ბათუმში გაუჩინარებულ ახალგაზრდა კაცს ეძებენ

ბათუმში გაუჩინარებულ კაცს, ქიშო (ქიშვარდი) დოლაბერიძეს ეძებენ.

როგორც გაუჩინარებულის მეუღლემ „ბათუმელებს“ უთხრა, ის ქმართან დაკონტაქტებას 23 იანვრის ნაშუადღევის შემდეგ ვეღარ ახერხებს.

„23 იანვრის შემდეგ გაუჩინარებულია. ბოლოს 14:00 საათზე ჰქონდა ჩვენთან კონტაქტი და შემდეგ, 16:00 საათზე ჩვენს ნათესავთან. ამის შემდეგ კი მისი ტელეფონი გამორთულია“, – ამბობს ქალი.

მისი თქმით, ქიშო (ქიშვარდი) დოლაბერიძე ბათუმში სამუშაოდ იმყოფებოდა.

„ზუსტად არ ვიცი, ვისთან მუშაობდა, თუ არ ვცდები რაღაც თურქული კომპანია იყო. როცა საერთო საცხოვრებელში დაბრუნდნენ, ჩემი მეუღლის ნივთები იქ აღარ იყო“, – ამბობს ქალი.

გაუჩინარებული კაცის ოჯახი ქუთაისში ცხოვრობს.

ქალის თქმით, გაუჩინარებულ ქიშო (ქიშვარდი) დოლაბერიძეს პოლიციაც ეძებს.

კამერების ჩანაწერებით ირკვევა, რომ ქიშო (ქიშვარდი) დოლაბერიძე ბოლოს ბათუმიდან გადის ქუთაისის მიმართულებით… ის ფეხით მოძრაობს…
 განახლება: შსს-ს ინფორმაციით, გაუჩინარულებული კაცი უკვე გამოვიდა კონტაქტზე და ოჯახსაც დაუკავშირდა. 

ზელენსკი საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს „ილ-76“-ის ჩამოვარდნაზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აუცილებელია გამოძიება 24 იანვარს რუსული ილ-76 თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე.

„ჩვენ უნდა დავადგინოთ ყველა ფაქტი, რამდენადაც ეს შესაძლებელია, იმის გათვალისწინებით, რომ ავიაკატასტროფა რუსეთის ტერიტორიაზე მოხდა, ჩვენ კონტროლის მიღმა.

მე დავავალე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ეცნობებინა პარტნიორებისთვის უკრაინაში არსებული მონაცემების შესახებ. ჩვენი სახელმწიფო დაჟინებით მოითხოვს საერთაშორისო გამოძიებას“ – განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ რუსეთი თამაშობს უკრაინელი პატიმრების სიცოცხლით, მათი ნათესავების გრძნობებითა და უკრაინაში საზოგადოების ემოციებით.

რუსული სამხედრო თვითმფრინავი „ილ-76“ რუსეთში, ბელგოროდის ოლქში გუშინ, 23 იანვარს ჩამოვარდა. მოსკოვში განაცხადეს, რომ დაღუპულთა შორის 65 უკრაინელი ტყვე იყო და თვითმფრინავის ჩამოგდებაში უკრაინა დაადანაშაულეს. უკრაინული მხარე ადასტურებს, რომ 24 იანვარს უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლა უნდა მომხდარიყო.

ჯანდაცვის ქართულ სისტემას ქვეყნის მდიდრებისთვის მოაქვს სარგებელი – ფრანგი ექიმების კვლევა

„ჯანმრთელობის უფლებრივი  მდგომარეობა საქართველოში: ხელმისაწვდომობა და მკურნალობის ხარისხი“ ასე ჰქვია კვლევას, რომელიც მოამზადა ფრანგულმა ასოციაციამ Habitat-Cité კლინიკა Sciences Po-სთან თანამშრომლობით.

ანგარიშის მოსამზადებლად ფრანგმა ექიმებმა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შეისწავლეს 2022 წლის თებერვალში, კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობას, ხარისხს და ჯანმრთელობის დაზღვევის კერძო და სახელმწიფო სისტემას.

ქვემოთ მოცემულ მასალაში კვლევის მხოლოდ იმ ნაწილს შევეხებით, სადაც ექიმები საქართველოში სამედიცინო ბარიერებსა და საყოველთაო ჯანდაცვის მდგომარეობაზე წერენ.

მკვლევრების შეფასებით მკურნალობა საქართველოში ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი არ არის, მოქალაქეები უამრავ წინააღმდეგობას ხვდებიან და  ვერ სარგებლობენ სრულფასოვნად ჯანმრთელობის ფუნდამენტური უფლებით.

ხელმისაწვდომობა ჯანმრთელობის უფლების მნიშვნელოვანი ელემენტია, რაც საერთაშორისო სამართლის სხვადასხვა ტექსტშიცაა აღნიშნული.

სოციალური, კულტურული და ეკონომიკური კომიტეტების განმარტებით, ჯანმრთელობის უფლებით სარგებლობის ხარისხი ოთხი კრიტერიუმით იზომება: ეკონომიკური, ანუ „საფასო“, ფიზიკური და ინფორმაციული ხელმისაწვდომობა, ასევე  დისკრიმინაციის არარსებობა.

„სხვაგვარად რომ ვთქვათ, მკურნალობის ხელმისაწვდომობა და ჯანდაცვის სტრუქტურები არ არის საკმარისი. საქართველოს მოქალაქეებს ჯანმრთელობის უფლებით სარგებლობის გარანტიები არ აქვთ.

გარანტია კი, პირველ რიგში, გულისხმობს მკურნალობის ფიზიკურ და ფინანსურ ხელმისაწვდომობას, განურჩევლად ყველა მოქალაქისთვის. ამ ელემენტების არარსებობა დისკრიმინაციაა“, – წერია კვლევაში.

ამის შემდეგ იმ ბარიერებზეა საუბარი, რაც ქართველ პაციენტებს მკურნალობის ლეგიტიმურ უფლებას უზღუდავს:

  • მკურნალობის ხელმისაწვდომობა და ფინანსური ბარიერები, საბაზრო წესებით მართული ჯანდაცვის კერძო სისტემა

ჯანდაცვის სისტემა საქართველოში ძირითადად კერძოა და ბაზრის წესებით იმართება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკა სწრაფად გადაეწყო ცენტრალიზებული სისტემიდან საბაზრო ეკონომიკაზე.

ჯანდაცვის სექტორიც ამ რელსებზე გადავიდა – 1990-იან წლებში მკვეთრად შემცირდა ჯანდაცვის სახელმწიფო დაფინანსება. დაიწყო ეკონომიკური კრიზისი, ქვეყანაში უმუშევრობის მზარდი მაჩვენებელი იყო, ყველაფერს თან დაერთო სამოქალაქო ომი (1992-1995 წლებში) და პოლიტიკური გადატრიალებების სერია. საერთო სურათმა ჯანდაცვის სისტემაზეც მოახდინა გავლენა.

2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ დროს გადადგა პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, რომელიც 1992 წლიდან მართავდა ქვეყანას. ახალმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ გააგრძელა და დააჩქარა ქართული საზოგადოების მსხვილი სექტორების, მათ შორის ჯანდაცვის სისტემის სტრუქტურების პრივატიზაციისა და ლიბერალიზაციის პროცესი.

მომზადდა 2004-2006 წლების სამედიცინო სისტემის გენგეგმა, მსოფლიო ბანკის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს დაფინანსებით. გეგმის მიზანი იყო ყველასთვის ხელმისაწვდომი გაეხადათ პირველადი სამედიცინო დახმარება, უზრუნველეყოთ პერსონალის მომზადება და აღედგინათ ჯანდაცვის სისტემის ძველი სტრუქტურები.

ჯანდაცვის სისტემა საქართველოში, პოსტსაბჭოთა ცენტრალიზებული და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის სისტემის ნაზავია. ეს არის პრივატიზებული სისტემა, რომელსაც ყველაზე მეტი სარგებელი ქვეყნის მდიდარი მოქალაქეებისთვის მოაქვს.

თუმცა 2006 წელს მთავრობამ მიიჩნია, რომ ეს გეგმა ძალიან ძვირადღირებული და ამბიციური იყო. პრივატიზაცია 90-იანი წლებიდან დაიწყო, განსაკუთრებით კი დაიწყო სტომატოლოგიური დაწესებულებების, აფთიაქების, საავადმყოფოების და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კლინიკების პრივატიზაცია.

მთავრობის გათვლით საჯარო სერვისების პრივატიზაცია ჯანდაცვის სისტემის წარმატებული რეფორმისთვის აუცილებელი პირობა იყო და ასევე საჯარო სერვისებისთვის გამოყოფილი თანხის დაზოგვის გზაც. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის სისტემა წარუმატებელი აღმოჩნდა  წლების განმავლობაში, ამიტომ გამოსავალს სახელმწიფო ხედავდა იმაში, რომ პრობლემა ბაზარს უნდა დაერეგულირებინა მომავალში.

2007 წლის იანვრიდან ჯანდაცვის სისტემის პრივატიზაციის პროცესი დაჩქარდა, რადგან ხელისუფლებამ სამწლიანი სამოქმედო გეგმა წარმოადგინა.

მიზანი იყო მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესება და ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც გულისხმობდა სისტემაში კერძო კლინიკებისა და პირველადი ჯანდაცვის კერძო სტრუქტურების შემოყვანას.

ამგვარად „საავადმყოფოების გენერალური გეგმა“ ითვალისწინებდა საავადმყოფოების, ჰოსპიტალური სექტორის სრულ პრივატიზაციას. ეს კი საშუალებას აძლევს კერძო ინვესტორებს შეიძინონ ძველი სახელმწიფო საავადმყოფოები, იმ პირობით, რომ შენობაში განათავსებენ მხოლოდ ჯანმრთელობის ცენტრს, სულ მცირე შვიდი წლით მაინც, მერე კი ინვესტორებს მიწისა და შენობების სურვილისამებრ განკარგვის უფლება აქვთ.

მთავრობის იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ საბაზრო მექანიზმი დაარეგულირებდა სახელმწიფო საავადმყოფოების არაეფექტურობას, განსაკუთრებით კი ფასებს, ხელმისაწვდომობას, მკურნალობის ხარისხს და კორუფციის პრობლემებს.

  • დაზღვევა, რომელიც სამედიცინო ხარჯებს სრულად ვერ ფარავს, სადაზღვევო სისტემის ჩამოყალიბება 2007 წლიდან

საყოველთაო დაზღვევის მიზანი იყო მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება ქვეყნის ყველაზე ღარიბი მოსახლეობისთვის. შესაბამისად, საყოველთაო დაზღვევის პროგრამა ფარავს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების მკურნალობის ხარჯებს.

2012 წლიდან დაზღვევა შეეხო შშმ პირებს, 6 წლამდე ბავშვებსა და პენსიონერებს – თანაგადახდის ზღვრული პრინციპით. მოსახლეობის ნახევარზე მეტს არ ეხება ჯანმრთელობის დაზღვევის ეს პროგრამა, რომელიც სახელმწიფოსგან ფინანსდება, მაგრამ ხორციელდება კერძო სადაზღვევო კომპანიების მეშვეობით.

2013 წლიდან ამოქმედდა, საყოველთაო ჯანდაცვის ახალი პროგრამა, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს სახელმწიფოს დაქვემდებარებული სოციალური მომსახურების სააგენტო.

ძირითადი პაკეტი ითვალისწინებს ზოგიერთი მკურნალობის ნაწილობრივ დაფინანსებას ყველა მოქალაქისთვის (განსაკუთრებით გადაუდებელი დახმარების და წინასწარ დაგეგმილი ამბულატორიული მკურნალობის შემთხვევებში).

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ 2013 წლის შემდეგ ცვლილებები განიცადა. 2017 წლიდან ჯანდაცვის პროგრამებით მოსარგებლე მოქალაქეებს განარჩევენ შემოსავლის მიხედვით და მოწმდება მიეკუთვნებიან თუ არა ისინი პრიორიტეტულ ჯგუფს.

2013 წელს ინიცირებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დღემდე მოქმედებს „თანაგადახდის“ პრინციპით. მკურნალობის დაფინანსება შეზღუდულია და პაციენტებმა თავად უნდა გადაიხადონ მკურნალობის საფასურის ნაწილი, რაც შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს სხვადასხვა პროვაიდერთან.

ის მოქალაქეები, რომელთა წლიური შემოსავალიც 40 000 ლარს აჭარბებს (მოსახლეობის 1%) 2017 წლიდან ვეღარ სარგებლობენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. მათ მოუწოდებენ იყიდონ კერძო დაზღვევა, თუმცა „მინიმალური პაკეტის“ მეშვეობით საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია იმკურნალოს სპეციფიკური დაავადებების შემთხვევაში (როგორიცაა მაგალითად ტუბერკულოზი). 2021 წელს საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 9%-ს ჰქონდა კერძო სამედიცინო დაზღვევა.

საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშების, Habitat-Cité-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საყოვეთაო ჯანდაცვის სისტემა საქართველოში არაეფექტურია და მკურნალობა ყველა პაციენტისთვის არ არის ხელმისაწვდომი.

ამასვე ადასტურებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2021 წლის შეფასებაც, რომელშიც წერია, რომ „მიუხედავად 2013 წელს განხორციელებული რეფორმებისა, სახელმწიფო ცოტას ხარჯავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დასაფინანსებლად, სამედიცინო მომსახურება კი ხარვეზებით ხასიათდება“.

პაციენტები იძულებულები არიან საკუთარი ჯიბიდან გადაიხადონ მკურნალობის საფასურის ნაწილი, რაც საქართველოს მოქალაქეების ძირითადი ნაწილისთვის უზარმაზარი, ხანდახან წარმოუდგენლად დიდი ხარჯია.

მაგალითად, სახელმწიფო არ დაფარავს 15 000 ლარზე მეტი ღირებულების მომსახურებას საავადმყოფოში, გადაუდებელი დახმარება როცა სჭირდება მოქალაქეს. გეგმური ქირურგიული ოპერაციისთვის წელიწადში 15 000 ლარია გამოყოფილი ან 12 000 ლარი წელიწადში ონკოპაციენტებისთვის.

პაციენტებს უწევთ თანაგადახდაზე ფიქრი ან უნდა შეეცადონ არ გადააჭარბოს მკურნალობის ღირებულებამ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დაფინანსების ზღვარს.

სახელმწიფო დაზღვევა ძირითადად ფარავს სტაციონარულ მკურნალობას, მაგრამ ლიმიტირებულია ამბულატორიული მომსახურება. მაგალითად, მედიკამენტურ მკურნალობას სახელმწიფო დაზღვევა არ უფინანსებს თუნდაც ყველაზე ღარიბ ოჯახებს.

ზოგიერთი სამედიცინო მომსახურება საერთოდ არ ფინანსდება. მაგალითად, მედდის მომსახურება, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები, სქესობრივი ჯანმრთელობა, სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო მომსახურება, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული მკურნალობა და ოპერაციები.

რაც შეეხება კერძო დაზღვევას, კვლევის ფარგლებში გამოკითხული პირების დიდი ნაწილი ამბობს, რომ უარი თქვეს კერძო დაზღვევის გაგრძელებაზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ასეთი დაზღვევის მიუხედავად გაუარესდა.

„როცა ჩემი მშობლები დაბერდნენ ჩვენმა სადაზღვევო კომპანიამ უარი გვითხრა მათ მკურნალობაზე, ან მოგვიწევდა ძალიან ბევრი ფულის გადახდა ამ დაზღვევისთვის. საერთოდ უარი ვთქვით, არ გვქონდა ამდენი ფული“, – ამბობს კვლევის ავტორების მიერ გამოკითხული საქართველოს მოქალაქე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „ჯიბიდან გადახდილ კატასტროფულ ხარჯს“ უწოდებს პაციენტების სამედიცინო ხარჯს, რაც მათ მსყიდველუნარიანობას 40%-ით აღემატება. ეს ხარჯები იზრდება 2013 წლიდან, როცა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა ამოქმედდა:

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სამედიცინო ხარჯი განსაკუთრებულ ტვირთად აწვება მოსახლეობის 40%-ს, ყველაზე ღარიბებს. მოსახლეობის გაღატაკების მიზეზი საქართველოში, 2013 წლის შემდეგ, სწორედ სამედიცინო ხარჯებია, კერძოდ: 2018 წელს მაგალითად, ჯანდაცვის ხარჯების 48% შედგებოდა მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდილი თანხისგან, რაც ევროპულ მაჩვენებელზე, 30%-ზე გაცილებით მეტია.

„90 თეთრი და ზევით არის“ – სოფლის მეურნეობის სამინისტროს პასუხი მანდარინობასა და ფასებზე

„საკმაოდ მაღალი ფასები იყო დასაწყისში და დასასრულშიც, შემიძლია თამამად გითხრათ ეს, რა თქმა უნდა, ხარისხიან ციტრუსზე მაქვს საუბარი,“ – ამბობს ირაკლი ონიანი, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონიტორინგისა და შეფასების დეპარტამენტის უფროსი. მას დაუკრეფავად დატოვებულ მანდარინის ბაღებსა და მოსავლის დალპობის პრობლემამდე არასტანდარტული მანდარინის მიმღებ საწარმოზე ვკითხეთ, სადაც მანდარინის მიღება უკვე შეჩერდა.

ერთ-ერთმა მეციტრუსემ ქობულეთიდან მოგვწერა, რომ არასტანდარტული მანდარინი ჩასაბარებელი აქვს, საწარმომ კი მუშაობა შეაჩერა. წელს არასტანდარტულ მანდარინზე სახელმწიფო სუბსიდია 25 თეთრია, საწარმო კი, ფერმერს 5 თეთრს უმატებს. საწარმომ მუშაობა ქობულეთში გუშინ, 23 იანვარს შეაჩერა.

„ამ ეტაპზე ქარხანამ გააჩერა მუშაობა ნედლეულის არქონის გამო. მიმდინარეობს მუშაობა, რომ თუ სადმე დარჩენილია ციტრუსი, მოხდეს არასტანდარტული მანდარინის ორგანიზებულად შეგროვება, ნებისმიერ დღეს შეიძლება ჩაირთოს ქარხანა და გადაამუშავებს. რა თქმა უნდა, მანდარინი არ უნდა იყოს გაფუჭებული და არ უნდა ჰქონდეს სიმჟავე.

ჯერჯერობით ციტრუსის შტაბში ასეთი მოთხოვნა არ შემოსულა,“ – გვითხრა ირაკლი ონიანმა. მას ვუთხარით, რომ მანდარინის სეზონზე სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან პირველი კომენტარი დღეს მივიღეთ, სეზონის დასრულების შემდეგ. იმ დღეებში, როცა მეციტრუსეებს მანდარინი ულპებოდათ, „ბათუმელებს“ აჭარის სოფლის მეურნეობის ცხელ ხაზზეც არ უპასუხეს.

ირაკლი ონიანს ვკითხეთ იმის შესახებ, რაც ქობულეთელმა მეციტრუსეებმა გვითხრეს: რეალურად 15 თეთრად იყიდება არასტანდარტული მანდარინი, რადგან ტრანსპორტირება ძვირია და საწარმოსთანაც დიდი რიგებია.

„მე ვერ დაგეთანხმებით, რომ რეალურად 15 თეთრად აბარებდნენ, რადგან ქარხანა საკუთარი ტრანსპორტითაც მიდიოდა მაღალმთიან სოფლებში, საიდანაც რთული იყო მოწოდება და იქ 20 – 25 თეთრს იხდიდნენ.

იმ ფერმერებს, რომლებიც ახერხებდნენ საკუთარი ძალებით, საკუთარი ტრანსპორტით თუ ასე შემდეგ მანდარინის ჩამოტანას და საწარმოში ჩაბარებას, რა თქმა უნდა, 30 თეთრი უნაზღაურდებოდათ… შეიძლება, რომელიმე შორეულ სოფელში მისულიყო ვიღაც და ტრანსპორტის ხარჯებიდან გამომდინარე, 25 თეთრის ნაცვლად 20 თეთრი ეთქვა.

წელს რიგები არ გვქონია, რადგან ქარხანა იყო კარგ მდგომარეობაში, ახერხებდა 24 საათის განმავლობაში 400 ტონა ციტრუსის გადამუშავებას. რიგი თუ გვქონდა, მაქსიმუმ იყო 10 – 12 საათი. ის, რომ 2 დღე ან ერთი დღე ვინმე გაჩერებულიყო, ასეთი რამ არ ყოფილა. დილით თუ მოვიდოდა ფერმერი, მაქსიმუმ ღამით გავუშვებდით აუცილებლად,“ – გვითხრა ირაკლი ონიანმა.

ქობულეთელი მეციტრუსეების თქმით, სეზონის დასაწყისში მანდარინი საშუალოდ 70 – 80 თეთრად იყიდებოდა, თუმცა დაახლოებით 15 დეკემბრიდან, როცა უხვმოსავლიანობის გამო მანდარინის ბაღები ჯერ კიდევ არ იყო დაკრეფილი, მანდარინის გაყიდვა პრობლემა გახდა. 15 იანვრიდან მანდარინის გადამყიდველები ისევ აქტიურად გამოჩნდნენ – ბოლო დღეებში საშუალო ხარისხის მანდარინი დაახლოებით 60 – 70 თეთრად იყიდება. მანდარინის ნაწილი მეციტრუსეებს დაულპათ. მანდარინის ბაღების ნაწილი კი, დაუკრეფავი დარჩა, რადგან მეციტრუსეების თქმით, დაბალი ფასი რეალურ დანახარჯს ვეღარ ასწორებს. 

„საკმაოდ მაღალია ახლა ფასი“ – გვითხრა საუბრის დროს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩინოვნიკმა.

„60 თეთრია მაღალი ფასი?“ – ვკითხეთ ირაკლი ონიანს.

„90 თეთრი და ზევით არის, შეგიძლიათ, მოიკითხოთ ნებისმიერ ადგილას... ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკოორდინაციო შტაბს, ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვაკავშირებთ ერთმანეთს, როგორც მყიდველს, ასევე გამყიდველს. შესაბამისად, მე ვერ მივიღებ იმას, რომ 70 და 50 თეთრად იყიდება,“ – აღნიშნა ირაკლი ონიანმა. მას ვუთხარით, კონკრეტული მეციტრუსეებისგან გვაქვს ინფორმაცია, ბოლო დღეებში მანდარინი 50 და 60 თეთრად რომ გაყიდეს.

მანდარინის დაუკრეფავი ბაღი ქობულეთში, სოფელ ალამბარში

„რა თქმა უნდა, იყო პრობლემები,“ – გვითხრა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა. მან მანდარინის რეალიზების პრობლემა ისევ მეციტრუსეს დააბრალა, დროულად ვერ დაკრიფეს მანდარინიო.

„უხვმოსავლიანი სეზონი გვქონდა, სარეკორდო მოსავალი იყო: 12 ათას ტონაზე მეტი გადამუშავდა არასტანდარტული ციტრუსი, ხოლო 38 500 ტონაზე მეტი ექსპორტირებულია. დღემდე მუშაობდა შემფუთავ-დამხარისხებელი საწარმოები. დღეისთვის მოსავლის დაახლოებით 10%-ია მოსახლეობაში დარჩენილი. მოგეხსნებათ, ჩვენი ფერმერები საუკეთესო ნაყოფს ინახავენ და თებერვალში ყიდიან, ან მარტში.

მოგეხსენებათ, ნოემბრის ბოლოს არის კრეფის აქტიური სეზონი. მანდარინის კრეფის სეზონი გაჭიანურდა, რადგან წვიმიანი დღეები დაემთხვა, ფერმერების უმეტესმა ნაწილმა დეკემბერში დაიწყო კრეფის აქტიური სეზონი. საექსპორტო ფასი მაშინ იყო 80 თეთრი და ზევით. ექსპორტიორები პირიქით ეძებდნენ, ვის ჰქონდა მოკრეფილი მანდარინი. მოსახლეობა ამ დროს მოგვმართავდა, რომ ჰქონდათ მუშახელის დეფიციტი, ვერ ასწრებდნენ დაკრეფას და ასე შემდეგ. შესაბამისად, კრეფის დასრულების ვადა გადაიწია.

ამას დაემატა ისიც, რომ, სამწუხაროდ, პიკურ სიტუაციაში ლარსის უღელტეხილი ჩაიკეტა დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო. წინასაახალწლოდ ერთი კვირა გზა ჩაკეტილი იყო. მაქსიმალურად მოკლედ დროში მოხერხდა გზის გაწმენდა და მანქანების გაშვება ურიგოდ.

ნაწილობრივ სეტყვაც იყო. შესაბამისად, ვინც დასეტყვილი მანდარინი ვერ გაყიდა, ლოგიკურია: იმ ექსპორტიორს, რომელსაც ახლა გააქვს მანდარინი, მას სურს დაუსეტყვავი მანდარინი და ასე შემდეგ,“ – განმარტა სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა.

ირაკლი ონიანი

რატომ შეიქმნა მუშახელის პრობლემა, როცა ქობულეთისა და ხელვაჩაურის ციტრუსის ბაღებით სავსე სოფლებიდან ადამიანები თურქეთში გადადიან სეზონური სამუშაოზე? – ჩავეძიეთ ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელს.

„ჩვენ ახლა ძალიან გლობალურში გადავალთ,“ – პასუხის გაცემისგან თავის არიდება სცადა ჩინოვნიკმა. მას მეციტრუსეების განმარტება გავუზიარეთ, რომ მუშახელი გაძვირდა და როცა მანდარინის გაყიდვა მეციტრუსეს 60 თეთრად უწევს, იგი ამჯობინებს, მანდარინი დაუკრეფავი დატოვოს.

„კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჩვენთან, საკოორდინაციო ჯგუფში, შემოვიდა ასობით ზარი. აბსოლუტურად ყველა დაკვალიანდა, ყველამ მიიღო მომსახურება. დღეს საბაზრო ეკონომიკაში ზოგი იხდის 70 თეთრს, ზოგი 80 თეთრს, ზოგიც – ლარს. ჩვენ ფასების რეგულირებას ვერ მოვახდენდით,“ – გვიპასუხა ირაკლი ონიანმა.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ მანდარინი ადგილობრივ ბაზარზე ლოგიკურ ფასად ხვდებოდეს, როცა საშუალო ხარისხის მანდარინი ბათუმის დახლებზე საშუალოდ 2 – 3 ლარი ღირს?

„ჩვენ მაქსიმალურად ვცადეთ, რომ რეგიონში ყოფილიყო მიმღებ-დამხარისხებელი საწარმოები, რომლებიც გარკვეული პირობით იმუშავებდნენ. ამ პირობით გადაეცათ მათ შენობა-ნაგებობები… ამ მიმართულებით სადაც ხდებოდა ციტრუსის ჩაბარება, ამ პუნქტებში დღესაც არ გვაქვს სახარბიელო სიტუაცია, თუმცა იმ ბიზნესოპერატორებს ხელი შევუწყოთ გადაიარაღებაში, სერტიფიცირებაში, რომ სწორედ მსგავსი საკითხები გადაიჭრას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ირაკლი ონიანმა.

მანდარინის გაყიდვის ძირითადი ბაზარი წელსაც რუსეთი იყო. რატომ არ ცდილობს ხელისუფლება ციტრუსის ევროპის ბაზარზე გატანას?

„უკრაინა იყო ერთ-ერთი კარგი სატრანზიტო გზა ლოჯისტიკურად ევროპის მიმართულებით. ომის გამო, მოგეხსენებათ, გაიზარდა ლოჯისტიკური ხარჯი. ციტრუსის ექსპორტიორებს ჩვენ ვერ დავავალდებულებთ იქ წაიღონ, ან აქ წაიღონ. ბაზარი არის გახსნილი. იყო შემთხვევები, როცა მიუხედავად ომის და ლოჯისტიკური ხარჯებისა, უკრაინაშიც წავიდა ციტრუსი.

ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ, ეს იქნება ხარისხის, თუ სერტიფიცირების ნაწილი, რომ ციტრუსის ახალი ბაღები გაშენდეს, არსებული ბაღების მოვლა-პატრონობაში მეციტრუსეებს სხვადასხვა ტექნიკური საშუალებით დავეხმაროთ, ვეხმარებით ე.წ. პავილიონებს იმაში, რომ ევროპის ბაზრის სტანდარტებს დაუახლოვდნენ. ჩვენ უნდა გავხდეთ კონკურენტუნარიანი ევროპული ქვეყნების. ამისთვის გვჭირდება დრო და საშუალება,“ – გვითხრა ირაკლი ონიანმა.

როდისთვის არის მოსალოდნელი ქართული მანდარინის ევროპის ბაზარზე გასვლას? – დაკონკრეტება ვთხოვეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელს.

„ეს დარგის სპეციალისტებს ჰკითხეთ, მე დარგის სპეციალისტი არ ვარ. მაგრამ გეტყვით, რომ როცა ჩვენი საწარმოები გადაიარაღდება და ყველა მოვა იმ სტანდარტების ქვეშ, რომელიც არის ევროპული ბაზრის შესაბამისი, დარწმუნებული ვარ, რომ ეს უახლოეს პერიოდში მოხდება. ევროპის ბაზარი საკმაოდ ძვირია და მისაღები ჩვენთვის,“ – ამბობს ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი.

მეციტრუსეების თქმით კი, სამინისტრო მათ იმასაც კი ვერ ეუბნება, რომელი პრეპარატით შეწამლონ მანდარინის ბაღები. იმის გამო, რომ პრეპარატი ხშირად შედეგს ვერ იღებს, მეციტრუსეების ნაწილს უჩნდება განცდა, რომ არც პრეპარატის ხარისხს ამოწმებს ვინმე.

ამ შემთხვევაშიც შტაბის ხელმძღვანელი გვარწმუნებს, რომ 24 საათი ხალხის სამსახურში არიან.

„ჩვენ გვყავს ექსტენციის სამსახურები, რომლებიც ფერმერებს 24 საათის განმავლობაში უწევენ კონსულტაციას. გვაქვს მოძრავი ლაბორატორია და ასე შემდეგ. ვპასუხობთ ყველა იმ მოთხოვნას, რაც ფერმერებს სჭირდებათ“, – გვიპასუხა ირაკლი ონიანმა.

ამ თემაზე:

„ხომ დავრეფდი, ფასი რომ ჰქონოდა? – რატომ ჩავარდა მანდარინის სეზონი აჭარაში 

შავ ბაზარზე 300-1000 დოლარის გადახდა გვიწევს – მძღოლები სააგენტოს კორუფციაში ადანაშაულებენ 

„შეიძლება ვთქვათ, რომ მძღოლები გაჩერებულები არიან. აქციის ჩატარებაც იგეგმება“, – უთხრა „ბათუმელებს“ საერთაშორისო გადაზიდვებზე მომუშავე ერთ-ერთმა მძღოლმა, ანზორ დავითაძემ.

მან დაადასტურა კიდევ ერთი მძღოლის ინფორმაცია, რომელმაც „ბათუმელებს“ უთხრა, რომ უკვე ერთ კვირაზე მეტია სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში ცხელ ხაზზე არავინ პასუხობს და სწორედ ამის გამო, მძღოლები „ცუდ დღეში ჩაცვივდნენ“.

ტრაილერის მძღოლის, ანზორ დავითაძის თქმით, მძღოლები საპროტესტო აქციის მოწყობას უახლოეს დღეებში განიხილავენ.

საქმე ეხება მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო ერთჯერადი სატვირთო გადაზიდვის ნებართვას, რომლის მიღებასაც მძღოლები დაახლოებით ათი დღეა ვერ ახერხებენ.

მაგალითად, სატვირთო ავტომობილის მძღოლებმა ტვირთი თურქეთიდან ყაზახეთში რომ გადაიტანონ საქართველოს გავლით, სჭირდებათ ნებართვა, რომელსაც მხოლოდ საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო გასცემს.

ნებართვის მიღება ორ ეტაპიანია.  მძღოლმა ან გადამზიდავმა ჯერ სააგენტოს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე დარეკვით წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაიაროს, რაც ამ ეტაპზე შეუძლებელია, ხოლო შემდეგ მივიდეს ნებართვის ასაღებად სააგენტოში.

რეგისტრაციის გარეშე ნებართვა არ გაიცემა, სწორედ ამიტომ სატვირთო ავტომობილის მძღოლები სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში შესაძლო კორუფციაზე საუბრობენ: ერთ-ერთი მათგანის თქმით, შავ ბაზარზე საერთაშორისო გადაზიდვების ნებართვაში ზოგიერმა მძღოლმა 1000 დოლარიც კი გადაიხადა.  

„1171-ჯერ დავრეკე სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში გუშინწინ. გუშინ 57-ჯერ დავრეკე. ჯამში რომ მოვთვალო, ბოლო დღეებში 3000 ზარი მაინც მექნება გაშვებული. ერთადერთხელ მივაღწიე იმას, რომ მეორე დავრჩი მომლოდინეთა რიგში, მაგრამ ტელეფონი გაითიშა, რადგან 30 წუთი გავიდა ზარის წამოწყებიდან,“ – გვიყვება ერთ-ერთი მძღოლი, რომელსაც „ბათუმელები“ ამ დღეებში სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთან შეხვდა [მძღოლის იდენტიფიცირებას მისივე თხოვნით არ ვახდენთ].

მძღოლმა თავისი ტელეფონიდან სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში ერთ დღეში 1171-ჯერ დარეკა

მძღოლი ამბობს, რომ მისთვის და სხვა კოლეგებისთვის მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან ტვირთის გადაზიდვის ნებართვის მიღება ლეგალური გზით დაუძლეველ ბარიერად იქცა.

კიდევ ერთი პირი, რომელიც საერთაშორისო გადაზიდვებშია ჩართული და რომელსაც „ბათუმელები“ ესაუბრა გვიყვება, რომ მესამე ქვეყანაში ტვირთის გადაზიდვა დიდ თავის ტკივილად იქცა.

„ერთი წელია, რაც ამ საქმიანობაში ვარ. 2023 წლის დასაწყისში შედარებით იოლი იყო. მერე გართულდა წინასწარი რეგისტრაციის გავლა და ახლა პრაქტიკულად შეუძლებელია. გაჩვენებთ ტელეფონს  რამდენჯერ დავრეკე 22 იანვარს სააგენტოში რეგისტრაციის გასავლელად, მაგრამ ვერ შევძელი. სამაგიეროდ რაც ჩვენ არ გამოგვდის, შეუძლია სხვას. 300 დოლარი და 200 ლარი ღირს ნებართვის მიღება ერთი მიმართულებით. იმ ქვეყნიდან ცარიელი ხომ არ წამოვა მძღოლი, ამიტომ მე პირადად გადამიხდია 600 დოლარი და 400 ლარი იმისათვის, რომ ნებართვა მიმეღო,“ – გვითხრა ამ მოქალაქემ.

„ბათუმელები“ ყველა რესპონდენტს პირადად შეხვდა, თუმცა მათი თხოვნით ვინაობას არ ვასახელებთ.

„პრობლემებს შეგვიქმნიან და საერთოდ ვეღარ ვიმუშავებთ“, – ასეთი იყო მათი არგუმენტი, თუ რატომ არ სურდათ ვინაობის გამხელა.

ოფიციალურად დაწესებული გადასახადით, რომელიც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ვებგვერდზეა მითითებული, მესამე დღეს ნებართვის მისაღებად მძღოლებმა 140 ლარი უნდა გადაიხადონ, ხოლო თუ ერთ სამუშაო დღეში სურთ დოკუმენტის გაფორმება, მაშინ 200 ლარი.

300-1000 დოლარი, რომელზეც „ბათუმელების“ რესპონდენტები საუბრობენ არის თანხა, რომელსაც ე.წ. შუამავლებს უხდიან – რადგან მათი თქმით, ოფიციალური და ლეგალური გზებით მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან ტვირთის გადაზიდვის ნებართვის მიღება შეუძლებელია.

სატვირთო ავტომობილის მძღოლები და გადამზიდავები სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ადმინისტრაციას სთხოვენ სერვისები სისტემურად გამართონ და ხელოვნურ დაბრკოლებას ნუ უქმნიან საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართულ პირებს.

იმ ფაქტს, რომ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შეფერხება აქვს, სააგენტოს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციაც ადასტურებს.

კერძოდ, 18 იანვარს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო წერდა, რომ მაღალი მიმართვიანობის გამო სატელეფონო ხაზები გადაიტვირთა.

„თურქეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის, ყაზახეთის რესპუბლიკის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის მე -3 ქვეყანაში / მე – 3 ქვეყნიდან 2024 წლის ნებართვის მისაღებად მიმდინარე რეგისტრაციის პროცესი გაგრძელდება მომავალ კვირასაც,“ – წერდა სააგენტო.

სააგენტოს განცხადება
სქრინი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ფეისბუქ გვერდიდან

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი უწყებაა. „ბათუმელებმა“ სცადა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ნომერზე დარეკვა და პასუხისმგებელ პირთან დაკავშირება, თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

მოგვიანებით კომენტარისთვის მივმართეთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

ეკონომიკის სამინისტროს ვკითხეთ, რა ტიპის ხარვეზი ჰქონდა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ერთჯერადი სატვირთო გადაზიდვის ნებართვის გაცემაზე და როდის აღმოიფხვრებოდა ეს ხარვეზი?

ასევე ვკითხეთ, იყო თუ არა ცნობილი მათთვის სააგენტოში შესაძლო კორუფციის არსებობის შესახებ. კიდევ ერთი კითხვა შეეხებოდა წინასწარი რეგისტრაციის პროცედურის გაუქმებას ხარვეზის გამოსწორებამდე, რის შედეგადაც მძღოლებს უშუალოდ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში შეეძლებოდათ ნებართვების აღება და არ მოუწევდათ რეგისტრაციის ვერ გავლის გამო დამატებითი თანხის გადახდა.

ამ და სხვა კითხვებზე, რომლითაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მივმართეთ, ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია.

თუკი სამინისტრო პასუხებს მოგვაწვდის ის მასალაში აისახება.

განახლება: სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ კითხვებზე პასუხი სტატიის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, 25 იანვარს მოგვაწოდა. 

სააგენტოს პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: 

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს პასუხი მძღოლებს – „ნებართვის გაცემა უხარვეზოდ მიმდინარეობს“

პოლიციელს სურს ემსახუროს სამშობლოს, მაგრამ სხვა რამ სურს ხელისუფლებას – რატომ ჩავარდა პოლიციის რეფორმა 

საქართველოში პოლიციის ნაწილობრივი რეფორმა ერთადერთხელ, 2003 წელს ჩატარდა – როცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სისტემიდან ძველი კადრების უმეტესობა დაითხოვეს. შეიქმნა ახალი სამსახურები და სისტემაში შესასვლელი კარი გაიხსნა ყველასთვის, ვისაც კი შესაბამისი უნარები და სურვილი ჰქონდა პოლიციაში ემუშავა.

ყოფილი მოსამართლე, იურისტი ირაკლი შავაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პოლიციის რეფორმა ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ მიიყვანა ბოლომდე: პოლიცია ვერ გათავისუფლდა პოლიტიკური გავლენებისგან, ვერ გახდა ანგარიშვალდებული და სისტემა დღემდე არ არის გამჭვირვალე.

  • რა ხდებოდა 2003 წლამდე პოლიციის სისტემაში

ირაკლი შავაძე, იურისტი:

„თუ ვისაუბრებთ პოლიციის შესახებ, რომელიც გვყავდა 2003 წლამდე… ეს იყო დრო, როცა პოლიციელებს თვეობით და წლობით ჰქონდათ ხელფასი ასაღები. ამასთან მათი ხელფასი იყო ძალიან დაბალი.

ფაქტობრივად, ქვეყანაში ოფიციალურად იყო დაკანონებული კორუფცია – პოლიციელს, რომელსაც ჰყავდა ოჯახი, ხელფასს თვეობით არ იღებდა: ან ვინმესთვის თანხა უნდა გამოეძალა, ან კრიმინალისთვის ხელი დაეფარებინა.

მე არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ ყველა პოლიციელი ასეთი იყო. უბრალოდ, სისტემა იყო ასე აწყობილი და ეს ყველამ იცოდა.

იცოდნენ პოლიტიკური თანამდებობის პირებმაც. როცა პოლიციელის მიმართ წლობით იყო სახელფასო დავალიანება, მისგან კანონის მორჩილება და კანონის უზენაესობის დაცვის მოლოდინი არავის უნდა ჰქონოდა.

ამავდროულად სამსახურებრივადაც ცუდი პირობები ჰქონდათ. არ ჰქონდათ სამუშაო პირობები, თანამედროვე ტექნოლოგიები, ავტოპარკი და ა.შ.

ჩვენ გვახსოვს პერიოდი, როდესაც პოლიციელები პოლიციის ფორმით ვერ გამოდიოდნენ ქუჩაში. ეშინოდათ ფორმით ქუჩაში გამოსვლა.

შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა ნაციონალური მოძრაობა და განიზრახა განეხორციელებინა მასშტაბური რეფორმები. ახალი პოლიციის შენობები ააგეს, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვეს, გაუზარდეს პოლიციელებს ხელფასები. გადაამზადეს პოლიციელები და ახალგაზრდა კადრები მოიყვანეს, რომლებსაც არ ჰქონდათ შეხება კორუფციასთან.

ამ რეფორმამ გარკვეულწილად იმუშავა. ხელისუფლებამ იმ პერიოდში მიზნად დაისახა კრიმინალთან ბრძოლა, რადგან აბსოლუტურად ყველგან იყო ქურდული კანონებით ცხოვრება, გარჩევები…

არჩევდნენ ბიზნესმენების დავებს და არამხოლოდ ბიზნესმენების. გამიგია, რომ პარლამენტარებიც კი მიდიოდნენ ქურდებთან საქმეების გასარჩევად.

თუ გავიხსენებთ შევარდნაძის პერიოდს, „გაიშნიკი“, რომელიც ქუჩაში იდგა და ფულს იღებდა, იყო იმ პერიოდის სიმბოლო. არამხოლოდ „გაიშნიკი“, სხვა პოლიციელებიც იღებდნენ თანხებს. შესაძლოა გეგმებიც კი ჰქონდათ. მერე მათ თავიანთ ხელმძღვანელობასთან მიჰქონდათ ეს თანხები, იმ ხელმძღვანელებს მათზე ზემდგომებთან და ასე იყო სისტემა მოწყობილი.

სააკაშვილის დროს ეს აღარ იყო. ხელფასები გაიზარდა, სამუშაო პირობები შეუქმნეს, თუმცა მაინც განიცადა კრახი სააკაშვილის ხელისუფლების დროს ამ რეფორმებმა. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ თავად აღიარა სისტემური მარცხი შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ეს კრახი გამოწვეული იყო უკანონო მიყურადებებით, ფარული გადაღებებით, მოსმენებით და ა.შ.

სააკაშვილის შემდგომ ხელისუფლებას, რომელიც მოვიდა „ქართული ოცნების“ სახით, საკმაოდ კარგი პირობები დახვდა – ინფრასტრუქტურა მოწყობილი, პოლიციელების ხელფასი გაზრდილი, შესაბამისი პირობები შექმნილი.

თუმცა დარჩა ნაკლოვანებები, რომელიც იყო მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს პოლიციაში.

[სააკაშვილის დროს] პოლიცია გამოყენებული იქნა ერთგვარ ინსტრუმენტად პოლიტიკური ოპონენტებისა და განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების წინააღმდეგ.

პოლიციას დღეს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებშიც იყენებენ.

პოლიციის გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ერთ-ერთი ინსტრუმენტია დღესაც, ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილის დროს იყო.

რა არის ამის მიზეზი?

მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების, ისევე როგორც დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულება, არა მხოლოდ პოლიციის, საჯარო სამსახურის და ზოგადად სახელმწიფო სამსახურების მიმართ გახლავთ შემდეგი: ესენი ფიქრობენ – ჩვენ რომ ვართ ხელისუფლებაში და შენ რომ მუშაობ პოლიციაში, პროკურატურაში, სასამართლოში, მერი ხარ თუ დეპუტატი ხარ, ქვეყანას კი არ უნდა ემსახურებოდე, არამედ უნდა მემსახურებოდე მე, ხელისუფლებას.

შესაბამისად, „ქართული ოცნების“ დაპირება სამართლიანობის აღდგენაზე, კანონის უზენაესობასა და ასე შემდგომ, იყო მხოლოდ ლოზუნგი. როცა ესენი ხელისუფლებაში მოვიდნენ, მათ აქცენტი გააკეთეს რაზე –  არის კონკრეტული პოლიციელის მიმართ კომპრომატები? არის ის დისკრედიტირებული? თუ არის ე.ი. კარგია, უნდა დავაწინაუროთ. ეს თუ ემსახურებოდა იმ ხელისუფლებას, მოგვემსახურება ჩვენც. თანაც მასზე კომპრომატები გვაქვს.

დღევანდელი გადასახედიდან ხელისუფლება ცდილობს აარჩიოს ისეთი კადრები, ვის მიმართაც უფრო მეტი კომპრომატები აქვთ.

  • 2003 წლის რეფორმა – რა გაკეთდა და რა არ გაკეთდა

ძალიან დიდი ნაბიჯები გადაიდგა მიხეილ სააკაშვილის დროს. ჩვენ გვახსოვს, რომ პატრულზე ლეგენდები დადიოდა.

მაგრამ რეფორმამ კრახი განიცადა მაშინ, როცა სააკაშვილის ხელისუფლება ცდილობდა ხელისუფლების შენარჩუნებას. ამის გამო დაიწყო პოლიციის, როგორც ინსტრუმენტის გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების მიმართ.

ეს იყო აქციების დაშლა, პროვოკაციების მოწყობა, ადამიანების უკანონოდ დაჭერა. დაკავებულებზე პოლიციელების მიერ ცრუ ჩვენებების მიცემა.

უკანონო თვალთვალი, გადაღება – ეს ყველაფერი ადამიანების დაშანტაჟების გამო ხდებოდა.

ის, რა მიღწევებიც სააკაშვილის დროს იყო, ხომ დარჩა „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ ეს ვეღარ განავითარა.

ვერ განვითარებაში რა იგულისხმება – უნდა მომხდარიყო პოლიციის დეპოლიტიზება.

მაგრამ „ქართულ ოცნებასაც“ აწყობდა პოლიტიზებული პოლიცია, ოღონდ მათ მხარეზე მომუშავე.

სისტემის დეპოლიტიზირება არ შედიოდა მათ ინტერესში.

მე ვუშვებ, რომ დღესაც ხდება უკანონო თვალთვალი და მოსმენები, უბრალოდ, ახლა მასობრივად არ გვინახავს.

პოლიციელი, რომელიც პოლიციაში მიდის სამუშაოდ, განწყობილია, რომ დაიცვას კანონის უზენაესობა, ემსახუროს საკუთარ სამშობლოს.

მაგრამ იქ როცა მიდის, ხვდება სხვა რეალობა – ხელისუფალი, რომელიც უყურებს ამ პოლიციელს, არა როგორც სახელმწიფო მოხელეს და ქვეყნის სამსახურში მყოფს, არამედ როგორც თავის სამსახურში მყოფს.

მისი რეჟიმის შენარჩუნების სამსახურში მყოფს.

ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ ქვეყანაში არ გვაქვს სამართლებრივი, დემოკრატიული მოწყობა. ანუ ინსტიტუციები ქვეყანას არ მართავენ.

თავად პოლიციელია დაუცველი. ხედავს რომ არის უკანონობა. ეს პოლიციელი რომ შეებრძოლოს უკანონობას, ქვეყანაში არ არის ინსტიტუტი, რომელიც კანონის დაცვისთვის მებრძოლ პოლიციელის ინტერესებს დაიცავს.

ამის მაგალითები გვაქვს.

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც პრემიერ-მინისტრი წერს განცხადებას და ტოვებს თანამდებობას. ამის რამდენიმე შემთხვევა გვქონდა. ახლა წარმოიდგინეთ პოლიციელი, თუნდაც რაღაც ჩინის მქონე ადამიანი, რომელიც უკანონობას უპირისპირდება. გამოდის, რომ ის სისტემას უპირისპირდება.

მას ან გაუშვებენ სისტემიდან, შეიძლება დაიჭირონ კიდეც. ამიტომ ყველა პოლიციელი ფიქრობს იმაზე, რასაც არაპოლიციელები ვფიქრობთ, რომ ვცხოვრობდეთ ისეთ ქვეყანაში, სადაც კანონის უზენაესობა იქნება. პოლიციელი, რა თქმა უნდა ბედნიერი იქნება, თუ მას ისეთი საქმეების გაკეთება მოუწევს, რაც კანონიერია – თუ უკანონობის წინააღმდეგ იბრძოლებს და ქვეყნის კეთილდღეობისთვის. თუმცა პოლიციელი ამ ვითარებას ჩვენ ვერ შეგვიცვლის.

იმიტომ, რომ ქვეყანა გვაქვს ასე მოწყობილი.

ახალი ხელისუფლება რომ მოვა, თუ იქაც რეალურად არ გვექნება ხელისუფლების დანაწილების პრინციპი – რასაც ჰქვია სასამართლო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების მიერ ურთიერთკონტროლის მექანიზმი თუ არ იქნება, ვიქნებით იმავე სიტუაციაში: როგორიც იყო მიხეილ სააკაშვილის დროს პოლიცია, როგორიც არის დღეს და ასე იქნება ხვალაც. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ავტორიტეტები და რაღაც ჯგუფები კი არ მართავდნენ, არამედ ინსტიტუციები.

პოლიციელი, როცა ეცოდინება, რომ ის უკანონობას ებრძვის, ხმასაც ამოიღებს და შეებრძოლება. დღეს, ამ ქვეყანაში, პოლიციელი კი არა პრემიერ-მინისტრი რომ იყოს, ისიც ვერ გაიტანს სიმართლეს, დაწერს განცხადებას და წავა.

  • პოლიციის დეპოლიტიზაცია – აუცილებელი რეფორმა, რომელიც მომდევნო ხელისუფლებამ მაინც უნდა განახორციელოს

პოლიცია არის ის ორგანო, რომელიც არ შეიძლება იყოს პოლიტიზებული. დეპოლიტიზაცია გაზრდის მოქალაქეების ნდობასაც.

პოლიციის მიმართ, გარკვეულად მაინც არსებობს ნდობა – ადამიანებს როცა რაღაც უჭირთ, რეკავენ პოლიციაში და პოლიცია თავის საქმეს აკეთებს. თუმცა ჩავარდნები არის იქ, როცა ეს ეხება ხელისუფლებაში მყოფთა ინტერესებს – მაშინ იქ პოლიცია მოქმედებს კანონის დარღვევით და შესაბამისად მის მიმართ ნდობაც იკარგება.

ეს ხდება სწორედ იმიტომ, რომ ეს არ შედის მმართველი პარტიის ბოსების ინტერესში. რეფორმა აუცილებელია, რომ პოლიცია გათავისუფლდეს ამ წნეხისაგან, რასაც პოლიტიკური ფაქტორი და გავლენა ჰქვია. როცა გაუმჯობესდება პოლიციის მუშაობა, მოქალაქეების ნდობაც გაიზრდება მის მიმართ.

  • დადებითი ცვლილებები

შევარდნაძის პერიოდში ძირითადად კაცები იყვნენ პოლიციაში. მაშინ ამბობდნენ, რომ აღიარებითი ჩვენების მისაღებად ცემა-ტყეპა და უფლებების დარღვევა, არაადამიანური მოპყრობის ხშირი ფაქტები ხდებოდა.

სააკაშვილის დროს ბევრი ქალი მოვიდა პოლიციაში. ინსპექტორის, ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე. ამან რაღაცნაირად გააკეთილშობილა სისტემაც. ბოლომდე ეს ნაკლოვანებები ვერ აღმოფხვრა, მაგრამ იქ, სადაც კაცებთან ერთად ქალებიც მუშაობდნენ, რაღაცა შეიცვალა. მე გარკვეულწილად ამასაც ვუკავშირებ, რომ ცემა-ტყეპა და მუქარა საგრძნობლად შემცირდა.

ქვეყანაში მხოლოდ პოლიციის ან მხოლოდ სასამართლოს რეფორმა ვერ განხორციელდება. სისტემურად უნდა შეიცვალოს მიდგომები – იმაზე უკეთესი კაცობრიობას არ მოუგონია, რასაც სამართლებრივი სახელმწიფო ჰქვია. ხელისუფლების სხვადასხვა შტოების ურთიერთკონტროლი.

ეს კონტროლი დღეს და გუშინ მოშლილი იყო ამ ქვეყანაში და არ არსებობდა. ანუ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი არ არსებობს, სასამართლო კონტროლის მექანიზმი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე არ მუშაობს. როცა ეს სამი ინსტიტუტი ამოქმედდება ინსტიტუციურად, იქნება დამოუკიდებელი, იქნება ურთიერთკონტროლი და ბალანსის სისტემა, ბუნებრივია არსებობს შანსი იმისა, რომ განახორციელო სასამართლო რეფორმა, პოლიციის რეფორმა, პროკურატურისა და ნებისმიერი რეფორმა.

სხვა შემთხვევაში ეს არის ფასადური, მოჩვენებითი რეფორმა.

ძალიან დიდი თანხა დაიხარჯა პოლიციის რეფორმაზე, აღჭურვაზე, სწავლებაზე, მათ შორის უცხოელი პარტნიორები გვეხმარებიან, მაგრამ ხელშესახები შედეგი ვერც პოლიციის რეფორმა, ვერც სასამართლო რეფორმამ და ვერც პროკურატურის რეფორმამ იმიტომ ვერ გამოიღო, რომ არ გვაქვს ხელისუფლების დანაწილების პრინციპი.

ერთი კონკრეტული ჯგუფი მართავს მთელ ხელისუფლებას.

ასეთ შემთხვევაში, რაც არ უნდა რეფორმები ატაროს ხელისუფლებამ, იქნება მხოლოდ ფასადური.

რაზე შეიძლება მიანიშნებდეს შიმშილის გაძლიერებული გრძნობა – ინტერვიუ ენდოკრინოლოგთან

პოლიფაგია სამედიცინო ტერმინია, რომელიც უკიდურეს, დაუოკებელი შიმშილის გრძნობას გამოხატავს. შიმშილი სხეულის ნორმალური რეაქციაა ისეთ სიტუაციებზე, როგორიცაა საკვები არ მიღება ან ინტენსიური ფიზიკური აქტივობა, მაგრამ ისეთი ძლიერი შიმშილი, როგორიცაა პოლიფაგია, ხშირად ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიანიშნებს, რომელიც აუცილებლად საჭიროებს მკურნალობას.

ამ თემაზე „ბათუმელები“ ესაუბრა ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ენდოკრინოლოგს, თეონა გოგიტიძეს. 

  • რა სამედიცინო მდგომარეობების ნიშანი შეიძლება იყოს ძალიან ძლიერი შიმშილის გრძნობა და რა ხდება ამ დროს ორგანიზმში?

გაძლიერებული შიმშილის გრძნობა სხვადასხვა მდგომარეობის დროს შეიძლება განვითარდეს, მათ შორის ზედმეტი ფიზიკური დატვირთვის დროს, როცა ენერგია იხარჯება და სისხლში ქვეითდება გლუკოზის [სხეულის ენერგიის მთავარი წყარო] დონე – ამას ჰიპოგლიკემია ჰქვია.

ზოგადად, ჰიპოგლიკემიის დროს სისხლში შაქრის ვარდნასთან ერთად ვითარდება გაძლიერებული შიმშილის გრძნობა, მასთან ერთად არის ისეთი ნიშნები, როგორიცაა: საერთო სისუსტე, შინაგანი კანკალის შეგრძნება, ნევროლოგიური სიმპტომები, შეიძლება ახლდეს ცნობიერების დაქვეითება, მეტყველების გაძნელება და ა.შ., თუმცა ზედმეტი ფიზიკური აქტივობისას განვითარებული ჰიპოგლიკემია პათოლოგიად არ ითვლება, ეს არის დროებითი გამოვლინება, კუნთების ზედმეტი მუშაობის გამო.

Cleveland Clinic – ჰიპოგლიკემიის სხვა სიმპტომებია: სიფერმკრთალე, კანკალი, ოფლიანობა, თავის ტკივილი, არარეგულარული ან სწრაფი გულისცემა, გაღიზიანება ან შფოთვა, კონცენტრაციის სირთულე, თავბრუსხვევა, ჩხვლეტა ან დაბუჟება ტუჩების, ენის ან ლოყის არეში.

რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობით განპირობებულ მიზეზს, გაძლიერებული შიმშილის გრძნობა შეიძლება განვითარდეს მაშინ, როცა არის ინსულინის დონის მატება სისხლში – ინსულინრეზისტენტობა ანუ ჰიპერინსულინემია. ამ შემთხვევაში ინსულინის ჭარბი რაოდენობა სისხლში იწვევს გლუკოზის/შაქრის დონის ვარდნას და ესეც ფაქტობრივად იგივე სახესხვაობაა ჰიპოგლიკემიის. ამ შემთხვევაში პაციენტს აღენიშნება ჭარბი წონა და თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა შემდგომში გადაიზარდოს შაქრიან დიაბეტშიც კი.

ძლიერი შიმშილის შეგრძნება შეიძლება იყოს ჰიპერთირეოზისას, ეს ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციაა თირეოტოქსიკოზის დროს, როდესაც ნივთიერებათა ცვლა არის გაძლიერებული, მომატებულია ნივთიერებათა ცვლის, ანუ მეტაბოლური ცვლის დონე [მეტაბოლიზმი – როგორ გარდაქმნის თქვენი ორგანიზმი თქვენს მიერ მიღებულ საკვებს ენერგიად], რის გამოც პაციენტს მუდმივად აქვს შიმშილის გრძნობა, თუმცა იმის გამო, რომ ნივთიერებათა ცვლის დონე არის გაზრდილი, არ ხდება წონაში მატება და პირიქით – ხდება წონაში კლება.

საერთოდ, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები აწესრიგებენ ჩვენს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დონეს ანუ მეტაბოლურ რიტმს და როდესაც ამ ჰორმონების დონე სისხლში მომატებულია პათოლოგიურად, მეტაბოლური დონე იზრდება, რაც იწვევს ნივთიერებათა ცვლის გააქტიურებას და ცილების სინთეზის უფრო დიდი სიჩქარით დაქვეითებას. ფაქტობრივად გამოდის, რომ უჯრედები განიცდიან შიმშილის იმის გამო, რომ ნივთიერებათა ცვლის დონე არის გააქტიურებული.

Cleveland Clinic წერს, რომ პრემენსტრუალური სინდრომის (PMS) დროს განვითარებული ძლიერი შიმშილის შეგრძნება გამოწვეულია ჰორმონების – ესტროგენისა და პროგესტერონის მატებით და სეროტონინის დონის დაქვეითებით.

შეიძლება იყოს გაძლიერებული შიმშილის გრძნობა სხვადასხვა გენეტიკური დაავადების დროსაც. მაგალითად, ასეთია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა პრადერ-ვილის სინდრომი, რომელიც ზეგავლენას ახდენს განსაკუთრებით ბავშვის მეტაბოლიზმზე და იწვევს ცვლილებებს ბავშვის [იგულისხმება დაახლოებით ორი წლის ასაკი] მადასა და ქცევაში. ასეთ დროს, ბავშვების მშობლები იძულებულნი არიან დაუმალონ მათ ყველანაირი საკვები იმიტომ, რომ ბავშვები ვერ ზომავენ მიღებული საკვების რაოდენობას, ფაქტობრივად ვერ ნაყრდებიან, რის გამოც ექმნებათ ჯერ ჭარბი წონის და შემდეგ მასთან დაკავშირებული სხვა დამატებითი პრობლემები.

Cleveland Clinic: არასათანადო კვებამ, ანუ ორგანიზმისთვის საჭირო საკვები ნივთიერებების დეფიციტმა, ასევე შეიძლება გამოიწვიოს პოლიფაგია (უკიდურესი შმშილის გრძნობა). არასაკმარისი კვება არის საკვები ნივთიერებების ნაკლებობა. პოლიფაგია ასევე შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთმა მედიკამენტმა, როგროიცაა კორტიკოსტეროიდები და კანაბოიდები (მარიხუანასთან დაკავშირებული მედიკამენტები).

  • როგორი შიმშილია ეს, რა მახასიათებლებით გაირჩევა ჩვეულებრივი შიმშილისგან?

შიმშილი არის ფიზიკური ლტოლვა საჭმლის მიმართ, ორგანიზმმა უნდა მიიღოს ენერგია საკვების სახით რათა გადარჩეს და შეინარჩუნოს თავისი ფუნქცია; მადა ეს არის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს შიმშილის გრძნობა, შეიძლება დავინახოთ კარგად გაფორმებული კერძი და დამატებით მივირთვათ.

პათოლოგიური მდგომარეობის დროს მადასა და შიმშილს შორის ფაქტობრივად დარღვეულია ბალანსი. მაგალითად, პათოლოგიური შიმშილის გრძნობისას თან აღინიშნება ჰორმონალური დარღვევები, უფრო მეტად გლუკოზის ვარდნასთან არის დაკავშირებული და პაციენტი იძულებულია მიიღოს საკვები, ვინაიდან ენერგიის გამოცლას გრძნობს, უქვეითდება საერთოდ ძალა სხეულში, თითქოს კუჭის არეში გრძნობს რაღაც ძლიერ დისკომფორტს, „აი კუჭის კუნთები იკუმშება და მეწვის კუჭიო“ – ასე აღწერენ პაციენტები. აღინიშნება პროფუზიული [ჭარბი] ოფლდენა, შინაგანი კანკალის შეგრძნება; ასევე, ცნობიერების დაბინდვა, თითქოს ლუღლუღებს პაციენტი, მეტყველებაც უძნელდება.

  •  რა გამოკვლევები ტარდება ექიმთან მიმართვის შემდეგ? 

პირველ რიგში მოწმდება გლუკოზის დონე, ჰემოგლობინის დონე, ბოლო სამი თვის განმავლობაში როგორი ჰქონდა გლუკოზის საშუალო მაჩვენებელი, ინსულინის დონე სისხლში, C პეპტიდის დონე სისხლში, ღვიძლის ფუნქციები და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია – აუცილებლად. მკურნალობა დამოკიდებულია კვლევების შედეგებზე.

ბუნებრივია, ექიმი აუცილებლად გაესაუბრება პაციენტს იმის დასადგენად, არის თუ არა რაიმე გენეტიკური პათოლოგია, იმიტომ, რომ ძალიან ბევრ გენეტიკურ პათოლოგიას ახასიათებს ასეთი გამოვლინებები.

Clevland clinic: შფოთვის და სტრესის გამო ძლიერი შიმშილი შეიძლება იყოს ჩვენი ორგანიზმის ემოციური პასუხი. ჭამა შეიძლება იყოს სტრესის დაძლევისა და ნეგატიურ ემოციებთან გამკლავების მექანიზმი; ამ დროს ეს არ არის დამოკიდებული ფიზიკურ შიმშილთან. სტრესის დროს სხეული გამოყოფს ჰორმონ კორტიზოლს. კორტიზოლს შეუძლია გაზარდოს სისხლში შაქრის დონე და მოგვაშიოს. კორტიზოლის დონის მატება შეუძლია შფოთვასაც. 

ბათუმის მერია ცვლილებას გეგმავს – ემატება ახალი სამსახური

ბათუმის მერია სტრუქტურულ ცვლილებას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით მერიის აპარატის უფროსმა ნუკრი დეკანაძემ საკრებულოს ოფიციალურად მიმართა.

შესაბამისი დადგენილების პროექტის მიხედვით მერიას „მონიტორინგისა და მუნიციპალური საწარმოების, ორგანიზაციების კოორდინაციის სამსახური“ უნდა დაემატოს.

მერიის განმარტებით, „ცვლილება ბათუმის მუნიციპალიტეტის განვითარების, მოქალაქეზე და მის საჭიროებებზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებისათვის არის აუცილებელი.“

დადგენილების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით სამსახურის ამოცანები იქნება:

„მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული პრობლემური საკითხების შესწავლა, ანალიზი და პრობლემური საკითხების დროულად გადაჭრის გზების შესახებ შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; მუნიციპალური საწარმოებისა და ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინაცია; მუნიციპალიტეტის მერისათვის მუნიციპალური საწარმოებისა და ორგანიზაციების პარტნიორის/დამფუძნებლის უფლებამოსილების განხორციელების საკითხებზე ხელშეწყობა“.

ახალი სამსახურის შექმნა ავტომატურად საჭიროებს ცვლილებას მერიის თანამდებობის პირების საშტატო ნუსხაში. მერიამ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილების დამტკიცების მოთხოვნითაც მიმართა.

ამ დადგენილების პროექტის დანართის მიხედვით ახალ სამსახურში მერიას ექვსი ვაკანტური თანამდებობა ექნება, სამსახურის უფროსის ხელფასი კი 4256 ლარი იქნება.

სამსახურში ორი, მონიტორინგისა და საწარმოების საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება იმუშავებს. განყოფილებების უფროსის ხელფასი 3325 ლარი იქნება. თითოეულ განყოფილებაში 2-2 სპეციალისტი უნდა დასაქმდეს. პირველი კატეგორიის სპეციალისტის ხელფასი 2 527 ლარი, ხოლო მეორე კატეგორიის სპეციალისტის ხელფასი 2128 ლარი იქნება.

გარდა ამ ცვლილებისა, მერიის ინფორმაციით „სამსახურების ფუნქციების ოპტიმალური შესრულების თვალსაზრისით“ ზოგიერთ სტრუქტურულ ერთეულში შემავალი ქვედანაყოფები ახალი სახელწოდებით და ფუნქცია-მოვალეობებით იმუშავებენ. მერია განმარტავს, რომ ეს არის „ კომპეტენციის და ადამიანური რესურსის გონივრულად გადანაწილება“.

კერძოდ, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფი – „საერთაშორისო და ეთნიკურ უმცირესობებთან ურთიერთობის განყოფილება“ გადავიდა მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურში და ჩამოყალიბდა შემდეგი სახელწოდებით: „საერთაშორისო ურთიერთობის და პროტოკოლის განყოფილება“.

რა ღირს ხამსა – რეპორტაჟი ბათუმის ავტოსადგურიდან და ბაზრიდან

თუ ბათუმში დეკემბრის დასაწყისიდან თებერვლამდე ბაზრობაზე ან მიმდებარე ტერიტორიაზე მოხვდებით, აუცილებლად მოკრავთ ყურს ასეთ შეძახილებს: „ხამსა გაიყოლეთ, ზამთარს თევზი უხდება, სუპერი ხამსა იყიდება ჩვენთან“.

ახლა ქაფშიას, იგივე ხამსას სეზონია. რა ღირს ხამსა? – „ბათუმელებმა“ ამ პოპულარული თევზის ფასი ბათუმში რამდენიმე ადგილას იკითხა. ვესაუბრეთ გამყიდველებსაც.

თევზის გამყიდველების თქმით, 24 იანვრის მონაცემებით, ხამსას ფასი 3-დან 4 ლარის ფარგლებში მერყეობს, თუმცა ფასი იცვლება და იმაზეა დამოკიდებული, გამყიდველები რა ფასად იბარებენ ხამსას მეთევზეებისგან, რა ზომისაა თევზი და გაწმენდილი იყიდება თუ გასაწმენდი.

ხამსას დახლი ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/ევა ართმელაძე

ხამსა

თალიკო სოლომიძე 35 წელია რაც ვაჭრობს. მას ძველ ავტოსადგურში მოწყობილ მცირე თევზის ბაზარში შევხვდით.

„ფოთში ვყიდულობთ თევზს. გემები შემოდიან, რომლებსაც მანქანებით ვხვდებით, შეკვეთას ვაძლევთ და მოგვაქვს. როცა ცუდი ამინდია, მეტი ხამსა იყიდება, თბილ ამინდებში – ნაკლები. ამინდის მიხედვით ვწყვეტთ, ხამსას რა რაოდენობა წამოვიღოთ.

გაწმენდილი ხამსას ფასი სხვაა. თუ [გაუწმენდავ] ხამსას 4-ში ვყიდით, გაწმენდილი რვა ღირს, თუ გაუწმენდავ ხამსას 5-ში ვყიდით, გაწმენდილი 10 ლარი ღირს და ასე.

თუ თევზი ბლომადაა ფოთში, მისი ფასი შედარებით ნაკლებია. თუ თევზის ნაკლებობაა, ფასიც იმატებს.

ადრე თბილისში ვვაჭრობდი, ახლა აქ. ეს სივრცე არენდით მაქვს აღებული. დასაქმებული მყავს ხალხი და ვმუშაობთ.

ჩვენ ამ საქმით ჩვენ თავს ვუწყობთ ხელს. როგორც ვუყურებ, დიდი ყურადღება [სახელმწიფოსგან] არ არის, თუ გინდ გლეხი იყოს, თუ გინდ ვაჭარი, თუ გინდა სხვა. ჩვენი საქმით ვცდილობთ 2 კაპიკი შევიტანოთ სახლში“, – გვეუბნება თალიკო სოლომონიძე.

მისი თქმით, თუ მეთევზეებისთვის შეკვეთა აქვს მიცემული, უთენია გამოდის სახლიდან და უკან საღამოს 8-9 საათისთვის ბრუნდება.

„ყველაფერს ეჩვევი, მე არც სუნი მაწუხებს.

26 წლის ვიყავი, როცა ვაჭრობა დავიწყე და ძალიან, ძალიან რთული იყო მაშინ ჩემთვის, იმიტომ, რომ საერთოდ არ ვიცნობდი ამ საქმეს. ახლა კარგა ხანია ვვაჭრობ და უკვე შეჩვეული ვარ ქუჩაში ყოფნას“, – ამბობს ქალი.


თალიკო სოლომონიძე

აქ მუშაობს მალხაზ დარჩიძე, რომლის თქმითაც, უკვე 4 წელია რაც ხამსას ყიდის სეზონზე, სეზონის დამთავრების შემდეგ კი სხვა საქმით კავდება.

„სამი თვე აქვს ხამსას სეზონი. წელს ნაკლები მომხმარებელი გვყავს და რა თქმა უნდა, ამის მიზეზი ფულის უკმარისობაა. ხალხს ფული არ აქვს. სამ კილოს 10 ლარში ვყიდით და კიდევ არ გვყავს მომხმარებლები“, – გვეუბნება მალხაზი.

კაცის თქმით, ხამსას თითქმის იგივე ფასი აქვს ამ სეზონზე, რაც წინა სეზონზე ჰქონდა.


მალხაზ დარჩიძე

ავტოსადგურიდან აგრარული ბაზრისკენ თუ დაუყვებით, გზად რამდენიმე ადგილას შეხვდებით ხამსას დახლებს.

აქ ერთმანეთს კარგად იცნობენ და როცა მომხმარებლები არ ჰყავთ, სიცივეს ერთმანეთში ხუმრობით ებრძვიან.

43 წლის ომარ ჩოგაძე 3 წელია, რაც ხამსას ყიდის. მასთან ხამსას ფასი დღეს 3-3,50 ლარია. როგორც ომარ ჩოგაძისგან ვიგებთ, ძირითადად ქართველი მომხმარებლები ჰყავთ: „რუსები თითო კილოს თუ იყიდიან ხოლმე“.


ომარ ჩოგაძე

ეთერ მიქელაძე აგრარული ბაზრის შესასვლელში ვაჭრობს. მისი თქმით, ვაჭრობა იმ დროიდან გახდა მისი საქმე, რაც „ჩაის კრეფას დაანება თავი“.

ქალი ჩვენთან საუბრის პარალელურად მომხმარებლებს იღებს და ხამსას წონის, თან ამბობს, რომ „ძალიან კარგი ხამსაა, ახალმოტანილი“.

„ძალიან ადრე ვიწყებთ დღეს, ხან 7-ზე, ხან 8-ზე და გვიან ვამთავრებთ მუშაობს. სანამ ქვეყანა ჩანს და ხალხი დადის, უნდა იყო“, – გვითხრა ეთერმა.


ეთერ მიქელაძე თავის დახლთან

ეთერის თქმითაც, ხამსას ფასი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ფასში იღებენ – „საწვავი ძვირიაო, ასე ამბობს ჩვენი გემის ხალხი.

სადაცაა დამთავრდება ხამსას სეზონი. ორი თვეა შემოსულია. ერთი თვე იქეთ დეკემბერში და ახლა. დეკემბერში კიდევ ვის უნდოდა, განსაკუთრებით ახალი წლის დღეებში?!

ღირს თუ არ ღირს აქ დგომა, რა უნდა ქნა? მიღირს“ – გვითხრა ეთერ მიქელაძემ.


ეთერ მიქელაძე

ხამსას და სხვა სახეობის თევზის დახლები არის უშუალოდ აგრარულ ბაზარშიც. აქ დოდო ოსიძეს შევხვდით, რომელიც 30 წელია თევზით ვაჭრობს.

„მხოლოდ ხამსაზე, სეზონურად არ ვვაჭრობ. თევზი ზაფხულშიცაა: კალმახი, ორაგული“ – გვითხრა მან.

ქალის თქმით, რადგან გარეთ ბევრი გარემოვაჭრე ყიდის თევზს, ბაზარში იშვიათად შედიან მყიდველები.

„ჩვენი კლიენტები ვინც გვყავს, ისინი მოდიან. ყველგან თევზი იყიდება, კიდევ კარგად ვმუშაობთ. ცოტ-ცოტას ვიღებთ [თევზს], რომ დღის განმავლობაში გავყიდოთ და თუ ვერ ვყიდით, მაცივარში ვინახავთ.

ჩვენს შემომტანებსაც ფოთიდან შემოაქვთ თევზი. ხან ხელზე ვიხდით ფულს, ხან გავყიდით და მერე. 7 საათზე იკეტება ბაზარი და ჩვენც ამ დროს ვამთავრებთ ვაჭრობას.

იმდენი წელია ვვაჭრობ, ასე მგონია, სხვა რამეს ვეღარ გავაკეთებ. სიცივეა და მთელი დღე სიცივეში ვართ, მაგრამ სხვაგან წასვლა არც მიფიქრია. ისეთ ასაკში ვარ ახლა, ვერსად ვეღარ წავალ“, – გვითხრა ქალმა.


დოდო ოსიძე

დოდო ოსიძისგან და მისი მეზობელი დახლის მფლობელისგან სხვა სახეობის თევზის ფასებსაც ვიგებთ: „ბარაბულკა“ 15 ლარი ღირს, ზღვის წითელი ორაგული – 25 ლარი, კალმახი – 22 ლარი, „მერლანკა“ – 12 ლარი, კეფალი – 15 ლარი, სკაროსი კი – 8 ლარი.

აქ გვეუბნებიან, რომ ეს ფასები ხან მცირდება და ხან იზრდება, სეზონის მიხედვით.


ხამსა

ქონების ჩამორთმევა რუსეთის არმიაზე „ფეიკების“ გავრცელებისთვის – დუმამ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონს

რუსეთის სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი რუსული არმიის შესახებ „ფეიკის“ [ყალბი ინფორმაციის] გავრცელებისთვის ქონების კონფისკაციის შესახებ.

დოკუმენტში ასევე განიხილავს სისხლის სამართლის კოდექსში ქონების ჩამორთმევის შესაძლებლობას სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საჯარო მოწოდებისთვის.

რუსული სააგენტო „ტასის“ თანახმად, კანონპროექტი ცვლის რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 104.1 მუხლს, რომელიც ეხება ქონების ჩამორთმევას და აფართოებს იმ დანაშაულთა ჩამონათვალს,  რომელზეც ეს ვრცელდება.

კანონი, რომელიც რუსული არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, რუსეთში 2022 წლის გაზაფხულზე მიიღეს, ქვეყნის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ.

ამ კანონით გასაამართლეს და 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს რუსეთში პოლიტიკოს ილია იაშინს – გამოძიება მის შემთხვევაში ინტერნეტ-სივრცეში მოწყობილ ჩართვის, ე.წ. „სტრიმის“ გამო დაიწყო, სადაც პოლიტიკოსი უკრაინაში, ბუჩაში რუსული არმიის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ საუბრობდა.

რა ქუჩებზე გაითიშება გაზი ბათუმში 25 იანვარს

კომპანია „სოკარის“ ცნობით, 25 იანვარს, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, ბათუმში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩის #34-ის მცხოვრებ 58 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება.

ასევე, 25 იანვარს, 13:30 საათიდან 17:30 საათამდე, გაზმომარაგება შეუწყდება ბათუმში, ანგისის მე-2 ჩიხის #11-ში მცხოვრებ 230 აბონენტს, ხოლო 14:00 საათიდან 17:00 საათამდე – ფიროსმანის ქუჩაზე მცხოვრებ 246 აბონენტს.

25 იანვარს გაზი გაეთიშება ინასარიძის ქუჩის #16ა-ში მცხოვრებ 230 აბონენტსაც. აქ გაზი შეწყდება 13:00 საათიდან 17 საათამდე.

ამ მისამართებზე გაზის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება და სრულად აღდგება დღის ბოლომდე.

გაზის გათიშვის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია.

„სოკარი“ აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

„კალაძეს წერეთლის ქუჩა დაემხო, რიჟვაძეს – ფრიდონ ხალვაშის გამზირი“ – ბრიფინგი ბათუმში

„თუ ეს არ არის კორუფცია, 3 თვის წინ დაგებულ ასფალტს რაში დასჭირდა აყრა? ივანიშვილმა თქვა, რომ სისტემაში კორუფციაა და მობრუნდა. დღეს ზუსტად ივანიშვილს მივმართავთ: დაიხარჯა 19 მილიონი ბიუჯეტიდან და გზა ისევ არ გვაქვს,“ – აცხადებს რეზო ხარაზი, ბათუმის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

მან დღეს, 24 იანვარს, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ლევან ანთაძესთან ერთად ბრიფინგი გამართა.

ფრიდონ ხალვაშის გამზირი ბათუმი-ახალციხის გზის ნაწილია. მისი რეაბილიტაცია 2023 წლის თებერვალში უნდა დასრულებულიყო. ახალდაგებული ასფალტის საფარი რამდენიმე ადგილზე დაზიანებულია, რის გამოც გზებზე ორმოებია. დაზიანებულია სანიაღვრე არხის ცხაურებიც, ზოგან არხი ღიადაა დატოვებული.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხალვაშის გამზირის [ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის დასაწყისი] რეაბილიტაციაზე ტენდერი 22,2 მილიონი ლარით გამოაცხადა; ხელშეკრულება კი შპს „ერ ტე დე“-სთან 19 399 999 ლარზე აქვს გაფორმებული.

შპს „ერ ტე დე“ ის კომპანიაა, რომელიც თბილისში, წერეთლის ქუჩის რეაბილიტაციაზე მუშაობს.

ენმ-ს წევრები ბათუმში კომპანია „ერ ტე დესთან“ ხელშეკრულების შეწყვეტას, თანხის დაბრუნებას და გამოძიების დაწყებას ითხოვენ იმ თანამდებობის პირების დასასჯელად, რომლებიც კორუფციულ სქემაში არიან ჩართულნი.

„გამოვიდეს თორნიკე რიჟვაძე და გაგვცეს პასუხი, რასთან გვაქვს საქმე. დარწმუნებული ვარ, წლის ბოლომდეც ეს ქუჩა ვერ გაკეთდება. მით უმეტეს, მთავარი ქუჩაა, არტერიაა, სულ საცობებია…

ამჯერად კომპანიამ დაგებული ასფალტის ნაწილი აყარა და ასფალტს ხელახლა აგებს. სამუშაოები არათუ დასრულდა, ნახევარიც კი არ არის ჯერ გაკეთებული. რაც გაკეთდა, უხარისხოა. განათების სისტემაც ნაწილობრივადაა გაკეთებული.

ვხუმრობთ, ალბათ, „გუთენთრაკენის“ მეთოდით კეთდებაო, რეალურად კი, როგორც წერეთლის ქუჩის ამბავი დაემხო თავზე კალაძეს, ასე დაემხობათ თავზე ფრიდონ ხალვაშის ქუჩა თორნიკე რიჟვაძეს და არჩილ ჩიქოვანს… პროკურატურას 4 თვის წინ მივმართეთ, მაგრამ პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია,“ – უთხრა რეზო ხარაზმა „ბათუმელებს“.

რატომ დაზიანდა ახალდაგებული ფრიდონ ხალვაშის გამზირი, როდის დასრულდება რეაბილიტაცია ქუჩაზე, სადაც სამუშაოები ჯერ კიდევ 2023 წლის თებერვალში უნდა დასრულებულიყო? – „ბათუმელები“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესცენტრს დაუკავშირდა. ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

პოლიტპატიმრების ოჯახების მასობრივი ჩხრეკა და დაკავებები ბელარუსში

ბელარუსის უშიშროების სამსახურმა  ყოფილი პოლიტპატიმრებისა და მათი ნათესავების ოჯახების მასობრივი ჩხრეკა ჩაატარა 23 იანვარს ქვეყნის მასშტაბით.

„ბიბისის“ რუსული რედაქცია წერს, რომ უფლებადამცველებისთვის ცნობილია სულ მცირე 73 ადამიანის გვარი, რომელთა სახლები 23 იანვარს გაჩხრეკეს ან ეს პირები დააკავეს. ბელარუსის ადამიანის უფლებათა ცენტრი „ვიასნა“ აცხადებს, რომ ზოგ შემთხვევაში მთლიანად ოჯახს აკავებდნენ.

როგორც „ვიასნა“ იუწყება, უშიშრობის სამსახური იყენებდა მუხლებს „ექსტრემისტული საქმიანობის დაფინანსებისა“ და „ექსტრემისტულ ფორმირებებში მონაწილეობაზე“.

„ბიბისი“ წერს, რომ რამდენიმე ადამიანს ბელარუსის კგბ-ეს თანამშრომლებმა უთხრეს, რომ დაკავება და ჩხრეკა დაკავშირებული იყო პოლიტპატიმრების დასახმარებლად შექმნილ პროექტთან – INEedHelpBY. ეს პროექტი ეხმარება პოლიტპატიმრებს, რომლებიც ბელარუსში აღიარებულნი არიან როგორც „ექსტრემისტული ფორმირება“ და მათ, ვინც განიცადა პოლიტიკური რეპრესიები და რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

დაკავებულთა შორის იყვნენ დემოკრატიული მოძრაობის 76 წლის აქტივისტი ბორის ხამაიდა და პოლიტიკოს ნიკოლაი სტატკევიჩის ცოლი, მარინა ადამოვიჩი. სტატკევიჩს 2021 წლის დეკემბერში 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯე, მის ახლობლებს მისგან წერილები დაახლოებით ერთი წელია არ მიუღიათ და არც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ აქვთ ინფორმაცია.

სხვადასხვა შეფასებით, ბელარუსში ამჟამად გისოსებს მიღმა 1400-მდე პოლიტპატიმარია. ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ჩახშობისა და მასობრივი რეპრესიების დაწყების შემდეგ ასიათასობით ბელარუსმა დატოვა ქვეყანა.

___________

ფოტო: „ვიასნა“

თიბისი კაპიტალი – წმინდა სავალუტო შემოდინებები ისევ გაუმჯობესდა

დეკემბრის წმინდა სავალუტო შემოდინებები ისევ გაუმჯობესდა. წინასწარი შეფასებებით, ეს ძირითადად ტრადიციული ტურიზმის მატებით იყო გამოწვეული მაშინ, როდესაც მიგრაციის ეფექტი მცირედით, მაგრამ კვლავ შემცირდა.

უკვე იანვრის დეპოზიტების ყოველდღიურ დინამიკაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ე.წ. ლარის სეზონური გაუფასურების მოლოდინები, თავისთავად, ბოლოდროინდელი გარკვეული გამყარების გამო შეიცვალა. სეზონური ფაქტორების გამორიცხვით, იანვარში დეკემბერთან მიმართებით უკვე ლარის დეპოზიტების ზრდა ვალუტასთან შედარებით ჭარბობს. ეს კი, ხშირად, მოლოდინების საკმაოდ აკურატული საზომია.

ამ ფონზე, უნდა ველოდოთ თუ არა ლარის დამატებით გამყარებას? ამ მხრივ, სავალუტო შემოდინებებსა და სენტიმენტებთან ერთად, თიბისი კაპიტალის ლარის გაცვლითი კურსის ჩარჩოს კიდევ დამატებით 2 კომპონენტია გასათვალისწინებელი. კერძოდ, დაბალი ინფლაცია და ბოლო პერიოდში საკმაოდ გამყარებული ლარის საშუალო კურსი, რაც ზოგიერთი ინდუსტრიისათვის კონკურენტუნარიანობის კუთხით, შესაძლოა მხოლოდ გარკვეულ, მაგრამ მაინც გამოწვევას წარმოადგენს. ამდენად, მართალია სებ-ის დეკემბრისა და იანვრის სავალუტო ინტერვენციების შესახებ ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არაა ხელმისაწვდომი, თუმცა თიბისი კაპიტალის მოსაზრებით, სექტემბერ-ნოემბერში 169.4 მილიონი აშშ დოლარის გაყიდვის შემდეგ, კვლავ აშშ დოლარის შესყიდვის მიმართულებით ინტერვენციები უფრო მოსალოდნელია, ვიდრე ლარის მატერიალური გამყარება.

როგორც ყოველთვის, ბევრია დამოკიდებული ევროსა და სხვა რეგიონული ვალუტების დინამიკაზე. ამ მხრივ, აღსანიშნავია თურქული ლირის დამატებით დასუსტება, თუმცა, ამავდროულად, რუსული რუბლის გამყარება. მთლიანობაში, ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით, ბოლო პერიოდში ლარის საშუალო გაცვლითი კურსის არსებითი ცვლილება არ იკვეთება.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე..

რა ნიშნებით ამოვიცნოთ ვაგინალური სოკოვანი ინფექცია და როგორია მისი პრევენცია

ვაგინალური კანდიდოზი სოკოვანი ინფექციაა, რომელიც უსიამოვნო სიმპტომებთან ასოცირდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემა ძალიან გავრცელებულია, მასთან დაკავშირებით მოსახლეობაში მაინც ბევრი მცდარი წარმოდგენა არსებობს . „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ მეან-გინეკოლოგი ქეთი ფარტენაძე განმარტავს, რომ სოკო კანდიდა ნორმის ფარგლებში ყოველთვის ბინადრობს ჯანმრთელი ქალის საშოში ისე, რომ არანაირ ჩივილებს არ იწვევს, მაგრამ ზოგჯერ საშოს ნორმალურ მიკროფლორაში ბალანსი ირღვევა. ექიმი „ბათუმელებთან“ საუბრობს, თუ რა ფაქტორები იწვევს კანდიდას რაოდენობის მატებას, რა ნიშნებით შეგვიძლია პრობლემის ამოცნობა და როგორია პროფილაქტიკა.

  • რა დაავადებაა ეს, რა ხდება ვაგინალური სოკოვანი ინფექციის დროს? 

ვაგინალური კანდიდოზი საშოს სოკოვანი ინფექციაა, მას საფუარის ტიპის სოკო კანდიდა (Candida Albicans) იწვევს; ეს პირობით-პათოგენური [მიკრობები, რომელთაც უნარი აქვთ მაკროორგანიზმის ბუნებრივი რეზისტენტობის დაქვეითების დროს გამოიწვიონ დაავადებები] სოკოა, რომელიც მცირე რაოდენობით ყოველთვის ბინადრობს ჯანმრთელი ქალის საშოში ისე, რომ არანაირ ჩივილებს არ იწვევს.

MayoClinic: ვაგინალური კანდიდოზი საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა, იგი ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ყოველი 4-დან 3 ქალს აწუხებს. ბევრი ქალი განიცდის მინიმუმ ორ ეპიზოდს ცხოვრების განმავლობაში.

როგორც წესი, ვაგინალური სოკოვანი ინფექციების მედიკამენტური მკურნალობა საკმაოდ ეფექტურია, თუმცა ზოგჯერ შეიძლება პაციენტს ჰქონდეს განმეორებადი კანდიდოზური ინფექცია, როცა წლის განმავლობაში რამდენიმე ეპიზოდი აქვს პაციენტს. ასეთ დროს შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობის უფრო ხანგრძლივი კურსი.

ვაგინალური კანდიდოზი არ მიეკუთვნება სქესობრივად გადამდებ დაავადებებს.

  • ხშირად სოკოვან დაავადებას ცუდ ჰიგიენას უკავშირებენ, რეალურად, რა ფაქტორები ხდება ორგანიზმში ამ სოკოს მომატების მიზეზი?

მინიმალური რაოდენობით ეს სოკო ისედაც არის მიკროფლორის შემადგენლობაში, მაგრამ როდესაც მიკროფლორის ბალანსი ირღვევა, მაშინ მრავლდება, აქტიურდება და იწვევს შესაბამის სიმპტომატიკას.

სოკოს გამრავლებისთვის ხელსაყრელი გარემო სჭირდება, ასეთი გარემო საშოში იქმნება ისეთი ფაქტორების ზემოქმედებით, როგორიცაა, მაგალითად, ჰორმონალური დისბალანსი, კერძოდ, ესტროგენების მატება. ეს შეიძლება მოხდეს ორსულობის დროს, ძუძუთი კვების დროს, მენოპაუზის პერიოდში, ასევე ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას.

ასევე, სოკოს გამრავლებისთვის ხელსაყრელი გარემო იქმნება ცუდად კონტროლირებული დიაბეტის დროს, როცა სისხლსა და საშოს ლორწოვანში გლუკოზის დონე არის მომატებული; რისკფაქტორია ანტიბიოტიკები, ვინაიდან ისინი ორგანიზმის სასარგებლო მიკროფლორასაც ანადგურებენ, რითაც ხელს უწყობენ სოკოს გამრავლებას. ამიტომ არის, რომ ანტიბიოტიკებით მკურნალობის პარალელურად, საპროფილაქტიკოდ სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტებსაც ვნიშნავთ.

და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი რისკფაქტორია დაქვეითებული იმუნიტეტი.

  • როგორია სიმპტომატიკა?

სოკოვანი ინფექციის სიმპტომები, პირველ რიგში, მოიცავს ქავილსა და გაღიზიანებას საშოსა და ვულვის მიდამოში; ასევე, ტკივილისა და წვის შეგრძნებას, რომელიც განსაკუთრებით შესამჩნევია სქესობრივი აქტის, ან/და შარდვის დროს; ხშირია ვულვის სიწითლე და შეშუპება; გარდა ამისა, ამ ინფექციას შეუძლია შეცვალოს ვაგინალური გამონადენის კონსისტენცია, გახადოს ის უფრო სქელი – დამახასიათებელია თეთრი ფერის, ხაჭოსებრი, უსუნო ან წყლისებრი; შედარებით იშვიათ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნებოდეს ვაგინალური გამონაყარი.

Mayoclinic: თქვენ შეიძლება გქონდეთ გართულებული სოკოვანი ინფექცია, თუ: აღგენიშნებათ უფრო მწვავე მიმდინარეობა ძირითადი სიმპტომებისა, მაგალითად, უფრო ფართო მიდამოს სიწითლე, შეშუპება და ქავილი, რისი შედეგიცაა კანზე ნახეთქების ან წყლულების განვითარება; სოკოვანი ინფექციის ოთხი ან მეტი ეპიზოდი წლის განმავლობაში; კანდიდოზური ინფექცია, რომელიც გამოწვეულია სოკოს ნაკლებად ტიპური სახეობებით; ხართ ორსულად; გაქვთ ცუდად კონტროლირებული დიაბეტი ან თქვენი იმუნური სისტემა დასუსტებულია ზოგიერთი მედიკამენტის ან ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობის გამო, როგორიცაა აივ ინფექცია.

საშოს სოკოვანი ინფექციები სიმპტომებითა და ნიშნებით შეიძლება ჰგავდეს ისეთ სხვა, უფრო სერიოზულ მდგომარეობებს, როგორიცაა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები და ბაქტერიული ვაგინოზი, რა დროსაც სხვა სახის მკურნალობაა საჭირო. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ნებისმიერი დისკომფორტის გამოვლენისას დროულად მივმართოთ სპეციალისტს, რომ გამოირიცხოს სხვა სახიფათო დაავადებები და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.

  • გამოკვლევა რას მოიცავს?

ანამნეზის შეკრების შემდეგ ხდება სასქესო ორგანოს გარეგანი დათვალიერება და რიგ შემთხვევებში საშოს დათვალიერება სპეციალური ხელსაწყოთი (ვაგინალური სარკე); ასევე, ტარდება საშოს სეკრეტის მიკროსკოპული ანალიზი, რომელიც უკვე გვიდასტურებს ვაგინალურ სეკრეტში ამ ინფექციის არსებობს.

  • როგორია მკურნალობის მეთოდები?

ბანალური კანდიდოზის შემთხვევაში, როცა სიმპტომატიკა არ არის მწვავე, საკმარისია თერაპიის მოკლე კურსი, რომელიც მოიცავს სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებას 3-7 დღის განმავლობაში. სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები შეიძლება იყოს როგორც მალამო, ისე – სანთელი.

რიგ შემთხვევებში, სირთულის მიხედვით, შეიძლება დაინიშნოს კომბინირებული მკურნალობა, პერორალურად მისაღებ მედიკამენტებთან ერთად.

თუ სოკოვანი ინფექციით წელიწადში რამდენჯერმე მაინც ავადდება პაციენტი, შედარებით უფრო მწვავედ გამოხატული სიმპტომატიკით, ეს არის უკვე მორეციდივე დაავადება და სჭირდება მკურნალობის უფრო ხანგრძლივი კურსი.

  • უმკურნალოდ, თავისით, შეიძლება ალაგდეს?

არის ასეთი შემთხვევებიც, როცა დაავადება ძალიან მსუბუქ ფორმაშია, საშოს მიკროფლორა დარღვეული არ არის და თავის დაცვის მექანიზმები მუშაობს, შეიძლება თავისითაც ალაგდეს, თუმცა ცხადია, ექიმთან მიმართვის გარეშე სხვა პრობლემის გამორიცხვა ვერ მოხდება.

  • რა შეიძლება გავაკეთოთ პრევენციისთვის?

ვაგინალური სოკოვანი ინფექციების რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია ატაროთ თეთრეული, რომელსაც აქვს ბამბის უბე და არ არის ძალიან მჭიდროდ მოჭერილი სხეულზე.

ასევე საპრევენციოდ სასურველია მოერიდოთ დასაბანი საშუალებების გამოყენებას (ე.წ. საშოს გამორეცხვა), რომელიც არღვევს საშოს ნორმალურ მიკროფლორას, რადგან აშორებს ისეთ სასარგებლო ბაქტერიას საშოდან, რომელიც გიცავთ ინფექციისგან.

მოერიდეთ ცხელი აბაზანისა და ძალიან ცხელი შხაპის მიღებას.

ასევე, კიდევ ერთხელ, არ შეიძლება ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება, მაგალითად, ანტიბიოტიკოთერაპია გაციების ან სხვა ვირუსული ინფექციების დროს. 

მოერიდეთ ხანგრძლივად სველ საცურაო კოსტიუმში ან სავარჯიშო ტანსაცმელში ყოფნას.

MayoClinic: მოერიდეთ ქალებისთვის განკუთვნილი სურნელოვანი ჰიგიენური პროდუქტების გამოყენებას, ეს მოიცავს ინტიმური ჰიგიენის საშუალებებს, ე.წ. აბაზანის ქაფს, საფენებსა და ტამპონებს. 

 

გერმანია პირველად გადასცემს უკრაინას სამხედრო ვერტმფრენებს

უკრაინის შეიარაღებული ძალები მიიღებენ 6 მრავალფუნქციურ Sea King Mk41 – სამხედრო ვერტმფრენებს, მათთვის საჭირო აღჭურვილობას და სათადარიგო ნაწილებს – ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს გერმანიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

გარდა ამისა, უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები გაივლიან აუცილებელ წვრთნას თვითმფრინავების ექსპლუატაციისთვის.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის თქმით, Sea King Mk41 არის „საიმედო ვერტმფრენი, რომელიც დაეხმარება უკრაინელებს ბევრ სფეროში: შავი ზღვის დაზვერვიდან ჯარისკაცების გადაყვანამდე“.

„ეს არის პირველი ასეთი მიწოდება გერმანიიდან“, – ხაზგასმით აღნიშნა პისტორიუსმა.

Sea King Mk41 ამერიკული წარმოების ვერტმფრენია. ამერიკის არმიამ მისი გამოყენება 1961 წელს დაიწყო.

როგორც ბუნდესვერის ვებგვერდზეა მითითებული, ამ მოდელის ვერტმფრენებს გერმანელი სამხედროები 1970-იანი წლების შუა ხანებიდან იყენებენ.

გერმანიაში ამ ვერტმფრენებს ძირითადად სამძებრო-სამაშველო საქმიანობისთვის იყენებენ. ვერტმფრენს შეუძლია დაფაროს 1500 კმ-ზე მეტი, აღჭურვილია რადარითა და ინფრაწითელი კამერით, განსაკუთრებით გამძლეა და შეუძლია ფრენა ყველაზე ცუდ ამინდის პირობებშიც კი. მისი კიდევ ერთი უპირატესობაა „ამფიბიური დიზაინი“, რაც საჭიროების შემთხვევაში წყალზე ავარიული დაშვების საშუალებას იძლევა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 24 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 24 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 378 660 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +840]
  • ტანკი – 6 227 ერთეული [+13]
  • ჯავშანტექნიკა – 11 579 ერთეული [+31]
  • საარტილერიო სისტემა – 9 008 ერთეული [+61]
  • MLRS – 971 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 659 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 331 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 998 ერთეული [+37]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 842 ერთეული [+22]
  • გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 12 005 ერთეული [+49]
  • სპეცტექნიკა – 1 416 ერთეული [+7]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 24 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 568 თვითმფრინავი
  • 265 ვერტმფრენი
  • 11 140 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 452 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 768 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 206 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 846 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 17 838 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

 

ქვეყანაში რუსეთის 1 856 237 მოქალაქე შემოვიდა და გავიდა 1 887 223 – შსს სტატისტიკა

2023 წელს საქართველოში რუსეთის 1 856 237  მოქალაქე შემოვიდა და 1 887 223 – გავიდა, – ასეთია შს სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული საზღვრის კვეთის სტატისტიკა.

სამინისტრო ყოველ კვარტალში აქვეყნებს საზღვრის კვეთის შესახებ მონაცემებს. ჯამში, კვარტლების მიხედვით, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში საზღვრის კვეთის სტატისტიკა ასეთია:

  • I კვარტალი – 298 285 შემოსვლა, 320 236 გასვლა
  • II კვარტალი – 443 624 შემოსვლა, 427 443 გასვლა
  • III კვარტალი – 766 278 შემოსვლა, 780 514 – გასვლა
  • VI კვარტალი – 348 050 შემოსვლა, 359 030 – გასვლა

საქართველოს შს სამინისტროს მონაცემებმა რუსული მედიის ყურადღებაც მიიქცია. რუსული მედია ხაზს უსვამს, რომ საქართველო შემომსვლელზე უფრო მეტმა რუსეთის მოქალაქემ დატოვა. ზოგიერთი რუსული საინფორმაციო სააგენტო ამის მიზეზად საქართველოში გაზრდილ ფასებს ასახელებს.

საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლა 2022 წლის თებერვლის ბოლოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია თავს დაესხა უკრაინას და ომი დაიწყო. სტატისტიკის თანახმად, 2022 წელს საქართველოში შემოვიდა რუსეთის 1 459 541 მოქალაქე და ეს იყო 401 პროცენტიანი ზრდა 2021 წელთან შედარებით. შს სამინისტროს 2022 წლის სტატისტიკაში არ არის მითითებული რუსეთის რამდენმა მოქალაქემ დატოვა საქართველო 2022 წელს.

_______________

ფოტოზე: ლარსი, საქართველო-რუსეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტი. 2022 წელი. ფოტო: EPA-EFE/ზურაბ ქურციკიძე

ახალი 25 ავტობუსი და 100 მიკროავტობუსი – როგორ დახარჯავს ბათუმის მერია 30 მილიონს

„ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის“ წელს მუნიციპალურ 25 ავტობუსს და 100 მიკროავტობუსს შეისყიდიან, რისთვისაც, მერიის ინფორმაციით, ქალაქის ბიუჯეტიდან 30 მილიონ 219 ათას 500 ლარია გათვალისწინებული.

„ტენდერების ჩატარების შემდეგ ეტაპობრივად მთლიანად უნდა მივიღოთ ყველა ავტობუსი და მიკროავტობუსი, რომლებიც, ძირითადად ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიაზე ივლიან, სადაც დღეს არ დადის ავტობუსი. რაც შეეხება ანაზღაურებას, ტენდერში გამარჯვებულს თანხას ასევე ეტაპობრივად გადაუხდიან, როგორც ბიუჯეტშია გაწერილი“, – გვითხრეს „ბათუმელებს“ დღეს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“.

ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტის მიხედვით, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტისათვის“ მუნიციპალური მიკროავტობუსების და ავტობუსების შესაძენად მიმდინარე წლისთვის გაწერილია 16 მილიონ 719 ათას 500 ლარი.

ქალაქის ბიუჯეტის მიხედვით, ავტობუსების საბოლოო [ტენდერში დაფიქსირებული] ღირებულება სრულად 2026 წლის ჩათვლით დაიფარება.

„მუნიციპალური მიკროავტობუსების და ავტობუსების შეძენა მრავალწლიანი პროექტია [2024-2026 წ.წ.], რომლის ღირებულება 39 252 624 ლარია“, – აღნიშნულია ბათუმის ბიუჯეტის შესახებ კანონში.

ავტობუსების შეძენაზე კონსოლიდირებულ ტენდერებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო გამოაცხადებს.

ამ თემაზე:

როგორ იქცევა სასამართლო, როცა გასამართლებული კაცი ხელახლა ძალადობს ოჯახში

ქალზე ძალადობის საქმეები აჩვენებს, რომ არცთუ იშვიათია შემთხვევა, როცა ოჯახური დანაშაულისთვის დასჯილი კაცი ხელახლა ძალადობს. მეტიც, კაცი ძალადობს მაშინაც კი, როცა მოძალადეს მოსამართლემ მხოლოდ პირობითი მსჯავრი შეუფარდა.

ბოლო წლებში იკვეთება ტენდენციაც: მოსამართლეები ამართლებენ ოჯახში ძალადობისთვის უკვე გასამართლებულებს, რომლებსაც პროკურატურამ ისევ ძალადობის ჩადენისთვის ახალი ბრალი წარუდგინა.

რადგან საერთო სასამართლოები ელექტრონულ პლატფორმაზე გადაწყვეტილებებს აღარ აქვეყნებენ და განაჩენებს რესურსების სიმცირის მოტივით არც საჯარო ინფორმაციის სახით გასცემენ, „ბათუმელებმა“ უზენაესი სასამართლოს რამდენიმე საქმის გაცნობით სცადა ტენდენციის დანახვა და იმის გამორკვევა, რამდენად ცდილობენ მოსამართლეები ძალადობისთვის ნასამართლევი კაცების დასჯას.

  • არასრულწლოვან ცოლს თავი მიარტყმევინა ჭიშკარზე – კაცი ძალადობისთვის ნასამართლევი იყო  

თბილისში მცხოვრები რამაზ ა. მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ არასრულწლოვან გოგოზე ძალადობდა. მოძალადე კაცი მანამდე ისევ ოჯახში ძალადობისთვის გაასამართლეს და პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო, როცა ახალი დანაშაული ჩაიდინა.

უზენაესი სასამართლოს მიერ ამ საქმეზე 2023 წელს მიღებული განჩინებიდან არ ჩანს, აგო თუ არა პასუხი კაცმა არასრულწლოვანზე ქორწინებისთვის. ამ განჩინებიდან არც ის ირკვევა, ოჯახში ძალადობის წინა შემთხვევაში, ვისზე ძალადობდა რამაზ ა.

„…მას შემდეგ, რაც თინამ კონფლიქტის შემდეგ გადაწყვიტა სახლის დატოვება, რამაზმა ძლიერად მოქაჩა თმა და თავი მიარტყმევინა ჭიშკარზე, ხოლო შემდეგ ძალით გაიყვანა შესასვლელის მიმართულებით და კიბეზე დაარტყმევინა თავი, რა დროსაც სახისა და ტანის არეში ურტყამდა ხელებს.

რამაზის ქმედების შედეგად არასრულწლოვანმა თინამ დაკარგა გონება და ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს  განჩინებაში.

პროკურატურა კაცს ოჯახში ძალადობის რამდენიმე ეპიზოდს ედავებოდა, ასევე მუქარას ისევ არასრულწლოვანი გოგოს მიმართ.

„…სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი რამაზ ა. კერძოდ, ტელეფონით კომუნიკაციის დროს უთხრა, რომ მოკლავდა. რამაზ ა-ს მუქარა თინამ. კ-მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში,“ – აღნიშნულია განჩინებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, რამაზ ა. დამნაშავედ მიიჩნიეს ოჯახში ძალადობის ნაწილში და მას 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

„რასაც დაემატა წინა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 მარტის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. რამაზ ა-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა,“ – აღნიშნულია განჩინებაში.

გასამართლებულ კაცს უზენაესი სასამართლოსთვის მიუმართავს და სასჯელის ნახევრის პირობით ჩათვლა მოუთხოვია.

„იმის გათვალისწინებით, რომ რამაზ ა-ემ ახალი დანაშაულები ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის პერიოდში და გამოკვეთილია დანაშაულის რეციდივი, საკასაციო სასამართლოს [მიუხედავად შემამსუბუქებელი გარემოებებისა] მიზანშეუწონლად მიაჩნია მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება ან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა,“ – აღნიშნა უზენაესმა სასამართლომ.

განჩინება უზენაესი სასამართლოს სამმა მომართლემ მიიღო: მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე.

  • ძალადობისთვის გასამართლებულმა ორსული ცოლი ბარის ტარით სცემა – ბრალდებული მოსამართლემ გაამართლა 

ბოლო წლების ტენდენცია, როცა მოძალადე კაცებს, მსხვერპლი ქალების დუმილზე გადაბრალებით, სასამართლო მეტწილად ამართლებს, აისახა რეციდივზეც – დანაშაულის განმეორებით ჩადენა. უზენაესი სასამართლოს განჩინებებში ბევრი ასეთი საქმე შეგხვდებათ, როცა კაცი წინა წლებში ოჯახში ძალადობისთვის გაასამართლეს, შემდეგ კი, პროკურატურა იგივე კაცს ძალადობის ხელმეორედ ჩადენას ედავება, მაგრამ მას ამჯერად მოსამართლე ამართლებს.

დაზარალებულად მიჩნეული ქალები, რომლებმაც სასამართლოში დუმილი არჩიეს, ზოგიერთ შემთხვევაში ოჯახურ დანაშაულში ბრალდებული კაცის დედაა, ან მოძალადის ფეხმძიმე ცოლი.

ერთ კონკრეტულ ასეთ საქმეზე მოგიყვებით:

მაგალითად, ოჯახში ძალადობისთვის 2017 წელს გასამართლებულმა ალექსანდრე ჟ.-მ, პროკურატურის ვერსიით, საკუთარი სახლის ეზოში „ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს, ორსულ ნინო [სახელი პირობითია] ფ.-ს, კერძოდ: ბარის ტარით სცემა სხეულის სხვადასხვა ნაწილში.

ძალადობის შედეგად, ნინო ფ.-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული ქმედება ალექსანდრე ჟ.-მ ჩაიდინა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რადგან თვლის, რომ ოჯახში უფროსი არის კაცი და ქალი უსიტყვოდ უნდა ემორჩილებოდეს მის მითითებებს. მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნინო ფ.-ს არ თვლიდა ოჯახის სრულფასოვან წევრად, უკონტროლებდა ჩაცმის სტილს, არ აძლევდა საშუალებას გაეკეთებინა მაკიაჟი ან დაუკითხავად წასულიყო სადმე, ვინაიდან იყო ქალი და ყველაფერი უნდა შეეთანხმებინა მასთან…“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინების იმ ნაწილში, სადაც პროკურატურის ბრალდებაა აღწერილი.

განჩინებაში ძალადობის რამდენიმე ეპიზოდია აღწერილი, მათ შორის:

„ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს, ორსულ – ნინო ფ.- ს იმის გამო, რომ ალექსანდრე ჟ-ს დაუკითხავად გაჰყვა ნ. გ–ს სასაფლაოზე. ალექსანდრე ჟ-მ თავდაპირველად გაშლილი ხელი გაარტყა ნინო ფ-ს სახის არეში, ხოლო შემდეგ მაგიდიდან აიღო მწვანე ფერის ქანჩი, ესროლა ნინო ფ-ს და მოარტყა სახის არეში.

ალექსანდრე ჟ.-მ დაინახა, რომ ნინო ფ. სახლიდან გადიოდა სახეზე მაკიაჟით, რის გამოც, მან ორჯერ დაარტყა მუშტი ნინო ფ.-ს მარჯვენა თვალის არეში. განხორციელებული ძალადობის შედეგად, ნინო ფ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

თელავის რაიონულმა სასამართლომ 2023 წლის 22 მაისის განაჩენით ალექსანდრე ჟ. უდანაშაულოდ მიიჩნია და გაამართლა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ კი, განაჩენი უცვლელი დატოვა.

ამ საქმეზე პროკურორ ვალერი გიორგაშვილს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის მიუწერია: დაზარალებული ქალის სასამართლოში გაჩუმება არ ნიშნავს იმას, რომ ძალადობაში ბრალდებული კაცი მართალია.

„გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც საკმარისია ალექსანდრე ჟ.-ს დამნაშავედ ცნობისათვის. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა სასამართლოს არ მისცა ჩვენება, მტკიცებულების სახით წარდგენილი იყო დაზარალებულ ნინო ფ.–ს მონაწილეობით შედგენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი,“ – აღნიშნულია განჩინებაში.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში დაზარალებულად მიჩნეული ქალი კონკრეტულ სახლს უთითებდა თელავის ერთ-ერთ სოფელში, სადაც ალექსანდრემ მასზე რამდენჯერმე იძალადა. პროკურატურა ითხოვდა, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი მიეჩნიათ მოსამართლეებს დამოუკიდებელ, პირდაპირ მტკიცებულებად, რაც საფუძვლად დაედებოდა გამამტყუნებელ განაჩენს.

„გარდა ამისა, სასამართლოში დაიკითხა სახელმწიფო ზრუნვის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სოციალური მუშაკი თ. ქ–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2021 წლის 8 ივნისს სამსახურში ყოფნისას გამოცხადდა ნინო ფ., რომელმაც საუბრისას განმარტა, რომ მისი მეუღლე, ალექსანდრე ჟ–ი, აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც სურდა თავშესაფარში გადაყვანა, რადგან არ ჰქონდა სხვაგან წასასვლელი.

მას ტუჩზე აღენიშნებოდა დაზიანება, რაზეც განმარტა, რომ წინა დღეს ალექსანდრემ ესროლა ქანჩი, რომელიც მოხვდა სახეზე ტუჩის არეში და მიიღო დაზიანება,“ – აღნიშნულია განჩინებაში.

საქმეში სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც, რომლითაც დადასტურებულია, რომ ნინო ფ.-ს პირადი შემოწმების დროს აღენიშნებოდა ნაჭდევი ქვედა ტუჩის არეში. „აღნიშნული დაზიანება მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს,“ – ეწერა ექსპერტიზის დასკვნაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმაც, პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების მსგავსად, ხელი დაზარალებული ქალისკენ გაიშვირეს:

„მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულმა ნინო ფ–მ [მეუღლემ] სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

ამდენად, შეუძლებელია, დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც მან სასამართლოში არ დაადასტურა. გარდა ამისა, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, ალექსანდრე ჟ–ს მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი ზეგავლენის გამო.

საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

უზენაეს სასამართლოს უმსჯელია ექსპერტიზის დასკვნაზეც:

„მართალია, აღნიშნული დასკვნით დადასტურდა დაზიანების არსებობა, თუმცა სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანება ნინო ფ–ს მიაყენა ალექსანდრე ჟ–მა და ამ დაზიანების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი – წარმოდგენილი არ არის,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

ამ განჩინებას უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლე აწერს ხელს: ნინო სანდოძე, მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე.

  • საქმე, რომელიც აჩვენებს, რომ მოსამართლეს მოძალადე კაცების დასჯა შეუძლია 

უზენაესი სასამართლოს განჩინებებს შორის ერთ-ერთი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ განხილული საქმეა. ამ საქმეშიც დაზარალებულად ცნობილმა ქალმა დუმილი არჩია და მოსამართლემ ძალადობაში ბრალდებული კაცი გაამართლა, თუმცა გამამართლებელი განაჩენი უზენაესმა სასამართლომ გამამტყუნებლით შეცვალა.

ამ საქმეშიც ოჯახში ძალადობაში ბრალდებული კაცი მანამდე ისევ ოჯახში ძალადობისთვის იყო ნასამართლევი.

გამოძიების ვერსით, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ვახტანგმა საცხოვრებელ სახლში არაერთგზის იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე. „ხელის სახისა და ფეხის მუცლის არეში დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი“, – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

ეს განაჩენი უცვლელი დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, თუმცა უზენაესმა სასამართლომ განაჩენი შეცვალა. უზენაესი სასამართლო აქ „სტამბოლის კონვენციას“ ახსენებს:

„…რაც შეეხება ფაქტს, რომ დაზარალებულმა ლია კ-მ [სახელი პირობითია] სასამართლოს არ მისცა მეუღლის მამხილებელი ჩვენება, აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციაზე ,,სტამბოლის კონვენცია“, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას, მათ შორის ოჯახში ძალადობას ეხება.

კონვენციაში მითითებულია, რომ ამ დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე დამოკიდებული და სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.

ამავე კონვენციის განმარტებითი ბარათის თანახმად, სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოძიების სტადიაზე უნდა მოიპოვონ არსებითი სახის მტკიცებულებები, დაკითხონ მოწმეები, მიიღონ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ა.შ., რათა დარწმუნდნენ, რომ სასამართლო პროცესის შემდგომი გაგრძელება არაა მხოლოდ მსხვერპლის განაცხადზე დამყარებული“, – ვკითხულობთ განჩინებაში.

პროკურორ პაატა ცეცხლაძის განმარტებით, რაც ასევე განჩინებაშია აღწერილი, ამ საქმეზე გამოძიებას საფუძვლად დაედო თავად დაზარალებულის შეტყობინება მეუღლის მხრიდან ჩადენილი ძალადობის შესახებ.

„…მან გამოკითხვის დროს დეტალურად აღწერა აგრესიული ძალადობრივი ქმედებები, განაცხადა თანხმობა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე და მოითხოვა, გაცემულიყო შემაკავებელი ორდერი. დათვალიერდა მისი სხეული, რომელზეც აღენიშნებოდა დაზიანება სახის და ყელის არეში…“ – მიუწერია პროკურორს მოსამართლეებისთვის.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მოწმეების ჩვენებებზე:

„მოწმე ნ. ა-ე უთითებს, რომ მას ვახტანგმა ოთახის მიქირავება სთხოვა და უთხრა, რომ მხოლოდ ის და თავისი მეუღლე იცხოვრებდნენ. მოწმე დასთანხმდა და ვახტანგს მეორე სართულზე ერთი ოთახი მიაქირავა, სადაც იგი მეუღლესა და პატარა შვილთან ერთად ცხოვრობდა. რამდენიმე დღის შემდეგ ვახტანგმა მეორე ქალბატონი შემოიყვანა და ნ. ა-ეს განუცხადა, რომ ისიც მისი ცოლი იყო.

2 დეკემბერს ვახტანგის დედა ჩამოვიდა, რომელსაც ერთი რძალი უნდა წაეყვანა, მაგრამ 3 დეკემბერს, ღამით, მოწმეს მათი ოთახიდან შემოესმა ხმაური. ნ. ა-ემ დაინახა, რომ ვახტანგის მეუღლეს ხელში ეჭირა ბავშვი და კიოდა. მოწმე მიხვდა, რომ ისინი ნაჩხუბრები იყვნენ და სახლიდან გაყარა,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

სასამართლოს ჩვენება მისცა ბრალდებულის დედამაც, რომლის თქმითაც, „ისინი ხმამაღლა კამათობდნენ“, ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი კი, არ დაუნახავს.

„ამდენად, მოწმე ნ. ა-ე და თ. ა-ი უტყუარად ადასტურებენ, რომ გარკვეული ფორმის კონფლიქტი [ხმაური, კივილი] ვახტანგსა და ლია კ-ს შორის ნამდვილად იყო. მართალია, უშუალოდ დარტყმაზე აღნიშნული მოწმეები არ საუბრობენ, მაგრამ, მოწმე თ. ა. უთითებს, რომ ვახტანგი სახლში 2021 წლის 2 დეკემბერს 23:30 საათისკენ დაბრუნდა და ამის შემდეგ დაიწყო მათ შორის ჩხუბი.

როგორც აღინიშნა, ოჯახური ძალადობის თაობაზე შეტყობინების რეზოლუცია დათარიღებულია 2021 წლის 3 დეკემბრით, 00:05 საათით [განმცხადებელია თავად დაზარალებული]; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შემოწმებისას [03.12.2021] ლია კ-ს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანება, რომელიც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს,“ – აღნიშნულია განჩინებაში.

მსჯავრდებული კაცი ოჯახში ძალადობისთვის გაასამართლეს 2020 წელს და დამნაშავედ მიიჩნიეს. განმეორებით დანაშაულის ჩადენის დღეს მას ნასამართლობა გაქარწყლებული არ ჰქონდა.

ამდენად, საკასაციო პალატა ითვალისწინებს სამართლებრივ მოცემულობას, როდესაც, ერთი მხრივ, დაზარალებულმა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და პირველი ინსტანციის სასამართლოს არ მისცა მეუღლის მამხილებელი ჩვენება, ხოლო, მეორე მხრივ, აცნობიერებს, რომ სწორედ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, აღკვეთოს დანაშაული, დაიცვას მსხვერპლი და პასუხისმგებლობა დააკისროს მოძალადეს, მიუხედავად იმისა, გაიხმო თუ არა საჩივარი/განცხადება უკან დაზარალებულმა ან/და შეურიგდა თუ არა მოძალადეს…“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

უზენაესმა სასამართლომ ამ საქმეზე ბრალდებულ ვახტანგს 400 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდა და ჯარიმა 2000 ლარი.

  • ნასამართლევმა კაცმა ბათუმში ტრანსგენდერ ქალზე იძალადა, ის მხოლოდ 2 ათასი ლარით დააჯარიმეს 

„…ძალადობისთვის ნასამართლევმა ნიაზ გ-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტრანსგენდერ – ბ. ჩ-ს, კერძოდ, ძლიერად დაარტყა ხელი მარჯვენა თვალსა და სახეში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს განჩინებაში, რომელი ტრანსგენდერ ქალზე ძალადობას ეხება. ამ შემთხვევაში მოძალადე კაცი მოსამართლემ მხოლოდ 2 ათასი ლარით დააჯარიმა.

ამ საქმეში გვხდება ეს ჩანაწერი „ეჭვიანობის ნიადაგზე“, რაც უფლებადამცველების თქმით, გენდერულ სტერეოტიპებს აძლიერებს და სამართალდამცველები არ უნდა იყენებდნენ.

პროკურორი სასჯელის გამკაცრების გარდა, ითხოვდა იმის დადასტურებას, რომ ძალადობისთვის ნასამართლევი, მოძალადე კაცი და ტრანსგენდერი ქალი ნამდვილად ოჯახის წევრები იყვნენ. პროკურატურას ეს ვერსია ჰქონდა სასამართლომ არ დაადასტურა, თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ ტრანსგენდერ ქალს მსჯავრდებულს სცემა და მას ემუქრებოდა კიდეც.

„დაზარალებულის და მოწმის ჩვენებებით უტყუარად დადგენილია, რომ მსჯავრდებული და დაზარალებული გარკვეული დროის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ, ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის მიზნებისათვის ითვლებოდნენ ოჯახის წევრებად.

სასამართლომ ნიაზ გ-სათვის სასჯელის შეფარდებისას არ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ხასიათი და მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები – დანაშაულის ჩადენა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ანალოგიური დანაშაულისათვის მისი წარსული ნასამართლობა, ასევე – ნიაზ გ-ს არ უღიარებია ჩადენილი დანაშაული და მხოლოდ მტკიცებულებების ნაწილი გახადა უდავოდ,“ – მიუწერია პროკურორს აკაკი მოქერიას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიაზ გ. დამნაშავედ მიიჩნიეს მუქარის და ძალადობის კუთხით. მსჯავრდებულს მოსამართლემ სასჯელები შეუკრიბა, წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ვადა გამოაკლო და მხოლოდ 2 ათასი ლარით დააჯარიმა.

სააპელაციო სასამართლოს მეტი ლმობიერება გამოუჩენია ტრანსგენდერზე მოძალადე კაცის მიმართ:

„სააპელაციო სასამართლომ, მიუხედავად იმისა, რომ ნიაზ გ-ს წარსული ნასამართლობის მხედველობაში მიღებით, დადგენილად მიიჩნია მსჯავრად შერაცხული ძალადობის არაერთგზის ჩადენა, ნიაზ გ-ს მსჯავრდებიდან ამოურიცხა ამ მაკვალიფიცირებელ გარემოებაზე მითითება, რადგან ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბრალდების მხარე მსჯავრდებულს არ ედავებოდა დანაშაულის არაერთგზის ჩადენას და შესაბამისად, სასამართლოც მოკლებული იყო სამართლებრივ შესაძლებლობას, დაემძიმებინა მისთვის ბრალდება, მით უფრო, როდესაც პროკურორი არც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა არაერთგზის დანაშაულის ჩადენისათვის ნიაზ გ-ს დამნაშავედ ცნობას,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

„საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად და მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ის არგუმენტები, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ უტყუარად ვერ დადგინდა, ერთი მხრივ, ნიაზ გ-ს მიერ ოჯახის წევრზე ძალადობა, ხოლო, მეორე მხრივ, ოჯახის წევრის მიმართ – მუქარა, ვინაიდან საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით სარწმუნოდ არ დგინდება, რომ ისინი ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას…

საყურადღებოა, რომ დაზარალებული თავის ჩვენებაში არაფერს ამბობს მსჯავრდებულთან თანაცხოვრების პერიოდში ერთიანი საოჯახო მეურნეობის წარმოების თაობაზე. მხოლოდ მოწმე ზ. ი-ს ჩვენება, რომ  დაზარალებული და მსჯავრდებული წელიწად-ნახევარი ცხოვრობდნენ ერთად და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, ვერაფრით გახდება იმის მტკიცების უპირობო საფუძველი, რომ ნიაზ გ. და ბ. ჩ. ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ.

საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებდა ნიაზ გ-ს მიერ დანაშაულის გენდერული  ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენაზე. მეტიც, დაზარალებულმა ბ. ჩ-მ და დანაშაულის თვითმხილველმა ზ. ი-მა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ დანაშაულის მოტივი იყო მსჯავრდებულის ეჭვიანობა და არა – დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო საჩივარში პროკურორის მიერ მითითებული საფუძვლით ნიაზ გ-სათვის სასჯელის დამძიმებას არ აქვს ფაქტობრივი გამართლება,“ – წერს უზენაესი სასამართლო.

გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებმა მამუკა ვასაძემ, შალვა თადუმაძემ და ლალი ფაფიაშვილმა მიიღეს .

  • კიდევ ერთი საქმე: ძალადობისთვის ნასამართლევმა კაცმა შვილების თვალწინ სცემა ცოლს 

„ოჯახში ძალადობის მუხლით ნასამართლევმა ლევან ს.-მ 2021 წლის 4 ნოემბერს, საღამოს საათებში, თავისავე საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით [ლევან ს.-ის მიაჩნია, რომ თავის მეუღლეს, როგორც ქალს, ევალება საოჯახო საქმეების შესრულება და მისი მოვალეობაა, შეიძინოს ყველა საყოფაცხოვრებო ნივთი], ალკოჰოლით მთვრალმა, არასრულწლოვანი 5 წლის და 2 წლის შვილების თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს: ლელა თ.- ს [სახელი პირობითია], კერძოდ: ხელი ძლიერად დაარტყა სახეში, რის შედეგადაც ლელა თ.-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინების იმ ნაწილში, სადაც პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალია აღწერილი.

ამავე განჩინების მიხედვით, კაცი ცოლს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

ლევან ს. გორის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია მუქარის ნაწილში, ოჯახში ძალადობისთვის კი, 1 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ლევანიც პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო, როცა ახალი დანაშაული ჩაიდინა – ხელახლა იძალადა ოჯახის წევრზე: „…ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლევან ს.-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა“.

განაჩენი სააპელაციო სასამართლოში ორივე მხარეს გაუსაჩივრებია: მსჯავრდებულმა სრულად გამართლება მოითხოვა, პროკურორმა ანნა ცაგურიამ კი, ლევანის დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში, მათ შორის, ოჯახის წევრის მუქარის ნაწილში.

„მოცემულ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მუქარისათვის სავალდებულო ობიექტური ნიშანი ლევან ს.-ის მუქარის შედეგად  დაზარალებულში საფუძვლიანი შიშის განცდის ფაქტი.

მართალია, თავის ჩვენებაში თვითონ დაზარალებული ლელა თ–ც ადასტურებს მეუღლის მხრიდან მუქარის შემცველი სიტყვების წარმოთქმას, მაგრამ აქვე აღნიშნავს, რომ მუქარის შედეგად მას არ განუცდია შიში და მეუღლის სიტყვები მიიღო „უბრალო სიტყვებად – სიტყვის მასალად“.

შესაბამისად, დაზარალებულისავე ჩვენებით დგინდება, რომ მუქარის შედეგად მას არ განუცდია მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხოლო საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით საპირისპირო არ დგინდება და, ამდენად, გამოკვეთილი არ არის მითითებული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანი, როგორიცაა მუქარის ადრესატის მიერ საფუძვლიანი შიშის განცდა,“ – წერს განჩინებაში უზენაესი სასამართლო.

___

„ბათუმელებმა“ სტატია მოამზადა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ბათუმელები“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

სკოლის ავტობუსი ისევ არ გვაკითხავს, მაისამდე ველოდოთ? – მშობელი

ლერი მალაყმაძე შშმ ბავშვის მშობელია. მისი ორი შვილი სალიბაურის მე-2 საჯარო სკოლაში სწავლობს, თუმცა მეცხრე დღეა ბავშვები სკოლაში ვერ დადიან. მშობლის თქმით, კომპანია, რომელსაც სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირება ევალება, მძღოლებთან ხელშეკრულებას ისევ ვერ აფორმებს.

„ანასტასია მე-7 კლასში სწავლობს. მას აქონდროპლაზიის დიაგნოზი აქვს და ფეხით გადაადგილება ამხელა გზაზეა არ შეუძლია. სკოლაში განცხადება დაწერილი მაქვს და იციან, რომ ჩემს შვილს ტრანსპორტი სჭირდება სკოლაში მისასვლელად. თუმცა, ამდენი ხანია სწავლა დაიწყო და ჩემი შვილები ჯერ სკოლაში არ წასულან.

მეორე ბავშვი მე-3 კლასშია და ისიც ვერ დადის სკოლაში უტრანსპორტობის გამო“, – ამბობს ლერი მალაყმაძე „ბათუმელებთან“.

ბავშვები სოფელ სამებაში ცხოვრობენ, სკოლა კი სალიბაურშია.

„მითხრეს, მძღოლებს გაფიცვა აქვთ და ამიტომ არ მოდიანო. მერე თქვეს, ავტობუსი ივლის ცენტრალურ გზაზეო, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაწყობს, რადგან სოფელში ვცხოვრობთ და ბავშვი ცენტრალურ გზამდე ფეხით ვერ ივლის.

სკოლა გვეუბნება დაველოდოთ, მაგრამ რამდენი ხანი უნდა ველოდოთ, მაისამდე? შემდეგ ისედაც დამთავრდება სწავლა. არავინ არაფერს გვეუბნება“, – ამბობს ლერი მალაყმაძე.

სავარაუდოდ, მსგავსი პრობლემაა აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც. დღეს, 23 ინვარს, „ბათუმელებს“ ქედის მუნიციპალიტეტიდან სკოლის ავტობუსების მძღოლები დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მოსწავლეების ტრანსპორტით მომსახურების ტენდერში გამარჯვებული კომპანია მათთან ხელშეკრულებებს ამ დრომდე არ აფორმებს, ხელშეკრულების გარეშე კი მათ მუშაობა არ სურთ.

მძღოლები რამდენიმე სოფელს ემსახურებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ მალაყმაძეების მსგავსად, კიდევ ათეულობით მოსწავლე ვერ დადის სკოლაში.

„მე დაახლოებით 31 ბავშვს ვემსახურებოდი აქამდე და ახლა რამდენი იქნება, არ ვიცი. თუმცა რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, ერთი ბავშვის რომ იყოს მისაყვანი, ვალდებული ვართ მივაკითხოთ“, – გვითხრა ერთ-ერთმა მძღოლმა, კარლო ტაკიძემ.

მისივე თქმით, ის აქამდე ოთხ რეისს ასრულებდა – სვანივრის უბანი, აბუქეთის დაკიდული ხიდი და შემდეგ უკან, სახლში მიჰყავდა მოსწავლეები.

„კომპანიის წარმომადგენელი მესამე თუ მეოთხედ მოვიდა, მაგრამ არ გვეუბნება პირობებს. არც ხელშეკრულება მოაქვს, რომ ვნახოთ, რა პირობებს გვთავაზობს. თებერვლის ბოლომდე ვერ გავაფორმებ ხელშეკრულებებსო და ხელშეკრულების გარეშე როგორ ვიმუშავებ? მით უმეტეს, როცა წინა წლებში არ შეასრულა ამ კომპანიამ პირობა და 280 ლარი დამაკლო ხელფასზე. ახლა კიდევ ზეპირი შეთანხმებით ვეღარ გავალ სამუშაოდ“, – ამბობს კარლო ტაკიძე.

მისი თქმით, სულ ექვსი მძღოლი იყო მსგავს მდგომარეობაში წონიარისში, თუმცა ოთხი ამ დღეებში სამუშაოდ გავიდა.

„რაღაც შეხლა-შემოხლა ყოფილა მძღოლებსა და დამსაქმებელს შორის. არ ვიცი, აიძულეს ის მძღოლები თუ რა მოხდა, მაგრამ მე რომ მსგავსი რაღაც გამიბედონ, პირდაპირ დავრეკავ 112-ში“, – ამბობს კარლო ტაკიძე.

„ბათუმელებს“ კიდევ ერთი მძღოლი ნიკა ბასილაძე ესაუბრა წონიარისიდან.

„არც ხელშეკრულებას გვიფორმებს და არც იმას გვეუბნება, რა თანხას გადაგვიხდის. წინა დამსაქმებელი დღეში 80 ლარს გვიხდიდა ერთ მიმართულებაზე, ეს რას გვიხდის, არ გვეუბნება. ასე ვართ ჰაერში გამოკიდული, არც გვიკავშირდებიან და ვერც ხელშეკრულების გარეშე გავდივართ სამუშაოდ.

როგორც გვითხრეს, ამათ ნაკლებ თანხებში მოუგიათ ტენდერი და ახლა ვეღარ უხდიან მძღოლებს იმდენს, რამდენსაც ითხოვენ“, – ამბობს ნიკა ბასილაძე, რომელიც ათამდე ბავშვს ემსახურებოდა აქამდე.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას „საქართველო 777“ და ჰკითხა, თუ რატომ ვერ ახერხებს კომპანია აღნიშნულ მძღოლებთან ხელშეკრულების გაფორმებას და სამუშაო პირობებზე შეთანხმებას.

კომპანიის წარმომადგენელი გოჩა შავაძე ამბობს, რომ აღნიშნული მძღოლები დღეში 100 ლარს ითხოვენ რეისზე, რის გადახდასაც კომპანია ვერ შეძლებს. შესაბამისად, ისინი შეეცდებიან სხვა მძღოლები მოძებნონ.

„მძღოლი მეუბნება 100 ლარი მომეცი ერთ რეისზეო, რაც შესაძლებელი არ არის და რეალური ღირებულება რაც არის, იმას გადავუხდით.

ჩვენ წონიარისში ავალთ, ხელშეკრულებებს ავიტანთ, ჩვენ პირობებზე რომ წამოვა და რასაც იმუშავებენ, დაერიცხებათ იმ ტარიფით, რაც არის კილომეტრაჟზე გამოყოფილი თანხა“, –  ამბობს გოჩა შავაძე.

მან დასძინა, რომ კომპანია მუშაობს იმაზე, რათა წონიარისში აიყვანონ სხვა მძღოლი. „არ უნდათ – წაბრძანდნენ და სხვა მანქანას მივიყვანთ. თუმცა ეს მძღოლები იძახიან, აქ ვერავინ მოვაო და კანონით, პოლიციით მივა და იმუშავებენ.

ვინც თქვენ გიკავშირდებიან, ეგენი არიან ინტრიგანები“, – ამბობს გოჩა შავაძე.

მას ვუთხარით, რომ მშობლები ელოდებიან პასუხს, როდის წავლენ მათი შვილები სკოლაში და შეუძლია თუ არა დაასახელოს კონკრეტული ვადა, როდის შეძლებენ თუნდაც მალაყმაძეები სკოლაში სიარულს.

„მესმის, რომ ცუდი სიტუაციაა, ერთეულებია ასეთი, მაგრამ ეს სპეციალურად შექმნილი სიტუაციაა იმ კომპანიის, რომელმაც ვერ გაიმარჯვა ტენდერში.

ჩვენ სკოლას ვთხოვეთ, რომ თვის ბოლომდე გვადროვოს, სანამ დავალაგებთ“, – ამბობს გოჩა შავაძე.

ჩვენ ამჯერადაც დავუკავშირდით აჭარის განათლების სამინისტროს და ვკითხეთ, რას აპირებს აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად.

საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტირების კოორდინატორი ჯაბა აბულაძე ამბობს, რომ კვირის ბოლომდე შეეცდებიან არსებული პრობლემა აღმოიფხვრას, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიასთან ხელშეკრულება გადაიხედება.

„როგორც ვიცით, სალიბაურში, წონიარისსა და ქვედა მახუნცეთშია ტრანსპორტირების პრობლემა, მაგრამ ამ კვირის ბოლომდე აღდგება ტრანსპორტირება.

თუ ვერ მოაგვარა კვირის ბოლომდე კომპანიას ეს საკითხი, მაშინ გადავხედავთ ხელშეკრულებას“, – ამბობს ჯაბა აბულაძე.

მას ვკითხეთ, რამდენი ბავშვი ვერ სარგებლობს ამ დრომდე ტრანსპორტით და როგორ აინაზღაურებენ სასწავლო დანაკარგებს ის მოსწავლეები, რომლებიც უტრანსპორტობის გამო ათი დღეა ვერ ესწრებიან სასწავლო პროცესს?

ჯაბა აბულაძის თქმით, ასეთი „დაახლოებით 35-40 ბავშვია“.

„როგორც ვიცი, ესწრებიან სასწავლო პროცესს, მაგრამ ყველა ესწრება თუ არა, ამას ვერ გეტყვით“, – ამბობს ის.

აჭარის სკოლებში მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარია გამოყოფილი. აქედან, ქედაზე გათვალისწინებულია 1 165 715 ლარი.

სატენდერო პირობების მიხედვით, ერთი სამარშრუტო კილომეტრის ფასი 4,74 ლარია.

___

ამავე თემაზე: რატომ ვერ წავიდა ბავშვების ნაწილი სკოლაში – რას ამბობენ მოსწავლეების გადამყვან კომპანიაში

ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან.

მეზღვაურებმა ხმელთაშუა ზღვაში 34 ადამიანი გადაარჩინეს – რას ჰყვება კაპიტანი ვაჟა ჯანგველაძე

ხმელთაშუა ზღვაში ქართველმა მეზღვაურებმა 34 მიგრანტი გადაარჩინეს. შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა. მეზღვაურებთან დაკავშირება „ბათუმელებმა“ დღეს, 23 იანვარს, მოახერხა.

„20 იანვარს, დაახლოებით საღამოს 7 საათისთვის თავისი მორიგეობის დროს, უფროს თანაშემწეს, როდამ ფუტკარაძეს, დაუკავშირდა კუნძულ კრეტას სამაშველო სამსახური და მიაწოდა ინფორმაცია ჩვენი გემის, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი Lider Halil-ის ახლოს იმყოფებოდა მიგრანტების ნავი, რომელზეც დაახლოებით 25 ადამიანი იყო და ითხოვდა შველას.

მე ვარ ამ გემის კაპიტანი. უფროსი თანაშემწე დამიკავშირდა და მომახსენა არსებული სიტუაცია. ამის შემდეგ გამოვაცხადე სრული მობილიზაცია, ჩვენი გემი ჩაერთო სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში. ეს ხდებოდა დაახლოებით საღამოს 8 საათისათვის. სამაშველო სამუშაოები 23 საათამდე გაგრძელდა. შედეგად ზღვიდან უსაფრთხოდ ამოვიყვანეთ და გადავარჩინეთ 34 მიგრანტი,“ – უყვება „ბათუმელებს“ გემ Lider Halil-ის კაპიტანი ვაჟა ჯანგველაძე.

გემის კაპიტანი ეკიპაჟთან ერთად

კაპიტან ვაჟა ჯანგველაძის თქმით, მიგრანტებმა ზღვაში სამი დღე და ღამე გაატარეს. იყვნენ პანიკაში, შეშინებულები.

„ნავზე იყვნენ მხოლოდ კაცები – პაკისტანიდან, სირიიდან და ეგვიპტიდან. როგორც მიგრანტები მოგვიყვნენ, დამსაქმებელმა ისინი მოტყუებით ჩაიყვანა ლიბიაში, დასაქმების დაპირებით და ლიბიიდან ევროპის ქვეყნებში გადაყვანის პირობით. თუმცა მოატყუა. მიგრანტები ერთი წლის განმავლობაში ლიბიაში გაუსაძლის მდგომარეობაში ცხოვრობდნენ.

შემდეგ რაღაცნაირად შეძლეს რეზინის ნავის შოვნა და ამით დატოვეს ლიბია. სამი დღე-ღამე იმყოფებოდნენ ზღვაში“, – უთხრა „ბათუმელებს“ ვაჟა ჯანგველაძემ.

გემის კაპიტანმა და ეკიპაჟის წევრებმა მიგრანტებს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. მეორე დღეს, 21 იანვარს კი გემის კაპიტანმა ყველა მიგრანტი კუნძულ კრეტის სამაშველო სამსახურს გადასცა.

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის Lider Halil-ის ეკიპაჟის 14 წევრიდან სამი ქართველი მეზღვაურია: კაპიტანი ვაჟა ჯანგველაძე, უფროსი თანაშემწე როდამ ფუტკარაძე და მეორე მექანიკოსი ჯივან გურგენიძე.

ყოროლისწყლის კალაპოტში კოტეჯების დასაცავად კომპანია ჯებირის აშენებას გეგმავს

ხელვაჩაურის სოფელ ორთაბათუმში, მდინარე ყოროლისწყლის კალაპოტში აშენებული კოტეჯების წყალდიდობისგან დასაცავად 216 მეტრი სიგრძის ნაპირდამცავი ნაგებობის მოწყობაა დაგეგმილი.

დაახლოებით სამი თვის წინ ადიდებულმა მდინარემ ამ კოტეჯებს სერიოზული საფრთხე შეუქმნა.

ნაპირდამცავი ნაგებობის აშენებას აქ შპს „ზულუ ვი აი პი ბლუმუნი“ გეგმავს, რომელმაც გარემოს ეროვნულ სააგენტოს სკრინინგის განცხადებით უკვე მიმართა. სკრინინგის პროცედურით სააგენტომ უნდა გადაწყვიტოს საჭირო იქნება თუ არა გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ს] დოკუმენტის მომზადება დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინფორმაციით, საზოგადოების მხრიდან სააგენტოში შენიშვნების წარდგენის ბოლო ვადა 2024 წლის პირველი თებერვალია. თუმცა, კონკრეტულად რა სამუშაოების ჩატარებას გეგმავს კომპანია ცენტრის სპეციალურ პორტალზე შესაბამისი დოკუმენტი ამ დროისთვის არ არის ხელმისაწვდომი.

„დაგეგმილია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მახინჯაურის რაიონში, სოფ. აგარას და ორთაბათუმის მიმდებარედ, მდინარე ყოროლისწყალის მარჯვენა ნაპირზე, ტურისტული დანიშნულების საცხოვრებელი კოტეჯების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, 216 მ-ის სიგრძის ნაპირდამცავი ნაგებობის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტის განხორციელება.

ნაპირდამცავი ნაგებობის [საყრდენი კედლის] მოწყობა დაგეგმილია შპს „ზულუ ვი აი პი ბლუმუნ“-ის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ჯამური ფართობით 4 240 მეტრი.

… „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მიხედვით პროექტი ექვემდებარება ამავე კოდექსისით განსაზღვრული სკრინინგის პროცედურის გავლას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე წარმოგიდგენთ ნაპირდამცავი ნაგებობის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკრინინგის ანგარიშს. გთხოვთ, განიხილოთ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და გასცეთ სკრინინგის გადაწყვეტილება“ – ვკითხულობთ შპს „ზულუ ვი აი პი ბლუმუნის“ განცხადებაში, რომელიც გარემოს ეროვნულ სააგენტოშია გაგზავნილი. ეს წერილი 2024 წლის 11 იანვრითაა დათარიღებული.

წერილში აღნიშნული ნაკვეთი, რომელიც კომპანიის საკუთრებაშია, მთლიანად სერვიტუტითაა [სხვისი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების გამოყენება იმგვარად, რომ პირს უფლება მიეცეს ისარგებლოს ამ ნაკვეთით, ან აკრძალოს ამ ნაკვეთზე მესაკუთრის მიერ ზოგიერთი მოქმედების განხორციელება] დატვირთული მის მიმდებარედ აშენებულ კოტეჯებთან მისასვლელად. ეს კოტეჯები კი სხვადასხვა მოქალაქეებზეა გასხვისებული.

საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერის თანახმად, შპს „ზულუ ვი აი პი ბლუმუნის“ დირექტორი და მესაკუთრე ისრაელის მოქალაქე ზულუ მაზალ იეროშალმია. კომპანია 2021 წლის ივნისშია დარეგისტრირებული.

მდინარე ყოროლისწყლის კალაპოტთან მდებარე მიწის ნაკვეთი ქონების ეროვნულმა სააგენტომ უპირობო აუქციონის წესით 2021 წელს გაყიდა.

მდინარე ყოროლისწყალი კი, 2023 წლის 3 ოქტომბერს ისე ადიდდა, რომ კოტეჯებს საფრთხე შეუქმნა.

2023 წლის ოქტომბერში, მდინარის ადიდებამდე დაახლოებით სამი თვის წინ კი, „ბათუმელები“ წერდა, რომ პერიოდულად, როცა მდინარე დიდდება, ამ ადგილს, სადაც კოტეჯებია აშენებული, წყალი ფარავს.

ამ თემაზე:

_____________

ფოტოზე: ფოტოზე: ადიდებული მდინარე ორთაბათუმში. კადრი ვიდეომასალიდან

რუსეთიდან ჩვენი არქივების სერვერებს უტევენ – „სოვლაბი“

საბჭოთა კვლევის ლაბორატორია [„სოვლაბი“] წერს, რომ უკანასკნელი კვირების განმავლობაში „ქართული ოცნება“ პროპაგანდისტულ კამპანიას აწარმოებს მათ წინააღმდეგ.

„ამის  პარალელურად, ორგანიზაციის ვებრესურსები რუსეთის მხრიდან კოორდინირებული შეტევის სამიზნეა“.

სოვლაბის განცხადებით, მათი საზოგადოებრივი არქივის ვებგვერდის (archive.ge) სერვერზე მიმდინარეობს DDoS (distributed denial-of-service) შეტევები, რომლის მიზანია, დააზიანოს სერვერის გამართული მუშაობა.

„ბოლო დღეებია, შეტევის ინტენსივობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, განსაკუთრებით რუსეთიდან. საიტზე შესვლის მცდელობის ინტენსივობა დღეში 700 000-ს აჭარბებს. ორგანიზაციის ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფი ახერხებს შეტევის განეიტრალებას, თუმცა რიგ შემთხვევებში ვებგვერდი შეფერხებით ფუნქციონირებს.

DDoS (distributed denial-of-service) შეტევის დროს თავდამსხმელი გზავნის ათასობით ყალბ მოთხოვნას, რათა გადააჭარბოს სიჩქარეს, გადაავსოს სერვერის რესურსები და გადატვირთოს სისტემა. ამ შემთხვევაში მოქმედი მოთხოვნების დამუშავება ძალიან ნელდება ან საერთოდ არ მუშავდება“ – აცხადებს სოვლაბი.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „სოვლაბი“ ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენია მატრონას ხატთან დაკავშირებული განცხადებების დროს.

სოვლაბი საპატრიარქოს მოუწოდებს, გაიტანოს ხატი სტალინის გამოსახულებით სამებიდან

პაპუაშვილის თქმით, მატრონას ხატთან დაკავშირებული ისტერია „სოვლაბმა“ წამოიწყო.

ბოლოდროინდელი „ისტერია“ შობის წინ „სოვლაბმა“ და გიორგი კანდელაკმა წამოიწყესო – განაცხადა 21 იანვარს შალვა პაპუაშვილმა.

სოვლაბის სერვერებს რუსეთიდან უტევენ

გარჩევა და მუქარა – ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და იმერეთში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 5 პირი დააკავეს მოსამართლის განჩინების საფუძველზე.

„ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და ჯგუფური გამოძალვის თანამონაწილეობისთვის დაკავებული არიან: 1978 წელს დაბადებული დ.ქ., 1961 წელს დაბადებული ი.ხ. და წარსულში ნასამართლევები – 1977 წელს დაბადებული ა.ბ., 1973 წელს დაბადებული მ.ბ. და 1978 წელს დაბადებული პ.კ.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში.

„სამართალდამცველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთი დაკავებული დ.ქ.-ს მიმართვის საფუძველზე, მასსა და მოქალაქეს შორის არსებული ფინანსური დავის მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული გარჩევა მოაწყვეს, რომლებსაც მოდავე მხარეებიც ესწრებოდნენ.

ბრალდებულებმა ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად მოწყობილ შეკრებაზე, მოდავე მხარეს მეორის სასარგებლოდ, განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს. წინააღმდეგ შემთხვევაში პირადი ანგარიშსწორებით დაემუქრნენ“ – წერს შსს.

გამოძიება მიმდინარეობს „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, “ქურდული სამყაროს” წევრისადმი მიმართვის, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და ჯგუფურ გამოძალვაში თანამონაწილეობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა , 223-ე მე-2 პრიმა, 223-ე მე-3 პრიმა, 223-ე მე-4 პრიმა, 181-ე და 25-181-ე მუხლებით.

დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კაცი 13 წლის მოზარდს ინტიმური ფოტოების გადაღებას აიძულებდა – მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

სპეციალური საგამოძიებო სამსახური არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების და პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის ფაქტებზე ავრცელებს ინფორმაციას.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, არასრულწლოვანი გოგონას პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, 2000 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2023 წლის სექტემბერში სოციალური ქსელით 13 წლის გოგო გაიცნო, რომელსაც facebook-ით საუბრისას, შიშველი სხეულის ამსახველ ფოტო/ვიდეო კადრების გადაღება და გაგზავნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლასთან დახვედრით და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.

შეშინებულმა არასრულწლოვანმა ზემოაღნიშნულ პირს ინტიმური შინაარსის შემცველი სხეულის ფოტო და ვიდეო კადრები გადაუგზავნა. ამის შემდეგ კი ბრალდებულმა არასრულწლოვანს აღნიშნული კადრების დედასთან და ახლობლებთან გავრცელების მუქარით, დამატებით ფოტო და ვიდეომასალის გადაგზავნა აიძულა.

მას შემდეგ, რაც მომხდარი ფაქტის შესახებ 13 წლის არასრულწლოვანის დედამ შეიტყო, მან დასახმარებლად და დანაშაულზე რეაგირებისთვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებული იქნა ბრალდებული გ.ბ., რომლის პირადი ჩხრეკისას, მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა არასრულწლოვანის ინტიმური შინაარსის ფოტო/ვიდეო მასალა.

საქართველოს პროკურატურამ მას ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედებისთვის წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

  • დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სამართალდამცავებმა პირადი ცხოვრების ხელყოფის კიდევ ერთი ფაქტი გახსნეს და 1987 წელს დაბადებული ო.ა. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა, 1987 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა ო. ა.-მა, ყოფილ მეუღლეს მობილური ტელეფონი წაართვა და საკუთარ მობილურ ტელეფონში დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოები გადაიტანა.

აღნიშნულის შემდეგ, ყოფილ მეუღლესთან უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით ინტიმური შინაარსის ფოტოები დაზარალებულის ნათესავებს ვათსაფის საშუალებით გადაუგზავნა.

საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული ო.ა. დააკავა და მას ბრალდება გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა.

  • დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ნებისმიერ დაზარალებულ პირს შეუძლია დააფიქსიროს შეტყობინება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზზე: #199 ან მიმართოს სამსახურის ოფისებს მთელი საქართველოს მასშტაბით შემდეგ მისამართებზე: ქალაქი თბილისი, მიხეილ ასათიანის ქ. N9. ქალაქი ქუთაისი (მის: ი. აბაშიძის გამზირი N 22), ქალაქი ბათუმი (მის: გ. მაზნიაშვილის ქ N 54), ქალაქი ზუგდიდი (მის: კოსტავას ქ. N 58) და ქალაქი თელავი (მის: ერეკლე II-ის გამზირი, №16).

______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 იანვრის 21 საათიდან 24 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი
    ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო
    ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით აჭარაში 25-26 იანვარს მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.

ბათუმში 564 მძღოლი დააჯარიმეს ავტომანქანის მავნე გამონაბოლქვის გამო

2023 წლის 4 სექტემბრიდან 2024 წლის 23 იანვრამდე, საქართველოში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის 3243 პირი დააჯარიმეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ახორციელებს.

დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი – 1502 ჯარიმა დაწერეს თბილისში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების/მფლობელების სახელზე; 707 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 564 – ბათუმში, 470 კი – ქალაქ რუსთავში.

3243 საჯარიმო ქვითრიდან 2785 ქვითარი ფიზიკური პირის სახელზე დაიწერა; 458 შემთხვევაში კი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.

1893 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 1164 – მიკროავტობუსის, 185 – სატვირთო ავტომობილის, 1 კი – ავტობუსის მძღოლის სახელზე.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე – 300 ლარი, მესამე ჯერზე – 600 ლარი.

იურიდიული პირის შემთხვევაში ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.

კანონი საქართველოში 2023 წლის 4 სექტემბრიდან ამოქმედდა.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 23 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 23 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 377 820 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +960]
  • ტანკი – 6 214 ერთეული [+22]
  • ჯავშანტექნიკა – 11 548 ერთეული [+59]
  • საარტილერიო სისტემა – 8 947 ერთეული [+51]
  • MLRS – 970 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 657 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 331 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 961 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 820 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 11 956 ერთეული [+65]
  • სპეცტექნიკა – 1 409 ერთეული [+12]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 23 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 568 თვითმფრინავი
  • 265 ვერტმფრენი
  • 11 089 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 451 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 743 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 205 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 830 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 17 751 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

 

 

„ჩვენ არ გვხედავენ და ჩვენი არ ესმით“ – ახალგაზრდა ხელოვანები ბათუმიდან

„ჩვენ არ გვხედავენ და ჩვენი არ ესმით“, – ასე პასუხობს დიზაინერი თამარ ორაგველიძე კითხვას ხელოვანების პროტესტზე, რასაც ბოლო დროს ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ. ეს პროტესტი ბევრ მათგანს სამსახურის ფასადაც კი დაუჯდა, ისინი დაითხოვეს. ზოგმა მათგანმა სასამართლოში იჩივლა და მოუგო კულტურის სამინისტროს.

თამარი დიზაინერია, თბილისის სამხატვრო აკადემიაში ტექსტილისა და ინტერიერის დიზაინი შეისწავლა. პარალელურად ხატავს და ძერწავს, თიხაზე მუშაობს, ასწავლის.

მისი კოლეგა გვანცა ჯინჭარაშვილი კი ამბობს, რომ ხელოვანს ხმამაღალი პროტესტი არ სჭირდება, რადგან მას სხვა საშუალება აქვს თავისი სათქმელის გამოსახატად, საზოგადოებისთვის ხმის მისაწვდენად: „შეიძლება გამოფენა მოაწყოს და ამ გამოფენამ თქვას ყველაფერი“.

გვანცაც დიზაინერია და ხელოვნების პედაგოგი.

თამარს და გვანცას ბათუმში, ერთ-ერთ ისტორიულ სახლზე საახალწლო დემონტაჟის სამუშაოების შესრულებისას შევხვდით. „ისტორიული სახლია და დეკორაციის დემონტაჟის შემდეგ მისთვის პირვანდელი სახე და ფერი უნდა დაგვებრუნებინა“, – გვიყვება გვანცა.

თამარი ბევრი სახელოვნებო პროექტის თანაავტორი და მონაწილეა. ბევრ იდეას „შეასხა ფრთები,“ თუმცა არის ისეთებიც, რომლებიც ჯერ ისევ იდეებად დარჩა. გული დასწყდა, როცა ქალაქის ხელმძღვანელებისგან მხარდაჭერა ვერ მიიღო, როცა მეგობრებთან ერთად საინტერესო პროექტის განხორციელება სურდა.

„იყო ერთი პროექტი, როცა დამჭირდა ჩემი ქალაქის დახმარება, ასე ვთქვათ, გვერდში დგომა უფრო. გული დამწყდა იმიტომ, რომ მე არ მაქვს პრეტენზია მოვიდე რაღაც სკამზე. თუმცა, თუ ვინმე გამოჩნდება, ვინც შეძლებს ჩემ დახმარებას, უამრავ რაღაცაში ჩავერთვები იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში არ გისმენენ, არავინ არ გიშვებს არსად.

თამარ ორაგველიძე – დიზაინერი

უამრავი იდეაა, მაგალითად, როგორ მოეწყოს დღესასწაული. გავიგეთ, ატრაქციონები ბავშვებისთვის, მაგრამ როგორ გითხრათ, ჩემი შვილი აღარ დამყვება უკვე, აღარ აინტერესებს. თუნდაც კონცერტი ცოტა სხვანაირად შეიფუთოს, სხვა პროგრამა იყოს.

რაც შეეხება ვიზუალს, გავიგეთ ეს მწვადი, ღვინო, ყველი, ჩურჩხელა, მაგრამ ეს ყველაფერი… მე ვყოფილვარ ევროპაში ახალ წელზე, სხვა დღესასწაულებზეც და სახლში შესვლა არ მინდოდა. ვერ ვხდებოდი, რომელ კუთხეში გავჩერებულიყავი, რადგან ყველაფერს აკეთებდნენ ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ ეს როგორ უნდა გაეკეთებინათ, ეს იგრძნობოდა ხალხშიც და გარემოშიც. აქაც შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ“.

თამარი ამბობს, რომ ის და მისი მეგობრები მზად არიან თავიანთი შესაძლებლობები ქალაქს შესთავაზონ, ამისთვის კი ისინი ვინმემ უნდა დაინახოს.

„კარგი გუნდი მყავს, ყველა ხელოვანია, კარგი ხედვები აქვთ, ყველას უნდა რაღაც გააკეთოს ამ ქალაქში, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ჩვენ არავინ გვიკაკუნებს. დიდი სიამოვნებით ჩავერთვებოდით, თუნდაც ფესტივალების გაფორმებაში, ქალაქის მოწყობაში. არაფერი ხდება საინტერესო და სამწუხაროდ, ისევ შიდა სივრცეებში გვარდება ეს ამბები, ჩვენამდე არ მოდის. თუ დაგვინახავენ, დავიხარჯებით სწორად და მეორეცაა – ჩვენც ვვითარდებით ასე. თუმცა ჯერჯერობით სიჩუმეა“, – გვიყვება თამარ ორაგველიძე.

თამარი თავისი დროის დიდ ნაწილს სახელოსნოში ატარებს, რომელიც მეუღლესთან ერთად შექმნა. ამბობს, რომ ეს ერთგვარი თერაპიის ადგილია, როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის:

„სულ მინდოდა მქონოდა სახელოსნო, უფრო ბავშვებისთვის, გარემოებიდან გამომდინარე. ბავშვებს არ აქვთ სივრცეები, სადაც თავისუფლად იმუშავებენ და შეისწავლიან ხელსაქმეს. მე, პირადად, ხელსაქმემ გადამარჩინა. დამოკიდებულები არიან ტელეფონებზე, კომპიუტერებზე, საერთოდ მოწყვეტილები არიან სოციუმს. აქ აქვთ საშუალება, რომ თავისუფლად შექმნან რაც უნდათ, ჩვენ ვეხმარებით ტექნიკურ ნაწილში და გვიყვარს მათთან კომუნიკაცია, ბევრ ინსპირაციას გვაძლევენ. რაც შეეხება დიდებს, მათაც ბევრი რუტინა აქვთ… აქ მოდიან, სწავლობენ, ჰობის სახით, ზოგს ბიზნესიდეაც უჩნდება, ჩვენ ღია ვართ ყველასთვის.“

„ჩვენ არ გვხედავენ და ჩვენი არ ესმით“ - ახალგაზრდა ხელოვანები ბათუმიდან

თამარი მხოლოდ ნაწილობრივ ეთანხმება მათ, ვინც ამბობს, რომ არასაკურორტო სეზონზე, განსაკუთრებით ზამთარში „ბათუმი კვდება“, არაფერი ხდება საინტერესო და ქალაქი მორიგი სეზონის მოლოდინით ცხოვრობს.

„ზაფხული უფრო აქტიურია, ისევე, როგორც ყველგან, მაგრამ, ჩვენ ყოველთვის ვპოულობთ საქმეს. ბოლო ორი წელია გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც უნდათ რაღაცების შექმნა, შეკვეთებსაც გვაწვდიან. ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, ვისაც დავაინტერესებთ, ახლა ვამჩნევთ, რომ ჩნდება ეს ინტერესი, ისეთი არა როგორიც საკურორტო სეზონის დროს, მაგრამ უნდათ დეკორაციები, უნდათ კორპორატიულად იმუშაონ, ერთად გაატარონ დრო. გარდა იმისა, რომ ვასწავლით, სასიამოვნო მუსიკას და შესაბამის გარემოს ვახვედრებთ“.

თამარი აქტიურად მონაწილეობდა თანაქალაქელების პროტესტში ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ისტორიული შენობების დასაცავად:

„ძალიან მიყვარს ეს ქალაქი და ვხედავ როგორ მახინჯდება. ეს ძალიან მაწუხებს. დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ვინმეს მრჩეველი და არ გავაკეთებინებდი ძალიან ბევრ რამეს. თუმცა, სამწუხაროდ, ამ რეალობაში ვცხოვრობთ. იმისთვის, რომ დავიცვა ჩვენი ქალაქი, რომელიც სამწუხაროდ აღარ მომწონს, ყოველთვის დავესწრები პროტესტს, როგორც შევძლებ. აქედან წასვლა და გაქცევა არ მინდა. მინდა მივუკაკუნო ამ ხალხს, რომ გამოიხედონ და დაგვინახონ“.

გვანცა ჯინჭარაშვილსაც სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული, მოდის დიზაინის განხრით. გვანცას სახელოსნოში მუშაობის გარდა სკოლაშიც ასწავლის, ხელოვნების პედაგოგია. გვიყვება, რომ თამარის და მისი გზები ერთ-ერთი პროექტის შესრულებისას გადაიკვეთა და ახლა საერთო გეგმებიც აქვთ. ასეთი პროექტი იყო ისტორიული შენობის საახალწლოდ გაფორმება, შემდეგ კი დეკორაციის დემონტაჟი.

ხელოვანების პროტესტზე გვანცას განსხვავებული მოსაზრებები აქვს. ის მიიჩნევს, რომ პროტესტის გამოხატვა სიჩუმითაც შეიძლება:

„ხელოვანებს არ უყვართ ბევრი ლაპარაკი, გამოსვლები არ უყვართ. ხელოვანები თავის სათქმელს გამოხატავენ ტილოებით, ნამუშევრებით, მათ მიერ პროტესტის გამოხატავს ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება, შეიძლება გამოფენა გააკეთონ ისეთი, რომ პროტესტი იკითხებოდეს“.

გვანცა ჯინჭარაშვილი – დიზაინერი

გვანცა ახალგაზრდებისთვის განვითარების, სწავლის გაგრძელების შესაძლებლობაში ხელშეწყობის საჭიროებებზე ამახვილებს ყურადღებას:

„ახალ თაობას სჭირდება ხელის შეწყობა, გზის გაკვლევა. ხელის შეწყობა არის ერთ-ერთი წინაპირობა იმისთვის, რომ ახალგაზრდა ადამიანს, დამწყებს მოუნდეს, თუნდაც ქვეყნის მასშტაბით გაცოცხლება. თუ ეს ვერ დავინახეთ, ან მე ან ჩემმა თანატოლმა ხელოვანებმა, რა თქმა უნდა სურვილი გვექნება, რომ ქვეყნის ფარგლებს გავცდეთ. სამწუხაროდ, მქონია ასეთი შემთხვევები, როდესაც შემოსავლები ვერ მიმიღია ჩემი პროფესიით და კონსულტანტად მიმუშავია, ღამეები მითენებია იმისთვის, რომ დამოუკიდებელი ვყოფილიყავი. ეს კარგია, რაღაცას სწავლობ, გამოცდილებას იღებ… უკეთესი იქნება, თუ უკეთეს საქართველოში ვიცხოვრებთ.

დავამთავრე ბაკალავრიატი, მაგრამ არის მაგისტრატურაც, ბევრი რაღაც შეიცვალა სამხატვრო აკადემიაში… ერთ ადგილას ვარ. განათლების მიღება კიდევ შეიძლება, მაგრამ წამახალისებელი რაღაცებიც უნდა არსებობდეს. რა თქმა უნდა სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი იმას, ვისაც ამის ფინანსები არ გააჩნია, თუნდაც სტუდენტს“.

ვხედავ ბეტონის ჯუნგლებს, პირდაპირი მნიშვნელობით. კარგს ვერ ვიტყვი. რაღაცებზე უნდა დავფიქრდეთ ადამიანები, ალბათ მალე მზა ვეღარ შემოგვანათებს სახლებში ამხელა ცათამბჯენების გადამკიდე, ალბათ მართლა აღარ იარსებებს ის ძველი კულტურული ძეგლები, რასაც დღეს ვუყურებთ, ჩვენმა შვილებმა შეიძლება ვერც ნახონ, იმიტომ, რომ აღარ მოსწონთ სამშენებლო კომპანიებს დაბალი შენობები, ულამაზესი კარით, გაფორმებით, სადარბაზოებით. დიდი სურვილი მაქვს, შეჩერდეს ეს ყველაფერი – აღარ იყოს მინის და ბეტონის ჯუნგლები.

ამის შესახებ ბათუმში, თუნდაც თბილისში ძალიან ბევრი პროტესტი იყო. საზოგადოებას ვეტყოდი, რომ მაგრამ უნდა შეგვეძლოს პირდაპირი გამოხატვა იმ პროტესტის, რისი დაცვაც გვინდა. აუცილებელია ამის შენახვა, აუცილებელია ჩვენი კულტურული ძეგლების დაცვა, გავიხედოთ საზღვარგარეთ – უძველესი ქალაქები არსებობს დღემდე, ისევ ისეა შენახული და რესტავრირებული.

უნდა დავიცვათ ჩვენი კულტურა იმისთვის, რომ მომავალ თაობას დავუტოვოთ ისტორია, ის, რაც არსებობს“.

დოკუმენტური კინო სკოლაში – „სინედოკბათუმის“ დამფუძნებელი პედაგოგი დანიაში გაემგზავრება

საქართველოდან CinéDOC-ში ჩართული რვა მასწავლებელი გაზაფხულზე ორ საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე გაემგზავრება.

მათ შორისაა, ბათუმის მესამე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრი მაია მენაბდეც, რომელიც თავის კოლეგასთან, მეგი კურტანიძესთან ერთად დანიაში, CPH:DOX-საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე დაგეგმილ ახალგაზრდულ ჩვენებებში მიიღებენ მონაწილეობას.

CPH:DOX მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კინოფესტივალია.

ხოლო ექვსი პედაგოგი – ლელა წურწუმია, სოფო გოგოხია, შუშანა ტარიელაძე, ია ძირკვაძე, ელისო ვადაქარია და ანა კინწურაშვილი შვედეთში, კერძოდ მალმოში მიიღებენ მონაწილეობას ბავშვებისა და მოზარდების ფილმების ფესტივალზე (BUFF), რომელიც 1984 წლიდან არსებობს და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალია ბავშვებისა და მოზარდებისთვის შექმნილი ფილმებისთვის.

„ბათუმელები“ მაია მენაბდე ესაუბრა ამ თემაზე და ჰკითხა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დოკუმენტური კინოს შემოტანა როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ განათლებაში და რამდენად დიდ ინტერესს იწვევს ეს მოზარდებში.

CinéDOC -ი არის ორგანიზაცია, რომელიც წლებია ატარებს საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალს და ამავე ორგანიზაციამ დააარსა „სინედოკსკოლა“, რომელშიც 2021 წლიდან არიან ჩემი მოსწავლეები ჩართული.

მეც დავაარსე კინოკლუბი „სინედოკბათუმი“ და მის ფარგლებში ძალიან საინტერესო აქტივობებს  ვაკეთებთ.

ზაფხულში „ბიაფთან“ ერთად იყო ასევე დოკუმენტური ფილმების ფესტივალიც, სადაც ასევე ჩართული იყვნენ ჩემი კლუბის წევრები. ბავშვები მონაწილეობდნენ ფილმების შერჩევაში, დისკუსიებში, იყო კონკურსი გახმოვანებაზე და იქაც შეარჩიეს ერთ-ერთი ბავშვი და ეს  გამოცდილება როცა დაგროვდა, ახლა შემოგვთავაზეს მონაწილეობა მივიღოთ დანიაში ძალიან დიდ ფესტივალზე, სადაც შემიძლია ჩვენი გამოცდილება გავუზიარო სხვა პედაგოგებსაც იმის თაობაზე, თუ როგორ გამოვიყენოთ დოკუმენტური ფილმები სასწავლო პროცესში“-ამბობს მაია მენაბდე.

რა იყო ის თემები, რასაც მიაქციეს ბავშვებმა ყურადღება დოკუმენტური ფილმების ნახვის შემდეგ და რა შეცვალა ბავშვებში ამ ინფორმაციის მიღებამ? – ვკითხეთ მაია მენაბდეს.

მისი თქმით, ფესტივალზე ბავშვებმა ნახეს მაგალითად ფილმი „აღდგომა“, რომელიც თანამედროვე სტალინისტებს ეხება.

„ისე საინტერესოდ იყო დანახული ეს თემა,  ისეთი მოულოდნელიც იყო ბავშვებისთვის, თან უცნაური და თან გასაგებიც, თუ როგორ შეიძლება დააბრმაოს ადამიანი რაღაცის გაფეტიშებამ.

ზოგჯერ ვერც კი წარმოიდგენ, რომ შეიძლება ასეთი ადამიანები კიდევ არსებობდნენ. თუნდაც ისეთი ადამიანები, რომლებიც დღესაც კი თვლიან, რომ აუცილებლად უნდა იდგეს სტალინის ძეგლი მაგალითად გორში.

ასევე, ბავშვებმა ნახეს ანა ძიაპშიპას ფილმი აფხაზეთთან დაკავშირებით, რომელიც გვიყვება იმაზე, როგორ ბრუნდება ის თავის სახლში აფხაზეთში. ხედავ როგორი წარმოუდგენელია გადაკვეთო „საზღვარი“ და დაბრუნდე იქ, სადაც არც კი იცი, რა დაგხვდება.

ჩვენ, უფროს თაობას ჯერ კიდევ გვახსოვს რაღაც, მაგრამ თანამედროვე ახალგაზრდებისთვის სრულიად უცხოა აფხაზეთის თემატიკა. ამიტომ ბავშვებისთვის ეს ფილმიც ძალიან საინტერესო იყო“-ამბობს მაია მენაბდე.

მისი თქმით, „სინედოკზე“ საგანგებოდ არჩევენ ფილმებს მოზარდებისთვის, სადაც გათვალისწინებულია ბავშვების ასაკი და მათი ინტერესის სფეროებიც.

„ამ პლატფორმაზე განთავსებული ფილმები ბევრ თემას ეხება. მათ შორის უმცირესობების საკითხებს, დისკრიმინაციას, ემიგრაციას, ომს, წარსულის გადაფასებას და ასე შემდეგ. არსებობს ისეთი ფილმებიც, რომელიც უშუალოდ დოკუმენტური ფილმების გადაღების პროცესს ასახავს და საინტერესოა ბავშვებისთვის.

პლატფორმაზე განთავსებულია როგორც ქართველი, ასევე უცხოელი რეჟისორების ფილმები“-გვეუბნება მაია.

ის ამბობს, რომ ცდილობს დააკვირდეს საგაკვეთილო პროცესში რა საკითხები იწვევს ბავშვების ინტერესებს, რაზე იწყებენ ისინი მსჯელობას და დოკუმენტურ ფილმებსაც ამ ინტერესების მიხედვით ურჩევს მათ.

ანა დევაძე, ელენე თედორაძე და ნინო ანთიძე – „სინედოკ ბათუმის“ წევრი მოსწავლეები, ბათუმის მე-3 საჯარო სკოლა.

„სინედოკბათუმის“ წევრია მე-11 კლასელი ელენე თედორაძე, რომელიც ბავშვებისთვის განკუთვნილ კონკურსში მონაწილეობს. კონკურსი ითვალისწინებს შერჩეული ბავშვებისთვის დოკუმენტური კინოს შექმნის პროცესის სწავლებას.

ბავშვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან არიან შერჩეული. ელენე ლექციებს ონლაინ დაესწრება. კურსის დასრულების შემდეგ კი მან პროექტის ფარგლებში უნდა გადაიღოს დოკუმენტური ფილმი.

„გვასწავლიან რა, როგორ უნდა გადავიღოთ, რა არის კადრი, როგორ უნდა დავწეროთ სცენარი და ასე შემდეგ. საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ ძალიან ბევრ ადამიანს გაიცნობ სხვადასხვა ქვეყნებიდან და თავად პროცესიც ძალიან საინტერესოა“-ამბობს ელენე.

ერთ-ერთი ფილმი რომელსაც გამოარჩევს, მასწავლებლის შესახებაა. მომავალში მასწავლებლობას ვაპირებ, ამიტომ ჩემთვის ძალიან საინტერესო იყოო, – გვეუბნება ელენე.

ანა დევაძეც – CinéDOC-ის კლუბის წევრია.

„ჩემთვის ახალი გამოცდილება იყო ეს კლუბი, ბევრი რამ აღმომაჩენინა, რადგან დოკუმენტური კინოს მიმართ გარკვეული სტერეოტიპები არსებობს, რომ თითქოს „მოსაწყენია“, „ერთფეროვანია“ და ასე შემდეგ, თუმცა ამ კლუბმა, ძალიან ბევრ ბავშვს, მათ შორის მეც მაჩვენა, რომ დოკუმენტური ფილმი სინამდვილეში ძალიან ლამაზიცაა, განსხვავებულიც, ფერადოვანიც და ბევრი რამის გადმოცემა შეუძლია, ისევე, როგორც მხატვრულ კინოს.

მეც მქონდა შესაძლებლობა ვორქშოპებში მიმეღო მონაწილეობა და უფრო ახლოს გავცნობოდი კინოს სპეციფიკას“-გვეუბნება ანა.

„მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბის“ ფარგლებში, ანამ 2022 წელს  ლიტერატურულ ბანაკში ახლოს გაიცნო „სინედოკის“ ერთ-ერთი რეჟისორიც, რომელმაც ბავშვებს მასტერკლასები ჩაუტარა.

„პატარა დოკუმენტური ფილმიც გადავიღეთ, რომელიც ეხებოდა ხანდაზმული ადამიანების შრომას.

გადავიღეთ პლაჟზე მომუშავე ხანდაზმულები, რომლებსაც სიცხეში, მძიმე პირობებში უწევთ შრომა.

მახსოვს ერთი ქალი, რომელიც თაკარა მზეში იმისთვის მუშაობდა რომ შვილის სწავლის გადასახადი გადაეხადა. ამან ჩვენზე ძალიან იმოქმედა, რადგან აქამდე არასდროს დავფიქრებულვარ ამ ადამიანების შრომაზე. ამ ფილმზე მუშაობისას კი ახლოს დავინახეთ ხანდაზმული ადამიანების შრომა, რომლებიც იბრძვიან საყვარელი ადამიანების ოცნებების ასასრულებლად.

ვნახეთ ერთი ფილმი „კარმა გოგო“, სადაც ნაჩვენები იყო თუ როგორია განსხვავებული კულტურების პირობებში მოზარდების ცხოვრება.

ფილმი მოგვითხრობდა 11 წლის ჰანინზე, რომელიც მიანმარის პატარა სოფელში, მშობლებთან და და-ძმებთან ერთად ცხოვრობს და გვიყვება იმაზე, როგორ წყვეტენ ხოლმე უფროსები გოგონების ბედს. არ აქვთ არჩევანი მიიღონ განათლება ან იყო ის, ვინც არიან.

მსგავსი ფილმები ძალიან გვეხმარება ბავშვებს, მოზარდებს სხვა თვალით დავინახოთ ესა თუ ის პრობლემა. მაგალითად ის, როგორ ერევიან მშობლები შვილის პროფესიის არჩევანში და სხვა საკითხებში“-გვეუბნება ანა.

მისი თქმით, დოკუმენტურმა ფილმებმა მისი ინტერესი გააღვიძა იმ მოვლენების მიმართ, რომელიც მის ირგვლივ შეიძლება ხდებოდეს, მაგრამ ხშირად ვერ აღიქვამენ ადამიანები სათანადოდ.

„სამომავლოდ, არ ვიცი გამოვალ თუ არა რეჟისორი, მაგრამ ბავშვებისთვის, როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმულ განათლებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს დოკუმენტური კინო. რადგან მხოლოდ ფილმებს კი არ ვუყურებთ, აზრებს ვუზიარებთ ერთმანეთს ბავშვები, ვავლებთ პარალელებს ფილმებსა და წიგნებს შორის, თანამედროვე რეალურ ცხოვრებასთან  და არაერთხელ დაგვაფიქრა ამ ფილმებმა ისეთ პრობლემებზე, რომელიც ჩვენც კი შეგვიძლია რომ აღმოფხვრათ, თუკი მოვინდომებთ.

ასეთი იყო მაგალითად ფილმები შვილიშვილებისა და ბებია-ბაბუების ურთიერთობაზე. რომ ძალიან ცოტა დროს ატარებენ ბოლო დროს შვილიშვილები მათთან და როგორ შეგვიძლია ჩვენ მათი ცხოვრება გავახალისოთ, რადგან ბებია-ბაბუისთვის თურმე ძალიან ბევრს ნიშნავს შვილიშვილი“-გვეუბნება ანა.

ნინო ანთიძეც „სინედოკბათუმის“ კლუბის წევრია. ამბობს, რომ ყველაზე მეტად ის ფილმები აინტერესებს, რომელიც ჩვენს რეალობას ასახავს.

„ასეთი იყო მაგალითად „12 გაკვეთილი“, რომელიც აუტისტური სპექტრის მქონე შვილიშვილის და ბაბუას ურთიერთობას ასახავს. თანაც ეს ფილმი ჩემს სოფელშია გადაღებული და ამ მხრივაც საინტერესოა ჩემთვის.

„სინედოკი“ ჩემთვის გამორჩეულია იმითაც, რომ ბავშვებისთვის იქმნება ისეთი გარემო, სადაც შეგვიძლია განვიხილოთ სხვადასხვა თემები, რომელიც სასკოლო პროგრამაში შეიძლება ვერ ვნახოთ და აფართოებს ჩვენს თვალსაწიერს.

ბავშვთა შრომით ექსპლუატაციაზე ვნახეთ ფილმი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რადგან ნაკლებად გვხვდება მსგავსი თემები სკოლაში“-გვეუბნება ნინო ანთიძე.

„სინედოკბათუმის“ დამფუძნებელი მაია მენაბდე კი დანიაში, დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე 18 მარტს გაემგზავრება.

რატომ არ არის შაკიკი უბრალო თავის ტკივილი – ექიმის რჩევები

შაკიკი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალო თავის ტკივილი. ამ ნევროლოგიურ დაავადებას შეუძლია გამოიწვიოს ქმედუნარიანობის შემზღუდველი პულსირებადი ტკივილი. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ქრონიკული დაავადებაა, შაკიკი საგრძნობლად აუარესებს ცხოვრების ხარისხს.

„ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ნევროლოგი ელგა ჩხენკელი „ბათუმელებთან“ საუბრობს შაკიკის ნაკლებად გავრცელებულ სიმპტომატიკასა და ტკივილის განვითარების მექანიზმზე, თუმცა ამბობს, რომ ზუსტი მიზეზი – თუ რატომ ჩნდება შაკიკი, დღემდე არ არის დადგენილი.

  • ქალბატონო ელგა, რა არის შაკიკი?

შაკიკი არის თავის ტკივილის ყველაზე გავრცელებული ფორმა; ეს არის ქრონიკული თავის ტკივილი, რომლის შეტევასაც სხვადასხვა ფაქტორი/გამღიზიანებელი იწვევს. შაკიკი მკვეთრად აქვეითებს პაციენტის შრომისუნარიანობას, ხდება ისეც, რომ ეს მდგომარეობა აისახება პაციენტის სოციალიზაციაზეც.

საქართველოში ყოველ მეექვსე პაციენტს აწუხებს შაკიკის შეტევა.

შაკიკი მიეკუთვნება ე.წ. პირველადი თავის ტკივილის ფორმას. ეს ნიშნავს, რომ შაკიკის დროს არ გვაქვს თავის ტვინის სტრუქტურული, ორგანული დაზიანება. რადგან არ გვაქვს ორგანული დაზიანება, ასეთ თავის ტკივილს ეწოდება პირველადი. მეორადია, როცა ორგანული პათოლოგია წარმოიქმნება თავის ტვინში და ის იწვევს თავის ტკივილს, როგორც სიმპტომს. 

  • რა არის ცნობილი შაკიკის ტკივილის წარმოქმნის მექანიზმზე?

სამწუხაროდ, დღემდე არ არის ზუსტად დადგენილი რატომ ჩნდება, თუმცა ცნობილია, რომ დიდ როლს თამაშობს გენეტიკური ფაქტორი. 

MayoClinid: შაკიკის თავის ტკივილის მქონე ადამიანთა დაახლოებით 80%-ს ჰყავს ამ დაავადების მქონე პირველი რიგის ნათესავი.

ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, თავის ტვინში წარმოიქმნება გარკვეული აღგზნების ცენტრი/კერა, რომელიც განაპირობებს თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვების გაფართოებას (ადრე არსებობდა წარმოდგენა, რომ ჯერ შევიწროება ხდება და მერე გაფართოება), სისხლძარღვის კედლები ტონუსს კარგავენ, მასში არსებული რეცეპტორები ღიზიანდება და ხდება სისხლძარღვის კედლის გაჯირჯვება, ანუ კედლის გარშემო ქსოვილის შეშუპება, რაც იწვევს ტკივილს.

პარალელურად არსებობს სხვა თეორია, რომ ხდება სეროტონინის ცვლის მოშლა. ეს არის ნეირომედიატორი, ასე ვთქვათ, შუამავალი ნივთიერებაა ტვინში, რომელიც განაპირობებს ჩვენს დადებით გუნება-განწყობას. სეროტონინის ცვლის მოშლაც იწვევს პათოლოგიური პროცესის წარმოქმნას. აქაც, საბოლოო ჯამში, საუბარია არტერიების, სისხლძარღვების შეშუპებაზე, რაც იწვევს ტკივილს.

საუბარია, ძირითადად, საძილე არტერიების (როგორც გარეთა, ისე შიგნითა) ტოტებზე, პაციენტი გრძნობს ტკივილს, რადგან არტერიების მგრძნობელობა მატულობს. 

  • როგორია შაკიკის სიმპტომატიკა?

ამ დაავადებას სპეციფიკური კლინიკა და ძალიან მრავალფეროვანი გამოვლინება აქვს. შეიძლება იყოს კლასიკური, ძალიან ტიპურად მიმდინარე, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ექიმებსაც კი უჭირთ შაკიკის დიაგნოზის დასმა. 

მოდით, კლასიკურ შემთხვევაზე ვილაპარაკოთ:

  • შაკიკს, ძირითადად (მაგრამ არა ყოველთვის), ახასიათებს ჰემიკრანიული ანუ ნახევარი თავის ტკივილი. ხშირად პაციენტები ცვლიან მხარეს, ზოგჯერ მთელი თავი სტკივათ.
  • ძირითადად ტკივილი არის პულსირებადი ხასიათის და ახასიათებს შრომისუნარიანობის დაქვეითება; თავის ტკივილი მინიმუმ 4 საათი გრძელდება, მკურნალობის გარეშე შეიძლება 72 საათიც გაგრძელდეს.
  • ახასიათებს სინათლისა და ხმაურის აუტანლობა, ძალიან ხშირ შემთხვევაში. ახასიათებს გულისრევა და ღებინება. 

შეიძლება ერთ-ერთი სიმპტომი ამოვარდეს.

იმის მიხედვით, სად უფრო ხდება სისხლძარღვის შევიწროება, კლინიკაც არის მრავალფეროვანი. არის შაკიკის რამდენიმე ფორმა:

თვალის ფორმა – ეს არის ოფთალმოლოგიური, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და კლასიკურია (მოიცავს ბრჭყვიალების, ზიგზაგების, შავი ლაქების დანახვას); შეიძლება იყოს ოფთალმოლოგიური შაკიკის კლინიკური გამოვლინება. ერთი თვალის არეში და საფეთქლის გარშემო ვითარდება ტკივილი ძირითადად;

არის შაკიკის რეტინული ფორმა, როდესაც პაციენტი რამდენიმე წამით კარგავს მხედველობას (ნაწილობრივ ან მთლიანად) იმიტომ, რომ სისხლის მიმოქცევა ბადურაში მოიშალა;

არის ოფთალმოპლეგიური ფორმა – როდესაც პაციენტის თვალის ქუთუთო ეშვება ქვემოთ იმიტომ, რომ თვალის მამოძრავებელი ნერვების დამბლა ვთარდდება, (ამ დროს ცუდად ხედავს პაციენტი, აქვს გაორება გამოსახულების);

არის კიდევ აფაზიური ფორმა – როდესაც მეტყველების მოშლა აქვს პაციენტს და შეიძლება (ამ ნიშნით) ჰგავდეს ინსულტს, ოღონდ. საბედნიეროდ, შექცევადია ეს პროცესი.

აშშ-ს თავის ტკივილის ეროვნული ასოციაცია: უმეტეს შემთხვევაში აფაზიის დროს ადამიანს უჭირს მეტყველება. შეიძლება ჰქონდეს პრობლემები სიტყვების გამოხატვაში ან წინადადებების ფორმირებაში. ზოგჯერ შეიძლება იყოს პრობლემები სხვების გაგებაში. 

და არის საკმაოდ რთული ფორმა შაკიკის – ბაზილარული, ასე იმიტომ ჰქვია, რომ ბაზილარულ არტერიებში ხდება სისხლის მიმოქცევის მოშლა. ამ დროს პაციენტს აღენიშნება თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, წონასწორობის დარღვევა. ამ დროსაც შეიძლება მეტყველების მოშლა გვქონდეს, მაგრამ არა აფაზიური.

  •  რა არის აურა?

შაკიკის მქონე ადამიანების დაახლოებით 15-20%-ს აქვს აურა. ეს არის [სენსორული, მოტორული და მეტყველებითი] სიმპტომების ჯგუფი, რომლებიც გვაუწყებენ თავის ტკივილის მოახლოებას. აურა ვითარდება იმიტომ, რომ პრინციპში უკვე იწყება სისხლძარღვების რეგულაციის პრობლემა, რასაც რაღაც ბიოქიმიური საფუძველი უდევს. 

თუ პაციენტი ინფორმირებულია, ამ დროს უნდა მიიღოს ექიმის ინსტრუქტაჟის შესაბამისი დახმარება და ძალიან ადვილად შეიძლება შეტევის კუპირება – შეწყვეტა. 

MayoClinic: აურა ასევე შეიძლება მოიცავდეს შემდეგ სიმპტომებს: ნათელი მოციმციმე წერტილების, ნაპერწკლების ან შუქის დანახვა, ბრმა ლაქები მხედველობაში, დაბუჟება ან ჩხვლეტა კანში, მეტყველების ცვლილებები, ყურებში შუილი, ტალღოვანი ან ზიგზაგი ხაზების დანახვა, სუნის ან გემოს აღქმაში ცვლილებები, მხედველობის დროებითი დაკარგვა. აურა შეიძლება გაგრძელდეს 10-დან 60 წუთამდე.

  • რამ შეიძლება გამოიწვიოს შაკიკის შეტევა?

შაკიკის მაპროვოცირებელი ფაქტორი ყველა ადამიანს ინდივიდუალური აქვს, ზოგთან შესაძლოა ეს იყოს ინტენსიური სუნი (თუნდაც სუნამოს); უძილობა ან პირიქით – ზედმეტი ძილი; ალკოჰოლი, საკვები – მათ შორის ობიანი ყველი, ძეხვი, მარილიანი საკვები და სხვა; ზოგიერთისთვის მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს ხმაური, ჭარბი სინათლე (განსაკუთრებით წყვეტილი, ციმციმა განათება). 

Mayoclinic: თავის ტკივილის ეპიზოდის სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორები შეიძლება იყოს: ჰორმონალური ცვლილებები ქალებში – ესტროგენის რყევები, რაც ხდება მენსტრუალური პერიოდის, ორსულობის და მენოპაუზის დროს; სტრესი; ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა; ამინდის ან ბარომეტრიული წნევის ცვლილებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს შაკიკის შეტევა და, ასევე, ზოგიერთმა მედიკამენტმა. 

  • როგორ ხდება შაკიკის დიაგნოსტიკა, რა კვლევები უტარდება ამ დროს პაციენტს?

შაკიკის დიაგნოსტირების მთავარი და ერთადერთი ინსტრუმენტი არის კარგად შეკრებილი ანამნეზი. მაგრამ საქმე ის არის, რომ შაკიკისთვის დამახასიათებელი, პულსირებადი და სისხლძარღვოვანი თავის ტკივილი არის ზოგიერთი სხვა, ზოგჯერ საკმაოდ სერიოზული პათოლოგიის სიმპტომი. ამ დროს ჩვენ, ექიმები დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ პირველად თავის ტკივილთან გვაქვს საქმე. ამიტომ ვატარებთ გარკვეულ კვლევებს, მაგალითად, MRT-ს, ელექტროენცეფალოგრაფიას, რომ გამოირიცხოს სხვა დაავადებები. 

  • როგორ ხდება შაკიკის მართვა?

მკურნალობა ორნაირია – უშუალოდ შეტევის მართვა და შეტევათა შორის მკურნალობა. შეტევათა შორის მკურნალობა ინიშნება მაშინ, როცა შაკიკის თავის ტკივილის ეპიზოდები არის ხშირი – ეს შეიძლება იყოს თვეში 15 დღე ან მეტი, ან საერთოდაც კვირაში ერთი-ორი შეტევა, რომელიც პაციენტს აწუხებს და უშლის ხელს. ასეთ დროს ვნიშნავთ რამდენიმეთვიან სპეციალურ მკურნალობას და შედეგად ვიღებთ შეტევების გაიშვიათებას. გამოიყენება მედიკამენტების რამდენიმე ჯგუფი: ანტიდეპრესანტები, ანტიკონვულსიური საშუალებები და ბეტა ბლოკატორები. ექიმი ნიშნავს მკურნალობას იმის მიხედვით, თუ რა ასაკისაა პაციენტი, რა ქრონიკული დაავადებები აქვს და ა.შ. 

უშუალოდ შეტევის მართვას რაც შეეხება – ეს ხდება მაშინ, როცა შედარებით იშვიათია შეტევა, ან მსუბუქი შაკიკია. ამ დროს პაციენტები აღნიშნავენ, რომ სიმპტომების ალაგებაში ეხმარებათ ციტრამონი, კოფეინი, რადგან კოფეინი სისხლძარღვების ტონუსს აძლიერებს.

როგორც კი პაციენტი შეატყობს, რომ ეწყება ტკივილი, მაშინვე უნდა მიიღოს ასეთი წამალი. თუ გამწვავდება ტკივილი, მერე უკვე ციტრამონი აღარ იმოქმედებს. 

  • რამდენად უსაფრთხოა, უშუალოდ შაკიკის შეტევის სამკურნალო მედიკამენტების თვითნებურად მიღება?

ბოლო წლების წინ გადადგმული ნაბიჯია სპეციფიკურად შაკიკის საწინააღმდეგო წამლების ე.წ. ტრიპტანების ჯგუფის მედიკამენტები. ტრიპტანების ჯგუფი რთული პრეპარატებია, იმიტომ, რომ სისხლძარღვებს ავიწროებს არამხოლოდ თავის ტვინში, არამედ გულში, მთელს ორგანიზმში, შესაბამისად სიფრთხილე გვმართებს, რომ არ წარმოიშვას გულის და ტვინის ინფარქტის რისკები. 

ამიტომ ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, რამდენად მიზანშეწონილია ამ ჯგუფის მედიკამენტების გამოყენება და რა დოზით. მედიკამენტის მიღება ხდება შეტევის დასაწყისშივე, რის შედეგადაც ხდება შეტევის კუპირება.

________________________________________

ამერიკის შაკიკის ასოციაცია შაკიკთან დაკავშირებულ კიდევ ერთ, თითქოს უჩვეულო, მაგრამ საკმაოდ გავრცელებულ სიმპტომს – ტვინის დანისვლას, brain fog-ს აღწერს.

კვლევებში გამოკითხული რესპონდენტების პასუხებიდან ჩანს, რომ ეს შედარებით რთულად ამოსაცნობი სიმპტომია, თუმცა ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ ეს სიმპტომი უკიდურესად შრომისუუნაროს ხდის და ისინი მიიჩნევენ, რომ ეს შაკიკის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური სიმპტომია.

ტვინის დანისვლა შეიძლება წარმოიშვას თავის ატკივებამდე 48 საათით ადრე და გაგრძელდეს თავის ტკივილიდან 24 საათის განმავლობაში.

ზოგიერთი ადამიანი აღწერს, რომ შაკიკის შეტევის შემდეგ არ შეუძლია მკაფიოდ აზროვნება ან ვერ ფოკუსირდება ამოცანებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება იყოს მედიკამენტების მიღების ეფექტი, ტვინის დანისვლა ასევე შეიძლება მოხდეს ტკივილის შემდგომ ფაზაში. 

ეს არის შაკიკის შეტევის ის ფაზა, რომელიც მოჰყვება თავის ტკივილის ფაზას. მას ასევე შეიძლება ეწოდოს „შაკიკის ნაბახუსევი“. შაკიკის მქონე ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ კოგნიტური (აზროვნება, ანალიზი ან დამახსოვრება) სიმპტომები. ადამიანები, რომლებსაც აღენიშნებათ შაკიკთან დაკავშირებული ტვინის დანისვლა ან მეხსიერების დროებითი ჩავარდნები, ხშირად ამბობენ, რომ უჭირთ კონცენტრირების შენარჩუნება ან სიტყვების პოვნა.

ამერიკის შაკიკის ასოციაცია კვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ შაკიკი არ იწვევს მეხსიერების დაკარგვას (დემენცია) და არ ამცირებს აზროვნების უნარს ცხოვრებაში.

„ცხოველების ფერმა დამინგრიეს, აჭარის მთავრობამ მიწა იჯარით არ გამომიყო“ – მოქალაქე

„ცხოველების ფერმა, სადაც თითქმის 70 ერთეული საქონელი მყავდა, დამიშალეს. მთავრობამ ფერმისთვის იჯარით ადგილის გამოყოფაზე უარი მითხრა. სულერთი იყო, სად გამომიყოფდნენ ადგილს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. ესაა სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა?“ – კითხულობს ბათუმში მცხოვრები დავით აზნაურიშვილი. მას ცხოველების ფერმა გონიოს ხიდის მიმდებარედ დაახლოებით 11 წლის წინ მოუწყვია.

„ადგილზე რომ მივედი, ნანგრევები იყო მხოლოდ, 4 სული საქონელი იმ დღეს დამეღუპა, როცა ფერმა დამიშალეს,“ – გვიყვება დავით აზნაურიშვილი. – „ვეხვეწებოდი ხალხს, ოღონდ წაიყვანეთ და მიხედეთ საქონელს, საერთოდ არ მინდა არაფერი-მეთქი. ზარალი არ დამითვლია, მაგრამ ძალიან დავზარალდი. თანაც 3 დღე მომცა მხოლოდ მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომ უკანონოდ მოწყობილი ფერმა ჩემით დამეშალა. 3 დღეში რა უნდა მომესწრო?

თავიდან, როცა ეს ფერმა მოვაწყვე, ნებართვა არ ამიღია, რადგან იმ ადგილას მხოლოდ ტყე იყო. ვიფიქრე, არავის ხელს არ შევუშლი, მოვძლიერდები, განვავითარებ მეურნეობას და თხოვნას და ხვეწნას ჯობია, ჩემით ვიყიდი სადმე მიწას ფერმისთვის-მეთქი.

გააჩნია, რამხელა ფერმა გექნება. საშუალოდ ფერმისთვის 3 ჰექტარიც საკმარისია, თუ ხბოებს მოაშენებ, მეტიცაა საჭირო. მე დაახლოებით 7 ჰექტარს ვთხოვდი სამინისტროს. მინდოდა, ჩანდლერის ჯიშის კაკალი დამერგო, ლურჯი მოცვის სანერგე და პლანტაცია მომეწყო. ჩემი ბიზნეს-გეგმა მქონდა. ბოლოს, როცა ვხედავდი, არაფერი გამოდიოდა, ვამბობდი, სულერთია, ოღონდ სადმე გამომიყავით მიწის ნაკვეთი დასავლეთ საქართველოში და იქ გადავიტან ფერმას-მეთქი.

არაფერი არ გამოვიდა.

დავით აზნაურიშვილი

სამინისტროში [აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო] თავდაპირველად მითხრეს, გვაქვს ტერიტორიებიო. მთავაზობდნენ თხილნარში ადგილს, შემდეგ ერგეში გამიშვეს, იყო საუბარი ჭოროხისპირზე, ციხისძირზე. მე ყველგან თანახმა ვიყავი, მაგრამ როგორც კი ვიწყებდი მუშაობას ბიზნესგეგმაზე, უარს მეუბნებოდნენ. ამბობდნენ, რომ პრობლემა აქვს იმ ტერიტორიას და ვეღარ მომცემდნენ… მე ვითხოვდი იჯარას 20 წლით.

ფერმა 2022 წლის აგვისტოში დამიშალეს და აღვადგინე. ბოლოს, 2023 წლის დეკემბერში დამიშალეს,“ – გვითხრა დავით აზნაურიშვილმა.

ერთ-ერთი წერილის მიხედვით, რაც მოქალაქე ნანა ამაშუკელს [დავით აზნაურიშვილის მეუღლეს] მიუმართავს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთვის, ფერმერი იჯარით 70 542 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის გადაცემას ითხოვდა იჯარის ფორმით და 20 წლის ვადით. დავით აზნაურიშვილის თქმით, მას თავდაპირველად ეკონომიკის სამინისტროდან წერილობით უპასუხეს, რომ მითითებულ კონკრეტულ მიწის ნაკვეთს, სადაც ფერმა უკვე მოწყობილი იყო, ვერ გადასცემდნენ. სხვა წერილებზე  კი პასუხი საერთოდ აღარ მიუღია.

დავით აზნაურიშვილის თქმით, ფერმის წლიური შემოსავალი საშუალოდ 40 ათასი ლარი იყო, თუმცა ფერმა მოგებაზე არ გადასულა და ძირითადად შემოსავლის წყარო რძე იყო. ფერმაში არ იყო დანადგარები.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შეკითხვით: რატომ არ გამოყო სამინისტრომ იჯარით გადასაცემად მიწის ნაკვეთი ცხოველების ფერმისთვის? – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკისთვის სამინისტროში შეკითხვა უპასუხოდ დატოვეს.

„არც გამოძიებამ იმუშავა, როცა მივმართე, რომ გამქურდეს,“ – ამატებს დავით აზნაურიშვილი. – „განყოფილებაში არ სიამოვნებთ, როცა ქურდობაზე წერ განცხადებებს… ვინც დააკავეს, იმიტომ დააკავეს, რომ იძულებული გავხადეთ. ისინიც გაუშვეს. მუნიციპალური ინსპექციის წინააღმდეგაც მინდოდა დავა, რადგან დამაზარალეს.

ეს მთავრობა არაფრის გამკეთებელი არ არის, არაფერს არ გაუკეთებენ ხალხს ისე, რომ განვითარდეს სოფლის მეურნეობა. მე ხალხს მოვუწოდებდი იბრძოლონ სისტემის წინააღმდეგ, რადგან ჩვენ სოფლის მეურნეობა უნდა განვავითაროთ. ახლა ეკონომიკურადაც ჩვენ რუსების მონები ვართ. რუსეთმა ნებისმიერ დროს შეიძლება მოაწყოს პროვოკაცია და ისევ ჩაკეტოს საზღვარი, მერე უნდა ეხვეწო, ბატონო ვოვა, მშიაო. ამიტომაც, პური ჩვენ თავად უნდა დავთესოთ, სიმინდიც,“ – კატეგორიულია დავით აზნაურიშვილი.

დავით აზნაურიშვილია აფხაზეთის ომის მონაწილეა, ის პერიოდულად ჩნდებოდა საპროტესტო აქციებზე, რასაც პრორუსული „ალტ-ინფო“ აწყობს. დავით აზნაურიშვილის ადვოკატი ნიკოლოზ მჟავანაძე ყოფილა – „ალტ-ინფოს“ სატელევიზიო არხზე გადაცემის წამყვანი.

როგორ აღმოჩნდა აფხაზეთის ომის მონაწილე პრორუსული ძალების გვერდით? – ვკითხეთ დავით აზნაურიშვილს. ომის ვეტერანი გვპასუხობს, რომ წყალგამყოფი ის დღე აღმოჩნდა, როცა ბათუმში რუსული გემი შემოვიდა და ვეტერანს თავისი ადვოკატისგან, ნიკოლოზ მჟავანაძისგან მოუსმენია, ტურისტული გემის შემოსვლას აჯობებდა რუსული სამხედრო ხომალდები შემოსულიყვნენო.

„არცერთი პარტიის მომხრე არ ვყოფილვარ არასდროს. საქართველოს სადაც სჭირდებოდა იქ ვიყავი. სამჯერ ვარ ბრძოლაში დაჭრილი…

რაც შეეხება „ალტ-ინფოს“, მათ გვერდით ვიდექი ერთადერთი საკითხის გამო: უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწების გადაცემა. „ნაციონალებმა“ რომ მოითხოვონ ქვეყნის ხელისუფლებიდან არ გასხვისდეს ტერიტორიები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, „ნაციონალიც“ გავხდები. მამუკა ხაზარაძემ რომ მოითხოვოს სოფლის მეურნეობის რეალური განვითარება, ხაზარაძის ჯგუფში დავდგები.

არის საკითხები, რაზეც „ალტ-ინფო“ სწორად მსჯელობს და ამას თავად იყენებენ, რომ ხალხი მოტყუვდეს და გადაიხაროს იქითკენ. მე არ ვტყუვდები და არ გადავალ იმ მხარეს, რომელიც რუსული ინტერესების გამტარებელია ჩვენ ქვეყანაში… პირდაპირ არ დამინახავს ფულის აღება, მაგრამ ვფიქრობ, რომ „ალტ-ინფო“ ატარებს რუსეთის საქმეს.

როდესაც ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, ტურისტულ გემს სამხედრო გემი მოჰყოლოდა ეს ჯობდაო, მე იმ ხალხის გვერდით როგორ დავდგე? რა პასუხი უნდა გავცე ჩემს ძმებს, ან პირადად ჩემს ძმას, რომელიც აფხაზეთში, საფლავში წევს?

მაშინ იყო ჩემში, რომ მივხვდი, არასწორ გზაზე არიან და საჯაროდ მიმართვა გავავრცელე, მგონი, 5 აგვისტო იყო… ნიკოლოზ მჟავანაძეც აღარ არის ჩემი ადვოკატი, აღარ მყავს ადვოკატი, რადგან დაცვას ფული სჭირდება,“ – გვითხრა დავით აზნაურიშვილმა. ის აპროტესტებს იმ პოლიტიკური ძალების მიდგომასაც, ვინც ამბობს, რომ „რუსეთთან დალაპარაკებაა საჭირო“.

„არ მომწონს ეს პოზიცია, რომ მოდი, რუსეთს დაველაპარაკოთ, შემდეგ მსხალს და ვაშლს გავიტანთ რუსეთშიო. ეს ვაჭრობაა და არ მომწონს. შენ ჯერ აღიარე ჩემი სამართალმემკვიდრეობა და მერე ვილაპარაკოთ. ჩემი მოთხოვნაა სამართალმემკვიდრეობისთვის ბრძოლა, ეს მოიცავს 1918-1921 წლების კონსტიტუციასაც, რაც დაბლოკეს – ფაქტობრივად ჩვენ დღეს საბჭოთა კავშირის მემკვიდრე ქვეყანა ვართ.

რუსის ჯარი აქ კი არა, არსად არ უნდა იდგეს,“ – უთხრა დავით აზნაურიშვილმა „ბათუმელებს“.

როგორ მოვუაროთ კანს ზამთარში? – ინტერვიუ ექიმ-დერმატოლოგთან

ზამთრის სუსხთან ერთად სხვადასხვა დერმატოლოგიური პრობლემა იჩენს თავს, რისთვისაც კანის სათანადო დაცვაა საჭირო. ცივი სეზონისთვის დამახასიათებელ დერმატოლოგიურ პრობლემებსა და სახის კანის მოვლის თავისებურებების დეტალებზე ექიმ დერმატო-ვენეროლოგ, ნინო სანოძეს ვესაუბრეთ.

  • ნინო, რა გავლენას ახდენს ზამთრის მშრალი სუსხი ჩვენს კანზე ?

ზამთრის პერიოდში ხშირია სიმშრალით გამოწვეული კანის პრობლემები. ამის მიზეზი არის ტემპერატურის მკვეთრი განსხვავება გარე და შიდა საცხოვრებელ სივრცეებს შორის. გათბობის სისტემების გამო სახლში ტენიანობა მცირდება, რაც ამ პრობლემას კიდევ უფრო მეტად აღრმავებს. შედეგად, კანი ხდება მკვეთრად გამომშრალი და აქერცლილი. ეს იწვევს კანის ქავილს, გაწითლებასა და გაღიზიანებას.

  • რა არის ყველაზე გავრცელებული შეცდომები, რაც ამ დროს შეიძლება დავუშვათ კანის მოვლისას?

ძირითადი შეცდომაა არასწორად შერჩეული დასაბანი და დამატენიანებელი საშუალებები. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საცხების გამოყენება რეკომენდებულია გარეთ გასვლამდე ნახევარი საათით ადრე, რათა შეგუება სითბოში მოხდეს. 

ტემპერატურის ვარდნასთან ერთად უფრო მეტად ხშირდება ძალიან ცხელი წყლით დაბანა, ეს კანის კიდევ უფრო მეტ გამოშრობას იწვევს. 

  • კანის რა დაავადებები აქტიურდება ზამთრის პერიოდში და როგორ შეიძლება მათი პრევენცია?

ამ პერიოდში ძირითადად აქტიურდება ქრონიკული, მორეციდივო, სიმშრალით მიმდინარე ისეთი დაავადებები, როგორებიცაა: ატოპიური დერმატიტი, კონტაქტური ალერგიული დერმატიტი, ფსორიაზი, იქთიოზი. 

პრევენციისთვის, ძირითად მკურნალობასთან ერთად, აუცილებელია კანის მუდმივი დატენიანება და ზემოთ აღნიშნული შეცდომების გათვალისწინება.

  • კონკრეტულად როგორ უნდა შეიცვალოს სახის კანის მოვლის რუტინა ცივ პერიოდში და რას ურჩევდით მათ, ვისაც ძალიან მშრალი კანი აქვთ? ასევე, საჭიროა თუ არა ზამთარში მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება?

აუცილებლად უნდა განვასხვაოთ კრემები კანის ტიპის მიხედვით. დღის კრემი უნდა შეიცავდეს მზისგან დამცავ ელემენტს, რადგან მავნე გამოსხივება წლის ნებისმიერ პერიოდშია. მათთვის კი, ვინც მაღალმთიან კურორტებზეა, რეკომენდებულია მზისგან დამცავი მაღალი ფაქტორის მქონე საცხები (მინიმუმ SPF 50-იანი). 

ზაფხულისგან განსხვავებით, ზამთარში რეკომენდებულია უფრო ცხიმიანი საცხების გამოყენება. ასევე, ძალიან მშრალი კანისთვის მნიშვნელოვანია დამატენიანებელი საცხები გამოვიყენოთ დაბანისთანავე, ნახევრად ნოტიო კანზე, რათა არ მოხდეს კანში არსებული წყლის აქროლება.


„პსპ“-ში თავის მოვლის მრავალფეროვანი არჩევანია, როგორც საკვები დანამატების სახით, რაც სეზონური ვირუსებისგან გვიცავს, ასევე სახის კანისა და სხეულის მოვლის საშუალებების მიმართულებით. 

კომპანიის მარკეტინგის მენეჯერის, სალომე პატარაიას თქმით, საკვები დანამატების ფრანგული ბრენდი „პილეჟი“ გვთავაზობს სპეციალურ დანამატს, რომელიც გამოიყენება როგორც სამკურნალოდ, ისე პროფილაქტიკისთვის გაციებისა და ვირუსების დროს. 

„ესაა ფიტოსტანდარტი კვიპაროსი, რომელიც იმუნიტეტის ასამაღლებელი საუკეთესო საშუალებაა. მისი გამოყენება ხელს უწყობს, ნაკლებად შეგვხვდეს ვირუსი და თუ შეგვხვდა, მარტივად გადავიტანოთ“. 

რაც შეეხება სხეულის მოვლას: „პსპ“-ში წარმოდგენილია იტალიური ბრენდი – „თიოლოჯი“, რომელმაც ახლახან გამოუშვა თმის აღმდგენი ნიღაბი, ჩაის ინფუზიით, მცენარეული 6 ზეთითა და ჰიალურონის მჟავით. ის არ შეიცავს სულფატებსა და სილიკონს, შესაბამისად, უსაფრთხოა შეღებილი თმისთვის. მისი გამოყენება შეიძლება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, რადგან სრულიად უსაფრთხოა ორგანიზმისთვის.

„პსპ“-ში ასევე წარმოდგენილია ფრანგული პრემიუმ ხარისხის ბრენდი „ესტედერმი“. ამ ბრენდს აქვს სახის კრემი სპირულინას ექსტრაქტით, რომელიც რეკომენდებულია სახის კანის მოვლისთვის ძლიერი სტრესისა და დაღლილობის ნიშნების მოსახსნელად, ასევე დიეტისა და ხანგრძლივად მზეზე ყოფნის შემდეგ. სპირულინა წყალმცენარეა, რომელიც კანისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის 220 კომპონენტს შეიცავს. კრემი აჩქარებს რეგენერაციის პროცესს, კვებავს და აღადგენს სახის კანს. მატებს მას ახალგაზრდულ იერს. აუმჯობესებს ფერს.

განსაკუთრებით მშრალი კანის მოვლისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის, ესვიარის პროდუქტები შეგიძლიათ გამოიყენოთ.

სალომე პატარაიას თქმით, ამ ბრენდის პროდუქტები მთელი ოჯახისთვისაა და მისი გამოყენება ჩვილობიდან შეიძლება, ესენია: დასაბანი, დამატენიანებელი და მზისგან დამცავი საშუალებები.

„მზისგან დამცავი საშუალება ნებისმიერ სეზონზე უნდა გვქონდეს თავის მოვლის რუტინაში, რადგან ის არა მხოლოდ მზის გამოსხივებისგან გვიცავს, არამედ სიცივისა და ყინვისგანაც. მისი გამოყენება განსაკუთრებით საჭიროა როგორც სახეზე, ისე ხელებსა და ტუჩებე, თუ ზამთრის კურორტს ვსტუმრობთ,“ – აღნიშნავს სალომე პატარაია. 

გარდა აქ ჩამოთვლილი ბრენდებისა, პსპ-ში როგორც პრემიუმ, ისე ბიუჯეტური ხაზის ასამდე სხვა ბრენდის პროდუქტია წარმოდგენილი. 

ხულოსთვის, შუახევისა და ქედისთვის 4 ახალ ავტობუსს ყიდულობენ

ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებისთვის ჯამში ოთხ ახალ ავტობუსს შეიძენენ.

სატენდერო დოკუმენტაციიდან ჩანს, რომ ავტობუსებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო 38 ქალაქისა და მუნიციპალიტეტისთვის ყიდულობს [153 ავტობუსი]; აქედან ქედასა და შუახევს თითო ერთეული ავტობუსი გადაეცემა, ხულოს მუნიციპალიტეტს კი – ორი.

ქედის მუნიციპალიტეტის ცნობით, ახალი ავტობუსი ქედა-ბათუმის სამარშრუტო ხაზზე იმოძრავებს; ხულო-ბათუმის სამარშრუტო ხაზზე ივლის ხულოს ორივე ავტობუსი; შუახევში კი ახალი ავტობუსის დანიშნულება შიდამუნიციპალური გადაადგილება იქნება.

„ავტობუსი წინასწარ დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად იმოძრავებს“, – გვითხრეს შუახევში.

ISUZU-ს ფირმის მწვანე ფერის ავტობუსები გათვლილია 56 მგზავრზე, სადაც 21 დასაჯდომი ადგილია და სივრცე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ეტლისთვის. 

ავტობუსი აღჭურვილი იქნება სათანადო სახელურებით და გაჩერების მოთხოვნის ღილაკით; ასევე, მგზავრთა განყოფილების გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემით.

თითოეული ავტობუსის ფასი 345 500 ლარია.

ქედის მუნიციპალიტეტი ასევე შეიძენს  IVECO-ს ფირმის ერთ ნაგავმზიდს, რომელიც დაბის და ათივე ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებს მოემსახურება. ნაგავმზიდის შესაძენად ბიუჯეტიდან 430 630 ლარი გამოიყო.

სატენდერო დოკუმენტაციით, ავტობუსების საგარანტიო ვადა 24 თვეა.

Exit mobile version