სიახლეები

ბაღდათში მამას და მის მცირეწლოვან შვილებს ეძებენ – მეწყერმა სოფელში 4 სახლი გაანადგურა

07.02.2024 •
ბაღდათში მამას და მის მცირეწლოვან შვილებს ეძებენ – მეწყერმა სოფელში 4 სახლი გაანადგურა

4 ადამიანი დაიღუპა ბაღდათში, სოფელ ნერგეეთში განვითარებული მეწყრის შედეგად, 5 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ.

7 თებერვლის დილის 11:00 საათის მონაცემებით, გადარჩა მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელიც მეწყრული მასიდან მაშველებმა ამოიყვანეს. ის ამჟამად მკურნალობას საავადმყოფოში გადის.

მეწყერი სოფელ ნერგეეთში, რობაქიძეების უბანში 7 თებერვალს, დაახლოებით ღამის ორ საათზე განვითარდა.

„ხმა რომ გავიგეთ, მიწისძვრა გვეგონა. რომ გამოვიხედეთ, ჩვენი სახლის 12- მეტრიანი აივანი იყო ძირს ჩატანილი. ვერ გამოვედით სახლიდან, უკანა ფანჯრიდან გადავედით, მერე მეზობლებმა გამოგვიყვანეს. არ ვიცოდით, მთა რომ იყო წამოსული. სახლიდან რომ გავაღწიეთ, მერე გავიგეთ,“ – უყვება „ბათუმელებს“ ნერგეეთის მცხოვრები ნათია თავართქილაძე.

ნათიას თქმით, მას და მის მეზობლებს, ვინც სტიქიის ზონაში მოხვდა, თავდაპირველად სხვა მეზობლები დაეხმარნენ უსაფრთხო ადგილას გასვლაში.

ამის შემდეგ გაიგეს, რომ მათ მეზობლად ოთხი სახლი მეწყერმა ჩაიტანა.

„სამი სახლი საერთოდ არ ჩანს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნათია თავართქილაძემ.

როგორც „ბათუმელებს“ სოფელ ნერგეეთში ბაღდათის მერის წარმომადგენელმა უთხრა, ნაპოვნია ერთი ოჯახის სამი გარდაცვლილი წევრი – დედა, შვილი და დედამთილი.

„მეორე ოჯახიდან, რომელიც მეწყერში მოხვდა, ნაპოვნია ერთი ქალი.

ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ მამა და მისი სამი მცირეწლოვანი შვილი. ამ კაცის ცოლი და ბავშვების დედა ემიგრაციაშია. მეწყერში მოყოლილი მესამე ოჯახიდან ვეძებთ ერთ ასაკოვან ქალს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მერის წარმომადგენელმა სოფელ ნერგეეთში.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, იყო თუ არა სოფელი მეწყრულ ზონაში. როგორც ადგილობრივი მცხოვრები გვეუბნება, დაზუსტებით ამის თქმა არ შეუძლია.

„მეწყრული იყო თუ არა, არ ვიცი. ძველი ხალხი იტყოდა, ნაპრალი ჰქონდა მთასო, ახლაც ყოფილაო. ისიც არ ვიცი, გეოლოგები ჰყავდათ თუ არა ადრე და შემოწმებული იყო თუ არა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნერგეეთში მცხოვრებმა ნათია თავართქილაძემ.

ნათიას თქმით, მის სახლში არ იცხოვრება. სამეზობლოში მდებარე სამი სახლიც საშიშ ზონაშია.

„ჩვენი სახლი დაზიანებულია, არ იცხოვრება. ჩემ ზემოთ კიდევ სამი მოსახლეა, იქ ცხოვრება არ შეიძლება, მომდგარია უკან მეწყერი. როდის ჩამოვა კიდევ, არ ვიცით. ჩვენ ნათესავმა გაგვიყვანა და ახლა უსაფრთხოდ ვართ ბაღდათში. საშიშ ზონაში ვინც იყო, ჩემი მეზობლებიც გამოსულები არიან სოფლიდან,“ – ამბობს ნათია თავართქილაძე.

ოფიციალური მონაცემით, მეწყერმა სრულად დაანგრია ოთხი სახლი. აქედან სამ სახლში ადამიანები ცხოვრობდნენ, ხოლო ერთი ცარიელი იყო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: