განათლება,მთავარი,სიახლეები

ბავშვის ცემა როგორ შეიძლება – 94 წლის ყოფილი პედაგოგი ქედიდან

07.02.2024 • 7936
ბავშვის ცემა როგორ შეიძლება – 94 წლის ყოფილი პედაგოგი ქედიდან

„მაგელანს არ უვლია იმდენი, მე რომ მივლია.

ზამთარში თხილამურებით დავდიოდი სკოლაში, 4 კლასთან ერთად ვმუშაობდი. ქიმია-ბიოლოგიას, ფიზკულტურას ვასწავლიდი, დაწყებითებსაც“, – ამბობს 94 წლის როსტომ ძნელაძე „ბათუმელებთან“.

როსტომ ძნელაძე ქედაში, სოფელ ორცვაში ცხოვრობს და გვიყვება, როგორი უნდა იყოს კარგი მასწავლებელი და რა არის მნიშვნელოვანი პედაგოგისთვის „დიდთან დიდი იყოს და პატარასთან – პატარა“.

მისი თქმით, სიტყვა „მასწავლებელი“ იმდენად დიდი ღირსების მატარებელია, რომ ამ სტატუსის ადამიანს მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება.

„მასწავლებელი უნდა იყოს კულტურულად ჩამოყალიბებული და განათლებული. გამორჩეული სიტყვითაც. ზოგი მასწავლებელი საგნის მცოდნეა, მაგრამ ნერვიულია. ასე არ შეიძლება.

აქ, ჩვენთანაც გვყავდა ერთი მასწავლებელი, ცემის მეტი არაფერი ჰქონდა გაკვეთილზე. ბავშვის ცემა არ შეიძლება.

მოსწავლეთა სიმრავლეს მნიშვნელობა არ აქვს, მასწავლებლის საუბარს აქვს მნიშვნელობა“, – ამბობს როსტომ ძნელაძე.

94 წლის როსტომ ძნელაძე.

მისი აზრით, მკაცრი მასწავლებელი არც ერთ მოსწავლეს არ მოსწონს.

„მასწავლებელს მოსწავლის მდგომარეობაში ყოფნაც უნდა შეეძლოს ხანდახან. ისე უნდა დაამუხრუჭო მოსწავლე, რომ ღირსება შეინარჩუნო.

დიდთან დიდი უნდა იყო და პატარასთან – პატარა.

ბავშვის დატუქსვისა და გამოსწორების ბევრნაირი ხერხი არსებობს, სავალდებულო არ არის ყვირილი და ძალადობა. ეს მეთოდები კი შენ, მასწავლებელმა უნდა გამოიმუშაო.

ყველა ბავშვი ერთნაირი არ არის, ერთს სხვა უნდა, მეორეს – სხვა“, – ამბობს როსტომი.

როსტომს სკოლაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. უმუშავია მცირეკონტინგენტიან სკოლებშიც.

ამბობს, რომ ერთ მოსწავლესთან მუშაობა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ბევრ ბავშვთან. „რა დილხორია (რთული) იცი, ერთი მოსწავლე როცა გყავს? ვერ ეტყვი „ადექი“, „დაჯექი“, სულ სხვანაირი მიდგომები გჭირდება. სულ უნდა ეცადო, რომ არ მოიწყინოს, მისთვის საინტერესო უნდა გახადო პროცესი.

ბავშვს ზოგჯერ უმნიშვნელო რამეც კი შეიძლება ეწყინოს. მახსოვს, ერთხელ ერთ მოსწავლეს საათი გამოვართვი. ახალი საათი ჰქონდა, სულ ზედ იყურებოდა და ყურადღება ეფანტებოდა.

გამიბრაზდა. როცა გაიზარდა და წლების შემდეგ შემხვდა, ეს ამბავი გაიხსენა. გახსოვთ, საათი რომ წამართვითო?.

აი, ასეთია ბავშვის ბუნება. ბავშვს ზოგჯერ ისე უნდა ასიამოვნო, რომ წლების შემდეგ შენთან შეხვედრა სიამოვნებდეს. „გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი“, – ხომ ასეა?

ჩქოლას (ნერგი) რომ დარგავ, იმას ჭიგო უნდა სწორად რომ  გაიზარდოს, ასეთი ჭიგოა სკოლა მოსწავლისთვის“, – ამბობს როსტომ ძნელაძე.

მისი თქმით, ყველაზე მთავარი ადამიანებთან ურთიერთობაში ენაა.

„ახლა ერთმანეთს ისეთ რამეებს შეჰკადრებენ, ასე როგორ შეიძლება. ან პარლამენტარები, მინისტრები, როგორ ელაპარაკებიან ერთმანეთს… მეტისმეტია ეს.

ადრე ტელევიზორი არ იყო და ხალხი ვერ ხედავდა ყველაფერს. ახლა ყველაფერი ჩანს.

ყველა ერთმანეთს ძრახავს. ყველა უკან მდგომი წინას ჰკრავს ხელს, რომ მის ადგილზე იყოს. ასე როგორ შეიძლება“, – გვეუბნება როსტომი.

მისი თქმით, ადამიანმა ისე უნდა იცხოვრო, რომ შენი განვლილი გზით იამაყო. „მე ნამდვილად ვამაყობ ჩემი ცხოვრებით“, – ამბობს როსტომი.

რა არ გამომივლია, კომუნისტური დიქტატურიდან მოყოლებული, მეორე მსოფლიო ომი. პურის ნაცვლად ხის ქერს ჭამდა ხალხი, ისეთი გაჭირვება გამოვიარეთ, მაგრამ ღირსება არ დაგვიკარგავს ბევრს.

თუმცა ისეთი ხალხიც ვნახეთ, 37 წელში 3 თუმანზე ჯაშუშად რომ მუშაობდა და ოჯახებს ანადგურებდა. ძალიან სასტიკი იყო 37 წელი, რეპრესიები. ბევრი ნიჭიერი და კარგი ხალხი განადგურდა.

ბიძაჩემი, დედაჩემის ძმაც წაიყვანეს და ისე ჩაკლეს სადღაც, კაცმა არ იცის.

თუ სხვას ძირს უთხრი, იმ ორმოში შენც ჩავარდები. ამიტომ ასე არ უნდა მოიქცე ადამიანი, თუ ჭკვიანი და გონიერი ხარ.

მარადიული არავინ არის. არაფერია ცხოვრება, ამიტომ ადამიანმა ყოველთვის უნდა აკეთოს სიკეთე. სიკეთე მზის შუქს ჰგავს, არ იკარგება. არც ბოროტება იკარგება“, – ამბობს როსტომ ძნელაძე.

როსტომ ძნელაძე ქედაში, სოფელ ორცვაში ცხოვრობს.

მისი თქმით, ამ ქვეყანაზე უნაკლო არავინაა, თუმცა ადამიანები უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენი განვლილი გზა მისაღები იყოს სხვისთვისაც.

„ასეთი უნდა იყოს მასწავლებელიც, რადგან ის აყალიბებს მომავალ თაობას თავისი ენერგიით. ამიტომ მასწავლებელს ყველაზე მეტი მოეთხოვება“, – გვეუბნება ის.

მისი თქმით, მასწავლებელი კარგად უნდა ცხოვრობდეს, რადგან ბავშვი ყველაფერს აკვირდება. მასწავლებელი ხშირად არის ბავშვისთვის მაგალითი, ამიტომ მასწავლებლის ცხოვრებაც მისაღები უნდა იყოს ბავშვისთვისო.

„მე, მაგალითად, კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით, რადგან სკოლიდან მადლიერი ვარ წამოსული“, – დასძენს ის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: