მთავარი,სიახლეები

„სკოლიდან გამომიყვანეს“ – კიდევ რა სირთულის წინაშეა შშმ გიული, რომელიც მთაში ცხოვრობს

08.02.2024 •
„სკოლიდან გამომიყვანეს“ – კიდევ რა სირთულის წინაშეა შშმ გიული, რომელიც მთაში ცხოვრობს

„მინდა, მალე მოვრჩე, რომ ყველაფერი ჩემით გავაკეთო. მინდა, ვიმოგზაურო,“ – გვიყვება გიული დიასამიძე. მას ქედაში, სოფელ გულებში შევხვდით.

გიული დიასამიძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალია. ის სკოლიდან 9 კლასის დასრულების შემდეგ გამოიყვანეს, როცა უკვე ეპილეფსიური შეტევების დროს სკოლაში ხშირად ვერ შველოდნენ, სკოლის დირექტორი კი, მშობლებს ტელეფონით უკავშირდებოდა.

გიულის სოფელში – გულებში მხოლოდ ოთხკლასიანი სკოლაა. ოთხი კლასის დასრულების შემდეგ ბავშვები ამ სოფლიდან ქედის ცენტრში დადიან, 2 კმ-ის სავალზე. გიულიც დასთან ერთად ქედის ცენტრში მდებარე სკოლაში დადიოდა, ვიდრე მას სწავლის შეწყვეტა მოუწევდა.

ახლა გიული დიასამიძე 33 წლისაა. ის პენსიონერ მშობლებთან ერთად ცხოვრობს.

რა სირთულეებთანაა დაკავშირებული ცხოვრება მაღალმთიან სოფელში, როცა შშმ პირის სტატუსი გაქვს?

„ეს მაგიდის გადასაფარებელია, მე მოვქარგე მთლიანად,“ – სახლში შევყავართ გიული დიასამიძეს და ნაქსოვ-ნაქარგ, ფერად ნივთებს გვაჩვენებს. გიული ამბობს, რომ ძალიან უყვარს ქარგვა და ქსოვა, მაგრამ საქსოვი ნივთები შემოელია, მაგალითად, ძაფი, ბათუმში დამოუკიდებლად წასვლა კი, არ შეუძლია.

გიული დიასამიძე

„ესეც აჩვენე“, – ხელნაკეთ ჩანთას ხელში აწვდის გიულის მამა. გურამ დიასამიძე ამბობს, რომ კარგი იქნებოდა ამ საქმის ორგანიზება გიულისთვის: შეკვეთას მიიღებდა და სხვადასხვა ნივთს მოქსოვდა ან მოქარგავდა.

„გული აიცრუა, ამ ბოლოს უფრო ტელეფონზე დამოკიდებული გახდა, ძირითადად მუსიკას უსმენს,“ – დიალოგში ერთვება ეთერ ბარამიძეც, გიულის დედა.

შშმ ქალის დედა ფიქრობს, რომ შესაძლოა, გიული დასაქმდეს და უხარია, როცა ტელევიზიით დასაქმებულ შშმ ადამიანებს ხედავს. იმის გამო, რომ ოჯახს ამ ეტაპზე სოციალური დახმარება შეწყვეტილი აქვს, გიულის უარი უთხრეს იმაზე, რომ სოფელში საზოგადოებრივ სამუშაოზე ემუშავა.

„მითხრეს, რომ ადგილები უკვე ამოიწურა. 8 ადამიანი მუშაობს ჩვენს სოფელში, გზაზე მუშაობენ ძირითად, ამბულატორიის დამლაგებლად და ასე შემდეგ. გიულის მუშაობა შეუძლია, ყურადღება სჭირდება, ცუდად არ გახდეს, თორემ ადგილზე იმუშავებდა, ჩვენც დავეხმარებოდით,“ – ფანჯრიდან სოფლის ხედს გაჰყურებს გურამ დიასამიძე.

„კარგი სოფელია, კარგი ადგილია, ყველაფერს ვხედავ აქედან, ბუნებას,“ – ამბობს გიული და მოქარგულ ნივთებსაც ცალ-ცალკე გვაჩვენებს.

„სკოლა და დავალებების დაწერა ძალიან მიყვარდა, სკოლას დავამთავრებდი, მამამ გამომიყვანა, ვეღარ შევძლებდი, ვიცი,“ – ფერად ყელსახვევს გვაჩვენებს გიული ამჯერად და დასძენს, ეს ორ დღეში მოვქსოვე, ძალიან მოქნილი ვარო.

„მასწავლებლები ყველა კმაყოფილი იყო, მაგრამ ავად ხდებოდა. დირექტორი გვირეკავდა, ტაქსის საშუალება მაშინ არ იყო, არც ამდენი მანქანა იყო, ისეთი პერიოდი იყო,“ – გვიყვება ეთერ ბარამიძე. – „სკოლაში ექთანი ჰყავდათ და პირველად დახმარებას უწევდნენ, მაგრამ არ გამოვიდა.

ეთერ ბარამიძე

წლის და 8 თვის იყო, პირველად რომ ჰქონდა შეტევა, მას შემდეგ მუდმივად მასთან ვარ, ვერ ვტოვებ, პროფესიით ინჟინერი ვარ, ბათუმში სტატისტიკაში ვმუშაობდი, მაგრამ მას შემდეგ აღარასდროს მიმუშავია.

მითხრეს, რომ მომვლელის ფულს მე ვერ მომცემდნენ, მეორე ჯგუფია და არაო. გიულის პენსია 234 ლარია. მუნიციპალიტეტი სრულად გვეხმარება მედიკამენტებზე, მაგაში ფული არ გვეხარჯება,“ – ასრულებს ეთერ ბარამიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: