1951 წლის დეკემბერში შუახევის სოფელ ლომანაურიდან 12 ოჯახი გადაასახლეს შუა აზიაში. ქალები, ბავშვები, ავადმყოფი მოხუცები – საბჭოთა რეჟიმმა არავინ დაინდო და მკაცრ ზამთარში გაუყენა უდანაშაულო ადამიანები მათთვის უცნობ და რთულ გზას.
სტალინის ბრძანებით შუა აზიაში ასახლებდნენ მათ, ვისაც სისტემა ხალხის მტრად და პარტიისთვის მიუღებლად ჩათვლიდა. ხალხის მტერი იყავი მაშინაც, თუკი შენი წინაპარი მეზობელ სახელმწიფოში ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება პირდაპირი დანაშაული ჩადენილი არ გქონდა, თურქეთში მცხოვრებთან ნათესაური კავშირი უკვე დანაშაული იყო. სწორედ თურქეთში მცხოვრები ნათესავები გახდა ლომანაურში მცხოვრები 9 ოჯახის „დანაშაული“. თუმცა ოფიციალური დოკუმენტი, რის გამო გადაასახლეს ადამიანები, ოჯახებს არასდროს მიუღიათ.
ოჯახების გაუბედურებაში უბადლო სისტემამ არ დაინდო არავინ – არც ბავშვები და არც ასაკოვანი ადამიანები.
სოფელ ლომანაურში დღემდე ახსოვთ ორი ამბავი რეპრესიებზე, რომელმაც ათეულობით ადამიანის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.
1938
1938 წლის 3 მარტს სოფელ ლომანაურიდან 9 კაცი გაიქცა თურქეთში.
მუსტაფ ბერიძე, მურთაზხ ქამადაძე, ემინ ბერიძე, შაქირ ბერიძე, ინუს ფუტკარაძე, დემურალ ბერიძე, ისუფ ბერიძე, ალი ფუტკარაძე, რეჯებ ბერიძე – ეს ლომანაურელი კაცები თურქეთში გაექცნენ იმ სტალინურ რეპრესიებს, რომელიც 1937 წელს დაიწყო.
თუმცა თითოეულ მათგანს საქართველოში დარჩა ოჯახი, სტალინური რეპრესიების სისასტიკე კი სწორედ გაქცეულების ოჯახის წევრებს დაატყდათ თავს.
1951 წლის დეკემბერში, სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს დადგენილებით სოფელ ლომანაურიდან, სადაც იმ დროისათვის 45 კომლი ცხოვრობდა, 12 ოჯახი გადაასახლეს.
ფუტკარაძეების ოჯახის ამბავი
43 წლის იყო ინუს ფუტკარაძე, როცა თანასოფლელებთან ერთად 1938 წელს თურქეთში გაიქცა. ინუს ფუტკარაძის ამბავი, ვრცლად აღწერა მისმა შვილიშვილმა, ნოდარ ფუტკარაძემ დოკუმენტურ ფაქტებზე დაყრდნობით დაწერილ წიგნში „მშობლის ნაამბობი“. ისტორიები საბჭოთა რეპრესიებზე მას მამამ, ზიქრი ფუტკარაძემ უამბო.
ფოტოზე: ზიქრი ფუტკარაძე [გადაასახლეს შუა აზიაში], შაქირ ბერიძე [1938 წელს გაიქცა თურქეთში] და ვეზირ ბერიძე [გადაასახლეს შუა აზიაში]ზიქრი ფუტკარაძის ნაამბობი:
„მამა თურქეთში უდავოდ სიკვდილს გაექცა. ბევრი ამბობს: ინუს ფუტკარაძეს თურქეთში გაქცევის მიზეზი ნამდვილად არ ჰქონდა, საკმაოდ ხანში შესული იყო და არავინ არ დაიჭერდაო. ეს ვარაუდო მისაღები არაა. მაშინ მამა 43 წლის იყო, ხოლო ორჯერ მეტი ხსნის, 70-80 წლის ხალხის დახვრეტა იშვიათი როდის იყო?
მამამ თურქეთს შეაფარა თავი, მაგრამ ოჯახის დანარჩენი წევრები უარეს დღეში აღმოვჩნდით. უშიშროებამ გააასმაგა ჩვენი თვალთვალი. პატარა შეცდომაც შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგვჯდომოდა. გააქტიურდა აგენტურა. ფარულად გვამოწმებდნენ, ხომ არ გვქონდა რაიმე კავშირი თურქეთში გადახვეწილ ოჯახის წევრებთან“, – ჰყვება ზიქრი ფუტკარაძე.
მისი მონათხრობის მიხედვით, მამისგან, ინუს ფუტკარაძისგან სამჯერ მიიღო წერილი თურქეთიდან. თუმცა არც ერთხელ არ უპასუხია მისთვის, რადგან საბჭოთა უშიშროება გამუდმებით უთვალთვალებდა და დიდი იყო საფრთხე, რომ მის ოჯახს საშინელი რეპრესიები შეეხებოდა.
1949 წელს, უბედური შემთხვევის შედეგად, წელის მოტეხილობით სარეცელს მივეჯაჭვე. ჩემი მრავალრიცხოვანი ოჯახი მხოლოდ მოხუცების, პატარა ბავშვებისა და ჩემი ჩათვლით, ავადმყოფების ამარა დარჩა. შრომისუნარიანი მხოლოდ ჩემი მეუღლე ზეინაბი იყო.
ჩემ თავზე დატრიალებულმა უბედურებამ რეპრესიების შიში უფრო გამიქარწყლა. ვფიქრობდი, რომ ავადმყოფების, მოხუცებისა და ჩვილი ბავშვებისგან შემდგარ რვასულიან ოჯახს ხელს არავინ ახლებდა, მაგრამ თურმე მწარედ ვცდებოდი…
1951 წლის 25 დეკემბრის საღამოს ჩვეულებრივ დროზე დავწექით დასაძინებლად. გათენებამდე ორ საათზე მეტი იყო დარჩენილი, როდესაც კარზე კაკუნის ხმამ გაგვაღვიძა“.
ზიქრი ფუტკარაძის ნაამბობის მიხედვით, მათ ოჯახში შეიარაღებული რუსი ჯარისკაცები მივიდნენ, ოჯახის ყველა წევრს ერთ დიდ ოთახში მოუყარეს თავი და გააცნეს დოკუმენტი, რომლის თანახმადაც „სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს დადგენილებით ზიქრი ფუტკარაძის ოჯახს მიესაჯა საქართველოდან გადასახლება“.
ოჯახს მოსამზადებლად რამდენიმე საათი მისცეს. კითხვა, თუ რა დანაშაულის გამო ასახლებდნენ რვასულიან ოჯახს, სამუდამოდ უპასუხო დარჩა.
„მეზობლებს შეეტყოთ ჩვენი გადასახლების ამბავი. დიდი თუ პატარა ჩვენკენ მოემართებოდა. ძნელი საყურებელი იყო შორიდან ქვითინით მომავალი ქალები და დამნაშავესავით თავდახრილი კაცები. ეზოში მოსვლისთანავე ხმამაღლა ატირდებოდნენ, რასაც ჩვენი ოჯახის წევრების გოდება შეუერთდებოდა და ყველანი ერთად არამიწიერ უბედურებას ვგლოვობდით“, – იხსენებს ზიქრი ფუტკარაძე.
ლომანაურიდან ზიქრი ფუტკარაძის რვასულიანი ოჯახი ბათუმში ჩაიყვანეს, რკინიგზის სადგურში ვაგონებში ჩასვეს და შუა აზიაში გაამგზავრეს.
მგზავრობა აუტანელ პირობებში ორ კვირას გაგრძელდა. ფუტკარაძეების ოჯახმა დანიშნულების ბოლო პუნტში ჩასვლისას აღმოაჩინა, რომ სამხრეთ ყაზახეთის ოლქში, ილიჩევსკის რაიონში გადაესახლებინა ისინი საბჭოთა რეჟიმს.
ოჯახმა გადასახლებაში 2 წელი გაატარა.
1953 წლის 5 მარტს სტალინი გარდაიცვალა.
„დიადი ბელადის გარდაცვალებით უდიდესი უბედურება დაატყდა თავს საბჭოთა კავშირის ხალხებს – დაიწყო პარტიული ორგანიზაციის მდივანმა. გლოვობს მთელი ქვეყანა. ვიგლოვოთ ჩვენც. ყველამ ერთად დავდგეთ და ვიტიროთო. ჩვენც დავდექით და ავტირდით.
ჩასახლების პირველი დღიდან დაწყებული, დღე არ გავიდოდა, პარტიის ცენტრალური კომიტეტის ან სტალინისთვის წერილი არ გაგვეგზავნა. როგორც უდანაშაულოები სამშობლოში დაბრუნებას ვითხოვდით, მაგრამ პასუხის ღირსად არ ჩავუთვლივართ. იმ დღეს კი პარტიის დავალებით ვიდექით და ყველანი სტალინის სიკვდილს ვგლოვობდით,“ – ასე მოუყვა წლების შემდეგ შვილს ზიქრი ფუტკარაძე სტალინის სიკვდილის ამბავს.
სტალინის სიკვდილიდან სამ თვეში, 1953 წლის ივნისში გადასახლებულებს ცნობა მიუვიდათ, რომ სახლში დაბრუნება შეეძლოთ. საბოლოოდ მშობლიურ შუახევში დაბრუნება ზიქრი ფუტკარაძის ოჯახმა 1953 წლის დეკემბერში შეძლო.
როგორ ახსოვთ სოფელ ლომანაურში სტალინური რეპრესიები
„1951 წლის დეკემბერი იყო მგონი. პატარა ვიყავი, დედაჩემი მოვიდა – ჩვენს მეზობელს ასახლებენო. ვკითხე – სად ასახლებენ-მეთქი და ყაზახეთშიო. მათ ჰყავდათ ჩემი ტოლი გოგო. დედაჩემს ვთხოვე ის მოვიდეს, სახლში მარტო ვერ გავჩერდები, მეშინია-მეთქი. არა შვილო, იმასაც ასახლებენო. მათ ოჯახში მწოლიარე ავადმყოფი ჰყავდათ. ციგაზე დააკრეს ეს ქალი. ოჯახის უფროსი წელმოტეხილი კაცი იყო, უჭირდა სიარული, ისიც წაიყვანეს.
საცალფეხო გზა იყო ჩასავლელი, გაღმა ცენტრალურ გზაზე მანქანები ელოდებოდათ. რაც შეეძლოთ მეზობლები დაეხმარნენ, ჩაუტანეს საჭმელი – რაც დასჭირდებოდათ. ტანსაცმელი ბევრი არ ჰქონდათ. ტანზე რაც ეცვათ, იმით წავიდნენ. ზიქრი და ბარათალ ფუტკარაძეები იყვნენ,“ – იხსენებს მიხეილ ფუტკარაძე, სოფელ ლომანაურის მცხოვრები.
მიხეილ ფუტკარაძე
ლომანაურიდან შუა აზიაში 12 ოჯახი გაასახლეს.
„ლომანაური სოფელ დღვანის საკრებულოში შედის. დღვანის საკრებულოს სოფლებიდან ყველაზე მეტი სწორედ ლომანაურიდან გაასახლეს, რადგან აქაურებმა 1936-37 წლებში არსებულ წყობილებას ვერ გაუძლეს და გაიქცნენ თურქეთში.
მაშინ მათ თავს უშველეს, ციხეში მოხვედრას გადარჩნენ, თუმცა ალბათ არ იფიქრეს იმაზე, თუ რა დაემართებოდათ მათ ოჯახებს,“ – ამბობს მიხეილ ფუტკარაძე.
სონია ბერიძე
სოფელ ლომანაურში მცხოვრები სონია ბერიძეც რეპრესირებული ოჯახის შთამომავალია. სონიას სამი ბიძა იმ 9 ადამიანში იყო, რომელიც 1938 წელს თურქეთში გაიქცა.
„1938 წელს, როცა რეპრესიები აქტიურ ფაზაში იყო შესული, ბიძაჩემებმა გაიგეს, რომ რაიონში დგებოდა სიები იმ ხალხის, ვინც არ იზიარებდა საბჭოთა ხელისუფლების იდეოლოგიას.
გაიგეს ისიც, რომ ასეთი ხალხი ექვემდებარებოდა გადასახლებას ან დაპატიმრებას. რადგან ადრიანად გაიგეს და მიხვდნენ, რომ ვერ გაიტანდნენ თავისას, აშკარა სიკვდილს ან გადასახლებას წასვლას არჩიეს ემიგრაციაში გაქცევა.
ბიძაჩემებმა, სამმა ძმამ – იუსუფ, მუსტაფა და ემინ ბერიძეებმა ცოლები დატოვეს და წავიდნენ. მათ ცოლ-შვილს მერე ბაბუაჩემმა უპატრონა.
რეპრესიები ყველას ოჯახს შეეხო. 1951 წლის ზამთარში ყველა აყარეს და შუა აზიაში გადაასახლეს. 1954 წელს დაბრუნდნენ, სტალინის სიკვდილის შემდეგ.
ჩამოვიდნენ აქ და ზოგს სახლი აღარ დახვდა. დაშალეს და სახელმწიფო დაწესებულებებისთვის სხვადასხვა სოფლებში წაიღეს მასალა. მეზობელმა სოფლებმა მხრებით მოიტანეს მასალები და ისე აუშენეს სახლები გადასახლებიდან დაბრუნებულებს,“ – იხსენებს სონია ბერიძე.
თიბისის მობაილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა – ახლა უკვე ნაკრების და სახელფასო ბარათის განახლება პირდაპირ აპლიკაციიდან არის შესაძლებელი. მსგავსი ფუნქციონალები მობაილბანკში ადამიანებს ყოველდღიურობის გასამარტივებლად და ბაზარზე საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შესაქმნელად ინერგება.
1. გამოიწერე ბარათი სახლიდან გაუსვლელად
თუ კი ჯერ არ ხარ მობაილბანკის მომხმარებელი, შეგიძლია გახდე სულ რაღაც 2 წუთში. უბრალოდ გადმოწერე აპლიკაცია, გაიარე რეგისტრაცია და გამოიწერე შენთვის სასურველი საბარათე ნაკრები. თან, მიიღებ შენს სასურველ მისამართზე ან ფილიალში.
2. არ დარჩე ბარათის გარეშე, განაახლე ბარათი მობაილბანკიდან
Ხშირად გვავიწყდება როდის გასდის ჩვენს ბარათებს ვადა, ან ვკარგავთ და გვებლოკება და უეცრად ბარათის გარეშე ვრჩებით. Ამ შემთხვევაში მობაილბანკიდან შეგიძლია ბარათი უბრალოდ განაახლო. Მთავარი გვერდზე შენი ბარათების ჩამონათვალიდან აირჩიე რომელი ბარათის განახლებაც გსურს, და შემდეგ დამხმარე ღილაკებიდან აირჩიე “ბარათის განახლება”. Აირჩევ შენთვის სასურველ ბარათის ტიპს, ფერს და რომელ მისამართზე გსურს რომ მიიღო.
3. Მართე შენი ბარათები მარტივად
არის რამდენიმე სიტუაცია, რაშიც მობაილბანკის დამხმარე ღილაკები ძალიან გვადგება. თუ კი ონლაინ ყიდულობ ნივთს, შეგიძლია ნახო შენი ბარათის დეტალები საფულის მოძებნის გარეშე, ამისთვის დააჭირე ღილაკს “ბარათის დეტალები”. ან თუნდაც, ბარათი დაკარგე და არ გინდა რომ სხვამ გამოიყენოს, შეგიძლია მობაილბანკიდან დაბლოკო – ღილაკით “დაბლოკვა”. ხანდახან გვავიწყდება ბარათის პინკოდი, მაგრამ მობაილბანკით 3 თითის დაწკაპუნებაში შეგიძლია განაახლო და გააგრძელო ბარათის გამოყენება, ამისთვის გამოიყენე ღილაკი “პინ კოდის აღდგენა”. ყველა ამ ღილაკს, მობაილბანკის მთავარი გვერდიდან ბარათს რომ აირჩევ, ბარათის ქვეშ იპოვი.
4. გაანაწილე ტრანზაქციები
მობაილბანკი გაძლევს საშუალებას დააბრუნო ტრანზაქცია და შემდეგ გაანაწილო თვეებზე, მსგავსი პროდუქტი საქართველოს ბაზარზე მხოლოდ თიბისიში შეხვდებით. ტრანზაქციის განაწილების მეშვეობით, შეგიძლია აირჩიო ტრანზაქცია რომლის დაბრუნებაც გინდა, მონიშნო ღილაკი “ტრანზაქციის დაბრუნება”, მიყვე პროცესს და დაიბრუნო მთლიანი თანხა ანგარიშზე. გადასახადი კი განაწილდება მომდევნო თვეებზე. მობაილბანკში ტრანზაქციის განაწილების ფუნქციონალი გაძლევს საშუალებას ბოლო 2 კვირის განმავლობაში გადახდილი ტრანზაქცია (როგორც პარტნიორ, ისე არაპარტნიორ მაღაზიებში) უკან დაიბრუნო და მისი გადახდა 4 თვეზე გადაანაწილო. თვიური საპროცენტო განაკვეთი 1%.
„არა რუსულ კანონს“ – ამ პლაკატების გამოქვეყნების შემდეგ დღეს, 26 აპრილს, ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციას „ქართული ოცნების“ წევრები თავს დაესხნენ. უმრავლესობის წევრებმა ოპოზიციას პლაკატები წაართვეს და დაუხიეს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.
„არა რუსულ კანონს კი არა, დაახვიეთ აქედან, წადი მოშორდი აქედან, გამოგიქნევ სახეში… დამთავრდა თქვენი პოზიციების გამოხატვები. შენ მოღალატე შენ, შენ ვიგინდარავ შენ,“ – ისმის „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრის მიმართვა ლაშა კომახიძის ფეისბუქლაივში, რომელიც ასახავს დაპირისპირებას სხდომაზე.
ლაშა კომახიძე ქობულეთის საკრებულოს წევრია „ერთიანი ნაციონალი მოძრაობიდან“. მისი თქმით, თავდაპირველად მათ აგრესიულად გიორგი გოგიტიძემ მიმართა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა.
„მე ვისარგებლე რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებით და გავაკეთე განაცხადი: „არა რუსულ კანონს“. დახიეს ჩვენი ფურცლები, შეურაცხყოფა მოგვაყენეს სიტყვიერი, დარბაზიდან როცა გამოვყავდი დაცვის პოლიციას, უკნიდან მომეპარა და კისრის არეში დამარტყა გელა შაქარიშვილმა, სხვებს წყალი შეასხეს, ბოთლებს გვესროდნენ…
თავდაპირველად აგრესიულად მოგვმართა გიორგი გოგიტიძემ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. საკრებულოს თავმჯდომარე ფსკერზეა დასული, მოვუწოდებდი, რომ სწორად წარმართა სხდომა, მაგრამ არაფერი გააკეთა.
ახლაც გრძელდება მასკარადი საკრებულოში, სხდომა გააგრძელეს, მაგრამ ჩვენ იქ აღარ დავბრუნდებით,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ლაშა კომახიძემ, ქობულეთის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.
„არ მაქვს უფლება ვუღალატო ჩემს ქვეყანას და ყოველდღე, უნივერსიტეტის შემდეგ, მივდივარ პარლამენტთან. ვისაც ოდნავ მაინც გადარდებთ თქვენი ქვეყანა, თქვენი შვილები და თქვენი თანამოქალაქეები უბრალოდ არ უნდა გაჩუმდეთ“ – ამბობს ნათია ჭელიძე, სტუდენტი ხულოდან, რომელიც თბილისში სწავლობს და საქართველოს პარლამენტთან რუსულ კანონს აპროტესტებს.
ნათიამ „ბათუმელებს“ წერილობით მოაწოდა მოსაზრება, თუ რატომ ეწინააღმდეგება რუსულ კანონს:
„კანონის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, თუ რატომ ეძახდნენ ამ კანონს რუსულს. ეს კანონი დასავლური ქვეყნებიდან დაფინანსებულ სამოქალაქო ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიას აგენტებად და მოღალატეებად აცხადებს და იმაზე მეტად იძლევა კერძო სექტორში შეჭრის საშუალებას, ვიდრე ეს საჭიროა.
ვიღაც ჩემს სახლში რომ შემოიჭრას და ანგარიში მომთხოვოს ჩემს ფინანსებზე, მაშინ ჩემი მშობლებიც აგენტები გამოდიან? ამ ორგანიზაციების ფინანსებს და ანგარიშებს რაც შეეხება, თავისი ნორმების ფარგლებში ისედაც ღია და გამჭვირვალეა და ის პროპაგანდა, რასაც დღეს მთავრობა ეწევა, ნიშნავს რუსეთისკენ სვლას, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის არაფერი კარგი არ გაუკეთებია.
წარმოუდგენელია, რომ ორგანიზაცია, რომელიც ჩვენს უფლებებს იცავს, ან მედია, რომელიც ხალხის პრობლემებს აშუქებს, შევრაცხოთ უცხოური ინტერესის გამტარებად. ანუ ამ კანონით, ვინც ამ საქმეს ემსახურება, ცხადდება აგენტად, მოღალატედ, მტრად, ხოლო მთავრობა, რომელიც თვითონაც იღებს დასავლეთიდან დაფინანსებას – არა.
რისი გამჭვირვალობაც ქართველ ხალხს გვაინტერესებს არის ის, თუ სად მიდის ჩვენი ფული, მაშინ როცა ჩვენი პრობლემები ამდენი წლის განმავლობაში მოუგვარებელი რჩება?
რა პრობლემები შეიძლება შექმნას ამ კანონმა? აღარ გვეყოლება მედია, რომელიც ჩვენს პრობლემებს გააშუქებს. აღარ გვექნება თავისუფალი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა, როგორც მოხდა რუსეთში. ჩვენი ქვეყანა დარჩება დაუცველი და ყველაფერი, რაც ამდენი წლის განმავლობაში ჩვენს წინაპრებს უკეთებიათ – ჩამოინგრევა.
2008 წლის აგვისტოს ომში ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანი, მერაბ ჭელიძე რუსეთმა მოკლა. მერაბს იმიტომ არ გაუწირავს თავისი სიცოცხლე, რომ მე და ზოგადად, მომავალ თაობას, რუსეთში გვეცხოვრა, რუსული კანონებით. ჩვენს მთავრობას ეს ადამიანები მხოლოდ აგვისტოში ახსენდება და ამ კანონის ინიციირებაც კი ამ ადამიანების შეურაცხყოფას ნიშნავს.
ქვეყანა, რომელმაც ამდენი რამ დაგვიშავა, ამდენი ძვირფასი ადამიანი წაგვართვა, ამ კანონის მერე გახდება ჩვენი ერთადერთი „მეგობარი“ და ეს იქნება ყველაზე მძიმე ტრაგედია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
ამ კანონის მეორედ ინიციირება არის ქართველი ხალხისთვის სახეში შეფურთხება. ევროკავშირიც გვეუბნება, რომ ამ კანონით ვერანაირად ვეღარ შევალთ ევროკავშირში.
ეს კანონი არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს და ქართველი ხალხის არჩევანს. მთავრობის წევრებს და იმ 83 დეპუტატს, რომლებმაც ამ კანონს მხარი დაუჭირეს, ცხადია, აქვთ პირადი ინტერესები, რის გამოც შეუძლიათ მესამეჯერაც დააინიციირონ იგივე კანონი.
რუსული კანონის მეორედ ინიცირება არაფერს არ ემსახურება გარდა იმისა, რომ არ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა.როცა მოსახლეობა გეუბნება, რომ არ უნდა რუსული კანონი, როცა ევროკავშირი გეუბნება, რომ ამ კანონის მიღებით ვერაფრით ვეღარ შევალთ ევროკავშირში და შენ მაინც მეორეჯერ აინიციირებ – ღალატობ საკუთარ ქვეყანას და ხალხს.
ძალიან მძიმე შედეგი დადგება თუ სამოქალაქო საზოგადოება და კრიტიკული მედია აღარ იარსებებს. გამოვა, რომ ამ მთავრობას არავინ არ გააკრიტიკებს, ყველა გავხდებით რუსული ინტერესების მატარებელი მთავრობის მონა.
ცოტა უცნაურია, მაგრამ რაც თბილისში ჩამოვედი, ყველაზე ხშირად სადაც დრო გამიტარებია უნივერსიტეტის შემდეგ, პარლამენტის ეზოა. სულ პროტესტის გრძნობა მქონდა რეგიონში ცხოვრების დროსაც, როცა ადამიანების მძიმე ყოფას ვუყურებდი მთაში. მეც ამ მძიმე ყოფის ერთ-ერთი მონაწილე ვარ, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის რა აწუხებს რეგიონში და სოფლად მცხოვრებ ადამიანებს და ისიც, რომ ეს მძიმე ყოფა კი არ უმჯობესდება პირიქით, უარესობისკენ მიდის.
ევროკავშირმა ძალიან ბევრ ადამიანს შეუმსუბუქა ეს ყოფა. ახალგაზრდებს ცნობიერება გაუზარდა, მიზნები და სურვილები გაუჩინა, რომ მათ სოფლებს იქეთ არსებობს სამყარო უამრავი შესაძლებლობებით, რომელიც აუცილებლად უნდა ნახონ და მერე თავადაც შეიტანონ წვლილი ამ ყველაფრის გაუმჯობესებაში.
ცოტა იმედგაცრუებულიც ვარ, იმიტომ რომ საქართველოში სტუდენტობა ძალიან რთულია და არც ისეთია, როგორც ჩემს წარმოდგენებში იყო. არავინ ხელს არ გიწყობს. გიწევს მუშაობა იაფ მუშახელად, რომ დაიკმაყოფილო მინიმალური საცხოვრებელი პირობები და ბოლოს ისე გღლის ეს ყოფა, ერთადერთი რაც გინდება, ამ ქვეყნიდან გაქცევაა. არაფერი არ ფასდება ამ ქვეყანაში ღირსეულად. ზუსტად ამ პრობლემების მოგვარების და მძიმე ყოფის გაუმჯობესების გარანტია ჩემთვის ევროპა და ევროკავშირი.
ამიტომაც, რაც არ უნდა იმედგაცრუებული და დაღლილი ვიყო, არ მაქვს უფლება ვუღალატო ჩემს ქვეყანას და ზუსტად ამიტომაც ყოველდღე უნივერსიტეტის შემდეგ მივდივარ პარლამენტთან. ვისაც ოდნავ მაინც გადარდებთ თქვენი ქვეყანა, თქვენი შვილები და თქვენი თანამოქალაქეები უბრალოდ არ უნდა გაჩუმდეთ და ნებისმიერი ფორმით გააპროტესტოთ“.
რა ხდება?
მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტი ისევ დააბრუნა. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.
კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 აპრილის 21 საათიდან 27 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო
სინოპტიკოსების ცნობით, 28-29 აპრილს აჭარაში ზოგან მოსალოდნელია ელჭექის ხასიათის ხანმოკლე წვიმა.
ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქ. თბილისში, ჯამში გასაღებულ იქნა 21 400 აშშ დოლარის ოდენობის 100 დოლარიანი და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები. გამოძიების პროცესში აღნიშნული ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული,“ – აღნიშნულია დღეს, 26 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.
„მოსამართლეს უნდა დაუსაბუთო, რომ ტრავმულია ბავშვის მონაწილეობა სასამართლო პროცესზე. თუ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ადვოკატმა ეს არ მოითხოვა. ბრალდებულის ადვოკატის ინტერესშია სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვი პირიქით, მივიდეს სასამართლოში, დააბნიოს, მასზე ზემოქმედება მოახდინოს და მერე თქვას, აი, ბავშვი იტყუება, ხედავთ, ეს როგორ არ ახსოვს?“ – ამბობს ადვოკატი ელისო რუხაძე არასამთავრობო ორგანიზაციიდან „უფლებები საქართველო“.
იგი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რა გზის გავლა უწევს პედოფილიის მსხვერპლ ბავშვს: რამდენ ნაცნობ და უცნობ ადამიანს უნდა მოუყვეს მომხდარის შესახებ, რამდენჯერ უნდა უამბოს, რა გარემოში უწევს ძალადობის შემთხვევის აღწერა, მაგალითად, პოლიციის სამმართველოში, სადაც სხვადასხვა ადამიანი მიდი-მოდის, შემდეგ ექსპერტიზები, გამოკითხვები, რამდენიმე თვის შემდეგ კი, ჩვენება მოსამართლის პირისპირ!
და არა მხოლოდ მოსამართლის პირისპირ: ძირითადად შემთხვევებში ბავშვი მისთვის უცნობი მოსამართლის გარდა, სასამართლო პროცესზე მის თავს გადამხდარი სექსუალური ძალადობის ინტიმურ დეტალებზე უნდა უპასუხოს პროკურორს, ან ბრალდებულის ადვოკატს, მის ჩაჭრას რომ ცდილობს.
იმისთვის, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლმა ბავშვმა ხელახლა არ განიცადოს, თუნდაც ამბის მრავალჯერ გახსენებით, ძალადობის დროს მიღებული ტკივილი, დასავლეთის ქვეყნებმა ასეთი მიდგომა შეიმუშავეს: ბავშვი მომხდარის შესახებ სპეციალურად ბავშვის კონცეფციით მოწყობილ ცენტრში უყვება მომხდარის შესახებ ინტერვიუერს, საუბარი ვიდეოზე იწერება და ამას მონიტორს იქეთ მყოფი ადვოკატი, ფსიქოლოგი, ასევე სოციალური მუშაკი აკვირდება.
ამ დროს გამომძიებელიც მონიტორს მიღმაა, რომელსაც ამ საუბრის ჩანაწერი მიაქვს სასამართლოში მტკიცებულების სახით. იშვიათი გამონაკლისის გარდა, პედოფილიის მსხვერპლი ბავშვი სასამართლოში არ მიდის.
ამ მეთოდით გამოკითხვას „ბარნაჰუსი“ [სახლი ბავშვებისთვის] ჰქვია. ეს ტერმინი პირველად საქართველოს კანონმდებლობაში 2020 წელს გაჩნდა, როცა საქართველოს მთავრობამ განკარგულება მიიღო „ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის კონცეფციის მოწონების შესახებ“.
ამ განკარგულების მიღების შემდეგ, ესტონეთის მთავრობის დაფინანსებით და იუნისეფთან მჭიდრო თანამშრომლობით, თბილისში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრი 2022 წელს გაიხსნა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დასავლეთთან თანამშრომლობას უფლებების დაცვისთვის ინტერესების გატარებას, ან აგენტობას არქმევს. ეს ცენტრი კი, რომელიც დღეს ჯანდაცვის სამინისტროს ექვემდებარება, სწორედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით მოეწყო.
ბავშვთა ინტერესების დაცვა, მათ შორის, პედოფილიის წინააღმდეგ ბრძოლა რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის არ არის მნიშვნელოვანი, ჩანს იმითაც, რომ როგორც უფლებადამცველები ამბობენ, ამ ცენტრის ამოქმედების შემდეგ არსებითად არაფერი შეცვლილა: მოსამართლეებს ერთგვაროვანი პრაქტიკა ამ საკითხზე არ აქვთ. არც კანონმდებლობა შეცვლილა, რაც ხელს შეუწყობს ბავშვის ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან არიდებას – გვიყვებიან უფლებადამცველები.
თბილისში არსებული ცენტრი, სადაც ბარნაჰუსის მეთოდით სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის გამოკითხვა, ასევე შეხვედრის ვიდეო ჩაწერაა შესაძლებელი, მხოლოდ თბილისში მცხოვრებ ბავშვებს ემსახურება. უნდა გახსნილიყო ცენტრი ქუთაისშიც, თუმცა იგი ამ დრომდე არ გახსნილა. ამ ცენტრის ადმინისტრაციაში კომენტარზე უარი არ უთქვამთ, თუმცა გვიპასუხეს, რომ ეს დღეები არ სცალიათ და კითხვებს წერილობით უპასუხებენ.
ადვოკატების თქმით, ერთგვაროვანი მიდგომა არც საგამოძიებო ორგანოებს აქვთ: მაგალითად, ადვოკატი ანა თავხელიძე ამბობს, რომ ის მართლაც ბარნაჰუსის მეთოდით ითხოვს ბავშვის გამოკითხვას ნებისმიერ მსგავს შემთხვევაში და გამომძიებელი მის მოთხოვნას აკმაყოფილებს. უფლებადამცველი ელისო რუხაძის თქმით, ბავშვს მხოლოდ ინტერვიუერი კი არ უსვამს კითხვებს, არამედ გამომძიებელი და იმავე ოთახშია თვითონ, სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი.
განსხვავებული პრაქტიკაა სასამართლოში – ბავშვს სასამართლოში მისვლა, დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, მაინც უწევს, რადგან საქართველოში მოქმედი კანონმდებლობთ „ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია“. ადვოკატი ელისო რუხაძე მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართავს, რომ ბავშვმა ჩვენება დისტანციურად, ისევ ბარნაჰსუს ცენტრიდან მისცეს, მოსამართლე რუსთავის სასამართლოში ბავშვს სასამართლოს შენობაში სპეციალური ოთახიდან რთავს დისტანციურად, ეკრანზე მხოლოდ მოსამართლე ჩანს და მხარეების კითხვებს უსვამს ბავშვს, მაგალითად, ბათუმში კი, ბავშვი ჩვეულებრივად სასამართლო სხდომის დარბაზში აძლევს ჩვენებას სასამართლოს. განსხვავება ისაა, რომ ეს სხდომა დახურულია და პედოფილიაში ბრალდებული კაცი ამ დროს სხდომათა დარბაზიდან გაჰყავთ.
ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის იდეა „ერთი ფანჯრის პრინციპზეა“ დაფუძნებული: ძალადობის მსხვერპლი ცენტრში, სადაც ის ფსიქოლოგიურ და სოციალურ სერვისს იღებს, იმავდროულად, იგივე სივრცეში გამოჰკითხავენ, უტარებენ სხვადასხვა სახის ექსპერტიზას.
ბარნაჰუსის მოდელზე „ბათუმელები“ მოსამართლეს ესაუბრა, რომელიც განსხვავებულად ხვდება რუსთავის საქალაქო სასამართლოში ჩვენების მისაცემად მისულ პედოფილიის მსხვერპლ ბავშვებს.
„ამ ეტაპზე კანონმდებლობით არ შეიძლება მხოლოდ გამოქვეყნებულ ჩვენებას დაეყრდნოს გამამტყუნებელი განაჩენი. ამის საპირისპირო მოწესრიგება უნდა გაიწეროს კანონში, თუ ამ საკითხზე შეთანხმდება საზოგადოება,“ – გვითხრა მოსამართლე მადონა მაისურაძემ. იგი უვადოდ გამწესებული მოსამართლეა და რუსთავის საქალაქო სასამართლოში განიხილავს სისხლის სამართლის საქმეებს, მათ შორის, ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევებს.
მოსამართლე ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ისტორიების გათვალისწინებით, რაც მას განუხილავს, მიიჩნევს, რომ კანონი თუ გაითვალისწინებს ბავშვის დაკითხვის გარეშე მისი გამოკითხვის ოქმის ან ვიდეო-ჩანაწერის გამოკვლევას, ამას არ უნდა ჰქონდეს იმპერატიული დათქმა. თუმცა თუ დაზარალებული ბავშვი არ დაიკითხება სასამართლოში, მისი გამოძიებაში მიცემული ჩვენება სხვა მტკიცებულებებთან ერთად შეიძლება იყოს ის გარემოებები, რასაც მოსამართლე დაეყრდნობა გადაწყვეტილების მიღების დროს. დაზარალებულის ჩვენებაზე უარს უნდა ჰქონდეს დამაჯერებელი ახსნა.
მოსამართლე მადონა მაისურაძე
„ალბათ ეს უფრო შესაძლებლობა უნდა იყოს და არა უპირობო მოთხოვნა. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სპეციალისტების პოზიციის გათვალისწინებით, თუ, მაგალითად, ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა, ნამდვილად შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მისი ინტერესი უპირატესი აღმოჩნდეს ყველა სხვა ინტერესთან მიმართებით.
მადონა მაისურაძეს განსხვავებული მეთოდით უსმენს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს – თუ სხვა სასამართლოებში ძირითად შემთხვევაში ბავშვს სასამართლო დარბაზში მოსამართლესთან ერთად არაერთი სხვა უცხო პირი ხვდება და მან უცხო ადამიანების უხერხულ შეკითხვებს უნდა უპასუხოს, რუსთავის საქალაქო სასამართლოში დაზარალებული იუნისეფის ხელშეწყობით მოწყობილ სპეციალურ ოთახში შეჰყავთ. ამ ოთახში ბავშვთან ერთადაა კანონიერი და საპროცესო წარმომადგენელი, საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგიც, მონიტორზე კი, ბავშვი მხოლოდ მოსამართლეს ხედავს:
„ბავშვს ვკითხავ მხარეებისგან დისტანცირებულად. 2017 წლიდან არსებობს იუნისეფის მხარდაჭერით ბავშვზე მორგებული კონცეფციის ფარგლებში მოწყობილი სპეციალური ოთახი. მოსამართლე და მხარეები ვიმყოფებით დარბაზში ტრადიციული აღჭურვილობით, ბავშვი – სხვა ოთახში, რომელიც არ არის სასამართლოსთვის დამახასიათებელი ინტერიერით დატვირთული, ნეიტრალური ფერებია, ბავშვს იქ ხვდება ჟურნალები, სახატავი საშუალებები.
ბავშვი ხედავს მხოლოდ მოსამართლეს, მხარეების ხმა ესმის და მე ვაჟღერებ მათ კითხვებს. თუ კითხვა არასათანადო ფორმით არის დასმული, ემსახურება მოწმის დისკრედიტაციას, დადანაშაულებას, ისეთი გარემოებების გამოკვლევას, რასაც არ აქვს საქმესთან შემხებლობა, ასეთ კითხვებს ვარიდებ,“ – გვითხრა მოსამართლე მადონა მაისურაძემ.
მოსამართლეს ვკითხეთ უფლებადამცველების განცხადებაზე, რომლებიც დასავლეთის მიდგომის გათვალისწინებით მიიჩნევენ, რომ სასამართლოსთვის ჩვენება მიცემა ბავშვის ხელახლა ვიქტიმიზაციას უწყობს ხელს.
მოსამართლე მადონა მაისურაძე უშვებს, რომ კონკრეტულ საქმეში შესაძლოა არ ჰქონდეს ბავშვის ჩვენება, მაგრამ მაინც მიიღოს გამამტყუნებელი განაჩენი.
„არ მქონია ასეთი შემთხვევა. მამის მხრიდან გაუპატიურების საქმეზეც არსებობდა ბავშვის ჩვენება… შეიძლება, მოწმე ვერ დაიკითხოს სასამართლოში, მაგრამ სხვა მტკიცებულებები იყოს საკმარისი იმისთვის, რომ დადასტურდეს დანაშაულის ჩადენა,“ – მიიჩნევს მოსამართლე მადონა მაისურაძე.
რამდენად შესაძლებელია ამ კუთხით ერთგვაროვანი პრაქტიკა ჰქონდეთ მოსამართლეებს და რა ხდება მაშინ, როცა ბავშვი ჩვენებას აღარ აძლევს სასამართლოს?
„მართლმსაჯულების პროცესში ვითარება ეცვლებათ ადამიანებს: ზოგი ქვეყანას ტოვებს, ზოგს სხვა გარემოება აქვს ხელშემშლელი, ზოგი საქმის განხილვის დროისთვის გარდაცვლილია. კანონმა დაუშვა, რომ მოწმე შესაძლოა ვერ გამოცხადდეს სასამართლოში და ამ დროს შეიძლება სასამართლომ გამოიკვლიოს მის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება, ან ვიდეო ჩანაწერი.
აქ ვაწყდებით ერთ საკითხს: არ შეიძლება მხოლოდ ამ გამოქვეყნებულ ჩვენებას დაეყრდნოს სასამართლო გადაწყვეტილების მიღების დროს. მტკიცებულებათა ერთობლიობა ძალიან მნიშვნელოვანია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისთვის. ეს არის პრინციპი, რომელსაც მოსამართლე ვერასდროს გადაუხვევს.
თუ ბავშვმა ვერ მოგვცა ჩვენება სხვადასხვა მიზეზის გამო, ვეღარ ილაპარაკა, ან რაღაც შეიცვალა და გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე მისი ვიდეო ჩანაწერი, მივდივართ იქამდე, რომ მხოლოდ ეს ერთი მტკიცებულება არ შეიძლება გახდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. მასთან ერთად უნდა არსებობდეს სხვა მტკიცებულებები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება სანდოობა, დამაჯერებლობა, უტყუარობა, ურთიერთშეთანხმება.
როდესაც მოწმე სასამართლოში იძლევა ჩვენებას, ბუნებრივია, მას აქვს თავისი მნიშვნელობა, რადგან მოსამართლეს შეუძლია მისგან პირდაპირ და უშუალოდ მოისმინოს შემთხვევის შესახებ, თუმცა ეს ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლოში გამოცხადებული მოწმე აუცილებლად ყოველთვის სანდო მოწმეა. შეიძლება მოწმე გამოცხადდეს, მაგრამ აღმოჩნდეს, რომ მოსამართლემ არ გაიზიაროს მის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია, მოსამართლემ არ ჩათვალოს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არის სწორი და უტყუარი.
შეიძლება, პირიქით მოხდეს. ამიტომაც მნიშვნელოვანია ის გარემოებები, რასაც გამოკითხვის დროს აფიქსირებს მოწმე, რამდენად დასტურდება სხვა გარემოებებით, ჩვენებაში გადმოცემული ფაქტების – დანაშაულის დრო, ადგილი, ვითარების თანხვედრა სხვა მტკიცებულებებით “ – გვითხრა მოსამართლე მადონა მაისურაძემ.
ანა თავხელიძე: „მოსამართლე უნდა ამოვიდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან“
„როგორც ვიცი, უბრალოდ ოთახს იცვლის გამომძიებელი და იგივე სტანდარტით ატარებს გამოკითხვას, როგორც ამას ჩაატარებდა საგამოძიებო უწყების შენობაში,“ – ამბობს ანა თავხელიძე, ბავშვთა უფლებადამცველი და „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი.
ანა თავხელიძე ახლა გაცვლითი პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებშია. იგი გვიყვება, რომ, პირველ რიგში, ამერიკულმა გამოცდილებამ მიიქცია მისი ყურადღება, როცა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, სასამართლოში საერთოდ არ მიდის:
„როგორც კი შეტყობინება შედის პოლიციაში, ან რაიმე ფორმით სახელმწიფოსთვის ცნობილი ხდება, რომ ბავშვის მიმართ სექსუალურ ძალადობას ჰქონდა ადგილი, ბავშვი ჩნდება ადვოკატირების ცენტრში, სადაც ის ყველა სერვისს იღებს და ამასთან მას ინტერვიუსთვის ამზადებენ. ამისთვის არსებობენ სპეციალიზებული ინტერვიუერები, რომლებიც ბავშვს ამზადებენ ინტერვიუსთვის. ინტერვიუ ტარდება სპეციალურ სივრცეში, რომელსაც გამომძიებელი, ადვოკატი, თუ სოციალური მუშაკი თვალს ადევნებს მხოლოდ მონიტორიდან. გამომძიებელი აკვირდება ამ პროცესს, ახდენს აუდიო-ვიდეო ჩაწერას და ეს მიაქვს მტკიცებულების სახით სასამართლოში.
ჩვენ გვქონდა შეხვედრა ტუსონში, სადაც პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელს შევხვდით. გვითხრა, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, ამ ინტერვიუს შემდეგ ბავშვთან დამატებითი კითხვის დასმა აღარ მოუწიოთ, რომ ბავშვის რეტრავმირებას არ შეუწყონ ხელი. შტატების მიხედვით განსხვავებული პრაქტიკაა, თუმცა მაქსიმალურად ცდილობენ, ჯვარედინი დაკითხვა არ მოხდეს. სისტემა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, ბავშვს სასამართლოში მისვლა და დამატებით კითხვებზე პასუხის გაცემა არ დასჭირდეს.
ჩვენთან, თბილისის მომსახურების ცენტრი კარგი სივრცეა, არაჩვეულებრივი თანამშრომლები არიან და სპეციალიზებული პირებიც ჰყავთ, თუმცა კანონმდებლობაში არ გვაქვს ჩანაწერი. ასეთივე სივრცეა მოწყობილი რუსთავის პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში, ბევრი წელია ამ სივრცეს ვიყენებდით. მე არ ვთანხმდები ბავშვის პოლიციის სამმართველოში გამოკითხვას – ყველა შემთხვევაში ასეთ სივრცეში ვითხოვ გამოკითხვას და გამომძიებლებიც მთანხმდებიან. მაგალითად, ხაშურის წარმოებაში არსებულ საქმეზე გამოკითხვის პროცესი ჩავატარეთ რუსთავის პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში.
ინტერვიუერს ვატარებინებთ გამოკითხვას, მონიტორიდან ვაკვირდებით ამ პროცესს, ვადგენთ შესაბამის დოკუმენტებს, ბავშვთან კი, მხოლოდ ინტერვიუერია, ჩაწერაც ხდება, მაგრამ ეს პრაქტიკა საქართველოში ერთიანი არ არის. არ არის სწორი პრაქტიკა, როცა გამომძიებელი აწარმოებს გამოკითხვას,“ – განმარტავს ანა თავხელიძე.
უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ იშვიათი გამონაკლისის და უკიდურესი აუცილებლობის გარეშე, პედოფილიის მსხვერპლი ბავშვს სასამართლოში არ უნდა უწევდეს ჩვენების მიცემა. რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა ბავშვი გამოიკითხა იმ დროს, როცა სისხლისსამართლებრივი დევნა ბრალდებულის მიმართ ჯერ დაწყებული არ არის და არც ადვოკატი არსებობს, რომელსაც შეეძლება მსხვერპლს თავისი შეკითხვები დაუსვას?
„ევროსასამართლო მიიჩნევს, რომ რამდენჯერმე შეიძლება გამოიკითხოს ბავშვი და სასამართლოში ბავშვის არმიყვანით არ ირღვევა მოძალადის დაცვის უფლება. ევროსასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის ადვოკატმა შეიძლება დასვას კრიტიკული კითხვები ინტერვიუერების ეტაპზე.
არ ვიცი, პრაქტიკაში ყოფილა თუ არა შემთხვევა, როცა დაცვის მხარემ მიიღო მონაწილეობა გამოკითხვის პროცესში გამოძიების ეტაპზე და ეს ჩათვალოს სასამართლომ, რომ ესაა უკვე ბავშვის ჩვენება სასამართლოში. უმეტეს შემთხვევაში სასამართლოში ხელახლა იკითხება ბავშვი,“ – განმარტავს ანა თავხელიძე.
ანა თავხელიძე
ანა თავხელიძე მიიჩნევს, რომ მოსამართლეს ახლაც შეუძლია ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან ამოვიდეს, ევროპულ პრაქტიკას დაეყრდნოს და გამამტყუნებელი განაჩენი მიიღოს იმ შემთხვევაშიც, როცა დაზარალებული ჩვენებას არ აძლევს სასამართლოს.
„მოსამართლე უნდა წავიდეს საერთაშორისო კანონმდებლობის გზით, ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან ამოვიდეს, თუმცა ამას მოსამართლეები არ აკეთებენ – უმეტესწილად ბავშვი მაინც მიჰყავთ სასამართლოში, რომ იქ დაიკითხოს. მოსამართლეები შეხვედრებზე გვეუბნებიან, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გამამართლებელი განაჩენი დადგება, თუ დაზარალებულის ჩვენება არ ექნებათ.
სასამართლო სისტემას ამაზე არ უმსჯელია, რომ ერთგვაროვანი პრაქტიკა ჰქონდეს. საკანონმდებლო ცვლილების გარეშეც შეიძლება სასამართლო მივიდეს ერთგვაროვან პრაქტიკამდე, თუმცა ვხედავთ, რომ ერთგვაროვან პრაქტიკამდე მისული არ ვართ,“ – კატეგორიულია ანა თავხელიძე.
რა ხდება ბავშვის გამოკითხვის დროს ცენტრში ბარნაჰუსის მეთოდით?
„ბავშვის გამოკითხვის პროცესში, რასაც ინტერვიუერი აწარმოებს, შესაძლოა, მეც გამიჩნდეს კითხვები, მაგალითად, ძალადობის წინარე ისტორიაზე,“ – გვიყვება ანა თავხელიძე. – „ინტერვიუერი როცა აცხადებს შესვენებას, გამოდის ოთახში, სადაც გამომძიებელია, წარმომადგენელი და ადვოკატი. ის გვთავაზობს, ხომ არ არის დამატებით შეკითხვა ბავშვთან… ბავშვი წინასწარ ინფორმირებულია, რომ მონიტორს იქეთ ვაკვირდებით ამ პროცესს, წინასწარ ვათვალიერებინებთ ამ ოთახს, იცის ასევე, რომ თუ არ სურს პასუხი გასცეს შეკითხვას, უნდა მოითხოვოს შესვენება, ან თქვას, რომ თავს ცუდად გრძნობს. პრაქტიკაში 2 საათი გრძელდება ეს პროცესი.
მე ეს ჩანაწერი სასამართლოში მტკიცებულების სახით მიმაქვს, მტკიცებულებად გამომიყენებია იმ შემთხვევაშიც კი, როცა პროკურატურის წინააღმდეგ ვდავობდი კვალიფიკაციის განსაზღვრის კუთხით.
ამ კონკრეტულ საქმეში ვიდრე ჩვენ ჩავერთვებოდით, პოლიციას ჰყავდა უკვე ბავშვი გამოკითხული და გამოჩნდა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქ იყო გამოტოვებული, დამახინჯებული და ასე შემდეგ. სასამართლო დავარწმუნეთ იმაში და დაგვთანხმდა, რომ აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, სადაც ბავშვი თავისუფალ, უსაფრთხო გარემოში, ყოველგვარი მინიშნების და მითითების გარეშე გადმოსცემს ინფორმაციას, უფრო სანდოა და უნდა გამხდარიყო სამართლებრივი საფუძველი კვალიფიკაციის განსაზღვრისთვის. სასამართლო დაგვთანხმდა,“ – უთხრა ანა თავხელიძემ „ბათუმელებს“.
ადვოკატი ბათუმიდან: ყველა ერთ ოთახში ვართ, სამმართველოს შენობაში, როცა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვს კითხავენ
„მეორეული ვიქტიმიზაცია ხდება, ესაა მთავარი პრობლემა. სხვადასხვა გარემოების გამო ხშირად მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესი სჭარბობს ბავშვის საუკეთესო ინტერესს: მსჯავრდებული წლების შემდეგ გამოვა ციხიდან, მსხვერპლს კი, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის ბევრად მეტი წელი შეიძლება დასჭირდეს“, – გვიხსნის გვანცა თურმანიძე, „იურიდიული დახმარების სამსახურის“ ადვოკატი.
ბათუმელი ადვოკატი გვიყვება, რომ 2024 წლიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის გამოკითხვა უკვე არასრულწლოვანთა სამმართველოში ტარდება, რომელიც, მართალია, ისევ შსს-ს სამმართველოს შენობაშია, მაგრამ ეს ნაწილი იზოლირებულია და ადაპტირებული. ადვოკატი საქმეებიდან გამომდინარე, რამდენიმე პრობლემაზე აკეთებს აქცენტს:
გვანცა თურმანიძე
„ბათუმში გამომძიებელი ატარებს გამოკითხვას, ადვოკატის, სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგის თანდასწრებით.
სამწუხაროდ, პრაქტიკაში 100-მდე დაზარალებული და მსხვერპლი მყოლია. არ ყოფილა შემთხვევა, როცა ვიდეო ჩაეწერათ. აუდი-ვიდეო ჩაწერა, გარდა იმისა, რომ დაკავშირებულია ტექნიკის პრობლემასთან, პრობლემაა ასევე ბავშვის ემოციური მდგომარეობა, ამ დროს ბავშვი ისტორიას ჰყვება შესვენებებით. გასაგებია, რომ ბავშვი იკითხება სასამართლოშიც, მაგრამ ჩანაწერი კარგია იმ კუთხით, რომ მას ხელახლა მოყოლა არ მოუწიოს, მხოლოდ კითხვებზე პასუხის გაცემით შემოიფარგლებიან მხარეები.
ყველა ერთ ოთახში ვართ. ფსიქოლოგის როლი არის ყველაზე აქტიური, მან კითხვები უნდა გაფილტროს, მატრავმირებელ კითხვებს მეც ვაპროტესტებ, რომ განრიდებულ იქნას…
რაც შეეხება სასამართლოს: ჯვარედინი დაკითხვის უფლება ვერ შეიზღუდება, ორივე მხარე კითხავს ბავშვს. კარგი იქნება, თუ ეს საკითხები კანონმდებლობით განისაზღვრება. ჩემი აზრით, ერთ სივრცეში უნდა ხდებოდეს ბავშვის გამოკითხვა, სადაც მას ფსიქოლოგიურ და სოციალურ სერვისებს აწვდიან, მასთან შეხება არ უნდა ჰქონდეს ბევრ პირს.
სირთულეა ფსიქოლოგების რაოდენობაც. სოციალურ სამსახურს ზოგჯერ უჭირთ ფსიქოლოგის გამოყოფა, რეაბილიტაციის გავლა არის პრობლემა,“ – უთხრა გვანცა თურმანიძემ „ბათუმელებს“.
ამ დრომდე ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბავშვები სასამართლო სხდომის დარბაზში აძლევენ ჩვენებას. ეს სხდომა დახურულია და დარბაზიდან ამ დროს ბრალდებული გაჰყავთ, თუმცა ადვოკატები თანხმდებიან, რომ ბავშვისთვის სასამართლოში მისვლა და განსაკუთრებით მისთვის უცხო ადამიანების კითხვებზე პასუხის გაცემა განსაკუთრებით პრობლემურია. ადვოკატი გვანცა თურმანიძე განმარტავს, რომ მოსამართლეს რამდენიმე შემთხვევაში დაუშვია დისტანცირებულად ჩვენების მიცემაც, როცა დაზარალებულად მიჩნეული ბავშვი ბათუმში არ არის.
გარდა იმისა, რომ რეგიონებში ბარნაჰუსის მეთოდით ბავშვების გამოკითხვა ვერ ხერხდება, ადვოკატი შენიშნავს ექსპერტიზის ჩატარების სირთულეს, რაც ტრავმირებული ბავშვისთვის დამატებით პრობლემაა:
„იმის გამო, რომ სამედიცინო ექსპერტიზა სექსუალური ძალადობის მსხვერპლს მისივე სქესის წარმომადგენელმა უნდა ჩაუტაროს და ბათუმში არ არის ამ კუთხით ქალი ექსპერტი, ბავშვის გადაყვანა გვიწევს ქუთაისში, ან თბილისში,“ – დასძენს გვანცა თურმანიძე.
ელისო რუხაძე, უფლებადამცველი: ბავშვი ერთხელ რომ მისცემს ჩვენებას პროფესიონალ ადამიანებს, სამჯერ და ხუთჯერ აღარ მოუხდეს იმავეს გამეორება
„ბარნაჰუსის შესახებ ბევრმა მოსამართლემაც კი არ იცის, არადა იმხელა რესურსია, მისი გამოუყენებლობა ნიშნავს არაპროფესიონალიზმს,“ – მიიჩნევს უფლებადამცველი ელისო რუხაძე, „უფლებები საქართველო“.
ადვოკატი, პირველ რიგში, ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ცენტრის გეოგრაფიულ დაფარვის პრობლემაზე საუბრობს „იყო გორის შემთხვევა და მივიღეთ პასუხი, მხოლოდ თბილისის ქეისებს ვფარავთო. ცენტრი არაა ისე დატვირთული, ვერ მოხერხდეს რეგიონების ქეისების განხილვა,“ – გვიყვება ელისო რუხაძე და აღწერს, როგორ უწევს მუდმივად იმის ნახვა, რამდენი გამოწვევის წინაშე ტოვებს სახელმწიფო სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვს:
„წარმოიდგინეთ, ბავშვს რამდენ უცხო ადამიანთან უწევს ამ ისტორიის მოყოლა, მატრავმირებელია ძალიან: ბავშვს ესირცხვილება, უჭირს ამოთქმა… ვიდრე ბარნაჰუსამდე მივა, ჯერ ხომ ახლობელს უნდა მოუყვეს მომხდარის შესახებ, მერე თუ მიმართეს პოლიციას, პრე-გამოკითხვა ტარდება და მოკვლევის ეტაპია. ამ პროცესს ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება შეესწროს საგამოძიებო ორგანოში, ის არაა დაცული სივრცე.
ვიდრე ბარნაჰუსამდე მივა ბავშვი, ისიც თბილისის შემთხვევაში, ბიუროკრატიული ეტაპებია გასავლელი. ბარნაჰუსის კონცეფცია ძალიან კარგია, ძალიან კარგი პერსონალი ჰყავს ამ ცენტრს… მაგალითად, ვიცავდი 10 წლის გოგოს, რომელიც პარალელურად იყო დედის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. ბავშვს არ უნდოდა ჩვენების მიცემა დედის წინააღმდეგ. ვიშუამდგომლეთ, რომ ფსიქოლოგს გამოეკითხა. ბარნაჰუსიდან ჩავერთეთ სასამართლოს, ფსიქოლოგები დამეხმარნენ იმაში, რომ ჩვენება მიეცა სასამართლოსთვის,“ – გვითხრა ელისო რუხაძემ.
ელისო რუხაძე
უფლებადამცველი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ხშირად სასამართლო სხდომა, სადაც მსხვერპლი ჩვენებას აძლევს, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე თვის შემდეგ იმართება.
„ბარნაჰუსის პრინციპი კი არის ის, რომ ბავშვი ერთხელ რომ მისცემს ჩვენებას პროფესიონალ ადამიანებს, სამჯერ და ხუთჯერ აღარ მოუხდეს იმავეს გამეორება. ფსიქოლოგები ცდილობენ, რომ ბავშვს დაავიწყონ მომხდარი, 3-4 თვის შემდეგ კი, მსხვერპლს სასამართლოში ვეუბნებით, ისევ გაიხსენე მომხდარიო.
სამართლებრივად ჯვარედინი დაკითხვა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იმდენად ზიანდება ბავშვის ფსიქიკა, საუკეთესო ინტერესი, რომ, ჩემი აზრით, პროკურატურამ უნდა სცადოს მოიპოვოს სხვა მტკიცებულებები ბავშვის ჩვენების მიღმა, რაც ეჭვქვეშ აღარ დააყენებს ბრალის დადასტურებას.
ვფიქრობ, ბარნაჰუსით გამოკითხვის დროს ჩართული უნდა იყო ბრალდების მხარის ადვოკატიც. ეს უბრალოდ არის ტექნიკის და მონდომების ამბავია,“ – ამბობს ელისო რუხაძე.
უფლებადამცველი აქვე იმ ისტორიასაც გვიყვება, როგორ უჩივლა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს სახალხო დამცველთან, ხოლო დისკრიმინაციის დადგენის შემდეგ კანონი დაზუსტდა.
„სამხარაულის ბიუროში ტარდებოდა ექსპერტიზა და წერდა, რომ 10 წლამდე ბავშვებს მომხდარის სწორად აღქმა არ შეეძლოთ. ექსპერტიზის მიხედვით, 10 წლამდე ბავშვის ჩვენებას არ უნდა ენდო. ეს საქმეები განწირული იყო თაროზე შემოსადებად. დღეს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებს ექსპერტიზა უტარდებათ ბარნაჰუსში,“ – აღნიშნა ელისო რუხაძემ „ბათუმელებთან“.
დასაშვებია თუ არა, რომ პედოფილიის მსხვერპლი ბავშვი სასამართლოში აღარ დაიკითხოს? – ადვოკატის აზრით, ამ საკითხზე მოსამართლეები ერთგვაროვან პრაქტიკას ვერ ჩამოაყალიბებენ და საჭიროა საკანონმდებლო ცვლილება.
„მოსამართლეები დახურულ შეხვედრებზე გვეუბნებიან, რომ კანონს დავარღვევთ ასე, მოწმის ჩვენება არის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებაო. მოსამართლეების უმეტესობა ამბობს, რომ მე ბავშვი უნდა მომიყვანოთ. როგორც პრაქტიკოსი უფლებადამცველი ვამბობ, რომ საკანონმდებლო დონეზე უნდა მოწესრიგდეს ეს საკითხი. საკანონმდებლო მოწესრიგების შემდეგ გამოკითხვის ამსახველ ვიდეოს სასამართლო გამოიყენებს, როგორც ძალიან სანდო და უტყუარ მტკიცებულებას, უნდა იყოს დათქმა, რომ ვიდეოჩანაწერი, რაც ასახავს ამ გამოკითხვას, სექსუალური ძალადობის საქმეებში ბავშვებთან მიმართებით, უნდა მოხდეს მისი მტკიცებულების სახით გამოყენება,“ – გვითხრა ელისო რუხაძემ.
სად უნდა დასვას მაშინ შეკითხვები ბრალდებულის ადვოკატმა? – უფლებადამცველის აზრით, ბევრად მისაღებია ბავშვის ხელახლა ბარნაჰუსში გამოკითხვა, ვიდრე ჩვენების მიცემა სასამართლოში.
„ბარნაჰუსში გამოკითხვა ნაკლებად ტრავმის მომტანია, სასამართლოში ბევრი აქტორია: მოსამართლე, სხდომის მდივანი, პროკურორი, ადვოკატები, რომლებიც არაეთიკური კითხვებით გამოირჩევიან და არაერთი გადაწყვეტილება არსებობს ეთიკის დარღვევაზე. ხშირად მოწმის ჩვენების გაუფერულებას და დისკრედიტაციას ცდილობს ბევრი ადვოკატი, რაც აისახება გადაწყვეტილებაზეც,“ – ამბობს „უფლებების საქართველოს“ ადვოკატი, ელისო რუხაძე.
„როინ შავაძის საქმეზე“ გენერალურმა პროკურატურამ კიდევ ერთ პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა.
„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგამოძიებო განყოფილების ყოფილი უფროსის მიმართ დაიწყო,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ 26 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,147-ე მუხლით (უკანონო დაკავებაში დახმარება) დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის და მხილების მიზნით.
ამ საქმეზე 2024 წლის 13 მარტს ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ მიიჩნიეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის მოადგილე და სპეცრაზმელი – ალეკო ბალაძე და მამუკა ბერიძე.
საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 15 აგვისტოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსმა ბათუმში მცხოვრები როინ შავაძის ოპერატიულად შესწავლის დავალება მიიღო, რადგან თითქოს არსებობდა ინფორმაცია, რომ იგი უცხო ქვეყნის „სპეცსამსახურებთან“ თანამშრომლობდა.
მეორე დღესვე, 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი, ორ თანამშრომელთან ერთად, თავდაცვის სამინისტროს მეხუთე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მივიდა, სადაც როინ შავაძე მსახურობდა და ბრიგადის მეთაურს შორიდან მისი ვიზუალურად ჩვენება მოსთხოვა. მთავარი სამმართველოს უფროსმა როინ შავაძის დანახვისთანავე რამდენჯერმე შეიგინა მისი მისამართით და დაიმუქრა, რომ სამაგალითოდ დასჯიდა.
იმავე დღეს „კუდ“-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები, მთავარი სამმართველოს უფროსის და მისი მოადგილის ხელმძღვანელობით, ქალაქ ბათუმში, გამსახურდიასა და მელაშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ.
როინ შავაძემ ძალადობის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო, მათ შორის მარცხენა მხრის და ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ასევე არაერთი დაზიანება ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით.
სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ერთ – ერთი ავტომობილის უკანა სავარძელზე მოათავსეს და შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს.
ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მთავარი სამმართველოს უფროსის და მისი მოადგილის ხელმძღვანელობით, როინ შავაძე მკვლელობის მიზნით ქობულეთი-ქაქუთის საავტომობილო გზის მიმართულებით წაიყვანეს.
აჭარისა და გურიის საზღვართან აღნიშნულმა პირებმა გააჩერეს ავტომანქანები და უმწეო მდგომარეობაში მყოფი როინ შავაძე ავტომანქანიდან გადაიყვანეს, დააყენეს სავალი გზის გადასწვრივ, ქარსაცავი ხეების ზოლის მიმდებარედ და კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოახდინეს მისი ლიკვიდაცია.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილს სხეულზე დაახლოებით 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ფაქტის შესანიღბად, კუდ-ის თანამშრომლებმა შეიმუშავეს ყალბი ვერსია, კერძოდ: უკანონო დაკავების ფორმალურ-სამართლებრივი საფუძვლის შესაქმნელად, როინ შავაძის მკვლელობის შემდგომ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში შედგა ყალბი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, სადაც მიეთითა, რომ თითქოსდა როინ შავაძეს დაკავებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და რეალურად ნარკოტიკული საშუალება დაკავების ადგილზე თავად დაკავების ორგანიზებაში მონაწილე პირებმა მიიტანეს.
ამავე ვერსიის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულისთვის დაკავებულის ეტაპირება უნდა მომხდარიყო ქ. თბილისში. მგზავრობის პროცესში, როინ შავაძემ თითქოს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით მოითხოვა მანქანის გაჩერება, რის შემდგომაც მოახერხა სპეცდანიშნულების რაზმის წევრისთვის იარაღის წართმევა, გასროლა მათი მიმართულებით და გაქცევა, რის საფუძველზეც მას საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.
ყალბი ვერსიის გასამყარებლად სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა შემთხვევის ადგილზე შექმნეს ისეთი ვითარება, რომ როინ შავაძეს განზრახ მკვლელობა, აუცილებელი მოგერიების პირობებში დამნაშავე პირის მართლზომიერ ლიკვიდაციას დამსგავსებოდა. კერძოდ ,,მაკაროვის“ ტიპის პისტოლეტიდან რამდენჯერმე გაისროლეს მათივე ავტომანქანის მიმართულებით, მოგვიანებით კი აღნიშნული პისტოლეტი როინ შავაძის ცხედართან ახლოს მოათავსეს. ამის შემდგომ, სპეცრაზმელებმა შემუშავებული ყალბი ვერსიის გასამყარებლად, გამოძიებას მისცეს ცრუ ჩვენებები.
ჩატარებული გამოძიებით, უტყუარად გაბათილდა ყალბი ვერსია, თითქოს როინ შავაძის ლიკვიდაცია მისი გაქცევის აღსაკვეთად განხორციელდა. ამასთანავე, დადგინდა, რომ როინ შავაძის სხვა ქვეყნის „სპეცსამსახურებთან“ შესაძლო თანამშრომლობაზე არც იმჟამად და არც შემდგომ პერიოდში გამოძიებაც კი არ დაწყებულა და როინ შავაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ ნარკოდანაშაულისთვის 260-ე მუხლით დაიწყეს. აღნიშნული ეჭვი არც მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადასტურდა.
აღსანიშნავია, რომ როინ შავაძე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ბრიგადის სერჟანტის წოდებით. 2005-2006 წლებში მას მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ერაყის სამშვიდობო მისიაში კოალიციური ჯარების შემადგენლობაში, რა დროსაც სამაგალითო სამსახურისათვის დაჯილდოვდა მედლით. გარდა ამისა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ბრძანებით, 2007 წელს როინ შავაძეს სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის გამოეცხადა მადლობა. როინ შავაძეს ასევე მონაწილეობა ჰქონდა მიღებული 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე წარადგინა დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობაც ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა. ნაფიცმა მსაჯულებმა ყველა მტკიცებულების და საქმის გარემოებების დეტალურად შესწავლის შემდეგ ბრალდებულები წარდგენილ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს, სასამართლომ კი, მათ სასჯელის სახით 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. დანიშნული სასჯელი ამნისტიის შესახებ კანონით შემცირდა და საბოლოოდ ბრალდებულებს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.
საზოგადოებას შევახსენებთ რომ აღნიშნულ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა ჯამში 12 პირის მიმართ დაიწყო. მოცემულ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის და მხილების მიზნით,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
————————-
ამ გახმაურებული მკვლელობიდან 15 წლის შემდეგ, 2023 წლის ივლისში, პროკურატურამ 8 პირი დააკავა, 2 პირის მიმართ კი, ძებნა გამოაცხადა. ეს მას შემდეგ მოხდა, როცა სტრასბურგის სასამართლომ ამ საქმეზე 2020 წელს ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის [სიცოცხლის უფლება] დარღვევა დაადგინა.
ევროსასამართლომ საქართველოს პროკურატურას საქმის ხელახლა გამოძიება დაავალა.
პროკურატურას აქვს ვერსია, რაც ამ საქმეში ფაქტების ანალიზით და ჟურნალისტური მოკვლევით 15 წლის წინაც ჩანდა.
ბრალდებულების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით [ჯგუფურად ჩადენილი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობა] და სსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით [განზრახ უკანონო დაკავება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია] დაიწყო.
„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2023 წლის 27 ივლისს ამავე საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო. აღსანიშნავია, რომ არაერთმა ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა როინ შავაძის მკვლელობის რეალური გარემოებები. მოცემულ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის და მხილების მიზნით,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„როინ შავაძის საქმის“ სათავისოდ გამოყენება არაერთხელ სცადა „ქართულმა ოცნებამ“ იმის მიუხედავად, რომ წლების განმავლობაში დამნაშავეები არავის დაუსჯია. მაგალითად, იმ დროს, როცა როინ შავაძე მოკლეს და საქმე არ გამოიძიეს – ეს უკვე ევროსასამართლოს შემდეგ საქართველოს პროკურატურამაც დაადასტურა – აჭარის მთავარი პროკურორი ვასილ როინიშვილი იყო. ის 2020 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნეს.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 2020 წლის 19 ნოემბერს გამოქვეყნდა, არჩევნების მეორე ტურამდე ორი დღით ადრე. მაშინ ჟურნალისტების კითხვები უპასუხოდ დატოვა სერჟანტის საქმის გამოძიების ერთ-ერთმა პასუხისმგებელმა პირმა – რესან კონცელიძემ. ის ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო პარლამენტში, დღეს კი დეპუტატია.
წაიკითხეთ ამავე თემაზე 2008 წლის აგვისტოში მომზადებული სტატია:
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 26 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 463 930 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 950]
ტანკი – 7 262 ერთეული [+7]
ჯავშანტექნიკა – 13 957 ერთეული [+15]
საარტილერიო სისტემა – 11 867 ერთეული [+31]
MLRS – 1 049 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 772 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 348 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 461 ერთეული [+12]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 119 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 15 984 ერთეული [+35]
სპეცტექნიკა – 1 962 ერთეული [+16]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 26 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
592 თვითმფრინავი
270 ვერტმფრენი
23 325 უპილოტო საფრენი აპარატი
509 საზენიტო სარაკეტო სისტემა
15 856 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 274 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
9 140 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
21 308 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
„რუსული კანონპროექტის მიღება იქნება შეტევა მთავარ ქართულ ფასეულობებზე – ღირსების განცდაზე, დამოუკიდებლობასა და სამოქალაქო სოლიდარობაზე.
გარდა ამისა, კანონპროექტის მიღება სერიოზულად დააზიანებს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის დააბრკოლებს საქართველოს სვლას ევროკავშირის წევრობისკენ, რომლის არც ერთ წევრ ქვეყანაში მსგავსი კანონი არ მოქმედებს. ამასთანავე, ამ კანონის აღსრულება შეუძლებელი იქნება საქართველოს ასიათასობით მოქალაქისთვის განუზომელი ზიანის მიყენების გარეშე.
ჩემი აზრით, ქვეყნისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის გაქრობა იქნება ტოლფასი საბჭოთა კავშირში დაბრუნების, რაც რუსეთს დღემდე უნდა და ჩვენი მთავრობაც ამას ცდილობს.
მედია ერთადერთი სივრცეა თავისუფალი ხალხის აზრის გამოხატვისთვის.
ეს კანონი შეეხება ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ჩვენი ქვეყანა ღირებულია, ვისთვისაც თავისუფლებას დიდი ფასი აქვს, ჩემთვის, როგორც სტუდენტისთვის, ეს კანონი არის ჩემი მომავლის „ჩაკეტვა“. ჩვენ დიდი ხნის წინ ვუთხარით რუსეთს – არა!
არა რუსულ კანონს!“, – გვითხრა მეგი ბერიძემ. ის ბათუმში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის მიმართულებაზე.
რა ხდება?
მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტი ისევ დააბრუნა. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.
კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.
ხვალ, 26 აპრილს, ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაიმართება საერთო საზოგადოებრივი განხილვა, თუ რატომ არის „ქართული ოცნების“ კანონი რუსული.
დისკუსია დაიწყება 17 საათზე, ღია სივრცეში, კითხვა-პასუხის რეჟიმში.
დისკუსიის შემდეგ კი, 19:00 საათზე, დაიწყება მსვლელობა – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“.
რუსული კანონის შესახებ რეგიონებში საერთო საზოგადოებრივი განხილვები იმართება. განხილვებში მონაწილეობას იღებენ სამოქალაქო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც საზოგადოებას უხსნიან, რატომ არის „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონი რუსული, როგორ აშორებს ქვეყანას ევროკავშირს და რა დამატებით საფრთხეებს მოუტანს საქართველოს მისი მიღება.
დისკუსია ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
2023 წლის 7-9 მარტის მოვლენების შემდეგ, როცა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამო “ქართულმა ოცნებამ” თავისივე მხარდაჭერილი კანონპროექტი ჩააგდო, პირობაც დადო, რომ რუსულ კანონი დღის წესრიგში აღარასდროს დაბრუნდებოდა. მმართველმა პარტიამ ეს პირობა ერთ წელში დაარღვია და 2024 წლის აპრილში იგივე კანონი, განსხვავებული სახელწოდებით, კვლავ დააინიციირა.
ყველა საერთაშორისო პარტნიორის კრიტიკისა და ქვეყნის შიგნით, მოქალაქეთა პროტესტის მიუხედავად, 17 აპრილს, საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. ერთ კვირაზე მეტია მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებს აწყობენ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ პროექტი ზიანს აყენებს ქვეყნის მომავალს და წარმოადგენს დაბრკოლებას ევროინტეგრაციის გზაზე“ – ოპოზიციის ფრაქცია აჭარის უმაღლეს საბჭოს რუსული კანონის წინააღმდეგ რეზოლუციით მიმართავს და პროექტის უკან გაწვევას ითხოვს.
„საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ამავე დროს, კვლევებით დასტურდება, რომ საქართველოს მოსახლეობის არჩევანი, სწორედ ევრვოკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაა, რაც უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას, გრძელვადიან სტაბილურობას და მშვიდობას“ – ნათქვამია მიმართვაში.
აჭარის უმაღლესი საბჭოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის შეფასებით, კანონის მიზანი მედიის გაჩუმება და სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციაა:
„ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ივანიშვილი და მისი ხელისუფლება გახდა მთავარი დაბრკოლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციის გზაზე. რუსული კანონის მიღებით მათ უნდათ გააჩუმონ თავისუფალი მედია და მოახდინონ სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაცია, რათა ხმამაღლა აღარ ისმოდეს: ქვეყანაში არსებული პრობლემები ,,მოსახლეობის უკიდურესი გაჭირვება, ის რომ მასიურად ტოვებენ ქვეყანას ახალგაზრდები, არ ისმოდეს კრიტიკა კორუფციულ ფაქტებზე. როცა გვესაუბრებიან გამჭვირვალეობაზე გადახედონ საჯარო დაწესებულებების კანცელარიებში რატომ მალავენ ინფორმაციას კორუფციულ ფაქტებზე, მათი საქმიანობის გამჭვირვალეობაზე.“
ფრაქციაში მიიჩნევენ, რომ ასეთ დროს აუცილებელია აჭარის უმაღლესმა საბჭომ გამოხატოს თავისი პოზიცია.
„დღეს ჩვენ წარვადგენთ უმაღლესი საბჭოს მიმართვას საქართველოს პარლამენტისადმი, რომლითაც მოვუწოდებთ: უკან გაიწვიონ რუსული კანონი.
ასევე, გადაიდგას 9 ნაბიჯი ევროპისკენ, რაც გულისხმობს კომპლექსური რეფორმების განხორციელებას . ამ მიმართვის კენჭისყრისას პიროვნულად უნდა გადაწყვიტოს თითოეულმა დეპუტატმა: მხარს უჭერენ ევროინტეგრაციას თუ რუსულ კანონს, მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას თუ რუსული რეპრესიული სისტემის გაძლიერებას. ამიტომ მოვუწოდებთ ქართული „ოცნების“ გუნდს, სწრაფად იქნას განხილული წარდგენილი მიმართვა და კარგად დაფიქრდნენ საკუთარ პოზიციაზე, რას ეტყვიან ისინი საკუთარ ამომრჩეველს, ახალგაზრდებსა და საქართველოს პარტნიორ, მეგობარ ქვეყნებს.“
რეზოლუციის მოთხოვნებია:
უკან იქნას გაწვეული/ჩაგდებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონპროექტი;
შესრულდეს საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულება, რომ არ იქნება ინიციირებული და მიღებული მსგავსი კანონპროექტი;
საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის აღსრულების უზრუნველსაყოფად სწრაფად იქნას გადადგმული 9 ნაბიჯი ევროპისკენ, რაც გულისხმობს კომპლექსური რეფორმების განხორციელებას და ანტიდასავლური კამპანიის წინააღმდეგ ბრძოლისკენ ეფექტური ნაბიჯების გადადგმას.
რეზოლუციას ენმ-ის ფრაქცია უმაღლეს საბჭოში დღეს დაარეგისტრირებს. ამის პარალელურად ფრაქცია რიგგარეშეს სხდომის ჩანიშვნას ითხოვს.
„გვილეწავენ ყველაფერს, აი, ეს არის მომავალი საქართველო – დალეწილი, ეს არის აგენტობა, ეს არის რუსული კანონი,“ – საკუთარი საშაურმის ჩალეწილ ვიტრინაზე მიგვითითებს მოქალაქე ვაჟა თავართქილაძე.
ჩამტვრეულ ვიტრინაში ჯერ კიდევ იკითხება მოქალაქის საპროტესტო გზავნილები, მაგალითად, „ბიძი, 10 – 10 კილოგრამს თუ დაგვიმატებთ, ჩვენც წამოვალთ!“
საშაურმის ვიტრინა ბათუმში, ქალაქის ცენტრში, გორგილაძის ქუჩაზე, 25 აპრილს, დაახლოებით დილის 4 საათზე ჩალეწეს.
ვაჟა თავართქილაძე გვიყვება, რომ ვიტრინა ძალაყინით შეიარაღებულმა, შენიღბულმა პირმა ჩალეწა და მშვიდად განაგრძო გზა. მალევე საშაურმესთან საპატრულოს ეკიპაჟი მისულა, რომელსაც საშაურმეს მორიგე თანამშრომელმა მომხდარის შესახებ უთხრა.
„მათ არ უცდიათ შეჩერება ამ პირის, რომელმაც ფეხით მშვიდად განაგრძო გზა, ეტყობა, პოლიცია იმიტომ მოვიდა, რომ ჩვენ არ გვეხმაურა, ან ჩვენ დავეკავებინეთ.
ოპერაცია ჩამიტარეს მე, შეთანხმებული სპეცრაზმის და პოლიციის მიერ. რა თქმა უნდა, უნდათ, რომ შემაშინონ და პროტესტი ჩაკლან, ვინმეს ხმის ამოღება რომ აღარ მოუნდეს,“ – მიიჩნევს ვაჟა თავართქილაძე.
ვაჟა თავართქილაძეის მოქალაქეა, რომელმაც ბათუმში, გორგილაძის ქუჩის დასაწყისში მდებარე, საკუთარი საშაურმის ვიტრინაზე 2023 წელს გამოაკრა განცხადება: „ბათუმის ზონდერი მერი ხალხის მტერი“.
კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისთვის იგი მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 1000 ლარით დააჯარიმა. მოსამართლემ მოქალაქე პროტესტის გამოხატვისთვის რომ უკანონოდ დააჯარიმა, ეს სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა.
ვაჟა თავართქილაძის თქმით, დღევანდელ ინციდენტამდე დაახლოებით 10 დღით ადრე, საშაურმეში ერთი პირი შევიდა და ვიტრინაში გამოკრული განცხადებები ჩამოხია. სამართალდამრღვევისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძეს მხოლოდ გაფრთხილება მიუცია.
„აქ მქონდა გაკრული განცხადება: „ბიძი, 10 – 10 კილოგრამს თუ დაგვიმატებ, ჩვენც წამოვალთ,“ – ჩამსხვრეულ ვიტრინაში განცხადებების ხელახლა გაკვრას ცდილობს ვაჟა თავართქილაძე. – „ვგულისხმობ იმას, რომ ხალხს ყიდულობს და ძალად მიჰყავს თავის აქციაზე, ზოგს ხახვს მისცემს, ზოგს – კარტოფილს, ან რუსული მზესუმზირას ზეთს.
ამ ბანერზე ეწერა „29-ში ბათუმში სუფთა ჰაერია, ისუნთქეთ თავისუფლად“.
ვგულისხმობ იმას, რომ ბათუმიდან გავა მონურად მორჩილი საზოგადოება, რომელიც ყიდის თავის ღირსება და თავისი ინტერესების საწინააღმდეგოდ და ივანიშვილის მილიარდების დასაცავად წავა თბილისში.
ჩემპიონატზე რომ გავიდა ჩვენი საამაყო ნაკრები, არავითარი ჯილდო, ისევ დაპირებები: თუ ქვეჯგუფიდან გახვალთ, მოგცემთ 30 მილიონსო იმის იმედად, რომ ჯგუფი ვერ გავა ქვეჯგუფიდან. ამიტომაც ასეთი ბანერი მოვამზადე: „ნაკრები ფინალს თუ მოიგებს, ვჩუქნი 100 ქარხანას,“ – გვიყვება ვაჟა თავართქილაძე.
ეს მოქალაქე ბათუმში მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ რომ პროტესტის გამოხატვის გამო უკანონოდ დასაჯა, დადასტურდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. ვაჟა თავართქილაძე ამბობს, რომ სწორედ კრიტიკული მედიაში ამ ამბის გაშუქების და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აქტიურ ჩართვის შემდეგ გახდა იძულებული სასამართლო კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება დაეცვა.
„ამიტომაც უნდათ რუსული კანონით მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების გაქრობა,“ – მიიჩნევს მოქალაქე ვაჟა თავართქილაძე. ის დარწმუნებულია, რომ მის საშაურმეზე თავდასხმა სამართალდამცველებთან შეთანხმებული იყო.
„არ დაედევნნენ ფეხით მიმავალ კაცს, კაცს, რომელიც სპეცრაზმელის ეკიპირებით მოვიდა აქ, ხელთათმანებით, ნიღბით…
ჯერ მომიგზავნეს ვიღაც და ჩამომიხიეს ბანერი, რომ არ შევშინდი და მაინც გამოვაკარი ახალი ბანერი, ახლა სპეცრაზმელი მომიგზავნეს.
ავტორიტარული, ტოტალური, დიქტატორული რეჟიმის ხელში როცა ხვდება კანონი, როგორც უნდა ისე შემოატრიალებენ ამ კანონს. თუ ახლა ხულიგნურად თავს დამესხნენ, მერე უკვე კანონიერად დაგვესხმებიან თავს. რუსეთი უკვე წიგნების დაწვაც დაიწყეს. გაგახსენდათ ჰიტლერი? ამას ვებრძვი მე, ეს არ მინდა მე,“ – უთხრა ვაჟა თავართქილაძემ „ბათუმელებს“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში ვერ გვითხრეს, დაიწყო თუ არა გამოძიება ამ შემთხვევაზე.
დღეს, 25 აპრილს, ავტომობილი 3 წლის ბავშვს დაეჯახა. ავარიის შედეგად ბავშვი დაიღუპა.
შემთხვევა მახინჯაურში მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
„თქვენ გინდათ მიმაწებოთ აგენტის იარლიყი და თქვენ ამას ვერ ეღირსებით“ – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს დღეს, 25 აპრილს, ბათუმში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე გაზეთ „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემ.
„ასლან აბაშიძის პერიოდიდან მოყოლებული ვმუშაობ როგორც ჟურნალისტი და მხოლოდ ამ ხელისუფლების პირობებში მომიხდა, რომ ვიყო არა კითხვის დამსმელი, არამედ ოპონირება გაგიწიოთ, იმიტომ, რომ თქვენ, თქვენი კანონით, ცდილობთ გვიწოდოთ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი ძალა.
თუ განმარტებით ლექსიკონს აიღებთ და წაიკითხავთ რა არის აგენტი, იქ პირდაპირ წერია, რომ ეს არის უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი. 23 წლის განმავლობაში ვემსახურებოდი ჩემს სამშობლოს, ჩემი სამშობლოს დემოკრატიულ განვითარებას და თქვენ ვერ დამაწებებთ მაგ იარლიყს.
აგენტები, როგორც წესი, არ იცვლიან პროფესიას, სულ აგენტები არიან. თქვენ მუშაობდით საერთაშორისო ორგანიზაციაში. წინადადება მაქვს ასეთი, მოდით, დავიწყოთ რეესტრის გაკეთება არა 2023 წლიდან, არამედ 2000 წლიდან და ყველა ჩავეწეროთ ამ რეესტრში. ჯერ ჩაეწერეთ თქვენ – შალვა პაპუაშვილი, რომელიც მაშინ, როცა მე მთელი რედაქციისთვის ხელფასს ვარიგებდი [ალბათ 2010-2011 წლისთვის, როცა მუშაობდით] ალბათ თქვენ ერთი ადამიანი იღებდით მაგ ხელფასს.
ჯერ ჩაეწერეთ თქვენ, შემდეგ ჩაეწეროს ბატონი პრემიერი ირაკლი კობახიძე, შემდეგ ჩავწეროთ ბიძინა ივანიშვილი, რომლის ფონდიც სრულიად უცხოური ფულით არის შევსებული. 2000 წლიდან დავიწყოთ ბატონო შალვა, კარგით?!
მე ამას არ ჩავწერ ბატონო შალვა, თქვენ ჩაწერეთ.
თქვენ ახლა მთელი დღე ლაპარაკობთ, აკრიტიკებთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ევროპარლამენტარებს. მე როცა წინა ხელისუფლება მდევნიდა, ვმუშაობდი… კადრებში ვნახე სოზარ სუბარი, თქვენ გვერდით იჯდა და შეგიძლიათ მასთან გადაამოწმოთ, დიდი ცოდნა შეიძლება არ გაქვთ ჩემთან დაკავშირებით, მაგრამ იმავეს ამბობდა მიხეილ სააკაშვილიც, რომ ვინ არის „ბათუმელები“, რომ მე რაღაც რეპრესიებს ვატარებდე“… გადაამოწმეთ.
მე როცა დავდევდი იმ ხელისუფლებას, ვაკრიტიკებდი პროფესიულად და ისინი მე დამდევდნენ, დღისით და ღამით მოსვენებას არ მაძლევდნენ, თქვენ იმ ხელისუფლებასთან იფორმებდით ჰექტრობით ტყეს და საძოვრებს.
მე მაინტერესებს, ბატონო შალვა, ერთი – რომ როცა მუშაობდით საერთაშორისო ორგანიზაციაში, როცა გასცემდით გრანტებს აქაურ ენჯეოებზე, ითხოვდით თუ არა მათგან ემუშავათ მათ უცხო ქვეყნის ინტერესებისთვის?! თქვენ გაიძულებდნენ თუ არა გემუშავათ უცხო ქვეყნის ინტერესებისთვის? იღებდით თუ არა შავ ფულს?
და მეორე – როცა „ნაციონალური მოძრაობა“ არავის არ ახარებდა, თქვენივე სიტყვებით, და ახლა ეძახით ომის პარტიას, თქვენ როგორ გაიფორმეთ ამხელა ქონება – 10 ჰექტარ ტყეზე არის ლაპარაკი…
ჩვენ ტექნიკური შეცდომა დავუშვით, ჩვენ ვართ მედია, რომელმაც ვაღიარეთ ეს ტექნიკური შეცდომა, თქვენ ეს გამოიყენეთ არაკეთილსინდისიერად და იძახეთ, რომ აი, სწორედ ამიტომ არის საჭირო გამჭვირვალობის შესახებ კანონიო. არა, ბატონო შალვა, ჩვენ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით ვმუშაობთ, ტექნიკურ შეცდომა დავუშვით, მაგრამ, თქვენ კანონი დაარღვიეთ, საგადასახადო კოდექსი დაარღვიეთ, ერთ ლარად შეიძინეთ 20 ჰექტარი ტყე და სახნავ-სათესი კახეთში, ალაზნისპირზე – ერთ ლარად.
რატომ არ გააფორმეთ ბატონო შალვა ჩუქება? და რატომ არ გადაიხადეთ შესაბამისი გადასახადები, რატომ შეიძინეთ ერთ ლარად? ეს, რაც ჩაიდინეთ კრიმინალია.
მე თქვენთან კითხვის დასასმელად არ მოვედი, არც იმის წარმოდგენა მაქვს, რომ თქვენ დაგარცხვენთ. მაგრამ მე ჩემი გამოხატვის თავისუფლებით ვისარგებლებ.
…მე ვიყავი ადამიანი რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დადიოდა პატიმრებთან და აშუქებდა მათ მდგომარეობას. თქვენ მაშინ არსად არ იყავით. მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც კუდის სპეცსამსახურები დაჰყვებოდნენ და არ აძლევდნენ თავისუფლად ცხოვრების საშუალებას. თქვენ მაშინ ძალიან კარგად ცხოვრობდით. ახლა მე ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამტარი?
მაინტერესებს, შეძლებთ თუ ვერა, აგენტების სიის რეგისტრაციას 2000 წლიდან და მოხვდებით თუ არა მანდ თქვენ, ბიძინა ივანიშვილი და სხვა პირები, სოზარ სუბარი მათ შორის, რომელსაც ერთ დროს ძალიან დიდ პატივს ვცემდი, რომელიც ჩვენს გვერდით იყო მუდმივად, მაშინ როცა გვავიწროებდნენ.
ამ კანონით, ეს ქვეყანა თქვენ მიგყავთ რუსეთისკენ, ეს არის ღალატი.
….მე და თქვენ ვერ შევთანხმდებით, იმიტომ, რომ თქვენ მიგყავთ ქვეყანა რუსეთისკენ.
თქვენ ლეგალურად შემოსულ ფულს ებრძვით, გინდათ გააუქმოთ არასამთავრობო ორგანიზაციები. თქვენ გინდათ, რომ მე გავხდე აგენტი და თქვენ ამას ვერ ეღირსებით“.
განცხადების შემდეგ ეთერ თურაძემ შეხვედრა დატოვა.
„ბათუმელები“ არის 2001 წელს ბათუმში დაფუძნებული მედიასაშუალება, რომელმაც 2010 წელს დააფუძნა ონლაინ გამოცემა „ნეტგაზეთი“. დაარსების დღიდან ეთერ თურაძე „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც.
ბათუმში, ქობულეთში, ანაკლიასა და ფოთში 26 აპრილს შენარჩუნებული იქნება ცხელი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +35 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება. დღისით, მაღალი ტემპერატურის ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერება აღინიშნოს.
თბილისში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში: ზესტაფონში, ქუთაისში, სამტრედიაში, ზუგდიდში, მარტვილსა და ოზურგეთში 26 აპრილს შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +37 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება. 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურაც შედარებით დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში: ამბროლაურში, ონში, ცაგერში, შოვში, ჭიათურაში, საჩხერესა და ხულოში 26 მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +32 გრადუსი იქნება.
კახეთში, საგარეჯოში, თელავში, გურჯაანში, სიღნაღში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტაში, დედოფლისწყაროში 26 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.
დღეს, 25 აპრილს, 13 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დასავლეთ საქართველოს მედიასაშუალებების წარმომადგენლებს ბათუმში ხვდება.
„რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორის, ნათია კუპრაშვილის განცხადებით, ერთობლივი გადაწყვეტილებით, შეხვედრას დასავლეთ საქართველოში მომუშავე ალიანსის წევრი ტელევიზიები არ დაესწრებიან – ინფორმაციას „მედიაჩეკერი“ ავრცელებს.
„რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი“ საქართველოში 31 რეგიონულ მაუწყებელს აერთიანებს.
საკანონმდებლო ორგანო პაპუაშვილთან შესახვედრად დასავლეთ საქართველოში დარეგისტრირებული 45 მედიასაშუალების წარმომადგენლებს იწვევს.
შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის განხილვისას საქართველოს პარლამენტმა უსაფრთხოების „ყვითელი დონე“ გამოაცხადა და ონლაინ და ბეჭდური მედიის აკრედიტებულ წარმომადგენლებს შენობაში შესვლა აუკრძალა.
ბათუმის ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის [ბნქ] ტერიტორიაზე ბოლო კვლევებით საერთო ჯამში 92 950 კუბური მეტრი სახიფათო ნარჩენი გამოვლინდა.
კვლევა ჩეხურმა კომპანია DEKONTA-მ 2022 წელს ჩაატარა. ამავე კვლევით ბნქ-ს ტერიტორიაზე 800 000 ტონაზე მეტი დაბინძურებული ნიადაგია. აქედან, საპილოტე პროექტის ფარგლებში, მხოლოდ 10 ტონა დაბინძურებული ნიადაგის გაწმენდა იგეგმება.
საპილოტე პროექტისთვის საჭიროა თუ არა გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] დოკუმენტის მომზადება, ეს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უნდა გადაწყვიტოს. სააგენტოში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სკრინინგის ანგარიში უკვე წარადგინა.
დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ „ამჟამად დაბინძურება არ ვრცელდება გადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიის გარეთ, მის შემოგარენში“, მაგრამ კვლევებით დადგინდა, რომ „თუ დაბინძურების წყაროები არ მოიხსნება, არსებობს დაბინძურების გავრცელების პოტენციური რისკი შავი ზღვის სანაპიროზე“.
ყოფილი ქარხნის ტერიტორიას და ზღვას კი ერთმანეთისგან მხოლოდ სარკინიგზო ხაზი და საავტომობილო გზა ყოფს. ამ ტერიტორიის მოპირდაპირედ ზღვაში ხელოვნური კუნძულის აშენებაც იგეგმება.
ნავთობის ნარჩენები ბათუმის ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სალექარებში. ფოტო სკრინინგის ანგარიშიდან
„პროექტი არ მოიცავს დიდ მასშტაბებს, კვლევების შედეგად გამოვლენილი დაბინძურებული ნიადაგის მხოლოდ მცირე ნაწილი იქნება გამოყენებული საპილოტე პროექტისთვის, რომლის მიხედვითაც უნდა დაიგეგმოს ტერიტორიის სამომავლო აღდგენითი პროცესები. საპროექტო ტერიტორიის აღდგენით აღმოიფხვრება ქალაქ ბათუმის და ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პრობლემა“ – აღნიშნულია სკრინინგის ანგარიშში.
დოკუმენტების მიხედვით, დაბინძურებული ნიადაგის ბიორემედიაციის საცდელი პროექტი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2023 წლის დეკემბერში დაიწყო. პროექტს აფინანსებს გაეროს განვითარების პროგრამა [UNDP] ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის დასრულება დაგეგმილია 2024 წლის ნოემბრის ბოლომდე.
„პროექტის მიზანია ბათუმის ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაბინძურებული ნიადაგების აღდგენის პირველადი მეთოდის ბიოდეგრადაციის პილოტური ტესტირება. პროექტს ახორციელებს ჩეხური კომპანია DEKONTA, a.s.
დაბინძურებული ტერიტორიის აღდგენის ერთ-ერთ ძირითად ვარიანტად შემოთავაზებულია ბიორემედიაციის მეთოდის გამოყენება. ბიორემედიაცია არის ტექნოლოგია, რომელიც იყენებს მიკროორგანიზმებს დაბინძურებულ ნიადაგში არსებული ნახშირწყალბადების დაშლისათვის.
ეს პროცესი გულისხმობს მიკროორგანიზმების შეყვანას დაბინძურებულ ზონაში, რომლებსაც შეუძლიათ ნახშირწყალბადების მეტაბოლიზება, რითაც ისინი გარდაიქმნება უვნებელ ქვეპროდუქტებად, როგორიცაა ნახშირორჟანგი და წყალი“ – აღნიშნულია სკრინინგის ანგარიშში.
რისკების შეფასების დოკუმენტის მიხედვით, კვლევის ფარგლებში შეფასდა ყოფილი ბნქ-ს ტერიტორიით სამომავლო სარგებლობის ოთხი სავარაუდო სცენარი: სარგებლობის ახლანდელი ფორმა, სამრეწველო დანიშნულებით სამომავლო სარგებლობის ფორმა, საცხოვრებელი და სარეკრეაციო დანიშნულებით სამომავლო სარგებლობის ფორმები.
„პროექტის მთავარ პარტნიორთან [აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო] კონსულტაციების შემდეგ, უპირატესობა მიენიჭა საცხოვრებელი დანიშნულებით სარგებლობის ფორმას და რისკების შეფასების კვლევა დეტალურად სწორედ ამ სცენარისთვის შეფასდა“ – აღნიშნულია დოკუმენტში.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებით დადგინდა, რომ:
„ადგილზე განხორციელებული ბიორემედიაცია ყველაზე ხელსაყრელი მეთოდია დაბინძურებული სამშენებლო მასალების და გრუნტის ზედაპირზე განთავსებული ნიადაგის, ნიადაგის დაბინძურებული ზედა და ქვედა ფენების გასაწმენდად.
ნავთობის ნარჩენების დამჭერებიდან ნავთობის ნარჩენების დანალექების და შლამის მართვის განსახორციელებლად ყველაზე ხელსაყრელ ტექნოლოგიად ითვლება ნავთობის შლამის ხელახალი გამოყენება ან მისი ხელახალი გადამუშავება მდგრად ალტერნატიულ საწვავად [SAF].
სახიფათო ნარჩენების სანაყაროზე დროებითი დასაწყობება და განთავსება წარმოადგენს საუკეთესო ალტერნატიულ ვარიანტს იმ სხვა არაერთგვაროვანი სახიფათო ნარჩენების მიმართ, რომლებიც ტერიტორიაზე არის გავრცელებული [1,5 ტ-მდე].
შემდეგი ეტაპები უნდა იყოს აღდგენითი ღონისძიებების პროექტის დოკუმენტაციის და საერთაშორისო სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავება ბათუმის ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიის აღდგენისთვის.“
აღსანიშნავია ერთი დეტალი, რომ „ქარხნის ტერიტორია მოიცავს დაახლოებით 35 000 ტონა სხვადასხვა ტიპის ნავთობის შლამს. ყველაზე ხარჯ-
ეფექტური და ხელმისაწვდომი ვარიანტი იქნება ნარჩენების წარმოქმნის ადგილზე, ტერიტორიის ფარგლებს შიგნით, საშუალო ზომის დანადგარის დამონტაჟება ნავთობის შლამის ნავთობქიმიურ პროდუქტებად გარდაქმნის მიზნით.
ქარხნის ტერიტორიიდან ნავთობის შლამის ნავთობპროდუქტებად გადამუშავებისთვის საჭირო დრო მერყეობს დაახლოებით 8-დან 18
წლამდე.“
სკრინინგის დოკუმენტების მიხედვით, ამჟამად, ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსის ცალკეული ტერიტორიებს სხვადასხვა მფლობელი ჰყავს [ნახეთ ფოტო]:
სკრინინგის დოკუმენტებიდან
სკრინინგის ანგარიშს თან ახლავს დეტალური ინფორმაცია კვლევების შესახებ, რისკების ანალიზი, ტერიტორიაზე აღდგენითი [გაწმენდის] ღონისძიებების საპროექტო დოკუმენტაცია, ასევე ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება.
დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ „უნდა შემუშავდეს ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიის აღდგენის [რემედიაციის] დეტალური გეგმა… დაბინძურებული ტერიტორიის აღდგენა შეიძლება წარმატებით და ხანგრძლივი ვადით განხორციელდეს, მომავალი სარგებლობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფით“.
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმისა და ფოთის მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნება.
დამატებით რეისებზე ბილეთების შეძენა შესაძლებელია 2, 3, 4 და 6 მაისს თბილისი-ფოთის მიმართულებით. ხოლო პირველიდან 6 მაისის ჩათვლით კი, თბილისი-ბათუმის მიმართულებით.
ბილეთების შეძენა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ როგორც ელექტრონულად, ასევე სალაროებში.
ბათუმში ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი 2024 წლის 25 აპრილის მონაცემებით გაუარესებულია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ჰაერის დაბინძურება „უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული“.
„24 აპრილიდან დედაქალაქში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების [PM10, PM2.5] შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული“ – აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მიხედვით, ბათუმში დღეს ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი არის „ცუდი“ და „ძალიან ცუდი“:
მტვრის ნაწილაკების გავლენა ჯანმრთელობაზე: თვალის გაღიზიანება, ასთმა, ბრონქიტი, ფილტვის დაზიანება, სიმსივნე, მძიმე ლითონებით მოწამვლა, უარყოფითი ზემოქმედება გულსისხლძარღვთა სისტემაზე.
რა არის ამ ნაწილაკების ჰაერში გაფრქვევის ძირითადი წყარო და რა გავლენა აქვს მას ჯანმრთელობაზე, იხილეთ ამ ბმულზე:
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 25 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 462 980 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 040]
ტანკი – 7 255 ერთეული [+13]
ჯავშანტექნიკა – 13 942 ერთეული [+14]
საარტილერიო სისტემა – 11 836 ერთეული [+28]
MLRS – 1 049 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 772 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 348 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 449 ერთეული [+10]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 118 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 15 949 ერთეული [+57]
სპეცტექნიკა – 1 946 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 25 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
592 თვითმფრინავი
270 ვერტმფრენი
23 132 უპილოტო საფრენი აპარატი
509 საზენიტო სარაკეტო სისტემა
15 831 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 274 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
9 115 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
21 288 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
„თუ რუსულ კანონს მიიღებენ, მე არ ვიცხოვრებ ასეთ საქართველოში. წავალ ოჯახით, დავტოვებ აქაურობას, რადგან „რუსეთი“ არ არის ჩვეულებრივი სიტყვა, ამის უკან არის ტერორიზმი, ეს არის კრიმინალი, ეს არის შიში, ტერორი და ჩემს შვილებს ვერ გავზრდი აქ“, – ამბობს გიორგი ტუღუში, ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი, მწერალი.
„ბათუმელები“ მას „ქართული ოცნების“ მიერ ხელმეორედ ინიციირებულ რუსულ კანონპროექტზე ესაუბრა და ჰკითხა, როგორც საჯარო მოხელე და ამ ქვეყნის მოქალაქე, ხედავს თუ არა საშიშროებას ამ კანონში.
„მე დიდი ხანია, რაც საჯარო მოხელე ვარ, წინა ხელისუფლების დროსაც ვმუშაობდი საჯარო უწყებაში და ვერ ვიტყვი, რომ ჩემთვის გამოხატვის თავისუფლება ვინმეს შეუზღუდია.
იმ საჯარო მოხელეებს კი, ვინც არ გამოხატავენ საკუთარ აზრს, ვფიქრობ უფრო თვითცენზურა აქვთ, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სტალინურმა რეჟიმმა, რომელიც ჩვენს მშობლებს, ბებიებს და ბაბუებს მართავდა, გაუმძაფრა შეგრძნება შიშებზე.
ეს გენეტიკური მეხსიერებაა და ეს თვითცენზურაა ჩაბუდებული ბევრ ადამიანში დღესაც.
ამიტომ, ვერც იმას ვიტყვი, რომ ამ ადამიანებს ვინმე თბილისში წასვლას აიძულებს აქციაზე, რომელიც ხელისუფლებამ დაგეგმა 29 აპრილს. ჩემამდე არავინ მოსულა, არც ჩემს მეგობრებთან და არ უთქვამს, რომ უნდა წავიდეთ აქციაზე. ალბათ პარტაქტივზეა გათვლილი ეს აქცია და ამიტომ“, – ამბობს გიორგი ტუღუში.
მისი აზრით, „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი აქცია, ჰაერის ნაყვაა და შედეგს ვერ გამოიღებს.
„იმ ხალხს, რომელიც დღეს რუსთაველზე დგას რუსული კანონის წინააღმდეგ, ხელისუფლება საკუთარ ხალხად არ თვლის. მაგრამ ჩვენი შვილების არჩევანი არის ევროპა და ჩვენ ვდგავართ შვილების გვერდით.
მაგრამ არიან ისეთი ადამიანებიც, მაგალითად მწერალთა სახლებში, საჯარო დაწესებულებებში, საპატრიარქოში, ვისი არჩევანიც არის რუსეთი.
არის ისეთი ხალხიც, ვინც იძახის, რომ ეს ყველაფერი თეატრია და შემდეგ, როცა სიღრმეებში შედიხარ და ეუბნები, რა თეატრზეა საუბარი, იქნებ ესეც გვითხრან, იცინიან, ან გეუბნებიან. „მოგცლია“ – რაღაც ასეთი დამოკიდებულებაა.
რაც შეეხება რუსულ კანონს, აქ ყველაფერი არის ძალიან მარტივად. პუტინმა პროდასავლურად განწყობილი ოპოზიცია სწორედ ამ კანონის მეშვეობით მოგუდა, აფხაზეთში არსებობდა თავისუფლების კუნძულები არასამთავრობოების სახით და სწორედ ამ კანონით განადგურდნენ.
უფრო გასაგებიც რომ იყოს რუსული კანონის მიზნები, მარტივი მაგალითი შეგვიძლია დავასახელოთ. მაგალითად, თუ რომელიმე კეთილშობილური მიზნებით შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია ბელგიიდან მე გადმომირიცხავს 5000 ევროს, ამ კანონის არსებობის შემთხვევაში, ხელისუფლებას თავისუფლად შეეძლება მიმაწებოს ესა თუ ის იარლიყი და პირდაპირ ამბობენ, რა იარლიყსაც მოგვაწებებენ – ეს არის აგენტი.
ახლა ამბობენ გავლენის მქონე, რაც იგივეა დოქს საითაც უნდათ, იქიდან მიაბნევენ სახელურს.
რა თქმა უნდა, მე არ ვეთანხმები ამ კანონის მიღებას, რადგან ეს იქნება საქართველოს სუვერენიტეტის დასასრული. ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილს, მთლიანობაში არ შეუძლია სურათის დანახვა, მაგრამ აქ აღარ არის საუბარი იმაზე, ეს პარტია მოგწონს თუ ის, არამედ სასწორზე დგას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი“, – ამბობს გიორგი ტუღუში.
ევროპარლამენტარებმა არაერთი განცხადება გააკეთეს და მკაფიოდ მოუწოდეს „ქართულ ოცნებას“ არ მიიღონ რუსული კანონი, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოსთვის არ გაიხსნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების ფანჯარა.
როგორ ფიქრობთ, რატომ ჯიუტობს „ოცნება“? – ვკითხეთ გიორგის.
„უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ მივედით დასავლეთთან და ვთხოვეთ დახმარება. ისინი არ მოსულან ჩვენთან და არ დაუგლეჯიათ კალთები. დასავლეთის ქვეყნებს აქვთ ძალიან მძლავრი ეკონომიკა, დიადი კულტურა, მაგრამ რადგანაც ჰუმანისტურ საწყისებზე დგას ევროპა, თუ ქართველ ერს უნდა ჩვენს ოჯახში, დაე იყოს. ეს არის.
და ახლა უნდათ, რომ რუსულ პროპაგანდისტულ მანქანას, კრემლისტურს, დახატოს ამის საპირისპირო, რომ თურმე გვართმევენ იდენტობას და რაღაც ასეთი.
ჟან პოლ სარტრის, კამიუს, ჰაიდეგერის და იასპერსის ერებს არაფერში არ სჭირდება ქართული იდენტობა.
აქ ძალიან მარტივია ყველაფერი – თქვენ მოდიხართ ჩემს ოჯახში და გეუბნებით, რომ ვიქეიფოთ, ჩემი თავი შემოგევლოს, დავლიოთ, მაგრამ ოთახში ორი წლის ბავშვი მყავს და სიგარეტს ნუ მომიწევ. ანალოგიური სიტუაცია გვაქვს აქაც.
ევროკავშირთან ინტეგრაციის დროს უნდა მოხდეს ეროვნული კანონის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან, თუ გვინდა ამ ოჯახში ყოფნა. თუ არ გვინდა ევროპულ ოჯახში ვიარსებოთ, მაშინ რატომ წერია საქართველოს კონსტიტუციაში, რომ ქართველი ერის არჩევანი არის ევროატლანტიკური სივრცე?“ – ამბობს გიორგი ტუღუში.
თქვენი აზრით, რა გააჩერებს რუსულ ძალას? – ვკითხეთ მას.
„ნაპოლეონი ამბობდა, რომ დაუმარცხებელია ჯარი, არმია, რომელსაც ერი უძღვება წინ.
თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსული პროპაგანდა ძალიან ძლიერია და ჩვენი საზოგადოების ნაწილში, ღრმად აქვს ფესვები გადგმული ამ პროპაგანდას. ამიტომ დგას დღეს რუსთაველზე, ვთქვათ 20 ათასი მოქალაქე და არა ორი მილიონი.
გავითვალისწინოთ კონფორმიზმიც – მე თუ მაქვს დღეს პური და ღვინო, ესე იგი ყველაფერი კარგადაა. უფრო სწორად, ეს პლატონის გამოქვაბულია, როცა ზიხარ და გგონია, რომ სხვაგან არაფერია ამ გამოქვაბულის გარდა.
ამ ნაჭუჭშიც ზის ბევრი დღეს, მაგრამ არსებობს სხვა ფერებიც და ეს ფერებიც უნდა ვნახოთ. ხელისუფლების წარმომადგენლების შვილები დგანან ამ აქციებზე… წარმოიდგინეთ, როგორი მძაფრი მოთხოვნა უნდა იყოს კრემლისგან, რომ ასეთ რაღაცებს აკეთებენ“.
თქვენ თუ წარმოგიდგენიათ ცხოვრება ისეთ საქართველოში, სადაც რუსული კანონი იქნება? – ვკითხეთ გიორგი ტუღუშს. „არა“ – გვიპასუხა მან.
„თუ ეს კანონი მივიღეთ, საქართველოს სუვერენიტეტი დასრულდება და საქართველოს ხელისუფლებაც დასრულდება დასავლეთისთვის იმ დღესვე.
მე არ ვიცხოვრებ ასეთ საქართველოში. წავალ ოჯახით, დავტოვებ აქაურობას, რადგან „რუსეთი“ არ არის ჩვეულებრივი სიტყვა, ეს არის ტერორიზმი, ეს არის კრიმინალი, ეს არის შიში, ტერორი და ჩემს შვილებს ვერ გავზრდი აქ“, – ამბობს გიორგი ტუღუში.
„რუსეთი ოკუპანტია. ჩვენი გზა ევროპაშია. არა რუსულ კანონს!” – ხმამაღლა გაისმა ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენიდან 23 აპრილის საღამოს.
მსახიობებმა სცენიდან გააპროტესტეს რუსული კანონი, მას შემდეგ რაც პაოლო ჯინოვეზეს პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „თამაში“ ითამაშეს.
„სასამართლოში გავარკვევთ,“ – მსახიობების თქმით, ასეთი იყო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ალექსანდრე ქანთარიას პირველი რეაქცია მათი პოზიციის დაფიქსირების შემდეგ.
თუმცა, როცა მსახიობებმა მას დაკონკრეტება სთხოვეს, რას გულისხმობდა „სასამართლოში გარკვევაში“, სამხატვრო ხელმძღვანელს დამატებითი განმარტება აღარ გაუკეთებია.
ბათუმის დრამატული თეატრის დასის ნაწილი სპექტაკლის შემდეგ აპროტესტებს რუსულ კანონს. 23.04.2024
როგორც „ბათუმელებისთვის“ გახდა ცნობილი, დღეს, 24 აპრილს „თამაშში“ მონაწილე მსახიობები სამხატვრო ხელმძღვანელმა დაიბარა და მათგან ახსნა-განმარტება მოითხოვა.
„არ ვიცი რა სახის რეაგირება ექნება“, – ამბობს „ბათუმელებთან“ რეჟისორი და მსახიობი ოთო ქათამაძე.
„ყველა მსახიობი, ვინც გუშინ დრამატული თეატრის სცენაზე იდგა და თავისი პოზიცია გამოხატა, შევხვდით [ალექსანდრე ქანთარიას]. ყველა მსახიობმა დავაფიქსირეთ ჩვენი აზრი, რომ უკანონო არაფერი არ გაგვიკეთებია.
მას არ უთქვამს, რომ რაღაც სასჯელი იქნება ან რამე ზომებს მიიღებს, მსგავსი რამ არ უთქვამს.
ჩვენ ხელშეკრულებაში გვაქვს მუხლი, რომელიც მსგავს აქტივიზმს გვიკრძალავს. შეხვედრაზე [ალექსანდრე ქანთარიამ] ამ მუხლზე მიუთითა – ხელშეკრულებაში გიწერიათ ეს და რატომ გააკეთეთო.
მე ვუთხარი, რომ არ ვცნობდი ამ მუხლს, რომ ეს არის არადემოკრატიული, არაკონსტიტუციური და შრომით ხელშეკრულებაში არ უნდა იწერებოდეს ისეთი რამ, რაც ადამიანს სიტყვის და თავისი პოზიციის თავისუფლად გამოხატვაში უშლის ხელს.
დასის გამგემ, თეონა ლორთქიფანიძემ, დაწერა მოხსენებითი ბარათი, სადაც აღწერა რაც მოხდა გუშინ, სპექტაკლის შემდეგ. დანარჩენი არაფერი არ ვიცი. მსახიობებს არაფერი არ დაგვიწერია,“ – გვითხრა ოთო ქათამაძემ.
„ბათუმელები“ კომენტარისთვის დაუკავშირდა ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ალექსანდრე ქანთარიას.
რა იყო თქვენთვის მიუღებელი მსახიობების ქმედებაში? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ბათუმის დრამატული თეატრის ხელმძღვანელს.
„იცით რა, ეს ჩვენი შიდა საქმეა და კომენტარის გარეშე,“- მოკლე პასუხით შემოიფარგლა ალექსანდრე ქანთარია.
20 დღეზე მეტია საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსულ კანონს აპროტესტებს, რომლის მიღებასაც „ქართული ოცნება“ გეგმავს.
პროტესტი არის როგორც ქუჩებში, ისე სხვადასხვა დაწესებულებებში. რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გამოვიდა თეატრალური საზოგადოება.
თბილისში, ქუთაისში, ზესტაფონში, ოზურგეთში და გუშინდელი დღის შემდეგ უკვე ბათუმშიც, მსახიობებმა რუსული კანონი გააპროტესტეს და თქვეს, რომ „საქართველოს მომავალი ევროპაშია“.
რა ხდება
2024 წლის 3 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ კვლავ აპირებს რუსული კანონის მიღებას.
ეს კანონპროექტი 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შემდეგ “ოცნებამ” უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასოდეს დაუბრუნდებოდა. ხელისუფლებამ პირობა დაარღვია, ხალხი მოატყუა და კანონპროექტი განსახილველად პარლამენტში დააბრუნა.
ანალოგიურმა კანონმა რუსეთში გააქრო ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და გაამყარა პუტინის რეჟიმი.
საერთაშორისო დიდოსტატი, საქართველოს ნაკრების წევრი, მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი რუსული კანონის წინააღმდეგია, რადგან, მისი აზრით, ეს კანონი საქართველოს მეგობრებს დააკარგვინებს და დააშორებს ევროპას.
„ჩვენ, მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა შარშანაც გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია და რა თქმა უნდა, უარყოფითი იყო ჩვენი დამოკიდებულება რუსულ კანონთან დაკავშირებით. წელს ნამდვილად გამაოგნა, როცა გავიგე, რომ თავიდან აპირებდნენ ამ კანონის შემოტანას.
მაშინ როცა ეს ერთი წელი უნდა გამოგვეყენებინა იმისთვის, რომ ევროპას უფრო დავახლოებოდით და წინ წავსულიყავით ევროინტეგრაციის გზაზე, ახლა უკან-უკან მივდივართ და ამ კანონის შემოღება დაგვაშორებს საერთოდ.
მეც ევროპის ჩემპიონატზე ვარ ახლა, ევროპაში დავდივართ და ვისაც შეხება აქვს ევროპასთან, ყველა ხვდება, რომ ჩვენი კეთილდღეობის გზა ევროპაზე გადის, ამიტომ რუსული კანონი ძალიან გვაშორებს ამ გზას.
ეს კანონი ყველა მოქალაქეს ძალიან ცუდ მდგომარეობაში გვაყენებს. ევროპიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს, რომლებიც ხალხს ეხმარებიან, შეექმნათ პრობლემები, რაც ძალიან ცუდია.
ჩემი იმედი მაინც ახალგაზრდები არიან. მათ უნდა გამოხატონ საკუთარი აზრი, უფრო უშიშარნი არიან და რაც უფრო მეტი ხალხი გამოხატავს პროტესტს, მით უფრო კარგი იქნება“ – ამბობს ნინო ბაციაშვილი „ბათუმელებთან“.
რა ხდება?
მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტი ისევ დააბრუნა. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.
კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.
25 აპრილიდან ვენეციის დასათვალიერებლად გარკვეულ დღეებში თანხის გადახდა მოგიწევთ. ქალაქში შესასვლელად ყველა ტურისტი დღეში [8:30-დან 16:00 საათამდე] 5 ევროს გადაიხდის, ცალკეულ დღეებში კი – 10 ევროს.
იტალიური მედიის ცნობით, ეს არის ექსპერიმენტული პროექტი, რომელიც მუნიციპალური საკრებულოს თქმით, ემსახურება ტურისტული ნაკადების უკეთ მართვას.
გადასახადი იმოქმედებს შემდეგ თარიღებში – 25, 26, 27, 28, 29 და 30 აპრილი. 1, 2, 3, 4, 5, 11, 12, 18, 19, 25, 26 მაისი, 8, 9, 15, 16, 22, 23,29, 30 ივნისი და 6, 7, 13,14 ივლისი.
მედიის ცნობით, მთავარი საკონტროლო პუნქტი იქნება რკინიგზის სადგურ ვენეცია „სანტა ლუჩიაში“, ასევე ყველა იმ პატარა სადგურში, საიდანაც ვენეციაში მოხვედრაა შესაძლებელი.
ვენეციის მუნიციპალიტეტში მცხოვრებთათვის და ვენეციაში დაბადებულთათვის გადასახადი არ იმოქმედებს. ხოლო იმ ვიზიტორებს, რომლებიც გადასახადს არ გადაიხდიან, 50-დან 300 ევრომდე ჯარიმა ემუქრებათ.
ვენეცია ასე ცდილობს შეამციროს ტურისტების შემოდინება ქალაქში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. ქალაქში ყოველწლიურად დაახლოებით 30 მილიონი ტურისტი ჩადის.
2024 წლის 26 აპრილს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და აჭარის რეგიონული ჰაბის – „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, გაიმართება მოხალისეობის რეგიონული ფორუმი. ფორუმს დაესწრებიან ახალგაზრდები (უფროსკლასელები, სტუდენტები), მოხალისეები, პედაგოგები, ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების, თვითმმართველობების, მედიისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები.
ფორუმის მიზანია აჭარის რეგიონის ახალგაზრდებში მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, მოხალისეების მიმღებ ორგანიზაციებსა და მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა, ასევე, მოსახლეობაში რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობადობის გაზრდა, მათი საქმიანობის, განხორციელებული პროექტების შესახებ რეგიონის მოსახლეობის ინფორმირება და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ ნდობის ამაღლება.
ფორუმის ფარგლებში, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში, მოეწყობა აჭარის რეგიონში მოქმედი სათემო კავშირების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, საქმიანობის გამოფენა/პრეზენტაცია. ორგანიზაციების წარმომადგენლები ისაუბრებენ მათი საქმიანობის შესახებ და მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვას შესთავაზებენ.
ფორუმზე, ასევე, მოეწყობა პარალელური სესიები – პანელური დისკუსია თემაზე:”აჭარაში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოხალისეობრივი საქმიანობა პრაქტიკაში” და შეხვედრა ახალგაზრდებთან თემაზე ,,მოხალისეობის გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოში”. ღონისძიების ბოლოს საუკეთესო მოხალისეები დაჯილდოვდებიან.
თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.
საინვესტიციო ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისგან და ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა საერთაშორისო ჟიურიმ, გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინა: ბაზრის წილი, გარიგებების რაოდენობა და მოცულობა, მომსახურება და რჩევები, ინოვაციური შესაძლებლობები, კონკურენტუნარიანი ფასები და რეპუტაცია ბაზარზე.
საინვესტიციო საბანკო საქმიანობა
2023 წელს თიბისი კაპიტალმა ობლიგაციების რეკორდული რაოდენობა გამოუშვა – ჯამში 16 განთავსების მთლიანმა მოცულობამ, 372 მილიონი დოლარი შეადგინა. 2023 წელს თიბისი კაპიტალის კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის წილმა 56% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ლარის ობლიგაციების 91% თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით განხორციელდა.
2023 წელი თიბისი კაპიტალისთვის გამორჩეული იყო ინოვაციური პროდუქტების კუთხითაც:
გამოუშვა პირველი საცალო ლარის ობლიგაციები
გამოუშვა პირველი უზრუნველყოფილი საცალო ობლიგაციები
გამოუშვა პირველი მწვანე ლარის ობლიგაციები
მონაწილეობა მიიღო მდგრადობასთან დაკავშირებული უმსხვილესი დოლარის განთავსებაში საქართველოში
ჰქონდა რამდენიმე სადებიუტო ობლიგაცია და შედეგად, 5 ახალი ემიტენტი გამოჩნდა ბაზარზე
კვლევები
აქტიური საინვესტიციო საქმიანობის პარალელურად, კვლევები თიბისი კაპიტალისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება, რომლის ფარგლებშიც, მომხმარებლებს წვდომა აქვთ მაკროეკონომიკურ და სექტორულ ანალიზზე, განახლებებსა და პროგნოზებზე. 2023 წელს, თიბისი კაპიტალმა 200-ზე მეტი პუბლიკაცია გამოაქვეყნა და ეკონომიკის 10 ახალი სექტორი დაფარა. თიბისი კაპიტალმა აღნიშნული პუბლიკაციები აუდიტორიას ჯამში 50-მდე ინდივიდუალურ შეხვედრასა თუ ღონისძიებაზე გააცნო. აღსანიშნავია, რომ თიბისი კაპიტალმა პირველმა გააანალიზა და გაუზიარა პარტნიორებს – ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესაძლებლობები საქართველოსთვის და ქართული ბიზნესებისთვის.
საბროკერო მიმართულება
აქტიურია თიბისი კაპიტალის საბროკერო მიმართულებაც. 2023 წელს, ამ მიმართულებით, მართული აქტივების მოცულობა 250 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და 780 მლნ დოლარი შეადგინა ზრდა თიბისი კაპიტალის მუდმივად განვითარებადმა სერვისებმა განაპირობა, რაც გულისხმობს პერსონალური მრჩევლის მომსახურებას ფიზიკური პირი ინვესტორებისთვის და კორპორაციების შემთხვევაში – ფულადი სახსრების ეფექტურად მართვაში დახმარებას. საბროკერო მიმართულებით, თიბისი კაპიტალი აქტიურად განაგრძობს აქციების და ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტების ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვების გამოქვეყნებას.
საინვესტიციო პლატფორმა თიბისის ციფრულ ბანკში
ფიზიკური პირების მხრიდან, ინვესტირების ალტერნატიულ შესაძლებლობებზე გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ, 2023 წელს თიბისი კაპიტალმა თიბისის ციფრულ ბანკში საინვესტიციო პლატფორმა დანერგა, სადაც 6500-ზე მეტი ამერიკული კომპანიის აქციებსა თუ ფონდებში ინვესტირება 1$-იდან, საკომისიოს გარეშეა შესაძლებელი.
ტექნიკური და ანალიტიკური ფუნქციებისა და საინვესტიციო აქტივების ფართო არჩევანის მიუხედავად, პლატფორმა მაქსიმალურად ინტუიციურია და მომხმარებელს საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებაში თავადვე ეხმარება. 2023 წლის ბოლოს, პლატფორმას 16 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა.
საკონსულტაციო მომსახურება
მესამე წელია აქტიურად ვითარდება თიბისი კაპიტალის (M&A) საკონსულტაციო მომსახურებაც, რომელიც პარტნიორებს შერწყმა/შეძენის ტრანზაქციებთან და ბიზნესის ზრდასთან დაკავშირებულ კონსულტაციებს, კომპანიის შეფასებასა და ფინანსურ საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს. 2023 წელს, თიბისი კაპიტალმა M&A მიმართულებით, 2 მსხვილი საერთაშორისო და ერთი ადგილობრივი – სექტორებს შორის ტრანზაქცია განახორციელა.
„თიბისი კაპიტალი აქტიურად ზრდის კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტების ცნობადობას და ფიზიკური პირებისა და კორპორაციების წვდომას დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე. ასევე, ბიზნესებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ვეხმარებით. საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელება იმის დასტურია, რომ პარტნიორების საჭიროებებს წარმატებით ვპასუხობთ და საინვესტიციო საბანკო სექტორში ვინარჩუნებთ ლიდერის პოზიციას. ჯილდო ჩვენი 2023 წლის მიღწევებისა და გამორჩეული შედეგების კიდევ ერთი აღიარებაა“, – მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.
„2023 წელს გაზრდილმა საპროცენტო განაკვეთებმა, გავლენა მოახდინა საინვესტიციო ბაზარზე, რაც გარიგებებისა და პირველადი საჯარო შეთავაზებების კლებაშიც გამოიხატა. ასეთ რეალობაშიც კი, კონკრეტულმა საინვესტიციო ბანკებმა მოახერხეს, რომ მსხვილი ტრანზაქციები შეესრულებინათ და ყოფილიყვნენ ინოვაციურები. ჩვენ სწორედ ასეთი საინვესტიციო ბანკები დავასახელეთ გამარჯვებულებად“, – ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სამართალდამცავებმა ტელეგრამის ჯგუფში პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
დაკავებულია 27 წლის კაცი.
„გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მცხოვრები 1996 წელს დაბადებული ბრალდებული სასიყვარულო/ინტიმურ ურთიერთობაში იმყოფებოდა 2001 წელს დაბადებულ დაზარალებულ გოგოსთან, რომელსაც თბილისში ნაქირავებ ბინაში ხვდებოდა ხოლმე. შეხვედრისას, დაზარალებული საკუთარი ნებით მამაკაცის ტელეფონით ინტიმურ ფოტოებს იღებდა.
2024 წლის მარტში, დაზარალებულმა ქალმა ბრალდებულთან დაშორების შემდეგ, სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე განათავსა მეგობართან ერთად გადაღებული ფოტო, რის გამოც ბრალდებულმა, ეჭვიანობის ნიადაგზე დაურეკა მას და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ასევე, იმავე დღეს დაზარალებული ქალისთვის ცნობილი გახდა რომ მისი ინტიმური ფოტოები, რომლის წაშლაც ბრალდებულს მოსთხოვა, სოციალურ ქსელ ტელეგრამის ერთ-ერთ ჯგუფში იყო გავრცელებული“ – წერს საგამოძიებო სამსახური.
დაზარალებული ქალის მიმართვის შემდეგ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას მის მობილურ ტელეფონში, ნანახი და ამოღებული იქნა დაზარალებული ქალის ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალა, მათ შორის, ნანახი იქნა 2500 მომხმარებლისგან შემდგარი ტელეგრამის ჯგუფი, სადაც ბრალდებულმა ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური ფოტოები გაუვრცელა.
ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„რუსული კანონის მიღების მცდელობა საქართველოში, მე ვფიქრობ, რომ ჩემი და ამ ქვეყნის სხვა მოქალაქეების შეურაცხყოფაა.
ვერ ვხვდები, რატომ უნდა მიიღონ რუსული კანონი საქართველოში? მე, მაგალითად, ამას არ დავუშვებ”, – ამბობს “ბათუმელებთან” საუბრისას 34 წლის მარტოხელა დედა, ნათია მელაძე ხულოდან.
ნათიას ორი შშმ პირი შვილი ჰყავს:
„უკვე 11 წელია, რაც მარტოხელა დედა ვარ, თუმცა სტატუსის გარეშე, რადგან ჩემი შვილები მამის გვარს ატარებენ, მარტოხელა დედის სტატუსი არ მომანიჭეს. მამა ბავშვებს საერთოდ არ ნახულობს და არც ალიმენტს იხდის სრულად.
ჩემი შემოსავლის წყარო ხელსაქმეა. ვქსოვ, ვქარგავ, ვკერავ და ამით მაქვს შემოსავალიც. სხვადასხვა ღონისძიებებზე ვაკეთებ ჩემი ხელნაკეთების გამოფენასა და გაყიდვას.
ამ კანონს თუ მიიღებენ, აღარ მექნება შემოსავლის წყარო. ბევრი ღონისძიება, სადაც ჩემს ნაკეთობებს ვფენ, არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებულია. რასაც ამ გამოფენებზე ერთი დღის განმავლობაში ვყიდი, იმას ერთ თვეში ვერ გავყიდი სახლიდან.
აღარ გვექნება შემოსავალი ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მაგრამ მე მირჩევნია, ჩაი დავლიო, ვიდრე რუსული კანონი და რუსები შემოვიდნენ საქართველოში”, – გვითხრა ნათიამ.
ნათია მის ირგვლივ მყოფ ხულოელთა განწყობაზეც გვიყვება და ამბობს, რომ ქვეყანაში რუსული კანონის მიღებას მხარს არავინ არ უჭერს. ქალი თვლის, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მათ შორის ძალიან დაზარალდებიან გლეხები.
„მე არ მინდა რუსეთი, არ მინდა რუსული კანონი და არ მინდა ჩემმა შვილებმა იცხოვრონ გარუსებულ საქართველოში. გაჭირვებულ ადამიანებზე ვინ მოჰყვება, თუ არ იქნება კრიტიკული მედია?“
რა ხდება
მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტი ისევ დააბრუნა.
„ქართული ოცნების“ მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.
კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსს მიანიჭებს.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლური ორგანიზაციებიდან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1975 წელს დაბადებული ს.ჩ. და 1976 წელს დაბადებული ჰ.ე. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, მათ ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში მუშაობდნენ, ძალადობის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ამავე კაფე-ბარის სტუმრებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მათი შეკვეთისთვის შეუსაბამოდ დიდი თანხა – 267 000 თურქული ლირა და 5 700 ლარი გამოსძალეს.
სამართალდამცველებმა ს.ჩ. და ჰ.ე. ბრალდებულის სახით დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ქვეყანაში 3 წლით ყოფნის უფლება აქვთ. ნებისმიერი იმ ქვეყნის მოქალაქეს, ვისაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება აქვს, საქართველოში 1 წლით დარჩენა შეუძლია. გამონაკლისი უკრაინაა, რომლის მოქალაქეებსაც ამ დრომდე 2 წლით შეეძლოთ საქართველოში ყოფნა.
უკრაინის მოქალაქეებისთვის გამონაკლისი საქართველომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო დაუშვა.
საქართველოს მთავრობის დადგენილებაში – „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“, 2024 წლის 23 აპრილს შევიდა ახალი ცვლილება, რომლის მიხედვითაც უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 3 წლის ვადით ყოფნის უფლება აქვთ.
მთავრობის ახალი დადგენილება 2024 წლის 23 აპრილს შევიდა ძალაში და ის 2024 წლის 24 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე გავრცელდება.
იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ, 96 ქვეყანაა, მათ შორისაა რუსეთის ფედერაციაც:
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 24 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 461 940 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +880]
ტანკი – 7 242 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 13 928 ერთეული [+12]
საარტილერიო სისტემა – 11 808 ერთეული [+43]
MLRS – 1 048 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 771 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 348 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 439 ერთეული [+32]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 117 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 15 892 ერთეული [+47]
სპეცტექნიკა – 1 944 ერთეული [+8]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 24 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
592 თვითმფრინავი
270 ვერტმფრენი
22 932 უპილოტო საფრენი აპარატი
509 საზენიტო სარაკეტო სისტემა
15 827 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 271 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
9 081 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
21 274 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.