მთავარი,სიახლეები

ALDE-ი უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას EU-ში გაწევრიანების დაჩქარებულ პროცედურაზე  

01.03.2022 • 1146
ALDE-ი უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას EU-ში გაწევრიანების დაჩქარებულ პროცედურაზე  

უკრაინის საკითხზე ALDE-ს ლიდერების სამიტის რიგგარეშე შეხვედრაზე პარტია ALDE-ს ბიურომ და ALDE-ს წევრი პარტიების ლიდერებმა მთელი ევროპიდან, მიიღეს შემდეგი განცხადება:

პარტია ALDE [ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი] და მისი წევრი პარტიები ერთად გმობენ და უარყოფენ პრეზიდენტ პუტინის მიერ განხორციელებულ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ყოვლად აღმაშფოთებელ აქტს სუვერენული, დემოკრატიული და პროევროპული ქვეყნისა და ჩვენი ლიბერალური ღირებულებების წინააღმდეგ, რომლებსაც ასე ძვირფასად ვიცავთ.

ჩვენ ერთსულოვნად ვუჭერთ მხარს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ისინი გვახსენებენ, რატომ არის მნიშვნელოვანი დემოკრატია და რატომ უნდა ვიბრძოლოთ მის დასაცავად.

პუტინმა უხეშად და განზრახ დაარღვია საერთაშორისო სამართალი, მათ შორის, გაეროს წესდება და საერთაშორისო ვალდებულებები. კრემლმა პასუხი უნდა აგოს ამაზე.

ევროკავშირსა და მის ლიდერებს, ისევე როგორც ჩვენს პარტნიორებსა და ლიდერებს დემოკრატიულ მსოფლიოში, მოვუწოდებთ გასცენ მკაცრი პასუხი რუსეთის ფედერაციის, კონკრეტულად კი მისი ლიდერების მიმართ დამატებითი, უფრო მსხვილი სანქციების სასწრაფოდ დაწესებით.

სანქციები უნდა იყოს მასიური და უპრეცედენტო, არა მხოლოდ კომპანიების, არამედ ინდივიდუალური პირების წინააღმდეგ, მათ შორის, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ – ამ შეჭრაში მისი მორჩილების გამო. მაგიდაზე არაფერი უნდა დარჩეს (ყველა ზომა უნდა იქნეს გამოყენებული).

ჩვენ მივესალმებით ნატოს მოკავშირეების ნაბიჯებს რეგიონში შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერების მიზნით, მაგრამ ძალიან ძლიერი სიგნალი უნდა გაიგზავნოს, რომ მე-5 მუხლის ვალდებულებები წმინდაა და რომ ღია კარის პოლიტიკა კვლავაც ნარჩუნდება.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები მზად უნდა იყვნენ უკრაინაში ფინანსური და თავდაცვითი სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნისა და კიბერუსაფრთხოებაში მხარდაჭერისთვის, ისევე, როგორც რუსული თვითმფრინავების საკუთარი ეროვნული საჰაერო სივრცეში დაბლოკვისთვის. ამასთან უნდა დაუშვან ყველა სხვა შესაძლებლობა, მათ შორის უკრაინაში არასაფრენი ზონის გამოცხადებისთვის.

ჩვენ მოვუწოდებთ ევროპულ საზოგადოებას მოამზადოს ჰუმანიტარული დახმარების პაკეტი და ყველანაირი მხარდაჭერა უკრაინის დემოკრატიულად არჩეული მთავრობის ლიდერებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მისი მოქალაქეებისთვის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისკენ სწრაფვის სუვერენული უფლებისთვის.

ჩვენ მოვუწოდებთ ევროპულ საზოგადოებას დაიწყოს ფართო კონსულტაციები უკრაინის, საქართველოს, მოლდოვისა და სხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურის დაჩქარების შესაძლებლობის შესახებ.

ევროკავშირისკენ გზა უნდა მოიცავდეს წინაპირობას სახელმწიფოების მეთაურების მიერ, სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმის, საერთაშორისო სამართლის, ევროპული ღირებულებების აღიარებითა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის ღია და მკაფიო დაგმობით. ჩვენ მხარს ვუჭერთ გაზრდილ ევრო-ატლანტიკურ პოლიტიკურ და სამხედრო წარმომადგენლობას დასავლეთ ბალკანეთში.

ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის მეშვეობით უკვე განხორციელებულ მხარდაჭერას და მოვუწოდებთ ჩვენს პატივცემულ ეროვნულ მთავრობებს შეუერთდნენ ამ მხარდაჭერას, ასევე მეზობელ ქვეყნებს მოვუწოდებთ აჩვენონ სოლიდარობა და შესთავაზონ სასწრაფო დახმარება და თავშესაფარი უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც იძულებული არიან ძალადობას გაექცნენ.

უკრაინის სწრაფად აღსადგენად უნდა შევქმნათ ფინანსური მხარდაჭერის ფონდი მარშალის სტილის პაკეტისთვის. ასევე დაჩქარებულად უნდა გადავხედოთ ჩვენს ეროვნულ ენერგეტიკულ რესურსებს სტრატეგიულად, რათა შევამციროთ ჩვენი დამოკიდებულება რუსეთისა ენერგეტიკასა და ბუნებრივ აირზე.

მოვუწოდებთ ყველა საერთაშორისო სპორტულ და კულტურულ ინსტიტუტს, ფედერაციას, ასოციაციასა და ორგანიზაციას, გარიცხონ რუსეთის ფედერაცია თავიანთი პატივსაცემი ორგანიზაციებიდან და დაუყოვნებლივ და სრულად აუკრძალონ მისი მონაწილეობა ყველა სპორტულ და კულტურულ ღონისძიებაში, სანამ გრძელდება პუტინის აგრესია უკრაინაზე.

ამავდროულად, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ და ვაფასებთ რუსეთის მოქალაქეების სიმამაცეს მთელ რუსეთში, რომლებიც რისკავენ დაპატიმრებას მათი პრეზიდენტის მიერ რუსეთის ფედერაციის სახელით დაწყებული ომის გასაპროტესტებლად და ვადასტურებთ ჩვენს მორალურ მხარდაჭერას რუსეთში ჩვენი წევრი პარტიების მიმართ.

ამის გათვალისწინებით, ჩვენ სრულად ვგმობთ რუსული ხელისუფლების მიერ რუსეთის ფედერაციაში მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავებისას განხორციელებულ ქმედებებს, რაც არღვევს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: