მთავარი,სიახლეები

დაიღუპა 100 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის არიან ბავშვები – გაერო

28.02.2022 • 1601
დაიღუპა 100 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის არიან ბავშვები – გაერო

გაეროს ინფორმაციით, ხუთი დღის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას გარდაცვლილია 100 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 7 ბავშვი. მსხვერპლი შესაძლოა მოვლენების განვითარების შედეგად შეიცვალოს.

უკრაინის ელჩი ჟენევაში, ევგენია ფილიპენკო კი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 350 ადამიანზე მეტია გარდაცვლილი, მათ შორის 16 ბავშვია.

მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა, ისევე როგორც სხვა დიდი საომარი მოქმედებებისას, ახლაც რთულია.

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი, ვიქტორ ლიაშკო მედიკოსებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 28 თებერვლის დილას 2040 ადამიანი იყო დაჭრილი და მათ შორის 45 ბავშვი.

უკრაინის მხარის ინფორმაციით, საბავშვო ბაღზე რუსების თავდასხმას შვიდი წლის გოგო შეეწირა, მსხვერპლია კიევშიც.

ალისა ხლანსი იმ ექვსი ადამიანიდან ერთ-ერთი იყო, ვინც რუსეთ-უკრაინის ომის მეორე დღეს საბავშვო ბაღზე თავდასხმისას დაიღუპა. 7 წლის გოგო სასიკვდილოდ დაიჭრა. უკრაინის გენპროკურორის, ირინა ვენედიქტოვას ინფორმაციით, ის შაბათს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, გარდაცვლილ ბავშვებს შორის არის გოგონა – პოლინა, რომელიც დაწყებითი კლასის ბოლო საფეხურზე სწავლობდა კიევში. პოლინას და-ძმა დის გარდაცვალების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. და რეანიმაციაშია, ძმა სხვა კლინიკაში.

მას შემდეგ, რაც ომის მეორე დღეს უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით საცხოვრებელ კორპუსს დაუშინეს ბომბები, დაიღუპა ბიჭი. აფეთქებამ ჩუგუევაში რამდენიმე ბინაში გააჩინა ხანძარი. ეს პატარა ქალაქია ხარკოვის სიახლოვეს.

ერთი ოჯახის 5 წევრი დაიღუპა უკრაინის სამხრეთით ომის პირველ დღეს, როცა რუსი სამხედროები ხერსონიდან ყირიმისკენ გადაადგილდებოდნენ. აფეთქებების შესახებ ინფორმაცია უკრაინის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა, ევგენი ჟუკოვმა გაავრცელა.

ოჯახის 5 წევრის გარდაცვალების გარემოება უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოჯახი ცდილობდა ორი მანქანით გარიდებოდა რუს სამხედროებს, როცა ისინი სროლებში მოხვდნენ ახალი კახოვკისა და ხერსონის სიახლოვეს.

ხუთწევრიანი ოჯახის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ტვიტერით გავრცელდა. დაიღუპა 56 წლის ცოლ-ქმარი, მათი 27 წლის შვილი და ორი ბავშვი: ერთი 6 წლის, მეორე სამ წლამდე.

___

მთავარი ფოტო: პოლინა – გოგონა, რომელიც დაწყებით კლასს ამთავრებდა. ის რუსმა სამხედროებმა კიევის ჩრდილო-დასავლეთით მშობლებთან ერთად დაცხრილეს. დაიჭრა გოგოს და-ძმაც, მაგრამ ისინი გადარჩნენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: