17 სექტემბერს საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი რეჟისორ ზაზა ხალვაშის ფილმით – „ლოტო“ – გაიხსნა.
„ლოტო – იგავი ზღვისპირა ქალაქზე“ ბათუმელი რეჟისორის, ზაზა ხალვაშის ბოლო ნამუშევარია. ეს ერთ ეზოში გადაღებული შავ-თეთრი ფილმია ფერად ისტორიებზე. რეჟისორი ფილმზე მუშაობის პერიოდში გარდაიცვალა. შემოქმედებით ჯგუფს მოგვიანებით გამოაკლდა ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი, მსახიობი ზურაბ ქავთარაძე.
„ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ იშვიათი კადრები ფილმის გადასაღები მოედნიდან და საინტერესო ისტორიები, რომელიც „ლოტოს“ შექმნას სდევდა თან“ – ვკითხულობთ ფილმის აღწერაში.
„ლოტო“ ბათუმის კინოფესტივალზე კიდევ ორჯერ იქნება ნაჩვენები – 18 სექტემბერს, 20 საათზე, ევროპის მოედანზე, ღია ცის ქვეშ გამართულ კინოჩვენებაზე და 20 სექტემბერს, 14 საათზე, – კინოთეატრ „აპოლოში“.
BIAFF-ის მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციას ხუთკაციანი ჟიური შეაფასებს, რომელსაც რეჟისორი გიორგი ოვაშვილი (საქართველო) ხელმძღვანელობს. ჟიურის წევრები არიან: ანჟეი სლოვიცკი [გერმანია], მეჰმეტ ალი არსლანი [თურქეთი], დიანა მარტიროსიანი [სომხეთი], ნიკა აბრამიშვილი [საქართველო]. ამ სექციაში ათი ფილმია წარმოდგენილი.
მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციას კი შეაფასებს სამკაციანი ჟიური – თამარ ბართაია [საქართველო] – ჟიურის თავმჯდომარე, არტურ ვებერი [ესტონეთი], რუსუდან გლურჯიძე [საქართველო].
კინოფესტივალი კინოთეატრ „აპოლოში“ გაიმართება, ასევე, კინოჩვენებები შედგება ღია ცის ქვეშ – ევროპის მოედანზე.
კინოსეანსებზე დასწრება თავისუფალია. ბილეთები გაიყიდება მხოლოდ „აპოლოში“ გამართულ ბოლო [ღამის] კინოსეანსზე, სექცია „დიდოსტატთა კოლექციაში“ ნაჩვენებ ფილმებზე. ფასი 5 ლარი იქნება.
ფოტოზე: „ლოტოს“ ჩვენება „აპოლოში“. ფოტო: BIAFF/facebook
ნახეთ დეტალურად:
- ფესტივალის ფილმების სია და ჟიური
- ფესტივალის კინოსეანსების განრიგი
- ფესტივალის კატალოგი (PDF)
- ფესტივალის ფილმებზე დასწრება
ამავე თემაზე: