განათლება,მთავარი,სიახლეები

ნახევარი მილიონი ლარის მითვისების ბრალდებით სკოლის დირექტორი და ბუღალტერი დააკავეს

08.02.2024
ნახევარი მილიონი ლარის მითვისების ბრალდებით სკოლის დირექტორი და ბუღალტერი დააკავეს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, აფხაზეთის მე-15 საჯარო სკოლის დირექტორმა და ამავე სკოლის ბუღალტერმა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს 533 576 ლარი.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აფხაზეთის №15 საჯარო სკოლის დირექტორმა და ამავე სკოლის ბუღალტერმა 2015-2023 წლებში თითქოსდა სამივლინებო, სამეურნეო, ასევე თანამდებობრივი სარგოსა და დანამატის დანიშნულებით, როგორც საკუთარ, ასევე მათთან დაკავშირებული სხვა პირების საბანკო ანგარიშებზე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ზედმეტად ჩარიცხეს 533 576 ლარი, რასაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ.

აღნიშნული ქმედებით, ბრალდებულებმა საგანმანათლებლო დაწესებულებას დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიაყენეს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ „აფხაზეთის №15 საჯარო სკოლის“ დირექტორმა და ბუღალტერმა, 2022-2023 წლებში, სკოლის წლიური ანგარიშების შედგენის დროს, საკუთარი დანაშაულის დაფარვის მიზნით, საბანკო ამონაწერებში ყალბი მონაცემები შეიტანეს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საბიუჯეტო-საფინანსო შესყიდვების სამსახურის წარმომადგენლებს აღნიშნული სახით წარუდგინეს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“ – იუწყება პროკურატურა.

უწყების ცნობით, დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში იმყოფებოდა) და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინათ.

დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება.

აფხაზეთის №15 სკოლა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მდებარეობს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: