მთავარი,სიახლეები

ივანიშვილმა ხალხს უთხრა, ვიმოქმედოთ ეშმაკის მსგავსად. ვთქვათ ერთი, ვიფიქროთ სხვა – გოგოლაშვილი

01.05.2024 •
ივანიშვილმა ხალხს უთხრა, ვიმოქმედოთ ეშმაკის მსგავსად. ვთქვათ ერთი, ვიფიქროთ სხვა – გოგოლაშვილი

29 აპრილს ივანიშვილმა პრაქტიკულად ყველა გზა მოიჭრა დასავლეთთან და – მიიჩნევს კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი. მისი თქმით, ივანიშვილის დაპირება, რომ 2030 წელს საქართველო შევა ევროპაში, სხვა არაფერია თუ არა თვალთმაქცობა და გულუბრყვილო ამომრჩევლის დაცინვა.

რა იკვეთება „ქართული ოცნების“ ლიდერის 29 აპრილის განცხადებიდან? – „ბათუმელები“ სწორედ ამ თემაზე ესაუბრა კახა გოგოლაშვილს.

  • ბატონო კახა, რა გამოიკვეთა გუშინ ივანიშვილის გზავნილებიდან?

მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდა ბუნდოვანი გზავნილი ყოფილიყო, ის ძალიან მკაფიო გამოუვიდა.

მან ხაზი გაავლო თავისიანებსა და მათ შორის, ვინც არ არის მის ბანაკში.

ყველა, ვინც მის ბანაკში არ არის, აღმოჩნდა „კოლექტიური ნაცი“ და აგენტი. თვითონ დასავლეთი აღმოჩნდა მოწინააღმდეგე ბანაკში და ვინც კავშირშია დასავლეთთან, აღმოჩნდა აგენტურა.

  • ამით მოიჭრა ყველა გზა დასავლეთთან თუ ჯერ კიდევ ევაჭრება მათ?

პრაქტიკულად ყველა გზა მოიჭრა დასავლეთთან. ბოლოს ნათქვამი, ჩვენ მაინც შევალთ ევროკავშირშიო, იყო თვალთმაქცობა, პრაქტიკულად, დაცინვა იმ ხალხის, ვინც მას უსმენდა. მათ მიაყენა შეურაცხყოფა, რადგან იმ საუბრის შემდეგ გახდა ნათელი, რასაც ფიქრობს, რომ დასავლეთი არის მტრულად განწყობილი ცივილიზაცია და მათთან არაფერი გვესაქმება.

იმის თქმა, ჩვენ მაინც შევალთ ევროკავშირში 2030 წლისთვისო, ეს იყო პრაქტიკულად გაბითურება თავისივე მომხრეების, მცდელობა იმისა, რომ მაინც შეინარჩუნოს იმათი მხარდაჭერა, რომლებიც გულუბრყვილოდ ფიქრობენ, რომ „ოცნება“ ევროკავშირისკენ მიდის.

მას ძალიან კარგად ესმის, რომ უდიდესმა ნაწილმა ეს გაიგო, როგორც თვალთმაქცობა, მაგრამ ეს არის სკოლა თვალთმაქცობის, რომელსაც მან დაუმორჩილა თავისი მომხრეები. ფაქტობრივად ხდება თვალთმაქცობის, როგორც პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება.

ჩემი აზრით, აქ იყო რაღაც მისტერიის ტიპის აქტი, რომლითაც თითქოს კონტრაქტი დადო იმ ხალხთან, ვინც მას უსმენდა, რომ მოდით, ჩვენ ერთად ვიმოქმედოთ ისე, როგორც ეშმაკი მოქმედებს. ვთქვათ ერთი – ვიფიქროთ სხვა; ჩვენ „მტრებს“ თავზე ხელი გადავუსვათ და ვუთხრათ, რომ ისინი გვიყვარს, მაგრამ დანა გავუყაროთ მათ მაშინ, როდესაც მზად ვიქნებით და ა.შ.

პრაქტიკულად მან თავისი მოქმედების მეთოდოლოგია გაუზიარა ამ ხალხს და დიდმა ნაწილმა ეს მიიღო, სხვათა შორის. ეს არის ყველაზე დასანანი, როცა ასე ხდება მოსახლეობის გარყვნა. როცა შენ აღრეული გყავს მტერი და მოყვარე და ამაში იყოლიებ ყველას…

  • მაგრამ შეჰყვება საზოგადოება ამაში? თქვენ უშვებთ ამას?

ნაწილი შეჰყვება.

  • ეს ხომ აბსურდია. რომელ ევროპაში მიდის?

გეტყვით. ბოლშევიკები როგორც მოქმედებდნენ, იგივე 1918-დან 1921 წლამდე, ზუსტად ასე. ისინი იყვნენ უმცირესობაში, მაგრამ ბოლშევიკურ პროპაგანდა იყო უპრინციპო, მანიპულაციური, ისინი სულ სხვა რამეებს ქადაგებდნენ, მათ მოიმხრეს რაღაც პატარა ნაწილი, მაგრამ დანარჩენი საქმე გააკეთა გარე ძალამ, რუსეთმა.

აქ იმედი შეიძლება ასეთივე ჰქონდეს ივანიშვილს, რომ მოიმხრობს რაღაც ნაწილს, აი, ისინი, ვინც გამოიყვანა გუშინ. აჩვენებს, რომ თითქოს „ჩვენ ბევრი გვიჭერს მხარს“.

ამისთვის მობილიზაცია მოახდინა, უზარმაზარი რაოდენობა სატრანსპორტო საშუალებების, ყველა კუნჭულიდან წამოიყვანეს აბსოლუტურად საქმეში ჩაუხედავი ხალხი, საჯარო მოხელეები, რომელთაც სხვა გზა არა აქვთ, რადგან ერთადერთი საშუალება აქვთ გამოკვებონ საკუთარი ოჯახი, იმისთვის, რომ აჩვენოს, თითქოს მას საქართველოში ჰყავს მხარდამჭერები, თითქოს მის ანტიდასავლურ რიტორიკას უჭერს ხალხის დიდი ნაწილი მხარს.

  • ამას დასავლეთს აჩვენებს?

არა მგონია. დასავლეთს კი არ აჩვენებს, დასავლეთი ამაში არ მოტყუვდება და ძალიან კარგად იციან თვლა და უკეთესად ვიდრე საქართველოში…

  • მაშინ ქვეყანაში უნდათ გადატეხონ საზოგადოებრივი აზრი?

დიახ.

ქვეყანაში უნდათ გადატეხონ საზოგადოებრივი აზრი და მათ სჭირდებათ დადასტურება იმისთვის, რომ შემოიყვანონ მერე უცხო ძალა, რომ თქვან: აი, ხალხი იყო ჩემს მხარეს, მაგრამ სხვა ძალამ, რომელსაც მან დაარქვა ომის პარტია, გადაწყვიტა საქართველოსთვის წაერთმია სუვერენიტეტი, ამიტომ ჩვენ ვიხმობთ სხვა უცხო ძალას და ეს არის რუსეთი, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება „ომის პარტიასთან“ გამკლავებაში.

  • უშვებთ, რომ შეიძლება ეს გააკეთოს?

დიახ, აბსოლუტურად. სხვაგვარად მას შეუძლებელია საქართველოში რაიმე რესურსი ჰქონდეს საკონსტიტუციო გადატრიალების განსახორციელებლად.

ევროპაზე უარის თქმა ისე, რომ მოსახლეობის 50-მა პროცენტმა დაუჭიროს ამას მხარი, წარმოუდგენელია, ამას ვერ შეძლებს. ის ულტრაკონსერვატორები თუ უბრალოდ შეუგნებელი ხალხი, რომელიც მას ჰყავს მობილიზებული, ეს არის სადღაც 5-დან 10 პროცენტამდე. მოსახლეობის დაახლოებით 85 პროცენტი არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრე. ზოგი იბრძოლებს ამისთვის, ზოგი – არა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს მისი მომხრეები არ არიან.

საკონსტიტუციო გადატრიალებას ისე, რომ შეატრიალოს ქვეყნის კურსი სხვა მიმართულებით, ლეგიტიმურად ვერ შეძლებს, მაგრამ ის მას შეძლებს ილუზორულად. შეუძლიათ გააპიარონ ტელევიზიებით, რომ „ჩვენ ძალიან ბევრი ვართ“, ტროლების მეშვეობით და ა.შ..

ამასობაში მას დასჭირდება უცხო ქვეყნის ძალის დახმარება და ეს ძალა იქნება რუსეთი.

  • ახლა რა შანსი რჩება დემოკრატიას საქართველოში, რომ გადარჩეს?

დემოკრატიას ძალიან დიდი შანსი აქვს, იმიტომ, რომ სიმართლე მის მხარეზეა, მთელი დასავლური სამყარო მის მხარეზეა და ადამიანების უმრავლესობა ქვეყანაში, მის მხარეზეა.

შანსი არის კონსოლიდაცია, ერთმანეთთან კოორდინაცია, სელექცია ისე, რომ ჭკვიანი ხალხი მართავდეს პროცესს, რომ არ მოხდეს პოლიტიკური დაპირისპირება პარტიებს შორის, განსაკუთრებით.

კონსოლიდაცია და კოორდინაცია საზოგადოებაში აუცილებლად გაიმარჯვებს. შეიძლება გაფიცვები, მიტინგები – სულ იყოს საჭირო ფიზიკური მხარდაჭერა, მაგრამ სულ არ არის აუცილებელი რაღაც დაპირისპირება მოხდეს.

  • უშვებთ, რომ დაპირისპირებაზეც შეიძლება წავიდეს ხელისუფლება?

ასი პროცენტით. მაგალითად, ამაზე წავიდა ბელარუსის ხელისუფლება, რუსეთში ეს მიმდინარეობს, ძალის გამოყენებით მოისპო ყველაფერი, აქ არაფერი არ დაუდგება წინ…

მაგრამ ივანიშვილი არის ძალიან ფრთხილი კაცი, საკმაოდ, შეიძლება ითქვას, მხდალიც და ამიტომ, სანამ ასპროცენტიანი გარანტიები არ ექნება, რომ მისი ხელშეუხებლობა და უსაფრთხოება იქნება დაცული, ის ასეთ ავანტიურას არ წამოიწყებს, ასეთ გამწვავებაზე არ წავა.

  • მაგრამ ფაქტობრივად ეს ავანტიურა უკვე დაწყებული აქვს…

დაწყებული აქვს, ახლა პრაქტიკულად სანგრებს აშენებს და ემზადება ასეთი დაპირისპირებისთვის და ამზადებს ალბათ რუსეთს, ამზადებს თავის მომხრეებს.

ხაზი მინდა გავუსვა – ძალიან დიდი ეჭვი მეპარება იმაში, რომ მისი დაფუძნებული პარტიის ლიდერებიც კი ასე შორს წასვლაზე არიან მზად. მათი რიტორიკა კი არის თითქოს საომარი, მაგრამ სინამდვილეში, გუშინდელი სახეებით აშკარად ეტყობოდათ, რომ ძალიან ეშინიათ მოვლენების ასეთი განვითარების, იმიტომ, რომ მათ კარგად იციან, ეს არის ერთი კაცის ახირება, რომელიც შეიძლება არც იყოს ადეკვატური და ამ ერთი კაცის ახირებამ ესენი შეიძლება გადაჩეხოს.

მათ, ვინც შემოიკრიბა ივანიშვილმა, ძალიან ძლიერი თავდაცვითი, გადარჩენის ინსტინქტები აქვთ.

  • როგორ ფიქრობთ, ეს ახირებაა ერთი კაცის თუ რუსეთის დავალება?

რაც გვინდა დავარქვათ. ხანდახან დავალება და გამოუვალი მდგომარეობა აიძულებს ადამიანს დაიჯეროს რაღაც იდეების.

ივანიშვილი ჰგავს ნაკლებად განათლებულ ადამიანს, რომელსაც ცხოვრებაში ბევრი არ უფიქრია ცხოვრების არსზე, მისი მთელი ცხოვრებისეული ფილოსოფია არის გადარჩენის ფილოსოფია და ამ გადარჩენის ფილოსოფიაში თუ შემოიჭრება რაღაც ძალიან დიდი ფაქტორი, რომელიც მას აიძულებს გაჰყვეს რაღაც იდეას, ის მას გაჰყვება ფანატიკურად.

  • მაგრამ მას ხომ არ ჰქონდა ამის საფრთხე. თუ არ დააბრუნებდა რუსულ კანონს, არ მიიღებდა ამ პროტესტს და მას, დიდი ალბათობით, ჰქონდა არჩევნების მოგების შანსი, ოპოზიციის სისუსტის გათვალისწინებით…

არა მგონია. აქ ოპოზიციაზე არაა მხოლოდ საუბარი. საუბარია იმაზე, რომ სამოქალაქო საზოგადოება გახდა სულ უფრო მეტად ხმამაღალი და მოსახლეობამ დაიწყო მისი მოსმენა. სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია უკვე აშკარად უგებდა არგუმენტებით და მათ არ იცოდნენ, როგორი მხარდაჭერით მივიდოდნენ არჩევნებამდე.

თანაც მას [ივანიშვილს] ალბათ პანიკური შიში ჰქონდა იმისა, რომ დასავლეთი ასე გულზე ხელდაკრეფილი არ დარჩება და გამოაჩენს საბოლოო ჯამში თავის დამოკიდებულებას ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ.

  • სანქციებს რა როლი შეუძლია ახლა შეასრულოს, რამდენად შეიძლება იყოს გარდამტეხი ამ პროცესში?

ძნელი სათქმელია. მე მგონი ამაზე უკვე მეტად ფიქრობენ დასავლეთში და ჩვენთვის ძნელი განსაჭვრეტია. თითქოს უკვე ითხოვს სანქციებს სიტუაცია, მაგრამ ადგილი აქვს ომს უკრაინაში, ასევე, არის საფრთხე, რომ რუსეთმა დაიკავოს საქართველო სამხედრო თვალსაზრისით და შემდეგ შეუტიოს სომხეთს, საკმაოდ პატარა ძალებით, დიდი ძალები ამას არ დასჭირდება კოლაბორაციონისტი მთავრობის ხელში.

ამიტომ არ არის გამორიცხული დასავლეთი არ აპირებდეს ამ სიტუაციის ტრიგერირებას და ისეთი სცენარის გაღვივებას, როცა მოწინააღმდეგეს სხვა გამოსავალს არ უტოვებ და ის მიდის ყველანაირ ხერხზე.

  • საზოგადოებას, მოქალაქეებს რა შეგვიძლია ამ პროცესში? რამდენად შეგვიძლია შევაჩეროთ ხელისუფლება ამ გზაზე?

მოქალაქეებს არ უნდა ეძინოთ. არ შეიძლება განცხრომა. ჩვენ გვჩვევია, რომ ყველაფერში ვეძებთ კომფორტს და კმაყოფილებას, ყველაფერს ვუყურებთ რომანტიზებულად. შეიძლება ეს კარგი თვისებაა ერისთვის მთლიანობაში, იმიტომ, რომ არ ვვარდებით დეპრესიაში არც ერთ სიტუაციაში, სადმე პატარა სიხარულს თუ ვნახავთ, იმ წუთას იმას წავეპოტინებით, ეს შეიძლება ჩვენი დადებითი მხარეა, მაგრამ არა დიდი საფრთხის პირობებში.

დიდი საფრთხის პირობებში საჭიროა სიფხიზლე.

მეორე – კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. არ შეიძლება დავუშვათ სრული გახლეჩა და დაპირისპირება მოქალაქეებს შორის, უნდა ვეძებოთ ხიდები და საჭიროა ძალიან ძლიერი საინფორმაციო ველი, სადაც დისკუსია იარსებებს, დისკუსიის ველი არ უნდა დაიკარგოს.

ძალიან ბევრ მოქალაქეს, რომელსაც შეიძლება უბრალოდ არ ესმის რეალური არსი სიტუაციის, იმეორებს რაღაც მანტრებს და თავში ჩადებულ ლოზუნგებს, უნდა აეხილოს თვალი და შეხედონ ქვეყნის მომავალს ცოტა უფრო სტრატეგიული ხედვით.

_________________

მთავარი ფოტო: ზურაბ ქურციკიძე/ევროპის პრესფოტო სააგენტო – EPA

გადაბეჭდვის წესი


ასევე: