მთავარი,სიახლეები

რა ღირს ხამსა – რეპორტაჟი ბათუმის ავტოსადგურიდან და ბაზრიდან

24.01.2024 • 4704
რა ღირს ხამსა – რეპორტაჟი ბათუმის ავტოსადგურიდან და ბაზრიდან

თუ ბათუმში დეკემბრის დასაწყისიდან თებერვლამდე ბაზრობაზე ან მიმდებარე ტერიტორიაზე მოხვდებით, აუცილებლად მოკრავთ ყურს ასეთ შეძახილებს: „ხამსა გაიყოლეთ, ზამთარს თევზი უხდება, სუპერი ხამსა იყიდება ჩვენთან“.

ახლა ქაფშიას, იგივე ხამსას სეზონია. რა ღირს ხამსა? – „ბათუმელებმა“ ამ პოპულარული თევზის ფასი ბათუმში რამდენიმე ადგილას იკითხა. ვესაუბრეთ გამყიდველებსაც.

თევზის გამყიდველების თქმით, 24 იანვრის მონაცემებით, ხამსას ფასი 3-დან 4 ლარის ფარგლებში მერყეობს, თუმცა ფასი იცვლება და იმაზეა დამოკიდებული, გამყიდველები რა ფასად იბარებენ ხამსას მეთევზეებისგან, რა ზომისაა თევზი და გაწმენდილი იყიდება თუ გასაწმენდი.

ხამსას დახლი ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/ევა ართმელაძე

ხამსა

თალიკო სოლომიძე 35 წელია რაც ვაჭრობს. მას ძველ ავტოსადგურში მოწყობილ მცირე თევზის ბაზარში შევხვდით.

„ფოთში ვყიდულობთ თევზს. გემები შემოდიან, რომლებსაც მანქანებით ვხვდებით, შეკვეთას ვაძლევთ და მოგვაქვს. როცა ცუდი ამინდია, მეტი ხამსა იყიდება, თბილ ამინდებში – ნაკლები. ამინდის მიხედვით ვწყვეტთ, ხამსას რა რაოდენობა წამოვიღოთ.

გაწმენდილი ხამსას ფასი სხვაა. თუ [გაუწმენდავ] ხამსას 4-ში ვყიდით, გაწმენდილი რვა ღირს, თუ გაუწმენდავ ხამსას 5-ში ვყიდით, გაწმენდილი 10 ლარი ღირს და ასე.

თუ თევზი ბლომადაა ფოთში, მისი ფასი შედარებით ნაკლებია. თუ თევზის ნაკლებობაა, ფასიც იმატებს.

ადრე თბილისში ვვაჭრობდი, ახლა აქ. ეს სივრცე არენდით მაქვს აღებული. დასაქმებული მყავს ხალხი და ვმუშაობთ.

ჩვენ ამ საქმით ჩვენ თავს ვუწყობთ ხელს. როგორც ვუყურებ, დიდი ყურადღება [სახელმწიფოსგან] არ არის, თუ გინდ გლეხი იყოს, თუ გინდ ვაჭარი, თუ გინდა სხვა. ჩვენი საქმით ვცდილობთ 2 კაპიკი შევიტანოთ სახლში“, – გვეუბნება თალიკო სოლომონიძე.

მისი თქმით, თუ მეთევზეებისთვის შეკვეთა აქვს მიცემული, უთენია გამოდის სახლიდან და უკან საღამოს 8-9 საათისთვის ბრუნდება.

„ყველაფერს ეჩვევი, მე არც სუნი მაწუხებს.

26 წლის ვიყავი, როცა ვაჭრობა დავიწყე და ძალიან, ძალიან რთული იყო მაშინ ჩემთვის, იმიტომ, რომ საერთოდ არ ვიცნობდი ამ საქმეს. ახლა კარგა ხანია ვვაჭრობ და უკვე შეჩვეული ვარ ქუჩაში ყოფნას“, – ამბობს ქალი.


თალიკო სოლომონიძე

აქ მუშაობს მალხაზ დარჩიძე, რომლის თქმითაც, უკვე 4 წელია რაც ხამსას ყიდის სეზონზე, სეზონის დამთავრების შემდეგ კი სხვა საქმით კავდება.

„სამი თვე აქვს ხამსას სეზონი. წელს ნაკლები მომხმარებელი გვყავს და რა თქმა უნდა, ამის მიზეზი ფულის უკმარისობაა. ხალხს ფული არ აქვს. სამ კილოს 10 ლარში ვყიდით და კიდევ არ გვყავს მომხმარებლები“, – გვეუბნება მალხაზი.

კაცის თქმით, ხამსას თითქმის იგივე ფასი აქვს ამ სეზონზე, რაც წინა სეზონზე ჰქონდა.


მალხაზ დარჩიძე

ავტოსადგურიდან აგრარული ბაზრისკენ თუ დაუყვებით, გზად რამდენიმე ადგილას შეხვდებით ხამსას დახლებს.

აქ ერთმანეთს კარგად იცნობენ და როცა მომხმარებლები არ ჰყავთ, სიცივეს ერთმანეთში ხუმრობით ებრძვიან.

43 წლის ომარ ჩოგაძე 3 წელია, რაც ხამსას ყიდის. მასთან ხამსას ფასი დღეს 3-3,50 ლარია. როგორც ომარ ჩოგაძისგან ვიგებთ, ძირითადად ქართველი მომხმარებლები ჰყავთ: „რუსები თითო კილოს თუ იყიდიან ხოლმე“.


ომარ ჩოგაძე

ეთერ მიქელაძე აგრარული ბაზრის შესასვლელში ვაჭრობს. მისი თქმით, ვაჭრობა იმ დროიდან გახდა მისი საქმე, რაც „ჩაის კრეფას დაანება თავი“.

ქალი ჩვენთან საუბრის პარალელურად მომხმარებლებს იღებს და ხამსას წონის, თან ამბობს, რომ „ძალიან კარგი ხამსაა, ახალმოტანილი“.

„ძალიან ადრე ვიწყებთ დღეს, ხან 7-ზე, ხან 8-ზე და გვიან ვამთავრებთ მუშაობს. სანამ ქვეყანა ჩანს და ხალხი დადის, უნდა იყო“, – გვითხრა ეთერმა.


ეთერ მიქელაძე თავის დახლთან

ეთერის თქმითაც, ხამსას ფასი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ფასში იღებენ – „საწვავი ძვირიაო, ასე ამბობს ჩვენი გემის ხალხი.

სადაცაა დამთავრდება ხამსას სეზონი. ორი თვეა შემოსულია. ერთი თვე იქეთ დეკემბერში და ახლა. დეკემბერში კიდევ ვის უნდოდა, განსაკუთრებით ახალი წლის დღეებში?!

ღირს თუ არ ღირს აქ დგომა, რა უნდა ქნა? მიღირს“ – გვითხრა ეთერ მიქელაძემ.


ეთერ მიქელაძე

ხამსას და სხვა სახეობის თევზის დახლები არის უშუალოდ აგრარულ ბაზარშიც. აქ დოდო ოსიძეს შევხვდით, რომელიც 30 წელია თევზით ვაჭრობს.

„მხოლოდ ხამსაზე, სეზონურად არ ვვაჭრობ. თევზი ზაფხულშიცაა: კალმახი, ორაგული“ – გვითხრა მან.

ქალის თქმით, რადგან გარეთ ბევრი გარემოვაჭრე ყიდის თევზს, ბაზარში იშვიათად შედიან მყიდველები.

„ჩვენი კლიენტები ვინც გვყავს, ისინი მოდიან. ყველგან თევზი იყიდება, კიდევ კარგად ვმუშაობთ. ცოტ-ცოტას ვიღებთ [თევზს], რომ დღის განმავლობაში გავყიდოთ და თუ ვერ ვყიდით, მაცივარში ვინახავთ.

ჩვენს შემომტანებსაც ფოთიდან შემოაქვთ თევზი. ხან ხელზე ვიხდით ფულს, ხან გავყიდით და მერე. 7 საათზე იკეტება ბაზარი და ჩვენც ამ დროს ვამთავრებთ ვაჭრობას.

იმდენი წელია ვვაჭრობ, ასე მგონია, სხვა რამეს ვეღარ გავაკეთებ. სიცივეა და მთელი დღე სიცივეში ვართ, მაგრამ სხვაგან წასვლა არც მიფიქრია. ისეთ ასაკში ვარ ახლა, ვერსად ვეღარ წავალ“, – გვითხრა ქალმა.


დოდო ოსიძე

დოდო ოსიძისგან და მისი მეზობელი დახლის მფლობელისგან სხვა სახეობის თევზის ფასებსაც ვიგებთ: „ბარაბულკა“ 15 ლარი ღირს, ზღვის წითელი ორაგული – 25 ლარი, კალმახი – 22 ლარი, „მერლანკა“ – 12 ლარი, კეფალი – 15 ლარი, სკაროსი კი – 8 ლარი.

აქ გვეუბნებიან, რომ ეს ფასები ხან მცირდება და ხან იზრდება, სეზონის მიხედვით.


ხამსა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: