მთავარი,სიახლეები

ხელისუფლების დრო ამოიწურა, ცვლილებების დროა – ოპოზიციის ერთობლივი განცხადება

01.05.2024
ხელისუფლების დრო ამოიწურა, ცვლილებების დროა – ოპოზიციის ერთობლივი განცხადება

„მთავრობამ ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა საკუთარ ხალხთან, თავისუფალ სამყაროსთან და ზურგი აქცია ჩვენს ევროპულ გზას… ჩვენ ხმამაღლა და გარკვევით ვამბობთ: კი ევროპას და არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას! ხელისუფლების დრო ამოიწურა, ცვლილებების დროა“ – ამ განცხადებით დაასრულა ოპოზიციამ ერთობლივი განცხადება, რომლითაც 30 აპრილის აქციას და რუსული კანონთან დაკავშირებულ პროცესებს გამოეხმაურნენ.

ოპოზიციამ პარლამენტის დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის, გატაცებისა და ცემის ფაქტი შეაფასა, როგორც პერსონალური შურისძიება ოპოზიციის ლიდერზე და მოითხოვა შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პერსონალური პასუხისმგებლობის დაყენება.

ოპოზიციის ერთობლივი განცხადება დეპუტატმა თამარ კორძაიამ წაიკითხა. ამ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების მიერ დაკვეთილი ბოროტი და დანაშაულებრივი ქმედებები გრძელდება. მშვიდობიანი, არაძალადობრივი საპროტესტო აქცია სასტიკად იქნა დარბეული ხელისუფლების მიერ. ღამემ გვაჩვენა, რომ მათ საქართველო და მისი მოქალაქეები არათუ არ ადარდებთ, არამედ ქალები და ბავშვებიც კი იყვნენ მათი უხეში ძალის გამოყენების სამიზნე.

ივანიშვილის რეჟიმმა შეიძლება ფიზიკურად დაგვაზიანოს, მაგრამ ვერასოდეს მოერევიან ქართველი ხალხის თავისუფლების სურვილს.

მივმართავთ ყველა პოლიციელს თუ პოლიციის ფორმაში გადაცმულ ადამიანს, როცა არბევთ, ძალას იყენებთ მშვიდობიანი მოქალაქის წინაშე, თქვენ სჩადიხართ დანაშაულს და არ შეასრულოთ ანტიქართული რეჟიმის წარმომადგენლების უკანონო ბრძანებები.

მიზანმიმართული შურისძიების და სასტიკი თავდასხმების მსხვერპლი გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეც ლევან ხაბეიშვილი. ის სპეცრაზმმა გაიტაცა და სცემეს ტელეკამერის წინ. მას აქვს ტვინის შერყევა, ცხვირის და სახის ძვლების მოტეხილობა. ეს ძალადობრივი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტზე არის კრიმინალური ქმედება და მასში ჩართული ყველა პირი უნდა დაისაჯოს.

პირველ რიგში უნდა დაისაჯოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.

ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, ერთად ვგმობთ ამ დანაშაულებს, რაც ჩაიდინა ბიძინა ივანიშვილმა, მისმა მთავრობამ და პოლიციამ. ვუსურვებთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს სწრაფ გამოჯანმრთელებას და იმედი გვაქვს, რომ ის მალე შემოგვიერთდება ევროპისთვისა და დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვისა და საქართველოს გამარჯვებისთვის ბრძოლაში.

ამ ეტაპზე ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი ხმის გაჟღერებას პარლამენტში და გამოვიყენებთ მშვიდობიანი პროტესტის ყველა ფორმას ჩვენს მოქალაქეებთან ერთად.

ჩვენ უზომოდ ვამაყობთ ყველა კაცით, ქალით და ახალგაზრდით ვინც იცავდა და იცავს საქართველოს ევროპულ მომავალს ქუჩებში, ვინც ბოროტებას სახეში შეჰყურებდა და უკან არ იხევდა. ჩვენთვის საამაყოა და პატივია დაგიძახოთ ჩვენი ძმები და დები. ჩვენი ერთად დგომა დაიცავს ჩვენს სამშობლოს და ეროვნულ ინტერესებს.

ჩვენ ხმამაღლა და გარკვევით ვამბობთ: „კი ევროპას და არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას!“.

ხელისუფლების დრო ამოიწურა, ცვლილებების დროა“.

___________

ფოტო: სქრინი „მთავარის“ ვიდეომასალიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: