მთავარი,სიახლეები

მზარდი კორუფციის ფაქტები აჭარაში – რას წერს „გამჭვირვალობა“

09.02.2024 • 3630
მზარდი კორუფციის ფაქტები აჭარაში – რას წერს „გამჭვირვალობა“

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მოკვლევით, აჭარის მაღალმთიანეთის მაჟორიტარის, ანზორ ბოლქვაძის ნათესავების კომპანიებმა 2016-2023 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან ჯამში 16 520 805 ლარი მიიღეს.

ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ დღეს, 9 თებერვალს გამოქვეყნებულ მასალაში – „კორუფციის რუკა: რეგიონებში მზარდი კორუფციული ფაქტები და მათზე რეაგირების პრობლემა“.

„გამჭვირვალობა“ ანზორ ბოლქვაძესთან დაკავშირებული 4 კომპანიის: შპს „გიგა-2015“-ის, შპს „აისის“, შპს „ქედეს“ და შპს „როდას“ სახელმწიფო შესყიდვებზე 2020 წელს წერდა, ამჯერად ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „მას შემდეგ შესყიდვებით მიღებული შემოსავალი 6 მილიონზე მეტი ლარით გაიზარდა“.

ამავე წყაროს ცნობით, ბათუმის საკრებულოს ყოფილ წევრთან, ირაკლი თოფურიძესთან  დაკავშირებული კომპანიები –  „აჭარგანათება” და „განათება” უკონკურენტოდ იგებენ ტენდერებს აჭარის მუნიციპალიტეტებში – კომპანიებმა 79 627 110 ლარი  მიიღეს.

„აჭარგანათების“ 100% წილს სრულად ფლობს „ქართული ოცნებიდან” ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ირაკლი თოფურიძის დედა, ზოია დოლიძე.

ეს კომპანია დააფუძნა ირაკლი თოფურიძის მამამ, თამაზ თოფურიძემ, რომელიც ასევე იყო ბათუმის საკრებულოს წევრი 2010-2014 წლებში.

„დღეს კომპანიის წილები სრულად გამოისყიდა ოჯახმა და მას ხელმძღვანელობს ირაკლი თოფურიძის ძმა, ნიკოლოზ თოფურიძე. თავის მხრივ, ნიკოლოზ თოფურიძე ფლობს შპს „განათებას” 100%-იან წილს და იგი სახელმწიფო შესყიდვებში უმეტესად უკონკურენტოდ მონაწილეობს.

თუ „აჭარგანათება“ ბათუმის გარე განათების სერვისის ძირითადი მიმწოდებელია, „განათების“ სამოქმედო სივრცე ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებია“- წერს „გამჭვირვალობა“.

მასალაში აღნიშნულია შესაძლო კორუფციის სხვა შემთხვევებზეც.

კერძოდ, ორგანიზაცია წერს, რომ ქობულეთის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსის, ბადრი რომანაძის კომპანიამ, „ჯორჯიან სტოუნმა“ 2015-2023 წლებში 62 046 920 ლარის შესყიდვები მიიღო, ხოლო აქედან 47 640 633 ლარი – ქობულეთსა და ფოთში უკონკურენტო ტენდერებიდან.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „ჯორჯიან სტოუნის“ დირექტორი ბადრი რომანაძე 2011-2014 წლებში ქობულეთის მერიაში არქიტექტურის სამსახურის უფროსი იყო და სწორედ მისი საჯარო სამსახურიდან წასვლისა და კომპანიის დირექტორად დანიშვნის შემდეგ იმარჯვებს „ჯორჯიან სტოუნის“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ შესყიდვებში.

ასევე, „გამჭვირვალობის“ ცნობით, ბათუმის საკრებულოს წევრის, ლევან დოლიძის მამის, ნუკრი დოლიძის კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 238 მილიონზე მეტი ლარი მიიღეს – „ამ თანხის 74%-ზე მეტი – უკონკურენტო, მეტოქე კომპანიების დისკვალიფიკაციისა და გამარტივებული ხელშეკრულებების პირობებში“ – აღნიშნავს ორგანიზაცია.

„ნუკრი დოლიძე ადრე თავად იყო ბათუმის საკრებულოს წევრი. მისი და მისი ოჯახის წევრების კომპანიების ფავორიტული მდგომარეობა სახელმწიფო შესყიდვებში კიდევ ერთხელ ავლენს ე.წ. მბრუნავი კარის პრობლემის სიმწვავეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის დასკვნაში პირდაპირ უთითებდა „მონოლითი 2005”-სა და „ბონდი 2009“-ის უკონკურენტო პირობებში გამარჯვების შემთხვევებზე. ნუკრი და ლევან დოლიძეები, ასევე მათთან დაკავშირებული პირები უმთავრესად ფინანსებს სწირავენ მმართველ პარტიებს. საკმაოდ მანკიერ პრაქტიკად ჩამოყალიბდა, რომ ბიზნესის წარმომადგენლები პოლიტიკურ ძალას მაშინ აფინანსებენ, როდესაც ეს ძალა მმართველი ხდება“ – წერს „გამჭვირვალობა“.

აქვე აღნიშნულია, რომ ლევან დოლიძე ჯერ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლად დაინიშნა ინფრასტრუქტურულ საკითხებში,  შემდეგ კი ბათუმის საკრებულოს წევრი გახდა.

„გამჭვირვალობა“ ასევე წერს, რომ ბათუმის საკრებულოს წევრის,  ირაკლი პატარიძისა და მისი სიძის კომპანიებმა მიიღეს  სარგებელი ბათუმის მუნიციპალური შესყიდვებიდან – 1 407 584 ლარი.

„შემოსავლების 67% ამ კომპანიებმა ბათუმის იმ მუნიციპალური იურიდიული პირებიდან მიიღეს, რომელთა კონტროლი ირაკლი პატარიძეს ევალებოდა“ – წერს ორგანიზაცია.

ასევე, „ქობულეთის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებთან დაკავშირებულმა კომპანიამ, შპს „ზომამ“ სახელმწიფო შესყიდვებიდან 1 358 938 ლარი მიიღო, მათ შორის 1 344 876 ლარი – ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან. აქედან შემოსავლის 85% უკონკურენტო ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების ხარჯზე.

კომპანიის დირექტორი, ოთარ ზოიძე მუნიციპალური შპს „ქობულეთის წყლის“ ყოფილი ხელმძღვანელია, მისი მოადგილის, გია გოლიაძის მეუღლე  – ფატი ჯინჭარაძე კი ქობულეთის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსია. აუდიტის სამსახურის ანგარიშებით ირკვევა, რომ „ზომა“ სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული სხვა კომპანიების ქვეკონტრაქტორიცაა“ – წერს ორგანიზაცია.

მასალაში ასევე საუბარია კომპანია „ესია ჯგუფზე“ – მაღალჩინოსან ძმებ ბერიძეებთან დაკავშირებულმა კომპანია „ესია ჯგუფმა“ სახელმწიფო შესყიდვებიდან 2 მილიონამდე ლარი მიიღო აჭარაში.

„სახელმწიფო ტენდერებში შპს „ესია ჯგუფი“ 2021 წლის ივლისიდან მონაწილეობს და დღემდე 1,869,747 ლარი მიიღო. ეს კომპანია ბათუმის მუნიციპალური „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ დირექტორის, აკაკი ბერიძის ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა, ირაკლი აზნაურიშვილმა დააფუძნა.

„ესია ჯგუფი“ ქედის მერიისა და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების ქვეკონტრაქტორია და მნიშვნელოვან შემოსავალს აქედან იღებს. ქედის მერი, როლანდ ბერიძე და გზების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე, რაულ ბერიძე აკაკი ბერიძის ძმები არიან“ – წერს ორგანიზაცია.

„გამჭვირვალობის“ მასალაში ნახსენებია გიორგი ჭყონიაც, რომელიც, ორგანიზაციის ცნობით, „ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი და „ქართული ოცნების“ მსხვილი შემწირველია. 2011-2023 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან შემოსავლის სახით მიიღო  335 638 719 ლარი.

გიორგი ჭყონია ფლობს 20 კომპანიის წილს და ხელმძღვანელობს 3 კომპანიას. ეს  კომპანიები, თავის მხრივ, ფლობენ სხვა კომპანიების წილებს.

გიორგი ჭყონიას კომპანიებიდან 3 – შპს „გზა”, შპს „ბათუმი ცენტრალი” და შპს „შატო კვირიკე“  აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში. გიორგი ჭყონიამ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა მმართველ პარტიას და საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ჯამში შესწირეს 1 394 000 ლარი“ – წერს ორგანიზაცია.

„გამჭვირვალობა“ წერს, რომ რეგიონებში სულ უფრო იმატებს კორუფციის სავარაუდო შემთხვევები და თანამდებობის პირებთან და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიები მსხვილ კონტრაქტებს იღებენ სახელმწიფო შემსყიდველებისგან.

__________________________

ფოტო: კადრი „გამჭვირვალობის“ ვიდეორგოლიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: