ბათუმელი აქტივისტები პირველ მაისს თბილისში გამგზავრებას გეგმავენ, რათა შეუერთდნენ აქციას რუსული კანონის წინააღმდეგ. გადაწყვეტილება ამის შესახებ 30 აპრილს იქნა მიღებული, მას შემდეგ რაც გავრცელდა თბილისში მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დარბევის კადრები.
პირველ მაისს, ღამის ორ საათზე ბათუმიდან თბილისში გამგზავრების ინიციატორებმა, ჯგუფმა, რომელშიც შედიან მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები, ბრიფინგი გამართეს აჭარის უმაღლეს საბჭოსთან.
„პირველ მაისს, დილის 12 საათზე ვიკრიბებით ევროპის მოედანზე, ყველაფერი ხდება თვითორგანიზებით, მივემგზავრებით თბილისში კოლონით, შემოგვიერთდებიან სამეგრელოდან, გურიიდან, იმერეთიდან და მთელი საქართველო ვიქნებით ხვალ რუსთაველზე.
ის, რაც დღეს მოხდა, ფაქტობრივად არის ომის გამოცხადება საკუთარი მოსახლეობისთვის. არ გამოუვათ, რა თქმა უნდა, წააგებს მთავრობა, იმიტომ, რომ ივანიშვილმა გუშინ რაც ილაპარაკა, უფრო გააღიზიანა ხალხი, აპირებს რეპრესიებს და დიქტატისკენ მიჰყავს ქვეყანა. ქართველი, თავისუფალი მოქალაქე ამას არ შეეგუება.
ამ ძალას ვერანაირი სპეცრაზმი და პოლიცია ვერ შეაჩერებს, ადრე თუ გვიან ისინი გადმოვლენ ხალხის მხარეს, იმიტომ, რომ ყველა სამსახური არის ხალხის სამსახურში და დღევანდელმა მთავრობამ უნდა შეიგნოს, რომ ნამდვილი ხელისუფალი ამ ქვეყანაში არის ხალხი“ – ამბობს ოთარ ქათამაძე, რეჟისორი და მსახიობი. ~
საინიციატივო ჯგუფშია ვაჟ დარჩიაც, „ლელოს“ წარმომადგენელი ბათუმის საკრებულოში.
„რუსული ოცნება სასტიკად გაუსწორდა ჩვენს თანამებრძოლებს. ხვალ, 12 საათზე ბათუმელები ერთად წავალთ ჩვენი თანამებრძოლების დასაცავად და ბიძინა ივანიშვილი ნახავს, თუ რას ნიშნავს ამაყი, თავმოყვარე ხალხი. მოგიწოდებთ ბათუმელებო, მთელ აჭარას, მთელ საქართველოს, ყველას, ვინც ნახეთ თუ რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა, ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი“ – ამბობს ვაჟა დარჩია.






