ბელარუსმა ბირთვული იარაღი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დათმო, თუმცა, ცვლილებების ძალით, შესაძლოა, ეს რეალობა შეიცვალოს. პროცესი ყურადღებას იქცევს ლუკაშენკოსა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განსაკუთრებული დაახლოების ფონზე.

„როიტერსის“ ცნობით, დასავლეთის ქვეყნები რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებენ.

2021 წელს ბელარუსმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივაში მონაწილეობა შეაჩერა.

67 წლის ლუკაშენკო უკვე 28 წელია ბელარუსის პრეზიდენტია. იგი ქვეყანას 1994 წლიდან მართავს.

ევროკავშირმა არ აღიარა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომლის გამარჯვებულად კვლავ ლუკაშენკო გამოცხადდა.  ბელარუსის მმართველისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები დაწესდა ქვეყანაში სამოქალაქო მოძრაობის სასტიკი ჩახშობის გამო.

ბოლო წლების განმავლობაში ბელარუსში ათასობით სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს, რომლებიც ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ბელარუსი ოპოზიციის ლიდერები ციხეში ჩასვეს და ათასობით მოქალაქემ დატოვა ქვეყანა პოლიტიკური ზეწოლის მიზეზით.  

გუშინ, 27 თებერვალს, რეფერენდუმის ფონზე ბელარუსში, საარჩევნო უბნებთან მოქალაქეებმა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმა გააპროტესტეს. აქციებზე, სხვადასხვა ცნობით, 400-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: