სიახლეები

რუსული კანონი არის ჩემი მომავლის ჩაკეტვა – ბათუმელი სტუდენტი

25.04.2024 • 3846
რუსული კანონი არის ჩემი მომავლის ჩაკეტვა – ბათუმელი სტუდენტი

„რუსული კანონპროექტის მიღება იქნება შეტევა მთავარ ქართულ ფასეულობებზე – ღირსების განცდაზე, დამოუკიდებლობასა და სამოქალაქო სოლიდარობაზე.

გარდა ამისა, კანონპროექტის მიღება სერიოზულად დააზიანებს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის დააბრკოლებს საქართველოს სვლას ევროკავშირის წევრობისკენ, რომლის არც ერთ წევრ ქვეყანაში მსგავსი კანონი არ მოქმედებს. ამასთანავე, ამ კანონის აღსრულება შეუძლებელი იქნება საქართველოს ასიათასობით მოქალაქისთვის განუზომელი ზიანის მიყენების გარეშე.

ჩემი აზრით,  ქვეყნისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის გაქრობა იქნება ტოლფასი საბჭოთა კავშირში დაბრუნების, რაც რუსეთს დღემდე უნდა და ჩვენი მთავრობაც ამას ცდილობს.

მედია ერთადერთი სივრცეა თავისუფალი ხალხის აზრის გამოხატვისთვის.

ეს კანონი შეეხება ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ჩვენი ქვეყანა ღირებულია, ვისთვისაც თავისუფლებას დიდი ფასი აქვს, ჩემთვის, როგორც სტუდენტისთვის, ეს კანონი არის ჩემი მომავლის „ჩაკეტვა“.  ჩვენ დიდი ხნის წინ ვუთხარით რუსეთს – არა!

არა რუსულ კანონს!“, – გვითხრა მეგი ბერიძემ. ის ბათუმში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის მიმართულებაზე.

  • რა ხდება?

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტი ისევ დააბრუნა. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: