განათლება,მთავარი,სიახლეები

გაიწვიეთ რუსული კანონი – საფრანგეთში მცხოვრები ქართველების მიმართვა

03.05.2024 •
გაიწვიეთ რუსული კანონი – საფრანგეთში მცხოვრები ქართველების მიმართვა

„ნებისმიერი კანონი თუ კანონპროექტი, რომელიც ძირს უთხრის ჩვენი ქვეყნის ევროკავშირისკენ სწრაფვას, საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას, ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, უნდა იყოს გაწვეული“ – აცხადებენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები და ასევე იქ მცხოვრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქართველები. ისინი საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ გაიწვიონ რუსული  კანონი.

„ჩვენ, საფრანგეთის ქართველი სტუდენტები და კურსდამთავრებულები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, ვგმობთ მშვიდობიან მანიფესტანტთა ძალადობრივი გზით დარბევის ფაქტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2024 წლის 30 აპრილს, რუსული კანონის, (ე.წ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“) საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე.

ყველა ერთხმად ვაპროტესტებთ მომიტინგეებზე, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ქალებზე და კაცებზე ძალადობრივ თავდასხმას და სამართალდამცავების მიერ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ წვლილი შეიტანოს სიტუაციის დეესკალაციაში, ასევე პატივი სცეს და დაიცვას თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლება.

ყოველგვარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საქმე უნდა იქნას გამოძიებული და დაისაჯოს ყველა დამნაშავედ ცნობილი პირი.

ჩვენ ვუერთდებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მოწოდებას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების უფლება.

მტრული გეოპოლიტიკური, მძიმე სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ ძალების მობილიზება ხდებოდეს ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის და არა საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების შელახვისთვის“, – ნათქვამია სტუდენტების განცხადებაში, რომელიც „ბათუმელებს“ მოგვაწოდეს.

მათივე ინფორმაციით, საპროტესტო აქცია „არა რუსეთს! კი ევროპას!“ თამარ დემურიას ორგანიზებით, პარიზში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდების დახმარებით და სხვადასხვა ქართულ-ფრანგული ასოციაციების მხარდაჭერით, პარიზში გაიმართა.

„მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ოთარ ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ძმა, პარიზის მერიის წარმონადგენლები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიდან, უკრაინელი სათვისტომოების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ჩეჩნური ასოციაციის პრეზიდენტი და სპიკერი, ფრანგი და ქართველი ჟურნალისტები“-გვწერენ პარიზიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: