მთავარი,სიახლეები

საჯარო მოხელე ამბობს, რომ აქციებზე ყოფნის გამო სამსახური დაკარგა, ხელმძღვანელი არ ადასტურებს

03.05.2024
საჯარო მოხელე ამბობს, რომ აქციებზე ყოფნის გამო სამსახური დაკარგა, ხელმძღვანელი არ ადასტურებს

მოქალაქე პავლე ნიავაძე ამბობს, რომ რუსული კანონის გაპროტესტების გამო სამსახური დაკარგა. მისი თქმით, იგი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ა(ა)იპის მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის თანამშრომელია.

„აქციაზე ვიყავი პირველი დღიდან. პირველი მოსმენის შემდეგ გავედი და მას შემდეგ აქციებზე ვარ. გუშინწინ, სამშაბათს ჩემი დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი არევაძემ მითხრა, ტელევიზორში დაგინახეთ აქციაზე ყოფილხარ და ნორმალურად მოიქეციო. ასევე მითხრა, რომ სამინისტროდან დაურეკეს და მოსთხოვეს, რომ გავეფრთხილებინე“, – ამბობს პავლე ნიავაძე.

პავლე სამინისტროს ა(ა)იპში IT სპეციალისტად მუშაობდა. ამბობს, რომ აქციების გამო სამსახური არ გაუცდენია და გასაპროტესტებლად მხოლოდ სამუშაო საათების შემდეგ გადიოდა. მან არ იცის კონკრეტულად ვინ დაურეკა მისი დეპარტამენტის უფროსს სამინისტროდან:

„მხოლოდ ის თქვა, რომ დარეკეს. მე დავუდასტურე, რომ ვიყავი აქციებზე და კიდევ ვაპირებდი გასვლას. მაშინ აირჩიე, ან პოლიტიკა ან სამსახურიო. ვუპასუხე, რომ ვაპირებდი ისევ აქციებზე მისვლას, მაშინ დაწერე განცხადება და წადიო. ვუთხარი განცხადებას არ დავწერ-მეთქი, მაგრამ წამოვედი“.

როგორც თავად ამბობს, სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება ჯერ არ ჩაჰბარებია.

„ბათუმელები“ გიორგი არევაძეს დაუკავშირდა. მან დაგვიდასტურა, რომ პავლე ნიავაძე მისი თანამშრომელია, თუმცა მომხდარს უარყოფს და ამბობს, რომ პავლე ნიავაძე სამსახურიდან არავის გაუთავისუფლებია და არც არჩევანის წინაშე დაუყენებია:

„მე მხოლოდ სამსახურში მოსვლასთან დაკავშირებით ვესაუბრე. აქციებზე არ მისაუბრია. მისი გათავისუფლების ბრძანება არ არსებობს. ახლა დასვენებებია და შემდეგ ვნახავთ, თუ უნდა, მოვა ალბათ სამსახურში“.

პავლე ნიავაძე ამბობს, რომ აქციებზე დასწრების მიზეზი მისი პროტესტია რუსული კანონის მიმართ:

„რატომ არა რუსულ კანონს, ეს თუ ვინმეს აინტერესებს, ჯერ წაიკითხოს ეს კანონი. მე იქ ბევრი პუნქტი ვნახე, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ, რომ ნებისმიერ დროს მივიდნენ ენჯეოებში და ნებისმიერი ინფორმაცია ამოიღონ, მათ შორის პირადი ინფორმაცია ადამიანების შესახებ, კომპანიის თუ მათი კლიენტების შესახებ.

წაკითხული მაქვს ასევე ფარა, რომელიც ამერიკაშია. წაკითხული მაქვს რუსული კანონიც და იგივეა. როგორც გამოიყენა პუტინმა ეს კანონი თავის სასარგებლოდ, იგივე მოხდება აქაც“.

პავლეს თქმით, სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, ყოფილ თანამშრომლებთან ჰქონდა კომუნიკაცია და ისინიც ეწინააღმდეგებიან კანონს: „მითხრეს, მართალი ხარ, ყველაფერში გეთანხმებით და შენი წასვლა არ იყო სწორიო“.

  • რა ხდება

რამდენიმე კვირაა მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.

დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.

მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.

საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, პირველი მოსმენით, უკვე მიიღო 17 აპრილს. თუმცა საბოლოოდ ძალაში შესასვლელად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენით მიღება, შემდეგ პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: