მთავარი,სიახლეები

საგანგებოში დავრეკეთ, მაგრამ ვერ მოდიან – მეწყერში მოყოლილი ოჯახი დახმარებას ითხოვს

06.02.2024 • 5336
საგანგებოში დავრეკეთ, მაგრამ ვერ მოდიან – მეწყერში მოყოლილი ოჯახი დახმარებას ითხოვს

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში მცხოვრები ქობულაძეების ოჯახი ამბობს, რომ მათ სახლთან მეწყერი ჩამოწვა. ოჯახში 5 ადამიანი ცხოვრობს და ყველა სახლში იმყოფება. ქობულაძეები ამბობენ, რომ თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ.

„წვიმაა ძლიერი, გარეთ ვერ გამოვდივართ, სამაშველოზე დარეკილი გვაქვს, ერთი საათის წინ დავრეკეთ, ჯერ ვერ მოვიდნენ, გზა არ არის, ჩამოხეთქილია გზებზე – ბევრ ადგილზეა ჩამოწოლილი მეწყერი. გახსნიან და მოვლენ“ –  უთხრა „ბათუმელებს“ ფატი ქობულაძემ.

მისივე თქმით, ოჯახს დამოუკიდებლად გამოსვლა სახლიდან არ შეუძლია: „დედამთილი მყავს 89 წლის, ფეხი აქვს მოტეხილი, თუ მანქანით არ გავიყვანეთ, ვერ გადავალთ. მეწყერი საშიშია.

სამეზობლოშიც, ზვარეში ბევრ ადგილზეა ჩამოხეთქილი, ერთი ოჯახის სახლთან მოხეთქილა და მეზობელთან გადასულან, მაგრამ მე აქ ვერ გადავალ, მეწყერია“.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ზვარეში ქედის მერის წარმომადგენელს. თენგიზ გათენაძემ გვითხრა, რომ ის პირადად ესაუბრა მეწყრის შედეგად იზოლირებულ ოჯახებს და მათ „საგანგაშო მდგომარეობა არ აქვთ“.

„ვუთხარი, რომ დარეკონ 112-ში. ბევრგან არის მეწყერი ჩამოწოლილი. შეუძლიათ მეზობელთანაც გადავიდნენ, უსაფრთხო ადგილას“ – გვითხრა მერის წარმომადგენელმა.

___________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: