ზელენსკიმ ზალუჟნის უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა და “ოქროს ვარსკვლავის” ორდენი გადასცა უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნის.

დაჯილდოების ცერემონიას ვალერი ზალუჟნი მეუღლესთან, ელენასთან ერთად დაესწრო.

დაჯილდოების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა. კადრებში ჩანს, რომ ყოფილმა მთავარსარდალმა და ზელენსკიმ ორჯერ ჩამოართვეს ხელი და ორჯერ ჩაეხუტნენ ერთმანეთს.

ზელენსკიმ ასევე დააჯილდოვა უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი, კირილო ბუდანოვი და სხვა სამხედრო პირები.

ვალერი ზალუჟნი ზელენსკიმ 8 თებერვალს დაითხოვა.

ვინ არის უკრაინის ახალი მთავარსარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი სირსკი

58 წლის გენერალ-პოლკოვნიკი ოლექსანდრ სირსკი გახდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მას შემდეგ, რაც 8 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაითხოვა ვალერი ზალუჟნი, გენერალი, რომელსაც „რკინის გენერალს“ უწოდებდნენ.

ვინ არის ოლექსანდრ სირსკი, რომელიც აქამდე უკრაინის სახმელეთო ჯარებს ხელმძღვანელობდა?

ოფიციალური ინფორმაციით, ოლექსანდრ სირსკი რუსეთში დაიბადა 1965 წლის 26 ივლისს, სამხედროების ოჯახში. იგი უკრაინაში გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ცხოვრობს.

ზალუჟნისგან განსხვავებით, სირსკის ტრადიციული, საბჭოთა სამხედრო განათლება აქვს მიღებული  – დამთავრებული აქვს მოსკოვის უმაღლესი სამხედრო სამეთაურო სკოლა, მსახურობდა საბჭოთა არმიაში. 1996 წელს სირსკიმ დაამთავრა უკრაინის შეიარაღებული ძალების აკადემია, ხოლო 2005 წელს – უკრაინის ეროვნული თავდაცვის აკადემია. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იგი 1993 წლიდან მსახურობს.

2014 წელს სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი სამეთაურო ცენტრის უფროსის პირველ მოადგილედ დანიშნეს, იგი პასუხისმგებელი იყო ნატოსთან თანამშრომლობაზე. იბრძოდა დონეცკსა და ლუგანსკში.

2019 წლის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ზელენსკის გამარჯვების შემდეგ ოლექსანდრ სირსკი დაინიშნა უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურად. მას 2020 წელს მიენიჭა გენერალ-პოლკოვნიკის წოდება.

სირსკის სამხედრო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერაციები იყო კიევის დაცვა, რისთვისაც პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მას უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა და, ასევე, კონტრშეტევა აღმოსავლეთსა და სამხრეთში.

მედია წერს, რომ სირსკი იყო კიევის დაცვის ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი. მისი დავალებით მოხდა კიევის ორდონიანი დაცვა, რამაც, სამხედრო საქმის სპეციალისტების თქმით, გაართულა რუსული არმიის წინსვლა – რუსული ჯარები იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ.

 სირსკის მიეწერება 2022 წლის სექტემბერში ხარკოვის რეგიონში კონტრშეტევის მართვა, რაც უკრაინის მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო ამ ომში. მაშინ კიევმა რუსული არმიისგან გაათავისუფლა კუპიანსკი, იზიუმი და სხვა ქალაქები. 

2022 წლის შემოდგომაზე და 2023 წლის გაზაფხულზე სირსკი ხელმძღვანელობდა სოლედარისა და ბახმუტის დაცვას, საიდანაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საბოლოოდ უკან დაიხიეს. მაშინ ბევრი სამხედრო ანალიტიკოსი ეჭვობდა, ღირდა თუ არა დანგრეული ქალაქისთვის ამხელა მსხვერპლის გაღება – მიუთითებდნენ დაღუპულებისა და დაჭრილების დიდ რაოდენობაზე. სირსკი კი ამბობდა, რომ უკრაინელების მიერ ბახმუტის დაცვამ დაასუსტა რუსეთის არმია და ასევე, რუსეთის ყველაზე ძლიერი სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“.

დასავლური მედია წერს, რომ სირსკი ისეთი პოპულარული არ არის რიგით სამხედრო მოსამსახურეებს შორის, როგორც ზალუჟნი იყო. მას საბჭოთა სტილის მეთაურად მიიჩნევენ, მიუხედავად იმისა, რომ თავად სირსკიმ, თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები იმართება რადიკალურად განსხვავებული ბრძანებებით, ვიდრე თანამედროვე რუსული არმია და ჯარისკაცის სიცოცხლე უმაღლესი ღირებულებაა.

გამოცემა Kyiv Independent-ი ივან სტუპაკზე, სამხედრო დამკვირვებელისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ თანამშრომელზე დაყრდნობით წერს, რომ სირსკის რეკომენდაცია მთავარსარდლის პოსტზე ვალერი ზალუჟნიმ გაუწია.

სტუპაკმა ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთი უკრაინელი ჯარისკაცი და მოხალისე არ არის კმაყოფილი სირსკის დანიშვნით და მას მოიხსენიებენ, როგორც „ყასაბსა“ და „სასტიკი დისციპლინის მოყვარულს“.

სამხედრო დამკვირვებელი აღნიშნავს, რომ სირსკის კიდევ ერთი უარყოფითი მხარე ისეაა, რომ იგი, ზალუჟნისგან განსხვავებით, ლოიალურია პრეზიდენტის ოფისის მიმართ და მოსალოდნელია სამხედრო საქმეში პოლიტიკის უფრო დიდი გავლენა.

___________________

ფოტო: EPA-EFE/VITALII NOSACH

მზარდი კორუფციის ფაქტები აჭარაში – რას წერს „გამჭვირვალობა“

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მოკვლევით, აჭარის მაღალმთიანეთის მაჟორიტარის, ანზორ ბოლქვაძის ნათესავების კომპანიებმა 2016-2023 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან ჯამში 16 520 805 ლარი მიიღეს.

ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ დღეს, 9 თებერვალს გამოქვეყნებულ მასალაში – „კორუფციის რუკა: რეგიონებში მზარდი კორუფციული ფაქტები და მათზე რეაგირების პრობლემა“.

„გამჭვირვალობა“ ანზორ ბოლქვაძესთან დაკავშირებული 4 კომპანიის: შპს „გიგა-2015“-ის, შპს „აისის“, შპს „ქედეს“ და შპს „როდას“ სახელმწიფო შესყიდვებზე 2020 წელს წერდა, ამჯერად ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „მას შემდეგ შესყიდვებით მიღებული შემოსავალი 6 მილიონზე მეტი ლარით გაიზარდა“.

ამავე წყაროს ცნობით, ბათუმის საკრებულოს ყოფილ წევრთან, ირაკლი თოფურიძესთან  დაკავშირებული კომპანიები –  „აჭარგანათება” და „განათება” უკონკურენტოდ იგებენ ტენდერებს აჭარის მუნიციპალიტეტებში – კომპანიებმა 79 627 110 ლარი  მიიღეს.

„აჭარგანათების“ 100% წილს სრულად ფლობს „ქართული ოცნებიდან” ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ირაკლი თოფურიძის დედა, ზოია დოლიძე.

ეს კომპანია დააფუძნა ირაკლი თოფურიძის მამამ, თამაზ თოფურიძემ, რომელიც ასევე იყო ბათუმის საკრებულოს წევრი 2010-2014 წლებში.

„დღეს კომპანიის წილები სრულად გამოისყიდა ოჯახმა და მას ხელმძღვანელობს ირაკლი თოფურიძის ძმა, ნიკოლოზ თოფურიძე. თავის მხრივ, ნიკოლოზ თოფურიძე ფლობს შპს „განათებას” 100%-იან წილს და იგი სახელმწიფო შესყიდვებში უმეტესად უკონკურენტოდ მონაწილეობს.

თუ „აჭარგანათება“ ბათუმის გარე განათების სერვისის ძირითადი მიმწოდებელია, „განათების“ სამოქმედო სივრცე ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებია“- წერს „გამჭვირვალობა“.

მასალაში აღნიშნულია შესაძლო კორუფციის სხვა შემთხვევებზეც.

კერძოდ, ორგანიზაცია წერს, რომ ქობულეთის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსის, ბადრი რომანაძის კომპანიამ, „ჯორჯიან სტოუნმა“ 2015-2023 წლებში 62 046 920 ლარის შესყიდვები მიიღო, ხოლო აქედან 47 640 633 ლარი – ქობულეთსა და ფოთში უკონკურენტო ტენდერებიდან.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „ჯორჯიან სტოუნის“ დირექტორი ბადრი რომანაძე 2011-2014 წლებში ქობულეთის მერიაში არქიტექტურის სამსახურის უფროსი იყო და სწორედ მისი საჯარო სამსახურიდან წასვლისა და კომპანიის დირექტორად დანიშვნის შემდეგ იმარჯვებს „ჯორჯიან სტოუნის“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ შესყიდვებში.

ასევე, „გამჭვირვალობის“ ცნობით, ბათუმის საკრებულოს წევრის, ლევან დოლიძის მამის, ნუკრი დოლიძის კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 238 მილიონზე მეტი ლარი მიიღეს – „ამ თანხის 74%-ზე მეტი – უკონკურენტო, მეტოქე კომპანიების დისკვალიფიკაციისა და გამარტივებული ხელშეკრულებების პირობებში“ – აღნიშნავს ორგანიზაცია.

„ნუკრი დოლიძე ადრე თავად იყო ბათუმის საკრებულოს წევრი. მისი და მისი ოჯახის წევრების კომპანიების ფავორიტული მდგომარეობა სახელმწიფო შესყიდვებში კიდევ ერთხელ ავლენს ე.წ. მბრუნავი კარის პრობლემის სიმწვავეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის დასკვნაში პირდაპირ უთითებდა „მონოლითი 2005”-სა და „ბონდი 2009“-ის უკონკურენტო პირობებში გამარჯვების შემთხვევებზე. ნუკრი და ლევან დოლიძეები, ასევე მათთან დაკავშირებული პირები უმთავრესად ფინანსებს სწირავენ მმართველ პარტიებს. საკმაოდ მანკიერ პრაქტიკად ჩამოყალიბდა, რომ ბიზნესის წარმომადგენლები პოლიტიკურ ძალას მაშინ აფინანსებენ, როდესაც ეს ძალა მმართველი ხდება“ – წერს „გამჭვირვალობა“.

აქვე აღნიშნულია, რომ ლევან დოლიძე ჯერ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლად დაინიშნა ინფრასტრუქტურულ საკითხებში,  შემდეგ კი ბათუმის საკრებულოს წევრი გახდა.

„გამჭვირვალობა“ ასევე წერს, რომ ბათუმის საკრებულოს წევრის,  ირაკლი პატარიძისა და მისი სიძის კომპანიებმა მიიღეს  სარგებელი ბათუმის მუნიციპალური შესყიდვებიდან – 1 407 584 ლარი.

„შემოსავლების 67% ამ კომპანიებმა ბათუმის იმ მუნიციპალური იურიდიული პირებიდან მიიღეს, რომელთა კონტროლი ირაკლი პატარიძეს ევალებოდა“ – წერს ორგანიზაცია.

ასევე, „ქობულეთის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებთან დაკავშირებულმა კომპანიამ, შპს „ზომამ“ სახელმწიფო შესყიდვებიდან 1 358 938 ლარი მიიღო, მათ შორის 1 344 876 ლარი – ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან. აქედან შემოსავლის 85% უკონკურენტო ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების ხარჯზე.

კომპანიის დირექტორი, ოთარ ზოიძე მუნიციპალური შპს „ქობულეთის წყლის“ ყოფილი ხელმძღვანელია, მისი მოადგილის, გია გოლიაძის მეუღლე  – ფატი ჯინჭარაძე კი ქობულეთის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსია. აუდიტის სამსახურის ანგარიშებით ირკვევა, რომ „ზომა“ სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული სხვა კომპანიების ქვეკონტრაქტორიცაა“ – წერს ორგანიზაცია.

მასალაში ასევე საუბარია კომპანია „ესია ჯგუფზე“ – მაღალჩინოსან ძმებ ბერიძეებთან დაკავშირებულმა კომპანია „ესია ჯგუფმა“ სახელმწიფო შესყიდვებიდან 2 მილიონამდე ლარი მიიღო აჭარაში.

„სახელმწიფო ტენდერებში შპს „ესია ჯგუფი“ 2021 წლის ივლისიდან მონაწილეობს და დღემდე 1,869,747 ლარი მიიღო. ეს კომპანია ბათუმის მუნიციპალური „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ დირექტორის, აკაკი ბერიძის ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა, ირაკლი აზნაურიშვილმა დააფუძნა.

„ესია ჯგუფი“ ქედის მერიისა და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების ქვეკონტრაქტორია და მნიშვნელოვან შემოსავალს აქედან იღებს. ქედის მერი, როლანდ ბერიძე და გზების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე, რაულ ბერიძე აკაკი ბერიძის ძმები არიან“ – წერს ორგანიზაცია.

„გამჭვირვალობის“ მასალაში ნახსენებია გიორგი ჭყონიაც, რომელიც, ორგანიზაციის ცნობით, „ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი და „ქართული ოცნების“ მსხვილი შემწირველია. 2011-2023 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან შემოსავლის სახით მიიღო  335 638 719 ლარი.

გიორგი ჭყონია ფლობს 20 კომპანიის წილს და ხელმძღვანელობს 3 კომპანიას. ეს  კომპანიები, თავის მხრივ, ფლობენ სხვა კომპანიების წილებს.

გიორგი ჭყონიას კომპანიებიდან 3 – შპს „გზა”, შპს „ბათუმი ცენტრალი” და შპს „შატო კვირიკე“  აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში. გიორგი ჭყონიამ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა მმართველ პარტიას და საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ჯამში შესწირეს 1 394 000 ლარი“ – წერს ორგანიზაცია.

„გამჭვირვალობა“ წერს, რომ რეგიონებში სულ უფრო იმატებს კორუფციის სავარაუდო შემთხვევები და თანამდებობის პირებთან და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიები მსხვილ კონტრაქტებს იღებენ სახელმწიფო შემსყიდველებისგან.

__________________________

ფოტო: კადრი „გამჭვირვალობის“ ვიდეორგოლიდან

დიდი ოდენობით „კოკაინის“ შემოტანის მცდელობა სარფში – შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების ჩართულობით, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინის“ საქართველოს ტერიტორიაზე, უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

„კერძოდ: სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოვიდა თურქეთის მოქალაქე ე.ი. აღნიშნული მოქალაქის, ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური და ბარგის, დათვალიერების შედეგად, ერთ შეფუთვად დაფასოებული 100,22 გრამი „კოკაინი“აღმოაჩინეს.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულს გადაეცა.“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

ფოტო: შემოსავლების სამსახური

ქობულეთში შუახნის კაცი შშმ ქალზე სექსუალური ძალადობისთვის დააკავეს

ქობულეთში შუახნის კაცი ახალგაზრდა შშმ ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 138-ე მუხლით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედებას, რომელიც ჩადენილია ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.

შემთხვევა დაახლოებით სამი დღის წინ მოხდა.

დანაშაული ისჯება ექვსიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

  • განახლება: 

აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ „სექსუალური ხასიათის ქმედების“ მუხლს, გაუპატიურების მუხლიც დაუმატა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გააუპატიურა“ – წერს პროკურატურა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“და 138-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით წარედგინა (წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირის გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 თებერვლის 21 საათიდან 10 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი
    ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
    ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, 11-12 თებერვალს ბათუმში ძირითადად მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 9 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 393 290 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +910]
  • ტანკი – 6 385 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 11 921 ერთეული [+22]
  • საარტილერიო სისტემა – 9 435 ერთეული [+24]
  • MLRS – 981 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 666 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 332 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 209 ერთეული [+18]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 881 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 24 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 12 551 ერთეული [+38]
  • სპეცტექნიკა – 1 509 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 570 თვითმფრინავი
  • 265 ვერტმფრენი
  • 12 137 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 464 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 953 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 218 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 000 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 18 404 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ზელენსკიმ ზალუჟნი თანამდებობიდან დაითხოვა 

 

 

მთავარი ფოტო: ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“/facebook 

ჩემი შვილი ადაპტირებული ტაქსით მიჰყავთ სკოლაში და მოჰყავთ სახლში – ემიგრანტი საფრანგეთიდან

მარიამ ადონია ახლა 14 წლისაა. დაბადებიდან ცერებრალური დამბლა აქვს – მუცლადყოფნიდანვე ჟანგბადის ნაკლებობით გამოწვეული. მარიამის დედა, ხათუნა გვალია ამბობს, რომ ექიმებმა საქართველოში ვერ შენიშნეს ნაყოფის ჰიპოქსია (ჟანგბადის ნაკლებობა) და არც შესაბამისი მკურნალობა დანიშვნია ორსულობისას:

„როცა საფრანგეთში ჩამოვედით, ექიმებმა გამოიკვლიეს მარიამის მდგომარეობა და დადგინდა, რომ მისი ცერებრალური დამბლა ამით იყო გამოწვეული. დროზე რომ შეენიშნათ ეს პრობლემა ექიმებს, სხვა მდგომარეობა ექნებოდა ჩემს შვილს, გაცილებით უკეთესი. 28 კვირის დაიბადა მარიამი“, – ამბობს მოზარდის დედა, რომელიც ახლა მარიამთან და კიდევ ერთ შვილთან, 13 წლის ანანოსთან და მეუღლესთან ერთად ქალაქ რენში ცხოვრობს, ემიგრაციაში.

  • „25 ათასი ლარი გადავიხადე 10 თვეში მასაჟებსა და ვარჯიშებში – თურმე ყველაფერი ჩემი შვილის საზიანოდ მოქმედებდა“

მარიამს დაბადებიდანვე მკურნალობდნენ. დედის თანახმად, ბავშვი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იზრდებოდა.

„საქართველოში სამეგრელოში ვცხოვრობდით, ხობში. სამკურნალოდ სულ თბილისში გვიწევდა მარიამის წაყვანა. ამას ყურადღებას არ ვაქცევდით, დავხარჯეთ ყველაფერი, რაც გაგვაჩნდა, ოღონდ ჩვენი შვილი კარგად ყოფილიყო, მაგრამ უბედურება ის არის, რომ მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გავიღეთ, რაც გაგვაჩნდა მკურნალობის ხარჯებისთვის, აღმოჩნდა, რომ ვარჯიშები, მასაჟები, ოპერაციები, რასაც საქართველოში უკეთებდნენ, მის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა და უუარესებდა მდგომარეობას“, – ამბობს მარიამ ადონიას დედა.

ხათუნა გვალია გვიყვება, რომ მარიამს მუხლის უკან მყესების გადაადგილების ოპერაცია გაუკეთეს – ფეხი რომ თავისუფლად მოეხარა და გაეშალა სიარულისას, თუმცა ამ ოპერაციამ მოზარდს ხერხემალი გაუმრუდა დროთა განმავლობაში და ლორდოზი განუვითარდა.

ექიმები მარიამის დედას არწმუნებდნენ, რომ მასაჟებითა და ვარჯიშით ხერხემლის გასწორება შესაძლებელი იყო და ბავშვს ოპერაცია არ სჭირდებოდა.

„თავიდან, როცა ხერხემლის გადახრის კუთხე გავზომეთ, გვითხრეს, რომ 38 გრადუსით იყო გადახრილი. თუმცა იმავე კლინიკაში მერე სხვა ექიმმა დაგვიდასტურა, რომ წინა ექიმს შეეშალა და 64%-ითაა სინამდვილეში ხერხემალი გადახრილიო. 10 თვეში 25 ათასი ლარი გადავიხადე მასაჟებსა და ვარჯიშში. ექიმი მაიმედებდა, ოპერაცია არაა საჭირო, ასე გასწორდება ყველაფერიო.

მოხდა პირიქით – ამან ჩემი შვილის საწინააღმდეგოდ იმოქმედა და ახლა მისი ხერხემალი 110 გრადუსითაა გადახრილი. ათთვიანი ვარჯიშების შემდეგ ექიმთან მივედით, რომ გადაგვემოწმებინა რა მდგომარეობა იყო. მან გვითხრა, რომ სასწრაფოდ საოპერაციო იყო ხერხემალი, არა ესთეტიკური მოსაზრებით, არამედ გადასარჩენად, სხვა ორგანოები რომ არ დაეზიანებინა.

ეს ძალიან რთული ოპერაციაა და ექიმმა გვირჩია უცხოეთში წაგვეყვანა მარიამი“, – იხსენებს ხათუნა გვალია.

თურქეთში მარიამის ოპერაციას 33 ათასი დოლარი სჭირდებოდა, რაც ოჯახს არ ჰქონდა. ასე წავიდნენ ემიგრაციაში ხათუნა გვალია და მისი მეუღლე ორ შვილთან – 14 წლის მარიამსა და 13 წლის ანანოსთან ერთად. ხათუნას მესამე შვილიც ჰყავს, 21 წლის ბიჭი, რომელიც საქართველოში დარჩა.

  • კარავში

„ჩამოდიხარ უცხო ქვეყანაში, ბარდები ლტოლვილად, არც გიბარებენ. სასამართლოებით უნდა ამტკიცო, რომ წასასვლელი არსად გაქვს. თავიდან ძალიან რთულია აქ ექიმთან მოხვდე, თუ გადაუდებელი და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა არ გაქვს. გადის დღეები, იწელება პროცესი, კარავში ცხოვრობ მთელი ოჯახით.

საკვები, ტანსაცმელი, ორგანიზაციებს, ადგილობრივ მცხოვრებლებს მოაქვთ. ხედავ, რომ შიმშილით არ მოკვდები, მაგრამ უცდი და უცდი რა იქნება… დეკემბერში ვიყავით ექიმთან და შემდეგი ვიზიტი მარტში დაგვინიშნეს, ამხელა შუალედი იყო თავიდან“, – იხსენებს შშმ გოგოს დედა.

სასამართლომ მარიამსა და მის ოჯახს საფრანგეთში ბინადრობის უფლება მისცა და საცხოვრებელი გამოუყვეს ქალაქ რენში, სადაც დღემდე ცხოვრობენ. ოპერაცია მარიამს მარტში უნდა ჩაუტარდეს.  ხერხემლის მთელ სიგრძეზე მეტალი უნდა ჩაუსვან, რომ მრუდი გასწორდეს და ორგანოები არ დაზიანდეს. რეაბილიტაციის პროცესს მოზარდი კლინიკაში გაივლის.

  • „საქართველოში რომ დავბრუნდე, ჩემი შვილი სკოლაშიც კი ვერ ისწავლის“

ხათუნა გვალია დროის ერთ ნაწილს ფრანგული ენის კურსებზე ენის სწავლას უთმობს, მეორე ნაწილს კი მარიამთან ერთად ატარებს. დედა გეგმავს კარგად ისწავლოს ენა და ახალ გარემოს შეეჩვიოს, სამომავლოდ რომ დასაქმდეს.

„ეს ხალხი, ეს ექიმები დაგვიდგნენ გვერდით. როცა კარავში ვცხოვრობდით ტულუზაში, ჩვეულებრივ მოქალაქეებს, ფრანგებს მოჰქონდათ საკვები, საბნები, პლედები, სამოსი… ეს გამაოგნებელი მხარდაჭერა იყო.

ექიმების ყურადღება, ყველა დეტალის მიმართ მათი დიდი ინტერესი და დიდი წინდახედულობა გვაგრძნობინებს, რომ საიმედო ხელში ვართ. ამ ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა ჩვენთვის, უცხოელებისთვის და მეც მინდა სულ მცირე, მათი ენა მესმოდეს. ფრანგები დიდ პატივს სცემენ საკუთარ ენას და ყველა პირობას გიქმნიან, რომ გასწავლონ“, – ამბობს ხათუნა.

გარდა იმისა, რომ ოჯახი საფრანგეთის სახელმწიფოსგან ფულად დახმარებას იღებს ყოველთვიური ხარჯებისთვის, ხათუნას მეუღლე პერიოდულად მუშაობს.

როცა საქართველოში დაბრუნების ალბათობაზე ვეკითხებით, ხათუნა გვპასუხობს, რომ ძალიან გაუჭირდება სამედიცინო პროცედურებზე ხობიდან თბილისში ატაროს მარიამი ყოველ ჯერზე, როგორც ადრე. მით უფრო, რომ ოჯახს ამის არანაირი საშუალება აღარ დარჩა:

„დავანებოთ თავი იმას, რომ საჭირო მკურნალობას ვერ მიიღებს მარიამი საქართველოში. საზოგადოებაში ვერ გავიყვან ჩემს შვილს, მისი სახლში დასმა მომიწევს – ეს ჩემთვის მიუღებელია. მინდა ისწავლოს, მინდა მიიღონ. საქართველოში ეს არ მოხდება, ფიზიკურად არავინ შემიწყობს ხელს. მეც აღარ მაქვს ძალა მოზარდი ვატარო ხელით. უნდა მქონდეს ჩემი სახსრებით შეძენილი ადაპტირებული ტრანსპორტი, ტაქსი… საიდან?

აქ ჩემს შვილს ადაპტირებული ტაქსი აქვს გამოყოფილი, აკითხავენ სახლში და მიჰყავთ სკოლაში, თავადვე მოჰყავთ უკან ამავე ტაქსით.

გასართობად როცა დავდივართ, სასეირნოდ თუ ექიმთან, ყველგან ყველაფერი ადაპტირებულია – ტრანსპორტი, შენობები, საპირფარეშოები.

საქართველოში დავბრუნდებოდი იმ შემთხვევაში, თუ ჩემი შვილი მიიღებდა ყველაფერს, რასაც აქ იღებს. ძალიან მინდა ჩემს ქვეყანაში ვცხოვრობდე, ჩემი შვილი ახლობლების, ნათესავების გარემოცვაში იზრდებოდეს, მაგრამ არ გამოდის“, – ამბობს ხათუნა გვალია.

  • „უი, რა დაემართა, გენეტიკაში გაქვთ დაავადება?“

მარიამ ადონიას დედა ამბობს, რომ შშმ ბავშვის ოჯახისთვის ძალიან რთული გარემოა საქართველოში – ხალხისა და ექიმების დამოკიდებულებაც კი:

„უიმე, ასეთია? რა მოუვიდა? – ეს ექიმების სიტყვებია. ასე გვესაუბრებოდნენ და გულს მიკლავდნენ. ასეთი შვილი რატომ გყავთ, გენეტიკაში გაქვთ დაავადება? – ასეც ხშირად უკითხავთ. ჩვენ არ გვჭირდება შეცოდება, აცრემლებული თვალებით საცოდავად გადმოხედვა. სერვისები გვჭირდება და შესაბამისი მკურნალობა.

ქალაქში, სადაც ვცხოვრობთ, რადიკალურად განსხვავებულია ყველას დამოკიდებულება შშმ პირების მიმართ. „რა გჭირდებათ, რით დაგეხმარებით? ,,შეგვიძლია რამე გავაკეთოთ თქვენთვის?“ – ესაა ფრანგების დამოკიდებულება, ქმედითი და საქმიანი, შეცოდების გარეშე.

მხოლოდ ამ დამოკიდებულებისთვის ღირს ჩვენთვის აქ ცხოვრება“, – ამბობს შშმ მოზარდის დედა.

„ხალხში შიშის განცდაა, რადგან მეწყერი იქ ჩამოწვა, სადაც არ ველოდით“ – რა ხდება სხალთაში

„კი, შიშის განცდა არის ხალხში, რადგან მეწყერი იმ ადგილას ჩამოწვა, სადაც არავინ ელოდა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ნუგზარ გორგილაძე, რომელიც სხალთაში იმყოფება.

მისი სახლი და კარ-მიდამო მეწყერმა 1989 წელს მთლიანად გაანადგურა. ახლა ის სოციალურ სახლშია შესახლებული და ახალი მეწყერი ამ სახლის მოშორებითაც ჩამოწვა.

„სადღაც 300 მეტრშია ჩამოსული მიწის მასა. ჯერჯერობით საფრთხე არ ემუქრება ამ შენობას, მაგრამ თუ კიდევ წამოვა მიწის მასა, მაშინ არსებობს რისკი“, – გვეუბნება ნუგზარ გორგილაძე.

ხულოში, სხალთის ხეობაში, მეწყერი დღეს, 8 თებერვალს ჩამოვიდა.

როგორც ნუგზარ გორგილაძე გვეუბნება, მიწის უზარმაზარი მასა ახლა მდინარის კალაპოტშია ჩაწოლილი.

დამეწყრილი გზა სხალთაში
ფოტო: ნუგზარ გორგილაძე

არსებობს რისკი, რომ წყალი დაგუბდეს და შემდეგ ამ მასამ მოსახლეობას საფრთხე შეუქმნას სადმე? – ვკითხეთ ნუგზარ გორგილაძეს.

მისი თქმით, ამ დროისთვის მიწის მასა გაჩერებულია კალაპოტში, მაგრამ რისკი გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ კიდევ განვითარდება მეწყერი.

ნუგზარ გორგილაძე

„ტექნიკა მოსულია და წმენდენ გასასვლელს. გეოლოგებიც არიან ამოსული, საგზაო დეპარტამენტიდანაც ამოვიდნენ.

მოსახლეობა, ვისაც მეტი საფრთხე ჰქონდა, გაიყვანეს. გახიზნულია პირუტყვიც“, – გვეუბნება გორგილაძე.

მიწის მასა მდინარის კალაპოტში მიედინება.

ის სკოლაში მასწავლებლად მუშაობს, ამიტომ სკოლის უსაფრთხოებაზეც ვკითხეთ.

„სკოლასთან მისასვლელი პატარა ხიდი იყო და იქ ჩაიარა მეწყერმა, ახლოს. გაშლილია მიწის მასა, ამიტომ დღეს მეცადინეობა არ იყო. არც ხვალ იქნება და ვნახოთ რა იქნება ორშაბათისთვის. თუ დაიწყება სწავლა, ალბათ მეთვალყურეს დავაყენებთ სკოლასთან, რომ ბავშვები კონტროლის გარეშე არ გადაადგილდნენ ამ მონაკვეთზე“, – ამბობს ნუგზარ გორგილაძე.

როგორც გვეუბნება, სხალთის სკოლაში სხვა სოფლებიდანაც დადიან ბავშვები, ამიტომ გზებზე შესაძლოა არსებობდეს რისკი.

„ჭერი, გურძაული, ყინჩაურიდანაც მოჰყავთ აქ ბავშვები. ჭერი ისეა დამეწყრილი, რომ არ ვიცი, იქიდან მაინც გამოჰყავდა ბავშვები ავტომანქანას და ეს რისკიც არსებობს მანდ. ამის შემდეგ რა იქნება არ ვიცი“, – ამბობს ნუგზარ გორგილაძე.

დამეწყრილი ტერიტორიებიდან ამ დროისთვის სამი ოჯახია გაყვანილი.

ტალახის მდინარე - სტიქია სხალთაში

როგორ მოვკლათ სტალინი – ინტერვიუ

„სტალინიზმი და ჩამორჩენილობა ერთი და იგივეა. სტალინიზმი არის ჩამორჩენილობის ყველაზე მკაფიო და საშიში ფორმა ქართველისთვის,“ – ამბობს გიორგი მამულია, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, საფრანგეთის უმაღლეს კვლევათა სოციალური სკოლის დოქტორი და კავკასიის ისტორიის მკვლევარი.

რა დაუშავა სტალინმა საქართველოს და ამის მიუხედავად რა განაპირობებს მის სიცოცხლის უნარიანობას, ვკითხეთ გიორგი მამულიას.

გიორგი მამულია: აქ რამდენიმე მიზეზია. მთავარი მიზეზი, სტალინის ფიგურა, ჩვენი მოსახლეობის გარკვეული კატეგორიისთვის აღმოჩნდა წარმატებული კარიერის და წარმატებული ადამიანის მაგალითი. განსაკუთრებით უბრალო ფენებში, სტალინი ყოველთვის განიხილებოდა, როგორც ქართველი მეფე რუსეთის ტახტზე.

უბრალო ხალხის ფენიდან გამოსული წარმატებული ადამიანის ეს კომპლექსი, გადამდები აღმოჩნდა.

მითი ცოცხლობს.

ეს მიანიშნებს რას, რომ ადამიანი შეიძლება იყოს უბრალო ქართველი გლეხი, ძალიან მდაბიო ოჯახიდან, ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე, მაგრამ თავისი მოხერხებით შეძლოს რუსეთის, ამ დიდი იმპერიის ტახტზე ასვლა.

ეს კომპლექსი დიდი ხანია ცხოვრობს ქართველებში და კარგა ხანს იქნება.

თვითონ კომუნიზმი, ბოლშევიზმი, განსაკუთრებით სტალინური ტიპის, აღმოჩნდა ისეთი რამ, რომელსაც ჰქონდა არაჩვეულებრივი მიმიკრია და არაჩვეულებრივი შემგუებლობა განსაკუთრებით იმ კონსერვატიულ და ტრადიციულ ფორმებთან, რომელიც არსებობდა ჩვენ საზოგადოებაში.

თუ დააკვირდებით, კომუნიზმმა შეისისხლხორცა ის ტრადიციული, ჩამორჩენილი, მავნე გადმონაშთები, ე.წ. „ტრადიციები“, რომელიც ახასიათებდა ადამიანებს არა მხოლოდ რუსეთში, არამედ სსრ კავშირის ყველა ჩამორჩენილ რესპუბლიკებში.

ეთნიკური სოლიდარობის გრძნობა, რომელიც ქართველებს ახასიათებთ სტალინის მიმართ, არის  ჩამორჩენილობა.

და მაინც, რა განაპირობებს სტალინის სიცოცხლისუნარიანობას? ეს არის პირდაპირი შედეგი იმ რუსული პროპაგანდისა, რაც ვრცელდება საქართველოში.

სააკაშვილის გადადგომის შემდეგ გახსოვთ პირველი რაც მოითხოვა პუტინმა დღევანდელი ხელისუფლებისგან? მიეცათ საშუალება რუსულ არხებისთვის შემოსულიყვნენ საქართველოში.

რუსული არხები პროპაგანდას ავრცელებს.

რუსული არხები ჩავრთოთ და მოვისმინოთ, იქ მიდის ისეთი პროპაგანდა, რომელიც პირდაპირ მიმართულია სტალინის კულტის სიცოცხლისუნარიანობის განმტკიცებისკენ.

სტალინიზმი და სსრ კავშირი სტალინიზმის ფორმით, რუსულ პროპაგანდაში ასახულია, როგორც ჭეშმარიტი რუსული იმპერია, ხოლო სტალინი, როგორც რუსეთის იმპერატორი.

ეს პროპაგანდა კი პოულობს გამოძახილს ჩვენი საზოგადოების ჩამორჩენილ ნაწილში. საზოგადოების გარკვეულ ნაწილს არც განათლება აქვს, არც კრიტიკული მსჯელობის უნარი. თუმცა აქვთ საშუალება მიიღონ ალტერნატიული ინფორმაცია, სამწუხაროდ, ვერ ფლობენ უცხოურ ენებს. ხსენებული რუსული პროპაგანდა კი შემოდის და გავლენას ახდენს ჩვენი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილზე.

  • ხშირად სხვადასხვა საკითხზე მსჯელობისას, საქართველოში ამბობენ – „ამათ უნდათ სტალინი, ახლა რომ სტალინი ცოცხალი იყოს, ამათ ნახე რას უზამდა“. როგორ შეიძლება, ის სისასტიკე, რასაც ჩადიოდა სტალინი, ის რეპრესიები ამდენი ხნის შემდეგაც კი იყოს მისაბაძი და ნატრობდეს ადამიანი, რომ უნდათ სტალინი? ეს რაზე მიანიშნებს?

აქ ორი მიზეზია – პირველი არის ის, რაც ვახსენე: სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის რაღაცა ნაწილის გაუნათლებლობა და ფაქტობრივად ის, რომ ალტერნატიული ინფორმაცია არ აქვთ.

გიორგი მამულია, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, საფრანგეთის უმაღლეს კვლევათა სოციალური სკოლის დოქტორი და კავკასიის ისტორიის მკვლევარი

სსრ კავშირი დაშლის შემდეგ, ჯერ იყო შევარდნაძის პოსტკომუნისტური პერიოდი, უმძიმესი სიტუაცია, მერე სააკაშვილის დროს დაიწყო რეფორმები. სამწუხაროდ, ბოლომდე მაინც ვერ შეძლო სააკაშვილმა მათი განხორციელება. მერე მოვიდა დღევანდელი ხელისუფლება და, ფაქტობრივად, პირდაპირ გადავვარდით აი, ამ ოლიგარქიულ რეალობაში, სადაც რეალურად ბატონობს მხოლოდ მატერიალური ინტერესი.

ასეთ სიტუაციაში, როდესაც ადამიანს სხვა არაფერი არ უნახია, იმის გარდა, რაც ნახა საბჭოთა კავშირის დროს, აკეთებს შესაბამის ტენდენციურ შედარებას – საბჭოთა დროსა და ჩვენს რეალობას შორის.

მეორეც, სოციალური ფონი იმდენად მძიმეა, მომავლის შიში აქვთ ადამიანებს. რა რჩება მას?

წავა ეკლესიაში, რომ რაღაც ნუგეში მიიღოს და იმ რეალობისგან განსხვავებულ გარემოში მოხვდეს, რაც ამჟამადაა საქართველოში.

რამდენიმე  ფაქტორი განაპირობებს სტალინის აღზევებას.

ბოლო ამბავი ავიღოთ,  სტალინი სამების ტაძარში – ტიპური შემთხვევაა. ნახეთ რუსეთში რამდენი არანორმალურია, რომელიც სტალინის ხატებით დადის.

ჩვენს ეკლესიაში რომ შედიხარ, რუსი წმინდანების ხატები გხვდება. მეც განცვიფრებული ვიყავი, უამრავი რუსული ხატი, რუსული ლიტერატურაა.

რატომ?

იქ, სადაც გვყავს შუშანიკი, გრიგოლ ხანძთელი, აბო თბილელი, რა შუაშია მატრონა მასკოვსკაია?

ეს არის წმინდა რუსული ქმედება.

რუსეთმა მართლმადიდებლობა გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ, ისევე როგორც ადრე იყენებდა კომუნიზმს, როგორც იდეოლოგიას. ეს ქმედება ქართველებს აკავებს რუსული გავლენის ფარგლებში, რუსული ჩამორჩენილობის ჭაობში და არ აძლევს საშუალებას მოხდეს იდეოლოგიურად განთავისუფლება იმისგან, რაშიც გვამყოფა კომუნისტების დროს, 70 წლის განმავლობაში.

  • რა დაუშავა სტალინმა საქართველოს? როგორ აისახა საქართველოზე ის, რომ სტალინი წარმოშობით ქართველი იყო?

საქართველო იყო რესპუბლიკა, რომელმაც ყველაზე მეტად იზარალა სტალინური მმართველობის გამო.

საქართველოს გასაბჭოება და მე-11, ოკუპაციური არმიის შემოყვანა 1921 წლის თებერვალში ეს იყო სტალინის და მისი ხელქვეითების, ორჯონიკიძის და ქართველი ბოლშევიკების ბრალი.

ისინი მშვენივრად ხვდებოდნენ – საქართველო დამოუკიდებელი რომ დარჩენილიყო, მათ რუსეთში არავითარი პერსპექტივა არ ექნებოდათ. ამიტომ ცდილობდნენ საქართველოს გასაბჭოებას, რომ აქაც მოკალათებულიყვნენ. სტალინს გეგმა ჰქონდა ცენტრშიც ემართა.

გასაბჭოება, როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, იყო უშუალოდ ქართველი ბოლშევიკების ინიციატივა.

ხელმისაწვდომია ლიტერატურა, სადაც პირდაპირი მიმოწერაა სტალინსა და ორჯონიკიძეს შორის. ორჯონიკიძე მაშინ იყო კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელი, ცხოვრობდა ბაქოში, რადგან აზერბაიჯანი გასაბჭოვდა 1920 წლის აპრილში. მიმოწერიდან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ორჯონიკიძე და სტალინი ბომბავდნენ ცენტრს ტელეგრამებით, რომ აი, აუცილებელია საქართველოს გასაბჭოება. სანამ საქართველოს არ გავასაბჭოებთ, კავკასიაში მშვიდობა ვერ დამყარდება. ამ დროს ლენინიც და ჩიჩერინიც (რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარი), რა თქმა უნდა, გარკვეული ტაქტიკური მოსაზრებების გამო, ცდილობდნენ არ მიეყვანათ საქმე პირდაპირ ინტერვენციამდე.

მაგრამ ქართველი ბოლშევიკების ზეგავლენა ისეთი იყო, საბოლოო ჯამში გადაწონა და გადაწყდა საქართველოს გასაბჭოება.

როგორც კი ანტანტის უმაღლესმა საბჭომ 1921 წლის 26 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს დე იურედ აღიარებაზე, იმ დღესვე მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოში ინტერვენციის შესახებ.

იგივე ფორმულაა, რაც განმეორდა 2008 წელს. როცა დაგვპირდნენ ნატოში მიღებას და ეგრევე მოხდა რუსების პროვოკაცია და შემოჭრა საქართველოში.

გასაბჭოების შემდეგ სტალინი პირველად საქართველოში 1922 წელს ჩამოვიდა. ძალიან ცუდად შეხვდნენ ქართველები. რკინიგზელებიც და სხვებიც ეკითხებოდნენ – რატომ დაღუპეთ საქართველოს დამოუკიდებლობა, რა შეგიძლიათ მისცეთ ამის მაგიერიო?

ამის შემდეგ სტალინმა პირდაპირ განაცხადა – საქართველო უნდა გადაიხნას, მოვსპოთ ყოველგვარი ანტიბოლშევიკური გამოვლინებებიო.

სტალინს 30-იანი წლების დასაწყისში ძალიან გაუფუჭდა ურთიერთობა ძველ ბოლშევიკებთან.

ისინიც კი იყვნენ საქართველოს გასაბჭოების მომხრე, მაგრამ მაინც იყვნენ ავტონომიის მომხრე ხალხი და სრული მონური მორჩილება სტალინისადმი, რასაც ის ითხოვდა, არ უნდოდათ.

1937 წლის რეპრესიების დროს სტალინმა გადაწყვიტა, მოესპო არა მხოლოდ ყველა ძველი ბოლშევიკი, მათი ოჯახები და ახლობლები, არამედ ყველა ის ადამიანი, რომელიც მათ მიერ დაინიშნა საქართველოში რაიმე მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან თანამდებობაზე. ამან განაპირობა რეპრესიების მასობრივი ხასიათი.

სტალინური სიების მიხედვით, 1937-38 წლებში რეპრესირებული იქნა 3600 ადამიანი. მათგან 3500 – პირველი კატეგორიით, ანუ დახვრეტით. მხოლოდ ასი ადამიანი გადაასახლეს, ძირითადად ქალები. სტალინური სიების გარდა 20 ათასი ადამიანი დახვრიტეს.

სტალინის დანაშაული საქართველოსადმი უკავშირდება მეორე მსოფლიო ომს.

მეორე მსოფლიო ომი იყო უმძიმესი დანაკარგი ქართული გენოფონდისათვის. რუსებისთვის იმის დასამტკიცებლად, რომ ქართველებს არ ინდობდა, სტალინმა სხვა რესპუბლიკებთან შედარებით საქართველოში მოსახლეობის პროცენტულად ყველაზე დიდი ნაწილი გაიყვანა ფრონტზე.

ყირიმში უამრავი ქართველი დაიღუპა საჩვენებლად – აი, ქართველები რომ არიან, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს.

სტალინი იყო წარმოშობით ქართველი რუსეთის ტახტზე, რომელსაც ძალიან ეშინოდა რუსული შოვინიზმის. ამიტომ, ცდილობდა ყველას დარწმუნებას, რომ ის რუსი იყო და არა ქართველი.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჰკითხა ერთმა გენერალმა: „იოსებ ბესარიონოვიჩ, თქვენ ქართველს, როგორ შეიძლება ასე კარგად გესმოდეთ რუსი ხალხის მენტალიტეტის?“.

სტალინს ეს არ მოეწონა და უთხრა.

„Я не грузин, я русский, грузинского происхождения“,- „მე არ ვარ ქართველი. მე ვარ რუსი, ქართული წარმოშობის“.

ფაქტობრივად, მთელი მისი მოღვაწეობა იყო საკუთარი კარიერის კეთება საკუთარი ხალხისა და საქართველოს ინტერესების ხარჯზე.

ქართველ კომუნისტებს პირდაპირი კავშირი ჰქონდათ სტალინთან, მაგრამ ეს არ იყო პრივილეგია. რეპრესიები ქართველ კომუნისტებსაც შეეხოთ 1937 წელს.

ამ რეპრესიებს გადაჰყვა ჩვენი ინტელიგენცია და გლეხობის დიდი ნაწილი. იგივე მოხდა 50-იან წლებში, როდესაც სტალინი ცხოვრების ბოლო წლებში დაუპირისპირდა ბერიას. ის ბერიას არ ენდობოდა, ისევე როგორც ძველი პოლიტბიუროს წევრებს. ამიტომ დაიწყო ე.წ. მეგრელთა საქმე. მეგრელთა საქმეს შეეწირა ბევრი ადამიანი და დიდი ტრავმა მიაყენა ქართველების ცნობიერებას.

სტალინის შეფასებაში, მიუხედავად სისხლიანი საქმეებისა, სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ პროვინციულმა აზროვნებამ გადაწონა. ახლაც მიაჩნია ზოგ-ზოგიერთს, ვინაიდან ქართველი იყო, საქართველოსთვის რაღაცას აკეთებდა.

მე დარწმუნებული ვარ, სტალინთან შეხება რომ არ გვქონოდა და ვყოფილიყავით ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც იყო თურქმენეთი თუ უზბეკეთი, გაცილებით ნაკლები რეპრესიები იქნებოდა.

საბოლოო ჯამში სტალინის ახლო ურთიერთობამ საქართველოსთან და ცოდნამ საქართველოში არსებული რეალობისა განაპირობა ის, რომ საქართველომ ასეთი უდიდესი ხარკი გადაიხადა სტალინიზმის გამო.

საუბარი იმაზე, რომ სტალინი წმინდანი იყო და მისი ხატები უნდა შეიქმნას, არის წმინდა სტალინური პროპაგანდა. ასევე ჩვენი ჩამორჩენილობისა და პროვინციული დაკომპლექსების ბრალი.

  • ვინც სტალინის კულტს აცოცხლებს, რა არის მათი მიზანი, რა უნდათ ამით ქართულ საზოგადოებაში გამოიწვიონ?

უპირველესად ესაა გრავიტაცია რუსეთის მიმართულებით და ნარატივი – სტალინი იყო ქართველი, ქართველმა შექმნა სსრ კავშირი, ჩვენ მშვენივრად ვიყავით სსრ კავშირში და რა გინდათ მეტი?

გარდა ამისა, იყო ადამიანი, რომელიც იყო მდაბიო წრიდან და მიაღწია უზარმაზარ მწვერვალს. ბუნებრივია, ეს მასაზე მოქმედებს.

იგივეა ივანიშვილის ან სილვიო ბერლუსკონის ფაქტორი იტალიაში.

ივანიშვილს რატომ დაუჭირა მხარი საქართველოს მოსახლეობამ? დაახლოებით იმავე მიზეზის გამო, რის გამოც სტალინს თავის დროზე. ეს იყო წარმატებული სოციალური პროექტი. გლეხური ოჯახიდან წამოსული ადამიანის ოცნებაა უცებ გახდე მილიარდერი, ოლიგარქი. შეგეძლოს შენი ხუშტურების დაკმაყოფილება – ზებრების ჩამოყვანა და ა.შ.

ეს არის კაპიტალიზმის პირობებში ქართველის იდეალი.

სსრკ-ს პირობებში კი მსგავსი იდეალი სტალინის ფიგურაში აისახა: – ეს ჩვეულებრივი ქართველის, უბრალო გლეხის წარმატებული კარიერის მაგალითი იყო.

იგივე შეიძლება ითქვას სილვიო ბერლუსკონიზეც.

სილვიო ბერლუსკონის, რომელიც იყო კორუმპირებული და ეს იტალიელებმა იცოდნენ, საბოლოო ჯამში აძლევდნენ ხმას. რატომ? იმიტომ, რომ საკუთარ თავს ხედავდნენ მასში. შესაბამისად, მისაღები იყო ამ პრინციპით – მე რომ ვიყო, მეც ასე მოვიქცეოდი. აი, ესაა უბედურება.

  • სტალინის დანაშაულები, რომლებიც მან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩაიდინა, არათუ ჩამოუვარდება ჰიტლერის დანაშაულებს, შეიძლება აჭარბებს კიდეც. ისტორიამ გადააფასა ჰიტლერი, მაგრამ მის გვერდით ჯერ არ დგას სტალინი, რატომ?

გერმანიაში ჰიტლერი და ნაციონალ-სოციალისტები ხელისუფლების სათავეში იმყოფებოდნენ 1933 წლიდან 1945 წლამდე.

სტალინი ხელისუფლებაში მოვიდა 1924 წელს და 30 წელი მართავდა სსრ კავშირს. სსრ კავშირი, როგორც სახელმწიფო, სტალინის დროს ჩამოყალიბდა. სტალინმა შექმნა სისტემა, ტერორით, დაშინებით, ტოტალიტარიზმით და სახელმწიფოს სრული კონტროლით.

შიშის რესურსმა, რაც ჩაუდო ადამიანებს, სისტემას გააძლებინა სტალინის სიკვდილიდან კიდევ 40 წელი – სანამ ცოცხალი იყო იმ ხალხის უმეტესობა, რომელმაც გამოიარა ტერორი და უბედურება, რაც შექმნა სტალინმა.

რამდენი ათასი ადამიანი გაანადგურეს სტალინმა და ბოლშევიკებმა რეპრესიების დროს? თუნდაც კატინის საქმე ავიღოთ, რამდენიმე ათასი პოლონელი ოფიცერი მარტო იმიტომ დახვრიტა, რომ ისინი პოლონელი ოფიცრები იყვნენ.

უპრეცედენტოა დანაშაული, რაც სტალინმა ჩაიდინა კაცობრიობის წინააღმდეგ.

სტალინი იყო აღმოსავლური ტიპის ტირანი, რომელსაც ჰქონდა უზარმაზარი რუსეთის იმპერიის საშუალებები და რომელმაც განახორციელა ტერორი იმ ფარგლებში, რასაც ეს უზარმაზარი იმპერია იძლეოდა.

  • როგორ უნდა მოვკლათ სტალინი?

მხოლოდ განათლებით.

ადამიანებს, რომლებიც გაიზარდნენ, ჩამოყალიბდნენ იმ სისტემაში, იმათ არაფერი აღარ ეშველებათ. ესენი არიან მორწმუნეები. სტალინმა მათში, ფაქტობრივად, კანონიკური სახე მიიღო. მათში ვერაფერს ვერ გამოასწორებ. მათ სწამთ სტალინი.

შედარებით ახალგაზრდებთან, რომლებიც სტალინის დროს არ მოსწრებიან, ყველაფრის გამოსწორება შეიძლება.

უპირველესად განათლებით, შესაბამისი ლიტერატურის გამოცემით, საინფორმაციო საშუალებებში საგანმანათლებლო კამპანიის გატარებით. უნდა ვიცოდეთ ერთი რამ – სტალინიზმი და ჩამორჩენილობა არის ერთი და იგივე. სტალინიზმი არის ჩამორჩენილობის ყველაზე მკაფიო და საშიში ფორმა ქართველებისთვის.

 

„სკოლიდან გამომიყვანეს“ – კიდევ რა სირთულის წინაშეა შშმ გიული, რომელიც მთაში ცხოვრობს

„მინდა, მალე მოვრჩე, რომ ყველაფერი ჩემით გავაკეთო. მინდა, ვიმოგზაურო,“ – გვიყვება გიული დიასამიძე. მას ქედაში, სოფელ გულებში შევხვდით.

გიული დიასამიძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალია. ის სკოლიდან 9 კლასის დასრულების შემდეგ გამოიყვანეს, როცა უკვე ეპილეფსიური შეტევების დროს სკოლაში ხშირად ვერ შველოდნენ, სკოლის დირექტორი კი, მშობლებს ტელეფონით უკავშირდებოდა.

გიულის სოფელში – გულებში მხოლოდ ოთხკლასიანი სკოლაა. ოთხი კლასის დასრულების შემდეგ ბავშვები ამ სოფლიდან ქედის ცენტრში დადიან, 2 კმ-ის სავალზე. გიულიც დასთან ერთად ქედის ცენტრში მდებარე სკოლაში დადიოდა, ვიდრე მას სწავლის შეწყვეტა მოუწევდა.

ახლა გიული დიასამიძე 33 წლისაა. ის პენსიონერ მშობლებთან ერთად ცხოვრობს.

რა სირთულეებთანაა დაკავშირებული ცხოვრება მაღალმთიან სოფელში, როცა შშმ პირის სტატუსი გაქვს?

„ეს მაგიდის გადასაფარებელია, მე მოვქარგე მთლიანად,“ – სახლში შევყავართ გიული დიასამიძეს და ნაქსოვ-ნაქარგ, ფერად ნივთებს გვაჩვენებს. გიული ამბობს, რომ ძალიან უყვარს ქარგვა და ქსოვა, მაგრამ საქსოვი ნივთები შემოელია, მაგალითად, ძაფი, ბათუმში დამოუკიდებლად წასვლა კი, არ შეუძლია.

გიული დიასამიძე

„ესეც აჩვენე“, – ხელნაკეთ ჩანთას ხელში აწვდის გიულის მამა. გურამ დიასამიძე ამბობს, რომ კარგი იქნებოდა ამ საქმის ორგანიზება გიულისთვის: შეკვეთას მიიღებდა და სხვადასხვა ნივთს მოქსოვდა ან მოქარგავდა.

გიულის ძაფები უნდა

„გული აიცრუა, ამ ბოლოს უფრო ტელეფონზე დამოკიდებული გახდა, ძირითადად მუსიკას უსმენს,“ – დიალოგში ერთვება ეთერ ბარამიძეც, გიულის დედა.

შშმ ქალის დედა ფიქრობს, რომ შესაძლოა, გიული დასაქმდეს და უხარია, როცა ტელევიზიით დასაქმებულ შშმ ადამიანებს ხედავს. იმის გამო, რომ ოჯახს ამ ეტაპზე სოციალური დახმარება შეწყვეტილი აქვს, გიულის უარი უთხრეს იმაზე, რომ სოფელში საზოგადოებრივ სამუშაოზე ემუშავა.

„მითხრეს, რომ ადგილები უკვე ამოიწურა. 8 ადამიანი მუშაობს ჩვენს სოფელში, გზაზე მუშაობენ ძირითად, ამბულატორიის დამლაგებლად და ასე შემდეგ. გიულის მუშაობა შეუძლია, ყურადღება სჭირდება, ცუდად არ გახდეს, თორემ ადგილზე იმუშავებდა, ჩვენც დავეხმარებოდით,“ – ფანჯრიდან სოფლის ხედს გაჰყურებს გურამ დიასამიძე.

„კარგი სოფელია, კარგი ადგილია, ყველაფერს ვხედავ აქედან, ბუნებას,“ – ამბობს გიული და მოქარგულ ნივთებსაც ცალ-ცალკე გვაჩვენებს.

„სკოლა და დავალებების დაწერა ძალიან მიყვარდა, სკოლას დავამთავრებდი, მამამ გამომიყვანა, ვეღარ შევძლებდი, ვიცი,“ – ფერად ყელსახვევს გვაჩვენებს გიული ამჯერად და დასძენს, ეს ორ დღეში მოვქსოვე, ძალიან მოქნილი ვარო.

„მასწავლებლები ყველა კმაყოფილი იყო, მაგრამ ავად ხდებოდა. დირექტორი გვირეკავდა, ტაქსის საშუალება მაშინ არ იყო, არც ამდენი მანქანა იყო, ისეთი პერიოდი იყო,“ – გვიყვება ეთერ ბარამიძე. – „სკოლაში ექთანი ჰყავდათ და პირველად დახმარებას უწევდნენ, მაგრამ არ გამოვიდა.

ეთერ ბარამიძე

წლის და 8 თვის იყო, პირველად რომ ჰქონდა შეტევა, მას შემდეგ მუდმივად მასთან ვარ, ვერ ვტოვებ, პროფესიით ინჟინერი ვარ, ბათუმში სტატისტიკაში ვმუშაობდი, მაგრამ მას შემდეგ აღარასდროს მიმუშავია.

მითხრეს, რომ მომვლელის ფულს მე ვერ მომცემდნენ, მეორე ჯგუფია და არაო. გიულის პენსია 234 ლარია. მუნიციპალიტეტი სრულად გვეხმარება მედიკამენტებზე, მაგაში ფული არ გვეხარჯება,“ – ასრულებს ეთერ ბარამიძე.

თიბისი ახალ თანამშრომლებს აქტიურად ეძებს

გაბედე, ისწავლე, შექმენი, შეცვალე, შთააგონე!

თიბისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ახალი, მოტივირებული თანამშრომლების დასაქმების პროცესს აგრძელებს. აქ შეგიძლია შეუერთდე გუნდს, რომელიც განვითარებისკენ სწრაფვით გამოირჩევა.

ვაკანსიები სხვადასხვა გუნდშია გამოცხადებული: მომხმარებელზე ზრუნვის ცენტრის, პროდუქტების, მონაცემთა ანალიზის და მართვის, ეჯაილის, რისკების, საოპერაციო და სხვა მსგავსი მიმართულებებით. განსაკუთრებით ფრონტის, ფილიალების პოზიციებზე, სადაც განვითარების მრავალმხრივი შესაძლებლობა და ინდივიდუალური კარიერული წინსვლის გეგმა დაგხვდება.

თიბისის გუნდისთვის გამარჯვებისა და წარმატების გზა თვითგანვითარებასა და გამოცდილების გაზიარებაზე დგას, ამიტომ, თიბისიში განვითარების არაერთი შესაძლებლობა დაგხვდება – მათ შორის, პლატფორმა თიბისი აკადემია, რომელიც წამყვანი და მოთხოვნადი პროფესიების სრულიად უფასოდ დაუფლებას გთავაზობს, როგორიცაა: საინფორმაციო ტექნოლოგიების, ბიზნესის, ეჯაილისა და სხვა მიმართულებების სასწავლო კურსები.

„თიბისი რეგიონის ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია, რომელიც განსაკუთრებული კორპორაციული კულტურით გამოირჩევა. თიბისი მრავალფეროვან ეკოსისტემას ქმნის, რაც გუნდში დასაქმებულ ადამიანს სხვადასხვა მიმართულებით განვითარების დიდ შესაძლებლობას აძლევს. თიბისელებისთვის კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნა ჩვენი პრიორიტეტია, რასაც მათთვის შესაძლებლობების შექმნით ვაღწევთ“, – გვანცა მურღვლიანი, თიბისის ადამიანური კაპიტალის მიმართულების უფროსი.

თიბისისთვის თანამშრომლების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ, სტანდარტული ჯანმრთელობის დაზღვევის გარდა, რომლითაც ოჯახის წევრის დაზღვევაც შეუძლიათ, თიბისელებს დამატებით სიცოცხლის და კრიტიკული დაავადებების დაზღვევას სთავაზობს. ასევე, მენტალური ჯანმრთელობის პროგრამის ფარგლებში ტარდება თერაპიული ვორქშოპები, ფსიქოლოგებთან შეხვედრები, გასვლით ვარჯიშები და სხვა.

2009 წლიდან არსებობს ფონდი ,,თიბისელები“, რომლის მიზანიც რთული ჯანმრთელობის პრობლემების დროს თანამშრომლების ფინანსური მხარდაჭერაა. ფონდი თითოეული თიბისელის საამაყო პროექტია, რომელიც ერთიანი ძალებით, ყოველწლიურად ასობით თიბისელს და მათ ოჯახის წევრებს ეხმარება. ასევე, მრავალშვილიანები – უკვე ბევრი წელია თიბისისთვის განსაკუთრებული პროექტია: თიბისელს, რომელსაც 3 და მეტი შვილი ჰყავს მრავალშვილიანის სტატუსი ენიჭება და კომპანია მათ დამატებით ბენეფიტებს სთავაზობს.

თიბისელები პარტნიორ კომპანიებში სპეციალური ფასდაკლებები სარგებლობენ. ხშირად ტარდება სხვადასხვა სპორტული თუ გასართობი შეხვედრები, რაც მათ ყოველდღიურობას უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესო ხდის.

თუ გინდა, რომ განსაკუთრებული კულტურით გამორჩეული გუნდის ნაწილი გახდე, საერთაშორისო განვითარების პროცესში ჩაერთო და სხვა თიბისელებთან ერთად ადამიანების ცხოვრების გამარტივების მისია გაიზიარო, შეუერთდი თიბისის და გახდი დიდი ცვლილებების მონაწილე. გაეცანი მიმდინარე ვაკანსიებს აქ, გახდი თიბისელი!

2023 ყველაზე თბილი წელი იყო, რას ველით 2024 წელს? – კლიმატის მონიტორინგი

დედამიწამ პირველად გადაიტანა 12 თვის განმავლობაში პრეინდუსტრიულ დონეზე 1,5 C გრადუსით უფრო მაღალი ტემპერატურა – ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახური ავრცელებს.

2023 წელი დადასტურებულია, როგორც ყველაზე თბილი კალენდარული წელი გლობალური ტემპერატურის მონაცემების ჩანაწერებში, რომელიც 1850 წლიდან იწყება.

ძირითადი ფაქტები:

  • 2023 წელს გლობალური საშუალო ტემპერატურა 14,98°C იყო, რაც 0,17°C-ით აღემატება წინა უმაღლეს წლიურ მაჩვენებელს, რომელიც 2016 წელს დაფიქსირდა.
  • 2023 წელი 0.60°C-ით უფრო თბილი იყო 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით და 1.48°C-ით უფრო თბილი, ვიდრე 1850-1900 პრეინდუსტრიული პერიოდის მაჩვენებელი.
  • სავარაუდოა, რომ 12-თვიანი პერიოდი, რომელიც მთავრდება 2024 წლის იანვარში ან თებერვალში, 1,5°C-ით უფრო მაღალი იქნება, ვიდრე პრეინდუსტრიული პერიოდის მაჩვენებელი.
  • 2023 წლის ივნისიდან დეკემბრამდე თითოეული თვე უფრო თბილი იყო ვიდრე წინა წლის შესაბამისი თვე.

2023 წელს მთელ მსოფლიოში განვითარებულმა ექსტრემალურმა მოვლენებმა, მათ შორის: მასშტაბურმა წყალდიდობებმა, ტყის ხანძრებმა და გვალვამ, სერიოზული გავლენა მოახდინა ადამიანების ჯანმრთელობაზე, ეკოსისტემებზე, ბუნებასა და ინფრასტრუქტურაზე. 

2023 წელს გლობალური ხანძრის  შედეგად ნახშირბადის გამონაბოლქვი 2022 წელთან შედარებით დაახლოებით 30%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად გამოწვეულია კანადაში მუდმივი ხანძრებით.

2023 წელი მნიშვნელოვანი იყო ანტარქტიდის ზღვის ყინულისთვისაც – ყინულის მასშტაბმა რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიაღწია წელიწადის 8 თვის განმავლობაში. 

„როგორი მოლოდინი გვაქვს 2024 წლისგან? ახლახან გამოქვეყნებული პროგნოზის თანახმად 2024 წელი შეიძლება უფრო თბილი იყოს, ვიდრე 2023 წელი. მრავალ მონაცემზე დაფუძნებული გონივრული ვარაუდით,  კალენდარული წელი დასრულდება პრეინდუსტრიულ დონეზე 1,5°C-ზე მაღალი საშუალო ტემპერატურით“ – წერს ევროკავშირის კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახური

„ხიდი წაიღო, გზა აღარ გვაქვს“ – მეწყერი სხალთაში

ხულოში, სხალთის ხეობაში, 8 თებერვალს მეწყერი ჩამოწვა.

„წაბლანის მეწყრის შედეგად ჩამოშლილი მიწის მასა ჩამოწვა მდინარე ფაჩხაში და ღვარცოფი ახალა სხალთის ტაძრის მიმდებარე ტეროტორიაზე მოდის“ – გვითხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

„ხიდი წაიღო, გზა აღარ გვაქვს, 3 ოჯახი გაჰყავთ, ვისაც საფრთხე ემუქრება,“ – გვითხრა სოფელ სხალთაში მცხოვრებმა ლევან მახარაძემ.

სოფელ წაბლანაში მცხოვრები დავით შაინიძის თქმით კი, სოფელ წაბლანის ერთი ნაწილი დაიმეწყრა: „ვის სიახლოვესაც ჩამოწვა მეწყერი, დაურეკეს და უთხრეს, რომ უნდა გადავიდეს უსაფრთხო ადგილზე, სხვა მხრივ ჩვენს სოფელში სიმშვიდეა“.

ხულოს მერიის ინფორმაციით, მეწყერი სოფელ ყინჩაურში დარიკო ცეცხლაძისა და ლევან შაინიძის საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ განვითარდა.

„მეწყრული პროცესები ღამის 2 საათიდან დაიწყო და მთელი ღამის განავლობაში გრძელდებოდა. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. მეწყრული კერის არეალში მცხოვრები ოჯახების გაყვანა დროულად მოხერხდა უსაფრთხო ადგილას. მეწყერმა დააზიანი სოფელ ყინჩაურში არსებული სამანქანო ხიდი და მიმდებარე ტერიტორია.

ამ დროისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. მოძრაობის აღდგენის მიზნით, მალე დაიწყება საჭირო ღონისძიებები“ – წერს მერია.

მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა სტიქიური კერიდან 35 ოჯახია გაყვანილი უსაფრთხო ადგილას.

ხულოს მერიის ინფორმაციით, 24-საათიან რეჟიმში მოქმედებს ცხელი ხაზი: 551 00 52 72

ნახევარი მილიონი ლარის მითვისების ბრალდებით სკოლის დირექტორი და ბუღალტერი დააკავეს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, აფხაზეთის მე-15 საჯარო სკოლის დირექტორმა და ამავე სკოლის ბუღალტერმა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს 533 576 ლარი.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აფხაზეთის №15 საჯარო სკოლის დირექტორმა და ამავე სკოლის ბუღალტერმა 2015-2023 წლებში თითქოსდა სამივლინებო, სამეურნეო, ასევე თანამდებობრივი სარგოსა და დანამატის დანიშნულებით, როგორც საკუთარ, ასევე მათთან დაკავშირებული სხვა პირების საბანკო ანგარიშებზე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ზედმეტად ჩარიცხეს 533 576 ლარი, რასაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ.

აღნიშნული ქმედებით, ბრალდებულებმა საგანმანათლებლო დაწესებულებას დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიაყენეს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ „აფხაზეთის №15 საჯარო სკოლის“ დირექტორმა და ბუღალტერმა, 2022-2023 წლებში, სკოლის წლიური ანგარიშების შედგენის დროს, საკუთარი დანაშაულის დაფარვის მიზნით, საბანკო ამონაწერებში ყალბი მონაცემები შეიტანეს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საბიუჯეტო-საფინანსო შესყიდვების სამსახურის წარმომადგენლებს აღნიშნული სახით წარუდგინეს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“ – იუწყება პროკურატურა.

უწყების ცნობით, დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში იმყოფებოდა) და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინათ.

დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება.

აფხაზეთის №15 სკოლა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მდებარეობს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 8 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 392 380 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +910]
  • ტანკი – 6 383 ერთეული [+11]
  • ჯავშანტექნიკა – 11 899 ერთეული [+20]
  • საარტილერიო სისტემა – 9 411 ერთეული [+24]
  • MLRS – 980 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 666 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 332 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 191 ერთეული [+14]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 880 ერთეული [+31]
  • გემი/ნავი – 24 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 12 513 ერთეული [+27]
  • სპეცტექნიკა – 1 505 ერთეული [+8]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 8 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 570 თვითმფრინავი
  • 265 ვერტმფრენი
  • 12 040 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 462 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 938 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 218 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 995 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 18 369 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

მატარებლით მგზავრობა ხვალ დილიდან განახლდება – რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის ცნობით, ხვალ, 8 თებერვალს, დასავლეთ საქართველოში დილიდან განახლდება სამგზავრო მიმოსვლა მატარებლით.

რკინიგზა აცხადებს, რომ ლიანდაგები სრულად გაწმენდილია მეწყრისგან.

აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი სარკინიგზო რეისები საქართველოში 6 თებერვალს შეჩერდა. რკინიგზის განცხადებით, მიზეზი სტიქია და უამინდობა იყო.

რკინიგზის ცნობით, გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.

ბავშვის ცემა როგორ შეიძლება – 94 წლის ყოფილი პედაგოგი ქედიდან

„მაგელანს არ უვლია იმდენი, მე რომ მივლია.

ზამთარში თხილამურებით დავდიოდი სკოლაში, 4 კლასთან ერთად ვმუშაობდი. ქიმია-ბიოლოგიას, ფიზკულტურას ვასწავლიდი, დაწყებითებსაც“, – ამბობს 94 წლის როსტომ ძნელაძე „ბათუმელებთან“.

როსტომ ძნელაძე ქედაში, სოფელ ორცვაში ცხოვრობს და გვიყვება, როგორი უნდა იყოს კარგი მასწავლებელი და რა არის მნიშვნელოვანი პედაგოგისთვის „დიდთან დიდი იყოს და პატარასთან – პატარა“.

მისი თქმით, სიტყვა „მასწავლებელი“ იმდენად დიდი ღირსების მატარებელია, რომ ამ სტატუსის ადამიანს მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება.

„მასწავლებელი უნდა იყოს კულტურულად ჩამოყალიბებული და განათლებული. გამორჩეული სიტყვითაც. ზოგი მასწავლებელი საგნის მცოდნეა, მაგრამ ნერვიულია. ასე არ შეიძლება.

აქ, ჩვენთანაც გვყავდა ერთი მასწავლებელი, ცემის მეტი არაფერი ჰქონდა გაკვეთილზე. ბავშვის ცემა არ შეიძლება.

მოსწავლეთა სიმრავლეს მნიშვნელობა არ აქვს, მასწავლებლის საუბარს აქვს მნიშვნელობა“, – ამბობს როსტომ ძნელაძე.

94 წლის როსტომ ძნელაძე.

მისი აზრით, მკაცრი მასწავლებელი არც ერთ მოსწავლეს არ მოსწონს.

„მასწავლებელს მოსწავლის მდგომარეობაში ყოფნაც უნდა შეეძლოს ხანდახან. ისე უნდა დაამუხრუჭო მოსწავლე, რომ ღირსება შეინარჩუნო.

დიდთან დიდი უნდა იყო და პატარასთან – პატარა.

ბავშვის დატუქსვისა და გამოსწორების ბევრნაირი ხერხი არსებობს, სავალდებულო არ არის ყვირილი და ძალადობა. ეს მეთოდები კი შენ, მასწავლებელმა უნდა გამოიმუშაო.

ყველა ბავშვი ერთნაირი არ არის, ერთს სხვა უნდა, მეორეს – სხვა“, – ამბობს როსტომი.

როსტომს სკოლაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. უმუშავია მცირეკონტინგენტიან სკოლებშიც.

ამბობს, რომ ერთ მოსწავლესთან მუშაობა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ბევრ ბავშვთან. „რა დილხორია (რთული) იცი, ერთი მოსწავლე როცა გყავს? ვერ ეტყვი „ადექი“, „დაჯექი“, სულ სხვანაირი მიდგომები გჭირდება. სულ უნდა ეცადო, რომ არ მოიწყინოს, მისთვის საინტერესო უნდა გახადო პროცესი.

ბავშვს ზოგჯერ უმნიშვნელო რამეც კი შეიძლება ეწყინოს. მახსოვს, ერთხელ ერთ მოსწავლეს საათი გამოვართვი. ახალი საათი ჰქონდა, სულ ზედ იყურებოდა და ყურადღება ეფანტებოდა.

გამიბრაზდა. როცა გაიზარდა და წლების შემდეგ შემხვდა, ეს ამბავი გაიხსენა. გახსოვთ, საათი რომ წამართვითო?.

აი, ასეთია ბავშვის ბუნება. ბავშვს ზოგჯერ ისე უნდა ასიამოვნო, რომ წლების შემდეგ შენთან შეხვედრა სიამოვნებდეს. „გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი“, – ხომ ასეა?

ჩქოლას (ნერგი) რომ დარგავ, იმას ჭიგო უნდა სწორად რომ  გაიზარდოს, ასეთი ჭიგოა სკოლა მოსწავლისთვის“, – ამბობს როსტომ ძნელაძე.

მისი თქმით, ყველაზე მთავარი ადამიანებთან ურთიერთობაში ენაა.

„ახლა ერთმანეთს ისეთ რამეებს შეჰკადრებენ, ასე როგორ შეიძლება. ან პარლამენტარები, მინისტრები, როგორ ელაპარაკებიან ერთმანეთს… მეტისმეტია ეს.

ადრე ტელევიზორი არ იყო და ხალხი ვერ ხედავდა ყველაფერს. ახლა ყველაფერი ჩანს.

ყველა ერთმანეთს ძრახავს. ყველა უკან მდგომი წინას ჰკრავს ხელს, რომ მის ადგილზე იყოს. ასე როგორ შეიძლება“, – გვეუბნება როსტომი.

მისი თქმით, ადამიანმა ისე უნდა იცხოვრო, რომ შენი განვლილი გზით იამაყო. „მე ნამდვილად ვამაყობ ჩემი ცხოვრებით“, – ამბობს როსტომი.

„მაგელანს არ უვლია იმდენი, მე რომ მივლია“ - 94 წლის მასწავლებელი ქედიდან

რა არ გამომივლია, კომუნისტური დიქტატურიდან მოყოლებული, მეორე მსოფლიო ომი. პურის ნაცვლად ხის ქერს ჭამდა ხალხი, ისეთი გაჭირვება გამოვიარეთ, მაგრამ ღირსება არ დაგვიკარგავს ბევრს.

თუმცა ისეთი ხალხიც ვნახეთ, 37 წელში 3 თუმანზე ჯაშუშად რომ მუშაობდა და ოჯახებს ანადგურებდა. ძალიან სასტიკი იყო 37 წელი, რეპრესიები. ბევრი ნიჭიერი და კარგი ხალხი განადგურდა.

ბიძაჩემი, დედაჩემის ძმაც წაიყვანეს და ისე ჩაკლეს სადღაც, კაცმა არ იცის.

თუ სხვას ძირს უთხრი, იმ ორმოში შენც ჩავარდები. ამიტომ ასე არ უნდა მოიქცე ადამიანი, თუ ჭკვიანი და გონიერი ხარ.

მარადიული არავინ არის. არაფერია ცხოვრება, ამიტომ ადამიანმა ყოველთვის უნდა აკეთოს სიკეთე. სიკეთე მზის შუქს ჰგავს, არ იკარგება. არც ბოროტება იკარგება“, – ამბობს როსტომ ძნელაძე.

როსტომ ძნელაძე ქედაში, სოფელ ორცვაში ცხოვრობს.

მისი თქმით, ამ ქვეყანაზე უნაკლო არავინაა, თუმცა ადამიანები უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენი განვლილი გზა მისაღები იყოს სხვისთვისაც.

„ასეთი უნდა იყოს მასწავლებელიც, რადგან ის აყალიბებს მომავალ თაობას თავისი ენერგიით. ამიტომ მასწავლებელს ყველაზე მეტი მოეთხოვება“, – გვეუბნება ის.

მისი თქმით, მასწავლებელი კარგად უნდა ცხოვრობდეს, რადგან ბავშვი ყველაფერს აკვირდება. მასწავლებელი ხშირად არის ბავშვისთვის მაგალითი, ამიტომ მასწავლებლის ცხოვრებაც მისაღები უნდა იყოს ბავშვისთვისო.

„მე, მაგალითად, კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით, რადგან სკოლიდან მადლიერი ვარ წამოსული“, – დასძენს ის.

რამდენად საყურადღებოა შეკრთომა ჩაძინებისას – ექიმის რჩევები

ჩაძინებისას შეკრთომა ძალიან ხშირი მოვლენაა, ამ დროს კუნთები უეცრად და უნებლიეთ მოძრაობს – მიოკლონია [კუნთის სწრაფი, უნებლიეთ შეკუმშვა] შეიძლება რამდენჯერმე განმეორდეს და ზოგჯერ ისეთი ინტენსიური იყოს, რომ გამოგაფხიზლოთ კიდეც.

მოძრაობას ხშირად ახლავს სხვა, მათ შორის, სიზმრის მსგავსი, წარმოსახვითი ვარდნის შეგრძნება. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ნევროლოგი, ელგა ჩხენკელი განმარტავს, რომ ასეთი მიოკლონია, როგორც წესი, გვხვდება ჯანმრთელ ადამიანებში, ანუ ფიზიოლოგიურია და ჩვეულებრივ, არ არის საშიში. თუმცა შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში მსგავსი სიმპტომატიკა საჭიროებდეს სამედიცინო დახმარებასაც.

„სამედიცინო ენაზე ამ უნებლიე მოძრაობებს, რომლებიც უმეტესად იწვევს კიდურების მცირე ამპლიტუდის მოძრაობას, ეწოდება მიოკლონია. მიოკლონია, ზოგადად, შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური, რომელიც ვითარდება ფსიქო-ემოციური აგზნების ფონზე, შეიძლება იყოს შფოთვითი აშლილობის გამოვლინება“, – ამბობს ექიმი.

ნევროლოგი ასევე ამბობს, რომ ზოგიერთ  შემთხვევაში მიოკლონია შეიძლება იყოს გენერალიზებული ეპილეფსიის ზოგიერთი ფორმის ერთ-ერთი გამოვლინება, თუმცა გენერალიზებული ეპილეფსიისთვის დამახასიათებელი მიოკლონია უფრო დილით, გამოღვიძებისას ვლინდება.

მიოკლონია განსაკუთრებით საყურადღებოა მოზარდობის ასაკში.

„იმდენად, რამდენადაც ეს გენერალიზებული ფორმები ძირითადად ვლინდება გარდატეხის ასაკში, პროგნოზულად თუ არ უმკურნალებ, მომავალში, რამდენიმე თვის, წლის შემდეგ შეიძლება სიცოცხლისთვის საშიშ ვითარებაში ჩააგდოს პაციენტი, რადგან შესაძლოა განვითარდეს დიდი, გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრა. ამ დროს შესაძლოა ცუდად დაეცეს და დაშავდეს პაციენტი. აქვე, შეიძლება სიმპტომები თავისითაც ალაგდეს, ან კლინიკურად არც გამოვლინდეს, ან გამოვლინდეს საჭესთან ყოფნისას, ან სხვა სახიფათო ვითარებაში“, – ამბობს ექიმი.

გამომწვევი მიზეზების მიხედვით, გარდა ფიზიოლოგიური და ეპილეფსიური მიოკლონიისა, შეიძლება იყოს სიმპტომური მიოკლონია, რომელიც, Mayo Clinic-ის ცნობით, გამოწვეულია ძირითადი სამედიცინო მდგომარეობით – „მას ზოგჯერ მეორად მიოკლონუსს უწოდებენ. მაგალითები მოიცავს: მეტაბოლურ დარღვევებს, ქიმიურ ან წამლისმიერ მოწამვლას, ინფექციას, წამლის რეაქციას და სხვა“.

ექიმის განმარტებით, ფიზიოლოგიური მიოკლონიის შემცირებისთვის საჭიროა სტრესის შემცირება. კერძოდ „ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ვაძლევთ შფოთვის დროს. ეს არის ძილის ჰიგიენის, შრომის ჰიგიენის დაცვა, ანუ ნორმირებული ძილი და ნორმირებული შრომა – არ შეიძლება დღისა და ღამის გადაბმა.

ასევე, მნიშვნელოვანია ზომიერი ფიზიკური დატვირთვა; გაჯეტების შეზღუდვა, რომლებიც ზრდიან ტვინში ელექტრონულ აქტივობას და ეს გვმატებს შფოთვას; მავნე ნივთიერებების არ მიღება; აქვე, უნდა შეამციროთ კოფეინის მოხმარება; სიგარეტი შეზღუდეთ კატეგორიულად; თუ ექიმი საჭიროდ მიიჩნევს, შესაძლოა გარკვეული დროით მედიკამენტური საშუალებების გამოყენებაც“.

SleepFoundation: კოფეინის ჭარბად მოხმარებამ, განსაკუთრებით დღის ბოლოს, შეიძლება ხელი შეგიშალოთ ძილში. მოერიდეთ დღეში 400 მილიგრამზე მეტი ყავის მოხმარებას; ნიკოტინი მასტიმულირებელი საშუალებაა, რომელსაც შეუძლია შეაფერხოს ტვინის უნარი, მოდუნდეს ღამის საათებში. მას ასევე შეუძლია გავლენა მოახდინოს თქვენი ძილის ხარისხზე. მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლი სედატიური საშუალებაა, მას ასევე შეუძლია დაარღვიოს თქვენი ძილი, გამოიწვიოს ძილის ნაკლებობა, რაც ზრდის ძალისმიერი შეკრთომების რისკს.

ელგა ჩხენკელი ამბობს, რომ როდესაც კრთომა ხშირია, ხელს გვიშლის ძილში, ან ვითარდება დილის საათებში, გამოღვიძებისას, განსაკუთრებით მოზარდობის ასაკში, უმჯობესია მიმართოთ ექიმს:

„თუ ფსიქოგენურია, ამ შემთხვევაშიც სჭირდება დახმარება, თუ პათოლოგიაა – მით უმეტეს. ეპილეფსიაზე ეჭვის შემთხვევაში ინიშნება ელექტროენცეფალოგრამა და პაციენტს სჭირდება ეპილეფტოლოგის კონსულტაცია, რათა ამ ერთი შეხედვით უწყინარი სიმპტომის უკან არ გამოგვეპაროს ეპილეფსიის საკმაოდ სერიოზული ფორმა, რომელსაც სჭირდება მკურნალობა“ – ამბობს ელგა ჩხენკელი. 

„როცა გძინავს, როგორ მიხვდები, როდისაა გაქცევის დრო“ – ხალხი სოფელში მეწყრის პირისპირ და მარტო | ვიდეო

„წვიმის დროს გვეუბნებიან, დაცალეთ სახლიო, მაგრამ როცა გძინავს, რა უნდა მიხვდე, როდისაა გაქცევის პერიოდი, ან სად უნდა გავიქცეთ?“ – კითხულობს მარო ქავთარაძე, რომელსაც ქედის სოფელ გულებში 6 დღის წინ, პირველ თებერვალს ვესაუბრეთ.

სოფელი გულები გუშინ, 6 თებერვალს დაიმეწყრა: მოიშალა გზები, მეწყერი შევიდა სახლის ეზოებსა და ბაღებში. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მეწყრის შედეგად აჭარის სოფლებში 2 ადამიანი დაიღუპა, გულებში 15 ოჯახს, ღამის 12 საათის შემდეგ, ახლობლებისთვის შეუფარებია თავი.

იმის მიუხედავად, რომ წინა წლებში სოფელ გულებში მცხოვრებ 19 ოჯახს გეოლოგებმა უთხრეს, რომ მათი გასახლებაა საჭირო, ისინი ვერსად წავიდნენ. ადამიანები, რომლებსაც „ბათუმელები“ დამეწყვრამდე ესაუბრა, ჰყვებიან, რომ მათ ხელისუფლებამ ვერაფერი შესთავაზა – სოფელი მხოლოდ ორ ოჯახს დაუტოვებია, ვისი სახლიც მეწყერმა წინა წლებში წაიღო.

„აქ ბზარი ცოტა იყო, მაგრამ თანდათან მატულობს, მეწყრის ზონაა, მუდმივად შიში გვაქვს,“ – სახლის გარე ფასადზე ბზარებს გვაჩვენებს მარო ქავთარაძე.

მარო ქავთარაძის სახლი
მარო ქავთარაძე

„დემონტაჟი როცა წერია გეოლოგის დასკვნაში, თავისთავად საშიშია. თითქმის ერთი წლის წინ დაიდო დასკვნა,“ – ამბობს მარო ქავთარაძე, რომლის სახლის ეზოდან ჩამავალ გზას ახლაც ატყვია წინა მეწყრის კვალი.

მარო ქავთარაძეს და მის მეზობლებს ხელისუფლება 40 ათას ლარს სთავაზობს გასახლების სანაცვლოდ, ან ბინას სოციალურ სახლში, ქედის ცენტრში. მარო გვიყვება, რომ ეს პირობა მისაღები არ არის, რადგან სახლს ვერ იყიდის.

„წლებია გვაქვს გეოლოგების დასკვნები, მაგრამ არავინ წავსულვართ, 300 ლარს იძლევიან მხოლოდ ბინის ქირისთვის. 300 ლარად ქედაშიც ვერ იქირავებ, არათუ სადმე სხვაგან წახვიდე,“ – ამბობს გურამ დიასამიძე. მას გეოლოგების დასკვნის მიხედვით, სახლის დატოვება არ უწევს, მაგრამ ფერდსამაგარი სამუშაოები და სახლის გამაგრებაა საჭირო.

რას ჰყვებოდნენ სოფელ გულებში დამეწყვრამდე 6 დღით ადრე - აჭარაში მეწყრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

„ყველა დოკუმენტაცია გამზადებულია, ველოდები დაფინანსებას,“ – ადგილობრივი მთავრობის დაგვიანებულ რეაქციაზე მიგვანიშნებს მოქალაქე.

გურამ დიასამიძე

„ნახეთ, ჩემი სახლი გადაწეულია,“ – სახლის წინ ჩერდება ომარ დიასამიძე და ისე გვაჩვენებს აგურის სახლს, რომელიც აღარ გაურემონტებიათ. გასულ წლებში ერთი სახლი ომარი სახლის ზემოთ ჩაუმარხავს მეწყერს, მეორე – ქვევით.

ომარ დიასამიძე

„გასახლებას ველოდებით 19 ოჯახი… გვთავაზობენ 40 ათას ლარს, ან სოციალურ სახლში იცხოვრეთო, მაგრამ ქედაში რომ ჩახვალ, ისევ ქედაში უნდა იარო? რაღაც ხომ უნდა იყოს, რომ დასაქმდე? ქედის ცენტრში რომ ძველი საავადმყოფო იყო, ახლა იქ ხალხია შესახლებული, ვისაც აქვს საჭმელი ჭამს, დანარჩენი არ ვიცი.

ქედაში, ბინაში ცხოვრებას ბათუმი ჯობია: იქ სამსახურს მაინც ნახავ სადმე, ბოლო-ბოლო ნაგავს გაიტან,“ – გვითხრა ომარ დიასამიძემ.

ეზოში გამოდის ომარის დაც. ია დიასამიძე ამბობს, რომ ისიც ვერ იძინებს ღამით, როცა ჭექა-ქუხილია და წვიმს. ია სახლის უკანა ეზოში გასულ წელს ჩამოსულ მეწყერს გვაჩვენებს და დასძენს, დაგვიანდა უკვე ფერდსამაგრის მოწყობაო.

ია დიასამიძე

„განვიხილავთო – ასე თქვეს. შემდეგ თქვეს, ექვემდებარება გაკეთებასო, მაგრამ არ ვიცი, დაგვიანდა უკვე“, – გვითხრა ია დიასამიძემ.

დღეს, 7 თებერვალს, ქედის მერიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე ვერ გვეტყვიან ზუსტად, რამდენი ოჯახი უნდა განსახლდეს კონკრეტულად სოფელი გულებიდან, მთლიანად მუნიციპალიტეტში კი, 100-მდე ოჯახი გადავიდა უსაფრთხო ადგილას.

„სოფელ გულებში გეოლოგებმა დაიწყეს მუშაობა,“ – აღნიშნეს ქედის მერიის პრესცენტრში.

ქედა, სოფელი გულები

ბათუმში დაიღუპა ქალი, რომელსაც დღეს ტროტუარზე მანქანა დაეჯახა

კლინიკაში დაიღუპა ქალი, რომელსაც დღეს, 7 თებერვალს, ავტომანქანა დაეჯახა. 47 წლის ქალი ტროტუარზე იდგა, როდესაც მას მანქანამ დაარტყა.

შემთხვევა ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე მოხდა.

ქალთან ერთად ავტომანქანის შეჯახების შედეგად დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი, კაცი, რომელიც ამჟამად რეანიმაციაში იმყოფება. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.
_______________
ფოტო: ტელეგრამი

ბათუმში გაჩერებაზე მყოფ 2 ადამიანს ავტომანქანა დაეჯახა

დღეს, 7 თებერვალს, ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

ავტომანქანა ტროტუარზე, გაჩერებაზე მყოფ პირებს დაეჯახა და ერთ-ერთი კაფეს კედელიც დააზიანა.

დაშავებულები კლინიკა „ბაუში“ არიან გადაყვანილნი. როგორც კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, ავარიის შედეგად დაშავდნენ 47 წლის ქალი და 54 წლის კაცი, „რომლებსაც აღენიშნებათ კიდურების მრავლობითი მოტეხილობები და დაზიანებული აქვთ შიდა ორგანოები“.

დაშავებულებს ოპერაცია უტარდებათ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ბათუმში 20 გრადუსამდე დათბება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 თებერვლიდან აჭარაში გამოიდარებს, ბათუმში 17 გრადუსამდე დათბება.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი
    ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
    ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის თანახმად, შემდეგი კვირის განმავლობაში ბათუმში ჰაერის ტემპერატურა 20 გრადუსამდე გაიზრდება.

შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში ბათუმში ძირითადად მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ბაღდათში მამას და მის მცირეწლოვან შვილებს ეძებენ – მეწყერმა სოფელში 4 სახლი გაანადგურა

4 ადამიანი დაიღუპა ბაღდათში, სოფელ ნერგეეთში განვითარებული მეწყრის შედეგად, 5 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ.

7 თებერვლის დილის 11:00 საათის მონაცემებით, გადარჩა მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელიც მეწყრული მასიდან მაშველებმა ამოიყვანეს. ის ამჟამად მკურნალობას საავადმყოფოში გადის.

მეწყერი სოფელ ნერგეეთში, რობაქიძეების უბანში 7 თებერვალს, დაახლოებით ღამის ორ საათზე განვითარდა.

„ხმა რომ გავიგეთ, მიწისძვრა გვეგონა. რომ გამოვიხედეთ, ჩვენი სახლის 12- მეტრიანი აივანი იყო ძირს ჩატანილი. ვერ გამოვედით სახლიდან, უკანა ფანჯრიდან გადავედით, მერე მეზობლებმა გამოგვიყვანეს. არ ვიცოდით, მთა რომ იყო წამოსული. სახლიდან რომ გავაღწიეთ, მერე გავიგეთ,“ – უყვება „ბათუმელებს“ ნერგეეთის მცხოვრები ნათია თავართქილაძე.

ნათიას თქმით, მას და მის მეზობლებს, ვინც სტიქიის ზონაში მოხვდა, თავდაპირველად სხვა მეზობლები დაეხმარნენ უსაფრთხო ადგილას გასვლაში.

ამის შემდეგ გაიგეს, რომ მათ მეზობლად ოთხი სახლი მეწყერმა ჩაიტანა.

„სამი სახლი საერთოდ არ ჩანს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნათია თავართქილაძემ.

როგორც „ბათუმელებს“ სოფელ ნერგეეთში ბაღდათის მერის წარმომადგენელმა უთხრა, ნაპოვნია ერთი ოჯახის სამი გარდაცვლილი წევრი – დედა, შვილი და დედამთილი.

„მეორე ოჯახიდან, რომელიც მეწყერში მოხვდა, ნაპოვნია ერთი ქალი.

ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ მამა და მისი სამი მცირეწლოვანი შვილი. ამ კაცის ცოლი და ბავშვების დედა ემიგრაციაშია. მეწყერში მოყოლილი მესამე ოჯახიდან ვეძებთ ერთ ასაკოვან ქალს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მერის წარმომადგენელმა სოფელ ნერგეეთში.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, იყო თუ არა სოფელი მეწყრულ ზონაში. როგორც ადგილობრივი მცხოვრები გვეუბნება, დაზუსტებით ამის თქმა არ შეუძლია.

„მეწყრული იყო თუ არა, არ ვიცი. ძველი ხალხი იტყოდა, ნაპრალი ჰქონდა მთასო, ახლაც ყოფილაო. ისიც არ ვიცი, გეოლოგები ჰყავდათ თუ არა ადრე და შემოწმებული იყო თუ არა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნერგეეთში მცხოვრებმა ნათია თავართქილაძემ.

ნათიას თქმით, მის სახლში არ იცხოვრება. სამეზობლოში მდებარე სამი სახლიც საშიშ ზონაშია.

„ჩვენი სახლი დაზიანებულია, არ იცხოვრება. ჩემ ზემოთ კიდევ სამი მოსახლეა, იქ ცხოვრება არ შეიძლება, მომდგარია უკან მეწყერი. როდის ჩამოვა კიდევ, არ ვიცით. ჩვენ ნათესავმა გაგვიყვანა და ახლა უსაფრთხოდ ვართ ბაღდათში. საშიშ ზონაში ვინც იყო, ჩემი მეზობლებიც გამოსულები არიან სოფლიდან,“ – ამბობს ნათია თავართქილაძე.

ოფიციალური მონაცემით, მეწყერმა სრულად დაანგრია ოთხი სახლი. აქედან სამ სახლში ადამიანები ცხოვრობდნენ, ხოლო ერთი ცარიელი იყო.

90-ზე მეტი ოჯახი გაყვანილია სახლიდან მეწყრის საფრთხის გამო – აჭარის მთავრობა

6 თებერვალს აჭარაში განვითარებულ სტიქიას – ძლიერ წვიმასა და თოვას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დამეწყრილია სოფლები. მაღალმთიან აჭარაში მეწყერი ჩამოწვა, როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის, ასევე ცენტრალურ საავტომობილო გზებზე.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, სტიქიის გამო 90-ზე მეტი ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილას.

„მეწყრული პროცესები განვითარდა არაერთ მონაკვეთზე. საქმე გვაქვს მასშტაბურ სტიქიასთან და ყველაფერი კეთდება მოსახლეობის დასახმარებლად. ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს“ – წერს თორნიკე რიჟვაძე ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

გუშინ, 6 თებერვალს, მთელი დღის განმავლობაში „ბათუმელებს“ მოსახლეობა უკავშირდებოდა სხვადასხვა სოფლიდან და ითხოვდა დახმარებას მეწყრული პროცესებისგან გასარიდებლად.

აჭარის მთავრობის ცნობით, წუხელ თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის სხდომა გაიმართა, რომელსაც აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წევრები, მუნიციპალიტეტის მერები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის, ასევე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

_________________

ფოტოზე: მეწყერი აჭარაში. ფოტო: აჭარის მთავრობა

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 7 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 7 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 391 470 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +890]
  • ტანკი – 6 372 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 11 879 ერთეული [+22]
  • საარტილერიო სისტემა – 9 387 ერთეული [+20]
  • MLRS – 980 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 665 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 332 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 177 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 849 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 24 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 12 486 ერთეული [+33]
  • სპეცტექნიკა – 1 497 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 7 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 569 თვითმფრინავი
  • 265 ვერტმფრენი
  • 11 967 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 462 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 932 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 217 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 985 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 18 349 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმი-თბილისის მატარებელი უკან დაბრუნდება – გზაზე მეწყერი ჩამოწვა

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, უხვი ნალექის გამო დასავლეთ საქართველოში, მოლითში მეწყერი ჩამოწვა.

რკინიგზა აცხადებს, რომ რეისზე არსებული მატარებლები დღეს ვეღარ გააგრძელებენ მოძრაობას, კონკრეტულად: ზუგდიდი-თბილისის, ბათუმი-თბილისის და თბილისი-ფოთის რეისებზე მოძრავი შემადგენლობები დაბრუნდებიან საწყის სადგურებში.

რკინიგზის ცნობით, აღნიშნული რეისების შესრულება დამოკიდებულია ამინდზე და მატარებელთა მოძრაობა განახლდება ლიანდაგის სრულად გაწმენდისთანავე.

სოფელ ზედა ცივაძეებში მეწყერმა სახლი წაიღო – სტიქია აჭარაში

სახლი, რომელსაც მთავარ ფოტოზე ხედავთ, დღეს, 6 თებერვალს, რამდენიმე საათის წინ, მეწყერმა წაიღო შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ცივაძეებში.

მოსახლეობის ცნობით, სახლში არავინ იყო. ინფორმაცია სოფლის ერთ- ერთმა მცხოვრებმა მოგვაწოდა სტიქიის ამსახველ ფოტო-ვიდეომასალასთან ერთად.

ამ დროისთვის სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

„ქარცივაძეების სახლი წაიღო მეწყერმა და ახლა ჩემს სახლსაა მომდგარი. ჩემი ოჯახით ახლა მეზობელთან გვძინავს, მაგრამ უსაფრთხო ადგილი აღარსადაა. ძალიან ბევრ ადგილასაა მეწყერი ჩამოწოლილი. ხალხის უმრავლესობას ტელეფონი დამუხტული არ აქვს, ელექტროენერგია არ არის და ვერ ვახერხებთ ყველგან ყველაფრის გადაღებას.

უამინდობა თუ გაგრძელდა, ჩემს სახლსაც წაიღებს, ისე ახლოსაა მეწყერი. ღამით სახლში ვერ გავათევთ, მეზობელთან ვიქნებით შეფარებული. დილის 6 საათიდან ვრეკავთ მუნიციპალიტეტში, ზედამხედველობის სამსახურში და არავინ გამოჩენილა, ყურადღებას არავინ გვაქცევს, არავის არაფერი მოუკითხავს. საარჩევნო პერიოდი რომ იყოს, ალბათ ვერტმფრენითაც მოვიდოდნენ“ – ამბობს სოფელ ზემო ცივაძეების მცხოვრები, რომელიც სოციალური ქსელით დაგვიკავშირდა.

მისი თქმით, სოფლამდე მისასვლელი გზა ჩაკეტილია, არ არის ინტერნეტი, არ მიეწოდებათ ელექტროენერგია და საფრთხის ქვეშაა ბევრი ოჯახი, რადგან მეწყერი ბევრ სხვადასხვა ადგილზეა ჩამოწოლილი.

დღეს, 6 თებერვალს, აჭარის მაღალმთიანი სოფლების ნაწილი დაიმეწყრა. ერთი ადამიანი ხულოში, სოფელ თხილვანაში დაიღუპა, ერთი კი – ქედის სოფელ წონიარისში.

„მეწყერს გამოვასწარით, მეზობლებთან დავრჩებით“ – ზედა მახუნცეთში მეწყერი ჩამოწვა

„მეწყერს გამოვასწარით, მაშველები დაგვეხმარნენ,“ – ამბობს ქედაში, სოფელ ზედა მახუნცეთში მცხოვრები მირზა ხაბაძე. მეწყერი დღეს ზედა მახუნცეთშიც ჩამოწვა.

დღეს, 6 თებერვალს, მეწყერი აჭარის არაერთ სოფელში ჩამოწვა. მეწყრის შედეგად ერთი ადამიანი ხულოში, სოფელ თხილვანაში დაიღუპა, ერთი კი – ქედის სოფელ წონიარისში.

მირზა ხაბაძის თქმით, ზედა მახუნცეთში ჩამოწოლილი მეწყერი რამდენიმე სახლის ეზოში შევიდა:

„წყლები რომ წამოვიდა და ხეები ჩამოიტანა, სახლებიდან ყველა გამოვედით, მაშველები დაგვეხმარნენ, მერე ჩამოვიდა მეწყერი ისე, რომ სახლში შესასვლელი გზა აღარ არის, მეზობლებთან დავრჩებით ამაღამ,“ – გვითხრა მირზა ხაბაძემ.

ქედის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ზედა მახუნცეთში ჩამოწოლილი მეწყრის გამო 9 ოჯახი გაიყვანეს უსაფრთხო ადგილას, სახლები, მერიის ინფორმაციით, დაზიანებული არ არის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ბათუმელებს“ ასევე დაუდასტურეს, რომ მეწყერს ზედა მახუნცეთში მსხვერპლი არ მოჰყოლია.

___________

ფოტო: ქედის მერია

სისხლის სამართლის საქმეთა 68 % უკვე საპროცესო შეთანხმებით სრულდება – საიას მონიტორინგი

„საგრძნობლადაა გაზრდილი საპროცესო შეთანხმებით დაკისრებული ჯარიმის საშუალო ოდენობა და 4746 ლარს შეადგენს. მაშინ, როცა წინა საანგარიშო პერიოდში ის 3451 ლარი იყო. სასამართლოს მონიტორინგი აჩვენებს, რომ ჯარიმის საშუალო ოდენობა, ბოლო ორი საანგარიშო პერიოდი, მზარდია,“ – აღნიშნულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებულ სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის ანგარიშში.

დაკვირვებამ აჩვენა, რომ ბოლო წლებში გაიზარდა საპროცესო შეთანხმებებით საქმეების დასრულების მაჩვენებელი, ანუ როცა ბრალდებული ბრალს აღიარებს და საქმის განხილვა სასამართლოში წყდება. კვლევის მიხედვით, იზრდება შეთანხმების დროს გადახდილი ჯარიმის რაოდენობაც.

საია სისხლის სამართლის საქმეების განხილვას თბილისის, ქუთაისის და ბათუმის სასამართლოებში აკვირდებოდა. საია მსგავს მონიტორინგს 2011 წლიდან ყოველწლიურად ატარებს. ბოლო ანგარიში 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდს ასახავს. ანგარიშის პრეზენტაცია საიამ ბათუმში დღეს, 6 თებერვალს გამართა.

„უმეტესად კვლავ ფორმალურია საპროცესო შეთანხმების სხდომები. მოსამართლეები სრულყოფილად არ განმარტავენ შესაბამის უფლებებს და სათანადოდ არ იკვლევენ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული სასჯელის კანონიერებასა და სამართლიანობას.

გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებით განსაზღვრული ჯარიმა წინასწარ გადაიხადა. ასეთი ფაქტები კიდევ უფრო აკნინებს სასამართლოს როლს საპროცესო შეთანხმების დამტკიცების ნაწილში.

სუსტია სასამართლო კონტროლი საპროცესო შეთანხმებებთან დაკავშირებით. სასამართლო თითქმის ყველა შემთხვევაში ამტკიცებს პროკურატურის მიერ წარდგენილ შუამდგომლობას საპროცესო შეთანხმების თაობაზე,“ – აღნიშნულია საიას მონიტორინგის ანგარიშში.

საპროცესო შეთანხმების გაფორმების დროს მოსამართლეს რომ ხშირად ფორმალური როლი აქვს, აჩვენებს ისიც, რომ მოსამართლეებს, საშუალოდ, 15 წუთი სჭირდებათ მის დასამტკიცებლად. „ბათუმელები“ 2023 წლის ნოემბერში წერდა ერთ-ერთ საპროცესო შეთანხმებაზე, რასაც ბათუმის საქალაქო სასამართლოში 5 წუთი დასჭირდა.

კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ის, თუ როგორ მოქმედებენ მოსამართლეები, როცა ისინი პროკურორსა და ბრალდებულს შორის მიღწეულ საპროცესო შეთანხმებას ამტკიცებენ – მოსამართლეს შეუძლია უარი თქვას პროკურორს და ბრალდებულს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე.

მაგალითად, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცა კაცს, რომელმაც 12 წლის გოგოზე სექსუალურად იძალადა.

საია ყურადღებას ამახვილებს ბოლო სტატისტიკაზეც – სისხლის სამართლის საქმეთა დიდი ნაწილი [68 %] უკვე საპროცესო შეთანხმებით სრულდება.

„2022 წელს, წინა წლებთან შედარებით, კიდევ უფრო გაიზარდა ეს მაჩვენებელი და საპროცესო შეთანხმებით დასრულებული საქმეების რაოდენობამ 68% შეადგინა, მაშინ, როდესაც 2020 წელს იყო 63%, ხოლო 2021 წელს – 64%,“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

საია საანგარიშო პერიოდში 217 საპროცესო შეთანხმების სხდომას დაესწრო 248 პირის მიმართ.

„გამოვლინდა მხოლოდ 2 შემთხვევა, როდესაც მოსამართლემ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება. ერთ შემთხვევაში მან მიიჩნია, რომ საქმეში არ იყო საკმარისი მტკიცებულებები, ხოლო მეორე შემთხვევაში ბრალდებული დანაშაულად არ მიიჩნევდა მის მიერ ჩადენილ ქმედებას. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა აღიარების ნაწილში მისი პოზიცია,“ – აღნიშნულია საიას ანგარიშში.

საინტერესო დეტალი: მოსამართლის ფორმალურ ჩართულობას საპროცესო შეთანხმებაში ადასტურებს ფაქტი, როცა ბრალდებული წინასწარ იხდის ჯარიმას, ვიდრე მოსამართლე საპროცესო შეთანხმებას დაამტკიცებს. საიას მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში 2 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.

„ეს მიუთითებს, მხარეთა აღქმით, სასამართლოს უმნიშვნელო როლზე საპროცესო შეთანხმების პროცესში და მოლოდინს, რომ ის აუცილებლად დამტკიცდება, მთავარია, პროკურატურასთან იყოს შეთანხმება მიღწეული.

საქმე №1: ორ პირს ბრალი ედებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც მომხმარებლის მოტყუებას გულისხმობს. ერთ მათგანს განესაზღვრა ჯარიმა 10 000 ლარის, ხოლო მეორეს – 15 000 ლარის ოდენობით. პროცესის დაწყებამდე, სანამ მოსამართლე სხდომის დარბაზში შემოვიდოდა, ადვოკატმა პროკურორს უთხრა, რომ ერთმა ბრალდებულმა ჯარიმა უკვე გადაიხადა და მეორეც რომ გადაიხდიდა, ქვითრებს ერთიანად მიაწვდიდა.

საქმე №2: კიდევ ერთ შემთხვევაში პირს ბრალად ედებოდა ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენება [სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილი]. სხდომის დაწყებამდე, სანამ მოსამართლე დარბაზში შემოვიდოდა, ადვოკატმა ბრალდებულს ჰკითხა, გადაიხადა თუ არა თანხა, რაზეც პროკურორმა უპასუხა, რომ უკვე გადახდილი იყო. ეს მიუთითებს, რომ ჯარიმა ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე გადაიხადა.

საპროცესო შეთანხმების განხილვას სასამართლო, უმეტესად, დროს სათანადოდ არ უთმობს. არსებული პრაქტიკით, საჯარო სხდომაზე ხდება შუამდგომლობის მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილს კითხულობენ. საქმის გარემოებებზე სასამართლო არ მსჯელობს, რაც პროცესს შინაარსს აცლის. დაკვირვებამ აჩვენა, რომ 61 (28%) სხდომაზე პროკურორის შუამდგომლობის მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გამოქვეყნდა. ბრალდების მხარემ წაიკითხა საპროცესო შეთანხმების პირობები და საქმის გარემოებებზე არ უსაუბრია. მოცემულ საანგარიშო პერიოდში სხდომების 50% (108 სხდომა) 15 წუთამდე დროში დასრულდა, რაც კრიტიკას ვერ უძლებს, ვინაიდან ეს დრო საკმარისი არ არის გარემოების სრულყოფილი გამოკვლევისთვის.

მოსამართლეები, როგორც წესი, საჯაროდ არ მსჯელობენ სხდომებზე სასჯელის კანონიერებასა და სამართლიანობაზე. მოსამართლე საპროცესო შეთანხმების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, უპირობოდ გაიზიაროს და დაამტკიცოს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმება. მოსამართლის ეს უფლება მნიშვნელოვანი ბერკეტია, რომ გააკონტროლოს საპროცესო შეთანხმების პირობების სამართლიანობა/კანონიერება და თავიდან აირიდოს ამ ინსტიტუტის ბოროტად გამოყენება. მოცემულ საანგარიშო პერიოდში, წინა წლების მსგავსად, ამ მხრივ, ვითარება არ გაუმჯობესებულა. სხდომაზე მოსამართლემ მხოლოდ 5 საქმეზე [2%] აღნიშნა, რამდენად სამართლიანად და კანონიერად მიაჩნდა საპროცესო შეთანხმებით მიღწეული სასჯელი,“ – აღნიშნულია საიას ანგარიშში.

საია რამდენიმე პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის, იმაზე, რომ „მოსამართლეები საჯარო სხდომებზე არ მსჯელობენ დაკავების კანონიერებაზე“.

„მიმდინარე საანგარიშო პერიოდში პირველი წარდგენის 183 (59%) სხდომაზე 177 (56%) ბრალდებული წარდგა სასამართლოს წინაშე დაკავებულის სახით, რაც, წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, 4%-ით შემცირებული მაჩვენებელია. კვლავ პრობლემად რჩება დაკავების კანონიერების საკითხის საჯარო სხდომაზე განხილვა. გაუგებარია, სასამართლოს რატომ არ აქვს მოტივაცია, დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით საჯარო სხდომაზე მოისმინოს მხარეთა პოზიციები,“ – აღნიშნულია ანგარიშში.

საიას მონიტორებს ოთხი ბრალდებულისგან მოუსმენიათ სასამართლო პროცესებზე პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ, მაგალითად:

„მოსამართლემ ბრალდებულს ჰკითხა დაზიანების შესახებ, რომელიც მას შუბლზე ჰქონდა. ბრალდებულმა უპასუხა, რომ პოლიციელმა ორჯერ ჩაარტყა ჭიქა შუბლის არეში, რა დროსაც მიიღო დაზიანება. ამავე სხდომაზე მისმა ადვოკატმა აღნიშნა, რომ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მივიდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელები, რომლებსაც არ აუხსნიათ, ვინ იყვნენ, რამაც კონფლიქტი გამოიწვია. ბრალდებული გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც მას სცემეს, აწამეს, რასთან დაკავშირებითაც მათ უკვე მიმართული ჰქონდათ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის. მოსამართლემ განაცხადა, რომ ბრალდებულის საჩივარი ოქმში აისახა და გამოძიების მიზნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

სხდომების მონიტორინგის დროს გამოიკვეთა კიდევ ერთი ტენდენცია. პირები, რომლებსაც ბრალი ედებოდათ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობაში, მუქარასა ან ძალადობაში, საუბრობდნენ არაერთ შემთხვევაზე, როდესაც პოლიციელებს ეცვათ სამოქალაქო ტანსაცმელი. შესაბამისად, არ იყო იდენტიფიცირებადი, ვინ მოუწოდებდა მათ ამა თუ იმ ქმედების განხორციელებისკენ. ასევე, ბრალდებულები მიუთითებდნენ შემთხვევებზე, როდესაც პოლიციელები არ განუმარტავდნენ დაკავების საფუძველს, რაც იწვევდა მათ გაღიზიანებას, კონკრეტული მოწოდების დაუმორჩილებლობასა და წინააღმდეგობას,“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

კიდევ ერთ შემთხვევაში ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მონიტორებმა თარგმანის პრობლემა დააფიქსირეს:

„ერთ-ერთ საქმეში ბრალდებული იყო უცხო ქვეყნის მოქალაქე. თარჯიმანი ვერ უზრუნველყოფდა სათანადო თარგმანს. კერძოდ, მოსამართლის კითხვაზე, მისი დაკავების დროს გამოვლინდა თუ არა რაიმე დარღვევა, თარჯიმანმა თარგმნა, რომ დარღვევა არ ყოფილა. მოსამართლემ მას მოუწოდა, სწორად ეთარგმნა, რაზეც თარჯიმანმა ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ რაღაც აერია და არასწორად თარგმნა. საჩივართან დაკავშირებულ კითხვაზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ ჰქონდა საჩივარი.

მისი თქმით, პოლიციელმა მას ხელი დაარტყა გულმკერდის არეში. პროკურორმა განმარტა, რომ ბრალდებული არ გულისხმობდა დარტყმას, მან გამოიყენა სიტყვა „push”, რაც, მისი თქმით, დარტყმა არ იყო. ადვოკატმა სხდომის მიმდინარეობისას ასევე დაიწყო ახსნა, უბრალოდ ხელი მოჰკიდეს პოლიციელებმა ბრალდებულს თუ დაარტყეს. მოსამართლემ განმარტა, რომ სხდომის ოქმში დაფიქსირებული იყო საჩივარი, რომელიც გაიგზავნებოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში და დაიწყებოდა შესაბამისი გამოძიება.

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულს, უბრალოდ, გაუმართლა, რადგან მოსამართლემ იცოდა ენა, რომელზეც ის საუბრობდა და შეძლო არასწორი თარგმანის იდენტიფიცირება.

საქმეში ბრალდებულის ინტერესებს იცავდა საზოგადოებრივი ადვოკატი [იურიდიული დახმარების სამსახური]. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ადვოკატს სხდომის მიმდინარეობამდე არ ჰქონდა გამორკვეული ისეთი საყურადღებო საკითხი, როგორიც ბრალდებულზე პოლიციელთა მხრიდან შესაძლო ძალადობაა. პროცესზე დაკვირვება აჩენდა ვარაუდს, რომ არც პროკურორი და არც ბრალდებულის ადვოკატი არ იყვნენ დაინტერესებულნი, ბრალდებულს წარედგინა საჩივარი,“ – აღნიშნულია საიას ანგარიშში.

მიმდინარე საანგარიშო პერიოდში საიამ მონიტორინგი გაუწია არსებითი განხილვის 247 სხდომას 484 პირის მიმართ. განაჩენი გამოვიდა 30 საქმეზე [12%], აქედან 5 [17%] მათგანზე გამოტანილი განაჩენი იყო სრულად გამამართლებელი, 24 (80%) – გამამტყუნებელი, 1 შემთხვევაში ქმედება გადაკვალიფიცირდა.

გამამართლებელი 5 განაჩენიდან 3 საქმე ოჯახურ დანაშაულს უკავშირდებოდა და სამივე შემთხვევაში მისი წინაპირობა დაზარალებულის მიერ ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა იყო,“ – ოჯახში ძალადობის საქმეებზე ამახვილებს ყურადღებას საია.

სასამართლოში განხილული საქმეები აჩვენებს, რომ გამამართლებელი განაჩენების შემთხვევაში მოსამართლეები ძირითადად ძალადობის მსხვერპლი ქალებისკენ იშვერენ ხელს, რომლებმაც სასამართლოში დუმილი არჩიეს.

საიას ანგარიშში კი ოჯახში ძალადობის ეს შემთხვევა აისახა:

„საქმე №1: საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, ბრალდებული მეუღლეს დაემუქრა, რომ ყელს გამოსჭრიდა. მის მიმართ წარდგენილი იყო ბრალდება სსკ-ის მე-111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს. ბრალდების მხარეს სხდომაზე მოყვანილი ჰყავდა ერთი მოწმე [დაზარალებული], რომელმაც გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და უარი თქვა ჩვენების მიცემაზე. ყველა სხვა მტკიცებულება დაცვის მხარემ უდავოდ ცნო. ბრალდების მხარემ თავის დასკვნით სიტყვაში განმარტა, რომ ბრალდებული მეუღლეს ყელის გამოჭრით დაემუქრა.

მართალია, დაზარალებულმა შემდგომ უარი თქვა ჩვენების მიცემაზე, თუმცა გამოკითხვის ოქმში ის ითხოვს ბრალდებულის მკაცრად დასჯას და ამბობს, რომ ეშინია. პროკურორმა მოითხოვა სამართლიანი სასჯელის დანიშვნა. დაცვის მხარემ თავის დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, რომ საქმეში არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებაც არ მოიპოვებოდა. მოსამართლემ ადგილზე თათბირით დაადგინა გამამართლებელი განაჩენი.

საიას დაკვირვებით, 10%-ით გაიზარდა ოჯახში ძალადობის შემთხვევებში გირაოს გამოყენების მაჩვენებელი.

„ოჯახური დანაშაულის საქმეებზე სასამართლოს მიდგომა უფრო ლოიალურია. ზოგიერთი მოსამართლე ჯეროვნად არ აფასებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ეტაპებზე ოჯახში ძალადობაში ბრალდებულ პირთაგან მომდინარე საფრთხეებს. მოსამართლეები ამ ტიპის დანაშაულზე, წინა წელთან შედარებით, 9%-ით ნაკლებად იყენებენ აღკვეთის ღონისძიებას – პატიმრობას. გირაოს შეფარდების შემთხვევები კი 10%-ითაა გაზრდილი.

საიას მონიტორინგს დაქვემდებარებული 247 არსებითი განხილვის სხდომიდან 48 [19%] მათგანი ოჯახურ დანაშაულსა და ოჯახში ძალადობის საქმეს შეეხებოდა. ამ ტიპის საქმეებზე სასამართლომ სასჯელის სახედ, უმეტესად, გამოიყენა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 6 (50%) შემთხვევა), ხოლო 4 (29%) შემთხვევაში – პირობითი მსჯავრი,“ – აღნიშნულია საიას ანგარიშში.

გამამართლებელი განაჩენი ნეიტრალურ მტკიცებულებებსაც ეხებოდა – პოლიციელი ვალდებულია გადაიღოს ვიდეო, როცა ამის საშუალება არსებობს, ან მოიპოვოს სხვა ნეიტრალური მტკიცებულება.

„მოსამართლის განმარტებით, „ნარკოტიკულ დანაშაულებზე ძირითადი მტკიცებულებაა ჩხრეკის ოქმი, ჩხრეკის შედეგები, ამოღებული ნივთიერება, ბრალდებულთან ნივთიერების კავშირი. ამ საქმეში არის ჩხრეკის ოქმი, რომ ამოიღეს ჰეროინი, ასევე არის ექსპერტიზის დასკვნა, რომ მასზე ბრალდებულის ბიოლოგიური მასალაა, თუმცა უნდა შემოწმდეს ჩხრეკის კანონიერება, არსებითად ხომ არ დაირღვა რაიმე, ასევე უნდა შემოწმდეს ნეიტრალური მტკიცებულებების შექმნის ვალდებულება. მოსამართლემ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით მიიჩნია, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი ნეიტრალური მტკიცებულება, ვიდეომტკიცებულება ან ნეიტრალური მოწმე. მხოლოდ პოლიციელების ჩვენება კი არ მიიჩნია სარწმუნოდ და გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი,“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

საიას მონიტორებმა ყურადღება გაამახვილეს გაჭიანურებულ საქმეებზე, მაგალითად, „7 ნოემბრის საქმე“, რომელზეც ბრალი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს წარუდგინეს. ეს საქმე 2014 წლიდან განიხილება.

2014 წლიდან დაიწყო და ჯერ არ დასრულებულა „ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმეც“. ეს საქმეც მოხვდა საიას ანგარიშში, სადაც ხაზგასმულია, რომ ძირითადად რეზონანსული საქმეების განხილვა ჭიანურდება.

„ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმეზე“ კი, საიას შეფასებით, ცალსახად დაარღვია სასამართლომ კანონი.

„ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების  საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2014 წელს დაიწყო. ის 2019 წლის 1-ელ იანვარს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სასამართლომ დაარღვია კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მისი დარღვევიდან 5 წლის შემდეგადაც ვერ მიიყვანა საქმე კონკრეტულ სამართლებრივ შედეგამდე [განაჩენამდე]. არარელევანტურია ყოველგვარი არგუმენტი იმის გასამართლებლად, რომ პირველ ინსტანციაში საქმე შეიძლება 8-9 წლის განმავლობაში განიხილებოდეს და მასზე სასამართლომ განაჩენი ვერ გამოიტანოს, რა მიზეზებიც არ უნდა არსებობდეს [საქმის სირთულე, დასაკითხ მოწმეთა რაოდენობა, მოსამართლის შეცვლა და ა.შ.]. ამ საქმეში ცალსახად იკვეთება სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. მიუხედავად საიას მხრიდან ამ საკითხზე წლების განმავლობაში აპელირებისა, სისტემამ დღემდე ვერ მოახერხა ეფექტიანი ბერკეტის შემუშავება გაჭიანურებული სამართალწარმოების თავიდან ასაცილებლად,“ – წერს საია.

საიას მონიტორინგის ანგარიშში მოხვდა სასამართლოს ღიაობის და გამჭვირვალობის პრობლემაც, მაგალითად, პირველი წარდგენის სხდომების შესახებ ინფორმაცია არ ქვეყნდება. საიას საჯარო ინფორმაციებიც გამოუთხოვია, თუმცა სასამართლოებიდან საიმ ინფორმაცია ვერ მიიღო.

კიდევ ერთი საინტერესო მიგნება მოსამართლეების მხრიდან შეჯიბრებითობის და თანასწორობის პრინციპის დარღვევაა:

„რამდენიმე გახმაურებულ საქმეში გამოიკვეთა მოსამართლის მხრიდან შეჯიბრებითობის და თანასწორობის პრინციპის დარღვევა – მოსამართლე მოწმეს ბრალდების მხარის სასარგებლო კითხვებს უსვამდა.

ორ გახმაურებულ საქმეში, რომლებსაც საიას მონიტორი აკვირდებოდა, „ვაკის პარკის საქმეში“ მოსამართლე, თავისი აქტიური მონაწილეობით, აშკარად არღვევდა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპს. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების დაკითხვის პროცესში და მისი დასრულების შემდეგ ის აწარმოებდა მოწმეთა ჯვარედინ დაკითხვას და მიმანიშნებელი კითხვებით ცდილობდა მათგან ინფორმაციის მიღებას. საყურადღებოა ისიც, რომ მოსამართლე მოწმეებთან მიმართებით ავლენდა წინასწარგანწყობებს, მაგალითად, სანამ მოწმე, კონკრეტულად, ექსპერტი ისაუბრებდა თავის კვალიფიკაციაზე, მოსამართლე დადებითად აფასებდა მის კვალიფიკაციას. საიას აზრით, სასამართლო მოტივირებული უნდა იყოს, სისხლის სამართლის პროცესში ჭეშმარიტება დაადგინოს ისე, რომ არ გასცდეს სისხლის სამართლის ისეთ მნიშვნელოვან პრინციპებს, როგორებიცაა მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა. მოსამართლის მხრიდან მოწმეთა დაკითხვის პროცესში დაცვის მხარის დამაზიანებელი აქტიურობა ორ სხვა გახმაურებულ საქმეშიც გამოვლინდა“, – ვკითხულობთ საიას ანგარიშში.

„მეწყერს მიაქვს ჩემი სახლი, მაშველები ვერ დაგვეხმარნენ“ – სტიქია სოფელ ბუთურაულში

„ჩემი სახლი მეწყერს მიაქვს, სხვა სახლში ვცდილობთ ახლა გადასვლას, პირუტყვი უკვე გადავიყვანეთ,“ – ამბობს შუახევში, სოფელ ბუთურაულში მცხოვრები გოჩა მიქელაძე.

დღეს, 6 თებერვალს, მეწყერი რამდენიმე ადგილზე გააქტიურდა. მოქალაქის თქმით, ადგილზე მისული მაშველები მას ვერაფერში დაეხმარნენ.

„მოვიდნენ პიკაპით, მონაცემები ჩაიწერეს და წავიდნენ, გზაც არაა, რომ სადმე წახვიდე. სახლში მხოლოდ მე და დედაჩემი ვართ, მეზობლები მეხმარებიან…

ძლიერი წვიმის დროს წამოვიდა მეწყერი, მეწყერსაშიში ზონაა, მაგრამ ვერსად ვერ წავედით აქამდე, წლების წინ მომცეს მხოლოდ 25 ათასი ლარი და ამ ფულით სად უნდა წავსულიყავი, დავრჩით ისევ აქ,“ – ამბობს გოჩა მიქელაძე.

მეწყრის შედეგად დღეს, 6 თებერვალს, ერთი ადამიანი ხულოში, სოფელ თხილვანაში დაიღუპა, ერთი კი – ქედის სოფელ წონიარისში.

ქედაში მეწყერმა სახლი წაიღო – დაიღუპა პოლიციის თანამშრომელი

ქედაში, სოფელ წონიარისში განვითარებული მეწყრის შედეგად კაცი დაიღუპა – პოლიციის თანამშრომელი თემურ ბარამიძე იმ სახლში ცხოვრობდა, რომელიც მეწყერმა წაიღო.

შემთხვევა დღეს, 6 თებერვალს მოხდა.

„სახლიდან გამოვიდნენ, რადგან ზვავი ჩამოწვა, ცოლიც გამოჰყვა გარეთ, მაგრამ კაცი სახლში შებრუნდა მობილურის ასაღებად. ამ დროს ჩამოწვა მეწყერი და ჩაიმარხა…

მაშველები ვერ მოვიდნენ უგზოობის გამო, მაგრამ ყველა ცდილობდა ამოყვანას, რომ ამოიყვანეს, უკვე გარდაცვლილი იყო. შემოვლითი გზებით გადაიყვანეს ახლა კლინიკაში, 57 წლის იყო.

მეწყერსაშიშ ზონაში იყო ეს სახლი, ქირით იყო გაყვანილი ოჯახი, ხელვაჩაურში აქვთ ნაქირავები ბინა, მაგრამ ცოლ-ქმარი სოფელში იყო,“- გვითხრეს სოფელ წონიარისში.

თემურ ბარამიძის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროც:

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აჭარის რეგიონში, ქედის მუნიციპალიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორის თემურ ბარამიძის გარდაცვალების გამო. თემურ ბარამიძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაიცვალა,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დღეს, 6 თებერვალს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილვანაში ზვავი და მეწყერი განვითარდა და ამ სოფელში მცხოვრები ბოლქვაძეების სახლი წაიღო, დაიღუპა ერთი ქალი, სოფელი მოწყვეტილია გარესამყაროს.

__________________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

დოლოგანი-ხულოს გზის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური ნალექის შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ22-კმ80 (დოლოგანი-ხულო) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ფეისბუქზე წერს, რომ მობილიზებულია დეპარტამენტის ტექნიკა და ადამიანური რესურსი დამეწყრილი გზების გასაწმენდად.

უხვი ნალექის, წვიმისა და თოვლის შედეგად დაიმეწყრა როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის, ასევე ცენტრალური საავტომობილო გზები ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში.

საგანგებოში დავრეკეთ, მაგრამ ვერ მოდიან – მეწყერში მოყოლილი ოჯახი დახმარებას ითხოვს

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში მცხოვრები ქობულაძეების ოჯახი ამბობს, რომ მათ სახლთან მეწყერი ჩამოწვა. ოჯახში 5 ადამიანი ცხოვრობს და ყველა სახლში იმყოფება. ქობულაძეები ამბობენ, რომ თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ.

„წვიმაა ძლიერი, გარეთ ვერ გამოვდივართ, სამაშველოზე დარეკილი გვაქვს, ერთი საათის წინ დავრეკეთ, ჯერ ვერ მოვიდნენ, გზა არ არის, ჩამოხეთქილია გზებზე – ბევრ ადგილზეა ჩამოწოლილი მეწყერი. გახსნიან და მოვლენ“ –  უთხრა „ბათუმელებს“ ფატი ქობულაძემ.

მისივე თქმით, ოჯახს დამოუკიდებლად გამოსვლა სახლიდან არ შეუძლია: „დედამთილი მყავს 89 წლის, ფეხი აქვს მოტეხილი, თუ მანქანით არ გავიყვანეთ, ვერ გადავალთ. მეწყერი საშიშია.

სამეზობლოშიც, ზვარეში ბევრ ადგილზეა ჩამოხეთქილი, ერთი ოჯახის სახლთან მოხეთქილა და მეზობელთან გადასულან, მაგრამ მე აქ ვერ გადავალ, მეწყერია“.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ზვარეში ქედის მერის წარმომადგენელს. თენგიზ გათენაძემ გვითხრა, რომ ის პირადად ესაუბრა მეწყრის შედეგად იზოლირებულ ოჯახებს და მათ „საგანგაშო მდგომარეობა არ აქვთ“.

„ვუთხარი, რომ დარეკონ 112-ში. ბევრგან არის მეწყერი ჩამოწოლილი. შეუძლიათ მეზობელთანაც გადავიდნენ, უსაფრთხო ადგილას“ – გვითხრა მერის წარმომადგენელმა.

___________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ხარკოვში 2 თვის ბავშვი დაიღუპა რუსეთის აგრესიის შედეგად

უკრაინული მედიის ცნობით, მაშველებმა უკრაინაში, ხარკოვის ოლქის სოფელ ზოლოჩოვში მდებარე სასტუმროს ნანგრევებიდან 2 თვის ბავშვის ცხედარი ამოიღეს.

ჩვილი რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად დაიღუპა. სოფელს რუსულმა ძალებმა წუხელ ორი S-300 რაკეტით შეუტიეს.

„მორიგი ტერორი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სამსართულიანი სასტუმროს ნანგრევებიდან მაშველებმა 2 თვის ბიჭის ცხედარი ამოიღეს, რომელიც 2023 წლის 4 დეკემბერს დაიბადა. სამი ქალი, 21, 28 და 39 წლის, აფეთქების შედეგად მიღებული დაზიანებებითა და ჭრილობებით გადაიყვანეს საავადმყოფოში, მათ შორისაა დაღუპული ბავშვის დედა“ – წერს ტელეგრამზე ოლეგ სინეგუბოვი, სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში სულ მცირე 7 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 13 დაშავდა.

 

 

„სოფლებში არც შუქი გვაქვს, არც გზა“ – რას ამბობენ გზების დეპარტამენტსა და „ენერგო პროში“

მაღალმთიან აჭარაში დღეს, 6 თებერვალს, დიდთოვლობაა. აჭარის გზების დეპარტამენტში, ასევე „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ „ბათუმელებს“ კონკრეტულად ვერ უთხრეს, რამდენი სოფელია დღეს აჭარაში გზისა და ელექტროენერგიის გარეშე.

მოქალაქეებმა ხულოს სოფლებიდან „ბათუმელებს“ მისწერეს, რომ გუშინ საღამოს მერე შუქი აღარ აქვთ და მაგალითად, სოფელ რიყეთში ტრაქტორს ჯერ ცენტრალურ გზაზეც არ ჩაუვლია.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილვანაში ზვავი და მეწყერი განვითარდა და ამ სოფელში მცხოვრები ბოლქვაძეების სახლი წაიღო, დაიღუპა ერთი ქალი, სოფელი მოწყვეტილია გარესამყაროს.

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე ხულოში ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი სოფლები: რიყეთი, დიოკნისი, ბეღლეთი, ღურტა, დიდაჭარის ნაწილი. კომპანიის პრესცენტრში განმარტავენ, რომ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები იქ, სადაც ტექნიკურმა ჯგუფმა მაღალი გამავლობის ავტომანქანით ავარიული დაზიანების ადგილზე მისვლა შეძლო.

შუქის გარეშეა დარჩენილი შუახევის სოფლებიც, ასევე ხელვაჩაურში მაჭახლის ხეობის ნაწილი. „ენერგ-პრო ჯორჯიაში“ ამ ეტაპზე ვერ გვიზუსტებენ, რამდენ სოფელში არ აქვთ შუქი, რადგან დამეწყრილი გზების გარდა პრობლემაა მობილური ტელეფონით კონკრეტულ სოფლებთან დაკავშირებაც.

„რამდენიმე ლოკაციაზე მეწყრული პროცესები განვითარდა,“ – გვითხრეს აჭარის გზების დეპარტამენტში. აქ ვერ აკონკრეტებენ, რამდენი სოფელია ამ ეტაპზე დარჩენილი გზის გარეშე.

აჭარის გზების დეპარტამენტის პრესცენტრის ინფორმაციით, გადაადგილების პრობლემაა ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ და შიდა მნიშვნელობის გზებზე.

Exit mobile version