„შეღავათი არის მაგრამ …“ – ასე იწყებენ ფერმერები საუბარს იმაზე, თუ რა შეცვალა თხილის მოსავლის სუბსიდიის სახელმწიფო პროგრამამ მათთვის. „მაგრამ“-ის შემდეგ ჰყვებიან პრობლემებზე, რომელთა ჩამონათვალიც, გრძელი და ერთმანეთისგან განსხვავებულია.
ფერმერები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან განსხვავებულ მიზეზებს ასახელებენ იმის ასახსნელად, თუ რატომ დგას საკითხი მათთვის ისევ კითხვითი ნიშნის ქვეშ – გააგრძელონ თუ არა თხილის ბაღების მოვლა.
ბევრს წელს მოსავალი გაუფუჭდა. მაღალი ხარისხის თხილის მიღება ბევრ მნიშვნელოვან მოთხოვნას აერთიანებს, რაც დიდ დანახარჯს და დიდ შრომას მოითხოვს. ერთი შეცდომაც კი, შესაძლოა მოსავლის ხარისხის დაკარგვის ფასად დაგიჯდეს. ამის მიზეზი შეიძლება დაავადებასთან ბრძოლისთვის შეძენილი პრეპარატიც იყოს [ფერმერების თქმით, ის ხშირად უხარისხოა] და შეიძლება მისი გამოყენების დაგვიანებაც.
ფერმერები ამბობენ, რომ ხარისხი სიზუსტეს მოითხოვს: „ყველაფერი დროულად უნდა გააკეთო.“
ლაბორატორიულად შემოწმებული მაღალი ხარისხის გამხმარი თხილის ფასი წელს 5-7 ლარია, დაბალი ხარისხის თხილის ფასი კი 2.5-დან 3.5-ლარამდე მერყეობს.
- უღირთ თუ არა?
„ასეთი ფასი თუ შენარჩუნდა კიდევ ორი წელი გავძლებ, შემდეგ ალბათ მივიღებ გადაწყვეტილებას, რომ ამ საქმეს შევეშვა“ – გვიყვება ახალგაზრდა ფერმერი, მირზა შოთიძე ხელვაჩაურიდან. ექვსი წელია, რაც მირზამ თხილის ბაღების მასშტაბი გააფართოვა და მათ წესების დაცვით უვლის. ახლა მირზას 3 ჰექტარზე გაშენებული თხილის ბაღი აქვს.
„სჭირდება შეწამვლა დროულად, სასუქი, გასხვლა-გასუფთავება, ბალახის გაცელვა. მოსავლის ასაღებად მუშახელის დაქირავება და არამხოლოდ. გაცელვაშიც დამჭირდა დახმარება. 1 დღე მუშაობა გაცელვაზე 60 ლარია. თხილის შეგროვებაზე კი – 50 ლარი. ნაკლებად არავინ დაგეხმარება “ – გვიყვება მირზა, რომელიც ძირითად დროს თხილის ბაღში ატარებს, ოჯახთან ერთად.
მირზა შოთიძის თქმით, ფასი ყოველწლიურად იკლებს: „წელს თხილის ფასი ხელვაჩაურის მიმღებში 5 ლარია, გასულ წელს, ამ დროს ჯერ 6.5 იყო, შემდეგ დაიკლო და 6 ლარი გადაგვიხადეს.“
სახელმწიფო სუბსიდია ერთ ჰექტარზე ხუთას ქულას, შესაბამისად 500 ლარით დახმარებას ითვალისწინებს. ფერმერებისთვის ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ თხილის მოყვანა მათთვის „მომგებიან საქმედ დარჩეს და ამ საკითხზე ეჭვები გაქარწყლდეს“; „სუბსიდია წამალს ჰყოფნის“.
ჯონი მიქელაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარიდან გვიხსნის, რომ თხილის მოყვანა-ჩაბარებასთან დაკავშირებით ბევრი საკითხია დასარეგულირებელი და ეს სახელმწიფომ უნდა გააკეთოს.
„ფასი დაბალია 2.5 ლარიდან 3.5 ლარამდე. მე არ გამიყიდია. დავასაწყობე და შევინახე. არა, ეს ქარხნების ფასი არ არის. გზებზე, რომ დგანან ე.წ. მეჩაქუჩეები, მათი ფასია. ქარხნები აწი იწყებენ მიღებას. სხვათა შორის ეს საკითხი დასარეგულირებელია. მთავრობა არ უყურებს მაგ ამბავს და არ ვიცი როგორ იქნება. ქარხნები არ იწყებენ მიღებას. ყიდულობენ კერძო შემსყიდველები. შემდეგ ისინი ახმობენ ამ თხილს და ყიდიან ძვირად. ამიტომ გლეხს აღარც უღირს თხილის მოკრეფა. ბოლოს ეს თხილი მაინც ქარხანაში მიდის. ეს ასოციაციის ქარხნებია. მე გაწევრიანებული ვარ და ვინახავ თხილს, რაღაცას ვახერხებ. მაგრამ ყველა ვერ ახერხებს“ – გვიყვება ჯონი მიქელაძე.
რატომ უნდა აწყობდეს გადამამუშავებელ ქარხანას მოსავლის მიღების დაგვიანება და შემდეგ პროდუქტის გადამყიდველებისგან ძვირად შესყიდვა, მაშინ როცა შეუძლია ფერმერისგან იაფად შეიყიდოს? – ჯონი მიქელაძეს ვკითხეთ, არსებობს თუ არა რაიმე კავშირი შემსყიდველ ქარხნებსა და ე.წ. გადამყიდველებს შორის, ის მოკლედ გვპასუხობს, რომ „იქნება“.
ყველა რომ ვერ მოახერხებს თხილის შენახვა-დასაწყობებას იმისთვის, რომ შემდეგ ის ძვირად გაყიდოს, მირზა შოთიძეც ეთანხმება. მისი თქმით წელს ხუთი ლარია გამხმარი [50%-ით] თხილის ფასი. მირზა მიიჩნევს, რომ ეს იმ შრომისა და დანახარჯის საპირწონე არ არის, რაც ხარისხიანი მოსავლის მიღებას სჭირდება.
- დაავადებები და უხარისხო პრეპარატები
კიდევ ერთი პრობლემა რაზეც ფერმერები ჩივიან ეს მცენარის დაავადებები და უხარისხო პრეპარატებია. ქედელი დავით ფალავანდიშვილი გვიყვება, რომ პრეპარატი, რომელშიც ძვირი გადაიხადეს, დაავადებებთან ეფექტური არ აღმოჩნდა.
მისივე თქმით, სახელმწიფომ ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლებიც დააგვიანა: „გარდა იმისა, რომ დააგვიანეს. მხოლოდ გზაზე ჩამოიარა მანქანა. უბნებში არ შევიდნენ. კარგი იქნება თუ ხალხს კითხავენ, სად არის საჭირო შეწამვლა.“
- თხილის მეწარმეთა ასოციაცია
თხილის მეწარმეთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი თოდუას ინფორმაციით ასოციაციამ ლანჩხუთში, სოფელ აკეთში ე.წ. საშრობი ააშენა, სადაც ასოციაციის ყველა წევრს შეუძლია დაასაწყობოს და გაახმოს თხილი, შემდეგ კი, იმ დროს გაყიდოს, როცა საჭიროდ ჩათვლის:
„ძალიან დიდი სივრცეა, ყველას ეყოფა ვინც დაინტერესდება. იქვე არის ლაბორატორიაც. როცა თავად აფასებენ პროდუქტს, ამბობენ ათიდან შვიდი თუ კარგია, ე.ი. კარგიაო. ასე არ არის. იქვე ლაბორატორიაში შემოწმებულ ხარისხიან თხილში ხუთიდან შვიდ ლარამდე გადავიხდით, თუ დაბალი ხარისხის თხილია 2.50-დან 3.50-მდე.“
რაც შეეხება მიმღებებს, რომლებსაც ფერმერები ქარხნებს უწოდებენ. გიორგი თოდუას განმარტებით ძირითადად ისინი კერძო, დაინტერესებული პირები არიან, რომლებსაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა აქვთ, აგროვებენ თხილს. ცდილობენ დაბალ ფასად შეიძინონ, შემდეგ აშრობენ და საბოლოოდ შეიძლება მათაც ასოციაციის საშრობში ჩააბარონ. ამიტომაც გიორგი თოდუა ურჩევს ფერმერებს პირდაპირ ასოციაციას მიმართონ.
თხილის მწარმოებელთა ასოციაცია პროექტის „ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივა” (NEO) ფარგლებში, ასვე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით დაფუძნდა, დაფუძნებისთანავე ასოციაციაში 83 ფერმერი გაწევრიანდა. ასოციაციას რამდენიმე პროექტი სახელმწიფომაც დაუფინანსა.
რეესტრის მონაცემებით ასოციაციის თავმჯდომარე მერაბ ჭითანავაა. ასოციაციის წევრები არიან მერაბ ჭითანავა, ლერი დოჩია, არჩილ ლოლუა, პაატა ფიფია, პაატა ლაგვილავა. აღმასრულებელი დირექტორი გიორგი თოდუაა.
- სახელმწიფოს პასუხი
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ არ უპასუხა ჩვენს კითხვას, თუ რა ინფორმაციას ფლობს და რას სთავაზობს ფერმერებს იმ გამოწვევებზე, რაც დღეს მათ აქვთ: „ეს ცენტრალური პროგრამაა, ჩვენი არ არის“ გვითხრეს სამინისტროში.
თხილის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში ბაღების რეგისტრაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გასულ წელს დაიწყო. სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე 37 000 ჰექტარი თხილის ბაღი დაარეგისტრირეს.