მთავარი,სიახლეები

„შენ სამშობლოს ღალატში იღებ ახლა ხელფასს, გაიგე?“ – ენმ-ის დეპუტატი “ოცნების” დეპუტატს

28.02.2022 • 9330
„შენ სამშობლოს ღალატში იღებ ახლა ხელფასს, გაიგე?“ – ენმ-ის დეპუტატი “ოცნების” დეპუტატს

„შენ სამშობლოს ღალატში იღებ ახლა ხელფასს, გაიგე?“ – ამ სიტყვებით უმაღლესი საბჭოს წევრმა, ენმ-იდან ელგუჯა ბაგრატიონმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“, ტიტე აროშიძეს მიმართა.

დაპირისპირება აჭარის უმაღლეს საბჭოში უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის მიღების საკითხს მოჰყვა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები, რომლებმაც რეზოლუცია 24 თებერვალს დაარეგისტრირეს, ითხოვდნენ, რომ უმაღლეს საბჭოს დღეს, 28 თებერვალს, გაეტანა ბიუროს სხდომაზე რეზოლუციის საკითხი. უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, მათ სამართლიან მოთხოვნას მმართველი პარტიის დეპუტატებმა ბრალდებებით უპასუხეს – თითქოს ისინი უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხს პირადი მიზნებისთვის იყენებენ.

TV 25-ის მიერ გავრცელებულ ფეისბუქლაივში ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც ელგუჯა ბაგრატიონმა ტიტე აროშიძე ღალატში დაადანაშაულა, აროშიძემ ელგუჯა ბაგრატიონისთვის ხელის დარტყმა სცადა, თუმცა ის უმაღლესი საბჭოს სხვა წევრებმა გააჩერეს.

ჩხუბი უმაღლეს საბჭოში, სქრინი TV 25-ის ფეისბუქლაივიდან

თუმცა ინციდენტი ამით არ ამოწურულა. ელგუჯა ბაგრატიონმა აჭარის უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ დეპუტატებს პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებებზე პასუხის გაცემა მოსთხოვა.

„როცა ხელისუფლებას მხარს უჭერ, შენმა პრემიერმა რა განცხადებებიც გააკეთა, როცა შენ არ დგახარ ხალხის გვერდით, როცა რუსეთის, პუტინის გვერდით დგახარ, რა თქმა უნდა, ხარ [სამშობლოს მოღალატე]. როცა მთელი ცივილიზებული სამყარო გვერდში უდგას უკრაინას, ყველა ღებულობს მონაწილეობას, პუტინის წინააღმდეგ სანქციები იქნება თუ სხვა რამ, თქვენ არ აკეთებთ არაფერს. ეს ღალატი არაა?“ – ჰკითხა ელგუჯა ბაგრატიონმა დეპუტატებს.

ბაგრატიონის ამ კითხვებზე „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი, დავით ბაციკაძე გაღიზიანდა.

„ჩემსა და შენს შორის მოღალატის დედას შე…..ი, გეიგე?“ – უთხრა ელგუჯა ბაგრატიონს დავით ბაციკაძემ.

„დავი, დავი“, – უთხრა პასუხად ელგუჯა ბაგრატიონმა.

მოგვიანებით ბიუროს ოთახში ბათუმის საკრებულოს წევრი, რეზო ხარაზიც შევიდა. კამათის დროს მან „ქართული ოცნების“ დეპუტატს დავით ბაციკაძეს უთხრა, რომ „ამიერიდან პატივისცემით აღარ დაელაპარაკება“.

„შენ თუ არ გაგაჯ…..ნო კაცი არ ვიყო,“ – უთხრა მას რეზო ხარაზმა.

ეს სიტყვები კიდევ ერთი დაპირისპირების საბაბი გახდა. დავით ბაციკაძე ცდილობდა ხელი დაერტყა რეზო ხარაზისთვის, თუმცა მას უმაღლესი საბჭოს დეპუტატები აკავებდნენ.

მომხდარ ინციდენტზე განმარტება გააკეთა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ. მისი თქმით, რეზოლუციის მიღებას პროცედურები სჭირდება. ამასთან, ის სოლიდარულია უკრაინელი ხალხის მიმართ.

„მე არაერთხელ გამოვხატე, მათ შორის, პირველივე დღეებში. ჩვენ სოლიდარულები ვართ უკრაინელი ხალხის. აქედან გამომდინარე, იმის დახატვა, რომ ვიღაცა არის ბნელ მხარეს, ვიღაცა არის ნათელ მხარეს და ვამტკიცოთ ვინ უფრო მართალია, არ არის… ჩვენ რეალურად ვერ ვაცნობიერებთ რა ხდება ჩვენ ირგვლივ,“ – თქვა დავით გაბაიძემ.

კითხვაზე, ეთანხმება თუ არა სანქციებს, დავით გაბაიძემ თქვა, რომ „ზედმეტად აჟიტირებულია ეს თემა“.

უკრაინაში ომი 24 თებერვალს დაიწყო. ამ დრომდე [28 თებერვალი] აჭარის უმაღლეს საბჭოს ვებგვერდსა და ფეისბუქგვერდზე არანაირი განცხადება არ გამოქვეყნებულა, რომლითაც ან ომს დაგმობდნენ, ან უკრაინას და უკრაინელ ხალხს სოლიდარობას გამოუცხადებდნენ.

დღეს, 28 თებერვალს, გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ოპოზიციის მიმართ თქვა, რომ მათ უკრაინაში ომი უხარიათ.

მან ასევე ვრცლად ისაუბრა 2008 წლის ომზე და თქვა, რომ მაშინ ხელისუფლების წევრები საქართველოდან გაიქცნენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: