მთავარი,სიახლეები

„ხიდი წაიღო, გზა აღარ გვაქვს“ – მეწყერი სხალთაში

08.02.2024
„ხიდი წაიღო, გზა აღარ გვაქვს“ – მეწყერი სხალთაში

ხულოში, სხალთის ხეობაში, 8 თებერვალს მეწყერი ჩამოწვა.

„წაბლანის მეწყრის შედეგად ჩამოშლილი მიწის მასა ჩამოწვა მდინარე ფაჩხაში და ღვარცოფი ახალა სხალთის ტაძრის მიმდებარე ტეროტორიაზე მოდის“ – გვითხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

„ხიდი წაიღო, გზა აღარ გვაქვს, 3 ოჯახი გაჰყავთ, ვისაც საფრთხე ემუქრება,“ – გვითხრა სოფელ სხალთაში მცხოვრებმა ლევან მახარაძემ.

სოფელ წაბლანაში მცხოვრები დავით შაინიძის თქმით კი, სოფელ წაბლანის ერთი ნაწილი დაიმეწყრა: „ვის სიახლოვესაც ჩამოწვა მეწყერი, დაურეკეს და უთხრეს, რომ უნდა გადავიდეს უსაფრთხო ადგილზე, სხვა მხრივ ჩვენს სოფელში სიმშვიდეა“.

ხულოს მერიის ინფორმაციით, მეწყერი სოფელ ყინჩაურში დარიკო ცეცხლაძისა და ლევან შაინიძის საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ განვითარდა.

„მეწყრული პროცესები ღამის 2 საათიდან დაიწყო და მთელი ღამის განავლობაში გრძელდებოდა. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. მეწყრული კერის არეალში მცხოვრები ოჯახების გაყვანა დროულად მოხერხდა უსაფრთხო ადგილას. მეწყერმა დააზიანი სოფელ ყინჩაურში არსებული სამანქანო ხიდი და მიმდებარე ტერიტორია.

ამ დროისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. მოძრაობის აღდგენის მიზნით, მალე დაიწყება საჭირო ღონისძიებები“ – წერს მერია.

მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა სტიქიური კერიდან 35 ოჯახია გაყვანილი უსაფრთხო ადგილას.

ხულოს მერიის ინფორმაციით, 24-საათიან რეჟიმში მოქმედებს ცხელი ხაზი: 551 00 52 72

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე:

Rewriting 2008 07.08.2026
Rewriting 2008