მთავარი,სიახლეები

„გაიწვიეთ კანონი“ – აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციის რეზოლუცია რუსული კანონის წინააღმდეგ

25.04.2024 • 3810
„გაიწვიეთ კანონი“ – აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციის რეზოლუცია რუსული კანონის წინააღმდეგ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ პროექტი ზიანს აყენებს ქვეყნის მომავალს და წარმოადგენს დაბრკოლებას ევროინტეგრაციის გზაზე“ – ოპოზიციის ფრაქცია აჭარის უმაღლეს საბჭოს რუსული კანონის წინააღმდეგ რეზოლუციით მიმართავს და პროექტის უკან გაწვევას ითხოვს.

„საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ამავე დროს, კვლევებით დასტურდება, რომ საქართველოს მოსახლეობის არჩევანი, სწორედ ევრვოკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაა, რაც უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას, გრძელვადიან სტაბილურობას და მშვიდობას“ – ნათქვამია მიმართვაში.

აჭარის უმაღლესი საბჭოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის შეფასებით, კანონის მიზანი მედიის გაჩუმება და სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციაა:

„ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ივანიშვილი და მისი ხელისუფლება გახდა მთავარი დაბრკოლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციის გზაზე. რუსული კანონის მიღებით მათ უნდათ გააჩუმონ თავისუფალი მედია და მოახდინონ სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაცია, რათა ხმამაღლა აღარ ისმოდეს: ქვეყანაში არსებული პრობლემები ,,მოსახლეობის უკიდურესი გაჭირვება, ის რომ მასიურად ტოვებენ ქვეყანას ახალგაზრდები, არ ისმოდეს კრიტიკა კორუფციულ ფაქტებზე. როცა გვესაუბრებიან გამჭვირვალეობაზე გადახედონ საჯარო დაწესებულებების კანცელარიებში რატომ მალავენ ინფორმაციას კორუფციულ ფაქტებზე, მათი საქმიანობის გამჭვირვალეობაზე.“

ფრაქციაში მიიჩნევენ, რომ ასეთ დროს აუცილებელია აჭარის უმაღლესმა საბჭომ გამოხატოს თავისი პოზიცია.

„დღეს ჩვენ წარვადგენთ უმაღლესი საბჭოს მიმართვას საქართველოს პარლამენტისადმი, რომლითაც მოვუწოდებთ: უკან გაიწვიონ რუსული კანონი.

ასევე, გადაიდგას 9 ნაბიჯი ევროპისკენ, რაც გულისხმობს კომპლექსური რეფორმების განხორციელებას . ამ მიმართვის კენჭისყრისას პიროვნულად უნდა გადაწყვიტოს თითოეულმა დეპუტატმა: მხარს უჭერენ ევროინტეგრაციას თუ რუსულ კანონს, მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას თუ რუსული რეპრესიული სისტემის გაძლიერებას. ამიტომ მოვუწოდებთ ქართული „ოცნების“ გუნდს, სწრაფად იქნას განხილული წარდგენილი მიმართვა და კარგად დაფიქრდნენ საკუთარ პოზიციაზე, რას ეტყვიან ისინი საკუთარ ამომრჩეველს, ახალგაზრდებსა და საქართველოს პარტნიორ, მეგობარ ქვეყნებს.“

რეზოლუციის მოთხოვნებია:

  • უკან იქნას გაწვეული/ჩაგდებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონპროექტი;
  • შესრულდეს საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულება, რომ არ იქნება ინიციირებული და მიღებული მსგავსი კანონპროექტი;
  • საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის აღსრულების უზრუნველსაყოფად სწრაფად იქნას გადადგმული 9 ნაბიჯი ევროპისკენ, რაც გულისხმობს კომპლექსური რეფორმების განხორციელებას და ანტიდასავლური კამპანიის წინააღმდეგ ბრძოლისკენ ეფექტური ნაბიჯების გადადგმას.

რეზოლუციას ენმ-ის ფრაქცია უმაღლეს საბჭოში დღეს დაარეგისტრირებს. ამის პარალელურად ფრაქცია რიგგარეშეს სხდომის ჩანიშვნას ითხოვს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: