მთავარი,სიახლეები

სასწრაფო აცხადებს, რომ ადგილზე ბრიგადები საკმარისია, საპირისპიროს ამბობენ აქციის მონაწილეები

01.05.2024
სასწრაფო აცხადებს, რომ ადგილზე ბრიგადები საკმარისია, საპირისპიროს ამბობენ აქციის მონაწილეები

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი უარყოფს, რომ საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადების არასაკმარისი რაოდენობა იმყოფება.

მათივე ცნობით, „ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების საკმარისი რაოდენობა“, თუმცა ცენტრი არ ასახელებს კონკრეტულად რამდენი ბრიგადაა ადგილზე.

საპირისპიროს ამბობენ აქციის მონაწილეები. სასწრაფოს ეკიპაჟებთან დაშავებული დემონსტრანტების რიგები დგას, მოქალაქეები ერთმანეთს უწევენ დახმარებას. ეკიპაჟის ნაწილს არ აქვს პირბადეები, რომ მოქალაქეებს მისცეს.

„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადების არასაკმარისი რაოდენობა იმყოფება, არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების საკმარისი რაოდენობა, სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას“ – აცხადებს უწყება. 

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი წერს, რომ ამ დროისთვის ჰოსპიტალიზებულია სამი სამართალდამცველი. დაშავებული აქციის მონაწილეების შესახებ უწყება არაფერს წერს.

ჩიტაძის ქუჩაზე დაძაბულობიდან რამდენიმე წუთში შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დაშლა რუსთაველის გამზირზე დაიწყეს.  შსს იყენებს სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის, ყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს.

ფოტო: ნეტგაზეთი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: