სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის სამინისტროების მიერ 2022 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.
„აუდიტის შედეგად გამოვლინდა სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის, პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასების, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს/მომსახურების შესრულების საკითხებთან დაკავშირებით“, – აცხადებს აუდიტი.
აღნიშნულ წელს, აჭარის ოთხ სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში მყოფი მხარჯავ დაწესებულებებს შესყიდვებისთვის ჯამში 301 925 582 ლარი ჰქონდათ გათვალისწინებული, ფაქტობრივმა გადახდამ კი, 120 837 377 ლარი შეადგინა.
„სახელმწიფო შესყიდვების მართვაში არსებული ნაკლოვანებების და შიდა კონტროლის სისუსტის გამო, მხარჯავი დაწესებულებების მიერ სახელმწიფო შესყიდვების მოსამზადებელი სამუშაოების დროს რიგ შემთხვევებში სათანადოდ არ ხდება არსებული რისკების შეფასება, რამაც ინფრასტრუქტურული პროექტების დადგენილ დროში შეუსრულებლობა გამოიწვია.“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.
აუდიტის მიხედვით:
„აჭარის სამინისტროების და მათ მმართველობის სფეროში შემავალი მხარჯავი დაწესებულებების მიერ, სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის დროს რიგ შემთხვევებში ბაზრის კვლევა სათანადოდ არ არის ჩატარებული; რიგ შემთხვევებში შესყიდვის სავარაუდო ფასი განსაზღვრულია გასულ წელს მსგავსი მომსახურების შესყიდვის ფასის შესაბამისად, თუმცა, შესყიდვის ვადის გათვალისწინებით, აღნიშნული კვლევა არავალიდურია.
შედეგად, 2022 წელს 418 შემდგარი ტენდერიდან, 75 შემთხვევაში ფიქსირდება 20%-იანი და მეტი ფასის შემცირება;
შემსყიდველების მიერ სამუშაოს/მომსახურების სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა 62 752 377 ლარით, შესყიდვის პროცედურების შედეგად პრეტენდენტების მიერ სავარაუდო ღირებულება შემცირდა 13 450 150 ლარით და შეადგინა 49 302 226 ლარი, მათ შორის, დიდი ოდენობით შემცირებულია:
- საჯარო სკოლების რეაბილიტაციის სამუშაოებზე ექსპერტიზის დასკვნის/ინსპექტირების ფასი − 68%-ით;
- ინტერნეტმომსახურების შესყიდვის ფასი − 64 %-ით;
- საავტომობილო გზებზე ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის ფასი – 41%-ით და სხვ.“
„სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის დროს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ რიგ შემთხვევებში ბაზრის კვლევა სათანადოდ არ არის ჩატარებული. აღნიშნულის გამო, ტენდერებზე შესყიდვების ჯამური სავარაუდო ღირებულება შემცირდა 13 450 150 ლარით“, – აცხადებს აუდიტი.
აუდიტის ანგარიშში რამდენიმე ფაქტობრივი გარემოებაცაა მოყვანილი:
- საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გზებზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებისათვის 2021 წლის 12 ოქტომბერს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობდა 5 პრეტენდენტი.
სატენდერო წინადადებით, პრეტენდენტის მიმართ არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, ხოლო მიმწოდებელს სამუშაოები უნდა დაესრულებინა 180 კალენდარულ დღეში. წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ სახელმწიფო შესყიდვების მომზადების ეტაპზე უმცირესი ფასის მქონე პრეტენდენტზე − შპს „ზიმო 7“-ზე რეგისტრირებული იყო: 25% წილის მქონე დამფუძნებლის წილზე ყადაღა, ამავე დამფუძნებლის მთელ ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და უშუალოდ პრეტენდენტის მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე გირავნობა.
პრეტენდენტის წინაშე არსებულ რისკებზე შემსყიდველს არ უმსჯელია, აღიარა გამარჯვებულად და გაფორმებულია ხელშეკრულება 3 348 999 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებაზე. მიმწოდებელს 2021 წელს შესრულებული აქვს 139,496 ლარის სამუშაოები, ხოლო დარჩენილი სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2022 წელს, თუმცა შემსყიდველის მიერ 2022 წლის 6 მაისის ბრძანებით მიმწოდებელთან ცალმხრივად ნაწილობრივ შეწყვეტილია ხელშეკრულება იმ მოტივით, რომ მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დარეგისტრირებულია საჯარო სამართლებრივი შეზღუდვები-აკრძალვები, ასევე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. შედეგად ინფრასტრუქტურული ღონისძიება 2022 წელს ვერ განხორციელდა.
- აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ პეტრას ციხის ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობდა 3 პრეტენდენტი. დაბალი ფასის მქონე 2 პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია სატენდერო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის გამო, ხოლო მესამე პრეტენდენტთან გაფორმებულია ხელშეკრულება 42 000 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებაზე, რომელიც უნდა დასრულებულიყო 2022 წლის 15 მაისამდე.
წარმოდგენილი დოკუმენტებით, ხელშეკრულების მიმდინარეობის ეტაპზე მიმწოდებელს სამუშაოები არ განუხორციელებია. ამასთანავე, მხარეთა შეთანხმებით, პირველად გაგრძელდა სამუშაოს შესრულების ვადა 2022 წლის 10 ივნისამდე, ხოლო შემდეგ, 23 ივნისს შეწყვეტილია ხელშეკრულება იმ საფუძვლით, რომ მიმდინარე ეტაპისათვის დამატებითი შესწავლის გარეშე შეუძლებელია სამუშაოების დაწყება.
- განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ ქვეპროგრამის ფარგლებში, ორი საჯარო სკოლის კეთილმოწყობის სამუშაოებისათვის გამოცხადებულ ელექტრონული ტენდერში მონაწილეობდა 3 პრეტენდენტი.
დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტთან გაფორმებულია ხელშეკრულება 415 748 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებაზე, რომელიც უნდა დასრულდეს 2022 წლის 27 ივლისამდე. წარმოდგენილი დოკუმენტებით ხელშეკრულების მიმდინარეობის ეტაპზე მიმწოდებელს სამუშაოები არ განუხორციელებია და იმ მოტივით, რომ დარჩენილ დროში მიმწოდებელი ნაკისრ ვალდებულებას ვერ შეასრულებდა, სამინისტროს მიერ 2022 წლის 31 მაისს შეწყდა ხელშეკრულება, თუმცა წარმოდგენილ დოკუმენტებში არ არის იდენტიფიცირებული მიმწოდებლის მიერ შეუსრულებლობის გამომწვევი მიზეზები და როგორც სხვა შესყიდვების შემთხვევაში, ვადის დარღვევით ფაქტობრივად შესრულების შესაძლებლობა.
ანალოგიურად, მიმწოდებლის მიერ სამუშაოების შეუსრულებლობის მოტივით, სსიპ − აჭარის მუზეუმის მიერ რელიგიის მუზეუმის შენობის სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულება შეწყვეტილია სამუშაოს შესრულების ვადის გასვლის შემდეგ, 2022 წლის 11 ნოემბერს.
- აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლების რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის ანგარიშსწორებას ახორციელებს ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. საექსპერტო მომსახურებისათვის ექსპერტებზე გადახდილია ჯამში 70 662 ლარი.
ექსპერტების მიერ წარმოდგენილი ანგარიშებით ირკვევა, რომ ექსპერტებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები სრულად არ აქვთ ასახული დასკვნებში (ანგარიშებში), კერძოდ, სულ შესრულებული სამუშაოებიდან აზომილი აქვთ ხილული სამუშაოები, ხოლო ფარულ სამუშაოებზე ეყრდნობიან მშენებელი კომპანიისა და ტექნიკური ზედამხედველის მიერ დადასტურებულ ფარული სამუშაოების აქტებს.
„სამინისტროს მიერ დანერგილმა კონტროლის სისტემამ სრულად ვერ უზრუნველყო საჯარო სკოლების რეაბილიტაციის და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში განხორციელებული ექსპერტიზის სათანადო მონიტორინგი და არსებული ხარვეზების დროული იდენტიფიცირება.“ – ასკვნის აუდიტი
ანალოგიურად, ა(ა)იპ − ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიმწოდებელს სრულფასოვნად არ აქვს შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საავტორო ზედამხედველობა, მათ შორის, ფარული სამუშაოების დამოწმება, შეფასება და შედგენაში მონაწილეობა. აღნიშნულ პირობებში სააგენტოს მიერ გადახდილია მომსახურების საფასური − 2 121 ლარი.
- აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ქალაქ ბათუმში, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისათვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებისათვის 2021 წელს გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდა ოთხი პრეტენდენტი, გამარჯვებულად გამოვლენილია შპს „ნიუ სითი დეველოფმენთი“.
სატენდერო წინადადების და ხელშეკრულების პირობებით, საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდების ვადად განისაზღვრა 2022 წლის 25 მაისი. სამინისტროს მიერ მიმწოდებელზე გადახდილია ჯერ ავანსი 198 200 ლარი, ხოლო შემდგომში ეტაპობრივად, სრული სახელშეკრულებო ფასი − 991 200 ლარი.
წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში ვერ განახორციელა პროექტის მიწოდება, რისთვისაც ექვემდებარებოდა 146 687 ლარის სანქციის დაკისრებას. თუმცა მიწოდების ვადის გასვლის შემდეგ, 2022 წლის 12 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმებულია შეთანხმება და სამინისტროს მიერ გადახდილია დარჩენილი სრული სახელშეკრულებო ღირებულება იმ მოტივით, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით აღძრავს სარჩელს საერთო სასამართლოებში.
შეთანხმებაში მითითებული პირობა/მოტივი საკონკურსო პირობებით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის.
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ბუნებრივი აირის მილსადენის სამშენებლო სამუშაოებისათვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობდა ერთი პრეტენდენტი, რომელთანაც გაფორმებულია ხელშეკრულება. სატენდერო დოკუმენტაციით, ელექტრონული ტენდერით განსაზღვრული სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფისათვის პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს საბანკო ანგარიშზე ხელმისაწვდომი თავისუფალი ფინანსური რესურსი, არანაკლებ, 3 400 000 ლარის ოდენობით ან გახსნილი საკრედიტო ხაზი, რომლის ფარგლებშიც აუთვისებელი თანხის ნაშთი შეადგენს, არანაკლებ, 3 400 000 ლარს.
მიმწოდებელს ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე ერთი წლის ვადით აქვს წარმოდგენილი საკრედიტო ხაზის საბანკო გარანტიის ხელშეკრულება, ხოლო ვადის გასვლის შემდეგ თავისუფალი ფინანსური რესურსის შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია არ არის წარმოდგენილი, თუმცა სატენდერო წინადადებაშიც და ხელშეკრულებაშიც არ არის იდენტიფიცირებული, პრეტენდენტს რა პერიოდში და რა ვადით უნდა გააჩნდეს თავისუფალი ფინანსური რესურსი.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის „სამინისტროს მიერ ორ შემთხვევაში, საკონკურსო და სატენდერო პირობები არასრულფასოვნად არის განსაზღვრული, რაც პრეტენდენტთა მხრიდან მათი არაერთგვაროვანი გაგების (აღქმის) რისკებს წარმოშობს.“ – ასკვნის აუდიტი.
აგრომომსახურების განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში, ფერმერებისთვის მიწის ნაკვეთების უფასო დამუშავება
ითვალისწინებს სამ კომპონენტს, მათ შორის, სამ მუნიციპალიტეტში 750 ჰა მიწის ფართობის დახვნას, ხოლო ორ მუნიციპალიტეტში − 1 414 ჰა ფართობის დახვნას, 1 290 ჰექტარის დადისკვას და დაფარცხვას.
სამ მუნიციპალიტეტში პროგრამით და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული 750 ჰექტარის − 34,8%, ანუ 261 ჰექტარი მიწის
დამუშავება არ განხორციელებულა.
- აგროსერვის ცენტრის ინფორმაციით, არახელსაყრელი ნალექიანი ამინდის შედეგად დაგვიანდა და ვერ მოხერხდა ნიადაგის დამუშავების დაწყება, რომელიც შემდგომში ფერმერებმა საკუთარი ძალებით უზრუნველყვეს.
წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით, ჯამში − 4 481 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დამუშავებაზე მიმწოდებლისთვის გადახდილია
687 552 ლარი.
დამუშავებულ მიწის ფართობებთან დაკავშირებით აგროსერვის ცენტრის მიერ მოწოდებულია დოკუმენტები, სადაც ასახულია მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ ერთეულებში დამუშავებული მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი, თუმცა აუდიტის მიმდინარეობის დროს ვერ იქნა მოწოდებული სულყოფილი დოკუმენტები, სადაც იდენტიფიცირებული იქნებოდა პროგრამით მოსარგებლე ფერმერი, დამუშავებული მიწის ფართობი და კომპონენტი.
„აგროსერვის ცენტრმა სათანადოდ ვერ უზრუნველყო „აგრომომსახურების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის დაგეგმვა და განხორციელება. შედეგად, 261 ჰექტარით შემცირდა პროგრამით დაგეგმილი ფართობი, ხოლო მიწის დამუშავებასთან დაკავშირებით, ვერ იქნა მოწოდებული სრულყოფილი ინფორმაცია ცალკეულ ფერმერთან კომპონენტების მიხედვით, ფაქტობრივად დამუშავებული ნაკვეთის ფართობების შესახებ.“ – ასკვნის აუდიტი.