მთიანი აჭარა,სიახლეები

სოფელ ზედა ცივაძეებში მეწყერმა სახლი წაიღო – სტიქია აჭარაში

06.02.2024 •
სოფელ ზედა ცივაძეებში მეწყერმა სახლი წაიღო – სტიქია აჭარაში

სახლი, რომელსაც მთავარ ფოტოზე ხედავთ, დღეს, 6 თებერვალს, რამდენიმე საათის წინ, მეწყერმა წაიღო შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ცივაძეებში.

მოსახლეობის ცნობით, სახლში არავინ იყო. ინფორმაცია სოფლის ერთ- ერთმა მცხოვრებმა მოგვაწოდა სტიქიის ამსახველ ფოტო-ვიდეომასალასთან ერთად.

ამ დროისთვის სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

„ქარცივაძეების სახლი წაიღო მეწყერმა და ახლა ჩემს სახლსაა მომდგარი. ჩემი ოჯახით ახლა მეზობელთან გვძინავს, მაგრამ უსაფრთხო ადგილი აღარსადაა. ძალიან ბევრ ადგილასაა მეწყერი ჩამოწოლილი. ხალხის უმრავლესობას ტელეფონი დამუხტული არ აქვს, ელექტროენერგია არ არის და ვერ ვახერხებთ ყველგან ყველაფრის გადაღებას.

უამინდობა თუ გაგრძელდა, ჩემს სახლსაც წაიღებს, ისე ახლოსაა მეწყერი. ღამით სახლში ვერ გავათევთ, მეზობელთან ვიქნებით შეფარებული. დილის 6 საათიდან ვრეკავთ მუნიციპალიტეტში, ზედამხედველობის სამსახურში და არავინ გამოჩენილა, ყურადღებას არავინ გვაქცევს, არავის არაფერი მოუკითხავს. საარჩევნო პერიოდი რომ იყოს, ალბათ ვერტმფრენითაც მოვიდოდნენ“ – ამბობს სოფელ ზემო ცივაძეების მცხოვრები, რომელიც სოციალური ქსელით დაგვიკავშირდა.

მისი თქმით, სოფლამდე მისასვლელი გზა ჩაკეტილია, არ არის ინტერნეტი, არ მიეწოდებათ ელექტროენერგია და საფრთხის ქვეშაა ბევრი ოჯახი, რადგან მეწყერი ბევრ სხვადასხვა ადგილზეა ჩამოწოლილი.

დღეს, 6 თებერვალს, აჭარის მაღალმთიანი სოფლების ნაწილი დაიმეწყრა. ერთი ადამიანი ხულოში, სოფელ თხილვანაში დაიღუპა, ერთი კი – ქედის სოფელ წონიარისში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: