სიახლეები

„ბსუ უკრაინისთვის“ – აქცია ბათუმის უნივერსიტეტში

28.02.2022
„ბსუ უკრაინისთვის“ – აქცია ბათუმის უნივერსიტეტში

დღეს, 28 თებერვალს, სლოგანით – „ბსუ უკრაინისთვის“, აქცია გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში.

სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინელ ხალხს.

„ეს არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის და ერთი ერის ტკივილი,  ეს არის მთელი მსოფლიოს და ქართველების ერთ-ერთი მთავარი ტკივილიც.

ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ის, რაც ამ მომენტში ხდება უკრაინის ტერიტორიაზე“ – გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ბსუ-ს მეექვსე კურსის სტუდენტმა გუჯა წითლიძემ.

აქციის მონაწილე, სტუდენტი მარიამ გელაზარიშვილი აქციაზე სამხედრო ფორმით იყო. მან გვითხრა, რას ნიშნავს ეს ფორმა მისთვის:

„ჯარისკაცის ფორმა ჩავიცვი, თითქოს ეს ფორმა ძალას მაძლევს.

ვგულშემატკივრობ უკრაინას. მინდა, რომ მშვიდობა იყოს მსოფლიოში. დარწმუნებული ვარ, რომ გაიმარჯვებს უკრაინა, იმიტომ რომ ძალიან კარგი ლიდერი ჰყავს სათავეში და მინდა, რომ ასეთი ლიდერი გვყავდეს ჩვენც“, – გვითხრა მან.

აქცია ბსუ-ში. ფოტო: „ბათუმელები“/ევა ართმელაძე

აქცია ბსუ-ში. ფოტო: „ბათუმელები“/ევა ართმელაძე

აქცია ბსუ-ში. ფოტო: „ბათუმელები“/ევა ართმელაძე

დღეს უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გამოაქვეყნა უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი მიმართვა:

„ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით, მკაცრად გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მის დემოკრატიულ განვითარებასა და ცივილიზებულ სამყაროში ინტეგრირების პროცესს.

გვჯერა, საერთაშორისო თანამეგობრობა კონსოლიდირებული ნაბიჯებით შეძლებს აგრესორი სახელმწიფოს შეკავებას და მშვიდობის უზრუნველყოფას ქვეყანაში, რეგიონსა და მთელს მსოფლიოში. დიდება უკრაინას! დიდება უკრაინელ ხალხს!“ – ნათქვამია მიმართვაში, რომელიც უნივერსიტეტის ვებგვერდზე ქართულ, უკრაინულ და ინგლისურ ენებზე გამოქვეყნდა.

დღეს აქციის მონაწილეებს მიმართა ბსუ-ს რექტორმა, მერაბ ხალვაშმა. მან აღნიშნა, რომ ეს არის სოლიდარობის აქცია, უნივერსიტეტის გეგმავს აქციას უკრაინის ჰუმანიტარული და ფინანსური მხარდაჭერისთვისაც და ამჟამად განიხილება, თუ რა ფორმით მოხდება ეს.

ბსუ-ს სტუდენტებმა უკრაინელების მხარდასაჭერი აქცია გამართეს 27 თებერვალსაც.

მეხუთე დღეა, რაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: