მთავარი,სიახლეები

კრემლი კადიროვის ჯანმრთელობაზე: „ინფორმაცია არ გვაქვს“

18.09.2023 • 5124
კრემლი კადიროვის ჯანმრთელობაზე: „ინფორმაცია არ გვაქვს“

ბოლო დღეებია სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილება დაუდასტურებელი ცნობები ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის გაუარესებული ჯანმრთელობის შესახებ.

დღეს, 18 სექტემბერს, კადიროვის ჯამრთელობის შესახებ შეკითხვა დაუსვეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანს, დიმიტრი პესკოვს.

რუსული სამთავრობო მედიის, „ტასის“ ცნობით, პესკოვმა განაცხადა, რომ რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმე.

„ამ საკითხზე ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ნაკლებად  შეუძლია ჯანმრთელობის ცნობის გაცემა. შესაბამისად, აქ არაფერი გვაქვს სათქმელი“, – თქვა პესკოვმა.

კითხვაზე, იყო თუ არა კადიროვი მოსკოვში გასულ კვირას და შეხვდა თუ არა ის ვლადიმერ პუტინს, პესკოვმა თქვა, რომ კადიროვი პუტინს არ შეხვედრია.

რუსული მედია დღეს, 18 სექტემბერს, ავრცელებს გამოცემა „ეხო მასკვის“ ყოფილი მთავარი რედაქტორის, ალექსეი ვენედიქტოვის [რუსეთში მიჩნეულია „უცხოურ აგენტად“] ციტატას იმის შესახებ, რომ კადიროვს თირკმლის უკმარისობის სერიოზული ფორმა აქვს, რაც რეგულარულ ჰემოდიალიზს საჭიროებს.

გუშინ, 17 სექტემბერს, რამზან კადიროვმა ტელეგრამზე გამოაქვეყნა ვიდეო სეირნობიდან, ინტერნეტში გავრცელებული ხმების საპასუხოდ მისი ავადმყოფობის შესახებ და დაწერა, რომ ჯანმრთელადაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: