58 წლის გენერალ-პოლკოვნიკი ოლექსანდრ სირსკი გახდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მას შემდეგ, რაც 8 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაითხოვა ვალერი ზალუჟნი, გენერალი, რომელსაც „რკინის გენერალს“ უწოდებდნენ.
ვინ არის ოლექსანდრ სირსკი, რომელიც აქამდე უკრაინის სახმელეთო ჯარებს ხელმძღვანელობდა?
ოფიციალური ინფორმაციით, ოლექსანდრ სირსკი რუსეთში დაიბადა 1965 წლის 26 ივლისს, სამხედროების ოჯახში. იგი უკრაინაში გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ცხოვრობს.
ზალუჟნისგან განსხვავებით, სირსკის ტრადიციული, საბჭოთა სამხედრო განათლება აქვს მიღებული – დამთავრებული აქვს მოსკოვის უმაღლესი სამხედრო სამეთაურო სკოლა, მსახურობდა საბჭოთა არმიაში. 1996 წელს სირსკიმ დაამთავრა უკრაინის შეიარაღებული ძალების აკადემია, ხოლო 2005 წელს – უკრაინის ეროვნული თავდაცვის აკადემია. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იგი 1993 წლიდან მსახურობს.
2014 წელს სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი სამეთაურო ცენტრის უფროსის პირველ მოადგილედ დანიშნეს, იგი პასუხისმგებელი იყო ნატოსთან თანამშრომლობაზე. იბრძოდა დონეცკსა და ლუგანსკში.
2019 წლის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ზელენსკის გამარჯვების შემდეგ ოლექსანდრ სირსკი დაინიშნა უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურად. მას 2020 წელს მიენიჭა გენერალ-პოლკოვნიკის წოდება.
სირსკის სამხედრო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერაციები იყო კიევის დაცვა, რისთვისაც პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მას უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა და, ასევე, კონტრშეტევა აღმოსავლეთსა და სამხრეთში.
მედია წერს, რომ სირსკი იყო კიევის დაცვის ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი. მისი დავალებით მოხდა კიევის ორდონიანი დაცვა, რამაც, სამხედრო საქმის სპეციალისტების თქმით, გაართულა რუსული არმიის წინსვლა – რუსული ჯარები იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ.
სირსკის მიეწერება 2022 წლის სექტემბერში ხარკოვის რეგიონში კონტრშეტევის მართვა, რაც უკრაინის მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო ამ ომში. მაშინ კიევმა რუსული არმიისგან გაათავისუფლა კუპიანსკი, იზიუმი და სხვა ქალაქები.
2022 წლის შემოდგომაზე და 2023 წლის გაზაფხულზე სირსკი ხელმძღვანელობდა სოლედარისა და ბახმუტის დაცვას, საიდანაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საბოლოოდ უკან დაიხიეს. მაშინ ბევრი სამხედრო ანალიტიკოსი ეჭვობდა, ღირდა თუ არა დანგრეული ქალაქისთვის ამხელა მსხვერპლის გაღება – მიუთითებდნენ დაღუპულებისა და დაჭრილების დიდ რაოდენობაზე. სირსკი კი ამბობდა, რომ უკრაინელების მიერ ბახმუტის დაცვამ დაასუსტა რუსეთის არმია და ასევე, რუსეთის ყველაზე ძლიერი სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“.
დასავლური მედია წერს, რომ სირსკი ისეთი პოპულარული არ არის რიგით სამხედრო მოსამსახურეებს შორის, როგორც ზალუჟნი იყო. მას საბჭოთა სტილის მეთაურად მიიჩნევენ, მიუხედავად იმისა, რომ თავად სირსკიმ, თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები იმართება რადიკალურად განსხვავებული ბრძანებებით, ვიდრე თანამედროვე რუსული არმია და ჯარისკაცის სიცოცხლე უმაღლესი ღირებულებაა.
გამოცემა Kyiv Independent-ი ივან სტუპაკზე, სამხედრო დამკვირვებელისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ თანამშრომელზე დაყრდნობით წერს, რომ სირსკის რეკომენდაცია მთავარსარდლის პოსტზე ვალერი ზალუჟნიმ გაუწია.
სტუპაკმა ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთი უკრაინელი ჯარისკაცი და მოხალისე არ არის კმაყოფილი სირსკის დანიშვნით და მას მოიხსენიებენ, როგორც „ყასაბსა“ და „სასტიკი დისციპლინის მოყვარულს“.
სამხედრო დამკვირვებელი აღნიშნავს, რომ სირსკის კიდევ ერთი უარყოფითი მხარე ისეაა, რომ იგი, ზალუჟნისგან განსხვავებით, ლოიალურია პრეზიდენტის ოფისის მიმართ და მოსალოდნელია სამხედრო საქმეში პოლიტიკის უფრო დიდი გავლენა.
___________________
ფოტო: EPA-EFE/VITALII NOSACH