მთავარი,სიახლეები

ზუგდიდში რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 2 პირი დააკავეს

01.05.2024 •
ზუგდიდში რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 2 პირი დააკავეს

30 აპრილს ზუგდიდში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ორი აქტივისტი, მაია კალანდია და მაია სიჭინავა დააკავეს. „ბათუმელებს“ ინფორმაცია ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა დაუდასტურეს.

აქციის მონაწილეები ზუგდიდის მერიის წინ არის შეკრებილი. „ბათუმელები“ ესაუბრა მასწავლებელს მანანა მიქავას, რომელიც ამ დროისთვის აქციაზე იმყოფება.

„ამ ეტაპზე მშვიდი სიტუაციაა. ხალხზე მეტი სამართალდამცავია მობილიზებული, დააკავეს მაია კალანდია და მაია სიჭინავა, სპეციალურად მოუწყვეს პროვოკაცია, ჯერ შეაგინეს და შემდეგ ძალის გამოყენებით წაათრიეს პოლიციის განყოფილებაში.

ახლა ჩემი კოლეგებიც შემოგვიერთდნენ, მასწავლებლები ჩხოროწყუდანაც კი ჩამოვიდნენ და ნელ-ნელა კიდევ ემატება ხალხი“ – ამბობს მანანა მიქავა.

მისი თქმით, დაკავებულებთან მივიდა იურისტი და სახალხო დამცველის წარმომადგენელი.

მანანა მიქავას თქმით, აქციის მონაწილეები არც ზუგდიდში აპირებს დაშლას, ხვალისთვის კი მასშტაბური აქციაა დაანონსებული წალენჯიხაში.

რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია დღეს საღამოდან იმართება თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სადაც პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

დაკავებულების შესახებ შსს ინფორმაციას ამ დრომდე არ ავრცელებს.

___________

ფოტოზე: აქცია ზუგდიდში. ფოტო: მანანა მიქავა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: