1951 წლის დეკემბერში შუახევის სოფელ ლომანაურიდან 12 ოჯახი გადაასახლეს შუა აზიაში. ქალები, ბავშვები, ავადმყოფი მოხუცები – საბჭოთა რეჟიმმა არავინ დაინდო და მკაცრ ზამთარში გაუყენა უდანაშაულო ადამიანები მათთვის უცნობ და რთულ გზას.
სტალინის ბრძანებით შუა აზიაში ასახლებდნენ მათ, ვისაც სისტემა ხალხის მტრად და პარტიისთვის მიუღებლად ჩათვლიდა. ხალხის მტერი იყავი მაშინაც, თუკი შენი წინაპარი მეზობელ სახელმწიფოში ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება პირდაპირი დანაშაული ჩადენილი არ გქონდა, თურქეთში მცხოვრებთან ნათესაური კავშირი უკვე დანაშაული იყო. სწორედ თურქეთში მცხოვრები ნათესავები გახდა ლომანაურში მცხოვრები 9 ოჯახის „დანაშაული“. თუმცა ოფიციალური დოკუმენტი, რის გამო გადაასახლეს ადამიანები, ოჯახებს არასდროს მიუღიათ.
ოჯახების გაუბედურებაში უბადლო სისტემამ არ დაინდო არავინ – არც ბავშვები და არც ასაკოვანი ადამიანები.
სოფელ ლომანაურში დღემდე ახსოვთ ორი ამბავი რეპრესიებზე, რომელმაც ათეულობით ადამიანის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.
1938
1938 წლის 3 მარტს სოფელ ლომანაურიდან 9 კაცი გაიქცა თურქეთში.
მუსტაფ ბერიძე, მურთაზხ ქამადაძე, ემინ ბერიძე, შაქირ ბერიძე, ინუს ფუტკარაძე, დემურალ ბერიძე, ისუფ ბერიძე, ალი ფუტკარაძე, რეჯებ ბერიძე – ეს ლომანაურელი კაცები თურქეთში გაექცნენ იმ სტალინურ რეპრესიებს, რომელიც 1937 წელს დაიწყო.
თუმცა თითოეულ მათგანს საქართველოში დარჩა ოჯახი, სტალინური რეპრესიების სისასტიკე კი სწორედ გაქცეულების ოჯახის წევრებს დაატყდათ თავს.
1951 წლის დეკემბერში, სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს დადგენილებით სოფელ ლომანაურიდან, სადაც იმ დროისათვის 45 კომლი ცხოვრობდა, 12 ოჯახი გადაასახლეს.
- ფუტკარაძეების ოჯახის ამბავი
43 წლის იყო ინუს ფუტკარაძე, როცა თანასოფლელებთან ერთად 1938 წელს თურქეთში გაიქცა. ინუს ფუტკარაძის ამბავი, ვრცლად აღწერა მისმა შვილიშვილმა, ნოდარ ფუტკარაძემ დოკუმენტურ ფაქტებზე დაყრდნობით დაწერილ წიგნში „მშობლის ნაამბობი“. ისტორიები საბჭოთა რეპრესიებზე მას მამამ, ზიქრი ფუტკარაძემ უამბო.
![ზიქრი ფუტკარაძე [გადაასახლეს შუა აზიაში], შაქირ ბერიძე [ 1938 წელს გაიქცა თურქეთში] და ვეზირ ბერიძე [გადაასახლეს შუა აზიაში]](https://batumelebi.netgazeti.ge/wp-content/uploads/2024/05/represirebulebi-lomanauridan.jpg)
ფოტოზე: ზიქრი ფუტკარაძე [გადაასახლეს შუა აზიაში], შაქირ ბერიძე [1938 წელს გაიქცა თურქეთში] და ვეზირ ბერიძე [გადაასახლეს შუა აზიაში]
„მამა თურქეთში უდავოდ სიკვდილს გაექცა. ბევრი ამბობს: ინუს ფუტკარაძეს თურქეთში გაქცევის მიზეზი ნამდვილად არ ჰქონდა, საკმაოდ ხანში შესული იყო და არავინ არ დაიჭერდაო. ეს ვარაუდო მისაღები არაა. მაშინ მამა 43 წლის იყო, ხოლო ორჯერ მეტი ხსნის, 70-80 წლის ხალხის დახვრეტა იშვიათი როდის იყო?
მამამ თურქეთს შეაფარა თავი, მაგრამ ოჯახის დანარჩენი წევრები უარეს დღეში აღმოვჩნდით. უშიშროებამ გააასმაგა ჩვენი თვალთვალი. პატარა შეცდომაც შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგვჯდომოდა. გააქტიურდა აგენტურა. ფარულად გვამოწმებდნენ, ხომ არ გვქონდა რაიმე კავშირი თურქეთში გადახვეწილ ოჯახის წევრებთან“, – ჰყვება ზიქრი ფუტკარაძე.
მისი მონათხრობის მიხედვით, მამისგან, ინუს ფუტკარაძისგან სამჯერ მიიღო წერილი თურქეთიდან. თუმცა არც ერთხელ არ უპასუხია მისთვის, რადგან საბჭოთა უშიშროება გამუდმებით უთვალთვალებდა და დიდი იყო საფრთხე, რომ მის ოჯახს საშინელი რეპრესიები შეეხებოდა.
1949 წელს, უბედური შემთხვევის შედეგად, წელის მოტეხილობით სარეცელს მივეჯაჭვე. ჩემი მრავალრიცხოვანი ოჯახი მხოლოდ მოხუცების, პატარა ბავშვებისა და ჩემი ჩათვლით, ავადმყოფების ამარა დარჩა. შრომისუნარიანი მხოლოდ ჩემი მეუღლე ზეინაბი იყო.
ჩემ თავზე დატრიალებულმა უბედურებამ რეპრესიების შიში უფრო გამიქარწყლა. ვფიქრობდი, რომ ავადმყოფების, მოხუცებისა და ჩვილი ბავშვებისგან შემდგარ რვასულიან ოჯახს ხელს არავინ ახლებდა, მაგრამ თურმე მწარედ ვცდებოდი…
1951 წლის 25 დეკემბრის საღამოს ჩვეულებრივ დროზე დავწექით დასაძინებლად. გათენებამდე ორ საათზე მეტი იყო დარჩენილი, როდესაც კარზე კაკუნის ხმამ გაგვაღვიძა“.
ზიქრი ფუტკარაძის ნაამბობის მიხედვით, მათ ოჯახში შეიარაღებული რუსი ჯარისკაცები მივიდნენ, ოჯახის ყველა წევრს ერთ დიდ ოთახში მოუყარეს თავი და გააცნეს დოკუმენტი, რომლის თანახმადაც „სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს დადგენილებით ზიქრი ფუტკარაძის ოჯახს მიესაჯა საქართველოდან გადასახლება“.
ოჯახს მოსამზადებლად რამდენიმე საათი მისცეს. კითხვა, თუ რა დანაშაულის გამო ასახლებდნენ რვასულიან ოჯახს, სამუდამოდ უპასუხო დარჩა.
„მეზობლებს შეეტყოთ ჩვენი გადასახლების ამბავი. დიდი თუ პატარა ჩვენკენ მოემართებოდა. ძნელი საყურებელი იყო შორიდან ქვითინით მომავალი ქალები და დამნაშავესავით თავდახრილი კაცები. ეზოში მოსვლისთანავე ხმამაღლა ატირდებოდნენ, რასაც ჩვენი ოჯახის წევრების გოდება შეუერთდებოდა და ყველანი ერთად არამიწიერ უბედურებას ვგლოვობდით“, – იხსენებს ზიქრი ფუტკარაძე.
ლომანაურიდან ზიქრი ფუტკარაძის რვასულიანი ოჯახი ბათუმში ჩაიყვანეს, რკინიგზის სადგურში ვაგონებში ჩასვეს და შუა აზიაში გაამგზავრეს.
მგზავრობა აუტანელ პირობებში ორ კვირას გაგრძელდა. ფუტკარაძეების ოჯახმა დანიშნულების ბოლო პუნტში ჩასვლისას აღმოაჩინა, რომ სამხრეთ ყაზახეთის ოლქში, ილიჩევსკის რაიონში გადაესახლებინა ისინი საბჭოთა რეჟიმს.
ოჯახმა გადასახლებაში 2 წელი გაატარა.
1953 წლის 5 მარტს სტალინი გარდაიცვალა.
„დიადი ბელადის გარდაცვალებით უდიდესი უბედურება დაატყდა თავს საბჭოთა კავშირის ხალხებს – დაიწყო პარტიული ორგანიზაციის მდივანმა. გლოვობს მთელი ქვეყანა. ვიგლოვოთ ჩვენც. ყველამ ერთად დავდგეთ და ვიტიროთო. ჩვენც დავდექით და ავტირდით.
ჩასახლების პირველი დღიდან დაწყებული, დღე არ გავიდოდა, პარტიის ცენტრალური კომიტეტის ან სტალინისთვის წერილი არ გაგვეგზავნა. როგორც უდანაშაულოები სამშობლოში დაბრუნებას ვითხოვდით, მაგრამ პასუხის ღირსად არ ჩავუთვლივართ. იმ დღეს კი პარტიის დავალებით ვიდექით და ყველანი სტალინის სიკვდილს ვგლოვობდით,“ – ასე მოუყვა წლების შემდეგ შვილს ზიქრი ფუტკარაძე სტალინის სიკვდილის ამბავს.
სტალინის სიკვდილიდან სამ თვეში, 1953 წლის ივნისში გადასახლებულებს ცნობა მიუვიდათ, რომ სახლში დაბრუნება შეეძლოთ. საბოლოოდ მშობლიურ შუახევში დაბრუნება ზიქრი ფუტკარაძის ოჯახმა 1953 წლის დეკემბერში შეძლო.
- როგორ ახსოვთ სოფელ ლომანაურში სტალინური რეპრესიები
„1951 წლის დეკემბერი იყო მგონი. პატარა ვიყავი, დედაჩემი მოვიდა – ჩვენს მეზობელს ასახლებენო. ვკითხე – სად ასახლებენ-მეთქი და ყაზახეთშიო. მათ ჰყავდათ ჩემი ტოლი გოგო. დედაჩემს ვთხოვე ის მოვიდეს, სახლში მარტო ვერ გავჩერდები, მეშინია-მეთქი. არა შვილო, იმასაც ასახლებენო. მათ ოჯახში მწოლიარე ავადმყოფი ჰყავდათ. ციგაზე დააკრეს ეს ქალი. ოჯახის უფროსი წელმოტეხილი კაცი იყო, უჭირდა სიარული, ისიც წაიყვანეს.
საცალფეხო გზა იყო ჩასავლელი, გაღმა ცენტრალურ გზაზე მანქანები ელოდებოდათ. რაც შეეძლოთ მეზობლები დაეხმარნენ, ჩაუტანეს საჭმელი – რაც დასჭირდებოდათ. ტანსაცმელი ბევრი არ ჰქონდათ. ტანზე რაც ეცვათ, იმით წავიდნენ. ზიქრი და ბარათალ ფუტკარაძეები იყვნენ,“ – იხსენებს მიხეილ ფუტკარაძე, სოფელ ლომანაურის მცხოვრები.

მიხეილ ფუტკარაძე
ლომანაურიდან შუა აზიაში 12 ოჯახი გაასახლეს.
„ლომანაური სოფელ დღვანის საკრებულოში შედის. დღვანის საკრებულოს სოფლებიდან ყველაზე მეტი სწორედ ლომანაურიდან გაასახლეს, რადგან აქაურებმა 1936-37 წლებში არსებულ წყობილებას ვერ გაუძლეს და გაიქცნენ თურქეთში.
მაშინ მათ თავს უშველეს, ციხეში მოხვედრას გადარჩნენ, თუმცა ალბათ არ იფიქრეს იმაზე, თუ რა დაემართებოდათ მათ ოჯახებს,“ – ამბობს მიხეილ ფუტკარაძე.

სონია ბერიძე
სოფელ ლომანაურში მცხოვრები სონია ბერიძეც რეპრესირებული ოჯახის შთამომავალია. სონიას სამი ბიძა იმ 9 ადამიანში იყო, რომელიც 1938 წელს თურქეთში გაიქცა.
„1938 წელს, როცა რეპრესიები აქტიურ ფაზაში იყო შესული, ბიძაჩემებმა გაიგეს, რომ რაიონში დგებოდა სიები იმ ხალხის, ვინც არ იზიარებდა საბჭოთა ხელისუფლების იდეოლოგიას.
გაიგეს ისიც, რომ ასეთი ხალხი ექვემდებარებოდა გადასახლებას ან დაპატიმრებას. რადგან ადრიანად გაიგეს და მიხვდნენ, რომ ვერ გაიტანდნენ თავისას, აშკარა სიკვდილს ან გადასახლებას წასვლას არჩიეს ემიგრაციაში გაქცევა.
ბიძაჩემებმა, სამმა ძმამ – იუსუფ, მუსტაფა და ემინ ბერიძეებმა ცოლები დატოვეს და წავიდნენ. მათ ცოლ-შვილს მერე ბაბუაჩემმა უპატრონა.
რეპრესიები ყველას ოჯახს შეეხო. 1951 წლის ზამთარში ყველა აყარეს და შუა აზიაში გადაასახლეს. 1954 წელს დაბრუნდნენ, სტალინის სიკვდილის შემდეგ.
ჩამოვიდნენ აქ და ზოგს სახლი აღარ დახვდა. დაშალეს და სახელმწიფო დაწესებულებებისთვის სხვადასხვა სოფლებში წაიღეს მასალა. მეზობელმა სოფლებმა მხრებით მოიტანეს მასალები და ისე აუშენეს სახლები გადასახლებიდან დაბრუნებულებს,“ – იხსენებს სონია ბერიძე.