მოქალაქე პავლე ნიავაძე ამბობს, რომ რუსული კანონის გაპროტესტების გამო სამსახური დაკარგა. მისი თქმით, იგი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ა(ა)იპის მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის თანამშრომელია.
„აქციაზე ვიყავი პირველი დღიდან. პირველი მოსმენის შემდეგ გავედი და მას შემდეგ აქციებზე ვარ. გუშინწინ, სამშაბათს ჩემი დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი არევაძემ მითხრა, ტელევიზორში დაგინახეთ აქციაზე ყოფილხარ და ნორმალურად მოიქეციო. ასევე მითხრა, რომ სამინისტროდან დაურეკეს და მოსთხოვეს, რომ გავეფრთხილებინე“, – ამბობს პავლე ნიავაძე.
პავლე სამინისტროს ა(ა)იპში IT სპეციალისტად მუშაობდა. ამბობს, რომ აქციების გამო სამსახური არ გაუცდენია და გასაპროტესტებლად მხოლოდ სამუშაო საათების შემდეგ გადიოდა. მან არ იცის კონკრეტულად ვინ დაურეკა მისი დეპარტამენტის უფროსს სამინისტროდან:
„მხოლოდ ის თქვა, რომ დარეკეს. მე დავუდასტურე, რომ ვიყავი აქციებზე და კიდევ ვაპირებდი გასვლას. მაშინ აირჩიე, ან პოლიტიკა ან სამსახურიო. ვუპასუხე, რომ ვაპირებდი ისევ აქციებზე მისვლას, მაშინ დაწერე განცხადება და წადიო. ვუთხარი განცხადებას არ დავწერ-მეთქი, მაგრამ წამოვედი“.
როგორც თავად ამბობს, სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება ჯერ არ ჩაჰბარებია.
„ბათუმელები“ გიორგი არევაძეს დაუკავშირდა. მან დაგვიდასტურა, რომ პავლე ნიავაძე მისი თანამშრომელია, თუმცა მომხდარს უარყოფს და ამბობს, რომ პავლე ნიავაძე სამსახურიდან არავის გაუთავისუფლებია და არც არჩევანის წინაშე დაუყენებია:
„მე მხოლოდ სამსახურში მოსვლასთან დაკავშირებით ვესაუბრე. აქციებზე არ მისაუბრია. მისი გათავისუფლების ბრძანება არ არსებობს. ახლა დასვენებებია და შემდეგ ვნახავთ, თუ უნდა, მოვა ალბათ სამსახურში“.
პავლე ნიავაძე ამბობს, რომ აქციებზე დასწრების მიზეზი მისი პროტესტია რუსული კანონის მიმართ:
„რატომ არა რუსულ კანონს, ეს თუ ვინმეს აინტერესებს, ჯერ წაიკითხოს ეს კანონი. მე იქ ბევრი პუნქტი ვნახე, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ, რომ ნებისმიერ დროს მივიდნენ ენჯეოებში და ნებისმიერი ინფორმაცია ამოიღონ, მათ შორის პირადი ინფორმაცია ადამიანების შესახებ, კომპანიის თუ მათი კლიენტების შესახებ.
წაკითხული მაქვს ასევე ფარა, რომელიც ამერიკაშია. წაკითხული მაქვს რუსული კანონიც და იგივეა. როგორც გამოიყენა პუტინმა ეს კანონი თავის სასარგებლოდ, იგივე მოხდება აქაც“.
პავლეს თქმით, სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, ყოფილ თანამშრომლებთან ჰქონდა კომუნიკაცია და ისინიც ეწინააღმდეგებიან კანონს: „მითხრეს, მართალი ხარ, ყველაფერში გეთანხმებით და შენი წასვლა არ იყო სწორიო“.
რა ხდება
რამდენიმე კვირაა მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.
დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.
მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.
მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.
საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, პირველი მოსმენით, უკვე მიიღო 17 აპრილს. თუმცა საბოლოოდ ძალაში შესასვლელად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენით მიღება, შემდეგ პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება.
ღონისძიების დაანონსებიდან მალევე ქართველმა გულშემატკივრებმა Massive Attack-ს სოციალურ ქსელებში მისწერეს, რომ გადაეხედათ მათი თანამშრომლობისთვის საქართველოს „მჩაგვრელ მთავრობასთან“, რომელიც ამ ღონისძიების დაფინანსების პარალელურად ცდილობს რეპრესიული – აგენტების კანონის მიღებას.
„ნებისმიერი კანონი თუ კანონპროექტი, რომელიც ძირს უთხრის ჩვენი ქვეყნის ევროკავშირისკენ სწრაფვას, საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას, ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, უნდა იყოს გაწვეული“ – აცხადებენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები და ასევე იქ მცხოვრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქართველები. ისინი საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ გაიწვიონ რუსული კანონი.
„ჩვენ, საფრანგეთის ქართველი სტუდენტები და კურსდამთავრებულები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, ვგმობთ მშვიდობიან მანიფესტანტთა ძალადობრივი გზით დარბევის ფაქტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2024 წლის 30 აპრილს, რუსული კანონის, (ე.წ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“) საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე.
ყველა ერთხმად ვაპროტესტებთ მომიტინგეებზე, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ქალებზე და კაცებზე ძალადობრივ თავდასხმას და სამართალდამცავების მიერ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ წვლილი შეიტანოს სიტუაციის დეესკალაციაში, ასევე პატივი სცეს და დაიცვას თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლება.
ყოველგვარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საქმე უნდა იქნას გამოძიებული და დაისაჯოს ყველა დამნაშავედ ცნობილი პირი.
ჩვენ ვუერთდებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მოწოდებას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების უფლება.
მტრული გეოპოლიტიკური, მძიმე სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ ძალების მობილიზება ხდებოდეს ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის და არა საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების შელახვისთვის“, – ნათქვამია სტუდენტების განცხადებაში, რომელიც „ბათუმელებს“ მოგვაწოდეს.
მათივე ინფორმაციით, საპროტესტო აქცია „არა რუსეთს! კი ევროპას!“ თამარ დემურიას ორგანიზებით, პარიზში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდების დახმარებით და სხვადასხვა ქართულ-ფრანგული ასოციაციების მხარდაჭერით, პარიზში გაიმართა.
„მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ოთარ ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ძმა, პარიზის მერიის წარმონადგენლები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიდან, უკრაინელი სათვისტომოების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ჩეჩნური ასოციაციის პრეზიდენტი და სპიკერი, ფრანგი და ქართველი ჟურნალისტები“-გვწერენ პარიზიდან.
ირლანდიაში, დუბლინში, მეოთხედ გაიმართა ანტირუსული საპროტესტო აქცია – „არა რუსულ რეჟიმს“.
2 მაისს დუბლინში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები საქართველოს საელჩოსთან შეიკრიბნენ, მათ სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს ევროპულ მომავალს და დაგმეს რუსული კანონის ორი მოსმენით მიღება, საქართველოს პარლამენტის მიერ.
ემიგრანტებმა შეშფოთება გამოხატეს თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული არაპროპორციული ძალისა და მოუწოდეს ხელისუფლებას შეწყვიტოს საკუთარი მოქალაქეების დარბევა და ცემა.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, აქციების მიზანია ხელისუფლებამ გაიგონოს ქართველი ხალხის და მათ შორის ემიგრანტების ხმა, რომელმაც უპრეცედენტო ერთობით, მკაფიოდ თქვა რომ წინააღმდეგია ე.წ. გამჭვირვალობის შესახებ კანონის და რომ ამ კანონს გამჭვირვალობასთან არაფერი აკავშირებს.
აქცია დუბლინში, 2 მაისი
ემიგრანტები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ ჩააგდებს აღნიშნულ კანონპროექტს, აქციები კვლავ გაგრძელდება.
მას შემდეგ რაც საქართველოს პარლამენტმა დაიწყო რუსული კანონის განხილვა, საზღვარგარეთ, ევროპის სხვადასხვა ქალაქში, საქართველოს საელჩოებთან და საკონსულოებთან არ წყდება აქციები რუსული კანონის წინააღმდეგ.
თბილისში ათი ათასობით ადამიანი გამოდის მოთხოვნით – „ოცნებამ“ უკან გაიწვიოს კანონი, რომელიც განადგურებით ემუქრება სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით:
2024 წლის 7, 8 და 10 მაისს, გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, ასევე გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას.
7, 8 და 10 მაისს, გაწეული მომსახურებისთვის დადგენილი ტარიფები არ გაორმაგდება/არ გაიზრდება.
შემოსავლების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებში [3-6 და 9 მაისს] საბაჟო დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასური, საქართველოს მთავრობის 2010 წლის დადგენილების შესაბამისად გაორმაგდება/გაიზრდება.
ამასთან, 2024 წლის 3 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს მასშტაბით არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები.
„გთხოვთ, აღნიშნული გაითვალისწინოთ სერვისებით [მ.შ. ელექტრონული] სარგებლობისას. ამასთან, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისს, სასურველი ინფორმაციის მისაღებად, 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს – 2 299 299 ან ისარგებლოთ RS ჩათის მეშვეობით ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@rs.ge“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.
————
საქართველოში 3-დან 12 მაისის ჩათვლით ოფიციალურად დასვენების დღეებია. მთავრობის დადგენილებით, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, აღდგომის მომდევნო დღეები, 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა:
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 მაისის 21 საათიდან 4 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით ზოგან ელჭექის ხასიათის წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო
სინოპტიკოსების ცნობით, 5-6 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ელჭექის ხასიათის წვიმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 3 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 472 140 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 270]
ტანკი – 7 354 ერთეული [+22]
ჯავშანტექნიკა – 14 129 ერთეული [+33]
საარტილერიო სისტემა – 12 102 ერთეული [+58]
MLRS – 1 053 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 786 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 348 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 580 ერთეული [+19]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 126 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 16 266 ერთეული [+42]
სპეცტექნიკა – 1 993 ერთეული [+5]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 3 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
593 თვითმფრინავი
270 ვერტმფრენი
23 713 უპილოტო საფრენი აპარატი
512 საზენიტო სარაკეტო სისტემა
15 908 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 278 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
9 276 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
21 457 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აშშ-ის საელჩოს პასუხობს: უწყების თანახმად, პრემიერი კობახიძე აშშ-ში მიწვეული იყო დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა. ეს, სამინისტროს განმარტებით, „არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას“.
„დღეს გავრცელდა აშშ-ის ელჩის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მიწვეული იყვნენ აშშ-ში, რაზეც ქართულმა მხარემ უარი თქვა. ამასთან დაკავშირებით, გვსურს განვმარტოთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა. დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული, რასთან დაკავშირებითაც აშშ-ის ელჩს დეტალური განმარტება წარედგინა“.
დღეს, 2 მაისს, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები ამერიკაში მიიწვიეს, თუმცა მათ უარი განაცხადეს.
ელჩის განცხადებით, აშშ-ში მიწვევის მიზანი იყო შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განხილვა.
შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები ბოიკოტს უცხადებენ იმ ბიზნესმენებსა და მათ დაფუძნებულ ყველა იმ კომპანიას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუსულ კანონს.
„არქი
CELFIE
Wissol
Wendy’s
Dunkin’
Smart
Subway
ჯორჯიან მანგანეზი
მილდიანი
აიჯი დეველოპმენტი
VR ჰოლდინგი
KTW
თეთრი კვადრატი
ანაგი
ორბი
ჩვენ არ ვითანამშრომლებთ ამ ბრენდებთან.
ჩვენი რესურსი არ მოხმარდება კოლაბორაციონისტ ბიზნესმენებს და მათ კომპანიებს“ – ნათქვამია ფეისბუქზე გამოქვეყნებულგანცხადებაში.
ანონიმურ ჰაკერთა ჯგუფმა Anonymous-მა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი – police.ge გათიშა. ამის შესახებ მათ განცხადება X-ზე გამოაქვეყნეს. ამ დროისთვის შს სამინისტროს ვებგვერდზე შესვლა შეზღუდულია.
Anonymous-მა გუშინ, პირველ მაისს, „ქართული ოცნებისა“ და მისი სატელიტი მედიასაშუალების, შალვა რამიშვილის „პოსტ ტვ-ის“ ვებსაიტების გათიშვაზეც პასუხისმგებლობა აიღო.
Anonymous-ი პირველად საქართველოში მიმდინარე მოვლენებს პირველ მაისს გამოეხმაურა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გააფრთხილა 30 აპრილის ღამეს თბილისში, ანტირუსული აქციის დარბევის გამო. ამის შესახებ მათ განცხადება X-ზე გამოაქვეყნეს. ჰაკერთა ჯგუფი მხარდაჭერას უცხადებს კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს.
„ანონიმუსმა“ პირველ განცხადებაში მიმართა საქართველოს პოლიციას:
„დემონსტრანტებზე თავდასხმა გამოიწვევს თქვენი ხელისუფლების ყველა თანამდებობის პირის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. ჩვენ დავეუფლებით თქვენს ყველა მონაცემთა ბაზას, ელექტრონულ წერილებს და გავავრცელებთ მათ ინტერნეტში. ეს არის თქვენი პირველი და ერთადერთი გაფრთხილება”; ასევე პარტია „ოცნებას“, რომელსაც რუსეთი უმაგრებს ზურგს, გახსოვდეთ: საქართველო არ არის რუსეთი და არც არასდროს იქნება. დაგველოდეთ!“ — ვკითხულობთ მათ განცხადებაში.
Anonymous-ი არის ჰაკერთა საერთაშორისო, დეცენტრალიზებული მოძრაობა, რომლის საქმიანობა ძირითადად მოიცავს რეპრესიული რეჟიმების წინააღმდეგ ინტერნეტსივრცეში ბრძოლას, სოციალური მოძრაობების მხარდაჭერას, კორუფციის მხილებას და ა.შ.
მაგალითად, ისინი აქტიურად ებრძვიან რუსეთისა და ირანის რეჟიმებს. Anonymous-ის ბრძოლა განსაკუთრებით აქტიურია რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის შემდეგ. მაგალითად, ერთ-ერთი მათ ბოლო აქტივობა მოიცავდა რუსეთის სამთავრობო ტელეარხების სერვერებში შეღწევას და რუსეთის ომის დანაშაულების მამხილებელი ვიდეომასალის ეთერში გაშვებას.
ჰაკერთა ამ ჯგუფის ქმედებები ხშირ შემთხვევაში სცდება არაერთი ქვეყნის საკანონმდებლო სივრცეს, თუმცა, როგორც თავად აცხადებენ, „ეს არის ბინძური საქმე, რომელიც ვიღაცამ უნდა გააკეთოს“.
ქართველი იუთუბერები ავრცელებენ ვიდეოს, რომელშიც გმობენ რუსულ კანონს და ხელისუფლებას მოუწოდებენ მისი გაწვევისკენ. ისინი ამბობენ, რომ ამ ბრძოლაში არიან ხალხის გვერდით:
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს დღევანდელ რეალობაზე და მინდა თითოეულმა ადამიანმა, ვინც ყოველდღე გამოდის საქართველოს მომავლის დასაცავად, იცოდეთ, რომ ჩვენ ვართ თქვენს გვერდით და არა – ნებისმიერ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს მომავალს“.
„აუცილებლად ვემიჯნები ძალადობას და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ კანონს უკან გაიწვევენ, იმიტომ რომ რაც მე წავიკითხე, არაფერში არ გამოგვადგება ეს კანონი“.
„არა ძალადობას, არა -ამ კანონს, რომელიც ამდენ პრობლემას იწვევს. ის ახალგაზრდები, რომლებიც ქუჩაში დგანან, თუ ნაციონალები და უცხოეთის აგენტები გგონიათ, ჩემი აზრით, ვერ ხედავთ ვერაფერს, რადგან ამ ადამიანებს მართლა თავისი ქვეყანა უყვართ და მზად არიან ბრძოლისთვის. ყოველგვარი იარლიყის მიკერება უადგილო და ზედმეტია“ – ამბობს იუთუბერი H1Ta იგივე დათო ალავიძე.
„მე ყოველთვის იმას ვიძახდი, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპაში და ახლაც იგივე აზრზე ვარ. არა რუსეთს და ყველაფერ იმას, რაც მიგვექაჩება რუსეთისკენ. ჩვენი მომავალი არის ევროპაში“, – ამბობს ცნობილი ვლოგერი სოსო ნებიერიძე იგივე – Soso Around The World
„ჩვენ ქართველი ბლოგერები ვართ რუსული კანონის მოწინააღმდეგენი. არა რუსულ კანონს და კი თავისუფალ და ევროპულ მომავალს“- ამბობს იუთუბერი და ბიუთივლოგერი Tako Sazina.
„ეს კანონი გვაშორებს უკეთეს მომავალს და გვაახლოებს ნაცნობ წარსულს, თან არც ისე სასიამოვნო წარსულს“ – ამბობენ შოუ „კაცების“ წევრები.
რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლისთვის განსხვავებული გზები მოძებნეს მათ, ვისაც ახლა აქციებზე გასვლა არ შეუძლია. მათ შორის არის სოფია კენჭიაშვილიც.
სოფია ჩაერთო კამპანიაში „დაიტოვე“ და საკუთარ სახლში მასპინძლობს მარიამს, რომელსაც თბილისში აქციებზე ჩასვლა და პროტესტის გამოხატვა სურდა, თუმცა ღამის გასათევი არ ჰქონდა.
„პატარა ბავშვები მყავს და ჩემთვის რთულია აქციებზე წასვლა. მენეჯმენტი სჭირდება ბავშვების დატოვებას, თუმცა ამჯერად, დაემთხვა ისიც, რომ ფეხი მოვიტეხე.
როცა გამოჩნდა ეს ჯგუფი, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან მანამდე უმოქმედობის შეგრძნება მქონდა. მართალია, შემეძლო თანხის ჩარიცხვითაც დავხმარებოდი აქციის მონაწილეებს, ვიღაცისთვის საჭმელი მეყიდა, ამ ყველაფერში ჩართული ვიყავი, მაგრამ კამპანია „დაიტოვე“ რომ დაიწყო, ძალიან გამიხარდა, რომ შემეძლო რაღაც მნიშვნელოვნის გაკეთება.
ჯგუფში ქუთაისიდან დაწერა ერთმა გოგომ, რომელსაც პატარა ბავშვი ჰყავს, ვერ ტოვებდა ვერსად ბავშვს, ვერ მოდიოდა თბილისში, ეს იყო ნიშანი. ჩამოვიდა ჩემთან, მე ბავშვები დავიტოვე და თვითონ გაიქცა აქციაზე. ამით ჩემი პატარა წვლილი შევიტანე ამ დიდ საქმეში“ – ამბობს სოფია.
სოფია ერთ-ერთია იმ მოქალაქეებიდან, რომლებიც მკაფიოდ ეუბნებიან ხელისუფლებას, რომ რუსული კანონი არ არის მათი, როგორც მოქალაქის და ამომრჩევლის ნება:
„მე ჩემი შვილები იმისთვის არ გამიჩენია, რომ რუსეთში გავზარდო. რომ მდომოდა წავიდოდი და იქ გავზრდიდი. დღევანდელი რეალობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სადაც გვინდა იქ წავიდეთ და ვიცხოვროთ“.
სოფია გვიყვება, რომ აქციის მონაწილეები ძალიან ზრუნავენ ერთმანეთზე:
„არ ტოვებენ ერთმანეთს, აქციაზე უცხოობის შეგრძნება არ არის. ყველა თითქოს მეგობარი და ოჯახის წევრია, არანაირი ბარიერი არ არის ის, რომ ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, არ ვიცით ერთმანეთის სახელები. ეს ძალიან მახარებს, პატარები კიდევ უფრო ორგანიზებულები არიან, მათ სხვანაირი თავისუფლება აქვთ.
ჩვენთან ჩამოსული გოგო 6 წელია, რაც არ ჩამოსულა თბილისში. ამ დროში ქალაქში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. პასუხისმგებლობას ვგრძნობ მის მიმართ, არამხოლოდ იმიტომ, რომ ჩემთან ვიტოვებ, მის გადაადგილებაზე ქალაქში, კვებაზე, ჩემმა პატარა დამ ჩაკიდა ხელი და წაიყვანა. იქაც არ მიატოვეს, მეც ხაზზე ვიყავი.“
კითხვაზე, რატომ არ არის დამაჯერებელი მოქალაქეებისთვის მთავრობის ნარატივი, რომ სწორედ ამ გზით, რუსული კანონით მიდის საქართველო ევროპაში, სოფია გვპასუხობს:
„კარგი, ვთქვათ გინდა გააკონტროლო ის თანხები, რომლებიც ისედაც კონტროლდება და ერთი თეთრიც ვერ შემოვა კონტროლის გარეშე. თავადაც ვცხოვრობდი საზღვარგარეთ და ვაგზავნიდი გზავნილებს ჩემს ოჯახთან. ზუსტად ვიცი, ეს რა პროცედურებთან არის დაკავშირებული. ხშირად 2 ან 3 დღე მიჰქონდა შემოწმებას.
მე, როგორც რიგით მოქალაქეს, დედისთვის გადარიცხულ თანხასაც მიმოწმებს და რატომ მატყუებს, რომ გრანტების შემოწმებისთვის უნდათ ეს კანონი.
გარდა ამისა, არცერთი სიტყვა არ თქმულა უამრავ ფულზე, რომელიც რუსეთიდან შემოდის, რუსეთის მხრიდან იხარჯება, თუნდაც „ალტ-ინფოს“ დაფინანსებაში, ან ნებისმიერი პრორუსული ორგანიზაციისთვის“.
სოფიას თქმით, ხელისუფლების დამოკიდებულებას კარგად გვაჩვენებს ე.წ. ოფშორებთან დაკავშირებული ცვლილებაც:
„ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და სხვა სამომხმარებლო საჭიროებებს ძირითადად ვიწერ. უფრო ნაკლები მიჯდება. მეუბნები, რომ 300 ლარს თუ გადასცდა ჩემი შენაძენი, ზემოდან 18 პროცენტი უნდა გადავიხადო ტრანსპორტირების თანხის დამატებით და ამ დროს ამხელა თანხის შემოტანა გინდა გადასახადების გარეშე“.
სოფია ცდილობს მარტივად განმარტოს, თუ სად ხედავს პრობლემას, როცა ხელისუფლების პასუხებს ისმენს ათი ათასობით დემონსტრანტის მოთხოვნაზე:
„მე, როგორც აქტიურ მოქალაქეს, არ მომწონს ის ფაქტი, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეების დიდმა პროცენტმა არ იცის, რომ რეალურად ძალაუფლება მათ ხელშია.
ეს იმას ჰგავს, ადამიანი როცა მუშაობ, მაგალითად ოფისში, კომპანიაში, გყავს უფროსი და დასაქმებულმა დამსაქმებელს რომ ბოიკოტი გამოუცხადოს, მისი წესების წინააღმდეგ წასვლა დაიწყოს, კომპიუტერები დაამტვრიოს და ამ დროს დამსაქმებელმა ვერაფერი მოიმოქმედოს და ნაცვლად იმისა, რომ სამსახურიდან გაუშვას, ჩაიკეტოს ოთახში, ვერაფერი ვერ გააკეთოს და ხელფასი მაინც უხადოს დასაქმებულს.
რაღაცნაირად უნდა გაიაზროს ხალხმა, უნდა მივიდეს ცნობიერებამდე, რომ შენ ასაქმებ ხელისუფლებას. და შენ ხარ ადამიანი, რომელმაც უნდა მისცე დირექტივა, რა მინდა მე, რა სჭირდება ჩემს ქვეყანას. მე ვარ დამსაქმებელი ამ შემთხვევაში, მე და ყველა მოქალაქე ამ ქვეყნის. ამ დროს დასაქმებული ხტუნაობს მაგიდიდან მაგიდაზე, მირღვევს წესებს, კონსტიტუციას, ჩემს უფლებებს.“
სოფია ლოჯისტიკის მენეჯერია, ის ტვირთების გადაზიდვას უწევს მენეჯმენტს. „საერთოდ არ მინდა რუსეთიდან ვატარო ტვირთები“ – ამბობს სოფია.
ბათუმში ბევრი სტუდენტისთვის ნაცნობ ფეისბუქ ჯგუფში, „ბსუ 2024-ში“ პოსტების განთავსება ჯგუფის ყველა წევრისთვის შეიზღუდა. ამ ჯგუფში 10 ათასამდე მოქმედი თუ ყოფილი სტუდენტი, ლექტორი, ბსუ-ს მოწვეული მასწავლებლები თუ ადმინისტრაციის თანამშრომლები იყრიან თავს.
ეს ჯგუფი ბევრისთვის უნივერსიტეტთან დაკავშირებული თუ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის გაზიარებისა და მიღების მნიშვნელოვანი წყარო იყო.
სქრინი ჯგუფიდან „ბსუ 2024“
ჯგუფის ერთადერთი ადმინისტრატორი ზურაბ პაპუნიძეა, ბსუ-ს საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტი. მან გვითხრა, რომ ჯგუფი გაყიდა.
„სიმართლე გითხრათ, ეს ჯგუფი მე გავყიდე. გერმანიაში მივდივარ საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ და ფული დამჭირდა. მან [მყიდველმა] მითხრა, რომ სანამ გადმოვიბარებ, იქამდე შეაჩერე ყველაფერი, ჯერ არ მინდა რომ დაიწეროს რაღაცებიო და შევაჩერე.
მყიდველს ბსუ-სთან არანაირი კავშირი არ აქვს. სხვა ტიპია საერთოდ, ინტერნეტიდან დამიკავშირდა. მე არ ვიცნობ მას, ჩვენი სტუდენტი არ არის“, – გვითხრა ზურაბ პაპუნიძემ. მისივე თქმით, მან არ იცის ჯგუფის მყიდველი რას გადაწყვეტს და ჯგუფს ისევ ექნება თუ არა რაიმე კავშირი უნივერსიტეტთან.
„ეს ჯგუფი მე შევქმენი 2017 წელს. თვითმმართველობის თავმჯდომარე რომ გავხდი, ეს ჯგუფი მეხმარებოდა ინფორმაციის გავრცელებაში. თანდათან გაიზარდა ჯგუფის წევრების რაოდენობა.
სიმართლე გითხრათ, იმდენად დაკავებული ვარ, რომ ჯგუფების და მსგავსი რაღაცების თავი აღარ მაქვს. გამომიჩნდა გაყიდვის შესაძლებლობა და თან, კი იცით, პატარა სიამოვნება არ არის გერმანიაში წასვლა თამაშის საყურებლად. თითო თეთრს ვეძებ.
უბრალოდ ვაფერხებ ჯგუფს და თუ ვინმე გამოიყენებს ჯგუფს ნორმალურად, ამის პრობლემა არ მაქვს”, – გვითხრა ზურაბ პაპუნიძემ. მას ვთხოვეთ, ჩვენთვის ჯგუფის მყიდველის ვინაობა დაეზუსტებინა, თუმცა მან უარი განაცხადა.
ბათუმში სტუდენტების ნაწილი ფიქრობს, რომ ჯგუფში პოსტების გამოქვეყნების შეზღუდვა საეჭვოდ ემთხვევა ქვეყნის მმართველი გუნდის მიერ რუსული კანონის მეორედ ინიციირებას და მის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციებს თბილისში თუ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ბათუმშიც.
ზურაბ პაპუნიძეს ვთხოვეთ, ჯგუფის გაყიდვის და პოსტების გამოქვეყნების შეზღუდვის თარიღები დაეზუსტებინა.
„აქციებამდე იყო ეს [ჯგუფის გაყიდვა] მერე რაღაც კომენტარებსაც წერდნენ. უბრალოდ, ისე დაემთხვა, თორემ კონკრეტული აქციების წინააღმდეგი არაფერი მაქვს, პირიქით“ – გვითხრა მან.
პაპუნიძეს თქმით, მას ზუსტად არ ახსოვდა თარიღები და ტრანზაქციის თარიღს გადაამოწმებდა. მოგვიანებით მან დააზუსტა, რომ ჯგუფი 15 აპრილს გაყიდა.
მმართველმა ხელისუფლებამ კანონპროექტი ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ 3 აპრილს დაარეგისტრირა, რასაც მალევე მოჰყვა საპროტესტო აქციები – „არა რუსულ კანონს“.
ბსუ-ს სტუდენტი, გიორგი ბოლქვაძე ამ ჯგუფის ერთ-ერთი მოდერატორია. ის ბსუ-ში საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობს.
„ჯგუფში პოსტების გამოქვეყნება რამდენიმე დღით ადრე შეიზღუდა. მანამ, სანამ რუსული კანონის წინააღმდეგ აქციები დაიწყებოდა”, – გვითხრა გიორგიმ. მას ვკითხეთ, ხომ არ უცდია მიზეზის გარკვევა, რაზეც გვითხრა, რომ არა, რადგან მას შემდეგ ჯგუფის ადმინისტრატორი, ზურაბ პაპუნიძე პირადად არ უნახავს.
„მე არც პოსტების გამოქვეყნების აღდგენა შემიძლია და არც დაპაუზება. ჯგუფის მოდერატორი შარშან გავხდი, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის აქციები როცა იმართებოდა. ზურა ჩემი მეგობარია და პოსტების დადასტურება რომ მჭირდებოდა, მაშინ მითხრა – აი, თქვენ მოდერატორობაო. წარმოდგენა არ მაქვს რა მიზეზით დაპაუზდა პოსტების გამოქვეყნება ჯგუფში”, – ამბობს გიორგი.
„ბათუმელები“ ჯგუფის მეორე, მოქმედ ადმინისტრატორს, შოთა კახიძესაც ესაუბრა. მისი თმით, ჯგუფის ადმინისტრატორი დაახლოებით ერთი წლის წინ გახდა, როცა კალათბურთთან დაკავშირებით სჭირდებოდა პოსტების გამოქვეყნება. „ზურამ მითხრა, რომ დრო არ ჰქონდა და მოდერატორობას მომცემდა” – ამბობს ის.
რას ფიქრობენ ლექტორები?
„დიდი ხანია ვმუშაობ უნივერსიტეტში და ძალიან კარგად ვიცნობ ყველა ადამიანს ამ უნივერსიტეტში, მათ შორის სტუდენტებს, ვინც ამ ჯგუფში არიან. რაც ზურაბ პაპუნიძემ გითხრათ, ეს არის ტყუილი. ეს არის თაღლითობა უბრალოდ. სად გაყიდა ჯგუფი, ვის მიჰყიდა?
ზურა ახლაც ამ ჯგუფის ადმინისტრატორია. მე გუშინ მივწერე მესიჯი ჯგუფის ადმინებს. ჯგუფის ერთი მოდერატორი ჩემი სტუდენტი, რაფაელ დელავერიძე იყო. მივწერე რაფაელსაც და პაპუნიძესაც, რატომ ზღუდავთ ხალხს ამ ჯგუფში, რის საფუძველზე-მეთქი? პაპუნიძემ არაფერი მიპასუხა. დელავერიძემ კი მიპასუხა, რომ თითქოს ის არაფერ კავშირში არ არის ამ ჯგუფთან და არ აინტერესებს. რამდენიმე წუთში მან ჯგუფიდან მოდერატორობა მოხსნა.
ზურაბი არის ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელი და მართავს ჯგუფს, სადაც უზღუდავს ადამიანებს გამოხატვის თავისუფლებას. ეს არის უკანონობა. მე არ მჯერა, რომ ჯგუფი გაყიდა. არაფერი არ გაუყიდია, ის უბრალოდ თავს არიდებს და არასდროს არ პასუხობს კითხვებს. ეს არის ჩვეულებრივი თაღლითობა.
ჩემი აზრით, ეს ჯგუფი არის უნივერსიტეტის. უნივერსიტეტი მართავს და ადმინისტრაციის პირდაპირი დავალებებით აკეთებენ ყველაფერს, რადგან უამრავი ჩემი პოსტი დაბლოკეს.
კიდევ არის ერთი ჯგუფი „ბსუ-ს შესახებ“ და მასაც მართავს უნივერსიტეტი, სადაც ასევე ბლოკავენ სტატუსებს. წლებია ევროკავშირის დაფინანსებით პროექტებს ვახორციელებ უნივერსიტეტში, სადაც დაბლოკილია ჩემი პოსტები. მაგალითად, პოსტი სტუდენტებისთვის გამოცხადებული ზამთრის სკოლის შესახებ, რუსული კანონის წინააღმდეგ მოწოდებები და ა.შ. ამ ჯგუფის ადმინისტრატორიც ბსუ-ს თანამშრომელი, გოჩა სურგულაძეა. ორივენი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მითითებებით მოქმედებენ.
არავის აქვს უფლება, რომ ამ ჯგუფებში დაგვბლოკოს ჩვენ და გამოხატვის თავისუფლება, ინფორმაციის გავრცელება შეზღუდონ“, – გვეუბნება მალხაზ ნაკაშიძე, ბსუ-ს პროფესორი, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი.
მალხაზ ნაკაშიძე
გოჩა სურგულაძე ფეისბუქ ჯგუფის -„ბსუ-ს შესახებ“ – ადმინისტრატორია. სწორედ ამ ჯგუფის შესახებ თქვა მალხაზ ნაკაშიძემ, რომ მის სტატუსებს ბლოკავენ. ამ ჯგუფს 11 ათასზე მეტი წევრი ჰყავს. სურგულაძე ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა.
იგი ამბობს, რომ მალხაზ ნაკაშიძე პოლიტიკური მოსაზრებებით აბრალებს ბსუ-ს ადმინისტრაციას, რომ ჯგუფს ადმინისტრაცია მართავს და მის მიერ გაზიარებულ ინფორმაციას ზღუდავენ:
„ბატონი მალხაზ ნაკაშიძე აზიარებდა ინფორმაციას ჟან მონეს კათედრასთან დაკავშირებით და ვუდასტურებდით პოსტებს, მაგრამ იყო შემთხვევები, რომ გაზიარება ჰქონდა, ჯგუფი კი შეზღუდულია გაზიარებების თვალსაზრისით, იმიტომ, რომ რიგი ინფორმაციები, რომელიც უნივერსიტეტს არ ეხება, ეს იქნება კომერციული თუ არაკომერციული, პირობითად ან ვთქვათ, მსგავსი რაღაცები, შეიძლება არ დაიდოს.
მალხაზს ჰქონდა საუბარი იმაზე, რომ პოლიტიკური შინაარსის პოსტები არ იდებოდა, რაც სიცრუეა, თქვენ ნახავთ მალხაზის რამდენიმე პოსტს უშუალოდ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ჯგუფში გაზიარდა“.
გოჩა სურგულაძე ამბობს, რომ ჯგუფს უნივერსიტეტი არ მართავს:
„ეს ჯგუფი არის 2010-11 წლიდან, რომლის ადმინი გახლავართ მე. იყვნენ სხვებიც, მაგრამ უარი თქვეს ადმინობაზე.
არანაირი შემოსავალი ან დამატებითი ფინანსური [სარგებელი] არ მაქვს, რომ სტუდენტების, თუნდაც ადმინისტრაციის თანამშრომლების პოსტები ვადასტურო ან ჩავუჯდე და ღამის 12 საათზე დადებს ამერიკიდან პოსტს თუ პირველ საათზე, ზუსტად იმ დროს დავუდასტურო. ეს არის ენთუზიაზმზე დაფუძნებული ჯგუფი“.
„ბათუმელები“ სტუდენტური ჯგუფის – „ბსუ 2024-ის“ შესახებ ლაშა ბაჟუნაიშვილსაც ესაუბრა. ის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.
„ცოტა უცნაურია ჯგუფის გაყიდვა, თუკი ის არის უნივერსიტეტის და რაღაცების ერთმანეთისთვის გაზიარების მიზნით შეიქმნა.
ეს ჯგუფი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, საჯარო, ყველასათვის ხელმისაწვდომი. 10 000 ადამიანია აქ გაწევრიანებული, ყველას უნდა ჰქონდეს აზრის გამოხატვის უფლება. უნდა არსებობდეს ზოგადი წესები, სიძულვილის ენის დაუშვებლობა, დისკრიმინაცია და ა.შ.
თუ კი რაიმე აზრი ეხება საუნივერსიტეტო ცხოვრებას, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ა.შ. მისი სელექცია, გადარჩევა-გადმორჩევა არ უნდა ხდებოდეს, იქნება ეს მაგალითად ღონისძიების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, კონკურსის, აქციის, პროგრამის შესახებ თუ ა.შ.
პოლიტიკა ვისაც ესმის, ბუნებრივია, ჩვენი საზოგადოებრივი საქმიანობა პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილია და შესაძლებელია განცხადება და ჩემი აზრის გამოხატვა ამ კუთხით დაკვალიფიცირდეს და ეს შეზღუდული არ უნდა იყოს. არც ინფორმაციის გავრცელება, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ეს იმისთვის, ვინც მართავს ამ ჯგუფს.
ერთ-ერთი ჩემი თანამშრომლისგან გავიგე, რომ ის წერდა ამ ჯგუფში და ხშირად არ უდასტურებდნენ. სტუდენტებს და ზოგიერთ ლექტორს გამოუთქვამთ პირად თუ საჯარო საუბრებში წუხილი, რომ ჯგუფის ადმინისტრატორი, რომელიც ვერ გავარკვიე ვინ არის საბოლოო ჯამში, გადარჩევას ახდენს ამა თუ იმ პიროვნების და მათი პოსტების.
უნივერსიტეტი არის ყველასი, უნივერსიტეტის რესურსები და სიკეთეები არის საჯარო და და ის წესით არ უნდა ემსახურებოდეს ვიღაცის კომერციულ ან პოლიტიკურ ინტერესებს. ეს უნდა იყოს საჯარო და ემსახურებოდეს უნივერსიტეტის ინტერესებს”, – გვეუბნება ლაშა ბაჟუნაიშვილი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ლაშა ბაჟუნაიშვილი
„ბათუმელები“ დაინტერესდა, განიხილება თუ არა ჯგუფ “ბსუ 2024”-ს ბედი სტუდენტებში და რას ფიქრობენ ისინი.
„ჩემს გამოცდილებას და დაკვირვებას გიზიარებთ. ამ ჯგუფში ძირითადად ისეთი პოსტების დადასტურება ჭიანურდებოდა ხოლმე, რომლებიც ახალ ამბებს, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს შეეხებოდა. დანარჩენი შინაარსის პოსტები ჩვეულებრივ დასტურდებოდა.
თუ მართლაც გაყიდა ზურამ ჯგუფი, ძალიან ცუდად მოქცეულა, იმიტომ, რომ ეს იყო კერძო ჯგუფი უნივერსიტეტისთვის და ამ ჯგუფში იყვნენ და არიან ის ადამიანები, ვინც სწავლობენ უნივერსიტეტში და რას ნიშნავს ასეთი ჯგუფის გაყიდვა, მე არ ვიცი.
ვერ ვხვდები, რას ნიშნავს გაყიდა? ძალიან ცუდი თავის გამართლებაა.
ამ ჯგუფის გაყიდვაში არანაირი ლოგიკა არ დევს, რადგან აქ იდება საუნივერსიტეტო თემატიკის პოსტები. ჩემთვის ის უფრო ლოგიკურია, რომ ჯგუფში პოსტების გამოქვეყნების შეზღუდვა უნივერსიტეტს დაევალებინა და გვატყუებს, რომ გაყიდა.
ამ ჯგუფის ბედს სტუდენტები განვიხილავდით, თუმცა ჩვენგანაც არ ჰქონია დიდი გამოხმაურება, რადგან ვიცოდით, რომ ეს ჯგუფი და ზოგადად უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ხელს არ შეგვიწყობდა რუსული კანონის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციებზე ინფორმაციის გავრცელებაში“, – ამბობს ილია აბულაძე, ბსუ-ს ევროპისმცოდნეობის მიმართულების სტუდენტი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 2 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 470 870 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 030]
ტანკი – 7 332 ერთეული [+20]
ჯავშანტექნიკა – 14 096 ერთეული [+29]
საარტილერიო სისტემა – 12 044 ერთეული [+20]
MLRS – 1 053 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 784 ერთეული [+4]
თვითმფრინავი – 348 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 561 ერთეული [+23]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 126 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 16 224 ერთეული [+49]
სპეცტექნიკა – 1 988 ერთეული [+8]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 2 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
593 თვითმფრინავი
270 ვერტმფრენი
23 673 უპილოტო საფრენი აპარატი
509 საზენიტო სარაკეტო სისტემა
15 898 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 277 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
9 246 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
21 441 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
სტუდენტები 2 მაისს,19:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბეებთან, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას გამართავენ.
აქციის ორგანიზატორი სტუდენტური მოძრაობა “მარტიანელებია”.
“თბილისში ჩვენს გამო ჩვენს თანამოქალაქეებს სცემენ… ჩვენთვის მებრძოლმა თანამოქალაქეებმა ბათუმის მხარდაჭერა უნდა იგრძნოს, ბათუმმა თავისი ღირსეული სიტყვა უნდა თქვას.
გელოდებით, 2 მაისს საღამოს შვიდ საათზე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბეებთან. ბათუმის რუსთაველის ქუჩიდან გავაგონოთ ხმა თბილისის რუსთაველის ქუჩაზე მდგომ ქართველებს.
ბევრნი ვიყავით, კიდევ უფრო მეტნი უნდა ვიყოთ. გააგებინეთ ყველას, მეგობრებს, ნათესავებს, ოჯახის წევრებს, კურსელებს, კლასელებს, ლექტორ-მასწავლებლებს, კოლეგებს და ერთად ვუთხრათ კი საქართველოს განვითარებას, საქართველოს ევროპულ მომავალს”,- განცხადებას ავრცელებენ აქციის ორგანიზატორები.
მარტიანელებმა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია ბათუმში დღეს, 1-ელ მაისსაც გამართეს.
საპარლამენტო ოპოზიცია საქართველოს პრემიერის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგს გამოეხმაურა. სადაც კობახიძემ გუშინდელ აქციაზე განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აქციის მონაწილეები ძალადობაში დაადანაშაულა.
დეპუტატმა თამარ კორძაიამ აქციის მონაწილეებს მიმართა:
„83-მა დეპუტატმა ხელი მოაწერა ღალატს. ერთი საათით ადრე, ირაკლი კობახიძემ დააანონსა სასტიკი მოპყრობა ჩვენს მოქალაქეებთან მიმართებაში. მან ტყუილები ილაპარაკა და დახატა რევოლუციური სცენარი, რომელიც არ არსებობს. გარეთ მყოფი თითოეული ადამიანი არის ამ ქვეყნის სადარაჯოზე, ევროპული არჩევანის სადარაჯოზე, ამიტომ, რომელიმე მათგანს რამე რომ დაემართოს დღეს, თავად ირაკლი კობახიძე და 83 ადამიანი აგებს პასუხს. ახალგაზრდებს მივმართავ, იყავით მედგრად, მშვიდობიანად და მტკიცედ.“
ამ წუთებში [20:00 საათი] თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილები პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩებში მსვლელობასა და საკანონმდებლო ორგანოს ალყაში მოქცევას აპირებენ.
მრავალათასიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ დღეს მეორე მოსმენით სესიაზე მხარი დაუჭირა რუსულ კანონს, რომელიც მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვას ითვალისწინებს.
დღეს, პირველ მაისს, საღამოს, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
სამინისტრო წერს, რომ აქვს ინფორმაცია, რომ აქციის მონაწილეები გეგმავენ საავტომობილო გზების ხელოვნურად გადაკეტვას. ინფორმაციის წყაროდ სამინისტროს სოციალური ქსელი აქვს მითითებული:
„სხვადასხვა სოციალური ქსელის საშუალებით, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები გეგმავენ საავტომობილო გზების ხელოვნურად გადაკეტვას და ქალაქის პარალიზებას. შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 და 11 (პრიმა) მუხლის მიხედვით, აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, აგრეთვე, აკრძალულია ტრანსპორტის გადაადგილებისათვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა“.
შსს მოუწოდებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და თითოეულ მონაწილეს არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება.
დღეს აქციის მონაწილეები რეგიონებიდან თანამოაზრეებს ელოდებიან და გზების პარალიზება მათ ინტერესებში არ უნდა შედიოდეს.
„ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პროტესტის მონაწილეები კვლავ გეგმავენ საკანონმდებლო ორგანოს შენობის შესასვლელებისა და გასასვლელების პიკეტირებას.
ყველა მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პარლამენტის შენობის შესასვლელებთან და გამოსასვლელებთან, განთავსება პოლიციის კორდონები. აქციის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა პროტესტი გამოხატონ რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ და უკანა შესასვლელთან.
მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და არ გააჟღერონ მოწოდებები, რომლებიც შესაძლოა ძალადობრივი ქმედებების წინაპირობა გახდეს“ – აცხადებს შსს.
სამინისტრო თავის განცხადებაში ასევე განმარტავს, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება.
უწყება განცხადებაში აქცენტირებს ასევე აქციაში დაშავებულ პოლიციელებზე:
„ასევე, აღვნიშნავთ, რომ 30 აპრილს, აქციის წევრების მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაშავებული ერთი სამართალდამცველის მდგომარეობა მძიმეა, მას ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია და ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება“.
გურიაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების, ჩიბათის და ხაჯალიას საჯარო სკოლის მე-12 კლასელებმა ბოლო ზარისთვის შეგროვებული თანხებით თბილისში, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე წამსვლელებისთვის ორი მიკროავტობუსი იქირავეს.
„შეგროვებული თანხა რაც ჰქონდათ ბოლო ზარისთვის, ამ ფულით ორი მიკროავტობუსი უქირავეს წამსვლელებს. რამდენი შეგროვდა არ ვიცი, რადგან კონკრეტული თანხები მოსწავლეებს არ დაუსახელებიათ, მაგრამ როგორც მითხრეს, რაც ჰქონდათ შეგროვილი თანხა, ყველა მოახმარეს ამ საქმეს.
როგორც ვიცი, ფოთის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც ასევე ჩარიცხეს თანხები“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ლადო აფხაზავა.
დღეს, პირველ მაისს, დილიდან, საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და მუნიციპალიტეტიდან მიდიან მოქალაქეები თბილისში ანტირუსულ საპროტესტო აქციაზე მონაწილეობის მისაღებად.
30 აპრილის საღამოს და 1 მაისს – გამთენიისას თბილისში სპეცრაზმმა ძალა გამოიყენა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც პარლამენტთან რუსულ კანონს აპროტესტებდნენ.
ფიზიკურად გაუსწორდნენ არაერთ მოქალაქეს, არაერთხელ გაუშვეს ცრემლსადენი გაზი, რის შედეგადაც დაშავდნენ მოქალაქეები, თუმცა ისინი კვლავ განაგრძობდნენ რუსთაველის გამზირზე აქციას.
„მთავრობამ ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა საკუთარ ხალხთან, თავისუფალ სამყაროსთან და ზურგი აქცია ჩვენს ევროპულ გზას… ჩვენ ხმამაღლა და გარკვევით ვამბობთ: კი ევროპას და არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას! ხელისუფლების დრო ამოიწურა, ცვლილებების დროა“ – ამ განცხადებით დაასრულა ოპოზიციამ ერთობლივი განცხადება, რომლითაც 30 აპრილის აქციას და რუსული კანონთან დაკავშირებულ პროცესებს გამოეხმაურნენ.
ოპოზიციამ პარლამენტის დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის, გატაცებისა და ცემის ფაქტი შეაფასა, როგორც პერსონალური შურისძიება ოპოზიციის ლიდერზე და მოითხოვა შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პერსონალური პასუხისმგებლობის დაყენება.
ოპოზიციის ერთობლივი განცხადება დეპუტატმა თამარ კორძაიამ წაიკითხა. ამ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების მიერ დაკვეთილი ბოროტი და დანაშაულებრივი ქმედებები გრძელდება. მშვიდობიანი, არაძალადობრივი საპროტესტო აქცია სასტიკად იქნა დარბეული ხელისუფლების მიერ. ღამემ გვაჩვენა, რომ მათ საქართველო და მისი მოქალაქეები არათუ არ ადარდებთ, არამედ ქალები და ბავშვებიც კი იყვნენ მათი უხეში ძალის გამოყენების სამიზნე.
ივანიშვილის რეჟიმმა შეიძლება ფიზიკურად დაგვაზიანოს, მაგრამ ვერასოდეს მოერევიან ქართველი ხალხის თავისუფლების სურვილს.
მივმართავთ ყველა პოლიციელს თუ პოლიციის ფორმაში გადაცმულ ადამიანს, როცა არბევთ, ძალას იყენებთ მშვიდობიანი მოქალაქის წინაშე, თქვენ სჩადიხართ დანაშაულს და არ შეასრულოთ ანტიქართული რეჟიმის წარმომადგენლების უკანონო ბრძანებები.
მიზანმიმართული შურისძიების და სასტიკი თავდასხმების მსხვერპლი გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეც ლევან ხაბეიშვილი. ის სპეცრაზმმა გაიტაცა და სცემეს ტელეკამერის წინ. მას აქვს ტვინის შერყევა, ცხვირის და სახის ძვლების მოტეხილობა. ეს ძალადობრივი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტზე არის კრიმინალური ქმედება და მასში ჩართული ყველა პირი უნდა დაისაჯოს.
პირველ რიგში უნდა დაისაჯოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.
ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, ერთად ვგმობთ ამ დანაშაულებს, რაც ჩაიდინა ბიძინა ივანიშვილმა, მისმა მთავრობამ და პოლიციამ. ვუსურვებთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს სწრაფ გამოჯანმრთელებას და იმედი გვაქვს, რომ ის მალე შემოგვიერთდება ევროპისთვისა და დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვისა და საქართველოს გამარჯვებისთვის ბრძოლაში.
ამ ეტაპზე ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი ხმის გაჟღერებას პარლამენტში და გამოვიყენებთ მშვიდობიანი პროტესტის ყველა ფორმას ჩვენს მოქალაქეებთან ერთად.
ჩვენ უზომოდ ვამაყობთ ყველა კაცით, ქალით და ახალგაზრდით ვინც იცავდა და იცავს საქართველოს ევროპულ მომავალს ქუჩებში, ვინც ბოროტებას სახეში შეჰყურებდა და უკან არ იხევდა. ჩვენთვის საამაყოა და პატივია დაგიძახოთ ჩვენი ძმები და დები. ჩვენი ერთად დგომა დაიცავს ჩვენს სამშობლოს და ეროვნულ ინტერესებს.
ჩვენ ხმამაღლა და გარკვევით ვამბობთ: „კი ევროპას და არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას!“.
დღეს, პირველ მაისს, ქობულეთში, მერიის წინ, გაიმართება აქცია „არა რუსულ კანონს“.
აქცია ქობულეთში საღამოს, 19 საათზე დაიწყება. მისი ორგანიზატორები ახალგაზრდები არიან.
ანტირუსული აქცია იმართება დღეს ბათუმშიც, საღამოს 19 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის შადრევანთან.
მას შემდეგ, რაც „ოცნებამ“ ხალხისთვის მიცემული პირობა კიდევ ერთხელ დაარღვია და ხელახლა შემოიტანა განსახილველად რუსული კანონი, საქართველოს დედაქალაქში და სხვა ქალაქებში აქციები არ წყდება.
მასშტაბური აქცია იგეგმება დღეს თბილისში, საქართველოს პარლამენტთან.
30 აპრილის საღამოს და 1 მაისს – გამთენიისას თბილისში სპეცრაზმმა ძალა გამოიყენა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც პარლამენტთან რუსულ კანონს აპროტესტებდნენ.
ფიზიკურად გაუსწორდნენ არაერთ მოქალაქეს, არაერთხელ გაუშვეს ცრემლსადენი გაზი, რის შედეგადაც დაშავდნენ მოქალაქეები, თუმცა ისინი კვლავ განაგრძობდნენ რუსთაველის გამზირზე აქციას.
29 აპრილს ივანიშვილმა პრაქტიკულად ყველა გზა მოიჭრა დასავლეთთან და – მიიჩნევს კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი. მისი თქმით, ივანიშვილის დაპირება, რომ 2030 წელს საქართველო შევა ევროპაში, სხვა არაფერია თუ არა თვალთმაქცობა და გულუბრყვილო ამომრჩევლის დაცინვა.
რა იკვეთება „ქართული ოცნების“ ლიდერის 29 აპრილის განცხადებიდან? – „ბათუმელები“ სწორედ ამ თემაზე ესაუბრა კახა გოგოლაშვილს.
ბატონო კახა, რა გამოიკვეთა გუშინ ივანიშვილის გზავნილებიდან?
მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდა ბუნდოვანი გზავნილი ყოფილიყო, ის ძალიან მკაფიო გამოუვიდა.
მან ხაზი გაავლო თავისიანებსა და მათ შორის, ვინც არ არის მის ბანაკში.
ყველა, ვინც მის ბანაკში არ არის, აღმოჩნდა „კოლექტიური ნაცი“ და აგენტი. თვითონ დასავლეთი აღმოჩნდა მოწინააღმდეგე ბანაკში და ვინც კავშირშია დასავლეთთან, აღმოჩნდა აგენტურა.
ამით მოიჭრა ყველა გზა დასავლეთთან თუ ჯერ კიდევ ევაჭრება მათ?
პრაქტიკულად ყველა გზა მოიჭრა დასავლეთთან. ბოლოს ნათქვამი, ჩვენ მაინც შევალთ ევროკავშირშიო, იყო თვალთმაქცობა, პრაქტიკულად, დაცინვა იმ ხალხის, ვინც მას უსმენდა. მათ მიაყენა შეურაცხყოფა, რადგან იმ საუბრის შემდეგ გახდა ნათელი, რასაც ფიქრობს, რომ დასავლეთი არის მტრულად განწყობილი ცივილიზაცია და მათთან არაფერი გვესაქმება.
იმის თქმა, ჩვენ მაინც შევალთ ევროკავშირში 2030 წლისთვისო, ეს იყო პრაქტიკულად გაბითურება თავისივე მომხრეების, მცდელობა იმისა, რომ მაინც შეინარჩუნოს იმათი მხარდაჭერა, რომლებიც გულუბრყვილოდ ფიქრობენ, რომ „ოცნება“ ევროკავშირისკენ მიდის.
მას ძალიან კარგად ესმის, რომ უდიდესმა ნაწილმა ეს გაიგო, როგორც თვალთმაქცობა, მაგრამ ეს არის სკოლა თვალთმაქცობის, რომელსაც მან დაუმორჩილა თავისი მომხრეები. ფაქტობრივად ხდება თვალთმაქცობის, როგორც პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება.
ჩემი აზრით, აქ იყო რაღაც მისტერიის ტიპის აქტი, რომლითაც თითქოს კონტრაქტი დადო იმ ხალხთან, ვინც მას უსმენდა, რომ მოდით, ჩვენ ერთად ვიმოქმედოთ ისე, როგორც ეშმაკი მოქმედებს. ვთქვათ ერთი – ვიფიქროთ სხვა; ჩვენ „მტრებს“ თავზე ხელი გადავუსვათ და ვუთხრათ, რომ ისინი გვიყვარს, მაგრამ დანა გავუყაროთ მათ მაშინ, როდესაც მზად ვიქნებით და ა.შ.
პრაქტიკულად მან თავისი მოქმედების მეთოდოლოგია გაუზიარა ამ ხალხს და დიდმა ნაწილმა ეს მიიღო, სხვათა შორის. ეს არის ყველაზე დასანანი, როცა ასე ხდება მოსახლეობის გარყვნა. როცა შენ აღრეული გყავს მტერი და მოყვარე და ამაში იყოლიებ ყველას…
მაგრამ შეჰყვება საზოგადოება ამაში? თქვენ უშვებთ ამას?
ნაწილი შეჰყვება.
ეს ხომ აბსურდია. რომელ ევროპაში მიდის?
გეტყვით. ბოლშევიკები როგორც მოქმედებდნენ, იგივე 1918-დან 1921 წლამდე, ზუსტად ასე. ისინი იყვნენ უმცირესობაში, მაგრამ ბოლშევიკურ პროპაგანდა იყო უპრინციპო, მანიპულაციური, ისინი სულ სხვა რამეებს ქადაგებდნენ, მათ მოიმხრეს რაღაც პატარა ნაწილი, მაგრამ დანარჩენი საქმე გააკეთა გარე ძალამ, რუსეთმა.
აქ იმედი შეიძლება ასეთივე ჰქონდეს ივანიშვილს, რომ მოიმხრობს რაღაც ნაწილს, აი, ისინი, ვინც გამოიყვანა გუშინ. აჩვენებს, რომ თითქოს „ჩვენ ბევრი გვიჭერს მხარს“.
ამისთვის მობილიზაცია მოახდინა, უზარმაზარი რაოდენობა სატრანსპორტო საშუალებების, ყველა კუნჭულიდან წამოიყვანეს აბსოლუტურად საქმეში ჩაუხედავი ხალხი, საჯარო მოხელეები, რომელთაც სხვა გზა არა აქვთ, რადგან ერთადერთი საშუალება აქვთ გამოკვებონ საკუთარი ოჯახი, იმისთვის, რომ აჩვენოს, თითქოს მას საქართველოში ჰყავს მხარდამჭერები, თითქოს მის ანტიდასავლურ რიტორიკას უჭერს ხალხის დიდი ნაწილი მხარს.
ამას დასავლეთს აჩვენებს?
არა მგონია. დასავლეთს კი არ აჩვენებს, დასავლეთი ამაში არ მოტყუვდება და ძალიან კარგად იციან თვლა და უკეთესად ვიდრე საქართველოში…
მაშინ ქვეყანაში უნდათ გადატეხონ საზოგადოებრივი აზრი?
დიახ.
ქვეყანაში უნდათ გადატეხონ საზოგადოებრივი აზრი და მათ სჭირდებათ დადასტურება იმისთვის, რომ შემოიყვანონ მერე უცხო ძალა, რომ თქვან: აი, ხალხი იყო ჩემს მხარეს, მაგრამ სხვა ძალამ, რომელსაც მან დაარქვა ომის პარტია, გადაწყვიტა საქართველოსთვის წაერთმია სუვერენიტეტი, ამიტომ ჩვენ ვიხმობთ სხვა უცხო ძალას და ეს არის რუსეთი, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება „ომის პარტიასთან“ გამკლავებაში.
უშვებთ, რომ შეიძლება ეს გააკეთოს?
დიახ, აბსოლუტურად. სხვაგვარად მას შეუძლებელია საქართველოში რაიმე რესურსი ჰქონდეს საკონსტიტუციო გადატრიალების განსახორციელებლად.
ევროპაზე უარის თქმა ისე, რომ მოსახლეობის 50-მა პროცენტმა დაუჭიროს ამას მხარი, წარმოუდგენელია, ამას ვერ შეძლებს. ის ულტრაკონსერვატორები თუ უბრალოდ შეუგნებელი ხალხი, რომელიც მას ჰყავს მობილიზებული, ეს არის სადღაც 5-დან 10 პროცენტამდე. მოსახლეობის დაახლოებით 85 პროცენტი არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრე. ზოგი იბრძოლებს ამისთვის, ზოგი – არა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს მისი მომხრეები არ არიან.
საკონსტიტუციო გადატრიალებას ისე, რომ შეატრიალოს ქვეყნის კურსი სხვა მიმართულებით, ლეგიტიმურად ვერ შეძლებს, მაგრამ ის მას შეძლებს ილუზორულად. შეუძლიათ გააპიარონ ტელევიზიებით, რომ „ჩვენ ძალიან ბევრი ვართ“, ტროლების მეშვეობით და ა.შ..
ამასობაში მას დასჭირდება უცხო ქვეყნის ძალის დახმარება და ეს ძალა იქნება რუსეთი.
ახლა რა შანსი რჩება დემოკრატიას საქართველოში, რომ გადარჩეს?
დემოკრატიას ძალიან დიდი შანსი აქვს, იმიტომ, რომ სიმართლე მის მხარეზეა, მთელი დასავლური სამყარო მის მხარეზეა და ადამიანების უმრავლესობა ქვეყანაში, მის მხარეზეა.
შანსი არის კონსოლიდაცია, ერთმანეთთან კოორდინაცია, სელექცია ისე, რომ ჭკვიანი ხალხი მართავდეს პროცესს, რომ არ მოხდეს პოლიტიკური დაპირისპირება პარტიებს შორის, განსაკუთრებით.
კონსოლიდაცია და კოორდინაცია საზოგადოებაში აუცილებლად გაიმარჯვებს. შეიძლება გაფიცვები, მიტინგები – სულ იყოს საჭირო ფიზიკური მხარდაჭერა, მაგრამ სულ არ არის აუცილებელი რაღაც დაპირისპირება მოხდეს.
უშვებთ, რომ დაპირისპირებაზეც შეიძლება წავიდეს ხელისუფლება?
ასი პროცენტით. მაგალითად, ამაზე წავიდა ბელარუსის ხელისუფლება, რუსეთში ეს მიმდინარეობს, ძალის გამოყენებით მოისპო ყველაფერი, აქ არაფერი არ დაუდგება წინ…
მაგრამ ივანიშვილი არის ძალიან ფრთხილი კაცი, საკმაოდ, შეიძლება ითქვას, მხდალიც და ამიტომ, სანამ ასპროცენტიანი გარანტიები არ ექნება, რომ მისი ხელშეუხებლობა და უსაფრთხოება იქნება დაცული, ის ასეთ ავანტიურას არ წამოიწყებს, ასეთ გამწვავებაზე არ წავა.
მაგრამ ფაქტობრივად ეს ავანტიურა უკვე დაწყებული აქვს…
დაწყებული აქვს, ახლა პრაქტიკულად სანგრებს აშენებს და ემზადება ასეთი დაპირისპირებისთვის და ამზადებს ალბათ რუსეთს, ამზადებს თავის მომხრეებს.
ხაზი მინდა გავუსვა – ძალიან დიდი ეჭვი მეპარება იმაში, რომ მისი დაფუძნებული პარტიის ლიდერებიც კი ასე შორს წასვლაზე არიან მზად. მათი რიტორიკა კი არის თითქოს საომარი, მაგრამ სინამდვილეში, გუშინდელი სახეებით აშკარად ეტყობოდათ, რომ ძალიან ეშინიათ მოვლენების ასეთი განვითარების, იმიტომ, რომ მათ კარგად იციან, ეს არის ერთი კაცის ახირება, რომელიც შეიძლება არც იყოს ადეკვატური და ამ ერთი კაცის ახირებამ ესენი შეიძლება გადაჩეხოს.
მათ, ვინც შემოიკრიბა ივანიშვილმა, ძალიან ძლიერი თავდაცვითი, გადარჩენის ინსტინქტები აქვთ.
როგორ ფიქრობთ, ეს ახირებაა ერთი კაცის თუ რუსეთის დავალება?
რაც გვინდა დავარქვათ. ხანდახან დავალება და გამოუვალი მდგომარეობა აიძულებს ადამიანს დაიჯეროს რაღაც იდეების.
ივანიშვილი ჰგავს ნაკლებად განათლებულ ადამიანს, რომელსაც ცხოვრებაში ბევრი არ უფიქრია ცხოვრების არსზე, მისი მთელი ცხოვრებისეული ფილოსოფია არის გადარჩენის ფილოსოფია და ამ გადარჩენის ფილოსოფიაში თუ შემოიჭრება რაღაც ძალიან დიდი ფაქტორი, რომელიც მას აიძულებს გაჰყვეს რაღაც იდეას, ის მას გაჰყვება ფანატიკურად.
მაგრამ მას ხომ არ ჰქონდა ამის საფრთხე. თუ არ დააბრუნებდა რუსულ კანონს, არ მიიღებდა ამ პროტესტს და მას, დიდი ალბათობით, ჰქონდა არჩევნების მოგების შანსი, ოპოზიციის სისუსტის გათვალისწინებით…
არა მგონია. აქ ოპოზიციაზე არაა მხოლოდ საუბარი. საუბარია იმაზე, რომ სამოქალაქო საზოგადოება გახდა სულ უფრო მეტად ხმამაღალი და მოსახლეობამ დაიწყო მისი მოსმენა. სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია უკვე აშკარად უგებდა არგუმენტებით და მათ არ იცოდნენ, როგორი მხარდაჭერით მივიდოდნენ არჩევნებამდე.
თანაც მას [ივანიშვილს] ალბათ პანიკური შიში ჰქონდა იმისა, რომ დასავლეთი ასე გულზე ხელდაკრეფილი არ დარჩება და გამოაჩენს საბოლოო ჯამში თავის დამოკიდებულებას ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ.
სანქციებს რა როლი შეუძლია ახლა შეასრულოს, რამდენად შეიძლება იყოს გარდამტეხი ამ პროცესში?
ძნელი სათქმელია. მე მგონი ამაზე უკვე მეტად ფიქრობენ დასავლეთში და ჩვენთვის ძნელი განსაჭვრეტია. თითქოს უკვე ითხოვს სანქციებს სიტუაცია, მაგრამ ადგილი აქვს ომს უკრაინაში, ასევე, არის საფრთხე, რომ რუსეთმა დაიკავოს საქართველო სამხედრო თვალსაზრისით და შემდეგ შეუტიოს სომხეთს, საკმაოდ პატარა ძალებით, დიდი ძალები ამას არ დასჭირდება კოლაბორაციონისტი მთავრობის ხელში.
ამიტომ არ არის გამორიცხული დასავლეთი არ აპირებდეს ამ სიტუაციის ტრიგერირებას და ისეთი სცენარის გაღვივებას, როცა მოწინააღმდეგეს სხვა გამოსავალს არ უტოვებ და ის მიდის ყველანაირ ხერხზე.
საზოგადოებას, მოქალაქეებს რა შეგვიძლია ამ პროცესში? რამდენად შეგვიძლია შევაჩეროთ ხელისუფლება ამ გზაზე?
მოქალაქეებს არ უნდა ეძინოთ. არ შეიძლება განცხრომა. ჩვენ გვჩვევია, რომ ყველაფერში ვეძებთ კომფორტს და კმაყოფილებას, ყველაფერს ვუყურებთ რომანტიზებულად. შეიძლება ეს კარგი თვისებაა ერისთვის მთლიანობაში, იმიტომ, რომ არ ვვარდებით დეპრესიაში არც ერთ სიტუაციაში, სადმე პატარა სიხარულს თუ ვნახავთ, იმ წუთას იმას წავეპოტინებით, ეს შეიძლება ჩვენი დადებითი მხარეა, მაგრამ არა დიდი საფრთხის პირობებში.
დიდი საფრთხის პირობებში საჭიროა სიფხიზლე.
მეორე – კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. არ შეიძლება დავუშვათ სრული გახლეჩა და დაპირისპირება მოქალაქეებს შორის, უნდა ვეძებოთ ხიდები და საჭიროა ძალიან ძლიერი საინფორმაციო ველი, სადაც დისკუსია იარსებებს, დისკუსიის ველი არ უნდა დაიკარგოს.
ძალიან ბევრ მოქალაქეს, რომელსაც შეიძლება უბრალოდ არ ესმის რეალური არსი სიტუაციის, იმეორებს რაღაც მანტრებს და თავში ჩადებულ ლოზუნგებს, უნდა აეხილოს თვალი და შეხედონ ქვეყნის მომავალს ცოტა უფრო სტრატეგიული ხედვით.
_________________
მთავარი ფოტო: ზურაბ ქურციკიძე/ევროპის პრესფოტო სააგენტო – EPA
ქუთაისში საპირველმაისოდ ქალაქის მოედანზე სოლიდარობის წერილი გამოფინეს წარწერით: „ღირსეული ცხოვრების პირობები ყველას!“
„ეს მოწოდებაა, გარეთ გამოსვლის, სოლიდარობისა და ბრძოლისკენ უკეთესი ცხოვრების პირობებისთვის, პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ, იმპერიალისტური მთავრობის წინააღმდეგ“, – წერს ქუთაისის მშრომელთა კოლექტივი.
„მშრომელების არსებობა არის ფიზიკური საფრთხის შემცველი, ღირსების შემლახავი და შეურაცხმყოფელი – ყოველთვის, როდესაც სახელმწიფოს მიერ მოწყობილ უსამართლობაზე ხმას ვიღებთ, გვიპირისპირდება ბოროტი პოლიციური მანქანა!
ცდილობენ დაგვაშინონ, დაგვყონ, ღირსება შეგვილახონ!
სახელმწიფოს მხრიდან პოლიციური მუშტით გვისწორდებიან სამართლიანად გაბრაზებულ მოქალაქეებს იმ უღირსი, მჩაგვრელი, სოციალური უთანასწორობის გაპროტესტების გამო, რომელშიც გვაცხოვრებს მმართველი კლასი!
პირველ მაისს ვაცხადებთ, რომ ძალმომრეობაზე, ერთიმეორის დაჩაგვრასა და გაყვლეფაზე დაშენებული წესწყობილება მოისპობა! ქუთაისი ბოროტი სახელმწიფოსა და მისი კერძო დარაჯი პოლიციის წინააღმდეგ!
შიში გაქრა! გაბრაზებულ ხალხს და მშრომელებს აღარაფერი გვაქვს დასაკარგი, ბოლო სიტყვა ყოველთვის ჩვენზეა! დამხობა რუსულ მთავრობას, დამხობა მყვლეფავი პოლიტიკური კლასის ბატონობას! ღირსეული ცხოვრების პირობები ყველას! სოლიდარობა მშრომელებს! ბრძოლა პერიფერიიდან იწყება!“ – წერია მშრომელების განცხადებაში.
ამ დროისთვის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრიდან სოლიდარობის წერილი ჩამოხსნილია.
დღეს, პირველ მაისს, ბათუმიდან თბილისში თვითორგანიზებული მოქალაქეები გაემგზავრნენ, რათა შეუერთდნენ აქციას რუსული კანონისაა და ქვეყნის ევროპული კურსის ცვლის წინააღმდეგ.
ბათუმიდან თბილისში წასვლა 30 აპრილს, სპონტანურად დაიგეგმა ფეისბუქზე. მოკლე დროის მიუხედავად, ევროპის მოედანზე, საიდანაც დაანონსებული იყო თბილისში გამგზავრება, ბევრი ადამიანი შეიკრიბა. მოქალაქეებმა ადგილზე მოიტანეს საგზალიც, აქციაზე მიმავალთათვის.
„ბათუმელები“ რამდენიმე მათგანს ესაუბრა. მოქალაქეებს ვკითხეთ, რას ფიქრობენ მიმდინარე მოვლენებზე და რატომ გადაწყვიტეს თბილისში, აქციაზე წასვლა.
„მეზღვაური ვარ და ახლა ვაპირებდი გემზე წასვლას, მაგრამ უარი ვთქვი საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო, იმის გამო, რომ ქვეყანას მე, ერთი მოქალაქე ვჭირდები.
მივდივარ თბილისში, რათა გავაპროტესტო ის უსამართლობა, რასაც „ქართული ოცნება” გვიკეთებს. „ოცნება“ წლების მანძილზე ნელ-ნელა გადაიქცა იმ რეჟიმად, რომელიც დავამარცხეთ.
აუცილებლად წავა ივანიშვილი და თუ ამას საიდანღაც მოისმენს, მინდა ვუთხრა, რომ ეს არ არის მისი ბიზნესი და ქართველ ხალხს ვერასდროს ვერავინ ვერ დაჩაგრავს, ვერც ერთი ხელისუფლება, რაც არ უნდა ეცადონ ვერ დაგვაბეჩავებენ და თავისუფლებას ვერ წაგვართმევენ.
ჩვენ ყოველთვის ვირჩევდით ევროპისკენ მიმავალ გზას და არასოდეს არ გავხდებით რუსეთის გუბერნია”, – გვითხრა მეზღვაურმა ჯემალ კახიძემ.
ჯემალ კახიძე
„ამ წამამდე მეგონა, რომ ჩვენი ხელისუფლება მიხვდებოდა, რომ იმ ადამიანებს, ხალხს, ვინც რუსთაველზე დგას, ვერაფერი ვერ დაახევინებს უკან.
დღეს მივდივარ ჩემი მეგობრების, ჩემი ქართველის ხალხისა და ქვეყნის მომავლისთვის, რომ ვიყო პარლამენტის წინ.
ჩვენი მომავალი არის ევროპაში და ეს აუცილებლად უნდა გავაგებინოთ დღევანდელ ხელისუფლებას. არა რუსულ კანონს, წინ ევროპისკენ, – ამბობს ნინი ხიმშიაშვილი, ხელოვანი.
ნინი ხიმშიაშვილი
„რაც თავი მახსოვს, ვდგავარ პარლამენტთან და ყოველთვის სიტყვის თავისუფლებას და ჩვენს ღირებულებებს ვიცავ.
ეს მთავრობა სულ ძალადობისკენ იხრება, მშვიდობიან ხალხს არბევს და უკვე ამოვიდა ყელში. ხუთი წლიდან აქციებზე ვდგავარ და როდემდე უნდა ვიდგე აქციებზე? სადამდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი?
მორალურად დაცემული მთავრობა გვყავს. რა თქმა უნდა, გავიმარჯვებთ ახლაც. წაგებული აქვთ ეს ომი ჩვენთან.
შეხედონ იმ ადამიანთა რიცხვს, ვინც რუსთაველზე იკრიბებიან პოლიტიკოსების და ვიღაც ზემდგომების გარეშე. ვერავინ ვერ მოერევა ამ ძალას, ვერც ერთი დიქტატურა და ვერც ერთი ხელისუფლება. ბევრჯერ მოვყოლივარ დარბევაში და უკვე ცრემლსადენ გაზზეც იმუნიტეტი მაქვს, აღარ მეშინია”, – გვეუბნება შალვა კასრაძე.
შალვა კასრაძე
დღეს, 17:00 საათზე, პარლამენტის უკან გაიმართება მორიგი ანტირუსული აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ, საღამოს 19:00 საათზე კი ბათუმში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ სტუდენტები შეიკრიბებიან და აქციას გამართავენ.
რა ხდება?
მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტი ისევ დააბრუნა.
კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.
დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.
____________
მთავარ ფოტოზე: მოქალაქეები ევროპის მოედანზე, თბილისში გამგზავრების წინ. ფოტო: დათო ტრაპაიძე
„გამოყენებული ფიზიკური ძალა გაუტოლდა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას“ – განაცხადა საქართველოს იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ დღეს, პირველ მაისს, სპეციალურ ბრიფინგზე, სადაც მან გუშინდელ საპროტესტო აქციაზე რუსული კანონის წინააღმდეგ, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი შეფასება გააცნო საზოგადოებას.
ნონა ქურდოვანიძის განცხადებით:
„2024 წლის 30 აპრილს ღამით და პირველ მაისს გამთენიისას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, რუსული კანონის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციის დარბევა, არალეგიტიმური და არაპროპორციული იყო. გამოყენებული ფიზიკური ძალა გაუტოლდა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. ხოლო ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა კვლევა შეკრების თავისუფლების მომატებული შეზღუდვის ინსტრუმენტად იქცა.
აქციის დარბევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება იყო უკანონო ორი საფუძვლით, არ არსებობდა შესასვლელების ბლოკირების მიზნით დემონსტრანტების დარბევის საფუძველი. ასეთი საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი, არ არსებობდა მთლიანი აქციის დარბევის სამართლებრივი წინაპირობა.
საპროტესტო აქციის დასაშლელად როგორც საჯარო წყაროებიდან ირკვევა გამოყენებული იყო ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი.“
ორგანიზაციების შეფასებით სახელმწიფომ დაარღვია აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების წესები:
„აქციის დარბევისას ადგილი ჰქონდა მოქალაქეთა მიმართ არასათანადო მოპყრობას, გამოვლინდა სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობის არაერთი ფაქტი, რაც გამოიხატა, დემონსტრანტების მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში.
აქციის დარბევისას ადმინისტრაციული წესით მოქალაქეების დაკავების უკანონო პრაქტიკა გაგრძელდა.
ამ აქციაზე დაკავებამაც აჩვენა, რომ საპოლიციო ძალები ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლების გარეშე პერიოდულად აკავებდნენ აქციის მონაწილეებს. დაკავებისას პოლიციის კორდონში მოქცევამდე მათ მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას.“
არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტის წევრზე ძალადობასაც გამოეხმაურნენ.
„საყურადღებოა, რომ საპოლიციო ძალების წარმომდგენლებმა ადგილიდან გაიტაცეს, მათ შორის საქართველოს პარლამენტის წევრი ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, რომელიც სასტიკიად სცემეს.
პირველ მაისს შს სამინისტროს პრესკონფერენციაზე გაჟღერდა, რომ დაკავებულია 63 პირი ადმინისტრაციული წესით, ტრადიციულად აქაც საუბარია იმ მუხლებზე, რომლებსაც ტრადიციულად იყენებს პოლიცია. ხშირად ეს არის 166 და 173-ე მუხლები.
ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი სამართლებრივი მხარდაჭერის ქსელი ვიღებთ ცხელ ხაზზე ინფორმაციას დაკავებულების შესახებ“ – განაცხადა ქურდოვანიძემ.
მათ, ვისაც რეგიონებიდან თბილისის აქციებში სურთ მონაწილეობა, თბილისში მცხოვრებლები საკუთარ ჭერქვეშ ეპატიჟებიან.
სპეციალურად ამ ინიციატივისთვის შეიქმნა ჯგუფი ფეისბუკზე „დაიტოვე“.
ინიციატივა ხელს შეუწყობს რუსული კანონის წინააღმდეგ უწყვეტ პროტესტს, რადგან ადამიანები შეძლებენ თბილისში წასვლას და დარჩენას.
„დაიტოვეს“ ინიციატივა მარიამ ბაბუნაშვილსგან დაიწყო.
„გამარჯობა, ჩემი ორი მეგობარი, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობს, ჩამოდიან აქციაზე და შევთავაზე, რომ ჩემთან დარჩენილიყვნენ, ამხელა გზაზე წინ და უკან რომ არ ევლოთ.
აქედან გაჩნდა იდეა, რომ რამდენიმე ადამიანის დატოვებას ჩემი სახლის მონაცემები იძლევა. ასე რომ, თუკი აქეთ გსურთ, აქციას შემოუერთდეთ (რაიონული მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტ ძალას შეგვმატებს), ჩემი კარი ორი-სამი ადამიანისთვის ღიაა“, – დაწერა მარიამ ბაბუნაშვილმა ფეისბუკის ერთ-ერთ ჯგუფში.
იდეა ბევრმა ადამიანმა აიტაცა. ნეტგაზეთთან საუბრისას მარიამი ამბობს, რომ მის სახლში 4 ადამიანი დარჩება. ორს აქამდე არ იცნობდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონების მხარდაჭერა, მათ შორის, აქ, თბილისში. ჩვენი პროტესტი ბუნებრივია და გულწრფელი. არანაირ აგიტაციას, ხალხის დამატებით მოტივირებას არ საჭიროებს. ჩემ გარდა, რა თქმა უნდა, სხვა ძალიან ბევრი ადამიანიც გამოჩნდა და გამოჩნდება, ვისაც ამის მზაობა აქვს.
ძალიან ბევრნი ვართ. ერთმანეთს შეიძლება არ ვიცნობდეთ, მაგრამ ვიცით, რომ უამრავი ჩვენი თანამოაზრე დადის დედაქალაქში და სხვა ყველა დასახლებაში, რომელიც ებრძვის ხელისუფლების იდეას და ხედვას — „უკან რუსეთში“. ამიტომ გვჭირდება ერთობა. რეგიონებიდან ხალხი თვითონ მოჰყავს ხელისუფლებას. ჩვენთან ეს ხალხი თავისი ნებით და სურვილით დადგება“ – გვეუბნება მარიამი.
„ადგილი არ მაქვს , მაგრამ მსუყე ვახშამზე შემიძლია დაგპატიჟოთ ხვალ და ზეგ”;
„უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ ეს ჩვენი გამარჯვებით არ დასრულდეს. აუცილებლად მოვიგებთ ამ ომს. აქ დგას საქართველო. მადლობა ხალხო“, – ეს სოციალურ ქსელში დაწერილი გამოხმაურებებია, როგორც კი ინიციატივა გახმიანდა.
მიიღე ხარისხიანი განათლება შავი ზღვის საერთაშორისო სასწავლებელში ,,გოლდენ სიი“, გახდი კვალიფიციური ,,მეჩარხე-შემდუღებელი“.
თუ გსურთ მოკლე დროში დაეუფლოთ მოთხოვნად პროფესიას, შეძლოთ ლითონის დეტალების დამუშავება სახარატო, საფრეზი ლითონდამამუშავებელ ჩარხებზე, სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით ხელით ელექტრორკალური, MIG შედუღება (კემპის აპარატით), მიიღოთ ცოდნა და უნარები, სასწავლო პროგრამა „მეჩარხე-შემდუღებელი“ გაძლევთ შესაძლებლობას.
სასწავლო კურსი განხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პრინციპით, პარტნიორ ორგანიზაციებში, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ.
სასწავლო კურსის წარმატებულად გავლის შემთხვევაში კურსდამთავრებული მიიღებს სწავლის შედეგების მიღწევის დამადასტურებელ სერტიფიკატს, დანართით.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, დღესაც, 2024 წლის 1-ელ მაისს, საქართველოს პარლამენტის შენობაში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე, ანუ ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის შენობაში შესვლა. შეზღუდვა მოქმედებს ონლაინ მედიაზეც.
„დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე [მათ შორის კომიტეტის სხდომებზე, პლენარულ სესიაზე] დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.
შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.“ – აღნიშნულია პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
პარლამენტი დღეს განაგრძობს რუსული კანონის განხილვას მეორე მოსმენით.
რუსული კანონის განხილვა პარლამენტში „უსაფრთხოების ყვითელი დონის“ პირობებში მიმდინარეობს. შენობაში არ უშვებენ არც ონლაინ მედიის წარმომადგენლებსაც.
ამასთან, კანონპროექტის განხილვის პარალელურად აქციები იმართება პარლამენტის შენობასთან.
გუშინ, 30 აპრილის საღამოს და 1 მაისის გამთენიისას თბილისში სპეცრაზმმა ძალა გამოიყენა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც პარლამენტთან რუსულ კანონს აპროტესტებდნენ.
ფიზიკურად გაუსწორდნენ არაერთ მოქალაქეს, ასევე არაერთხელ გაუშვეს ცრემლსადენი გაზი, რის შედეგადაც დაშავდნენ მოქალაქეები, თუმცა ისინი კვლავ განაგრძობდნენ რუსთაველის გამზირზე შეკრებას.
რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია თბილისში დღეს, პირველ მაისსაც გაიმართება:
დღეს, პირველ მაისს, ბათუმში, სტუდენტები აქციას – „არა რუსულ კანონს“ გამართავენ.
სტუდენტები 19:00 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ შეიკრიბებიან.
აქციის ორგანიზატორია სტუდენტური მოძრაობა „მარტიანელები“.
„დღეს, საქართველო ტირის. სამშობლოს ვჭირდებით!!!
19:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შადრევანთან.“ – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
დღესვე, 1-ელ მაისს, ბათუმელი აქტივისტები თბილისში გამგზავრებას გეგმავენ, რათა შეუერთდნენ აქციას რუსული კანონის წინააღმდეგ. დედაქალაქში წამსვლელები დღის 12:00 საათზე ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან.
30 აპრილის საღამოს და 1 მაისის გამთენიისას თბილისში სპეცრაზმმა ძალა გამოიყენა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც პარლამენტთან რუსულ კანონს აპროტესტებდნენ.
ფიზიკურად გაუსწორდნენ არაერთ მოქალაქეს, ასევე არაერთხელ გაუშვეს ცრემლსადენი გაზი, რის შედეგადაც დაშავდნენ მოქალაქეები, თუმცა ისინი კვლავ განაგრძობდნენ რუსთაველის გამზირზე შეკრებას.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის პირველ მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 469 840 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 120]
ტანკი – 7 312 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 14 067 ერთეული [+21]
საარტილერიო სისტემა – 12 024 ერთეული [+13]
MLRS – 1 053 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 780 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 348 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 538 ერთეული [+7]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 126 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 16 175 ერთეული [+33]
სპეცტექნიკა – 1 980 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის პირველ მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
593 თვითმფრინავი
270 ვერტმფრენი
23 648 უპილოტო საფრენი აპარატი
509 საზენიტო სარაკეტო სისტემა
15 891 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 275 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
9 230 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
21 413 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
ბათუმელი აქტივისტები პირველ მაისს თბილისში გამგზავრებას გეგმავენ, რათა შეუერთდნენ აქციას რუსული კანონის წინააღმდეგ. გადაწყვეტილება ამის შესახებ 30 აპრილს იქნა მიღებული, მას შემდეგ რაც გავრცელდა თბილისში მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დარბევის კადრები.
პირველ მაისს, ღამის ორ საათზე ბათუმიდან თბილისში გამგზავრების ინიციატორებმა, ჯგუფმა, რომელშიც შედიან მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები, ბრიფინგი გამართეს აჭარის უმაღლეს საბჭოსთან.
„პირველ მაისს, დილის 12 საათზე ვიკრიბებით ევროპის მოედანზე, ყველაფერი ხდება თვითორგანიზებით, მივემგზავრებით თბილისში კოლონით, შემოგვიერთდებიან სამეგრელოდან, გურიიდან, იმერეთიდან და მთელი საქართველო ვიქნებით ხვალ რუსთაველზე.
ის, რაც დღეს მოხდა, ფაქტობრივად არის ომის გამოცხადება საკუთარი მოსახლეობისთვის. არ გამოუვათ, რა თქმა უნდა, წააგებს მთავრობა, იმიტომ, რომ ივანიშვილმა გუშინ რაც ილაპარაკა, უფრო გააღიზიანა ხალხი, აპირებს რეპრესიებს და დიქტატისკენ მიჰყავს ქვეყანა. ქართველი, თავისუფალი მოქალაქე ამას არ შეეგუება.
ამ ძალას ვერანაირი სპეცრაზმი და პოლიცია ვერ შეაჩერებს, ადრე თუ გვიან ისინი გადმოვლენ ხალხის მხარეს, იმიტომ, რომ ყველა სამსახური არის ხალხის სამსახურში და დღევანდელმა მთავრობამ უნდა შეიგნოს, რომ ნამდვილი ხელისუფალი ამ ქვეყანაში არის ხალხი“ – ამბობს ოთარ ქათამაძე, რეჟისორი და მსახიობი. ~
საინიციატივო ჯგუფშია ვაჟ დარჩიაც, „ლელოს“ წარმომადგენელი ბათუმის საკრებულოში.
„რუსული ოცნება სასტიკად გაუსწორდა ჩვენს თანამებრძოლებს. ხვალ, 12 საათზე ბათუმელები ერთად წავალთ ჩვენი თანამებრძოლების დასაცავად და ბიძინა ივანიშვილი ნახავს, თუ რას ნიშნავს ამაყი, თავმოყვარე ხალხი. მოგიწოდებთ ბათუმელებო, მთელ აჭარას, მთელ საქართველოს, ყველას, ვინც ნახეთ თუ რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა, ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი“ – ამბობს ვაჟა დარჩია.
30 აპრილს ზუგდიდში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ორი აქტივისტი, მაია კალანდია და მაია სიჭინავა დააკავეს. „ბათუმელებს“ ინფორმაცია ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა დაუდასტურეს.
აქციის მონაწილეები ზუგდიდის მერიის წინ არის შეკრებილი. „ბათუმელები“ ესაუბრა მასწავლებელს მანანა მიქავას, რომელიც ამ დროისთვის აქციაზე იმყოფება.
„ამ ეტაპზე მშვიდი სიტუაციაა. ხალხზე მეტი სამართალდამცავია მობილიზებული, დააკავეს მაია კალანდია და მაია სიჭინავა, სპეციალურად მოუწყვეს პროვოკაცია, ჯერ შეაგინეს და შემდეგ ძალის გამოყენებით წაათრიეს პოლიციის განყოფილებაში.
ახლა ჩემი კოლეგებიც შემოგვიერთდნენ, მასწავლებლები ჩხოროწყუდანაც კი ჩამოვიდნენ და ნელ-ნელა კიდევ ემატება ხალხი“ – ამბობს მანანა მიქავა.
მისი თქმით, დაკავებულებთან მივიდა იურისტი და სახალხო დამცველის წარმომადგენელი.
მანანა მიქავას თქმით, აქციის მონაწილეები არც ზუგდიდში აპირებს დაშლას, ხვალისთვის კი მასშტაბური აქციაა დაანონსებული წალენჯიხაში.
რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია დღეს საღამოდან იმართება თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სადაც პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
დაკავებულების შესახებ შსს ინფორმაციას ამ დრომდე არ ავრცელებს.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი უარყოფს, რომ საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადების არასაკმარისი რაოდენობა იმყოფება.
მათივე ცნობით, „ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების საკმარისი რაოდენობა“, თუმცა ცენტრი არ ასახელებს კონკრეტულად რამდენი ბრიგადაა ადგილზე.
საპირისპიროს ამბობენ აქციის მონაწილეები. სასწრაფოს ეკიპაჟებთან დაშავებული დემონსტრანტების რიგები დგას, მოქალაქეები ერთმანეთს უწევენ დახმარებას. ეკიპაჟის ნაწილს არ აქვს პირბადეები, რომ მოქალაქეებს მისცეს.
„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადების არასაკმარისი რაოდენობა იმყოფება, არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების საკმარისი რაოდენობა, სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას“ – აცხადებს უწყება.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი წერს, რომ ამ დროისთვის ჰოსპიტალიზებულია სამი სამართალდამცველი. დაშავებული აქციის მონაწილეების შესახებ უწყება არაფერს წერს.
ჩიტაძის ქუჩაზე დაძაბულობიდან რამდენიმე წუთში შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დაშლა რუსთაველის გამზირზე დაიწყეს. შსს იყენებს სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის, წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტი მიმართავს შინაგან საქმეთა მინისტრს და მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა:
„მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა, არაპროპორციული ძალის გამოყენება, შიშველი ხელებით მოსული ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობა.
მივმართავ სახალხო დამცველს, მყისიერად მოახდინოს რეაგირება, რათა შეწყდეს ყოველგვარი უსაფუძვლო და უადგილო სპეცდანიშნულების ძალების ქმედებები.
ნათლად ჩანს, რომ აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა, წესრიგს არაფერი ემუქრებოდა.
სირცხვილია შენს ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, როცა ეროვნულობაზე გაქვს პრეტენზია, სირცხვილია სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ ვნების კვირის დროს!“- წერს პრეზიდენტი.
განცხადება გაავრცელა საქართველოს სახალხო დამცველმაც. ომბუდსმენის თქმით, აქციაზე მოვლენები პერიოდულად იძაბება, რა დროსაც სამართალდამცავები იყენებენ სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის რამდენჯერმე გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი. ასევე, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ვრცელდება ჩანაწერები სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტებზე.
თბილისში, პარლამენტთან რუსული კაონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ სპეციალური საშუალებები გამოიყენა. ვითარება განსაკუთრებით დაძაბული იყო პარლამენტის გვერდითა ჩიტაძის ქუჩაზე და საკანონმდებლო ორგანოს უკან, სადაც ტერიტორია პოლიციამ ადამიანებს ძალის გამოყენებით დაატოვებინა.