განათლება,მთავარი,სიახლეები

დოკუმენტური კინო სკოლაში – „სინედოკბათუმის“ დამფუძნებელი პედაგოგი დანიაში გაემგზავრება

22.01.2024 • 13858
დოკუმენტური კინო სკოლაში – „სინედოკბათუმის“ დამფუძნებელი პედაგოგი დანიაში გაემგზავრება

საქართველოდან CinéDOC-ში ჩართული რვა მასწავლებელი გაზაფხულზე ორ საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე გაემგზავრება.

მათ შორისაა, ბათუმის მესამე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრი მაია მენაბდეც, რომელიც თავის კოლეგასთან, მეგი კურტანიძესთან ერთად დანიაში, CPH:DOX-საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე დაგეგმილ ახალგაზრდულ ჩვენებებში მიიღებენ მონაწილეობას.

CPH:DOX მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კინოფესტივალია.

ხოლო ექვსი პედაგოგი – ლელა წურწუმია, სოფო გოგოხია, შუშანა ტარიელაძე, ია ძირკვაძე, ელისო ვადაქარია და ანა კინწურაშვილი შვედეთში, კერძოდ მალმოში მიიღებენ მონაწილეობას ბავშვებისა და მოზარდების ფილმების ფესტივალზე (BUFF), რომელიც 1984 წლიდან არსებობს და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალია ბავშვებისა და მოზარდებისთვის შექმნილი ფილმებისთვის.

„ბათუმელები“ მაია მენაბდე ესაუბრა ამ თემაზე და ჰკითხა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დოკუმენტური კინოს შემოტანა როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ განათლებაში და რამდენად დიდ ინტერესს იწვევს ეს მოზარდებში.

CinéDOC -ი არის ორგანიზაცია, რომელიც წლებია ატარებს საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალს და ამავე ორგანიზაციამ დააარსა „სინედოკსკოლა“, რომელშიც 2021 წლიდან არიან ჩემი მოსწავლეები ჩართული.

მეც დავაარსე კინოკლუბი „სინედოკბათუმი“ და მის ფარგლებში ძალიან საინტერესო აქტივობებს  ვაკეთებთ.

ზაფხულში „ბიაფთან“ ერთად იყო ასევე დოკუმენტური ფილმების ფესტივალიც, სადაც ასევე ჩართული იყვნენ ჩემი კლუბის წევრები. ბავშვები მონაწილეობდნენ ფილმების შერჩევაში, დისკუსიებში, იყო კონკურსი გახმოვანებაზე და იქაც შეარჩიეს ერთ-ერთი ბავშვი და ეს  გამოცდილება როცა დაგროვდა, ახლა შემოგვთავაზეს მონაწილეობა მივიღოთ დანიაში ძალიან დიდ ფესტივალზე, სადაც შემიძლია ჩვენი გამოცდილება გავუზიარო სხვა პედაგოგებსაც იმის თაობაზე, თუ როგორ გამოვიყენოთ დოკუმენტური ფილმები სასწავლო პროცესში“-ამბობს მაია მენაბდე.

რა იყო ის თემები, რასაც მიაქციეს ბავშვებმა ყურადღება დოკუმენტური ფილმების ნახვის შემდეგ და რა შეცვალა ბავშვებში ამ ინფორმაციის მიღებამ? – ვკითხეთ მაია მენაბდეს.

მისი თქმით, ფესტივალზე ბავშვებმა ნახეს მაგალითად ფილმი „აღდგომა“, რომელიც თანამედროვე სტალინისტებს ეხება.

„ისე საინტერესოდ იყო დანახული ეს თემა,  ისეთი მოულოდნელიც იყო ბავშვებისთვის, თან უცნაური და თან გასაგებიც, თუ როგორ შეიძლება დააბრმაოს ადამიანი რაღაცის გაფეტიშებამ.

ზოგჯერ ვერც კი წარმოიდგენ, რომ შეიძლება ასეთი ადამიანები კიდევ არსებობდნენ. თუნდაც ისეთი ადამიანები, რომლებიც დღესაც კი თვლიან, რომ აუცილებლად უნდა იდგეს სტალინის ძეგლი მაგალითად გორში.

ასევე, ბავშვებმა ნახეს ანა ძიაპშიპას ფილმი აფხაზეთთან დაკავშირებით, რომელიც გვიყვება იმაზე, როგორ ბრუნდება ის თავის სახლში აფხაზეთში. ხედავ როგორი წარმოუდგენელია გადაკვეთო „საზღვარი“ და დაბრუნდე იქ, სადაც არც კი იცი, რა დაგხვდება.

ჩვენ, უფროს თაობას ჯერ კიდევ გვახსოვს რაღაც, მაგრამ თანამედროვე ახალგაზრდებისთვის სრულიად უცხოა აფხაზეთის თემატიკა. ამიტომ ბავშვებისთვის ეს ფილმიც ძალიან საინტერესო იყო“-ამბობს მაია მენაბდე.

მისი თქმით, „სინედოკზე“ საგანგებოდ არჩევენ ფილმებს მოზარდებისთვის, სადაც გათვალისწინებულია ბავშვების ასაკი და მათი ინტერესის სფეროებიც.

„ამ პლატფორმაზე განთავსებული ფილმები ბევრ თემას ეხება. მათ შორის უმცირესობების საკითხებს, დისკრიმინაციას, ემიგრაციას, ომს, წარსულის გადაფასებას და ასე შემდეგ. არსებობს ისეთი ფილმებიც, რომელიც უშუალოდ დოკუმენტური ფილმების გადაღების პროცესს ასახავს და საინტერესოა ბავშვებისთვის.

პლატფორმაზე განთავსებულია როგორც ქართველი, ასევე უცხოელი რეჟისორების ფილმები“-გვეუბნება მაია.

ის ამბობს, რომ ცდილობს დააკვირდეს საგაკვეთილო პროცესში რა საკითხები იწვევს ბავშვების ინტერესებს, რაზე იწყებენ ისინი მსჯელობას და დოკუმენტურ ფილმებსაც ამ ინტერესების მიხედვით ურჩევს მათ.

ანა დევაძე, ელენე თედორაძე და ნინო ანთიძე – „სინედოკ ბათუმის“ წევრი მოსწავლეები, ბათუმის მე-3 საჯარო სკოლა.

„სინედოკბათუმის“ წევრია მე-11 კლასელი ელენე თედორაძე, რომელიც ბავშვებისთვის განკუთვნილ კონკურსში მონაწილეობს. კონკურსი ითვალისწინებს შერჩეული ბავშვებისთვის დოკუმენტური კინოს შექმნის პროცესის სწავლებას.

ბავშვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან არიან შერჩეული. ელენე ლექციებს ონლაინ დაესწრება. კურსის დასრულების შემდეგ კი მან პროექტის ფარგლებში უნდა გადაიღოს დოკუმენტური ფილმი.

„გვასწავლიან რა, როგორ უნდა გადავიღოთ, რა არის კადრი, როგორ უნდა დავწეროთ სცენარი და ასე შემდეგ. საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ ძალიან ბევრ ადამიანს გაიცნობ სხვადასხვა ქვეყნებიდან და თავად პროცესიც ძალიან საინტერესოა“-ამბობს ელენე.

ერთ-ერთი ფილმი რომელსაც გამოარჩევს, მასწავლებლის შესახებაა. მომავალში მასწავლებლობას ვაპირებ, ამიტომ ჩემთვის ძალიან საინტერესო იყოო, – გვეუბნება ელენე.

ანა დევაძეც – CinéDOC-ის კლუბის წევრია.

„ჩემთვის ახალი გამოცდილება იყო ეს კლუბი, ბევრი რამ აღმომაჩენინა, რადგან დოკუმენტური კინოს მიმართ გარკვეული სტერეოტიპები არსებობს, რომ თითქოს „მოსაწყენია“, „ერთფეროვანია“ და ასე შემდეგ, თუმცა ამ კლუბმა, ძალიან ბევრ ბავშვს, მათ შორის მეც მაჩვენა, რომ დოკუმენტური ფილმი სინამდვილეში ძალიან ლამაზიცაა, განსხვავებულიც, ფერადოვანიც და ბევრი რამის გადმოცემა შეუძლია, ისევე, როგორც მხატვრულ კინოს.

მეც მქონდა შესაძლებლობა ვორქშოპებში მიმეღო მონაწილეობა და უფრო ახლოს გავცნობოდი კინოს სპეციფიკას“-გვეუბნება ანა.

„მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბის“ ფარგლებში, ანამ 2022 წელს  ლიტერატურულ ბანაკში ახლოს გაიცნო „სინედოკის“ ერთ-ერთი რეჟისორიც, რომელმაც ბავშვებს მასტერკლასები ჩაუტარა.

„პატარა დოკუმენტური ფილმიც გადავიღეთ, რომელიც ეხებოდა ხანდაზმული ადამიანების შრომას.

გადავიღეთ პლაჟზე მომუშავე ხანდაზმულები, რომლებსაც სიცხეში, მძიმე პირობებში უწევთ შრომა.

მახსოვს ერთი ქალი, რომელიც თაკარა მზეში იმისთვის მუშაობდა რომ შვილის სწავლის გადასახადი გადაეხადა. ამან ჩვენზე ძალიან იმოქმედა, რადგან აქამდე არასდროს დავფიქრებულვარ ამ ადამიანების შრომაზე. ამ ფილმზე მუშაობისას კი ახლოს დავინახეთ ხანდაზმული ადამიანების შრომა, რომლებიც იბრძვიან საყვარელი ადამიანების ოცნებების ასასრულებლად.

ვნახეთ ერთი ფილმი „კარმა გოგო“, სადაც ნაჩვენები იყო თუ როგორია განსხვავებული კულტურების პირობებში მოზარდების ცხოვრება.

ფილმი მოგვითხრობდა 11 წლის ჰანინზე, რომელიც მიანმარის პატარა სოფელში, მშობლებთან და და-ძმებთან ერთად ცხოვრობს და გვიყვება იმაზე, როგორ წყვეტენ ხოლმე უფროსები გოგონების ბედს. არ აქვთ არჩევანი მიიღონ განათლება ან იყო ის, ვინც არიან.

მსგავსი ფილმები ძალიან გვეხმარება ბავშვებს, მოზარდებს სხვა თვალით დავინახოთ ესა თუ ის პრობლემა. მაგალითად ის, როგორ ერევიან მშობლები შვილის პროფესიის არჩევანში და სხვა საკითხებში“-გვეუბნება ანა.

მისი თქმით, დოკუმენტურმა ფილმებმა მისი ინტერესი გააღვიძა იმ მოვლენების მიმართ, რომელიც მის ირგვლივ შეიძლება ხდებოდეს, მაგრამ ხშირად ვერ აღიქვამენ ადამიანები სათანადოდ.

„სამომავლოდ, არ ვიცი გამოვალ თუ არა რეჟისორი, მაგრამ ბავშვებისთვის, როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმულ განათლებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს დოკუმენტური კინო. რადგან მხოლოდ ფილმებს კი არ ვუყურებთ, აზრებს ვუზიარებთ ერთმანეთს ბავშვები, ვავლებთ პარალელებს ფილმებსა და წიგნებს შორის, თანამედროვე რეალურ ცხოვრებასთან  და არაერთხელ დაგვაფიქრა ამ ფილმებმა ისეთ პრობლემებზე, რომელიც ჩვენც კი შეგვიძლია რომ აღმოფხვრათ, თუკი მოვინდომებთ.

ასეთი იყო მაგალითად ფილმები შვილიშვილებისა და ბებია-ბაბუების ურთიერთობაზე. რომ ძალიან ცოტა დროს ატარებენ ბოლო დროს შვილიშვილები მათთან და როგორ შეგვიძლია ჩვენ მათი ცხოვრება გავახალისოთ, რადგან ბებია-ბაბუისთვის თურმე ძალიან ბევრს ნიშნავს შვილიშვილი“-გვეუბნება ანა.

ნინო ანთიძეც „სინედოკბათუმის“ კლუბის წევრია. ამბობს, რომ ყველაზე მეტად ის ფილმები აინტერესებს, რომელიც ჩვენს რეალობას ასახავს.

„ასეთი იყო მაგალითად „12 გაკვეთილი“, რომელიც აუტისტური სპექტრის მქონე შვილიშვილის და ბაბუას ურთიერთობას ასახავს. თანაც ეს ფილმი ჩემს სოფელშია გადაღებული და ამ მხრივაც საინტერესოა ჩემთვის.

„სინედოკი“ ჩემთვის გამორჩეულია იმითაც, რომ ბავშვებისთვის იქმნება ისეთი გარემო, სადაც შეგვიძლია განვიხილოთ სხვადასხვა თემები, რომელიც სასკოლო პროგრამაში შეიძლება ვერ ვნახოთ და აფართოებს ჩვენს თვალსაწიერს.

ბავშვთა შრომით ექსპლუატაციაზე ვნახეთ ფილმი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რადგან ნაკლებად გვხვდება მსგავსი თემები სკოლაში“-გვეუბნება ნინო ანთიძე.

„სინედოკბათუმის“ დამფუძნებელი მაია მენაბდე კი დანიაში, დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე 18 მარტს გაემგზავრება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: