მთავარი,სიახლეები

ბახმაროში სასწრაფო დახმარების შენობის მშენებლობა იგეგმება

17.09.2023 •
ბახმაროში სასწრაფო დახმარების შენობის მშენებლობა იგეგმება

კურორტ ბახმაროში ჯანდაცვის სამინისტრო სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის აშენებას გეგმავს.

ერთი ხელშეკრულების ფარგლებში Design-Build მეთოდით, ბახმაროში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალის მშენებლობის მიზნით საჭირო არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერის გამოსაცხადებლად საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ამ ეტაპზე ბაზარს იკვლევს.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ თავიანთი წინადადებები და ფასები სამინისტროს მიმდინარე წლის 23 სექტემბრამდე მიაწოდონ.

ამასთან, პრეტენდენტი წინადადებების წარდგენამდე ვალდებულია:

  • „დეტალურად განიხილოს სატენდერო დოკუმენტაცია, რათა მკაფიოდ გაიგოს და გაიაზროს მოთხოვნები.
  • განახორციელოს საპროექტო ადგილის მონახულება, რათა ასევე მკაფიოდ გაიგოს შენობის ადგილმდებარეობა, წვდომა და შეზღუდვები.
  • მოამზადოს შენობის წინასწარი კონცეპტუალური განლაგება საპროექტო ტერიტორიაზე, მისი ადგილმდებარეობის, მისი შემოგარენისა და არსებული ნაგებობების გათვალისწინებით. მოგროვებული ინფორმაციის საფუძველზე, მოამზადოს წინადადება მოთხოვნებისა და საკუთარი კონცეპტუალური გადაწყვეტის საფუძველზე.
  • მოამზადოს სამუშაო გეგმა, რომელიც უნდა მოიცავდეს ყველა საფეხურს დაწყებული კვლევითი სამუშაოების ჩატარებიდან, სამუშაოების დასრულებამდე და ჩაბარებამდე, მათ შორის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, მიწის მომზადება მშენებლობისთვის, მასალებისა და საქონლის შეკვეთების განთავსების გეგმა და ა.შ.
  • მოამზადოს და წარმოადგინოს წინადადება სატენდერო დოკუმენტის მიხედვით.“

ბაზრის კვლევის დოკუმენტების მიხედვით, მიწის ნაკვეთი, სადაც სასწრაფო დახმარების შენობა უნდა აშენდეს სახელმწიფო საკუთრებაშია და მისი ფართობი 1 200 კვადრატული მეტრია.

საპროექტო ტერიტორია [მონიშნულია მწვანე ფერით] ბახმაროში, სადაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობა უნდა აშენდეს

ტერიტორიაზე არის „ორსართულიანი სადემონტაჟო შენობა, რომლის საორიენტაციო მოცულობა 269 კვადრატული მეტრია; სადემონტაჟო შენობის აუდიტის დასკვნა წარმოდგენილი იქნება ჩვენს მიერ და ვარგისი მასალის ფასი გამოიქვითება საერთო ღირებულებიდან… ტერიტორიის კეთილმოწყობა – გათვალისწინებული უნდა იქნეს პროექტირებისას“ – აცხადებს სამინისტრო.

პროექტირებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ასევე „კლიმატური ფაქტორები და შესაბამისი დატვირთვები შენობაზე. გადახურვის და კედლის თბოიზოლაცია შემოთავაზებული უნდა იქნას კლიმატური პირობების შესაბამისად. თბოიზოლატორი არ უნდა იყოს აალებადი, ცეცხლის გადამცემი ან ტოქსიკური.

ამასთან:

  • საპროექტო სივრცეების დეტალური რეკომენდაციები და მოთხოვნები დამუშავდეს სამინისტროს მოთხოვნების გათვალისწინებით;
  • შენობის/შენობების გარე იერსახე თანხვედრაში უნდა იყოს არსებულ გარემოსთან;
  • პროექტანტმა უნდა გაითვალიწინოს საპროექტო ტერიტორიის სპეციფიკაციები ტერიტორიაზე მისასვლელი გზები და შესაბამისად დაგეგმოს შენობა-ნაგებობების განლაგება პარკინგისა და ეზოს კეთილმოწყობა;
  • ობიექტის ენერგო რესურსებით უზრუნველყოფა უნდა მოხდეს მაქსიმალურად ეფექტურად“.

გეგმარება უნდა განხორციელდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ოთახების მიხედვით:

  • სამზარეულო/სასადილო – საორიენტაციო ფართობი 20 კვ/მ; საერთო მოსასვენებელი სივრცე [40კვ/მ]; საძინებელი ოთახი – 4 [თითოეული 25 კვ/მ]; სველ წერტილები და საშხაპეები – სტანდარტის შესაბამისად 12 ადამიანზე. ნარჩენების ოთახი [უნდა მოეწყოს სველი წერტილების სპეციფიკის გათვალისწინებით – 6 კვ/მ];
  • აფთიაქის ოთახი [5 კვ/მ]; ტექნიკური ოთახი 2 [თითოეული 6 კვ/მ]; სამუშაო ოთახები 5 [თითოეულის საორიენტაციო ფართობი 20 კვ/მ];
  • საპროექტო შენობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს წყლის 5-ტონიანი რეზერვუარით და სეპტიკით [6 კუბური მეტრი];
  • შენობას გარდა წყლის ელექტროგამათბობლებისა ასევე უნდა გააჩნდეს მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამაცხელებელი და შესაბამისი სიმძლავრის მზის ფოტოელექრტო სადგური.
  • პროექტირებისას გათვალისწინებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სივრცეების ადაპტაციის მოთხოვნები [პანდუსები, სველი წერტილი ან სხვა].

ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნით, მშენებლობაზე „აზბესტის შემცველი მასალის გამოყენება დაუშვებელია“.

პროექტირებისა და სხვა დოკუმენტების მომზადების შემდეგ, სამინისტროს გათვლებით, ბახმაროში სასწრაფო დახმარების შენობის „სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს 2024 წლის პირველი მაისიდან და უნდა დასრულდეს 2024 წლის 28 აგვიტოს ჩათვლით პერიოდში]“.

საპროექტო ტერიტორია ბახმაროში, სადაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობა უნდა აშენდეს

განახლება: ერთი ხელშეკრულების ფარგლებში Design-Build მეთოდით, კურორტ ბახმაროში მდებარე მიწის ნაკვეთზე, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალის მშენებლობის მიზნით საჭირო არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერი ჯანდაცვის სამინისტრომ 2023 წლის 5 ოქტომბერს გამოაცხადა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 147 008 ლარია. ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 22 ოქტომბერს დაიწყება და 27 ოქტომბერს დასრულდება.

მთავარი ფოტო: კურორტი ბახმარო / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: