4-ჯერ შეგხვდებათ ფრაზა „ეჭვიანობის ნიადაგზე“ განჩინებაში, რომელიც უზენაესმა სასამართლომ 2023 წლის 4 ივლისს მიიღო და პოლიციელის მხრიდან ქალზე ფიზიკურ ძალადობას ეხება.
ფრაზებს, რომლებიც გენდერულ სტერეოტიპებს აძლიერებს, სასამართლოს გადაწყვეტილებებში ვხდებით. „ეჭვიანობის ნიადაგზე“, „დაქორწინების მიზნით,“ „ცოლად შერთვის მიზნით“ – ამ და სხვა ტერმინებს აქტიურად იყენებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა; ამ ლექსიკით ადგენს პროკურატურა დოკუმენტებს, მაგალითად, ბრალის წარდგენის შესახებ დადგენილებას, რაც საბოლოოდ სასამართლოს გადაწყვეტილებაში ხვდება.
„როცა სასამართლოს რეაქცია არ აქვს მსგავსი დისკრიმინაციული ენის გამოყენების დროს, ივარაუდება, რომ ის ეთანხმება ამ ტერმინების გამოყენებას და მის ნორმალიზებას ახდენს სამართალწარმოების პროცესში. მთავარია ის, რომ ეს არაა სამართლებრივი ტერმინები. პრობლემურია ეს ჩანაწერები, წამახალისებელიც კი, რაც არ უნდა ხმამაღლა ნათქვამად მოგვეჩვენოს,“ – კატეგორიულია უფლებადამცველი ანა თავხელიძე.
მოსამართლე რომ არ იმჩნევს პროკურატურის მიერ დოკუმენტებში ჩაწერილ „ეჭვიანობის ნიადაგზე“, ამ მიდგომის პრობლემურობის მასშტაბს, პოლიციელის ქალზე ძალადობის ბოლო საქმეც აჩვენებს: პოლიციელი მოსამართლემ დამნაშავედ მიიჩნია, თუმცა ის ციხეში არ გაუშვა.
- ციხეში არ გაუშვეს პოლიციელი, რომელიც ქალს სცემდა და უთვალთვალებდა „ეჭვიანობის ნიადაგზე“
პოლიციელ გიორგი ს.-ს [სტატიაში სახელები შცვლილია] საქმეში რამდენიმე ეპიზოდია, სადაც დეტალურად არის აღწერილი, როგორ ძალადობდა შსს-ს თანამშრომელი პარტნიორ ქალზე – მარიამზე: სცემდა, ემუქრებოდა, უთვალთვალებდა…
პოლიციელი კაცი ქალს აიძულებდა, მასთან არ შეეწყვიტა ურთიერთობა: „მარიამ ხ.-ს უკრძალავდა მის დაუკითხავად სახლიდან გასვლას და მეგობრებთან შეხვედრას, ასევე არ აძლევდა უფლებას, კომუნიკაცია დაემყარებინა მის ყოფილ მეუღლესთან და მარიამ ხ-სგან მოითხოვდა სრულ მორჩილებას,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.
პროკურატურის მიერ ფორმულირებულ ბრალდების არსში კი, ფრაზა „ეჭვიანობის ნიადაგზე“ ამ კონტექსტში გვხდება:
„2022 წლის მარტში [დაახლოებით 20 მარტს], დაახლოებით 17:00 საათიდან – 19:00 საათამდე დროის პერიოდში, გიორგი ს-მ თბილისში გურამის კუთვნილ №.. ბინაში, ეჭვიანობის ნიადაგზე, მარიამ ხ-ს მუშტი დაარტყა სახის არეში და მოქაჩა თმა, ვინაიდან მას, როგორც ქალს, აღიქვამდა პირად საკუთრებად. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად, მარიამმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა მორალური ზიანი…
კუთვნილ ავტომანქანაში ყოფნისას გიორგი ს-მ ეჭვიანობის ნიადაგზე მარიამ ხ-ს რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავის არეში და მოქაჩა თმა, რის შემდეგაც სახეში შეასხა წყალი, ვინაიდან მას, როგორც ქალს, აღიქვამდა პირად საკუთრებად.
2022 წლის 13 მაისს, დაახლოებით 17:30 საათზე, თბილისში, წ-ს გამზირზე, გიორგი ს-მ ეჭვიანობის ნიადაგზე მარიამ ხ-ს მუშტი დაარტყა თვალში და მოქაჩა თმა, ვინაიდან მას, როგორც ქალს, აღიქვამდა პირად საკუთრებად. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად, მარიამ ხ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა მორალური ზიანი.
2022 წლის ივნისში, დაახლოებით 10 ივნისს, დაახლოებით 17:00 საათიდან – 20:00 საათამდე დროის პერიოდში, მარნეულში, გიორგი ს-მ ეჭვიანობის ნიადაგზე მარიამ ხ-ს ხელი დაარტყა სახის არეში და მოქაჩა თმა, ვინაიდან მას, როგორც ქალს, აღიქვამდა პირად საკუთრებად…
2022 წლის 29 ივლისს, დაახლოებით 14:00 საათზე, თბილისში, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე, კუთვნილ ავტომანქანაში ყოფნისას, გიორგი ს-მ მარიამ ხ-ს, იმ მიზეზით, რომ ამ უკანასკნელს მასთან არ გაეწყვიტა ურთიერთობა, სახის არეში დაარტყა ხელი, რის შემდგომაც, დაახლოებით ათჯერ მუშტი ჩაარტყა თავში და მოქაჩა თმა. გიორგიმ მარიამ ხ-ს ძლიერად მოუჭირა ხელი ნიკაპის არეში და მკლავზე, რის შემდეგაც იგი ჩააგდო ავტომანქანის წინა და უკანა სავარძლებს შორის… გიორგი ს-ე მარიამ ხ-ს, იმ მიზეზით, რომ ამ უკანასკნელს მასთან არ გაეწყვიტა ურთიერთობა, დანის დემონსტრირებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. გ.იორგი ს-ს აღნიშნული მუქარა მარიამმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების რეალური შიში… გიორგი მარიამს დაჟინებით სთხოვდა მათ შორის არსებული ურთიერთობის გაგრძელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა ძალადობითა და მათ შორის არსებული სქესობრივი ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით…“ – აღნიშნულია ბრალდების შესახებ დადგენილებაში.
საინტერესო ამ საქმეში ისაა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული კაცი დამნაშავედ მიიჩნია, როგორც ძალადობის, ისე მუქარის მუხლებით წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა მსჯავრდებული ერთი დღითაც არ წასულა ციხეში. მას მოსამართლემ 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა იგი პირობით ჩაუთვალა და გამოსაცდელ ვადად დაუდგინა 1 წელი 6 თვე.
„გიორგი ს–მ ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის დანაშაულები, ამასთან, დაზარალებულს შეუქმნა განსაკუთრებით დამთრგუნველი გარემო,“ – მიუწერია პროკურორ ალექსანდრე ჩხაიძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის. – „გარდა ამისა, მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელების დროს, გიორგი ს. იკავებდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორის თანამდებობას.
კანონიერების დაცვაზე ზედამხედველი/პასუხისმგებელი უწყების თანამშრომლის მიერ დანაშაულის ჩადენა კი, არღვევს, როგორც სახელმწიფოს, ისე მოქალაქის კანონიერ ინტერესს. სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლის მიერ დანაშაულის ჩადენა ზიანს აყენებს სახელმწიფო ხელისუფლების ავტორიტეტს და ამცირებს საზოგადოების ნდობას სამართალდამცავი სისტემისადმი. მოცემულ შემთხვევაში მის მიმართ დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა იქნება წამახალისებელი და შესაძლოა, კვლავ უბიძგოს მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისკენ.“
უზენაესი სასამართლოს პოზიცია კი ასეთია:
„სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები [გიორგი ს.-მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, ითანამშრომლა გამოძიებასთან, უდავო გახადა მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი.
ამასთან, შპს „ბ–ს“-ის დირექტორის, რ. ბ-ძის 2023 წლის 28 თებერვალს გაცემული ცნობის თანახმად, გიორგი ს. მუშაობს ბათუმში მდებარე შპს „ბ–ში“ გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. შესაბამისად, დაზარალებულის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი მკვეთრად დაშორებულია მსჯავრდებულის ამჟამინდელი სამუშაო ადგილისაგან და დანაშაულის გამეორების რისკი მინიმუმამდეა შემცირებული]“, – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.
განჩინებაში მოსამართლეები გვახსენებენ იმასაც, რომ პირობითი მსჯავრიც სასჯელია:
„პირობითი მსჯავრი წარმოადგენს სასჯელის მოხდის ფორმას, რომელსაც თან სდევს გამოსაცდელი ვადა და რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული. მას ნამდვილად გააჩნია მსჯავრდებულზე ინდივიდუალური ზემოქმედებისა და კერძო პრევენციის ეფექტი…
საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური,“ – წერენ მოსამართლეები ნინო სანდოძე, მერაბ გაბინაშვილი და შალვა თადუმაძე.
- „ეჭვიანობის ნიადაგზე ყელი გამოჭრა თავის მეუღლეს“ – მკვლელობის საქმე
უზენაესი სასამართლოს მიერ 2021 წელს მიღებული განჩინების მიხედვით, ტარიელ მ-მ თავის საცხოვრებელ სახლში მოკლა მეუღლე. აქაც სასამართლოს გადაწყვეტილებაში გვხდება პროკურატურის მიერ აღწერილი მოტივაცია – „ეჭვიანობის ნიადაგზე“.
„2020 წლის 15 თებერვალს, ღამის საათებში სოფელ …-ში არასრულწლოვანი შვილის და მეუღლის დის თანდასწრებით, ეჭვიანობის ნიადაგზე, დანის გამოყენებით, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ყელი გამოჭრა თავის მეუღლეს – ხატია გ–ს, ასევე მიაყენა რამდენიმე დაზიანება სხეულის ზედა ნაწილში,“ – აღნიშნულია განჩინებაში.
რუსთავის სასამართლომ ტარიელ მ.-ს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
- ბათუმელი კაცი ორსულ ცოლზე ძალადობდა, პროკურატურის ვერსიით „ეჭვიანობის ნიადაგზე“
„ეჭვიანობის ნიადაგზე“ – ტერმინს, რომელიც სამართლებრივი არ არის, პროკურატურა ბევრ საქმეში იყენებს, სადაც დანაშაული ჩადენილია კანონით განსაზღვრული „გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით“.
ერთ-ერთ ასეთ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ 2022 წელს მიიღო.
„…გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ირაკლი ა-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა წინასწარი შეცნობით არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ორსულ ცოლს – ნინო ს-ს, კერძოდ, ხელი ძლიერად დაარტყა მარჯვენა ფეხზე, ბარძაყის არეში. ირაკლი ა-ს ფიზიკური ძალადობის შედეგად ნ. ს-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – აღწერილია ბრალდების შესახებ დადგენილებაში.
„2021 წლის 3 ივლისს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ. ბათუმში, მ. ლ-ის ქუჩა N…-ში მდებარე ბინა N…-ში ყოფნისას, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ირაკლი ა-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს – მეუღლეს, ნინო ს-ს, კერძოდ, ხელი დაარტყა მარცხენა მხარზე,“ – აღნიშნულია განჩინებაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ა. დამნაშავედ მიიჩნიეს ოჯახში ძალადობის მუხლით ჩადენილი დანაშაულისთვის და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მსჯავრდებული მოსამართლემ უდანაშაულოდ მიიჩნია ოჯახში ძალადობის მუხლის მეორე ნაწილით [ძალადობა ორსული ქალის მიმართ] და მუქარის ნაწილში. ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, როგორც სააპელაციო, ისე უზენაესმა სასამართლომ.
„სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ირაკლი ა.-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, მათ შორის: დაზარალებულ ნინო ს-ა და მოწმე ი. ა-ის ჩვენებებით, N…. შეტყობინებით, შემაკავებელი ორდერითა და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით, რომლებიც სრულიად საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის და სადავოდ არც მხარეები ხდიან.
რაც შეეხება წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და მუქარის ეპიზოდს, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარი, დამაჯერებელი, ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ი.ა-ას ბრალეულობაში.
საქმის მასალების მიხედვით, 2020 წლის 7 აგვისტოსა და 2021 წლის 2 ივლისის ძალადობისა და მუქარის ეპიზოდებში ი. ა-ს ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებული ნინო ს-ს ჩვენება, რომლის თანახმად, იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ირაკლი ა-ან. თავიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ჰყავთ შვილიც, მაგრამ ირაკლის უსაფუძვლო ეჭვიანობის გამო ურთიერთობა დაეძაბათ.
2020 წლის 7 აგვისტოს ეჭვიანობის გამო ირაკლი ა.-ამ ფიზიკურად იძალადა ორსულ მეუღლეზე, თუმცა შემდეგ ბოდიში მოუხადა და შერიგდნენ. ქმრის ეჭვიანობა მუდამ ხდებოდა ოჯახში უთანხმოების მიზეზი. 2021 წლის 2 ივლისს, როდესაც მორიგი კამათისას ირაკლის განუცხადა, რომ ბავშვთან ერთად წავიდოდა მისგან, ეს უკანასკნელი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რაც რეალურად აღიქვა და შეეშინდა, მაგრამ პოლიციისათვის არ მიუმართავს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების – დაზარალებულის ჩვენების არსებობა არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია უტყუარი მტკიცებულების საკმარისი ერთობლიობა, ეს მტკიცებულებები უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული და დამაჯერებელი, ადასტურებდეს რაიმე ფაქტს ან გარემოებას და დაარწმუნოს ნეიტრალური, ობიექტური პირი, რომ სწორედ ბრალდებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება,“- აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.
ფრაზების ჩანაცვლება რომ შეუძლიათ სამართალდამცველებს, ჩანს ერთი მაგალითიდანაც – 2022 წელს მიღებულ გადაწყვეტილებებში, სადაც არასრულწლოვანზე ქორწინების იძულების მუხლით გაასამართლეს კაცი, აღარ გვხდება ფრაზა – „ქორწინების მიზნით.“
„2021 წლის 11 და 12 ოქტომბერს რამაზ გ. რომელმაც იცოდა დაზარალებულის ასაკი, ქორწინებაზე უარის გამო, სატელეფონო ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიწერით სიცოცხლის მოსპობით დამუქრების მეშვეობით აიძულებდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წ–ში მყოფ გიული ჯ–ს, რომ თავისი ნების საწინააღმდეგოდ ექორწინა მასზე,“ – ვკითხულობთ 2022 წლის 23 დეკემბრის განჩინებაში.
თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ რამაზ გ.-ს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს გადაწყვეტილება არც ზემდგომ ინსტანციებს შეუცვლია.
- „ცოლად შერთვის მიზნით“ – პროკურატურის და შსს-ს საჯარო განცხადებებში
„ცოლად შერთვის მიზნით“ – ამ ფრაზას შინაგან საქმეთა სამინისტროს, ან პროკურატურის მიერ გავრცელებულ, საჯარო განცხადებებში შეხვდებით.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ნოემბერს, ბრალდებულმა ცოლად შერთვის მიზნით სახლში 12 წლის არასრულწლოვანი მიიყვანა, რომელთანაც სქესობრივი კავშირი დაამყარა,“ – წერდა საქართველოს გენერალური პროკურატურა თავის ოფიციალურ განცხადებაში 2023 წლის 6 ნოემბერს.
„პოლიციამ მარნეულში გოგონას ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა… პოლიციამ გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელი დაადგინა,“ – ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო განცხადებაა 2022 წლის 21 ივლისს.
- მოსამართლემ დისკრიმინაციული ლექსიკის გამოყენება არ უნდა წაახალისოს – უფლებადამცველი
„მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში დისკრიმინაციული ენის გამოყენება მიუთითებს იმაზე, რომ გენდერულად მიკერძოებულია მოსამართლე და გენდერულად არამგრძნობიარე, იგივე ეხება გამომძიებელს და პროკურორს, რომლის გადაწყვეტილებები ნაკლებად არის მსხვერპლზე ორიენტირებული,“ – მიიჩნევს ანა თავხელიძე, პარტნიორობა „ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი. მას ვკითხეთ, რა სახის პრობლემები ჩნდება, როცა მოსამართლე არ იმჩნევს გენდერული სტერეოტიპების გამაძლიერებელი ტერმინების გამოყენებას.
ანა თავხელიძე გვეუბნება, რომ მოსამართლე ამ ტერმინების გამოყენებას არათუ არ იმჩნევს, არამედ ზოგჯერ თავადაც განაჩენში მსჯელობის დროს არგუმენტებს ამ დისკრიმინაციულ ლექსიკას აფუძნებს. ამის მაგალითად იურისტს „ბასილაშვილის საქმე“ მოჰყავს,
„ვერ გაჩვენებთ მოსამართლის მსჯელობას, რადგან საქმე ეხებოდა ბავშვს და დახურულია, მაგრამ ამ შემთხვევაში მოსამართლე პირდაპირ აფუძნებს თავის მსჯელობას გენდერულ სტერეოტიპებს, დისკრიმინაციულ ენას… საჯარო იყო და განაჩენის ნაწილია მოსამართლის განცხადებები გადაწყვეტილების მიღების დროს, როცა მან თქვა, რომ, მაგალითად, საეჭვო იყო ქალის ქცევა, ძალადობის შემდეგ წვეულებაზე როგორ წავიდოდაო, ან როგორ არ ჩაიტარა ექსპერტიზა და არ შეაგროვა მტკიცებულებებიო.
მართლმსაჯულების სისტემა დაცლილი უნდა იყოს გენდერული სტერეოტიპებისგან, რომ მიუკერძოებლად და ობიექტურად შეძლოს მართლმსაჯულების განხორციელება,“ – ამბობს ანა თავხელიძე.
იურისტი განმარტავს, რატომ არის პრობლემა, როცა სახელმწიფო უწყება, მაგალითად, პროკურატურა ამბობს, რომ „ეჭვიანობის ნიადაგზე“ ჩაიდინა კონკრეტულმა კაცმა დანაშაული.
„ეს შეიძლება იყოს გამოკითხვის ოქმში, რომ მოწმე, ან დაზარალებული აი, ამას ამბობს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს წარმოდგენილი, როგორც დანაშაულის მიზეზი, რატომაც იქნა დანაშაული ჩადენილი. ამით პროკურატურა, ან გამომძიებელი ერთგვარ ახსნას გვაძლევს თითქოსდა, რატომაც ჩაიდინა კაცმა ეს დანაშაული.
როცა გვეუბნებიან, რომ დანაშაული ჩადენილია „ეჭვიანობის ნიადაგზე“, თითქოს ისრების გადატანა ხდება ქალის პასუხისმგებლობაზე. ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როცა პროკურატურას ბრალი იმგვარად ჰქონდა ჩამოყალიბებული, თითქოს ქალის ქმედების საპირწონედ გახდა კაცი მოძალადე. მას შემდეგ, რაც ეს გავაპროტესტეთ, დადგენილება შეიცვალა.
პროკურატურამ და გამომძიებელმა უნდა ისაუბროს დანაშაულის მოტივზე, მაგრამ მოტივი არის არა ეჭვიანობა, არამედ კონტროლის სურვილი, რომ ქალი გააკონტროლოს და შეუზღუდოს მას თავისუფლება. ამ ლექსიკით უნდა შეადგინოს პროკურატურამ დოკუმენტები,“ – დარწმუნებულია ანა თავხელიძე და სამართალდამცველების გადამზადების საჭიროებას ხედავს.
უფლებადამცველს არ ახსენდება ერთი განაჩენიც კი, სადაც მოსამართლემ შეაფასა და გამოეხმაურა პროკურატურის მხრიდან დისკრიმინაციული ლექსიკის გამოყენებას.
„მოსამართლეების მგრძნობელობა, სამწუხაროდ, ძალიან დაბალია, სამართლებრივი ცოდნაც დაბალია და გარდა ამისა, თავად მოსამართლეც შეიძლება სტერეოტიპულად იყოს განწყობილი, მისაღები არგუმენტი იყოს ეს,“ – ეს შთაბეჭდილება ექმნება უფლებადამცველს და მთავარ არგუმენტსაც გვისახელებს: „არც ერთი ეს ტერმინი, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, არ არის საკანონმდებლო ტერმინი. თუ ეს ტერმინები ამოვიღეთ კანონიდან და იგივე ტერმინს ვიყენებთ ბრალის აღწერის დროს, გამოდის, რომ ამუშავებ მაინც იგივე ნორმას პრაქტიკაში…
საერთოდ არ უნდა იყენებდეს ამ ლექსიკას სამართალდამცავი ორგანო, ან პროფესიონალი, რადგან იგი არ არის კანონის შემადგენელი ნაწილი.
მართლმსაჯულების პროცესში სტერეოტიპები რაც ვლინდება დისკრიმინაციული ენის გამოყენებაში, ასევე ვლინდება მტკიცებულებების დისკრიმინაციულად შეფასებაში, ასევე გადაწყვეტილების მიკერძოებულად გამოტანაში, კონვენცია ამას უთითებს, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთ გამოვლინებად და მას კატეგორიულად კრძალავს,“ – მიიჩნევს ანა თავხელიძე.
რა უნდა გააკეთოს მსგავს შემთხვევაში მოსამართლემ?
„მართლმსაჯულების შემადგენელი ნაწილია და სასამართლოს აქვს ბერკეტი, როდესაც პროკურორი იყენებს ამ ლექსიკას, გადაწყვეტილებაში მიუთითოს, რომ ეს არის დისკრიმინაციული ენა და არ წაახალისოს. პრობლემაა ისაა, რომ ძალიან ცოტა მოსამართლემ შეიძლება იცოდეს ამ ქვეყანაში, დისკრიმინაციული ენის გამოყენება და გენდერულად მგრძნობიარე ენის გამოყენება რას ნიშნავს მართლმსაჯულების სისტემისთვის, განსაკუთრებით კი, ოჯახში ძალადობის საქმეებში.
მოსამართლემ ხმამაღლა უნდა განაცხადოს, რომ ეს ლექსიკა არ გამოიყენოს პროკურატურამ. წარმოიდგინეთ, რა შედეგი მოჰყვებოდა ამას. ამ გადაწყვეტილებებს ხომ ეცნობიან ადამიანები, ეს იქნებოდა ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაც,“ – ამბობს იურისტი ანა თავხელიძე.
___
„ბათუმელებმა“ სტატია მოამზადა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ბათუმელები“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.