აჭარის სამინისტროების არასათანადო მიდგომის გამო პროექტები დროულად ვერ სრულდება – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის სამინისტროების მიერ 2022 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.

„აუდიტის შედეგად გამოვლინდა სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის, პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასების, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს/მომსახურების შესრულების საკითხებთან დაკავშირებით“, – აცხადებს აუდიტი.

აღნიშნულ წელს, აჭარის ოთხ სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში მყოფი მხარჯავ დაწესებულებებს შესყიდვებისთვის ჯამში 301 925 582 ლარი ჰქონდათ გათვალისწინებული, ფაქტობრივმა გადახდამ კი, 120 837 377 ლარი შეადგინა.

წყარო: სახელმწიფო აუდიტი

„სახელმწიფო შესყიდვების მართვაში არსებული ნაკლოვანებების და შიდა კონტროლის სისუსტის გამო, მხარჯავი დაწესებულებების მიერ სახელმწიფო შესყიდვების მოსამზადებელი სამუშაოების დროს რიგ შემთხვევებში სათანადოდ არ ხდება არსებული რისკების შეფასება, რამაც ინფრასტრუქტურული პროექტების დადგენილ დროში შეუსრულებლობა გამოიწვია.“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის მიხედვით:

„აჭარის სამინისტროების და მათ მმართველობის სფეროში შემავალი მხარჯავი დაწესებულებების მიერ, სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის დროს რიგ შემთხვევებში ბაზრის კვლევა სათანადოდ არ არის ჩატარებული; რიგ შემთხვევებში შესყიდვის სავარაუდო ფასი განსაზღვრულია გასულ წელს მსგავსი მომსახურების შესყიდვის ფასის შესაბამისად, თუმცა, შესყიდვის ვადის გათვალისწინებით, აღნიშნული კვლევა არავალიდურია.

შედეგად, 2022 წელს 418 შემდგარი ტენდერიდან, 75 შემთხვევაში ფიქსირდება 20%-იანი და მეტი ფასის შემცირება;

შემსყიდველების მიერ სამუშაოს/მომსახურების სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა 62 752 377 ლარით, შესყიდვის პროცედურების შედეგად პრეტენდენტების მიერ სავარაუდო ღირებულება შემცირდა 13 450 150 ლარით და შეადგინა 49 302 226 ლარი, მათ შორის, დიდი ოდენობით შემცირებულია:

  • საჯარო სკოლების რეაბილიტაციის სამუშაოებზე ექსპერტიზის დასკვნის/ინსპექტირების ფასი − 68%-ით;
  • ინტერნეტმომსახურების შესყიდვის ფასი − 64 %-ით;
  • საავტომობილო გზებზე ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის ფასი – 41%-ით და სხვ.“

„სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის დროს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ რიგ შემთხვევებში ბაზრის კვლევა სათანადოდ არ არის ჩატარებული. აღნიშნულის გამო, ტენდერებზე შესყიდვების ჯამური სავარაუდო ღირებულება შემცირდა 13 450 150 ლარით“, – აცხადებს აუდიტი.

აუდიტის ანგარიშში რამდენიმე ფაქტობრივი გარემოებაცაა მოყვანილი:

  • საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გზებზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებისათვის 2021 წლის 12 ოქტომბერს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობდა 5 პრეტენდენტი.

სატენდერო წინადადებით, პრეტენდენტის მიმართ არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, ხოლო მიმწოდებელს სამუშაოები უნდა დაესრულებინა 180 კალენდარულ დღეში. წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ სახელმწიფო შესყიდვების მომზადების ეტაპზე უმცირესი ფასის მქონე პრეტენდენტზე − შპს „ზიმო 7“-ზე რეგისტრირებული იყო: 25% წილის მქონე დამფუძნებლის წილზე ყადაღა, ამავე დამფუძნებლის მთელ ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და უშუალოდ პრეტენდენტის მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე გირავნობა.

პრეტენდენტის წინაშე არსებულ რისკებზე შემსყიდველს არ უმსჯელია, აღიარა გამარჯვებულად და გაფორმებულია ხელშეკრულება 3 348 999 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებაზე. მიმწოდებელს 2021 წელს შესრულებული აქვს 139,496 ლარის სამუშაოები, ხოლო დარჩენილი სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2022 წელს, თუმცა შემსყიდველის მიერ 2022 წლის 6 მაისის ბრძანებით მიმწოდებელთან ცალმხრივად ნაწილობრივ შეწყვეტილია ხელშეკრულება იმ მოტივით, რომ მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დარეგისტრირებულია საჯარო სამართლებრივი შეზღუდვები-აკრძალვები, ასევე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. შედეგად ინფრასტრუქტურული ღონისძიება 2022 წელს ვერ განხორციელდა.

  • აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ პეტრას ციხის ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობდა 3 პრეტენდენტი. დაბალი ფასის მქონე 2 პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია სატენდერო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის გამო, ხოლო მესამე პრეტენდენტთან გაფორმებულია ხელშეკრულება 42 000 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებაზე, რომელიც უნდა დასრულებულიყო 2022 წლის 15 მაისამდე.

წარმოდგენილი დოკუმენტებით, ხელშეკრულების მიმდინარეობის ეტაპზე მიმწოდებელს სამუშაოები არ განუხორციელებია. ამასთანავე, მხარეთა შეთანხმებით, პირველად გაგრძელდა სამუშაოს შესრულების ვადა 2022 წლის 10 ივნისამდე, ხოლო შემდეგ, 23 ივნისს შეწყვეტილია ხელშეკრულება იმ საფუძვლით, რომ მიმდინარე ეტაპისათვის დამატებითი შესწავლის გარეშე შეუძლებელია სამუშაოების დაწყება.

  • განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ ქვეპროგრამის ფარგლებში, ორი საჯარო სკოლის კეთილმოწყობის სამუშაოებისათვის გამოცხადებულ ელექტრონული ტენდერში მონაწილეობდა 3 პრეტენდენტი.

დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტთან გაფორმებულია ხელშეკრულება 415 748 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებაზე, რომელიც უნდა დასრულდეს 2022 წლის 27 ივლისამდე. წარმოდგენილი დოკუმენტებით ხელშეკრულების მიმდინარეობის ეტაპზე მიმწოდებელს სამუშაოები არ განუხორციელებია და იმ მოტივით, რომ დარჩენილ დროში მიმწოდებელი ნაკისრ ვალდებულებას ვერ შეასრულებდა, სამინისტროს მიერ 2022 წლის 31 მაისს შეწყდა ხელშეკრულება, თუმცა წარმოდგენილ დოკუმენტებში არ არის იდენტიფიცირებული მიმწოდებლის მიერ შეუსრულებლობის გამომწვევი მიზეზები და როგორც სხვა შესყიდვების შემთხვევაში, ვადის დარღვევით ფაქტობრივად შესრულების შესაძლებლობა.

ანალოგიურად, მიმწოდებლის მიერ სამუშაოების შეუსრულებლობის მოტივით, სსიპ − აჭარის მუზეუმის მიერ რელიგიის მუზეუმის შენობის სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულება შეწყვეტილია სამუშაოს შესრულების ვადის გასვლის შემდეგ, 2022 წლის 11 ნოემბერს.

  • აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლების რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის ანგარიშსწორებას ახორციელებს ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. საექსპერტო მომსახურებისათვის ექსპერტებზე გადახდილია ჯამში 70 662 ლარი.

ექსპერტების მიერ წარმოდგენილი ანგარიშებით ირკვევა, რომ ექსპერტებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები სრულად არ აქვთ ასახული დასკვნებში (ანგარიშებში), კერძოდ, სულ შესრულებული სამუშაოებიდან აზომილი აქვთ ხილული სამუშაოები, ხოლო ფარულ სამუშაოებზე ეყრდნობიან მშენებელი კომპანიისა და ტექნიკური ზედამხედველის მიერ დადასტურებულ ფარული სამუშაოების აქტებს.

„სამინისტროს მიერ დანერგილმა კონტროლის სისტემამ სრულად ვერ უზრუნველყო საჯარო სკოლების რეაბილიტაციის და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში განხორციელებული ექსპერტიზის სათანადო მონიტორინგი და არსებული ხარვეზების დროული იდენტიფიცირება.“ – ასკვნის აუდიტი

ანალოგიურად, ა(ა)იპ − ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიმწოდებელს სრულფასოვნად არ აქვს შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საავტორო ზედამხედველობა, მათ შორის, ფარული სამუშაოების დამოწმება, შეფასება და შედგენაში მონაწილეობა. აღნიშნულ პირობებში სააგენტოს მიერ გადახდილია მომსახურების საფასური − 2 121 ლარი.

  • აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ქალაქ ბათუმში, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისათვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებისათვის 2021 წელს გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდა ოთხი პრეტენდენტი, გამარჯვებულად გამოვლენილია შპს „ნიუ სითი დეველოფმენთი“.

სატენდერო წინადადების და ხელშეკრულების პირობებით, საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდების ვადად განისაზღვრა 2022 წლის 25 მაისი. სამინისტროს მიერ მიმწოდებელზე გადახდილია ჯერ ავანსი 198 200 ლარი, ხოლო შემდგომში ეტაპობრივად, სრული სახელშეკრულებო ფასი − 991 200 ლარი.

წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში ვერ განახორციელა პროექტის მიწოდება, რისთვისაც ექვემდებარებოდა 146 687 ლარის სანქციის დაკისრებას. თუმცა მიწოდების ვადის გასვლის შემდეგ, 2022 წლის 12 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმებულია შეთანხმება და სამინისტროს მიერ გადახდილია დარჩენილი სრული სახელშეკრულებო ღირებულება იმ მოტივით, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით აღძრავს სარჩელს საერთო სასამართლოებში.

შეთანხმებაში მითითებული პირობა/მოტივი საკონკურსო პირობებით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის.

  • ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ბუნებრივი აირის მილსადენის სამშენებლო სამუშაოებისათვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობდა ერთი პრეტენდენტი, რომელთანაც გაფორმებულია ხელშეკრულება. სატენდერო დოკუმენტაციით, ელექტრონული ტენდერით განსაზღვრული სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფისათვის პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს საბანკო ანგარიშზე ხელმისაწვდომი თავისუფალი ფინანსური რესურსი, არანაკლებ, 3 400 000 ლარის ოდენობით ან გახსნილი საკრედიტო ხაზი, რომლის ფარგლებშიც აუთვისებელი თანხის ნაშთი შეადგენს, არანაკლებ, 3 400 000 ლარს.

მიმწოდებელს ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე ერთი წლის ვადით აქვს წარმოდგენილი საკრედიტო ხაზის საბანკო გარანტიის ხელშეკრულება, ხოლო ვადის გასვლის შემდეგ თავისუფალი ფინანსური რესურსის შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია არ არის წარმოდგენილი, თუმცა სატენდერო წინადადებაშიც და ხელშეკრულებაშიც არ არის იდენტიფიცირებული, პრეტენდენტს რა პერიოდში და რა ვადით უნდა გააჩნდეს თავისუფალი ფინანსური რესურსი.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის „სამინისტროს მიერ ორ შემთხვევაში, საკონკურსო და სატენდერო პირობები არასრულფასოვნად არის განსაზღვრული, რაც პრეტენდენტთა მხრიდან მათი არაერთგვაროვანი გაგების (აღქმის) რისკებს წარმოშობს.“ – ასკვნის აუდიტი.

აგრომომსახურების განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში, ფერმერებისთვის მიწის ნაკვეთების უფასო დამუშავება
ითვალისწინებს სამ კომპონენტს, მათ შორის, სამ მუნიციპალიტეტში 750 ჰა მიწის ფართობის დახვნას, ხოლო ორ მუნიციპალიტეტში − 1 414 ჰა ფართობის დახვნას, 1 290 ჰექტარის დადისკვას და დაფარცხვას.

სამ მუნიციპალიტეტში პროგრამით და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული 750 ჰექტარის − 34,8%, ანუ 261 ჰექტარი მიწის
დამუშავება არ განხორციელებულა.

  • აგროსერვის ცენტრის ინფორმაციით, არახელსაყრელი ნალექიანი ამინდის შედეგად დაგვიანდა და ვერ მოხერხდა ნიადაგის დამუშავების დაწყება, რომელიც შემდგომში ფერმერებმა საკუთარი ძალებით უზრუნველყვეს.

წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით, ჯამში − 4 481 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დამუშავებაზე მიმწოდებლისთვის გადახდილია
687 552 ლარი.

დამუშავებულ მიწის ფართობებთან დაკავშირებით აგროსერვის ცენტრის მიერ მოწოდებულია დოკუმენტები, სადაც ასახულია მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ ერთეულებში დამუშავებული მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი, თუმცა აუდიტის მიმდინარეობის დროს ვერ იქნა მოწოდებული სულყოფილი დოკუმენტები, სადაც იდენტიფიცირებული იქნებოდა პროგრამით მოსარგებლე ფერმერი, დამუშავებული მიწის ფართობი და კომპონენტი.

„აგროსერვის ცენტრმა სათანადოდ ვერ უზრუნველყო „აგრომომსახურების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის დაგეგმვა და განხორციელება. შედეგად, 261 ჰექტარით შემცირდა პროგრამით დაგეგმილი ფართობი, ხოლო მიწის დამუშავებასთან დაკავშირებით, ვერ იქნა მოწოდებული სრულყოფილი ინფორმაცია ცალკეულ ფერმერთან კომპონენტების მიხედვით, ფაქტობრივად დამუშავებული ნაკვეთის ფართობების შესახებ.“ – ასკვნის აუდიტი.

 

[toggle title=”სამინისტროებისადმი აუდიტის რეკომენდაციების სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებს 

რეკომენდაცია 1:

საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის მიზნით, შემუშავდეს და დაინერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმი, რომელიც ბაზრის კვლევის ეტაპზე სათანადო და სანდო ინფორმაციის მოპოვება-შეფასების საფუძველზე, უზრუნველყოფს პრეტენდენტების მიმართ არსებული მოთხოვნების სწორ და ადეკვატურ განსაზღვრას.

განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს

რეკომენდაცია 2: 

საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველსაყოფად შემუშავდეს და დაინერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმი, რომელიც შესაძლებელს გახდის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას ხარვეზების დროულად გამოვლენას და მასზე შესაბამის რეაგირებას; ასევე ექსპერტების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე მონიტორინგს და მის შედეგებთან დაკავშირებით სათანადო ღონისძიებების გატარებას.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს

რეკომენდაცია 3: 

შემუშავდეს და დაინერგოს შესყიდვის პროცესის მართვის ისეთი კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ხელშეკრულების და სატენდერო პირობების შესაბამისობას, ასევე სატენდერო მოთხოვნების და პირობების პროპორციულობას და პრეტენდენტთა მხრიდან მათ ერთგვაროვან (ერთმნიშვნელოვან) გაგებას (აღქმას).

სოფლის მეურნეობის სამინისტროს

რეკომენდაცია 4:

სამინისტრომ, როგორც კონტროლის განმახორციელებელმა პირმა შეიმუშაოს და დანერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს გახარჯული საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ ხარჯვას და გაწეული მომსახურების სათანადო მონიტორინგს.

წყარო: აუდიტის ანგარიში

[/toggle]

 

ბათუმის მერია დიდი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას კარგავს – აუდიტი

ბათუმის მერია არაეფექტურად განკარგავს სარეკლამო სივრცეს, რაც გრძელ ვადაში ბიუჯეტს დიდ შემოსავლებს დაუკარგავს. შპს „ალმასთვის“ ბათუმის ავტოტრანსპორტზე რეკლამის განთავსების უფლების 30 წლით გადაცემაზე ამჯერად სახელმწიფო აუდიტმა გაამახვილა ყურადღება.

შპს „ალმასა“ და ბათუმის მერიას შორის 2020 წელს გაფორმებული 30-წლიანი კონტრაქტი სახელმწიფო აუდიტმა შეაფასა, როგორც მერიის არასწორი გადაწყვეტილება, რომელმაც ქალაქს გრძელ ვადაში დიდი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა დააკარგვინა.

ტრანსპორტის გარდა მერია 10 წლის ვადით სარეკლამო სივრცეს ქალაქშიც ყიდის. აუქციონი უკვე გამოცხადებულია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ეს სივრცეც „ალმას“ სურს.

„შეიძლება ეს იყოს ალმა ან მასთან დაკავშირებული კომპანია სხვა სახელით“, – უთხრა „ბათუმელებს“ ინფორმირებულმა პირმა.

ამ კომპანიის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებასა და შეუსრულებელ ვალდებულებზე „ბათუმელები“ ადრეც წერდა

განსაკუთრებით არჩევნების წინ კარგად ჩანს, რომ 30-წლიან კონტრაქტს დიდი შემოსავლის მიღების პერსპექტივით უანგაროდ არავინ იღებს – ურთიერთობა სახელმწიფო სტრუქტურებსა და კომპანიის მფლობელებს შორის ორმხრივია.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნა ბათუმის მერიის 2020-2022 წლის გადაწყვეტილებების ეფექტურობას მიმოიხილავს.

2020 წელს ბათუმის მერიამ ელექტრონული აუქციონის ფორმით განკარგა მუნიციპალურ ავტობუსებზე გარე რეკლამის განთავსების უფლება [5,154.3 კვ.მეტრი ფართობი] კონტრაქტი „ალმას“ გაუფორმეს. კომპანიამ 4 მილიონ 100 000 ლარი გადაიხადა.

აუდიტორის შეფასებით, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ 30 წლით სარეკლამო სივრცის სრულ მოცულობაზე უფლების გადაცემა წარმოშობს რისკს, რომ გრძელვადიან პერიოდში დაიკარგოს დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობა.

ამასთან,

მთლიანი სარეკლამო ფართობის ოცდაათწლიანი ვადით უფლების გადაცემა მაშინ, როდესაც ასეთ გრძელვადიან პერიოდში რადიკალურად იცვლება საბაზრო პირობები, შესაძლოა, შპს-ს დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობის დაკარგვა განაპირობოს. ვერ უზრუნველყოფს პროცესისადმი მოცემულ ბაზარზე ოპერირებადი სხვა სუბიექტების დაინტერესების ზრდას.

საუბარია შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტზე“, ეს არის მუნიციპალური ორგანიზაცია, რომლის ბიუჯეტშიც აისახება მუნიციპალური ავტოტრანსპორტიდან მიღებული შემოსავალი, მათ შორის, რეკლამით მიღებული შემოსავალი.

სხვათა შორის, მერია ტენდენციას აგრძელებს, გასულ წელს ვადა გაუვიდა შპს „აჯადთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელსაც ბათუმში გარე რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლება ჰქონდა. 2023 წლის 6 სექტემბერს მერიამ გარე რეკლამის განთავსების უფლება 10-წლიანი ვადით გაიტანა აუქციონზე. ამჯერად საწყისი ფასი 8 მილიონი ლარია.

იმ ფონზე, როცა პრემიერი ამტკიცებს, რომ „ეკონომიკა დუღს“ და რეკლამის ფასიც წლიდან წლამდე მაღლა იწევს, ბიუჯეტში შემოსავლის გაზრდის შესაძლებლობის დაკარგვა ცალკე საკითხია.

აუდიტი ასევე წერს ფულზე, რომელსაც „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ვერ განკარგავს, მერია კი არ ცვლის ორგანიზაციისთვის გამოყოფილი სუბსიდიის ოდენობას.

აუდიტი წერს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ სუბსიდიის სახით მიიღო 17 მილიონ 847 376 ლარი, მაშინ, როდესაც შპს-ს საკუთარი შემოსავლების დანახარჯების გათვალისწინებით, აუთვისებელი ნაშთი გააჩნდა, ჯამში − 4 მილიონ 951 845 ლარი.

„აღნიშნული გარემოება მიუთითებს, რომ სათანადო ანალიზის გარეშე განისაზღვრა გასაცემი სუბსიდიის მოცულობა.“

აუდიტი განმარტავს, რომ შპს-ის საკუთარი შემოსავლების ზრდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდიის სახით დასაფინანსებელი თანხების შემცირების ერთ-ერთი საფუძველია.

„ალმას“ დირექტორი გიორგი ტრაპაიძეა, მფლობელი კი მალტაში რეგისტრირებული კომპანია Meridian Malta.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, Meridian Malta-ს საბოლოო ბენეფიციარები, ანუ რეალური მფლობელები ლევან ფხაკაძე (50% წილი) და სამსონ (სოსო) ფხაკაძე (50% წილი) არიან.

ლევან და სოსო ფხაკაძეების სახელთან არის დაკავშირებული ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანია „ვისოლი“ და მასთან აფილირებული კომპანიები: „დანკინ დონატსი“, „სმარტი“, „ვენდისი“ და ა.შ.

„ალმა“ ფლობს შიდა რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ უფლებას თბილისის, ბათუმის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში. ასევე, მისი სარეკლამო ბილბორდები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქშია განთავსებული.

2019 წელს კომპანიამ შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ბალანსზე არსებულ ინფრასტრუქტურაზე, მოძრავ და უძრავ ქონებაზე არსებულ სარეკლამო ადგილებზე რეკლამის განთავსების 20- წლიანი ექსკლუზიური უფლება შეიძინა.

უნივერსიტეტები 30 000 სტატუსაღდგენილ სტუდენტს ვერ მიიღებენ – რა მიზანი აქვს ღარიბაშვილს

მთავრობის ბოლო სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილებით, 30 ათასამდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს დავალიანება გაუნულდება. საუბარია 40 მილიონამდე ლარზე.

თუმცა ღარიბაშვილს სხდომაზე არც კვლევა, არც დაზუსტებული მონაცემები არ წარმოუდგენია, თუ რაზე დაყრდნობით მიიღო ეს გადაწყვეტილება. იმავე დღეს განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა კი განაცხადა, რომ ღარიბაშვილის ამ ინიციატივის შესახებ ახლა შეიტყო და აღდგენილი სტუდენტების სანაცვლოდ უნივერსიტეტებს კვოტებს გაუზრდის.

რას ნიშნავს, როცა პრემიერ-მინისტრი განათლების სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე მსგავს ინიციატივას აანონსებს, განათლების მინისტრი კი – კანონს არღვევს?

„ბათუმელები“ ამ თემაზე „ალტე უნივერსიტეტის“ ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორს და ილიაუნის პროფესორს კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის მიმართულებით, ნანა დიხამინჯიას ესაუბრა.

  • ქალბატონო ნანა, ის რა განცხადებებიც მოვისმინეთ პრემიერისგან და შემდეგ განათლების მინისტრისგან, სინამდვილეში რა ტიპის პრობლემას აჩვენებს ქვეყანაში?

მთავარი პრობლემა, რაც გამოჩნდა პრემიერის განცხადებით, არის ის, რომ მთავრობა განათლების სამინისტროსა და უნივერსიტეტებთან განხილვებისა და შეთანხმების გარეშე იღებს გადაწყვეტილებას ამხელა პროცესზე.

ეს ნიშნავს, რომ საერთოდ არ აქვთ გააზრებული, ვინ არიან მთავარი აქტორები განათლების სისტემის პროცესში, ვინ არიან მთავარი შემსრულებლები და ვინ უნდა მიიღოს ამ ტიპის გადაწყვეტილება.

ძალიან ცუდად მომხვდა თვალში ღარიბაშვილის ფრაზა – „ჩემი პირადი გადაწყვეტილებით“. ეს იყო ძალიან ცუდი, რადგან არავის აქვს უფლება, განათლების სისტემაში პირადად მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება, არანაირ საკითხთან დაკავშირებით. რადგან განათლების სისტემა არის ძალიან კომპლექსური და ყველა გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს ათობით ორგანიზაციის ჩართულობით.

განსაკუთრებით ცუდად მენიშნა ის, რომ უნივერსიტეტებს საერთოდ აზრი არ ჰკითხეს.

გასაგებია, რომ პრობლემა არსებობს, გასაგებია, 30 ათასი სტუდენტი არ არის პატარა რიცხვი, ვისაც შეჩერებული აქვს სტატუსი, მაგრამ ამ ტიპის გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს კვლევას, ანუ ზუსტად უნდა გვცოდნოდა, როდის აქვთ სტატუსი შეჩერებული სტუდენტებს, რა მიზეზით აქვთ შეჩერებული, რადგან სტატუსს ყოველთვის ფინანსური დავალიანების გამო არ იჩერებენ სტუდენტები.

დასაზუსტებელია, რა მიზეზით აქვთ ეს ფინანსური დავალიანება, ვისაც აქვს, რომელ პროგრამებზე და ასე შემდეგ, რადგან ზოგი პროგრამა 2250 ლარი ღირს და ზოგი – 7 000 ლარი.

ამიტომ, ღარიბ სახელმწიფოს, რომელსაც განათლების სისტემაში აქვს ათასობით პრობლემა, არ აქვს იმის ფუფუნება, ასე მარტივად ხარჯოს ფული, ყოველგვარი განხილვისა და კვლევის გარეშე.

ეს რიცხვები უნდა გამოექვეყნებინა მთავრობას აუცილებლად, უნდა შეფასებულიყო ეს ყველაფერი და ისე უნდა მიღებულიყო გადაწყვეტილება.

  • ჩვენ არც ის ვიცით, ამ 30 ათასიდან რეალურად რამდენს სურს სტატუსის აღდგენა, არა? იქნებ საერთოდ არ არიან ეს ადამიანები ქვეყანაში, იქნებ დასაქმებულნი არიან და დრო არ რჩებათ, ლექციებზე რომ იარონ, ბევრი სხვა მიზეზი შეიძლება იყოს, რაზეც არ უსაუბრია ღარიბაშვილს.

თუ, მაგალითად, შარშან შეუჩერდა სტუდენტს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო, ამ შემთხვევაში სტატუსის აღდგენა მარტივია უნივერსიტეტისთვის, მაგრამ თუ ეს არის უფრო ადრეული წლების, ამ შემთხვევაში რთული იქნება, რადგან პროგრამები იცვლება ან იხურება. ამ შემთხვევაში ინდივიდუალური გეგმა სჭირდება სტუდენტს, თუ დაიხურა პროგრამა, მაშინ მობილობით სჭირდება გადაყვანა და ასე შემდეგ.

შეიძლება ადამიანმა 7 წლის წინ მიატოვა სწავლა და ვთქვათ, მუშაობს, კარგი სამსახური აქვს და არ აპირებს ჯერ სწავლის გაგრძელებას, იკითხა, გაარკვია ეს ვინმემ? აი, ამას სჭირდებოდა კვლევა.

თუ ვიღაცას, მაგალითად, ერთი სემესტრის დავალიანება აქვს და ვთქვათ, გადავუხადეთ ეს 1125 ლარი, თუ ეს სტუდენტი რეგიონიდანაა და თბილისში სწავლობს, რა უნდა ქნას ამ ადამიანმა? მარტო ეს ერთი სემესტრის თანხა იყო მისთვის პრობლემა?

თუ პრობლემაა ბინის ქირა, რომელიც ძალიან გაზრდილია ქვეყანაში რუსების შემოსვლის გამო, ფაქტობრივად, აღარ იშოვება ხელმისაწვდომი ბინები თბილისში, ის, რომ ამ სტუდენტს ბინის გარდა სჭირდება კვების, ტრანსპორტის თანხა და ასე შემდეგ, ეს ფული საიდან უნდა მოიტანოს? აი, ამ ყველაფერს სჭირდება პირველ რიგში განსჯა.

  • განათლების მინისტრის განცხადება რამდენად პრობლემურია – მან თქვა, რომ უნივერსიტეტებს გაუზრდის კვოტებს, თუ სტატუსაღდგენილი სტუდენტებიდან ყველა მოისურვებს დაბრუნებას.

ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, რადგან ამ დროისთვის უნივერსიტეტებს ყველა კვოტა შევსებული აქვთ. მაგალითად, 17 770 სტუდენტი ჰყავს ილიას უნივერსიტეტს, დაახლოებით 20 ათასია თსუ-ს კვოტაც და როგორც წესი, უნივერსიტეტები ბოლომდე ავსებენ ხოლმე ამ კვოტებს.

თუ რამდენი სტუდენტის მიღების უფლება აქვთ უმაღლეს სასწავლებლებს, ამ კვოტას მათ ანიჭებს ავტორიზაციის საბჭო.

ეს რიცხვი ავტორიზაციის საბჭოზე თავად უნივერსიტეტებს შეაქვთ, შემდეგ ამაზე მსჯელობს ექსპერტთა ჯგუფი და აფასებს, ამ დასკვნის საფუძველზე იღებს ავტორიზაციის საბჭო გადაწყვეტილებას.

ამ ფონზე გამოდის განათლების მინისტრი და ამბობს, რომ ვისაც კვოტის პრობლემა ექნება, არ არის პრობლემა, გავუზრდით, ეს არის კანონდარღვევა.

  • ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ განათლების სამინისტრო უგულებელყოფს ავტორიზაციის საბჭოს და ამ პროცესს, რასაც უნივერსიტეტები გადიან კვოტების მინიჭებისთვის?

რა თქმა უნდა. და ეს ძალიან ცუდის მანიშნებელია, რადგან ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა გაუმართავი სისტემებია. ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სისტემა მეტ-ნაკლებად გაიმართა ამ ბოლო წლებში ქვეყანაში, ამან გააძლიერა უნივერსიტეტების ხარისხიც, რადგან გვახსოვს წლები, როცა სადარბაზოებში იყო გახსნილი უნივერსიტეტები და ისე იძლეოდნენ დიპლომებს. ძლივს ამუშავდა ეს სისტემა, გახდა ევროპული ხარისხის აღიარების ნაწილი და ახლა, როცა მინისტრი ასეთ რამეს ამბობს, რა თქმა უნდა, ამით სისტემას არღვევს.

  • დავუშვათ, ამ 30 ათასიდან, სულ ცოტა, 10 ათასმა გადაწყვიტა უნივერსიტეტში დაბრუნება. რა მოხდება ამ შემთხვევაში?

შესაძლოა ნაკლებად პრესტიჟულ უნივერსიტეტებს აქვთ შემორჩენილი კვოტები და მიიღონ გარკვეული რაოდენობა, მაგრამ იმ უნივერსიტეტებისთვის, სადაც შევსებულია კვოტები, ეს იქნება შეუძლებელი.

აქ მარტო აუდიტორიებზე ხომ არ არის საუბარი, აქ მოიაზრება ლექტორთა კორპუსი, სასწავლო რესურსები, კომპიუტერული კლასები, ლაბორატორიები, მაშინ ამ ყველაფრის რაოდენობის გაზრდა გახდება საჭირო.

შესაბამისად, ახლა, სწავლის დაწყების წინ, როცა აცხადებს ღარიბაშვილი, რომ ყველას გაუნულებს დავალიანებას, ცრუ მოლოდინს უქმნის ადამიანებს, რომ შეიძლება ამ სემესტრში აღუდგეთ სტატუსი. ეს შეუძლებელია.

თუ სტუდენტს ერთ წელიწადში უნდა დაემთავრებინა სწავლა და შენ 2-3 წელიწადს უმატებ, შეიძლება არც მოინდომოს სწავლის გაგრძელება, ხომ?

მაგალითად, ტექნოლოგიებსა და ინჟინერიაში სწრაფად ახლდება პროგრამები. შესაძლოა ის პროგრამა საერთოდ აღარ იყოს, რაზეც კონკრეტული სტუდენტი სწავლობდა.

უკვე რამდენი წელია მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიდის კვლევა (პერიოდულად გამოჩნდება ხოლმე ეს კვლევები), თუ როგორ უნდა შეიქმნას უნივერსიტეტების დაფინანსების მდგრადი სისტემა, მაგრამ ეს პროექტიც თაროზეა შემოდებული და არაფერი ვიცით, როდის დასრულდება.

ძალიან დიდი პრობლემაა, როცა 2250 ლარი ღირს უნივერსიტეტში სწავლა, ეს არის თავის მოტყუება, არ შეიძლება ამ თანხად მაღალი ხარისხის განათლების უზრუნველყოფა. მაშინ, როცა კერძო სკოლებსა და საბავშვო ბაღებშიც კი ბევრად მეტი ღირს სწავლა.

მაშინ, როცა სახელმწიფოს მოგვარებული არ აქვს სტუდენტური საცხოვრებლების პრობლემა და ბევრი სხვა რამ, ასეთ გაუთვლელ და დაუგეგმავად წამოსროლილ ინიციატივებს, არანაირი აზრი არ აქვს.

  • მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა, იმავე დღესვე დაიწყეს აზრის გავრცელება, რომ „ეს არის პრემიერის კეთილი ნება“, „საჩუქარი“ და ასე შემდეგ. რა არის რეალურად ეს, საარჩევნო პროპაგანდის ნაწილი? ახალგაზრდების, როგორც ელექტორატის მოსყიდვა? – თქვენ როგორ ფიქრობთ?

როდესაც სახელმწიფო ფულს ხარჯავს, ეს არასდროს არ არის საჩუქარი, რადგან ეს არ არის არც ღარიბაშვილის, არც ზურაბიშვილის, პარლამენტის თავმჯდომარის თუ რომელიღაც პარტიის ფული. ეს არის ჩვენი, ჩვენი მშობლებისა და შვილების ფული.

სახელმწიფო, ზოგადად, საჩუქარს ვერ იძლევა ვერანაირს, ეს არის ის ფული, რომელსაც ჩვენ გამოვიმუშავებთ.

იცით, რას ჰგავს ეს კონკრეტული შემთხვევა? წარმოიდგინეთ ოჯახი, რომელსაც სოციალური პრობლემები აქვს, შია და ამ დროს ოჯახის უფროსი დაბადების დღეზე საჩუქრად ყიდულობს ძვირადღირებულ თაიგულს ოჯახის რომელიმე  წევრისთვის. შეიძლება ეს საჩუქრად აღვიქვათ, თუ ეს იქნება არასწორი ხარჯვა?

დაახლოებით ასე უნდა მოვუდგეთ ამ საკითხსაც, რადგან ბიუჯეტი ხალხის ფულია, ჩვენ გამოვიმუშავებთ და ჩვენ უნდა დავხარჯოთ. არაფრით შეიძლება, რომელიღაც პარტიამ ერთპიროვნულად გადაწყვიტოს ბიუჯეტის ხარჯვა, თან ისე, რომ მათ მიერვე დანიშნული მინისტრიც კი არ ჩააყენონ საქმის კურსში და ათქმევინონ, დღეს პირველად გავიგე ამის შესახებ და ახლა დავიწყებთ უნივერსიტეტებთან მოლაპარაკებასო.

  • რატომ ეგუებიან ამ ყველაფერს უნივერსიტეტები. ეს ხომ მათ ჩიხში შეიყვანს?

საერთოდ, უნივერსიტეტები ყველაზე მთავარი ძალაა ქვეყნის განვითარებისთვის, ამიტომ მათი ასეთი იგნორირება, რასაც ახლა ვხედავთ, ძალიან დამამცირებელია.

მეც ძალიან მიკვირს, რომ ისინი ამას არ აპროტესტებენ.

თუმცა ჩვენ გვაქვს მაგალითები, თუ როგორ ახდენდა ხელისუფლება მათზე ზეწოლას სხვადასხვა დროს, გავიხსენოთ თუნდაც შავი ზღვის უნივერსიტეტი, რომელსაც მხოლოდ იმიტომ შეუჩერეს ავტორიზაცია, რომ ასე მოისურვა ერდოღანმა.

სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ მიჩვეული თანმიმდევრულ პროტესტს. იმას, რომ საკუთარ სამუშაო სივრცეში მოვითხოვოთ რაღაცის ცვლილება, რომ მაგალითად, პროფესორმა უნივერსიტეტს მოსთხოვოს წესების დაცვა, უნივერსიტეტმა განათლების სამინისტროს და ასე შემდეგ. ასეთი რამ ჩვენთან ძალიან იშვიათია.

მეორე მომენტია, როდესაც სამართლიანი სისტემა არ არსებობს ქვეყანაში.

  • ჩვენ ვიცით, რომ სკოლებში ათასობით ბავშვი შიმშილობს და არაერთი კვლევა დაიდო ამაზე. არის მოძრაობები, რომლებიც მოითხოვენ სკოლებში უფასო კვების დანერგვას, თუმცა ხელისუფლება უფულობას იმიზეზებს. ამ დროს საიდანღაც გამოჩნდა 40 მილიონი…

და ეს მაშინ, როცა ვიცით, რომ სადღაც 100 ათასი ბავშვი შიმშილობს ქვეყანაში.

ის ბავშვებიც კი, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა სკოლის ბუფეტში შეიძინონ რაიმე, ჯანმრთელობის დამაზიანებელ საკვებს იღებენ.

როცა ვამბობთ, რომ ტექნოლოგიების განვითარებაზე გადის დღეს ქვეყნის განვითარების მთავარი გზა, როგორ შეიძლება სკოლებში არ გქონდეს კომპიუტერული კლასები? არ გქონდეს ყველა საკლასო ოთახში პროექტორი, ინტერნეტი. მასწავლებლები ჯერ კიდევ დაფაზე წერით გადასცემენ ინფორმაციას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, უბრალოდ, წინა საუკუნეში ვცხოვრობთ.

რეგიონებში ხშირად ჩავდივარ ხოლმე და არაერთ სოფელშია ისეთი სკოლა, სადაც ბავშვს ხვდება ღირსების შემლახავი საპირფარეშო და გარემო.

შეუძლებელია ასეთ დამამცირებელ გარემოში ბავშვს გამოუმუშავდეს პატივისცემა განათლების ინსტიტუციების მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სწავლის მოტივაციისთვის.

ის, რომ ცალკეული ბავშვები წარმატებებს აღწევენ, არ ნიშნავს, რომ ჩვენ მასიურად ვიძლევით სწორ განათლებას.

ექსპერტებს ვეღარ ვზრდით ქვეყანაში, რადგან ამას სჭირდება სერიოზული ლაბორატორიები, რომლებიც ძალიან ძვირი ღირს. უნდა ნახოთ უნივერსიტეტები, სადაც მოძველებული აპარატურაა შემორჩენილი და აქა-იქ თუ მიამატებენ საერთაშორისო გრანტით რაიმეს.

აი, ახლა, როცა კლიმატის ცვლილებების გამო თავზე გვენგრევა ქვეყანა, როცა გზა ვერ გაგვყავს და გვირაბი, ეს არის ამ ყველაფრის შედეგი, რომ მოშლილია ქვეყანაში საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლება, კვლევა და განათლება.

სტემ მიმართულებებს სჭირდება სერიოზული საფუძვლიანი დაფინანსება. სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს თავისი პრიორიტეტები. ვიცით, რომ გვჭირდება უფრო მეტი ტექნიკური განათლება და ნაკლები ბიზნეს და იურიდიული განათლება, მაგრამ ამის დიფერენციაციასაც ვერ ვაკეთებთ სწორად. იმიტომ, რომ კვლევა, რომელსაც ეს პრიორიტეტები უნდა განესაზღვრა, ალბათ იქამდე იქნება თაროზე, სანამ არ მოძველდება.

  • როგორ ფიქრობთ, არჩევნებისთვისაა გამიზნული ეს ინიციატივა?

ერთპიროვნული და ხმაურიანი გადაწყვეტილებები ყოველთვის მიმართულია მმართველი პარტიის საარჩევნო დივიდენდებისკენ. სხვა დატვირთვა არ აქვს. ეს არ არის გრძელვადიანი გადაწყვეტილება, რომელიც მოგვცემს გრძელვადიან ეფექტს.

რისი მოლოდინი უნდა მქონდეს, როცა არც კი ვიცით, რეალურად რას აგვარებს ასე გასროლილი ამხელა ფული.

სამწუხარო კიდევ ის არის, რომ ჩვენ მოსახლეობას ჯერ კიდევ არ აქვს განათლების სისტემის ისეთი აღქმა, რომ კრიტიკულად გააანალიზოს ამ ტიპის ინიციატივები და სახელმწიფოს უყურებს როგორც ცალკე მდგომ სუბიექტს, რომელიც თუ უნდა კონცერტებში დახარჯავს მილიონებს და თუ უნდა მას გადმოუგდებს 2 კილოგრამ კარტოფილს ან სკვერს გააკეთებს სადღაც, საჭირო არის თუ არა, იმის მიუხედავად.

„ყვავს კაკალი გააგდებინო“ – თითქოს ასეთ სუბიექტად აღიქვამს სახელმწიფოს და ამიტომ ამბობს „რა კარგია, ვიღაცას მაინც შეეშველება ეს ფული“. ამიტომ იწერს ასეთი ინიციატივებით სახელმწიფო ქულას მოსახლეობის თვალში.

ყოველი მეათე იაპონელი 80 წელზე მეტი ასაკისაა

80 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებმა პირველად შეადგინეს იაპონიის მოსახლეობის 10 პროცენტი – ამის შესახებ იაპონური გამოცემა Mainichi წერს ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

80 და 80 წელს გადაცილებული ასაკის ადამიანთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 270 000-ით გაიზარდა და იაპონიის მთლიანი მოსახლეობის 10,1 პროცენტი შეადგინა, რაც დაახლოებით 124,6 მილიონია.

65 წელზე უფროსი ასაკის პირების რაოდენობა იაპონიაში მთლიანი მოსახლეობის 29,1 პროცენტს შეადგენს [36, 23 მლნ], რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას კვლავ აქვს ამ ასაკობრივი ჯგუფის ყველაზე დიდი წილი მთელ მსოფლიოში.

ამ სტატისტიკაში იტალია და ფინეთი მეორე და მესამე ადგილზე არიან, სადაც 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები მოსახლეობის 24,5 პროცენტს და 23,6 პროცენტს შეადგენენ.

ქალები შეადგენენ იაპონიის ხანდაზმული მოსახლეობის 56,6 პროცენტს, რაც ქალების უფრო ხანგრძლივი სიცოცხლით აიხსნება.

ამავე დროს, 2022 წელს იაპონიაში ხანდაზმულთა 25,2 პროცენტი მუშაობდა, მათი რიცხვი ზედიზედ მე-19 წელია გაიზარდა 9,12 მილიონამდე, რაც კიდევ ერთი რეკორდია. ხანდაზმულები შეადგენენ ქვეყნის მთლიანი სამუშაო ძალის 13,6 პროცენტს.

გამოჯანმრთელდა 24 წლის კაცი, რომელსაც ბათუმში კატერი დაეჯახა

24 წლის ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ბათუმში, ზღვაში კატერი დაეჯახა, გამოჯანმრთელდა – ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის სამედიცინო ცენტრი BMC-ი ავრცელებს.

„კატერის თოკის დარტყმის ძალამ შინაგანი ორგანოების დაზიანება გამოიწვია. კერძოდ, მოიგლიჯა ნაწლავებისა და ზურგის ტვინის მკვებავი არტერიები.

პროფესიონალი და კვალიფიციური სისხლძარღვთა და ზოგადი ქირურგების ერთობლივი მუშაობის შედეგად, მოხდა ჯორჯლის ქვემო არტერიების გაკერვა და დუმბალური არტერიების გადაკვანძვა.

პაციენტი რამდენიმე დღის განმავლობაში რეანიმაციულ დეპარტამენტში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. გუნდის მიერ ჩატარებული ადეკვატური მკურნალობის ფონზე მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა ბინაზე“ – წერს BMC-ი  ფეისბუქზე.

შემთხვევა 5 სექტემბერს მოხდა ბათუმში.

შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით – წყლის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.

1, 1ა, 8 და 11 ნომერი საქალაქო ავტობუსების მარშრუტები დროებით იცვლება

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, ლეონიძისა და შავშეთის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დროებით იცვლება მიმართულება შემდეგ სამარშრუტო ხაზებზე: #1, #1ა, #8 და

სამუშაოების დასრულებამდე #1 და #1ა ლეონიძის ქუჩის ნაცვლად იმოძრავებს გენ. ასლან აბაშიძის, ხახულისა და ვარშანიძის ქუჩებზე, ხოლო სამარშრუტო ხაზი #8 ლეონიძის ქუჩის ნაწილის გავლის შემდეგ მოძრაობას გააგრძელებს ხახულის, ვარშანიძისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩებზე.

ხოლო #11 სამარშრუტო ხაზი შავშეთის ქუჩის ნაცვლად მოძრაობას განაგრძობს ანდრონიკაშვილის, სულაბერიძისა და ბაგრატიონის ქუჩების გავლით.

ბათუმის კინოფესტივალი ზაზა ხალვაშის ფილმით გაიხსნა

17 სექტემბერს საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი რეჟისორ ზაზა ხალვაშის ფილმით – „ლოტო“ – გაიხსნა.

„ლოტო – იგავი ზღვისპირა ქალაქზე“ ბათუმელი რეჟისორის, ზაზა ხალვაშის ბოლო ნამუშევარია. ეს ერთ ეზოში გადაღებული შავ-თეთრი ფილმია ფერად ისტორიებზე. რეჟისორი ფილმზე მუშაობის პერიოდში გარდაიცვალა. შემოქმედებით ჯგუფს მოგვიანებით გამოაკლდა ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი, მსახიობი ზურაბ ქავთარაძე.

„ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ იშვიათი კადრები ფილმის გადასაღები მოედნიდან და საინტერესო ისტორიები, რომელიც „ლოტოს“ შექმნას სდევდა თან“ – ვკითხულობთ ფილმის აღწერაში.

YouTube video player

„ლოტო“ ბათუმის კინოფესტივალზე კიდევ ორჯერ იქნება ნაჩვენები – 18 სექტემბერს, 20 საათზე, ევროპის მოედანზე, ღია ცის ქვეშ გამართულ კინოჩვენებაზე და 20 სექტემბერს, 14 საათზე, – კინოთეატრ „აპოლოში“.

BIAFF-ის მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციას ხუთკაციანი ჟიური შეაფასებს, რომელსაც რეჟისორი გიორგი ოვაშვილი (საქართველო) ხელმძღვანელობს. ჟიურის წევრები არიან: ანჟეი სლოვიცკი [გერმანია], მეჰმეტ ალი არსლანი [თურქეთი], დიანა მარტიროსიანი [სომხეთი], ნიკა აბრამიშვილი [საქართველო]. ამ სექციაში ათი ფილმია წარმოდგენილი.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციას კი შეაფასებს სამკაციანი ჟიური – თამარ ბართაია [საქართველო] – ჟიურის თავმჯდომარე, არტურ ვებერი [ესტონეთი], რუსუდან გლურჯიძე [საქართველო].

კინოფესტივალი კინოთეატრ „აპოლოში“ გაიმართება, ასევე, კინოჩვენებები შედგება ღია ცის ქვეშ – ევროპის მოედანზე.

კინოსეანსებზე დასწრება თავისუფალია. ბილეთები გაიყიდება მხოლოდ „აპოლოში“ გამართულ ბოლო [ღამის] კინოსეანსზე, სექცია „დიდოსტატთა კოლექციაში“ ნაჩვენებ ფილმებზე. ფასი 5 ლარი იქნება.

ფოტოზე: „ლოტოს“ ჩვენება „აპოლოში“. ფოტო: BIAFF/facebook

ნახეთ დეტალურად:

ამავე თემაზე: 

ბათუმში კინოფესტივალი იწყება – ნახეთ პროგრამა

კრემლი კადიროვის ჯანმრთელობაზე: „ინფორმაცია არ გვაქვს“

ბოლო დღეებია სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილება დაუდასტურებელი ცნობები ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის გაუარესებული ჯანმრთელობის შესახებ.

დღეს, 18 სექტემბერს, კადიროვის ჯამრთელობის შესახებ შეკითხვა დაუსვეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანს, დიმიტრი პესკოვს.

რუსული სამთავრობო მედიის, „ტასის“ ცნობით, პესკოვმა განაცხადა, რომ რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმე.

„ამ საკითხზე ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ნაკლებად  შეუძლია ჯანმრთელობის ცნობის გაცემა. შესაბამისად, აქ არაფერი გვაქვს სათქმელი“, – თქვა პესკოვმა.

კითხვაზე, იყო თუ არა კადიროვი მოსკოვში გასულ კვირას და შეხვდა თუ არა ის ვლადიმერ პუტინს, პესკოვმა თქვა, რომ კადიროვი პუტინს არ შეხვედრია.

რუსული მედია დღეს, 18 სექტემბერს, ავრცელებს გამოცემა „ეხო მასკვის“ ყოფილი მთავარი რედაქტორის, ალექსეი ვენედიქტოვის [რუსეთში მიჩნეულია „უცხოურ აგენტად“] ციტატას იმის შესახებ, რომ კადიროვს თირკმლის უკმარისობის სერიოზული ფორმა აქვს, რაც რეგულარულ ჰემოდიალიზს საჭიროებს.

გუშინ, 17 სექტემბერს, რამზან კადიროვმა ტელეგრამზე გამოაქვეყნა ვიდეო სეირნობიდან, ინტერნეტში გავრცელებული ხმების საპასუხოდ მისი ავადმყოფობის შესახებ და დაწერა, რომ ჯანმრთელადაა.

კონტრშეტევის შედეგად უკრაინამ სამხრეთით გაათავისუფლა 260 კვ. კმ-ზე მეტი – მალიარი

დღეს, 18 სექტემბერს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ სამხრეთით, კონტრშეტევის შედეგად, უკრაინელმა ჯარებმა გაათავისუფლეს 260 კვადრატულ კმ-ზე მეტი, ხოლო ბახმუტის მიმართულებით – 51 კვ. კილომეტრი.

მან აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები ახლა მიიწევენ მელიტოპოლის მიმართულებით.

მალიარის თქმით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა გასული კვირის განმავლობაში 5,2 კვ. კილომეტრი გაათავისუფლეს სამხრეთ ფრონტზე, რობოტინოს სამხრეთით და აღმოსავლეთით, ასევე, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტთან 2 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს.

ჯამში, ბახმუტის მიმართულებით, უკრაინელებმა კონტრშეტევის შედეგად, 51 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკული მედიისთვის მიცემულ ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ მან იცის, სად შეძლებენ უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის თავდაცვის ხაზის გარღვევას, მაგრამ ამაზე არ ისაუბრებს.

„თავდაცვის ხაზის გარღვევა იოლი არ არის. ეს მოხდება. ამაში დარწმუნებული ვარ. ვერ ვიტყვი, ეს სად მოხდება უფრო სწრაფად. არ შემიძლია ამაზე ლაპარაკი… ვიცი, სად ვაპირებთ გარღვევას“ – თქვა ზელენსკიმ.

მოწმის სახით მიბარებენ საქმეზე, სადაც ადვოკატი ვარ – ზაზა პაპიძე

„მოწმის სახით მიბარებენ საქმეზე, სადაც ადვოკატი ვარ. უწყება არ ჩავიბარე და ვუთხარი, რომ არ ვაძლევ ჩვენებას. მათი მიზანია, საადვოკატო საქმიანობა შემიზღუდონ,“ – ამბობს ადვოკატი ზაზა პაპიძე. მან დღეს, 18 სექტემბერს, ბრიფინგი გამართა და მოწმის სახით ადვოკატის დაბარება გააპროტესტა.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ადვოკატს არ აქვს ვალდებულება მოწმედ დაიკითხოს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა საქმეში ადვოკატის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.

„იფიქრეს, როგორ ამაცილონ საქმეს ადვოკატი, რომელიც იურიდიულ კონსულტაციას ვუწევდი კლიენტებს და ვიცავდი მათ ინტერესებს. მოიფიქრეს, რომ თითქოსდა ვარ მოწმე და ამ საფუძვლით არ მაძლევენ საშუალებას, დაცვა განვახორციელო, თუმცა ვფიქრობ, სასამართლო მაინც მომცემს საშუალებას დავიცვა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები და განვახორციელო პროფესიული საქმიანობა.

საშიშია და განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ მოფიქრებული აბსურდით ნებისმიერი ადვოკატის აცილება შეუძლიათ საქმეში, ეს თუ გაუვიდათ, რადგან ნებისმიერ ადვოკატს ეტყვიან, შენ იქ იმყოფებოდი და უნდა დაგკითხოთ მოწმედ, რის გამოც ვეღარ დაიცავო. ეს არის პირდაპირ საადვოკატო საქმიანობაში ხელის შეშლა და უკანონო ჩარევა, აღნიშნულზე უნდა დაიწყოს გამოძიება და პასუხისგებაში უნდა მიეცეს დანაშაულის ჩამდენი გამომძიებელი,“ – ამბობს ადვოკატი ზაზა პაპიძე.

ზაზა პაპიძეს გამოძალვის მუხლით დაწყებულ საქმეზე იბარებდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტი მოწმის სახით.

რატომ არ არის შესაძლებელი, გამოძიება ჰქონდეს ინტერესი არა ადვოკატის დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, არამედ სხვა გარემოებაზე, რაც ამ საქმეს უკავშირდება და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია? – ზაზა პაპიძე მიიჩნევს, რომ ამის უფლება საგამოძიებო ორგანოს არ აქვს, რადგან ის ამ საქმეში ჩართეს, როგორც ადვოკატი.

ადვოკატის მოწმის სახის დაბარებას გამოეხმაურა საქართველოს ადვოკატთა ასოაციაცია:

„გვინდა ყველას შევახსენოთ, რომ ადვოკატი არ შეიძლება იყოს მოწმე იმ საქმეზე, რომელშიც ის მონაწილეობს როგორც ადვოკატი და განხორციელებული აქვს კლიენტის იურიდიული მომსახურება, მათ შორის, იურიდიული რჩევის მიცემა. „ადვოკატთა შესახებ“ კანონის 38.(6) მუხლის ძალით, კონფიდენციალურია ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც ადვოკატმა მიიღო კლიენტისაგან ან იურიდიული რჩევის მიღების სხვა მსურველისაგან პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას.

შესაბამისად, ადვოკატის გამოკითხვა ან/და მოსამართლის წინაშე მოწმედ დაკითხვა იმ საქმეზე, რომელშიც იგი ასრულებს თავის პროფესიულ მოვალეობებს, დაუშვებელია, ხოლო ადვოკატის უარი მონაწილეობა მიიღოს მოწმედ დაკითხვაში – კანონიერი,“ – აღნიშნულია ადვოკატთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ადვოკატის მოწმის სახით დაბარებაზე შსს-ს კომენტარს ამ უწყებიდან ინფორმაციის მოწოდებისთანავე გაგაცნობთ.

ათასობით რუსი ელიტარული მედესანტე გადაიყვანეს რობოტინოსთან – ბრიტანეთის დაზვერვა

ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთმა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გააძლიერა 58-ე კომბინირებული შეიარაღების არმია ორეხოვოს მიმართულებით, ზაპოროჟიეს ოლქში – წერს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახური ტვიტერზე დღეს, 18 სექტემბერს.

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო დესანტის სულ მცირე 5 პოლკი მე-7 და 76-ე დივიზიებიდან, სავარაუდოდ, ახლა კონცენტრირებულია ფრონტის ხაზზე, სოფელ რობოტინოდან რამდენიმე კილომეტრში.

დაზვერვის ცნობით, საუბარია დაახლოებით 10 000 ელიტარულ მედესანტეზე. თუმცა, დაზვერვა ვარაუდობს, რომ ამ დანაყოფების შესაძლებლობები მკვეთრად დაქვეითებულია.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის განმავლობაში რუსი მეთაურები ცდილობდნენ საჰაერო-სადესანტო ძალების რეგენერაციას დამრტყმელი შეტევითი ოპერაციებისთვის და კიდევ ერთხელ, საჰაერო-სადესანტო ძალები გამოიყენება ფრონტის ხაზზე, სახმელეთო ძალების გასაძლიერებლად, რაც, ამ ძალების მიერ, სავარაუდოდ, უკიდურესად არადამაკმაყოფილებლად ფასდება.

სოფელი რობოტინო ზაპოროჟიეს ოლქში აგვისტოს ბოლოს უკრაინელმა მებრძოლებმა სრულად გაათავისუფლეს ოკუპაციისგან.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით, უკრაინის წინსვლა რობოტინოსთან ტაქტიკურად მნიშვნელოვანია და წინსვლა ამ რაიონში, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს რუსული ძალების დასუსტებას, რომელთაც მნიშვნელოვანი ძალისხმევა, რესურსები და პერსონალი ჩადეს რობოტინოს გარშემო პოზიციების დასაკავებლად.

AD BLACK SEA 2023 დასრულდა – გამარჯვებულები ცნობილია

16 სექტემბერს, ბათუმის საზაფხულო თეატრში, კრეატიული ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალის, Ad Black Sea 2023-ის დახურვის ცერემონიალი და დაჯილდოება გაიმართა.

კონკურსანტები სხვადასხვა ქვეყნიდან ერთმანეთს 14 კატეგორიაში (მათ შორის: ბრენდინგი, მდგრადობა, დიზაინი, ციფრული კომუნიკაცია) ეჯიბრებოდნენ. მათ
საერთაშორისო ჟიურის 4 გუნდი აფასებდა. გრანპრი აზერბაიჯანულ Endorphin-ს ერგო, , ხოლო Windfor’s წლის საუკეთესო ქართულ სააგენტოდ დასახელდა ACAG-ის რეიტინგის მიხედვით.

[red_box]ყველა გამარჯვებულის სანახავად დააწკაპუნეთ აქ [/red_box]

“მიხარია, რომ ყოველწლიურად საკონკურსო პროგრამაში სულ უფრო მეტი საერთაშორისო განაცხადი შემოდის. ეს ნიშნავს, რომ სწორ გზას ვადგავართ რეგიონული მნიშვნელობის ფესტივალად ჩამოყალიბების მიმართულებით. წელს, გამარჯვებულები საქართველოდან, უნგრეთიდან , ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან გვყავს. დარწმუნებული ვარ, ეს ტენდენცია შენარჩუნდება და მომავალ წლებში კიდევ უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს”,- ამბობს სოფო კეჩხოშვილი, საკონკურსო პროგრამის ხელმძღვანელი.

“კრეატიული ინდუსტრია მთელს მსოფლიოში დიდწილად დამოკიდებულია მსგავს ფესტივალებზე, რადგან ამ ღონისძიებებზე ხარისხის გარკვეული სტანდარტი იქმნება. მოპოვებული წარმატება სააგენტოებს თავიანთი მომსახურების უკეთ გაყიდვაში ეხმარება. ამიტომაც განსაკუთრებით მიხარია, რომ ასეთ ხანმოკლე დროში Ad Black Sea კრეატიულ ინდუსტრიაში რეგიონის მთავარ მოვლენად იქცა. თუმცა ამბიციები და სამომავლო გეგმები კიდევ უფრო დიდია – მჯერა და იმედი მაქვს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ადგილს გლობალური ფესტივალების ტოპ ჩამონათვალშიც დავიმკვიდრებთ”,- ამბობს ვატო ქავთარაძე, ფესტივალის დამფუძნებელი.

Ad Black Sea 2023 14-16 სექტემბერს, ტრადიციულად, ბათუმში გაიმართა. 1300-ზე მეტ ქართველ და უცხოელ დელეგატს მსოფლიოს სარეკლამო ინდუსტრიის საერთაშორისო ლიდერების გამოსვლებზე, პანელურ დისკუსიებზე, ვორქშოპებსა და დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრების საშუალება მიეცა.

შარშანდლის მსგავსად, ფესტივალმა წელსაც Russia-free პოლიტიკა გააგრძელა და არ უმასპინძლა სტუმრებსა თუ ნამუშევრებს რუსეთსა და ბელორუსიდან.

წლევანდელ სპიკერებს შორის იყვნენ:

რორი საზერლენდი / Rory Sutherland

რორი Ogilvy-ს თავმჯდომარის მოადგილეა – მიმზიდველად ბუნდოვანი პოზიცია, რომელმაც საშუალება მისცა, დაენერგა ბიჰევიორისტული მეცნიერების პრაქტიკა თავის სააგენტოში. რორი მუშაობს ფსიქოლოგიის კურსდამთავრებულებთან, რომლებიც მომხმარებლის ქცევაში “უხილავ შესაძლებლობებს” ეძებენ – ხშირად ეს კონტექსტის მცირე ცვლილებებია, რომლებიც ადამიანების გადაწყვეტილებებზე უზარმაზარ გავლენას ახდენს – მაგალითად, ქოლცენტრის გაყიდვების გასამმაგება სკრიპტში მხოლოდ რამდენიმე წინადადების დამატებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბევრი სააგენტო ისაუბრებს “შეძენილ, ფლობაში არსებულ და მოპოვებულ” მედიაზე: ჩვენ ასევე ვეძებთ “გამოგონილ მედიას” და “აღმოჩენილ მედიას”: იმ მოულოდნელი (და იაფი) ცვლილებების ძიებით კონტექსტში, რომლებიც ადამიანების ქცევასა და ქმედებებს ცვლის. ეს ძალიან ღირებული აქტივობაა – მაგრამ არც ისე შემოსავლიანი. ასე იმიტომ ხდება, რომ კლიენტებს, როგორც წესი, არ აქვთ ბიუჯეტი იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც არ ეგონათ, რომ გააჩნდათ. Ogilvy-ს ბიჰევიორული პრაქტიკის დაარსებამდე, რორი სააგენტოს ქოფირაითერისა და კრეატიული დირექტორის პოზიციას 20 წლის მანძილზე იკავებდა. სხვადასხვა დროს, ის IPA-ს პრეზიდენტი, კანის ფესტივალის Direct Jury-ს პრეზიდენტი და TED Global-ის სპიკერი გახლდათ. რორი რეგულარულად წერს გამოცემებისთვის Spectator, Market Leader & Impact, ასევე პერიოდულად – Wired-ისთვის.

მარკ პოლარდი / Mark Pollard

მარკი მართავს სტრატეგიის ტრენინგ კომპანიას, Sweathead-ს, 18000 სტრატეგის ქომიუნითის და მიყავს პოდკასტი 1,4 მილიონზე მეტი მსმენელით. ბოლო წლებში, მან კონსულტაცია გაუწია და ტრენინგი ჩაუტარა ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა The Wall Street Journal, Twitter, Complex Media, EA Games, The Economist და სააგენტოები მთელი მსოფლიოს გარშემო. 2020-ში მარკმა გამოაქვეყნა Kickstarter-ის დაფინანსებული წიგნი Strategy Is Your Words – 400-გვერდიანი ნაშრომი, რომელიც სტრატეგების გონებაში ჩახედვის საშუალებას გვაძლევს და აწყობილია მოდელზე სახელწოდებით The Four Points. უკვე 6000 ეგზემპლარია გაყიდული Amazon-ზე ხელმისაწვდომობის გარეშე.

მარი რაიგ ფლორენსა / Marie Reig Florensa

მარი ჰუმანისტი, ქოუჩი და ე.წ. heart-based ლიდერშიფის ექსპერტია, რომელიც ადამიანური ღირებულებების, ლიდერშიფისა და კრეატიულობის გადაკვეთების კვლევაშია. მარის კრეატიულ ინდუსტრიებში, მეინსტრიმ თუ ნიშურ პროექტებში, გუნდებსა და ორგანიზაციებში 20 წელიწადზე ხანგრძლივი მუშაობის გამოცდილება აქვს. მისი მისაა, წარმოაჩინოს, რომ ყოველი მცირე ჟესტი მასობრივი კონსტრუქციის იარაღია და ჩვენი ცხოვრება ჩვენი ყველაზე მშვენიერი ხელოვნების ნიმუშია.

რიკარდო ვოლფი / Ricardo Wolff

რიკარდო ვოლფი 2018 წლიდან Innocean Berlin-ის აღმასრულებელი კრეატიული დირექტორია. მას არა ერთი ფესტივალის გრანპრი აქვს მოპოვებული ისეთ კლიენტებთან

თანამშრომლობით, როგორებიცაა Volkswagen, Kia, Ikea and Anne Frank House – მათ შორის, გერმანიის პირველი ტიტანის ლომი. გულით მწერალს, სწამს, რომ AI ვერაფრით წაართმევს სამსახურს.

აგა იონსდოტირი / Agga Jónsdóttir

აგა იონსდოტირი Pipar/TBWA-ს CXO, CD და პარტნიორია. პროფესიით გრაფიკული დიზაინერი, ახლა მაგისტრის ხარისხის დასაცავად გენდერის სწავლებაში ემზადება. აგას მარკეტინგსა და რეკლამის ინდუსტრიაში მუშაობის 20 წელიწადზე ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. მას მოგებული აქვს არა ერთი საერთაშორისო ფესტივალის ჯილდო. სხვადასხვა დროს, იყო ისლანდიური ფესტივალების, FÍT და Lúðurinn-ის ჟიურის წევრი, გასულ წელს კი Ad Black Sea-ს პრინტისა და დიზაინის ჟიურის თავმჯდომარე.

„ყოველდღე მივდივართ წინ, ჩვენ არ უნდა მივცეთ პუტინს მოსვენება“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი ჟურნალისტის, სკოტ პელის სატელევიზიო გადაცემაში – „60 წუთი“ უკრაინის კონტრშეტევის ტემპზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ახლა მნიშვნელოვანია, უკრაინელებმა თუნდაც მცირედით წაიწიონ წინ და მოსვენება არ მისცენ რუსეთის საოკუპაციო ძალებს.

„ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიის რაც შეიძლება დიდი ნაწილი და წინ წავიწიოთ, თუნდაც ეს იყოს (ნახევარ მილზე) ან (ას) მეტრზე ნაკლები, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. ჩვენ არ უნდა მივცეთ პუტინს მოსვენება“ – თქვა ზელენსკიმ.

მან დაადასტურა, რომ კონტრშეტევაზე პროგრესი ნელია, მაგრამ უკრაინის ჯარები აგრძელებენ წინსვლას. მისი თქმით, ახლა ფრონტის ხაზი საარტილერიო დუელში გადაიზარდა, რუსები და უკრაინელები დღეში 40 000 ჭურვს ისვრიან და დრონების ომმა ასევე შეანელა პროგრესი.

„ეს რთული ვითარებაა. მე ვიქნები აბსოლუტურად გულწრფელი, ჩვენ გვაქვს ინიციატივა. ეს არის პლუსი. ჩვენ შევაჩერეთ რუსეთის შეტევა და დავიწყეთ კონტრშეტევა და მიუხედავად ამისა, ეს არ არის ძალიან სწრაფი, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყოველდღე მივდივართ წინ და ვათავისუფლებთ ტერიტორიებს“, – თქვა ზელენსკიმ.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 18 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 272 940 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +620]
  • ტანკი – 4 623 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 8 834 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 6 027 ერთეული [+24]
  • MLRS – 776 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 525 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 769 ერთეული [+27]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 462 ერთეული [+7]
  • გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 8 571 ერთეული [+34]
  • სპეცტექნიკა – 901 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 18 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 472 თვითმფრინავი
  • 249 ვერტმფრენი
  • 6 865 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 437 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 11 931 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 151 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 426 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 13 121 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„ყოველდღე მივდივართ წინ, ჩვენ არ უნდა მივცეთ პუტინს მოსვენება“ – ზელენსკი

2,8 მილიონად აშენებულ კორპუსში წყალი ჩადის, ბსუ ამბობს, რომ მშენებელ კომპანიას ვერ უკავშირდება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა [ბსუ] ლეონიძის №15-ში, ახალაშენებული სასწავლო კორპუსის ფასადისა და სახურავის რეაბილიტაციაზე ტენდერი 405 ათასი ლარით გამოაცხადა.

აღნიშნული სასწავლო კორპუსის მშენებლობა სამი წლის წინ, 2020 წელს დასრულდა, თუმცა, უნივერსიტეტის ინფორმაციით, შენობაში წყალი ჩადის. სახურავზე საგარანტიო ვადა ვრცელდება, მაგრამ ბსუ-ში ამბობენ, რომ მშენებელ კომპანიას ვერ უკავშირდებიან.

„ახლა პრობლემას მოვაგვარებთ და შემდეგ მთლიანი ხარჯის ასანაზღაურებლად, კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოს მივმართავთ“, – აცხადებენ უნივერსიტეტში.

შენობის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ ჩინური კომპანიის საქართველოს ფილიალს [შპს „ჩაინა ენერჯი ენჯინერინგ გრუპ ნორთვესტ პოვერ კონსტრაქშენ ენჯინერინგ კო-ს საქართველოს ფილიალი“] ბსუ-მ სამსართულიანი სასწავლო კორპუსის მშენებლობის, ღობის მოწყობისა და ვერტიკალური დაგეგმარების სამუშაოებში, ჯამში 2 884 886 ლარი გადაუხადა.

შესაბამისი ხელშეკრულების მიხედვით, სახურავზე საგარანტიო ვადა 10 წელი იყო, რომლის ათვლაც საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან, 2020 წლის 10 ივლისიდან დაიწყო.

ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ „საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს გამოვლენილი დეფექტის/ნაკლის აღმოფხვრა, შეკეთება ან შეცვლა.“

ვინაიდან ახალაშენებული კორპუსის სახურავზე საგარანტიო ვადა კიდევ მომდევნო 7 წელი ვრცელდება, რატომ ხარჯავს უნივერსიტეტი მის რეაბილიტაციაზე დამატებით თანხას და რატომ არ ავალდებულებს მშენებელ კომპანიას სახურავის დეფექტის აღმოფხვრას ან/და შეცვლას, როგორც ეს ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული?

ამ შეკითხვით „ბათუმელები“ ბსუ-ს კანცლერს, მერაბ დიასამიძეს დაუკავშირდა.

ბსუ-ს ახალი კორპუსი ლეონიძის ქუჩაზე [უკანა ხედი], რომელიც 2020 წელს დასრულდა და ხელახლა სარეაბილიტაციოა /ფოტო: „ბათუმელები“/16.09.2023
„2020-ში ჩაბარდა ობიექტი. შენობას აქვს ხარვეზები, რის გამოც ზიანდება ინვენტარი. ჩვენს მიერ კომპანიისთვის არაერთხელ იქნა გაგზავნილი შეტყობინება, რომ ხარვეზი გამოსწორებულიყო. კომპანიას აღნიშნულთან დაკავშირებით არ აქვს რეაგირება, უფრო მეტიც, წერილები გვიბრუნდება უკან. არსებულ სიტუაციაში კი, ყოველდღიურად ზიანი იზრდება. ექსპერტიზით დადგენილია ყველა ხარვეზი – სახურავიდან ჩამოდის წყალი, ფასადიდანაც შემოდის, ფანჯრებიდანაც…“ – გვითხრა მერაბ დიასამიძემ სატელეფონო საუბარში.

მისივე თქმით, „რახან კომპანია არ ჩანს“, უნივერსიტეტი იძულებულია მოაგვაროს ეს პრობლემა, „დადგინდეს ზარალი, გავხადოთ დათვლადი – რასაც უნივერსიტეტი გაიღებს ამ მიმართულებით და შემდეგ გადავინაცვლოთ სასამართლო დარბაზში. ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ხარჯი, ექსპერტიზა და სხვა, ერთობლივად შეიკვრება, ამის შემდეგ მივმართავთ უკვე სასამართლოს კომპანიის წინააღმდეგ და მოვითხოვთ ზარალის/ხარჯის ანაზღაურებას.“

„ვნახოთ როგორ ჩატარდება ეს ტენდერი – რა ფასი დაფიქსირდება. დამატებითი სარჩელების აუცილებლობა რომ არ გაჩნდეს შემდეგ საქმეში, ჩვენი პოზიციაა, რომ ერთიანი ძალით, სრულად შეკრული დოკუმენტაციით მივმართოთ სასამართლოს.“ – ამბობს კანცლერი.

მერაბ დიასამიძის თქმით, უნივერსიტეტმა წერილი კომპანიას პირველად 2021 წლის 22 მარტს, შემდეგ პირველ აპრილს, 12 ივლისს, ასევე 2022 წლის პირველ დეკემბერს გაუგზავნა. წერილი გაიგზავნა მიმდინარე წელსაც, თუმცა, კომპანიას არცერთი არ ჩაბარდა. კანცლერი ამბობს, რომ წერილები კომპანიას გაუგზავნეს „საქართველოს ფოსტით“ თბილისში, იურიდიულ მისამართზე და გაუგზავნეს ელექტრონული ფოსტითაც. კომპანიასთან დაკავშირება ვერ ხერხდება ვერც ტელეფონის საშუალებით“.

კომპანიასთან დაკავშირება „ბათუმელებმაც“ სცადა, თუმცა, დოკუმენტებში მითითებული ნომერი გამორთულია.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 20 ივნისს, შპს „ჩაინა ენერჯი ენჯინერინგ გრუპ ნორთვესტ პოვერ კონსტრაქშენ ენჯინერინგ კო-ს საქართველოს ფილიალმა“ საჯარო რეესტრს დირექტორის ცვლილების მოთხოვნით მიმართა [ამ დროისთვის სარეგისტრაციო წარმოება შეწყვეტილია.]

ბსუ-ს ახალი კორპუსის სახურავი, რომელშიც, უნივერსიტეტის ინფორმაციით წყალი ჩადის და სარეაბილიტაციოა. სახურავს კიდევ 7 წელი აქვს საგარანტიო ვადა, თუმცა ბსუ მშენებელ კომპანიას ვერ უკავშირდება, ამიტომ სახურავს თავისი ხარჯებით შეცვლის / ფოტო ტენდერიდან

ამ ეტაპზე კორპუსს ბრტყელი გადახურვა აქვს. ბსუ-ში კი გადაწყვიტეს, რომ ეს შეცვალონ და შენობა ტრაპეციის ფორმით, თუნუქით გადახურონ.

ნახაზი სარეაბილიტაციო პროექტიდან

ახალი კორპუსის სახურავისა და ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 30 სექტემბერს დაიწყება და 5 ოქტომბერს დასრულდება. სამუშაოები კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადების დღიდან არაუმეტეს 90 დღეში უნდა დასრულდეს.

განახლება: ბსუ-მ ტენდერში გამარჯვებულად შპს „აჭარა“ გამოავლინა, რომეთანაც ხელშეკრულება 2023 წლის 25 ოქტომბერს 319 998 ლარზე გააფორმა.

ახალი კორპუსის მშენებლობის დეტალები

ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობის, ღობის მოწყობისა და ვერტიკალური დაგეგმარების სამუშაოებზე ტენდერი ბსუ-მ 2017 წლის 29 დეკემბერს გამოაცხადა.

ტენდერში 8 კომპანია მონაწილეობდა, გამარჯვებულად კი, სატენდერო კომისიამ შპს „ჩაინა ენერჯი ენჯინერინგ გრუპ ნორთვესტ პოვერ კონსტრაქშენ ენჯინერინგ კო-ს საქართველოს ფილიალი“ გამოავლინა, რომელიც მომსახურებას 2,6 მილიონად სთავაზობდა უნივერსიტეტს [ჩინურ კომპანიასთან შედარებით ნაკლები ფასი 2,5 მილიონი ლარი ჰქონდა შეთავაზებული ერთ-ერთ პრეტენდენტს, თუმცა, მას დისკვალიფიკაცია მისცეს].

ბსუ-მ ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულება 2 660 543 ლარზე, 2018 წლის 21 თებერვალს გააფორმა. სამუშაოები იმავე წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი კომპანიასთან 2020 წლის ივლისში გაფორმდა.

მანამდე ხელშეკრულებაში ცვლილება 7-ჯერ შევიდა. შესყიდვების პორტალის მიხედვით, სახელშეკრულებო თანხა 2 925 235 ლარამდე გაიზარდა, კომპანიას კი, საბოლოოდ, უნივერსიტეტმა ჯამში 2 884 886 ლარი გადაურიცხა.

საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტს, თან ახლავს ექსპერტიზის დასკვნაც [შპს „ბათ ექსპერტი“], რომელშიც ხაზგასმულია, რომ ახალი კორპუსის მშენებლობის „სამუშაოები შესრულებულია მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და ხელშეკრულების მოთხოვნების შესაბამისად“.

შპს „ბათ ექსპერტის“ ექსპერტიზის დასკვნა / ამონარიდი შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტებიდან

ბსუ-ს ტენდერი 2 957 000 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

„ბათუმელების“ მიერ შესყიდვების პორტალზე გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ ჩინური კომპანიის ფილიალს, სულ 2 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, ერთში საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ მას დისკვალიფიკაცია მისცა, მეორე ტენდერი კი, იყო ბსუ-სი, სადაც გამარჯვებულად გამოავლინეს.

ჩინური კომპანიის ფილიალი საქართველოში ბსუ-ს მიერ ტენდერის გამოცხადებამდე 6 თვით ადრეა დარეგისტრირებული.

ამ თემაზე:

ბსუ-ს ახალ კორპუსს ჩინური კომპანია 2,6 მილიონ ლარად ააშენებს

 

„ასე თუ გაგრძელდა აზრი არ აქვს“ – თხილი ფასს კარგავს, ფერმერები იმედს

„შეღავათი არის მაგრამ …“ – ასე იწყებენ ფერმერები საუბარს იმაზე, თუ რა შეცვალა თხილის მოსავლის სუბსიდიის სახელმწიფო პროგრამამ მათთვის. „მაგრამ“-ის შემდეგ ჰყვებიან პრობლემებზე, რომელთა ჩამონათვალიც, გრძელი და ერთმანეთისგან განსხვავებულია.

ფერმერები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან განსხვავებულ მიზეზებს ასახელებენ იმის ასახსნელად, თუ რატომ დგას საკითხი მათთვის ისევ კითხვითი ნიშნის ქვეშ – გააგრძელონ თუ არა თხილის ბაღების მოვლა.

ბევრს წელს მოსავალი გაუფუჭდა. მაღალი ხარისხის თხილის მიღება ბევრ მნიშვნელოვან მოთხოვნას აერთიანებს, რაც დიდ დანახარჯს და დიდ შრომას მოითხოვს. ერთი შეცდომაც კი, შესაძლოა მოსავლის ხარისხის დაკარგვის ფასად დაგიჯდეს. ამის მიზეზი შეიძლება დაავადებასთან ბრძოლისთვის შეძენილი პრეპარატიც იყოს [ფერმერების თქმით, ის ხშირად უხარისხოა] და შეიძლება მისი გამოყენების დაგვიანებაც.

ფერმერები ამბობენ, რომ ხარისხი სიზუსტეს მოითხოვს: „ყველაფერი დროულად უნდა გააკეთო.“

ლაბორატორიულად შემოწმებული მაღალი ხარისხის გამხმარი თხილის ფასი წელს 5-7 ლარია, დაბალი ხარისხის თხილის ფასი კი 2.5-დან 3.5-ლარამდე მერყეობს.

  • უღირთ თუ არა?

„ასეთი ფასი თუ შენარჩუნდა კიდევ ორი წელი გავძლებ, შემდეგ ალბათ მივიღებ გადაწყვეტილებას, რომ ამ საქმეს შევეშვა“ – გვიყვება ახალგაზრდა ფერმერი, მირზა შოთიძე ხელვაჩაურიდან. ექვსი წელია, რაც მირზამ თხილის ბაღების მასშტაბი გააფართოვა და მათ წესების დაცვით უვლის. ახლა მირზას 3 ჰექტარზე გაშენებული თხილის ბაღი აქვს.

„სჭირდება შეწამვლა დროულად, სასუქი, გასხვლა-გასუფთავება, ბალახის გაცელვა. მოსავლის ასაღებად მუშახელის დაქირავება და არამხოლოდ. გაცელვაშიც დამჭირდა დახმარება. 1 დღე მუშაობა გაცელვაზე 60 ლარია. თხილის შეგროვებაზე კი – 50 ლარი. ნაკლებად არავინ დაგეხმარება “ – გვიყვება მირზა, რომელიც ძირითად დროს თხილის ბაღში ატარებს, ოჯახთან ერთად.

მირზა შოთიძის თქმით, ფასი ყოველწლიურად იკლებს:  „წელს თხილის ფასი ხელვაჩაურის მიმღებში 5  ლარია, გასულ წელს, ამ დროს ჯერ 6.5 იყო, შემდეგ დაიკლო და 6 ლარი გადაგვიხადეს.“

სახელმწიფო სუბსიდია ერთ ჰექტარზე ხუთას ქულას, შესაბამისად 500 ლარით დახმარებას ითვალისწინებს. ფერმერებისთვის ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ თხილის მოყვანა მათთვის „მომგებიან საქმედ დარჩეს და ამ საკითხზე ეჭვები გაქარწყლდეს“; „სუბსიდია წამალს ჰყოფნის“.

ჯონი მიქელაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარიდან გვიხსნის, რომ თხილის მოყვანა-ჩაბარებასთან დაკავშირებით ბევრი საკითხია დასარეგულირებელი და ეს სახელმწიფომ უნდა გააკეთოს.

„ფასი დაბალია 2.5 ლარიდან 3.5 ლარამდე. მე არ გამიყიდია. დავასაწყობე და შევინახე. არა, ეს ქარხნების ფასი არ არის. გზებზე, რომ დგანან ე.წ. მეჩაქუჩეები, მათი ფასია. ქარხნები აწი იწყებენ მიღებას. სხვათა შორის ეს საკითხი დასარეგულირებელია. მთავრობა არ უყურებს მაგ ამბავს და არ ვიცი როგორ იქნება. ქარხნები არ იწყებენ მიღებას. ყიდულობენ კერძო შემსყიდველები. შემდეგ ისინი ახმობენ ამ თხილს და ყიდიან ძვირად. ამიტომ გლეხს აღარც უღირს თხილის მოკრეფა. ბოლოს ეს თხილი მაინც ქარხანაში მიდის. ეს ასოციაციის ქარხნებია. მე გაწევრიანებული ვარ და ვინახავ თხილს, რაღაცას ვახერხებ. მაგრამ ყველა ვერ ახერხებს“ –  გვიყვება ჯონი მიქელაძე.

„თხილის მიმღები პუნქტი“ / ფოტო: „ბათუმელები“

რატომ უნდა აწყობდეს გადამამუშავებელ ქარხანას მოსავლის მიღების დაგვიანება და შემდეგ პროდუქტის გადამყიდველებისგან ძვირად შესყიდვა, მაშინ როცა შეუძლია ფერმერისგან იაფად შეიყიდოს? – ჯონი მიქელაძეს ვკითხეთ, არსებობს თუ არა რაიმე კავშირი შემსყიდველ ქარხნებსა და ე.წ. გადამყიდველებს შორის, ის მოკლედ გვპასუხობს, რომ „იქნება“.

ყველა რომ ვერ მოახერხებს თხილის შენახვა-დასაწყობებას იმისთვის, რომ შემდეგ ის ძვირად გაყიდოს, მირზა შოთიძეც ეთანხმება. მისი თქმით წელს ხუთი ლარია გამხმარი [50%-ით] თხილის ფასი. მირზა მიიჩნევს, რომ ეს იმ შრომისა და დანახარჯის საპირწონე არ არის, რაც ხარისხიანი მოსავლის მიღებას სჭირდება.

  • დაავადებები და უხარისხო პრეპარატები

კიდევ ერთი პრობლემა რაზეც ფერმერები ჩივიან ეს მცენარის დაავადებები და უხარისხო პრეპარატებია. ქედელი დავით ფალავანდიშვილი გვიყვება, რომ პრეპარატი, რომელშიც ძვირი გადაიხადეს, დაავადებებთან ეფექტური არ აღმოჩნდა.

მისივე თქმით, სახელმწიფომ ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლებიც დააგვიანა: „გარდა იმისა, რომ დააგვიანეს. მხოლოდ გზაზე ჩამოიარა მანქანა. უბნებში არ შევიდნენ. კარგი იქნება თუ ხალხს კითხავენ, სად არის საჭირო შეწამვლა.“

  • თხილის მეწარმეთა ასოციაცია

თხილის მეწარმეთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი თოდუას ინფორმაციით ასოციაციამ ლანჩხუთში, სოფელ აკეთში ე.წ. საშრობი ააშენა, სადაც ასოციაციის ყველა წევრს შეუძლია დაასაწყობოს და გაახმოს თხილი, შემდეგ კი, იმ დროს გაყიდოს, როცა საჭიროდ ჩათვლის:

„ძალიან დიდი სივრცეა, ყველას ეყოფა ვინც დაინტერესდება. იქვე არის ლაბორატორიაც. როცა თავად აფასებენ პროდუქტს, ამბობენ ათიდან შვიდი თუ კარგია, ე.ი. კარგიაო. ასე არ არის. იქვე ლაბორატორიაში შემოწმებულ ხარისხიან თხილში ხუთიდან შვიდ ლარამდე გადავიხდით, თუ დაბალი ხარისხის თხილია 2.50-დან 3.50-მდე.“

რაც შეეხება მიმღებებს, რომლებსაც ფერმერები ქარხნებს უწოდებენ. გიორგი თოდუას განმარტებით ძირითადად ისინი კერძო, დაინტერესებული პირები არიან, რომლებსაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა აქვთ, აგროვებენ თხილს. ცდილობენ დაბალ ფასად შეიძინონ, შემდეგ აშრობენ და საბოლოოდ შეიძლება მათაც ასოციაციის საშრობში ჩააბარონ. ამიტომაც გიორგი თოდუა ურჩევს ფერმერებს პირდაპირ ასოციაციას მიმართონ.

თხილის მწარმოებელთა ასოციაცია პროექტის „ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივა” (NEO) ფარგლებში, ასვე,  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით დაფუძნდა, დაფუძნებისთანავე ასოციაციაში 83 ფერმერი გაწევრიანდა. ასოციაციას რამდენიმე პროექტი სახელმწიფომაც დაუფინანსა.

რეესტრის მონაცემებით ასოციაციის თავმჯდომარე მერაბ ჭითანავაა. ასოციაციის წევრები არიან მერაბ ჭითანავა, ლერი დოჩია, არჩილ ლოლუა, პაატა ფიფია, პაატა ლაგვილავა. აღმასრულებელი დირექტორი გიორგი თოდუაა.

  • სახელმწიფოს პასუხი

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ არ უპასუხა ჩვენს კითხვას, თუ რა ინფორმაციას ფლობს და რას სთავაზობს ფერმერებს იმ გამოწვევებზე, რაც დღეს მათ აქვთ: „ეს ცენტრალური პროგრამაა, ჩვენი არ არის“ გვითხრეს სამინისტროში.

თხილის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში ბაღების რეგისტრაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გასულ წელს დაიწყო. სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე 37 000 ჰექტარი  თხილის ბაღი დაარეგისტრირეს.

 

ბრალდებული ნარკოტიკს ბათუმში სხვადასხვა ადგილზე ათავსებდა და ფოტოებს შემძენს უგზავნიდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოსა და საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1980 წელს დაბადებული ო.ო. დააკავეს.

მას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება და საქართველოში უკანონოდ შემოტანა.

დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შემდგომი გასაღების მიზნით, ნარკოტიკულ ნივთიერებებს ბათუმში, სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდა, ფოტოებს უღებდა, შემდეგ კი შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით, ნარკოტიკის შეძენით დაინტერესებულ პირებს უგზავნიდა.

სამართალდამცველებმა ო.ო. ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 102 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღო, ხოლო, ბრალდებულის მიერ მითითებული ადგილებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 156 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონია“ ამოღებული.“ – აცხადებს შსს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო-შეძენა-შენახვა-გასაღებისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი მე-6, მე-7 ნაწილებით, ასევე, 262 -ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული უკრაინის მოქალაქეა.

ბახმაროში სასწრაფო დახმარების შენობის მშენებლობა იგეგმება

კურორტ ბახმაროში ჯანდაცვის სამინისტრო სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის აშენებას გეგმავს.

ერთი ხელშეკრულების ფარგლებში Design-Build მეთოდით, ბახმაროში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალის მშენებლობის მიზნით საჭირო არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერის გამოსაცხადებლად საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ამ ეტაპზე ბაზარს იკვლევს.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ თავიანთი წინადადებები და ფასები სამინისტროს მიმდინარე წლის 23 სექტემბრამდე მიაწოდონ.

ამასთან, პრეტენდენტი წინადადებების წარდგენამდე ვალდებულია:

  • „დეტალურად განიხილოს სატენდერო დოკუმენტაცია, რათა მკაფიოდ გაიგოს და გაიაზროს მოთხოვნები.
  • განახორციელოს საპროექტო ადგილის მონახულება, რათა ასევე მკაფიოდ გაიგოს შენობის ადგილმდებარეობა, წვდომა და შეზღუდვები.
  • მოამზადოს შენობის წინასწარი კონცეპტუალური განლაგება საპროექტო ტერიტორიაზე, მისი ადგილმდებარეობის, მისი შემოგარენისა და არსებული ნაგებობების გათვალისწინებით. მოგროვებული ინფორმაციის საფუძველზე, მოამზადოს წინადადება მოთხოვნებისა და საკუთარი კონცეპტუალური გადაწყვეტის საფუძველზე.
  • მოამზადოს სამუშაო გეგმა, რომელიც უნდა მოიცავდეს ყველა საფეხურს დაწყებული კვლევითი სამუშაოების ჩატარებიდან, სამუშაოების დასრულებამდე და ჩაბარებამდე, მათ შორის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, მიწის მომზადება მშენებლობისთვის, მასალებისა და საქონლის შეკვეთების განთავსების გეგმა და ა.შ.
  • მოამზადოს და წარმოადგინოს წინადადება სატენდერო დოკუმენტის მიხედვით.“

ბაზრის კვლევის დოკუმენტების მიხედვით, მიწის ნაკვეთი, სადაც სასწრაფო დახმარების შენობა უნდა აშენდეს სახელმწიფო საკუთრებაშია და მისი ფართობი 1 200 კვადრატული მეტრია.

საპროექტო ტერიტორია [მონიშნულია მწვანე ფერით] ბახმაროში, სადაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობა უნდა აშენდეს
ტერიტორიაზე არის „ორსართულიანი სადემონტაჟო შენობა, რომლის საორიენტაციო მოცულობა 269 კვადრატული მეტრია; სადემონტაჟო შენობის აუდიტის დასკვნა წარმოდგენილი იქნება ჩვენს მიერ და ვარგისი მასალის ფასი გამოიქვითება საერთო ღირებულებიდან… ტერიტორიის კეთილმოწყობა – გათვალისწინებული უნდა იქნეს პროექტირებისას“ – აცხადებს სამინისტრო.

პროექტირებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ასევე „კლიმატური ფაქტორები და შესაბამისი დატვირთვები შენობაზე. გადახურვის და კედლის თბოიზოლაცია შემოთავაზებული უნდა იქნას კლიმატური პირობების შესაბამისად. თბოიზოლატორი არ უნდა იყოს აალებადი, ცეცხლის გადამცემი ან ტოქსიკური.

ამასთან:

  • საპროექტო სივრცეების დეტალური რეკომენდაციები და მოთხოვნები დამუშავდეს სამინისტროს მოთხოვნების გათვალისწინებით;
  • შენობის/შენობების გარე იერსახე თანხვედრაში უნდა იყოს არსებულ გარემოსთან;
  • პროექტანტმა უნდა გაითვალიწინოს საპროექტო ტერიტორიის სპეციფიკაციები ტერიტორიაზე მისასვლელი გზები და შესაბამისად დაგეგმოს შენობა-ნაგებობების განლაგება პარკინგისა და ეზოს კეთილმოწყობა;
  • ობიექტის ენერგო რესურსებით უზრუნველყოფა უნდა მოხდეს მაქსიმალურად ეფექტურად“.

გეგმარება უნდა განხორციელდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ოთახების მიხედვით:

  • სამზარეულო/სასადილო – საორიენტაციო ფართობი 20 კვ/მ; საერთო მოსასვენებელი სივრცე [40კვ/მ]; საძინებელი ოთახი – 4 [თითოეული 25 კვ/მ]; სველ წერტილები და საშხაპეები – სტანდარტის შესაბამისად 12 ადამიანზე. ნარჩენების ოთახი [უნდა მოეწყოს სველი წერტილების სპეციფიკის გათვალისწინებით – 6 კვ/მ];
  • აფთიაქის ოთახი [5 კვ/მ]; ტექნიკური ოთახი 2 [თითოეული 6 კვ/მ]; სამუშაო ოთახები 5 [თითოეულის საორიენტაციო ფართობი 20 კვ/მ];
  • საპროექტო შენობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს წყლის 5-ტონიანი რეზერვუარით და სეპტიკით [6 კუბური მეტრი];
  • შენობას გარდა წყლის ელექტროგამათბობლებისა ასევე უნდა გააჩნდეს მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამაცხელებელი და შესაბამისი სიმძლავრის მზის ფოტოელექრტო სადგური.
  • პროექტირებისას გათვალისწინებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სივრცეების ადაპტაციის მოთხოვნები [პანდუსები, სველი წერტილი ან სხვა].

ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნით, მშენებლობაზე „აზბესტის შემცველი მასალის გამოყენება დაუშვებელია“.

პროექტირებისა და სხვა დოკუმენტების მომზადების შემდეგ, სამინისტროს გათვლებით, ბახმაროში სასწრაფო დახმარების შენობის „სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს 2024 წლის პირველი მაისიდან და უნდა დასრულდეს 2024 წლის 28 აგვიტოს ჩათვლით პერიოდში]“.

საპროექტო ტერიტორია ბახმაროში, სადაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობა უნდა აშენდეს

განახლება: ერთი ხელშეკრულების ფარგლებში Design-Build მეთოდით, კურორტ ბახმაროში მდებარე მიწის ნაკვეთზე, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალის მშენებლობის მიზნით საჭირო არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერი ჯანდაცვის სამინისტრომ 2023 წლის 5 ოქტომბერს გამოაცხადა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 147 008 ლარია. ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 22 ოქტომბერს დაიწყება და 27 ოქტომბერს დასრულდება.

მთავარი ფოტო: კურორტი ბახმარო / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

ბათუმის შემოსასვლელი, სადაც ზღვა დამცავ ჯებირს ანგრევს – ვის ევალება ავტომაგისტრალის მოვლა

ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე [მახინჯაურის სარკინიგზო გვირაბთან] მანქანების გადაადგილება რამდენიმე თვეა ფაქტობრივად საფრთხის შემცველია. აქ ზღვა, შტორმის დროს, გზის დამცავ კონსტრუქციას შლის.

რკინა-ბეტონის სპეციალური ბლოკები, რითაც აქ ხელოვნური ჯებირია მოწყობილი გზიდან გადავარდნილია. საფრთხის შემცველ ადგილზე ყვითელი ლენტიც გაუბამთ, თუმცა, ზღვას ის ბეტონის ბლოკიც გადაუგდია გზიდან, რომელზეც ეს ლენტი იყო მიბმული.

მახინჯაური-ბათუმის გზა / 15.09.2023 / გურამ მურვანიძის ფოტოები

გზის აღნიშნული მონაკვეთი მდებარეობს მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც ბათუმის მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფოს საკუთრებაშია.

ვინ არის გზის ამ მონაკვეთის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი? თქვენი შეფასებით რა სიტუაციაა ამჟამად აქ? რამდენად მდგრადია ნაპირსამაგრი კონსტრუქცია და იგეგმება თუ არა გზის გამაგრების[ზღვისგან დაცვის] ღონისძიებები? ასევე, დამცავი ჯებირის აღდგენა-გამაგრება? – ეს კითხვები „ბათუმელებმა“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ბათუმის მერიას დაუსვა.

დამცავი ჯებირი / მახინჯაური-ბათუმის გზა / 15.09.2023 / გურამ მურვანიძის ფოტოები

„გზის მოვლაზე პასუხისმგებელია ბათუმის მერია, რომელსაც აღნიშნული მონაკვეთი შარშან, 2022 წელს გადავეცით“ – მოგვწერეს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან.

დამცავი ჯებირი / მახინჯაური-ბათუმის გზა / 15.09.2023 / გურამ მურვანიძის ფოტოები

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით კი, ამ ეტაპზე მიმდინარეობს წინასაპროექტო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც მოხდება დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა.

„გზის აღნიშნულ მონაკვეთთან დაკავშირებით, წინასაპროექტო სამუშაოებზე მუშაობს კეთილმოწყობის სამმართველოს საპროექტო განყოფილება, რომელიც მოამზადებს ტექნიკურ დავალებას. ამის შემდგომ კი, მიეცემა საპროექტო კომპანიას პროექტის მოსამზადებლად.

მიმდინარე წელს დასრულდება საპროექტო სამუშაოები და შემდგომ გვეცოდინება დეტალები თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს.“ – მოგვწერეს ბათუმის მერიის სამმართველოდან.

გზა და დამცავი ჯებირი, რომელსაც ზღვა ანგრევს:
დამცავი ჯებირი / მახინჯაური-ბათუმის გზა / 15.09.2023 / გურამ მურვანიძის ფოტოები
დამცავი ჯებირი / მახინჯაური-ბათუმის გზა / 15.09.2023 / გურამ მურვანიძის ფოტოები
დამცავი ჯებირი / მახინჯაური-ბათუმის გზა / 15.09.2023 / გურამ მურვანიძის ფოტოები
დამცავი ჯებირი / მახინჯაური-ბათუმის გზა / 15.09.2023 / გურამ მურვანიძის ფოტოები
დამცავი ჯებირი / მახინჯაური-ბათუმის გზა / 15.09.2023 / გურამ მურვანიძის ფოტოები
დამცავი ჯებირი / მახინჯაური-ბათუმის გზა / 15.09.2023 / გურამ მურვანიძის ფოტოები
დამცავი ჯებირი / მახინჯაური-ბათუმის გზა / 15.09.2023 /

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 სექტემბრის 21 საათიდან 18 სექტემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით და დილით უმეტეს, დღისით კი, ზოგიერთ რაიონში დროგამოშვებით ელჭექის ხასიათის წვიმა;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა: 2-3 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +26 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 19 და 20 სექტემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 17 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 272 320 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +530]
  • ტანკი – 4 620 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 8 828 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 6 003 ერთეული [+15]
  • MLRS – 776 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 523 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 742 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 455 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 8 537 ერთეული [+12]
  • სპეცტექნიკა – 896 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაციაგანაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 17 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 472 თვითმფრინავი
  • 249 ვერტმფრენი
  • 6 838 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 437 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 11 919 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 151 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 411 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 13 090 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ბათუმის მერია ქუჩებში აყრილ ქვაფენილს ახლა 2 ნაწილად ყიდის – აუქციონი 800 000 ლარით არ შედგა

ბათუმის მერიამ ქალაქის ქუჩებში აყრილი ქვაფენილების გასაყიდად ამჯერად ორი აუქციონი გამოაცხადა. თითოეულ აუქციონზე 10 000 კვადრატული მეტრი ქვაფენილის საწყისი გასაყიდი ფასი 400 000 ლარია.

მერია ქვაფენილს ერთიანად ყიდდა, თუმცა, 20 ათასი კვადრატული მეტრი მეორადი ბუნებრივი გრანიტის ქვაფენილზე გამოცხადებული აუქციონი, სადაც საწყისი გასაყიდი ფასი 800 000 ლარი იყო, არ შედგა. ამ აუქციონში, რომელიც 11 სექტემბერს დასრულდა, მონაწილეობა არავინ მიიღო.

ხელახალი აუქციონები დაწყებულია და 22 სექტემბერს დასრულდება. ორთავე აუქციონში ვაჭრობის ბიჯი 12 000 ლარია.

ქვაფენილებს მერია ამ აუქციონებზეც უპირობოდ ყიდის. არშემდგარი აუქციონის შემდეგ, მერიას ჯამში, არც გასაყიდი ქვაფენილის რაოდენობა შეუცვლია და არც საწყისი გასაყიდი ფასი.

განახლება: არც ეს აუქციონები შედგა. მათში მონაწილეობა არავინ მიიღო.

ბათუმის მერიას ქვაფენილის ნაწილის გაჩუქებაც აქვს გადაწყვეტილი, რასაც ქალაქის საკრებულოც დაეთანხმა.

ქვაფენილის ნაწილს, რომელიც ბათუმის ქუჩებიდან აყარეს, მერია საპატრიარქოს აჩუქებს. დოკუმენტების მიხედვით, საპატრიარქოს ქვაფენილი ეკლესია-მონასტრებისა და გიმნაზიების ეზოების მოსაწყობად უნდა.

საპატრიარქო ბათუმის მერიისგან საჩუქრად 7 300 კვადრატულ მეტრ ქვაფენილს მიიღებს, რაც მინიმუმ 300 000 ლარის ღირებულების ქონებაა.

ამ თემაზე ვრცლად:

ბათუმის მერიის საჩუქარი საპატრიარქოს – მინიმუმ 300 ათასი ლარის ქვაფენილი

ბათუმის ციხის წამების საქმეს, რომელიც 9 წლის წინ დაიწყო და ჯერ კიდევ არ დაასრულეს

„თუ სამართალია სადმე, მეც მინდა,“ – ეს ყოფილმა პატიმარმა ერთ-ერთ სხდომაზე უთხრა მოსამართლე დავით მამისეიშვილს. გაუჭირდა გახსენება, მაგრამ მაინც დეტალურად აღწერა, როგორ აწამეს ციხეში 2009 წელს.

„ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმის“ განხილვა 2014 წელს დაიწყო ბათუმის საქალაქო სასამართლომ. 9 წლის გასვლის შემდეგ ამ საქმის განხილვა არათუ დასრულდა, პირიქით – 2023 წელს ხელახლა დაიწყო. საქმეს მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავდა, რომელიც 2021 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადავიდა. იმის გამო, რომ საქმეზე სათადარიგო მოსამართლე დანიშნული არ იყო, მოსამართლე კოტე ჭილაიამ ხელახლა დაიწყო საქმის განხილვა.

ხელისუფლებაში მოსვლამდე, ანუ 11 წლის წინ, სწორედ ციხეებში მომხდარი დანაშაულის გამოძიება და სამართლიანობის დადგენა იყო „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირება. „ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების“ საქმის განხილვა კი, საქმის განხილვის დაწყებიდან 9 წლის თავზე ხელახლა დაიწყო.

ბათუმის ციხის ყოფილი უფროსები გიორგი ვეკუა და ზაზა ჯიქია გირაოს საფუძველზე არიან გათავისუფლებული. გიორგი ვეკუა ბათუმის ციხის ყოფილი უფროსი იყო, ზაზა ჯიქია კი, რეჟიმის უფროსი. მათ პროკურატურა პატიმრების მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში სდებს ბრალს [სსკ-ის 144-ე მუხლი პრიმა 3].

კანონი 2-წლიან მაქსიმალურ ვადას აწესებს სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის მიხედვით: „პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გამოაქვს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ საქმის არსებითი განხილვისათვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 24 თვისა.

„ბათუმელებს“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვერ უთხრეს, რატომ არ დადგა პასუხისმგებლობის საკითხი, როცა საქმის განხილვის კანონით განსაზღვრული ვადა დარღვეულია?

ყოფილი პატიმრებმა სასამართლოში 15 წლის წინ ციხეში მომხდარი ამბები უნდა გაიხსენონ, მათ შორის, ათობით ისეთი დაზარალებულია, ვინც მოსამართლე დავით მამისეიშვილს ჩვენება წინა წლებში უკვე მისცა:

„იქ, ციხეში, უფლება არ ჰქონდა ვინმეს, უფროსისთვის თვალებში შეეხედა… მე ახლა ვუყურებ მას თვალებში. ბატონო ზაზა, გაქვთ თქვენ უფლება, რომ თვალებში მიყურებდეთ?“ – ასე ერთ-ერთმა მოწმემ მიმართა ბათუმის ციხის რეჟიმის ყოფილ უფროსს, ზაზა ჯიქიას 2018 წლის 5 აპრილის სასამართლო სხდომაზე.

„არ ვიცი, რატომ გვცემდნენ… ამბობდნენ ბუზის გაფრენის ხმაც უნდა ისმოდესო. როცა ამიყვანეს ციხეში, იმ დღესაც მცემეს. გამაშიშვლეს და 4 საათი ისე მამყოფეს, დამცინოდნენ… მერე მცემეს ხელით, ფეხით, ხელკეტით, გონება დავკარგე. კარცერში წამიღეს. ექიმი მოვითხოვე და ეს ორი მოვიდა, ჩვენ ვართ შენი ექიმებიო. მაგინეს… ერთხელ, საუზმის დროს საჭმლიანი თეფშით გამოვდიოდი. ამან გამომართვა თეფში და გამომიქნია სახეში. ვიკითხე, რა გინდათ, ასე ცხოველს არ ექცევიან-მეთქი. კითხვის დასმა დანაშაული იყო, ისევ მცემეს. ერთხელ საჩივრის დაწერა ვცადე, თავზე გადამახიეს“, – თქვა გელა ა.-მ იმავე სასამართლო პროცესზე.

კიდევ ერთი ყოფილი პატიმრის ჩვენება „ბათუმელების“ 2018 წლის სტატიიდან: „შეიძლება, საკუთარი დედის და მამის სახე დამავიწყდეს, მაგრამ ამათი სახე არასდროს დამავიწყდება,“ – თქვა ყოფილმა პატიმარმა 2018 წლის 20 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე.

„რომ შემიყვანეს, მას შემდეგ მცემდნენ. მიზეზი არ ვიცი, რატომ. როცა მოუნდებოდათ, მაშინ გვცემდნენ… თავი მქონდა გატეხილი. ექიმმა მნახა, მაგრამ აზრი არ ჰქონდა. ექიმის მოთხოვნაზე ისევ გცემდნენ. ზაზა ჯიქია უშუალოდ მცემდა. გიორგი ვეკუა პირადად არ იღებდა ცემაში მონაწილეობას, მაგრამ ორჯერ დავინახე, იქვე იდგა, არაფერზე არ რეაგირებდა. მეტი რა გითხრათ? აღდგომა არ იცოდნენ ამ უჯიშოებმა და ახალი წელი. აღდგომასაც სცემეს იმ დღეს მოყვანილი პატიმრები“, – თქვა ყოფილმა პატიმარმა. მას მოსამართლემ მოუწოდა, თავი შეეკავებინა შეურაცხყოფისგან.

„არა, ეს არაა შეურაცხყოფა,“ – გაბრაზდა ყოფილი პატიმარი: „ესენი სასჯელს უნდა იხდიდნენ ახლა და მიყურებენ. აგერ არიან და ვკითხოთ – რის გულისთვის მირტყამდი?“ – მიაჩერდა ციხის რეჟიმის ყოფილ უფროსს, ზაზა ჯიქიას ყოფილი პატიმარი, ალექსი ბ. ბრალდებულებს კითხვისთვის პასუხი არ გაუციათ. უხერხული დუმილი ისევ ყოფილმა პატიმარმა დაარღვია:

„ღამით ხშირად მაღვიძებს ცოლი, ვბოდავ… ვერ ვივიწყებ ამ ყველაფერს. მე მოვითხოვ, რომ ესენი უმკაცრესად დაისაჯონ, ბატონო მოსამართლევ,“ – აღნიშნა 2018 წელს სასამართლო სხდომაზე ყოფილმა პატიმარმა.

ბათუმის ციხის ყოფილი უფროსები – გიორგი ვეკუა და ზაზა ჯიქია ადვოკატ სოსო ჯალაღონიასთან ერთად სასამართლო პროცესზე. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან. 2014 წელი

კიდევ ერთმა ყოფილმა პატიმარმა, ლევან ს.-მ კი, მოსამართლეს უთხრა, რომ ციხეში მრავალჯერ ცემის შედეგად მხედველობა დაუქვეითდა. „არასდროს მიმიმართავს ვინმესთვის, რომ მცემეს… რა აზრი ჰქონდა. ვხედავდი, ვინც რამე თქვა, ხელახლა სცემეს. გვცემდნენ ხელკეტებით, ფეხებით, ხელებით. გვცემდნენ ისე, რომ არ ვიცოდით, რა უნდოდათ ჩვენგან.

პირველად ზაზა ჯიქიამ მცემა. არ ვიცოდი, ვინ იყო. საკანში რომ ავედი, აღვწერე მისი გარეგნობა და მითხრეს, „ნინძა“ იქნებოდაო. ასე ეძახდნენ თურმე ზედმეტსახელად ზაზა ჯიქიას. თვალებში ვეღარ ვიხედები ახლა… თავს ვეღარ ვაკონტროლებ, ნერვები მეშლება უკვე ყველაფერზე,“ – აღნიშნა ყოფილმა პატიმარმა.

„ექიმს როცა მოითხოვდი, მიიღებდი რეზინის ხელკეტს. ერთს ანალგინი ეწერა, მეორეს დიმედროლი და ასე შემდეგ. შეგეკითხებოდნენ, აირჩიე, რომელი გჭირდებაო…“ – ეს კიდევ ერთი ყოფილი პატიმრის მინდია ჩ.-ს ჩვენებაა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამართული სხდომიდან.

ამ საქმეში სულ 116 მოწმეა და დაახლოებით 50 მოწმე იყო დარჩენილი გამოსაკითხი, ვიდრე საქმის განხილვა ხელახლა დაიწყებოდა. ადვოკატ პაატა ბოლქვაძის თქმით, 2023 წელს ამ საქმეზე ორი სხდომა ჩატარდა, თუმცა მოწმეების ხელახლა გამოკითხვის ეტაპი ჯერ არ დაწყებულა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ საქმის განხილვა მოსამართლე კოტე ჭილაიამ თავიდან დაიწყო, მომდევნო სხდომა კი, ოქტომბერში გაიმართება.

„ბათილია 2 წლის შემდეგ მიღებული განაჩენი“- იურისტი ასაბუთებს, რატომ არღვევს კანონს სასამართლო 

„თუ განაჩენის გამოტანის ვადა გადასცდა 24 თვეს, თუ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებულია საპროცესო ვადის ამოწურვის შემდეგ, ეს ითვლება ბათილად. პროცესუალურად  და კანონის შესაბამისად, როდესაც 24 თვეს გასცდება საქმის განხილვის ვადა, სასამართლოს აღარ შეუძლია განაჩენის მიღება, ეს გადაწყვეტილება იქნება ბათილი,“ – ამბობს სისხლის სამართლის საქმეების ადვოკატი, სამოქალაქო ორგანიზაციის „უფლებები საქართველო“ იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი და განმარტავს, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა კანონით განსაზღვრული ვადების დარღვევით მიუღია სასამართლოს გადაწყვეტილება.

არჩილ ჩოფიკაშვილი

როდესაც საქმის არსებითი ნაწილის განხილვის დაწყებიდან 9 წელი გადის და საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა იწყება, გაჭიანურების ეს მასშტაბი დამოუკიდებელ იურისტს ეჭვს უჩენს იმაზე, რომ სასამართლო, ან სასამართლო და პროკურატურა ერთად, სხვა მიზნის მიღწევას ცდილობენ.

„ან ბრალდება დაუსაბუთებელია, არალოგიკურია და ბრალი არ მტკიცდება, ან პროკურატურას და სასამართლოს ინტერესშია ერთობლივად, რაც შეიძლება მეტი დრო გავიდეს, რომ რეზონანსული აღარ იყოს, ან ნაკლებად რეზონანსული იყოს ამ ბრალდებულების გამართლება. შესაძლოა, სხვა მიზნები ჰქონდეს ამ სისხლის სამართლის საქმეს, ვერაფერს გამორიცხავ, ეს ისეთი ამბავია,“ – თავის ვერსიას გვიზიარებს არჩილ ჩოფიკაშვილი და გვიხსნის, რატომ არ შეიძლება დასჭირდეს რომელიმე სისხლის სამართლის საქმის განხილვას 9 წელი.

„ფაქტია, რომ 9 წელი არანაირი საქმის განხილვას არ სჭირდება ობიექტურად, თუნდაც მოსამართლე შეიცვალოს და რა გარემოებებიც არ უნდა იყოს საქმეში. კანონით განსაზღვრული 2 წელი საკმაოდ დიდი ვადაა იმისთვის, რომ ნებისმიერი კატეგორიისა და სიმძიმის სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს პირველი ინსტანციის სასამართლომ.

თუმცა პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როცა ბრალდებულები პატიმრობაში არ არიან და ჭიანურდება საქმის განხილვა. მოსამართლეები ამ დროს უთითებენ იმას, რომ მოსამართლეების ნაკლებობაა, თუმცა ამ კუთხით არაფერი იცვლება. სასამართლოს შეფასების თითქმის ყველა ანგარიშშია ამაზეა საუბარი, რომ ჭიანურდება საქმეების განხილვა, მაგრამ გარდა იმ პრეტენზიებისა, რაც ისმის სასამართლო ხელისუფლებაზე, რომ კლანური მმართველობაა და ასე შემდეგ, სასამართლო საქმის განხილვის ვადებსაც არ იცავს. შესაძლოა, ვერ იცავს და ამის ობიექტური მიზეზიც არსებობს, მაგრამ სათანადო რეაგირება არ ხდება ამ ტიპის დარღვევებზე,“ – მიიჩნევს იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი.

რას მიაღწევს მსჯავრდებული, თუ მას კანონით განსაზღვრული ორწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ გამოუტანეს განაჩენი? – ადვოკატს არ ახსენდება პრაქტიკაში შემთხვევა, როცა ვინმემ გაასაჩივრა გაჭიანურებულ სასამართლო განხილვების შემდეგ მიღებული განაჩენი.

„ეს არის პროცედურული დარღვევა. შესაძლოა სტრასბურგის სასამართლოზე მიმართვა და ეგ ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად, მაგრამ დიდი ალბათობით შედეგზე ვერ მოახდენს გავლენას, თუ არ იკვეთება სხვა დარღვევები.

საქმე, რომელზეც მესაუბრებით, განსაკუთრებული კატეგორიის საქმეა, სადაც ფაქტია, რომ დანაშაულზე რეაგირება და დაზარალებულების უფლებების აღდგენა, დამნაშავეების დასჯა არ შედის შესაბამისი ორგანოების ინტერესებში, მათ გეგმებსა და მიზნებში,“ – კატეგორიულია ადვოკატის შეფასება.

არჩილ ჩოფიკაშვილი დასძენს, რომ პროკურატურასაც უნდა ეაქტიურა, მაგალითად, მიემართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, როცა ცხადი გახდა პროცესის გაჭიანურება.

„პროკურატურის მხრიდანაც რომ ყოფილიყო დაინტერესება, ასე თაროზე ვერ შემოდებდნენ ამ საქმეს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეეძლო, თავისი ინიციატივითაც განეხილა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი, შეიძლებოდა ასევე სათადარიგო მოსამართლის დანიშვნა, როდესაც სახელმწიფოს ინტერესშია, რომ საქმე დროულად დასრულდეს და არ გაჭიანურდეს. ამის პრაქტიკა არსებობს [სათადარიგო მოსამართლის დანიშვნა] – რა ეტაპზეც შეწყვეტს საქმის განხილვას საქმის განმხილველი მოსამართლე, სათადარიგო იმ ეტაპიდან განაგრძობდა საქმის განხილვას.

ნება რომ ყოფილიყო, არანაირი პრობლემა არ იქნება ვადებთან დაკავშირებით,“ – უთხრა „ბათუმელებს“ იურისტმა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

განიხილა თუ არა, ან მიიღო თუ არა რაიმე სახის გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ „ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმის“ გაჭიანურებაზე – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრში გვითხრეს, რომ არ ახსენდებათ ღია სხდომაზე ამ საქმესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა დაგვპირდნენ, რომ საკითხს მოიკვლევდნენ და დაგვიკავშირდებიან.

ნანა კაკაბაძე: „9 წელი მართლაც ძალიან დიდი დროა“

„ვერ ვიხსენებ. საქმეები ჯანჯლდება, გადატვირთულები არიან მოსამართლეები, თუმცა 9 წელი მართლაც ძალიან დიდი დროა,“ – გვითხრა უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ. მას ვთხოვეთ პრეცედენტის გახსენება, როცა 9 წელი საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოშიც კი არ დასრულდა. უფრო მეტიც, ხელახლა დაიწყო იმის გამო, რომ საქმეზე არ დანიშნეს სათადარიგო მოსამართლე.

ეს არის პოლიტიკური ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხიც, როცა ვისმენდით დაპირებას, რომ ციხეებში ჩადენილ დანაშაულებზე ადამიანები პასუხს აგებდნენ? – ესეც ვკითხეთ უფლებადამცველს, რომელიც „ქართულ ოცნების“ ღია მხარდამჭერია. ნანა კაკაბაძეს აქცენტი სტრასბურგის სასამართლოზე გადააქვს.

„გასაგებია, რომ ეს იყო პოლიტიკური განცხადებები, მაგრამ ხელისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილებებში ვერ ჩაერევა, ამაში ისევ სტრასბურგის სასამართლო უნდა ჩაერიოს…

ეს სამწუხარო ფაქტია, რადგან საშუალება ეძლევა თუნდაც დაინტერესებულ პირებს, როცა საქმე დაუსრულებლად იწელება. არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც არის ჩვენთვის სავალდებულოდ გასათვალისწინებელი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იყოს გონივრულ ვადაში მიღებული. ამ საქმის ეფექტს როგორც იგრძნობენ ყოფილი პატიმრები, თუ ვერც კი მოესწრებიან საქმის დასრულებას და დამნაშავე პირის დასჯას? როცა ასე გაჯანჯლებულია პროცესი, უფლებადამცველებს შეუძლიათ თქვან, რომ როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ეს საქმე დაზარალებულებისთვის, ეს იქნება დადებითი, თუ უარყოფითი, ეს შედეგი ვეღარ იქნება ეფექტური,“ – გვითხრა ნანა კაკაბაძემ.

რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როცა ბათუმის ციხეში წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის გამო ამ დრომდე არავინ დასჯილა? – შეკითხვით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს მივმართეთ. კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძემ მოგვწერა, რომ საზღვარგარეთ აქვს შეხვედრები და კომენტარისთვის არ სცალია. ორი დღე უშედეგოდ ველოდით ამავე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალუდა ღუდუშაურის შეფასებას.

თამარ კორძაია: „ეს თემა ოცნებისთვის უკვე აღარ არის პოლიტიკურად წამგებიანი…“

„იმ საქმეებზეც კი, რომლითაც „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა „ნაციონალური მოძრაობა“, არავითარი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგეს,“ – „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლა ახსენდება პარლამენტის წევრ თამარ კორძაიას, როცა მას „ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმის“ შესახებ ვკითხეთ.

დეპუტატისთვის ეს საქმეც მკაფიო მაჩვენებელია იმის, რომ სასამართლოს მართავს კლანი, რომლის მიზანი არ არის მართლმსაჯულების დადგენა.

თამარ კორძაია

„სისტემა ინარჩუნებს ერთგულ ადამიანებს, მეტი არაფერი. ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ყველაფერზე წავიდნენ, ოღონდაც დარჩნენ სისტემაში და იყვნენ ხელისუფლებასთან კარგად, ინარჩუნებენ ერთმანეთს.

რა თქმა უნდა, ეს პროცესი არის ხელოვნურად გაჭიანურებული და ზუსტად ამ სასამართლო ქეისიდან ჩანს, რატომ იყო მურუსიძე-ჩინჩალაძის გადმოპორტირება ამ ხელისუფლებაში კლანური მმართველობის ნიშანი. ადამიანები, რომლებიც უსამართლოდ მართლმსაჯულებას ანადგურებდნენ, დარჩნენ და დაასამარეს მართლმსაჯულება საბოლოოდ ამ ხელისუფლების პირობებში.

მთავარია ის, რომ ადამიანებმა, ყოფილმა პატიმრებმა დღემდე ვერ ნახეს სამართალი, ხელისუფლების შეცვლიდან 11 წელი გავიდა და ამ ადამიანებს ძილშიც ეღვიძებათ სიმწრისგან, როგორც ეს პროცესზე აღწერეს და თქვენს რეპორტაჟში ვნახე. ამ სტატიის შემდეგაც ხომ არავის გაუჩნდება განცდა, რომ ოდესმე შეიძლება სამართალს მიაღწიო საქართველოში? ეს საქმე ხომ კიდევ წლობით გაგრძელდება, პირველი ინსტანციის სასამართლოს შემდეგ სააპელაციოა, შემდეგ – კასაცია,“ – ამბობს თამარ კორძაია.

რატომ შეიძლება არ იყოს არგუმენტი „ქართული ოცნებისთვის“ ის, რომ სასამართლოს საქმეებში ვერ ჩაერევიან?

„ეს აბსურდია. სასამართლოს უნდა ჰქონდეს ეს პასუხისმგებლობა და არ აკეთებს, რადგან დასანქცირებული მოსამართლეები მართავენ სასამართლოს. „ოცნება“ მუდმივად ამას ამბობს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ დამოუკიდებელი არ არის და ემორჩილება ერთ პოლიტიკურ გუნდს,“ – აღნიშნა თამარ კორძაიამ.

პოლიტიკურად წამგებიანია „ოცნებისთვის“, როცა ციხეში ჩადენილ დანაშაულზე დამნაშავეები არ ისჯებიან? – ვეკითხებით საუბრის ბოლოს პარლამენტის დამოუკიდებელ წევრს.

„უკვე აღარ არის ეს თემა პოლიტიკურად წამგებიანი. მათ სისტემა მთლიანად დაიმორჩილეს, თითო-ოროლა ადამიანის ბედი მათთვის არსებითი არ არის. რამდენი ყოფილი პატიმარიცაა ამ საქმეში, იმდენი ხმაა ეს „ოცნებისთვის“ და იმათაც ეტყვიან, რომ ახალი მოსამართლე აუცილებლად მიიღებს გადაწყვეტილებას, დაისჯებიან დამნაშავეები და ასე შემდეგ.

არაფერი არ იცვლება სამწუხაროდ,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ თამარ კორძაიამ.

 

„ბათუმელებმა“ სტატია მოამზადა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ბათუმელები“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

____

ამ თემაზე:

ყოფილი პატიმარი: შეიძლება დედის სახე დამავიწყდეს, მაგრამ მათი – არასოდეს

 

არც საქანელა გვაქვს, არც მოედანი – ბავშვები სვიშევსკის ქუჩიდან

სვიშევსკის ქუჩა ბათუმში, ე.წ გოროდოკის უბანში, ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილია. ვიწრო ქუჩების ლაბირინთში ათობით ბავშვს შენიშნავთ ბურთით ხელში, რომლებიც ვიწრო შუკებში სათამაშო სივრცეებს ეძებენ, მაგრამ ამაოდ.

სახელდახელოდ, პლასმასის წვრილი ჯოხებისგან შეკოწიწებულ ფეხბურთის კარებს აქეთ-იქით დაატარებენ და ბოლოს მაინც ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაზე იწყობენ „სტადიონს“.

სახლებს შორის მოქცეული ათობით ბავშვის ყიჟინზე მეზობლებიც ღიზიანდებიან,  – ვიღაცას ბავშვი ჰყავს ჩასაძინებელი, ვის კიდევ სიმშვიდე სჭირდება. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც გაგებით ეკიდება სათამაშო სივრცეების გარეშე დარჩენილი ბავშვების გასაჭირს და მათ ფანჯრებში შემოფრენილ ბურთზე არ ბრაზობს.

სათამაშო სივრცეების გარეშე დარჩენილი ბავშვები სვიშევსკის ქუჩაზე

„სათამაშო მოედანი“ ცენტრალ გზას უერთდება, ამიტომ ბურთი ხშირად გავარდება ხოლმე მაგისტრალზე, რაც ხიფათს უქმნის ბავშვებს.

„ზოგი ბეწვზე გადარჩენილა“, „ზოგი დაზიანებულა კიდეც“, – გვიყვებიან უბნის მაცხოვრებლები.

„ბათუმელებთან“ თავიანთ გასაჭირზე ყვებიან სვიშევსკის ქუჩის ბავშვებიც.

„უფრო ქვემოთ, უბანში, არის ერთი მოედანი, მაგრამ პატარაა, იქ ყველა ვერ ვეტევით, დიდი ბავშვები თამაშობენ და ჩვენ არ გვიშვებენ, ამიტომ მაყურებლის როლში გვიწევს მხოლოდ ყოფნა“-გვეუბნება 6 წლის ლადო აბაშიძე.

ლადო აბაშიძე

უბანში უსაფრთხოდ თამაშს ვერ ახერხებს ოთო წულუკიძეც.

„აქ თამაში არის ძალიან საფრთხის შემცველი, რადგან უამრავი ტრანსპორტი დადის. რადგან სტადიონი არ გვაქვს, ბურთი გვივარდება ხოლმე მაგისტრალზე და არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა მანქანას გადაუვლია ბურთზე, ბურთი გამსკდარა და ვეღარ გვითამაშია.

ძალიან რთულია ამ პირობებში ფეხბურთის თამაში“- გვეუბნება ის.

მათე ჯაფარიძე

მათე ჯაფარიძე ფეხბურთელობას აპირებს. „სტადიონი იმიტომ გვინდა, რომ არ დავზიანდეთ. აქ ასფალტია და როცა ვეცემით, ვზიანდებით“-გვეუბნება ის.

გიგა ცეცხლაძის აზრით, ამ უბანში ყველაზე კარგი სტადიონი ყოფილი პოლკის ტერიტორიაზე გაკეთდება, რადგან დიდი სივრცეა. „ძალიან გვინდა, რომ ამ ადგილზე მოგვიწყონ კარგი სტადიონი, კეთილმოწყობილი რომ იყოს. მაშინ აღარც ხელს დავიზიანებთ და არც ფეხს, როცა დავეცემით“-ამბობს გიგა.

საბა ცეცხლაძე თავის დაზიანებულ ფეხს გვაჩვენებს. რამდენიმე დღის წინ, სწორედ ამ ვიწრო ქუჩაში თამაშის დროს დაეცა.

გარდა იმისა, რომ სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში უწევთ ბავშვებს გართობა, თავისუფალი სივრცეების არარსებობა, სამეზობლო უკმაყოფილებასაც იწვევს.

გიორგი შარაშიძე

„მეზობლები გვიყვირიან – „წადით აქედან, სხვაგან ითამაშეთ“, „ჩუმად იყავით“, ზოგჯერ გვიმალავენ კიდეც ბურთს.

ერთხელ, მეზობელის საჭმლის ქვაბში ჩავარდა ბურთი და აღარ მოგვცა. ერთს „ბანკა“ გავუტეხეთ.

ხან სახურავზე ავარდება ბურთი თამაშის დროს, ხან ისეთ ფანჯარაში შევარდება, სადაც არავინ ცხოვრობს და მერე ვეღარ გამოგვაქვს და ვრჩებით ბურთის გარეშე.

ერთმა მეზობელმა ერთი კვირით დაგვიმალა ბურთი, რადგან მის ფანჯრებში შევარდა“-გვეუბნება გიორგი შარაშიძე.

ბავშვების თქმით, სივიწროვის გამო, ბურთი შინაურ ცხოველებსაც აზიანებს.

„ხან ძაღლებს ხვდება ბურთი, ხან კატებს. ზოგჯერ წყლის და გაზის მრიცხველებიც ზიანდება. ხედავთ, აი ეს კარადა თოკებით არის დამაგრებული, კარი დაუზიანდა“-გვეუბნებიან ბავშვები.

ქუჩაში გავარდნილი ბურთის გამო კი მძღოლებიც ეჩხუბებიან. „ერთი შემთხვევა გვქონდა მხოლოდ, როცა ბურთს გადაურა მანქანამ და მძღოლმა ბურთის საფასური აგვინაზღაურა“-გვეუბნებიან ბავშვები.

სვიშევსკის ქუჩაზე ბავშვები სტადიონის მოწყობას ითხოვენ

პატარა გოგონებიც იმაზე დარდობენ, რომ უბანში არც საქანელები აქვთ და არც ლამაზი სკვერი. გოგონებს სხვა ბავშვებიც ეთანხმებიან.

პატარა გოგონები უბანში სტადიონის გარდა, საქანელებს და სკვერის მოწყობას ითხოვენ

„ქვემოთ რომ სტადიონია, იქ მხოლოდ 2 საქანელაა და არ გვყოფნის. ჩვენს უბანში კი საქანელები არ გვქვს. არც ველობილიკებია, რომ ველოსიპედით ვიაროთ, ტროტუარები და ბორდიურები მოაწყეს, მაგრამ იქაც მანქანები დგას.

იმის გამო, რომ ბავშვებს რეკრეაციული ზონა არ აქვთ უბანში, თამაში შუა ქუჩაში, ან სახლებს შორის სივრცეებში უწევთ

ერთი პატარა ფანჩატური დგას ქუჩის განაპირას და ხშირად ვერც იქ ვისვენებთ, რადგან უფროსები რომ მოდიან, ჩვენ აღარ გვაჩერებენ.

ზაზა ფუტკარაძე ერთ-ერთი ბავშვის მშობელია. მისი თქმით, აუცილებელია ამ უბანში  რეკრეაციული სივრცეების შექმნა, რადგან ბავშვები სახიფათო გარემოში თამაშობენ.

გასართობი მოედნების გარეშე დატოვებული ბავშვები ბათუმში

„გვინდა რომ უსაფრთხო და ღირსეულ გარემოში ითამაშონ ჩვენმა ბავშვებმა. ამ ვიწრო ქუჩებში სრულიად დაუცველი არიან ბავშვები“-გვეუბნება ის.

„მასწავლებელი ვარ და უკითხავთ ხოლმე ჩემთვის, რას შეცვლიდით თქვენს საცხოვრებელ გარემოშიო. მაშინაც მითქვამს, რომ ოცნებად მაქვს ქვეული ამ ბავშვებისთვის რაღაც შეიცვალოს ამ უბანში. გააკეთონ მოედანი, სადაც ბავშვები თავისუფლად გაერთობიან“- გვეუბნება ინგა ხერგიანი.

სვიშევსკის ქუჩაზე მცხოვრები ბავშვები და უფროსები იმედოვნებენ, რომ ბათუმის მერია გაითვალისწინებს მათ მოთხოვნებს და დიდ და თანამედროვე სტადიონს ააშენებს უბანში. ქუჩის მაცხოვრებლები აპირებენ ამ საკითხზე მერიას ოფიციალურადაც მიმართონ.

ვიდეო:
„აქ თამაში ძალიან სახიფათოა“ - ბავშვები მოედნის გარეშე

გაიცანი შენი ფარმაცევტი – ნანა ბოლქვაძე

ნანა ბოლქვაძეს ადამიანების დახმარება ბავშვობიდანვე უყვარდა, ამიტომ ფარმაცევტის პროფესიას დაეუფლა და უკვე წლებია, რაც ამ სფეროში მუშაობს. მას ბათუმში, პსპ-ს აფთიაქში შევხვდით და ფარმაცევტის პროფესიაზე ვესაუბრეთ.

ნანა, მოგვიყევით თქვენ შესახებ, რა განათლება გაქვთ?

მე ვარ ნანა ბოლქვაძე. პროფესიით ფარმაცევტი ვარ და ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. ბავშვობიდანვე მსურდა მეზრუნა ხალხზე და ვყოფილიყავი მათი ჯანმრთელობის სადარაჯოზე.

რამდენი წელია, რაც პსპ-ში მუშაობთ? ამჟამად თქვენი საქმე  რა არის?

ფარმაციის სფეროში მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება მაქვს. ჩემი მეგობრები მუშაობდნენ პსპ-ში და მათი რჩევით გადავწყვიტე ამ გუნდის წევრი გავმხდარიყავი. აქ დიდი სითბო, სიყვარული და თანადგომა ვიგრძენი. 

პსპ-ში უკვე 4 წელია ვმუშაობ, განვითარების საინტერესო გზა გავიარე და დიდი გამოცდილება მივიღე. ამჟამად ბათუმში, ჭავჭავაძის #113-ში არსებულ ფილიალში ვმუშაობ. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც ოჯახში.

რამდენად მნიშვნელოვანია ფარმაცევტის კომპეტენცია? თუნდაც იმიტომ, რომ თუ აფთიაქში ადამიანი ცუდად გახდება, დაეხმაროთ. გქონიათ მსგავსი შემთხვევა?

ფარმაცევტის კომპეტენცია უმნიშვნელოვანესია. მედიკამენტის კონკრეტული დოზა არის სამკურნალო, დოზების დარღვევამ შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს. ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანების სიცოცხლესთან და ჯანმრთელობასთან და პასუხისმგებლობას ვიღებთ მათზე.

არაერთი შემთხვევა მქონია, როცა ცუდად მყოფი ადამიანი შემოსულა აფთიაქში. მიმაჩნია, რომ გაჭირვების დროს ადამიანების დახმარება ჩემი მოვალეობაა.

რას ნიშნავს თქვენთვის პსპ?

ჩემთვის პსპ ასოცირდება სტაბილურობასთან, პროფესიონალიზმთან და სანდოობასთან. აქ გასწავლიან, მუდმივად გაცნობენ დარგის სიახლეებს, ზრუნავენ შენს განვითარებასა და წინსვლაზე.

რა არის მთავარი ფარმაცევტისა და მომხმარებლების ურთიერთობაში?

მთავარი არის ეფექტური კომუნიკაცია, მომხმარებლებთან ნდობის ჩამოყალიბება, რათა მათი საჭიროებები გავიგოთ და ზუსტი ფარმაცევტული რჩევა მივცეთ. 

ასევე, მნიშვნელოვანია მივაწოდოთ ინფორმაცია მედიკამენტების ურთიერთქმედების, გვერდითი მოვლენებისა და შენახვის წესების შესახებ. ეს ყველაფერი დროულად გამოჯანმრთელებაზე ახდენს ზეგავლენას.

რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა პსპ?

საზოგადოების ნდობა მარტივად არ მოიპოვება. პსპ ყოველთვის საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით საქმიანობს, რამაც საშუალება მოგვცა, დიდი ადგილი დაგვეკავებინა ბაზარზე ასეთი კონკურენციის პირობებში. 

პსპ-ს გამოარჩევს წამლის მაღალი ხარისხი, ხელმისაწვდომი ფასები და კვალიფიციური კადრები.

ბათუმი ფესტივალი 16 – 17 სექტემბერს გრანდიოზული ფლი მარკეტით დასრულდება

საქართველოში ყველაზე გრანდიოზული ქუჩის მარკეტი, ბათუმი ფესტივალი დასასრულს მიუახლოვდა. ბათუმი ფესტივალი 17 სექტემბერს დაიხურება.  მანამდე კი, ორგანიზატორები სიურპრიზებს გვპირდებიან.

16 და 17 სექტემბერს ბათუმი ფესტივალზე, ანბანის კოშკის მიმდებარედ, გრანდიოზული ფლი მარკეტი გაიმართება. საშოპინგო ზონაში ვიზიტორები ნივთების შეძენას სიმბოლურ ფასად, 1 ლარიდან შეძლებენ. ფლი მარკეტზე წარმოდგენილი იქნება ზრდასრულთა და ბავშვების ტანსაცმელები, სასკოლო ჩანთები, აქსესუარები და მრავალი სხვა. ბათუმი ფესტივალი ტრადიციას არც ახლა ღალატობს და ნებისმიერი ინტერესისა თუ ასაკის ვიზიტორს გაგახარებთ.

ამასთან ერთად, ბათუმი ფესტივალზე 16 და 17 სექტემბერს საკვებ და სასმელების ზონაში 1+1 აქცია გელოდებათ. ფესტივალის მრავალფეროვან საკვებ ზონაში ნებისმიერი 1 კერძის ან სასმლის შეკვეთისას მეორე პროდუქციას უფასოდ მიიღებთ. ბათუმი ფესტივალი გეპატიჟებათ დიდებს და პატარებს, რათა ჩვენთან ერთად დატკბეთ აზიური და ქართული გემოების შერწყმით და მიიღოთ საჩუქრები!

ბათუმი ფესტივალი ყველაზე გრანდიოზული ქუჩის მარკეტია, რაც კი მთელს საქართველოში გამართულა. ფესტივალის მიზანი ტურიზმის ხელის შეწყობა და ტურისტებისთვის საქართველოს და აჭარის რეგიონის ტურისტული პოტენციალის ჩვენებაა. ბათუმი ფესტივალზე საქართველოს და უკრაინის 400–მდე მოქალაქე დასაქმდა, რამაც ხელი შეუწყო ქვეყნის შრომითი ბაზრის განვითარებას. ამასთან, ახალგაზრდებს ბიზნესთან უშუალო შეხებით საშუალება მიეცათ თვითონაც მიეღოთ მსგავსი ცოდნა და გამოცდილება.

ბათუმი ფესტივალის საშუალებით, ადამიანებს მიეცათ საშუალება, ხელმისაწვდომ ფასად დაეგემოვნებინათ აზიური და ქართული კულინარიის ნიმუშები, ასევე გაცნობოდნენ აზიურ კულტურას ტრადიციული და თანამედროვე აზიური პერფორმანსების საშუალებით.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 16 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 271 790 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +350]
  • ტანკი – 4 616 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 8 824 ერთეული [+10]
  • საარტილერიო სისტემა – 5 988 ერთეული [+16]
  • MLRS – 774 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 521 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 738 ერთეული [+24]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 455 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 8 525 ერთეული [+33]
  • სპეცტექნიკა – 891 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 16 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 467 თვითმფრინავი
  • 249 ვერტმფრენი
  • 6 810 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 437 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 11 881 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 150 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 403 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 13 035 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

უკრაინის საზღვაო დრონმა რუსული სარაკეტო ხომალდი დააზიანა – მედია

უკრაინის საზღვაო დრონმა რუსული სარაკეტო ხომალდი დააზიანა – მედია

უკრაინული მედიის ცნობით, 14 სექტემბერს, უკრაინის საზღვაო დრონმა ოკუპირებულ ყირიმში რუსული სარაკეტო ხომალდი „სამუმი“ დააზიანა.

„უკრაინსკა პრავდა“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ საზღვაო დრონი – „ზღვის პატარა“ დაეჯახა რუსულ სარაკეტო ხომალდ „სამუმს“ სევასტოპოლის ყურესთან.

დრონი გემის უკანა, მარჯვენა მხარეს მოხვდა და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, რის გამოც გემმა სიჩქარე დაკარგა.

წყაროების მტკიცებით, რუსულ ძალებს „სამუმის“ ბუქსირით გაყვანა დასჭირდათ.

მედიის ცნობით, ამ თავდასხმისთვის უკრაინის თავდაცვამ გამოიყენა საზღვაო დრონის ექსპერიმენტული მოდელი, რომელსაც შეუძლია ქარიშხალში ფრენა და მაღალი ტალღების მიღმა დამალვა. სპეცოპერაციის დროს ტალღის სიმაღლე 1,5 – 2 მეტრს აღწევდა.

აღნიშნულზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროც წერს, თუმცა, რუსული მხარის ცნობით, „სამუმზე“ თავდასხმა უმნიშვნელო იყო.

როგორ შევამსუბუქოთ პმს – პრემენსტრუალური სინდრომი

პრემენსტრუალური სინდრომი [PMS] სიმპტომების ერთობლიობაა, რომელიც, როგორც წესი, მენსტრუაციის დაწყებამდე დაახლოებით ერთი ან ორი კვირით ადრე იწყება და აერთიანებს როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ ნიშნებსა და სიმპტომებს. ფიზიკური და ემოციური ცვლილებები, რომლებსაც ამ დროს განიცდის ადამიანი, ყოველ ჯერზე შეიძლება განსხვავდებოდეს ინტენსივობით.

ზოგიერთისთვის ფიზიკური სიმპტომები და ემოციური სტრესი იმდენად მწვავეა, რომ სერიოზულ ზეგავლენას ახდენს მათ შრომისუნარიანობასა და ცხოვრების ხარისხზე. 

პრემენსტრუალური სინდრომი, ისევე როგორც მენსტრუალური ჯანმრთელობა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხია. ეს რეპროდუქციული ასაკის მილიონობით ადამიანის პრობლემაა მსოფლიოში, მათ 5-8 პროცენტს კი პმს-ის მძიმე ფორმა აწუხებს, რომელსაც პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა ეწოდება.

ბათუმის სამედიცინო ცენტრის მეან-გინეკოლოგი ქეთი ფარტენაძე ამბობს, რომ პმს-ის ზოგიერთი სიმპტომი, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემისთვისაც არის დამახასიათებელი ამიტომ მაშინ, „როცა ეს სიმპტომები განსაკუთრებით მძიმეა, უნდა მიმართოთ ექიმს.  ექიმმა უნდა გამორიცხოს სხვადასხვა პათოლოგია, მათ შორის ანემია, ენდომეტრიოზი, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია,  ასევე სხვა რაიმე ანთებითი ან გინეკოლოგიური პათოლოგიური მდგომარეობა, რაც სპეციფიკურ მკურნალობას საჭიროებს“ – ამბობს ქეთი ფარტენაძე.

ექიმი ამბობს, რომ პრემენსტრუალური სინდრომის ნიშნებისა და სიმპტომების განვითარების ძირითად ხელშემწყობად, ორგანიზმში მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებული ჰორმონალური ცვლილებები, კერძოდ საკვერცხის ჰორმონების, ესტროგენისა და პროგესტერონის დონის ცვლილება მიიჩნევა.

„მიზეზი შეიძლება იყოს ამ დროს თავის ტვინში მიმდინარე ქიმიური ცვლილებები, სიმპტომები ასევე შეიძლება გაამძაფროს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა სტრესი, უძილობა, მიკროელემენტების (ფოლიუმის მჟავას, B ვიტამინის, D ვიტამინის, კალციუმის, მაგნიუმის) დისბალანსი ორგანიზმში”- ამბობს ქეთი ფარტენაძე.  

პრემენსტრუალური სინდრომის ძირითადი ნიშნები და სიმპტომები:

ფიზიკური ნიშნები და სიმპტომები:

  • სახსრების ან კუნთების ტკივილი; 
  • თავის ტკივილი;
  • დაღლილობა, ზოგადი საერთო სისუსტე; 
  • წონის მატება, რომელიც დაკავშირებულია სითხის შეკავებასთან; 
  • მუცლის შებერილობა; 
  • მომატებული მგრძნობელობა მკერდში;
  • აკნე; 
  • ყაბზობა ან დიარეა; 
  • ტაქიკარდია, არითმიები;
  • ალკოჰოლის აუტანლობა;
  • მომატებული მგრძნობელობა სინათლისა და ხმის მიმართ;

ემოციური/ქცევითი ნიშნები და სიმპტომები:

  • დაძაბულობა ან შფოთვა;
  • დეპრესიული განწყობა; განწყობის ცვალებადობა  – გაღიზიანებადობა ან ბრაზი;
  • მადის ცვლილებები და ზოგიერთი საკვებისადმი გაძლიერებული მოთხოვნილება;
  • უძილობა;
  • ცუდი კონცენტრაცია;
  • სოციალური იზოლაცია;

აშშ-ს ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტი წერს, რომ  მენსტრუაციის მქონე ყოველი 4 ადამიანიდან 3-ს აქვს პრემენსტრუალური სინდრომის რაიმე ფორმა მაინც. სტატისტიკური მონაცემები ასევე მოწმობს, რომ დროთა განმავლობაში პრემენსტრუალური სიმპტომები შეიძლება პროგრესირდეს. 

პრემენსტრუალური სინდრომის მკურნალობა ძირითადად სიმპტომურია, თუმცა ექიმი ამბობს, რომ რაციონალური დიეტითა და ცხოვრების წესის ცვლილებით სიმპტომების შემსუბუქება შესაძლებელია. 

MayoClinic-ის რეკომენდაციები, პრემენსტრუალური სინდრომის შესამსუბუქებლად:

  • მიირთვით უფრო მცირე ულუფები და უფრო ხშირად, რათა შეამციროთ შებერილობა და სისავსის შეგრძნება;
  • შეზღუდეთ მარილი და მარილიანი საკვები, რათა შეამციროთ შებერილობა და სითხის შეკავება ორგანიზმში;
  • შეარჩიეთ რთული ნახშირწყლებით მდიდარი საკვები, როგორიცაა ხილი, ბოსტნეული და მარცვლეული;
  • აირჩიეთ კალციუმით მდიდარი საკვები. თუ თქვენ ვერ იღებთ ადეკვატურ კალციუმს რაციონიდან, არ/ვერ მიირთმევთ რძის ნაწარმს, შეიძლება დაგეხმაროთ კალციუმის დანამატი;
  • მოერიდეთ კოფეინს და ალკოჰოლს;
  • რეგულარული ყოველდღიური ვარჯიში დაგეხმარებათ გააუმჯობესოს თქვენი საერთო ჯანმრთელობა და შეამსუბუქოს გარკვეული სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა და დეპრესიული განწყობა.

ქვეყნები, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შეუძლიათ წასვლა

საქართველოს მოქალაქეს ზოგიერთ ქვეყანაში გასამგზავრებლად ესაჭიროება ვიზის მიღება, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში შეუძლია გამარტივებული წესით ან უვიზოდ მგზავრობა.

ბიომეტრიული პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში გასამგზავრებლად ვიზა არ ესაჭიროებათ [2017 წლის 28 მარტიდან].

ევროკავშირის / შენგენის სივრცეში ცალკეული ქვეყნის შემთხვევაში საჭირო თანხის დღიური ოდენობის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ვებგვერდზე:

გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, იმოგზაურონ უვიზოდ
[ქვეყანა და უვიზოდ ყოფნის მაქსიმალური ვადა]

  1. ავსტრია – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  2. აზერბაიჯანი – 90 დღე [15 დღეზე მეტი ვადით გაჩერების შემთხვევაში, რეგისტრაციის გასავლელად უნდა მიმართოთ მიგრაციის სამსახურს.]
  3. ალბანეთი – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  4. ანდორა – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  5. ანტიგუა და ბარბუდა – 6 თვე
  6. არაბთა გაერთიანებული საამიროები – შესვლის თარიღიდან არაუმეტეს 90 დღე
  7. არგენტინა – 90 დღე
  8. ბარბადოსი – 28 დღე
  9. ბაჰამა – 3 თვე
  10. ბელარუსი – 90 დღე კალენდარული წლის დასაწყისიდან კალანდარული წლის ბოლომდე [5 დღეზე მეტი ვადით გაჩერების შემთხვევაში, რეგისტრაციის გასავლელად უნდა მიმართოთ მიგრაციის სამსახურს.]
  11. ბელგია – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  12. ბოსნია და ჰერცეგოვინა – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  13. ბრაზილია – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  14. ბულგარეთი – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  15. გერმანია – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  16. გრენადა – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  17. დანია – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  18. დომინიკის თანამეგობრობა – 21 დღე
  19. დომინიკის რესპუბლიკა – 30 დღე [30 დღეზე მეტი ვადით გაჩერების შემთხვევაში, ყოფნის ვადის გაგრძელების მიზნით უნდა მიმართოთ მიგრაციის სამსახურს.]
  20. ეკვადორი – 90 დღე
  21. ესპანეთი – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  22. ესტონეთი – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  23. თურქეთი – 90 დღე
  24. ირანი – 45 დღე
  25. ისლანდია – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  26. ისრაელი – 90 დღე 6 თვის განმავლობაში
  27. იტალია – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  28. კატარი – 30 დღე
  29. კვიპროსი – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  30. კოლუმბია – 90 დღე
  31. ლატვია – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  32. ლიეტუვა – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  33. ლიხტენშტეინი – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  34. ლუქსემბურგი – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  35. მავრიტიუსი (მავრიკი) – 90 დღე ნებისმიერ 360-დღიან პერიოდში
  36. მალაიზია – 30 დღე (ტურისტული მიზნით)
  37. მალტა – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  38. მოლდოვა – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  39. მონაკო – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  40. მონტენეგრო – 90 დღე
  41. ნიდერლანდები – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  42. ნორვეგია – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  43. პანამა – 6 თვე
  44. პარაგვაი – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  45. პოლონეთი – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  46. პორტუგალია – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  47. რუმინეთი – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  48. საბერძნეთი – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  49. სან-მარინო – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  50. საფრანგეთი – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  51. სენტ ვინსენტი და გრენადინები – 1 (ერთი) თვე
  52. სენტ კიტსი და ნევისი – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  53. სენტ ლუსია – 90 დღე
  54. სერბეთი – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  55. სლოვაკეთი – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  56. სლოვენია – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  57. სომხეთი – 180 დღე [180 დღეზე მეტი ვადით გაჩერების შემთხვევაში, რეგისტრაციის გასავლელად უნდა მიმართოთ მიგრაციის სამსახურს.]
  58. ტაჯიკეთი – განუსაზღვრელი ვადით [3 დღეზე მეტი ვადით გაჩერების შემთხვევაში, რეგისტრაციის გასავლელად უნდა მიმართოთ მიგრაციის სამსახურს.]
  59. უზბეკეთი – განუსაზღვრელი ვადით [3 დღეზე მეტი ვადით გაჩერების შემთხვევაში, რეგისტრაციის გასავლელად უნდა მიმართოთ მიგრაციის სამსახურს.]
  60. უკრაინა – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  61. უნგრეთი – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  62. ურუგვაი – 90 დღე
  63. ფინეთი – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  64. ფიჯი – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  65. ყაზახეთი – 90 დღე [5 დღეზე მეტი ვადით გაჩერების შემთხვევაში, რეგისტრაციის გასავლელად უნდა მიმართოთ მიგრაციის სამსახურს.]
  66. ყირგიზეთი – 90 დღე [2 თვეზე მეტი ვადით გაჩერების შემთხვევაში, რეგისტრაციის გასავლელად უნდა მიმართოთ მიგრაციის სამსახურს.]
  67. შვედეთი – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  68. შვეიცარია – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  69. ჩეხეთი – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  70. ჩილე – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  71. ჩრდილოეთ მაკედონია – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  72. ხორვატია – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში
  73. ჰაიტი – 90 დღე
  74. რუსეთი – 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში

განახლება: ამ ჩამონათვალს დაემატება პერუ, დომინიკის თანამეგობრობა, ჩინეთი და ჰონგ კონგი

  • საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შესაბამისი შეთანხმება საქართველოსა და პერუს შორის 2023 წლის 18 სექტემბერს გაფორმდა.
  • საქართველოსა და დომინიკის თანამეგობრობას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას კი, ხელი 2023 წლის 27 ოქტომბერს მოეწერა.
  • საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 26 თებერვალს განაცხადა, რომ ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შემოიღო.
  • 2024 წლის 30 სექტემბრიდან, საქართველოს მოქალაქეები ჩინეთის ჰონგ კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ. „საქართველოს მოქალაქეებისთვის 2024 წლის 28 მაისიდან მოქმედებს უვიზო რეჟიმი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის სტატუსიდან გამომდინარე, ჰონგ კონგს დამოუკიდებელი საიმიგრაციო და სავიზო პოლიტიკა გააჩნია“, — ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საზღვარგარეთ უვიზოდ მიმოსვლის უფლება აქვთ ასევე დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს.

ამავე თემაზე:


უვიზოდ შემოსვლის უფლება აქვს ზოგიერთი უცხო ქვეყნის მოქალაქესაც საქართველოში.

ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ, 2023 წლის სექტემბერში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა დაემატა.

ნახეთ ამ ქვეყნების ჩამონათვალი სრულად:

ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ

მტვრის ბუღი ბულვარში – რატომ ჭრიან ფილებს მშრალი წესით

ბათუმის ბულვარის შესასვლელში დაზიანებულ ფილებს ცვლიან. დღეს, 15 სექტემბერს, სამუშაო წესების დარღვევით მიმდინარეობდა – დასაგებ ფილებს მშრალი წესით იქვე, ბულვარში ჭრიდნენ. შედეგად ბულვარის ცენტრალური შესასვლელის მიმდებარე ტერიტორია მტვრით იყო დაფარული.

სამუშაოები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოქალაქეებმა წესების დარღვევის შესახებ ბულვარის ადმინისტრაციასაც აცნობეს, თუმცა ინფორმირებას რეაგირება არ მოჰყოლია.

„რამდენჯერმე შევატყობინე ბულვარის ადმინისტრაციას ფაქტის შესახებ, მაგრამ შედეგი არ არის. როგორც კი მოვშორდები იქაურობას, იგივე გრძელდება. 20 მეტრში ბავშვთა გასართობი სივრცეა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მოქალაქემ, რომელმაც მუშა პროცესის ამსახველი ვიდეო მოგვაწოდა, სადაც ჩანს, როგორ აგებენ მტვერში ფილებს.

ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში ფილების დაგებაზე ტენდერი კომპანია „მონოლითი 2005“-მა მოიგო. დღეს, 15 სექტემბერს, ადგილზე მისულ „ბათუმელებს“ ამ კომპანიის წარმომადგენლები დაგვხვდნენ.

„კეთდება ხო? ფუჭდება რამე? რა გნებავთ?“ – ასეთი იყო სამუშაოების ზედამხედველის პოზიცია მას შემდეგ, რაც დავინტერესდით, რატომ ასრულებდნენ სამუშაოებს წესების დარღვევით.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის დაუკავშირდა კომპანია „მონოლითი 2005“-ის დირექტორს, მერაბ დოლიძეს.

„ძალიან მცირე, ხუთწუთიანი პროცესი იყო. იქ დამუშავებული მოდიოდა ყველა ფილა ქარხნიდან,“ – განმარტა მერაბ დოლიძემ.

„ბათუმელებმა“ მას უთხრა, რომ მოქალაქეების მიერ მოწოდებული კადრების მიხედვით, ბათუმის ბულვარში რამდენიმე დღის განმავლობაში ხდებოდა ამუშავებდნენ მშრალი წესით ფილებს.

„პასუხი გითხრათ? ქალაქ ბათუმში ორბი რომ შენდება იქ, მაღლები, 15 წელია ბეტონის ქარხანაა ქალაქის ცენტრში. ხომ არის?! ეზოები აქვთ სამშენებლო მოედნად გადაქცეული. მანქანები ვერ ჩერდება იქ. იმას არ უყურებთ და აგერ ისტორიული ძეგლი, ბათუმის ბულვარი, რეაბილიტაცია ხდება და ხუთი წუთი მტვერი ვის შეაწუხა ერთი მომიყვანე ის ადამიანი. ესაა ჩემი პასუხი.

ერთი სურათი მაინც მაჩვენეთ, რომ იქ მტვერია და ნაგავი დავტოვე. ჩემი ბიჭები საღამოს ექვსი საათის მერე ყველაფერს ხვეტენ, ტურისტი რომ გამოივლის, ნაგავი რომ არ დახვდეს. გაკრიალებულია ყველაფერი.

ჩემი შვილიშვილი დადის იმ საბავშვო მოედანზე. მე იქ მტვერს გავუშვებდი?

იყო რაღაცა ორი შემთხვევა, როდესაც საჭირო იყო ფილის ჩაჭრა. მეტი არა. ხვალ გამოდით, ვიდეო კამერები დააყენეთ და ნახეთ, იქ თუ მტვერი დადგება,“ – გვითხრა მერაბ დოლიძემ.

„მონოლითი 2005“ უკვე წლებია რაც ბათუმში არაერთ ტენდერს იგებს. 

მერაბ დოლიძე „მონოლითი 2005“-ის 50-პროცენტიანი წილის მფლობელია. ამავე კომპანიაში წილის 25 პროცენტს ფლობს ნუკრი დოლიძე, ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დროს.  ნუკრი დოლიძის შვილი ლევან დოლიძე ბათუმის საკრებულოს წევრია „ქართული ოცნებიდან”.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ბათუმის ბულვარში შეტყობინების საფუძველზე მივიდა

დღესვე „ბათუმელები“ შეესწრო კომპანიის მიერ წარმოებული სამუშაოს შემოწმების პროცესს გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის მიერ. როგორც მოგვიანებით „ბათუმელებს“ განუმარტეს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ადგილზე ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე იმყოფებოდა.

„შედგა შესაბამისი აქტი, თუმცა ვინაიდან მუხლი არ განეკუთვნება დეპარტამენტის კომპეტენციას, ვერ გატარდა დამატებითი რეაგირება“, – გვითხრეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახურში.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციასაც.

„როცა აღნიშნული ფაქტი დაფიქსირდა, სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას მივეცით სიტყვიერი გაფრთხილება. ამის შემდეგ ფილების ძირითადი ნაწილი დაამუშავეს საწარმოში. დღეს სამუშაოები სრულდება, ალბათ ბოლო დეტალების დამუშავება მოხდა თვითნებურად. ბოდიშს ვუხდით მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისათვის,“ – განუცხადეს „ბათუმელებს“ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში.

ღია სივრცეში სარემონტო სამუშაოების წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით რეგულირდება.

ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება (დაჭრა, დაფქვა, დახერხვა, დაქუცმაცება და სხვა), რაც მტვრის ჩახშობას ვერ უზრუნველყოფს, ითვალისწინებს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 1 000 ლარით.

ძველ ბათუმში საავტომობილო მოძრაობა იზღუდება – მერია

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ხვალ, 16 და 17 სექტემბერს ძველ ბათუმში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. მერიის ტექსტური შეტყობინების თანახმად, „შეზღუდვა ევროპული მობილობის კვირეულის ფარგლებში“ 18 სექტემბრამდე გაგრძელდება.

მოძრაობა შეიზღუდება ზ. გამსახურდიას, მელაშვილის, კოსტავას, ჟორდანიასა და ქუთაისის ქუჩებზე.

ამ ქუჩებზე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა 18 სექტემბრიდან აღდგება.

კომპენსაციის გადახდით შოვის ტრაგედიის გამოძიებას ვერ ჩაანაცვლებთ – PHR

დღეს, 15 სექტემბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ შოვში, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული ადამიანების ოჯახების წევრებს სახელმწიფო კომპენსაციის სახით თითო გარდაცვლილზე 20-20 ათას ლარს გამოუყოფს.

„მილიონიც რომ გადაუხადოს სახელმწიფომ თითოეულ გარდაცვლილზე დაღუპულთა ოჯახებს (თუკი ვინმე დათანხმდება ამის მიღებას, ეს მათი უფლებაა), ეს ვერ ჩაანაცვლებს ეფექტური გამოძიების წარმოების ვალდებულებას. სახელმწიფომ მაინც უნდა გამოიძიოს ეს დანაშაული და დასაჯოს დამნაშავეები.

იმედი მაქვს, მთავრობის ხელმძღვანელს არ ჰგონია, რომ კომპენსაციის გადახდით ჩაანაცვლებს გამოძიებას და საზოგადოება აღარ მიადევნებს თვალს გამოძიების მიმდინარეობას, აღარ დასვამს კითხვებს, რომ გამოვლინდეს ყველა პასუხისმგებელი პირი. ეს ასე არ არის.

ეს არის სრულიად სხვადასხვა რამ, მილიონიც რომ გადაუხადოს გარდაცვლილთა ოჯახებს, გამოძიება უნდა ჩატარდეს და პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ“, – ამბობს „ბათუმელებთან“ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი, ანა თავხელიძე.

აღნიშნული ორგანიზაცია ადვოკატირებას უწევს შოვში, მეწყრის შედეგად დაღუპული დავით ბერიაშვილის დედას, რომელიც შოვის ტრაგედიის გამოძიებას ითხოვს.

ორგანიზაციამ გამოძიებას საქმის მასალების გაცნობა აგვისტოში მოსთხოვა.

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს დაზარალებული პირისთვის საქმის მასალებზე სრულ წვდომას და ასლების მიწოდებასაც, „გამოძიებამ ამ შემთხვევაში კონსტიტუცია და კანონი დაარღვია“, – ამბობს ანა თავხელიძე.

„ჩვენ 17 -18 აგვისტოს ჩავერთეთ საქმეში, როგორც ადვოკატები და ვითხოვდით გამოძიების კვალიფიკაციას სამოხელეო მუხლით, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, რადგან სტიქიის შედეგის თავიდან აცილება და სათანადო ზომების არ მიღება, არის ცალსახად საჯარო უფლებამოსილება და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და ამ ტრაგედიაში იკვეთებოდა სამოხელეო დანაშაულის ნიშნები.

ასევე, კანონით, როცა დაზარალებულის ან უფლებამონაცვლის სტატუსს მიიღებს პირი, მას ეკუთვნის საქმის მასალების ასლები. ამაზე საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს გადაწყვეტილება მიღებული (ერთი იყო გამსახურდიას საქმე 2020 წელს და მეორე მაჩალიკაშვილის საქმე), რომ მასალების ასლები უნდა მისცე დაზარალებულს ან უფლებამონაცვლეს – ნახოს, გამოძიებაში რა ხდება და გააკონტროლოს სახელმწიფო, ჰქონდეს პირს შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთოს გამოძიების პროცესში.

რადგანაც კითხვის ნიშნები არსებობდა იმაზე, დროულად გაეწიათ თუ არა სტიქიის ზონაში მყოფ ადამიანებს და დაღუპულებს სამაშველო დახმარება, შეიძლებოდა თუ არა იქ ვინმეს გადარჩენა დროული დახმარების გაწევის შემთხვევაში, ჩნდებოდა ვარაუდი, რომ იქ ადამიანები განსაცდელში მიატოვეს, ამიტომ კვალიფიკაციას უნდა დაეზუსტებინა საქმეები ამ კუთხით.

ადამიანების განსაცდელში მიტოვების საკითხი პირდაპირ უკავშირდება შს სამინისტროს და მათი თანამშრომლების ქმედებების შესწავლა-შეფასებას. ბუნებრივია, არსებობდა ინტერესთა კონფლიქტი და მოვითხოვდით, რომ გამოძიების ნაწილში შსს ჩამოშორებოდა საქმეს, რაც ასევე არ გაითვალისწინა სასამართლომ“, – ამბობს ანა თავხელიძე.

მისი თქმით, შოვის ტრაგედიის საქმეს აქვს ორი განზომილება – ერთი არის პროცესები სტიქიამდე, თუ რა ზომები მიიღო სახელმწიფომ და საერთოდ მიიღო თუ არა, სწავლობდა თუ არა ამ ტერიტორიას, ჰქონდა თუ არა ადრეული გაფრთხილების სისტემა და თუ არა, რატომ არ ჰქონდა, „რადგან არსებობა წინარე გამოცდილება, რომ კონკრეტულად ეს მდინარე, რომელმაც ღვარცოფული პროცესები გამოიწვია, იყო საფრთხის შემცველი. ამის დასტურია 2020 წლის ივლისის შემთხვევა, როცა ღვარცოფმა ძალიან მძიმედ დააზიანა კურორტ შოვის ინფრასტრუქტურა.

ამიტომ ამ ნაწილშიც ვითხოვდით გამოძიების წარმოებას და გარემოებების დადგენას. მივწერეთ კიდეც კონკრეტული კითხვები პროკურატურას, ასევე ვითხოვდით მომხდარის შემდეგ რა ზომები მიიღეს, ვინ იყვნენ პასუხისმგებელი პირები, როგორი იყო სამძებრო სამუშაოების გეგმა და ვის რა ნაწილში ჰქონდა პასუხისმგებლობა, ვინ გასცემდა ბრძანებებს, მაგალითად, 3 აგვისტოს როცა ვერტმფრენი შეჩერდა, ვინ გასცა ამის ბრძანება და რომ შეჩერდა, როგორ გაგრძელდა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რა რაოდენობის ცოცხალი ძალა და ტექნიკური საშუალებები იყო ჩართული ძებნაში.

კითხვები დავსვით, მაგალითად, თერმული დრონების გამოყენებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი დეტალურად მივწერეთ გამოძიებას“, – ამბობს ანა თავხელიძე.

მისი თქმით, დაზარალებულის უფლებამონაცვლეობის ნაწილში მოთხოვნა პროკურორმა იმავე დღეს დაუკმაყოფილა, თუმცა სამოხელეო დანაშაულის მუხლით საქმის ნაწილში უარი უთხრა.

ასევე, თავდაპირველად ადვოკატებს უთხრეს, რომ გადასცემდნენ საქმის მასალებს, თუმცა ორ დღეში პროკურატურამ შეცვალა პოზიცია და უარი უთხრა ადვოკატებს მასალების მიწოდებაზე.

„გვითხრეს, რომ შეგვეძლო ჩავსულიყავით ქუთაისში, რადგან დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა აწარმოებს საქმეს და გავცნობოდით ადგილზე გამოძიების მასალებს.

ჩვენ ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებოდით, რადგან არც შს სამინისტრო ჩამოაშორა საქმის გამოძიებას, ამიტომ ზემდგომ პროკურორთან გავასაჩივრეთ.

კანონმდებლობა ითვალისწინებს საქმის მასალების გადაცემას და არა ადგილზე გაცნობას, რადგან ადამიანს უნდა მიეცეს გონივრული დრო და საშუალება, რომ გაეცნოს, წაიკითხოს და გამოიყენოს ასლები.

იქ რაც წავიკითხე, იმის ასლები უნდა წარვადგინო სასამართლოში. ხომ არ მოვუყვები ვიღაცას, რომ „ეს წავიკითხე ან ის“ და ამაზე დაყრდნობით დავწერე შეფასება. ეს არ არის მასალების გადმოცემა და მასალებზე წვდომა, რასაც კანონი ითვალისწინებს. მე თუ რაღაცას არ ვეთანხმები და ვაპირებ ალტერნატიული მტკიცებულებები მოვიპოვო, მჭირდება დოკუმენტის ასლი“, – გვეუბნება ანა თავხელიძე.

PHR-ი აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების პარალელურად მაინც გაეცნო ადგილზე შოვის ტრაგედიის მასალებს.

„დაგვხვდა 11 ტომი და თითოეული იყო რამდენიმე ასეული ფურცელი. ორი დღის განმავლობაში ორი ადვოკატი თავაუღებელი ვკითხულობდით ამ მასალებს.

მოგვცეს საშუალება, გაგვეკეთებინა ჩანაწერები, არ შეუზღუდავთ არც გარემოებებზე ლაპარაკი, არც მედიაში საუბარი და სწორედ ამის ფონზე, კიდევ უფრო უცნაურია ის, თუ რატომ არ გვაძლევს მასალების ასლებს გამოძიება“, – ამბობს ანა.

იყო თუ არა გამოძიების მასალებში იმ კითხვებზე პასუხები, რასაც პროკურატურისგან ითხოვდით, თუნდაც ვერტმფრენის შეჩერებაზე არსებობს საქმეში ვინმეს ბრძანება? – ვკითხეთ ანა თავხელიძეს.

მისი თქმით, 23 აგვისტოს მდგომარეობით ასეთი ინფორმაცია საქმეში არ იყო.

„რაც შეეხება სტიქიამდე ზომებს, საქმეში არსებობს გარემოს ეროვნული სააგენტოს ორი პასუხი, ერთი ის, რომ ამ ხეობაში რაიმე გამოკვლევებს არ ატარებდა, რაც უკვე დარღვევის დადასტურებაა და მეორე, ადრეული გაფრთხილების სისტემა ონის მუნიციპალიტეტში დანერგილი არ ჰქონდათ, რაც ასევე ადასტურებს დარღვევას.

საქმეში არსებობს ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ბიულეტენი, სადაც 2023 წელში ღვარცოფის რეალურ რისკზეა პროგნოზი.

ვიცით, რომ შოვთან არის ორი მდინარე, უბის წყალი და ჭანჭახი. სააგენტო წერდა, რომ საფრთხის წყაროა მდინარე ჭანჭახი და იმისგან არსებობდა ღვარცოფის – კურორტ შოვის დაზიანება- განადგურების რისკი. ასე უწერიათ, რომ მაღალი რისკიაო. მათი პასუხით დასტურდება, რომ არც მდინარე ჭანჭახთან და არც უბისწყალთან დაკავშირებით არ ჰქონიათ ადრეული შეტყობინების სისტემა.

ამჯერად ღვარცოფი გამოიწვია უბისწყალმა, თუმცა ეს ღვარცოფი რომ გამოეწვია მდინარე ჭანჭახს, ზუსტად იგივე შედეგი დადგებოდა. არც არავინ გააფრთხილებდა მოსახლეობას და იქ მყოფ ადამიანებს“, – ამბობს ანა თავხელიძე.

ადვოკატებმა გამოძიების მასალების გადაცემაზე უარი 30 აგვისტოს გაასაჩივრეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. ასევე, კიდევ ერთხელ მოითხოვეს საქმიდან შსს-ს ჩამოშორება და სამოხელეო დანაშაულის მუხლის დამატება გამოძიებაში. თუმცა სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

„მასალების გადმოცემაზე უარი კონსტიტუციის, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის პირდაპირი და უხეში დარღვევაა. შავით თეთრზე წერია კანონში, რომ როდესაც დაზარალებულის სტატუსს ანიჭებ პირს, მასალების ასლები უნდა გადასცე. ერთადერთი გამონაკლისია, როცა შეგიძლია არ გადასცე მასალები პირს, არის ის გარემოება, თუ მიუთითებს პროკურორი, რომ არის კონკრეტული, რეალური საფრთხე გამოძიების ინტერესებისთვის.

ოღონდ პროკურატურამ ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები უნდა წარადგინოს, რაც არ წარმოუდგენიათ ჩვენ შემთხვევაში“, – ამბობს ანა.

რამდენიმე დღეში ადვოკატები ისევ აპირებენ ქუთაისში წასვლას და იმის გადამოწმებას, დაამატეს თუ არა საქმის მასალებში ის ინფორმაცია, რასაც ადვოკატები 17-18 აგვისტოს სთხოვდნენ გამოძიებას.

„ერთი თვე არის გონივრულზე მეტი ვადა, რა ვადაშიც ეს ინფორმაცია უნდა შეეგროვებინა საგამოძიებოს“, – გვითხრა ანა თავხელიძემ.

20-20 ათასი ლარი თითოეულ დაღუპულზე – ეს კომპენსაცია ახლა, ამ დროს, როცა გამოძიება უამრავ კითხვის ნიშანს ბადებს, რამდენად რაციონალურია. ხომ არ სურს ან ნაბიჯით საკუთარი პასუხისმგებლობის გადაფარვა მთავრობას? – ვკითხეთ მას.

„შესაძლებელია, რადგან ახლა ყველაზე მაღალი ინტერესი უნდა იყოს და არის კიდეც საზოგადოების მხრიდან, რომ ეს გამოძიება ჩატარდეს.

ვიღაცის დასჯის სურვილი კი არ გვამოძრავებს, არამედ რეალურია საფრთხე, რომ დღესაც და ხვალაც შეიძლება იგივე განმეორდეს ყველგან. მოხდა კიდეც გურიაში და იგივე შედეგი დადგა. ადამიანები დაიღუპნენ.

ისევ მოუმზადებელი დახვდა სახელმწიფო სტიქიას, კიდევ რომ არ დადგეს მსხვერპლი, პასუხისმგებელი პირების დასჯა იქნება პრევენციული ზომა, რომ ხვალ სისტემები იყოს გამართული და მომზადებული დახვდეს სტიქიას სახელმწიფო“, – ამბობს ანა თავხელიძე.

2023 წლის 3 აგვისტოს შოვში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც 32 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები.

მთავრობამ სამაშველო სამუშაოები იმავე დღეს, დაღამების მოტივით შეწყვიტა და მხოლოდ მეორე დღეს განაახლა სამძებრო სამუშაოები.

ბათუმელმა გოგოებმა ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს – ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში

რუმინეთში, მამაიაში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე 8-18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის ბათუმელმა კესარია მგელაძემ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ცნობით, მთელი ჩემპიონატის განმავლობაში საპრიზო სამეულისათვის ბრძოლა სამ ქართველ გოგონას: კესარია მგელაძეს, კიდევ ერთ ბათუმელ – მარიამ ცეცხლაძესა და ანასტასია კირთაძეს შორის მიმდინარეობდა.

კესარია მგელაძე. ფოტო: საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

„დაძაბული ბრძოლის შემდეგ ჩემპიონის ტიტული დამსახურებულად მოიპოვა კესარია მგელაძემ 9-იდან 7,5 ქულით. ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვეს და II-IV ადგილები გაინაწილეს: ცეცხლაძემ და კირთაძემ.

მარიამ ცეცხლაძე. ფოტო: საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

დამატებითი მაჩვენებლების შედეგად ვერცხლის მედალი მარიამ ცეცხლაძემ დაისაკუთრა, ხოლო ანასტასია კირთაძე მეოთხეზე გავიდა“ – იუწყება საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს სახელით 19 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

8 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა მარიამ რეხვიაშვილი.

10 ფილმი, რომლებიც ბათუმის კინოფესტივალზე უნდა ნახოთ

17 სექტემბერს ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი – BIAFF-ი გაიხსნება. კინოფესტივალი, რომელიც უკვე 18 წელია იმართება ბათუმში, ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და 24 სექტემბერს დასრულდება. ამ პერიოდში ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოში“ და ევროპის მოედანზე 25 სრულმეტრაჟიანი, მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი იქნება ნაჩვენები 30-ზე მეტი ქვეყნიდან.

წელს ბათუმის კინოფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ასევე CINEDOC Tbilisi – დოკუმენტური ფესტივალის საკონკურსო (ქართული ფილმები) და სპეციალური ჩვენების სექციის დოკუმენტური ფილმები.

კინოფესტივალის პროგრამა უკვე ცნობილია. „ბათუმელები“ ტრადიციულად გთავაზობთ იმ ფილმების ჩამონათვალს, რომელთაც ბათუმში ჩვენებამდე უკვე მიიქციეს სხვადასხვა კინოფესტივალზე ყურადღება და ინტერესი და კარგი შეფასებაც დაიმსახურეს. წელს ამ ჩამონათვალში რამდენიმე ქართული ფილმია.

  • „იარე, ლიზა“ – რეჟისორი ნანა ჯანელიძე

ნანა ჯანელიძის ეს ფილმი საქართველო-ბულგარეთის კოპროდუქციაა. ფილმი ჟურნალისტ ქალზეა, რომელსაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს ომის რეპორტიორის გამოცდილება აქვს.

„ძალიან რთულ ჟანრამდე მივედით, ეს არის გზის ფილმი, roud movie რასაც ჰქვია. მთავარი პერსონაჟია რეპორტიორი, რომელმაც გამოიარა ომი, მაგრამ ომი წითელ ხაზად გაჰყვა მთელ მის ცხოვრებას და ომი მას ვერ ასვენებს“ – თქვა ნანა ჯანელიძემ ფილმზე მუშაობისას.

ფილმი BIAFF-ზე სექცია „ქართულ პანორამაში“ იქნება ნაჩვენები 18 სექტემბერს.

YouTube video player

  • „დროის წესრიგი“ – რეჟისორი ლილიანა კავანი

ცნობილი იტალიელი რეჟისორის, ლილიანა კავანის ახალი, 2023 წელს გადაღებული ფილმი მეგობრებზეა, რომლებიც ვილაში იკრიბებიან და მოულოდნელად აღმოაჩენენ, რომ სამყაროს აღსასრულამდე სულ რამდენიმე საათი რჩება.

ფილმის პრემიერა წელს, აგვისტოში შედგა ვენეციის კინოფესტივალზე.

ბათუმის კინოფესტივალზე ფილმი ნაჩვენები იქნება სექციაში – „დიდოსტათა კოლექცია“.

YouTube video player

  • „ავტოპორტრეტი ზღვარზე“ – ანნა ძიაპშიპა

ანნა ძიაპშიპას „ავტოპორტრეტი ზღვარზე“ დოკუმენტური ფილმია.

ფილმში ანნა ძიაპშიპა აერთიანებს არქივებსა და ფრაგმენტებს, რათა შექმნას საქართველოსა და აფხაზეთის ურთიერთობის პერსონალური და პოლიტიკური ბიოგრაფია. დოკუმენტური ფილმის შთაგონების წყარო რეჟისორისთვის გახდა საკუთარი, ქართულ-აფხაზური ოჯახის ბიოგრაფია.

2023 წლის აპრილში ფილმს გადაეცა ჟიურის პრიზი საერთაშორისო კინოფესტივალზე „Visions du Réel“.

ფილმს კინოფესტივალზე 22 სექტემბერს აჩვენებენ.

YouTube video player

  • „მშრალი ბალახების შესახებ“ – რეჟისორი ნური ბილე ჯეილანი

ცნობილი თურქი რეჟისორის, ნური ბილე ჯეილანის ფილმი მასწავლებელზეა, რომელიც აღმოსავლეთ ანატოლიის შორეულ რაიონში მსახურობს. იგი იმედოვნებს, რომ პატარა სოფელში სავალდებულო სამსახურის შემდეგ სტამბოლში იმუშავებს, თუმცა თანდათან კარგავს პირქუში ცხოვრებიდან თავის დაღწევის ყოველგვარ იმედს.

ფილმში მთავარი როლის შემსრულებელმა, მერვე დიზდარმა წელს კანის კინოფესტივალის პრიზი მიიღო საუკეთესოდ შესრულებული როლისთვის.

YouTube video player

  • „მოქალაქე წმინდანი“ – რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი

სცენარის თანახმად, მოქმედება მაღაროელების ქალაქში ხდება, რომლის მცხოვრებლებსაც ჰყავთ წმინდანი, მისი ქანდაკება ქალაქის მთავარ მოედანზე დგას. ერთ დღესაც ქანდაკება გაცოცხლდება, წმინდანი მოქალაქეებს შორის დაიდებს ბინას. მისი გაცოცხლება და რიგით მოქალაქედ ქცევა ქალაქის მოსახლეობას აწუხებს და არ იციან, როგორ მოიქცნენ.

წელს, ივლისში, „მოქალაქე წმინდანი“ კარლოვი ვარის კინოფესტივალზე ეკუმენური ჟიურის პრიზით დაჯილდოვდა.

„მოქალაქე წმინდანი“ ბათუმის კინოფესტივალზე ნაჩვენები იქნება 21 სექტემბერს.

კადრი ფილმიდან. ფოტო: imdb.com
  • „ღმერთის ძახილი“ – რეჟისორი კიმ კი-დუკი

„ღმერთის ძახილი“სამხრეთ კორეელი რეჟისორის, კიმ კი-დუკის ბოლო ფილმია, რომლის დასრულებამდე იგი კოვიდით გარდაიცვალა.

ფილმის პრემიერა კონკურსის გარეშე შედგა ვენეციის კინოფესტივალზე.

YouTube video player

  • „შაშვი შაშვი მაყვალი“ – რეჟისორი ელენე ნავერიანი

„შაშვი შაშვი მაყვალი“ ელენე ნავერიანმა თამთა მელაშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაიღო. ფილმის პრემიერა წელს გაიმართა კანის კინოფესტივალზე, დამოუკიდებელ სექციაში – „Quinzaine des cinéastes“.

წელს ბათუმის კინოფესტივალზე ელენე ნავერიანის ფილმს ალბათ ყველაზე მეტი მაყურებელი ეყოლება – ფილმის ქართული პრემიერა ბათუმში შედგება.

„შაშვი შაშვი მაყვალში“ მთავარ როლს ბათუმელი მსახიობი, ეკა ჩავლეიშვილი ასრულებს, რომელიც წელს სარაევოს კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობ ქალად დასახელდა. ამავე ფესტივალზე „შაშვი შაშვი მაყვალი“ ჟიურიმ საუკეთესო მხატვრულ ფილმად დაასახელა.

ფილმი ბათუმის კინოფესტივალზე 22 და 24 სექტემბერს იქნება ნაჩვენები.

YouTube video player

  • „კრიტიკული ზონა“ – რეჟისორი ალი აჰმადზადე

ირანელი რეჟისორის, ალი აჰმადზადეს ფილმი მარტოხელა კაცზეა, რომელიც თავის ძაღლთან ერთად თეირანის ჯურღმულებში ნარკოტიკებით ვაჭრობს, უმიზნოდ მოძრაობს ქალაქის ქუჩებში, მიჰყვება GPS-ს, რათა გაექცეს ქალაქს, რომელსაც მომავალი არა აქვს.

ფილმმა წელს ლოკარნოს კინოფესტივალის მთავარი პრიზი, „ოქროს ლეოპარდი“ მიიღო.

YouTube video player

  • „მოტაცებული“ – რეჟისორი მარკო ბელოკიო 

იტალიელი რეჟისორის 2023 წლის ფილმი იტალიაში, ბოლონიაში მცხოვრები ახალგაზრდა ებრაელი ბიჭის, ედგარდო მორტარას ისტორიაა, რომელიც 1858 წელს, ფარულად მონათვლის შემდეგ, იძულებით წაიყვანეს ოჯახიდან ქრისტიანად აღზრდის მიზნით. მისი მშობლების ბრძოლა შვილის გასათავისუფლებლად გახდა დიდი პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი.

ფილმი წელს კანის კინოფესტივალის მთავარ ჯილდოზე იყო ნომინირებული.

YouTube video player

  • „მწვანე საზღვარი“ – რეჟისორი აგნეშკა ჰოლანდი

პოლონელი რეჟისორის, აგნეშკა ჰოლანდის ფილმი გვიამბობს სირიელი ლტოლვილების ოჯახზე, ინგლისურის მასწავლებელზე ავღანეთიდან და მესაზღვრეზე, რომლებიც ერთმანეთს პოლონეთ-ბელორუსის საზღვარზე ხვდებიან.

imdb-ის თანახმად, პოლონელი რეჟისორის ახალ ფილმს უკვე 13 პრიზი აქვს მიღებული, მათ შორის ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი.

ფილმი BIAFF-ზე 23 სექტემბერს იქნება ნაჩვენები.

YouTube video player

__________________

მთავარ ფოტოზე: „შაშვი შაშვი მაყვალი“ – კადრი ფილმიდან

ამავე თემაზე: 

ბათუმში კინოფესტივალი იწყება – ნახეთ პროგრამა

რუსული სამხედრო გემი უკრაინელებმა თითქმის გაანადგურეს – ბრიტანეთის დაზვერვა

დღეს, 15 სექტემბერს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ყოველდღიურ, მოკლე ცნობებში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ტვიტერზე ოკუპირებული სევასტოპოლის პორტში მომხდარ აფეთქებაზე წერს, რომლის შედეგად, დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის წყალქვეშა ნავი „როსტოვი“ და სადესანტო გემი – „მინსკი“, ფაქტობრივად განადგურდა.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ჩქმალავს გემების დაზიანების ხარისხს, ღია წყაროები მიუთითებს, რომ „მინსკი“ თითქმის განადგურდა, ხოლო „როსტოვს“, სავარაუდოდ, კატასტროფული ზიანი მიადგა.

წყალქვეშა ნავის მწყობრში დაბრუნებას, სავარაუდოდ, მრავალი წელი დასჭირდება და ასობით მილიონი დოლარი დაჯდება“ – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.

ცნობებში ასევე ნათქვამია, რომ „როსტოვის“ დაკარგვით ოთხიდან სამამდე შემცირდა რუსეთის იმ ფრთოსანი რაკეტების გამშვები წყალქვეშა ნავების რაოდენობა, რომელთაც გადამწყვეტი როლი შეასრულეს უკრაინაზე დარტყმაში.

უკრაინის ძალებმა ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში მდებარე გემთმშენებელ ქარხანას ფრთოსანი რაკეტებით, რუსულ გემებს კი — საზღვაო დრონებით შეუტიეს.

_________________

ფოტოზე: რუსული სადესანტო გემი „მინსკი“ ოკუპირებული სევასტოპოლის პორტში.

ამავე თემაზე: 

რუსეთმა უკრაინასთან ომში წყალქვეშა ნავი პირველად დაკარგა – გენშტაბი

Exit mobile version