მთავარი,სიახლეები

„ხალხში შიშის განცდაა, რადგან მეწყერი იქ ჩამოწვა, სადაც არ ველოდით“ – რა ხდება სხალთაში

08.02.2024 • 3952
„ხალხში შიშის განცდაა, რადგან მეწყერი იქ ჩამოწვა, სადაც არ ველოდით“ – რა ხდება სხალთაში

„კი, შიშის განცდა არის ხალხში, რადგან მეწყერი იმ ადგილას ჩამოწვა, სადაც არავინ ელოდა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ნუგზარ გორგილაძე, რომელიც სხალთაში იმყოფება.

მისი სახლი და კარ-მიდამო მეწყერმა 1989 წელს მთლიანად გაანადგურა. ახლა ის სოციალურ სახლშია შესახლებული და ახალი მეწყერი ამ სახლის მოშორებითაც ჩამოწვა.

„სადღაც 300 მეტრშია ჩამოსული მიწის მასა. ჯერჯერობით საფრთხე არ ემუქრება ამ შენობას, მაგრამ თუ კიდევ წამოვა მიწის მასა, მაშინ არსებობს რისკი“, – გვეუბნება ნუგზარ გორგილაძე.

ხულოში, სხალთის ხეობაში, მეწყერი დღეს, 8 თებერვალს ჩამოვიდა.

როგორც ნუგზარ გორგილაძე გვეუბნება, მიწის უზარმაზარი მასა ახლა მდინარის კალაპოტშია ჩაწოლილი.

დამეწყრილი გზა სხალთაში
ფოტო: ნუგზარ გორგილაძე

არსებობს რისკი, რომ წყალი დაგუბდეს და შემდეგ ამ მასამ მოსახლეობას საფრთხე შეუქმნას სადმე? – ვკითხეთ ნუგზარ გორგილაძეს.

მისი თქმით, ამ დროისთვის მიწის მასა გაჩერებულია კალაპოტში, მაგრამ რისკი გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ კიდევ განვითარდება მეწყერი.

ნუგზარ გორგილაძე

„ტექნიკა მოსულია და წმენდენ გასასვლელს. გეოლოგებიც არიან ამოსული, საგზაო დეპარტამენტიდანაც ამოვიდნენ.

მოსახლეობა, ვისაც მეტი საფრთხე ჰქონდა, გაიყვანეს. გახიზნულია პირუტყვიც“, – გვეუბნება გორგილაძე.

მიწის მასა მდინარის კალაპოტში მიედინება.

ის სკოლაში მასწავლებლად მუშაობს, ამიტომ სკოლის უსაფრთხოებაზეც ვკითხეთ.

„სკოლასთან მისასვლელი პატარა ხიდი იყო და იქ ჩაიარა მეწყერმა, ახლოს. გაშლილია მიწის მასა, ამიტომ დღეს მეცადინეობა არ იყო. არც ხვალ იქნება და ვნახოთ რა იქნება ორშაბათისთვის. თუ დაიწყება სწავლა, ალბათ მეთვალყურეს დავაყენებთ სკოლასთან, რომ ბავშვები კონტროლის გარეშე არ გადაადგილდნენ ამ მონაკვეთზე“, – ამბობს ნუგზარ გორგილაძე.

როგორც გვეუბნება, სხალთის სკოლაში სხვა სოფლებიდანაც დადიან ბავშვები, ამიტომ გზებზე შესაძლოა არსებობდეს რისკი.

„ჭერი, გურძაული, ყინჩაურიდანაც მოჰყავთ აქ ბავშვები. ჭერი ისეა დამეწყრილი, რომ არ ვიცი, იქიდან მაინც გამოჰყავდა ბავშვები ავტომანქანას და ეს რისკიც არსებობს მანდ. ამის შემდეგ რა იქნება არ ვიცი“, – ამბობს ნუგზარ გორგილაძე.

დამეწყრილი ტერიტორიებიდან ამ დროისთვის სამი ოჯახია გაყვანილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: